ალექსი იასაშვილი
2008 წლის ომის და რუსეთის მიერ აფხაზეთის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარების შემდგომ, ბევრ ადამიანს კონფლიქტების არა მარტო სამხედრო, არამედ მშვიდობიანი გზით მოგვარების იმედიც გაუქრა. ამასთან ერთად, ბევრი სხვა ილუზია გაქრა, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ დადგა კონფლიქტურ რეგიონებთან პოლიტიკის გადახედვის მკვეთრი საჭიროება.
ბოლო პერიოდში უფრო გამოკვეთილი გახდა აფხაზეთთან მიმართებაში პოლიტიკის ორი განზომილება: საერთაშორისო და ლოკალური. საერთაშორისო დონეზე აქტიურად ხდებოდა და კვლავაც ხდება აფხაზეთის ოკუპირებული სტატუსის ხაზგასმა და არაღიარების პოლიტიკის გატარება, რაც აფხაზეთს საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს. თუმცა, მეორე მხრივ, ლოკალური პოლიტიკა ხალხთა შორის ნდობის აღდგენისკენაა მიმართული. ამის ერთ–ერთი გამოხატულებაა ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას უფრო მეტ შეღავათსაც კი სთავაზობს ვიდრე დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. ასეთი პოლიტიკა ცალსახად გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი და საჭირო დროს სიტუაციის სასარგებლოდ გამოყენებისთვის ფონის მომზადებას წარმოადგენს. ამგვარი პოლიტიკის მიზანშეწონილობის დასასაბუთებლად ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად იყენებენ კვიპროსის კონფლიქტს, როგორც მაგალითს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ორ კონფლიქტურ მხარეს შორის გაყინული კონფლიქტის ფონზეც კი, მხარეებს შორის ურთიერთობის გარკვეულ დონეზე აღდგენა, თანაც, უშუალო კონფლიქტიდან ათწლეულების შემდგომ. ამ კონკრეტულ ესსეში გაანალიზებული იქნება ამგვარი სცენარის შესაბამისობა საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან მიმართებაში.
ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა აფხაზეთის მსგავსად არაღიარებული ქვეყნების სიაში შედის, თუმცა აფხაზეთისგან განსხვავებით იგი მხოლოდ თურქეთმა სცნო დამოუკიდებლად. ბუნებრივია, სადავოა, რამდენად მატებს აფხაზეთის აღიარების ხარისხს ნიკარაგუას, ნაურუს და ვენესუელის მიერ აღიარება, თუმცა ეს ნაშრომი ამ საკითხს არ შეეხება. ზემოხსენებული თვითაღიარებული სახელმწიფო 1975 წელს შეიქმნა, როდესაც თურქეთის არმია ბერძნების მიერ კუნძულის საბერძნეთთან მიერთების მიზნით ორგანიზებული სამხედრო გადატრიალების საპასუხოდ შეიჭრა. ჩრდილოეთ კვიპროსმა დამოუკიდებლობა 1983 წელს გამოაცხადა, თუმცა საინტერესო ფაქტია, რომ 2004 წელს გაეროს ეგიდით ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით, თურქული ნაწილი თანახმა იყო კუნძულის გაერთიანებაზე, ხოლო ბერძნები – არა [1]. აღნიშნული რეფერენდუმი კვიპროსის ევროკავშირში შესვლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარდა. კვიპროსის ბერძნული ნაწილის იმჟამინდელი პრეზიდენტი ტასოს პაპადოპოულოსი მოუწოდებდა კვიპროსელ ბერძნებს, რომ უარი ეთქვათ კოფი ანანის გეგმაზე და რამდენიმე დღეში ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გახდებოდნენ [2].
საინტერესოა, თუ განიხილავენ მოვლენების ასეთი განვითარების სცენარს ის ადამიანები, რომლებიც კვიპროსის მაგალითით ხელმძღვანელობენ. ამ ეტაპზე, ეს შესაძლოა უსაფუძვლო სპეკულაციას წარმოადგენდეს, მაგრამ თუ ამგვარი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა საქართველო, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ქართული საზოგადოება? თანაც იმ ფონზე, თუ აფხაზები და დავუშვათ ოსებიც, მზად იქნებიან საქართველოს შეუერთდნენ? ასევე გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული კონფლიქტი ჯერ კიდევ შორსაა მოგვარებისგან და ბევრი რამ თურქეთის პოლიტიკაზეც იქნება დამოკიდებული. თურქეთის ამჟამინდელი კურსი ცვალებადობით ხასიათდება და ბოლო წლების რიტორიკას და ქმედებებს შორის შესამჩნევი აცდენაა. სწორედ ამიტომ, არაა გამორიცხული, რომ სიტუაციის კვლავ ესკალაცია მოხდეს, რაც განსაკუთრებით საზარალო იქნება კუნძულოვანი სახელმწიფოს ძირითადი შემოსავლის წყაროს – ტურიზმის – თვალსაზრისით.
კვიპროსის მაგალითის აფხაზეთს კონფლიქტთან შედარების დროს ყველაზე აშკარა განსხვავება გეოგრაფიაა. კვიპროსი ხმელთაშუაზღვაში მდებარეობს და კულტურულად და გეოგრაფიულადაც უფრო მეტად განიხილება ევროპის ნაწილად, ვიდრე შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო და კავკასია. სწორედ ამიტომ, ევროპის ქვეყნები განსაკუთრებით იყვნენ დაინტერესებულნი, რომ კონფლიქტის სტაბილიზაცია, რაც შეიძლება მოკლე ვადებში მომხდარიყო, რადგან კონტინენტზე არსებულ კონფლიქტებს პირდაპირ განიხილავდნენ საკუთარ პასუხისმგებლობად.
მეორე მნიშვნელოვანი განსხვავება კონფლიქტის მხარეების ხასიათშია. კვიპროსის შემთხვევაში დაპირისპირებაა ორ ბერძნულ და თურქულ ნაწილს შორის. ორივე მხარეს აქვთ ისტორიული სამშობლო, თანაც უშუალო სიახლოვეს, აფხაზებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ აფხაზეთში არიან წარმოდგენილნი. ეს აფხაზების მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს, ვინაიდან თუ კვიპროსის შემთხვევაში თურქეთიდან ჩრდილოეთ კვიპროსში თურქების გადასვლა საფრთხედ არ ითვლებოდა და პირიქით, თურქების პოზიციას უფრო ამყარებდა, აფხაზებს რუსების აქტიური ჩამოსვლა აყენებს პოტენციური საფრთხის წინაშე, რომ „საკუთარ ქვეყანაში“ უმცირესობად იქცნენ, სწორედ ამიტომ თურქეთთან ნდობის ხარისხი კვიპროსის შემთხვევაში უფრო მაღალი იყო.
აფხაზეთის კონფლიქტი სამაჩაბლოს, მთიანი ყარაბახისა და დნესტრისპირეთის კონფლიქტებთან ერთად პოსტ–საბჭოთა მემკვიდრეობად განიხილება და მათი როლიც უფრო შენელებული მოქმედების ბომბის მსგავსი იყო და ამ დესტაბილიზაციის კერებს კრემლი წარმატებით იყენებს. ასეთი შინაარსობრივი მახასიათებლებით დაჯგუფების ფონზე, უფრო მიზანშეწონილია აფხაზეთის კონფლიქტის შედარება სხვა პოსტ–საბჭოთა სივრცის კონფლიქტებთან, ვინაიდან მსგავსებები ბევრად უფრო თვალშისაცემია მხარეებს შორის ურთიერთობების დინამიკაც რეგიონის პოლიტიკურ კონტურებს ერგება.
გასათვალისწინებელია დევნილების საკითხი და დემოგრაფიული მდგომარეობა. თუ მოხდება ყველა დევნილების დაბრუნება აფხაზეთში, ეს მნიშვნელოვნად შეცვლის აფხაზეთის დემოგრაფიულ მდგომარეობას და ქართველები დომინანტურ ჯგუფად იქცევიან. თუ ბერძნებს და თურქებს აქვთ რესურსი დემოგრაფიით მანიპულირება მოახდინონ, აფხაზები საკუთარი მცირერიცხოვნების ხარჯზე ამას ვერ შეძლებენ.
აქვე უნდა აღინიშნოს გალის რაიონში არსებული მდგომარება, სადაც ეტაპობრივად ხდება ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვა და რუსულენოვან პროგრამაზე გადასვლა, რაც არა მარტო ქართველ მოსწავლეებს უქმნის პრობლემას, რადგან მათი განათლების ხარისხი მცირდება, არამედ ქართველ მასწავლებლებსაც, რომელთაც სასწავლო პროგრამის სწავლება რუსულად უწევთ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2001 წელს დაადგინა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსში მცხოვრები თურქების მიერ იქ მცხოვრები ბერძნების უფლებების უხეში დარღვევა იყო, როდესაც მათ არ მიეცათ საშუალება, რომ სწავლა ბერძნულენოვან საშუალო სკოლაში გაეგრძელებინათ [3]. აფხაზეთის პირობებში კი, იგივე დარღვევებისთვის არაა შესაბამისი რეაგირება, რადგან კვიპროსისგან განსხვავებით დამრღვევ მხარეზე ნაკლები ბერკეტი არსებობს. ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ საქართველოს სახალხო დამცველს 2015 წელს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში დეტალურად აქვს განხილული, რომ გალის რაიონში არსებული მდგომარეობა პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამის მუხლებს და ამის მაგალითად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რამდენიმე ქეისია განხილული [4].
კვიპროსის მაგალითი ასევე აშკარად ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ევროკავშირის წევრობისთვის ტერიტორიული კონფლიქტის მოგვარება არაა აუცილებელი წინაპირობა. თუ არსებობს შესაბამისი ნება, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას წინ არაფერი უდგას. თუმცა, ცხადია, რომ ევროკავშირის წევრობაც არაა კონფლიქტის მოგვარების გარანტია. საქართველოს ევროპული მისწრაფებების ფონზე, საინტერესოა, თუ როგორი როლი ითამაშა კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანებამ კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივაზე. ის ფაქტი, რომ კოფი ანანის გეგმა მხოლოდ ჩრდილოეთმა, ანუ თურქულმა ნაწილმა გაიზიარა, აჩვენებს, რომ თურქეთს კარგად ჰქონდა გააზრებული შემდეგი ჭეშმარიტება – ჩრდილოეთ კვიპროსის აღიარება საბოლოოდ გადაუსვამდა ხაზს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას [5], ეს კი იმ პერიოდში მნიშნელოვან ბერკეტს წარმოადგენდა. დღეს თურქეთში ამ მხრივ იმედგაცრუება იგრძნობა და ერდოღანის ბოლოდროინდელი ავანტურების კვალად, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ოფიციალურად აჩერებს თურქეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს.
ის ფაქტი, რომ რუსეთს არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები, ევროკავშირის პოლიტიკური პირობითობის ინსტრუმენტის ეფექტურობას მკვეთრად ამცირებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რუსეთმა 2008 წლის ომით ცალსახად გაუსვა ხაზი, რომ არ დაუშვებს მისი ჩარევის გარეშე ტერიტორიების სტატუსის ცვლილებას. ყირიმის ანექსიამ და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომმა ევროპას უბიძგა საკუთარი უსაფრთხოების გაზრდაზე ეზრუნა და აქტიურად აძლიერებს აღმოსავლეთ ფლანგს, გამოდის ევროპის თავდაცვითი გაერთიანების ინიციატივით, რომელსაც ამჟამად უპრეცენდენტო მხარდაჭერა აქვს. ამის ფონზე კავკასიაში არსებული გაყინული კონფლიქტის მოგვარებაზე ზრუნვა, ზედმეტი თავისტკივილი და პოტენციური დესტაბილიზაციის კერაა, ამიტომ უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, რომ აფხაზეთმა კვიპროსის მსგავსი აქტუალობა შეიძინოს. სწორედ ამიტომაა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მხოლოდ რიტორიკულ მხარდაჭერაზე არიან თანახმა და ფაქტობრივად ერთადერთი სასაუბრო არენა ჟენევის არაეფექტური ფორმატია, თუმცა იმ ფონზე რომ სხვა დიალოგის და საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა არ არსებობს, მხარეები მაქსიმალურად უნდა ეცადონ აღნიშნული ფორმატის შენარჩუნებას.
კვიპროსის მაგალითი გამოდგება იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეიძლება ორმა რელიგიურად და ეთნიკურად განსხვავებულმა ჯგუფმა, გარკვეულ ეტაპზე, უკანა პლანზე გადაწიონ კონფლიქტის სისხლიანი წარსული და გზა პრაგმატიზმს დაუთმონ. თურქულ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობასაც სურდა ევროკავშირში გაწევრიანებით მიღებული სარგებლის წილის გაზიარება და ამისთვის მზად იყვნენ ბევრი რამისთვის გადაეხედათ, ეს კი პოლიტიკური პირობითობის ინსტრუმენტის გამოყენების კარგ და ეფექტურ შესაძლებლობას იძლევა. ანალოგიურად აფხაზეთში, განსაკუთრებით არაღიარების და საზღვარგარეთ აფხაზური პასპორტით გადაადგილების შეუძლებლობის ფონზე, მოსახლეობას ექნება მოტივაცია, რომ გამოიყენონ ქართული პასპორტები და უვიზოდ იმოგზაურონ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. თუმცა მეორე მხრივ, მნიშნელოვანია, რომ არ გადავაფასოთ ამ „წახალისების“ ეფექტი, რადგან სხვადასხვა მიზეზების გამო, ბევრი აფხაზი მაინც არ აიღებს ქართულ პასპორტს. თუმცა კვიპროსის შემთხვევაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა. კვიპროსს ევროკავშირი გაწევრიანებას სთავაზობდა და ამ მხრივ ბუნებრივია ჩრდილოეთ კვიპროსელებისთვის სამხრეთის მიმზიდველობის დონე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა, ვინაიდან მათ ევროკავშირი მხოლოდ ასოცირებას სთავაზობს.[6] ბუნებრივია, ესეც ხელშესახები სტიმულია და საქართველოს მიერ ევროპისკენგადადგმული ყოველი ნაბიჯი, განსაკუთრებით, ისეთი, რომელსაც პრაქტიკული, ხელშესახები სარგებელი მოყვება, ავტომატურად გარდაიქმნება ურთიერთობების აღდგენის დამატებით იმპულსად.
ამჟამინდელი ტენდენციით, ქართველებისთვის სულ უფრო იზღუდება, ე.წ. აფხაზეთს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს გადაადგილება, მცირდება გამშვები პუნქტების რაოდენობა და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად მოსახლეობას ბევრად გრძელი გზის გავლა უწევთ. ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ, ჩრდილოეთ კვიპროსში თავისუფლად გადაადგილება გაცილებით გამარტივდა. აქ ასევე გაფორმდა მწვანე ზოლის შეთანხმება, რითაც გაიზარდა ისეთი პუნქტების რაოდენობა, რომელთა გავლითაც ჩრდილოეთში ლეგალურად შესვლაა შესაძლებელი. ამასთან შემცირდა არალეგალურად გადასვლისთვის დაწესებული ჯარიმაც [7]. როგორც გამოჩნდა, კვიპროსის შემთხვევაში, მისმა ევროინტეგრაციულმა მისწრაფებებმა და ამ მხრივ მიღწეულმა პროგრესმა პოზიტიური როლი ითამაშა ორ კვიპროსში მცხოვრებ ბერძნებს და თურქებს შორის ნდობის გარკვეულ დონეზე აღდგენის მიმართულებით და სულ მცირე, მიმოსვლის გამარტივების თვალსაზრისით.
წარმოდგენილი ესსეს მიზანი იყო წარმოეჩინა არსებითი განსხვავებები, რაც არსებობს აფხაზეთის და კვიპროსის კონფლიქტებს შორის. შექმნილ სიტუაციაში უდავოდ მისასალმებელია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით მოახდინონ მომავლის სცენარების პროგნოზირება და შესაბამისი პოლიტიკის დაგეგმვა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ თითოეული კონფლიქტის ანატომია განსხვავებულია და სხვადასხვაგვარი შიდა დინამიკით ხასიათდება. როგორც ნაშრომში განიმარტა, კვიპროსი კარგად აჩვენებს პრაგმატიზმის მნიშვნელობას და უნარს აიძულოს ადამიანები შინაგანი კონფლიქტი გადალახონ და უნდობლობის მიუხედავად, კონფლიქტის მეორე მხარესთან ურთიერთობების აღდგენას ეცადონ. მეორე მხრივ, როგორ ახლოსაც არ უნდა იყოს საქართველო ევროკავშირთან და როგორი დაინტერესებულიც არ იყოს აფხაზური საზოგადოება საქართველოსთან, თუნდაც კონფედერაციული კავშირის შექმნის იდეით, ყველა მცდელობა მკვდრადშობილი აღმოჩნდება, თუ ეს კრემლის ინტერესებს არ შეესაბამება. იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთი ფაქტობრივად სრულად კრემლის საბიუჯეტო ანგარიშზეა, აფხაზების მხრიდან თამამი ავანტიურა იქნება საქართველოსთან რუსეთის გვერდით გავლით კონტაქტების დამყარება. ამასთან, აფხაზები სწორედ საქართველოში და დასავლეთში მოქმედ ქართულ ლობის სდებენ ბრალს იმაში, რომ ფაქტიურად სრულ იზოლაციაში იმყოფებიან. თუ აფხაზების მიერ საქართველოსკენ გადადგმულ ნაბიჯებს სასურველი შედეგები არ მოჰყვა, რაც მათთვის იზოლაციის შემსუბუქება იქნებოდა, ურთიერთობა გაუფუჭდებათ მთავარ დონორ ქვეყანასთან, რომელმაც აფხაზეთში წლების განმავლობაში დიდი ფინანსური ინვესტიციები განახორციელა და არაა მოსალოდნელი, რომ ასე მარტივად დათმოს ამ რეგიონზე კონტროლი. თუმცა ისიც ცალსახაა, რომ აფხაზებს რუსეთთან ურთიერთობა გაუფუჭდებათ საქართველოსთან მათი ურთიერთობის დამოუკიდებლად.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საერთაშორისო პოლიტიკა – არენა, სადაც უამრავი აქტორი, სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ინტენსივობით ურთიერთქმედებს ერთმანეთთან – მოულოდნელობებითაა აღსავსე და ყველაზე გამოცდილი ექსპერტიც კი ხშირად ცდება, რადგან მოკლევადიან პერიოდშიც კი შესაძლებელია რადიკალური ტრანსფორმაცია. ამის მაგალითად საბჭოთა კავშირის დაშლაც საკმარისი იქნება. ამის მიუხედავად, უმჯობესი იქნება, თუ ქართველები იმედებს მოვლენების სასწაულებრივად წარმატებულად შემობრუნებაზე არ დაამყარებენ, თუმცა საქართველო მზად უნდა იყოს, მის ხელთ არსებული თუნდაც მიზერული დონის შესაძლებლობის ეფექტიანად გამოყენებისთვის. ქვეყნის მიმზიდველობის ზრდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომავალში აფხაზების საქართველოსკენ შემობრუნების საფუძველს გააჩენს, რის ალბათობაც დღესდღეობით ცოტაა, შეიძლება იყო საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში გატარებული პოლიტიკის ერთ–ერთი და არა ერთადერთი მიმართულება. ამასთან, მეტი პრაგმატიზმი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ბუნებრივია ემოციური მოქმედების საპირწონედ მოიაზრება. დღეს, ემოციური მიდგომის შედეგია ის, რომ ქართული საზოგადოების ნაწილში არსებობს გადამეტებული წარმოდგენები საქართველოს უნარზე, რომ აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა. ასეთი ხელისშემშლელი ილუზიებისგან მოსახლეობის გათავისუფლების შემდგომ, მთავრობას მეტი მოქნილობა ექნება პოლიტიკის პრაგმატულ ნარატივაზე დაფუძნებისთვის, რაც პერსპექტივაში ეფექტური პოლიტიკის შემუშავების საწინდარი გახდება.
______________________________
- Kyris George, Europeanisation and Conflict Resolution: The Case of Cyprus, (Barcelona: Institut Barcelona D’estudis Internacionals, 2013) 7.
- Kyris George, Europeanisation and Conflict Resolution: The Case of Cyprus, 7.
- ღვინჯილია ნათია, ენა, როგორც თვითიდენტიფიკაციის საშუალება: ცვლილებები აფხაზეთის განათლების სისტემაში, (საქართველოს პოლიტიკის ინტიტუტი, 2016)
- საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, განათლების უფლება გალის რაიონში: 2015–2016 სასაწავლო წლის სიახლეები და თანმდევი პრობლემები, (საქართველოს სახალხო დამცველი, 2015 წლის ოქტომბერი) 9.
- წურწუმია-ზურაბაშვილი ანა, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრებთა ევროპული არჩევანის და დემოკრატიზაციის პერსპექტივები, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, 2016) 6.
- წურწუმია-ზურაბაშვილი ანა, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრებთა ევროპული არჩევანის და დემოკრატიზაციის პერსპექტივები, 6.
- ხორბალაძე ირაკლი, გადაადგილების თავისუფლება აფხაზეთში, („კავკასიური სახლის“ ანალიტიკური პორტალი, 2015), http://regional-dialogue.com/freedom-of-mov/ მოძიებულია: 18.06.2017.