არჩევნები აფხაზეთში: კრიზისი, პროცესი და მოლოდინი

მიმდინარე წლის 22 მარტს აფხაზეთში განმეორებითი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. აფხაზეთის ე.წ. ცესკო-ს მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ (56.5%) მიიღო, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე ადგურ არძინბა (35.42%) და ლეონიდ ძიაპშბა (2.22%) გავიდნენ.

აფხაზეთში განმეორებითი არჩევნების ჩატარება 9-12 იანვრის კრიზისის შედეგად გადაწყდა, როდესაც ოპოზიციის აქციების ფონზე აფხაზეთის „უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ“ 2019 წლის 8 სექტემბერს გამართული „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური“ ბათილად ცნო, ხოლო რაულ ხაჯიმბა არალეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტად. იანვრის ვნებათაღელვას წინ არანაკლებ ღრმა კრიზისი უძღოდა 2019 წლის აპრილში ასლან ბჟანიას მოწამვლის სახით, რამაც ადგილობრივი პოლიტიკური ცხოვრების გრძელვადიანი დესტაბილიზაცია გამოიწვია.

ლამის ერთწლიანი პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი სამმა კანდიდატმა გამოთქვა: ყოფილმა ე.წ. შსს მინისტრმა ლეონიდ ძიაპშბამ, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ და დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ. კანდიდატთა საბოლოო სიის დამტკიცების შემდეგ, ნათელი გახდა, რომ რეალური კონკურენცია ამ უკანასკნელ ორს შორის გაიმართებოდა მათი პოლიტიკური წარსულისა და ძლიერი კლანური მხარდაჭერის გამო. მოლოდინის მიუხედავად, საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე უარი თქვა სოხუმის ე.წ. მერმა კან კვარჩიამ, რომელსაც ანალიტიკოსები პერსპექტიულ პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნევენ აფხაზეთში.

კანდიდატები და მათი ხედვები

აფხაზეთის მარადიული სოციალურ-ეკონომიკური და დემოკრატიული კრიზისის ფონზე, ადგილობრივი პოლიტიკური ცხოვრება უმეტესად რეაქციულია, სადაც უფრო მეტი ყურადღება ექცევა ინდივიდებსა და კლანებს, ვიდრე გრძელვადიან ხედვებსა თუ იდეებს. არსებული ლოგიკა განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებშიც შენარჩუნდა. კანდიდატების წარდგენისას, მთავარ ფაქტორად, ამჯერადაც ავტორიტეტი, გავლენა და ქარიზმა იქცა.

აფხაზურმა ოპოზიციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, საკუთარ ლიდერად ასლან ბჟანია წარადგინა. ბჟანია, რომელიც სოჭის ზამთრის ოლიმპიადის გამო რუსეთისთვის საკმაოდ კრიტიკულ პერიოდში ხელმძღვანელობდა (2010-2014 წლები) აფხაზეთის უშიშროების სამსახურს, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში 2014 წელსაც მონაწილეობდა, თუმცა მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა (35,9%) საკმარისი არ აღმოჩნდა რაულ ხაჯიმბას დასამარცხებლად. 2017 წელს, აფხაზეთის „პარლამენტში“ დეპუტატად არჩევის მიუხედავად, იგი კვლავ ჩაერთო 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თუმცა მისმა მოწამვლამ მაშინდელი ოპოზიცია დაშალა და სრულად შეცვალა პოლიტიკური ძალთა ბალანსი.

2019 წლის დეკემბერში, ხანგრძლივი მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, აფხაზეთში დაბრუნებულმა ბჟანიამ კვლავ მოახერხა ოპოზიციის გაერთიანება, რაც ნათლად აისახა მის წინასაარჩევნო გარემოცვაზე. ბჟანიას მხარი დაუჭირეს ალექსანდრე ანქვაბმა, ლეონიდ ლაკერბაიამ და სერგეი შამბამ.

ძირითადი დაპირებები, რომელიც ბჟანიამ საკუთარი კამპანიის მიმდინარეობისას გააჟღერა ეხებოდა საკონსტიტუციო ცვლილებას აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის კომპეტენციების გადანაწილების თაობაზე; ანტიკორუფციულ რეფორმას; უმუშევრობის შემცირებას; ეკონომიკის გაძლიერებას ადგილობრივი მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების გზით; ძალოვანი სტრუქტურების რეფორმასა და მოდერნიზაციას; რუსეთთან ურთიერთობების გამყარებას; ახალგაზრდებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და სხვ. საზოგადოებისთვის ასევე საინტერესო იყო ბჟანიას ხედვები თბილისთან ურთიერთობების შესახებ. რამდენიმე ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ აუცილებელია დაიწყოს დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის, ვინაიდან არსებობს რიგი ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები, რომელთა გადაწყვეტა სხვაგვარად შეუძლებელია, თუმცა მისივე თქმით ამ ყველაფრის წინაპირობად აუცილებელია თბილისმა ხელი მოაწეროს ისევ და ისევ ძალის არგამოყენების შეთანხმებას.

რაც შეეხება მეორე კანდიდატს, ადგურ არძინბას, იგი შედარებით ახალგაზრდა პოლიტიკოსია, რომელიც 2015 წელს აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დაინიშნა, ხოლო 2019 წლის ბოლოდან ვიცე-პრემიერის მოვალეობასაც ასრულებდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მას მხარი უმეტესწილად რაულ ხაჯიმბას მომხრეებმა დაუჭირეს, მათ შორის ყოფილმა ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალი გაბნიამ, გალის რაიონის ადმინისტრაციის ყოფილმა მმართველმა თემურ ნადარიამ, ხაჯიმბას ყოფილმა მრჩეველმა ვლადიმერ ძანტარიამ, პოლიტიკოსმა ბესლან კობახიამ და სხვ.

პროფესიით ეკონომისტი, არძინბა წინასაარჩევნო პერიოდში მთავარ აქცენტს აფხაზეთის განვითარებაზე აკეთებდა. მისი თქმით ამ პროცესის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორები მოსახლეობის შიდა დაპირისპირება და პოლარიზაციაა, რასაც თან ახლავს რუსულ ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებული ელიტური კორუფცია. საკუთარ საარჩევნო პროგრამაში მან ხაზი გაუსვა შემდეგი მიმართულებებით მუშაობის საჭიროებას: მრავალეთნიკური აფხაზეთის ეროვნული კონსოლიდაცია; ინსტიტუტების მოდერნიზაცია, ნდობით აღჭურვა და ახალგაზრდა კადრების მოზიდვა; აფხაზეთის საერთაშორისო იმიჯის გაძლიერება; უსაფრთხოება და კრიმინალთან ბრძოლა; ინვესტიციების მოზიდვა აფხაზური დიასპორის მონაწილეობით; ბიზნესის კეთების გამარტივება;  ადგილობრივი წარმოების დაცვა;  ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; განათლების ხელშეწყობა და აფხაზური ენის განვითარება; გარემოს დაცვა და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ თბილისთან ურთიერთობებზე საუბრისას არძინბა უმეტესად აგრესიული რიტორიკით გამოირჩეოდა. მისი თქმით სოხუმისა და თბილისის დიალოგი დაუშვებელია, ვინაიდან ქართული მხარე კვლავ მათი მტერია, ხოლო თუ ასეთი რამ მაინც მოხდება, აუცილებელია თბილისმა გადადგას პირველი ნაბიჯები, შეცვალოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და შეწყვიტოს „აფხაზეთის ეკონომიკური ანექსია“.

წინასაარჩევნო პროცესი

კანდიდატთა ამბიციების, განსხვავებული ხედვებისა და კლანების მიუხედავად, წინასაარჩევნო პროცესი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიითა და დესტაბილიზაციის მცდელობებით თუმცა გამონაკლის ეპიზოდში აფხაზური საზოგადოება მაინც ვერ გაექცა რამდენიმე დღიან ვნებათაღელვას. 2 მარტს, სოჭში, სრულიად მოულოდნელად, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად გაუარესდა. ოფიციალური დიაგნოზის გამოცხადებამდე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი განმეორებით მოწამლეს, რის გამოც ბჟანიას მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ხოლო მოწინააღმდეგე კანდიდატებმა საარჩევნო კამპანია შეაჩერეს. ამასთან აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ რუსეთის „ელჩს“ ულტიმატუმით მიმართა, გამოძიება დაეწყო რუსეთის გენერალურ პროკურატურას ბჟანიას ჰოსპიტალიზაციის ფაქტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეფასდებოდა „არამეგობრულ აქტად და აფხაზეთი გამოიყენებდა ყველა ბერკეტს საკუთარი სუვერენიტეტისა და მოქალაქეების დასაცავად.“ ამგვარი უჩვეულო ანტირუსული რიტორიკა უყურადღებოდ არ დაუტოვებია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც არჩევნების მონაწილეებს „არასაჭირო ემოციებისგან თავის შეკავება ურჩია.“ საბოლოოდ ბჟანიას ორმხრივი ფილტვების ანთება დაუდგინდა. ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ კი წინაასარჩევნო პროცესი განახლდა.

წინასაარჩევნო პერიოდის დასკვნითი ეტაპი იყო 21 მარტს გამართული სატელევიზიო დებატები, სადაც  არძინბამ და ბჟანიამ უმეტესად შიდა აფხაზურ პრობლემებზე გააკეთეს აქცენტი. კანდიდატებმა უჩვეულოდ დიდი დრო დაუთმეს ეკონომიკაზე საუბარს, რომელიც ფაქტობრივად რუსულ დახმარებასა და ინვესტიციებზეა დამოკიდებული. ადგურ არძინბას თქმით რუსეთის ფინანსური დახმარება ბოლო წლებში შემცირებულია. მისი მონაცემებით, თუკი 2010-2014 წლებში დახმარება დაახლოებით 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, 2015-2019 წლებში მან მხოლოდ 120 მილიონ დოლარს მიაღწია.

ტელედებატებში კანდიდატებს ბევრი არ უსაუბრიათ აფხაზური საზოგადოებისთვის ტრადიციულად მნიშვნელოვან ორ პოლიტიკურად საკითხზე – უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვასა და აფხაზეთის სანაპიროებთან ნავთობის მოპოვებაზე. მიუხედავად ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში ბჟანიასა და არძინბას მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ უძრავი ქონების გაყიდვა აფხაზებისთვის კვლავ რჩება „წითელ ხაზად“, ხოლო ნავთობის მოპოვებაზე საუბარი შესაძლებელია რისკებისა და სარგებლის ადეკვატურად შეფასების შემთხვევაში.

არჩევნები და შემდგომი მოლოდინები

თავად არჩევნების დღემ აფხაზეთისთვის უჩვეულოდ მშვიდად ჩაიარა. ტერიტორიის მასშტაბით 152 ე.წ. საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, აქტივობამ კი 71.56% შეადგინა. საარჩევნო უბნები გახსნილი იყო მოსკოვსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკშიც, თუმცა არ გახსნილა თურქეთში, სადაც ყველაზე დიდი აფხაზური დიასპორაა.

წინასწარი შედეგების გამოქვეყნებისას, რომლის მიხედვით ასლან ბჟანია პირველივე ტურში იმარჯვებდა, მისმა კონკურენტმა ადგურ არძინბამ დამარცხება აღიარა  და პირადად მიულოცა ბჟანიას, რაც კიდევ ერთი უჩვეულო დეტალი იყო ტრადიციულად აგრესიული აფხაზური საარჩევნო პროცესისთვის.

არჩევნებში ასლან ბჟანიას დამაჯერებელ გამარჯვებას ცხადია გარკვეული მოლოდინები ახლავს თან. აფხაზური საზოგადოების ერთი ნაწილი დიდი იმედით ელოდება პოლიტიკური კრიზისის, ანგარიშსწორებისა და საზოგადოებრივი პოლარიზაციის შემცირებას. მეორე ნაწილის აზრით კი ბჟანია-ანქვაბი-შამბას კოალიცია საკმაოდ მყიფეა და ის შესაძლოა მალე დაიშალოს მათი პიროვნული ამბიციებისა და შეხედულებების გამო, დაუდოს რა სათავე ახალ კრიზისს.

გარდა ამისა, საინტერესოა რა გზით განვითარდება ქართულ-აფხაზური ურთიერთობები და როგორი იქნება ახალი მმართველი ელიტის დამოკიდებულება გალის რაიონის მოსახლეობის მიმართ. წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით არსებობს ლოგიკური მოლოდინი, რომ ბჟანია და მისი გარემოცვა, ალექსანდრე ანქვაბის სახით, უფრო ნაკლებად ხისტები იქნებიან ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან ურთიერთობებში.  რაც შეეხება თბილისთან პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატს, მისი შექმნა ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, უპირველესად კი მოსკოვის ინტერესებზე, რომელიც რიტორიკის მიუხედავად, საქმით ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ქართველებსა და აფხაზებს შორის პირდაპირი კავშირების აღდგენას.

ამ ფონზე, ასევე ნათელია, რომ სოხუმისა და მოსკოვის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. ბჟანიას თქმით აუცილებელია ბოლომდე შესრულდეს ყველა ის პუნქტი, რომელიც 2014 წლის რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, კონკრეტულად კი რუსეთთან ე.წ. საზღვრის კვეთის გამარტივება, რუსული სტანდარტების მიხედვით  ძალოვანი სტრუქტურების მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფა და ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნა.

მოვლენების ანალიზისა და შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ 22 მარტის აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებმა და მისმა წინა პერიოდმა მეტნაკლებად წყნარ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა აფხაზური პოლიტიკური ცხოვრების მოწიფულობაზე საუბარი ჯერ ისევ ადრეა. საუბარი ნაადრევია ახალგაზრდული პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბებაზეც, ვინაიდან გამოცდილება, პიროვნული ავტორიტეტი და კლანური ძალაუფლება კვლავ დიდ გავლენას ახდენს აფხაზი საზოგადოების პოლიტიკურ შეხედულებებზე. ამასთან, ამ არჩევნებზე დაკვირვებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აფხაზური ეთნოკრატია ტრადიციულად ნარჩუნდება და მის გამრავალფეროვნებას არც უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ.

ვანო აბრამაშვილი

კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი

 

სტატია დაიწერა კავკასიური სახლისა და International Alert-ის პროექტის “ახალგაზრდული დიალოგი სამოქალაქო აქტივიზმისთვის” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები ორგანიზაციების პოზიციას.

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *