მმართველი პარტიის გამარჯვების მიზეზები თურქეთში და საგარეო პოლიტიკა არჩევნების შემდეგ

სანდრო ბაკურაძე,

მკვლევარი თურქოლოგიის მიმართულებით (ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტი, ანკარა)

 

წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნებში AKP-ის გამარჯვება

2015 წლის 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, პირველად 2002 წლის შემდეგ, “სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” (Adalet ve Kalkınma Partisi – AKP) დაკარგა საპარლამენტო უმრავლესობა და იძულებული გახდა კოალიციის ჩამოყალიბებისთვის სხვა საპარლამენტო პარტიებთან დაეწყო მოლაპარაკება. მოლაპარაკებები წარუმატებელი გამოდგა, რაზეც დიდი გავლენა იქონია პრეზიდენტ რეჯებ ტაიფ ერდოღანის ფაქტორმა, რომელიც არ იყო მოწადინებული დაეთმო საპრეზიდენტო სისტემის ჩამოყალიბების ამბიცია და კონსტიტუციურ ჩარჩოებს არ გასცდენოდა.[1]

ოპოზიციურ პარტიებს შორის კოალიციური შეთანხმების ვერ მიღწევის მიზეზი კი ულტრამემარჯვენე “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის” (Milliyetçi Hareket Partisi – MHP) დამოკიდებულება გახდა. მათმა ლიდერმა დევლეთ ბაჰჩელიმ განაცხადა, რომ მათი პარტია არ შეუერთებოდა არცერთ კოალიციას, რომელშიც ძირითადად ქურთებისაგან შემდგარი “ხალხთა დემოკრატიული  პარტია”(Halkların Demokratik Partisi – HDP) შევიდოდა.[2]  ამავე პრინციპითვე, “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ”, დროებითი მეჯლისის თავმჯდომარის არჩევნებისას, თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან, რამაც ავტომატურად განაპირობა AKP-ის კანდიდატის გამარჯვება.

კოალიციის ჩამოყალიბების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, 1 ნოემბერს დაინიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც “სამართლიანობისა და აღმავლობის პარტიამ” მთავრობის ჩამოყალიბებისათვის საჭირო უმრავლესობაზე მეტი – 317 მანდატი მოიპოვა.[3]მიუხედავად მოპოვებული გამარჯვებისა, AKP-მ ვერ მოახერხა კონსტიტუციის შესაცვლელად(საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლა) საკმარისი მანდატების მიღება. აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებზე  “სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” 9%-ით მეტი ხმა დააგროვა, ვიდრე 7 ივლისის არჩევნებზე. რა შეიძლება გამხდარიყო ხმების ასეთი სერიოზული მატების მიზეზი:

ა) გაყალბება და ღია ზეწოლა არჩევნების დღეს

აღმოსავლეთ პროვინციების ძალიან ბევრ ადგილას არჩევნები საარჩევნო უბნებზე მობილიზებული სპეცრაზმისა და ჯარის თანხლებით ჩატარდა.[4] ამას თან დაერთო სასოფლო მილიციების(Köy Korucuları – ქურთისტანის მუშათა პარტიასთან საბრძოლველად, ძირითადად კლანურ საფუძველზე ქურთული მოსახლეობისაგან შედგენილი გასამხედროებული ფორმირებები, რომლებიც ქურთულ მოსახლეობაში დაახლოებით იგივე რეპუტაციით სარგებლობენ, როგორც ე.წ. “მხედრიონი”  90-იანი წლების საქართველოში) მხრიდან მუქარა და კლანიზმი.

სერიოზული დარღვევები იყო ხმების დათვლის პროცესშიც. მაგალითად, სტამბოლის ერთერთ რაიონში პოლიციამ საარჩევნო უბნის ბლოკირება მოახდინა და ხმების დათვლის დროს დამკვირვებლები არ დაუშვა.[5]

ბ) წინასაარჩევნო ტერორი სახელმწიფოს მხრიდან

ივნისის არჩევნების პერიოდში, თურქეთის სახელმწიფოსა და “ქურთისტანის მუშათა პარტიას”(Partiya Karkerên Kurdistan – PKK) შორის მოლაპარაკებები – ე.წ. “სამშვიდობო პროცესი” მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც “ხალხთა დემოკრატიულმა პარტიამ” მოიპოვა მოულოდნელი წარმატება და უარი განაცხადა მხარი დაეჭირა ერდოღანის მიერ შეთავაზებული საპრეზიდენტო სისტემისათვის, აღნიშნული პროცესი მოულოდნელადვე დასრულდა: ქალაქ ჯეილანფინარში განხორციელებული პოლიციელების მკვლელობაში მთავრობასთან დაახლოებულმა მედია საშუალებებმა PKK დაადანაშაულეს,[6]რომლებმაც თავის მხრივ მკვლელობასთან კავშირი უარყვეს.[7] ყველანაირი სახის ტერორთან ბრძოლის ეგიდით, თურქეთის ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო “ქურთისტანის მუშათა პარტიის” პოზიციების დაბომბვა. ოპერაცია თითქმის მთლიანად PKK-ის წინააღმდეგ იყო მიმართული და მას მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაშიც; აღნიშნული ოპერაციების მიზეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ მთავრობის მცდელობა, გაეიგივებინა “ხალხთა დემოკრატიული პარტია” PKK-სთან და ამგვარად, ვადამდელი არჩევნების თარიღისათვის პარტიიდან ჩამოეშორებინა მისი ამომრჩევლის ნაწილი მაინც.

სულ უფრო გახშირდა სხვადასხვა ულტრამემარჯვენე ჯგუფების(მათ შორის მთავრობასთან დაახლოებული) მხრიდან თავდასხმები ოპოზიციურ მედიაზე, “ხალხთა დემოკრატიული პარტიის” ოფისებსა და წევრებზე, რაზეც პოლიცია თვალს ხუჭავდა.[8] [9] მაგალითად, 7 სექტემბერს, ულტრამემარჯვენეების ჯგუფი, რომელსაც მეთაურობდა “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე აბდურრაჰიმ ბოინუქალინი,[10] თავს დაესხა ერთერთი უმსხვილესი ოპოზიციური გაზეთის – Hürriyet-ის რედაქციას, ხოლო მეორე დღეს ამავე გაზეთზე განმეორებითი თავდასხმა განხორციელდა.[11] ამ ყველაფრის დაგვირგვინება გახდა 10 ოქტომბერს, ანკარის რკინიგზის სადგურის წინ, “ხალხთა დემოკრატიული პარტიის”, “სახალხო რესპუბლიკური პარტიისა” და პროფკავშირების მიერ ერთობლივად ორგანიზებულ  სამშვიდობო მიტინგზე მომხდარი აფეთქება, რასაც  102 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნული აფეთქებაც “ისლამურ სახელმწიფოს” მიეწერა, თუმცა გამოძიების მასალებს(მას შემდეგ, რაც სახელმწიფო სტრუქტურების “ისლამურ სახელმწიფოსთან” საეჭვო კავშირები გამოიკვეთა) ცენზურა დაედო. მედია საშუალებებს კი აეკრძალათ ამ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება და გაშუქება. [12] ამ ყველაფერს თან ერთვოდა არაერთი ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა “პრეზიდენტის შეურაცხყოფის” მუხლით(“სახალხო რესპუბლიკური პარტიის” მიხედვით, 105 ადამიანის წინააღმდეგ).[13]

გ) ოპოზიციის, პირველ რიგში “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის” ქმედებები

“ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის” წინასაარჩევნო პროგრამა მთლიანად ქურთებთან თანამშრომლობაზე უარის თქმაზე და სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ იყო მიმართული. მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ სამშვიდობო პროცესი “მაცივარში შეინახა”, “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის” ამომრჩეველთა საკმაო ნაწილმა ისევ მმართველი პარტია ამჯობინა. სავარაუდოდ, AKP-მ ხმათა 4%(37 საპარლამენტო მანდატი) სწორედ MHP-ის ხარჯზე მიიღო.[14]

დ) ზოგადი განათლების უკიდურესად დაბალი დონე და მოსახლეობის რელიგიურ გრძნობებზე ეფექტური მანიპულირება

ოფიციალური სტატისტიკით, თურქეთის სრულწლოვანი მოსახლეობის თითქმის 40% წერა-კითხვის არმცოდნე ან მხოლოდ დაწყებითი განათლების მქონეა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ და ცენტრალურ ანატოლიაში(ამ რეგიონებში განათლების მიღების რეალური საშუალება ხშირად მხოლოდ ადგილობრივი არაფორმალური რელიგიური ჯგუფების(თარიქათების) მიერ გახსნილი რელიგიური კურსებია). [15]

ძალიან ბევრ ადგილას, საარჩევნო ხმების მისაღებად რელიგიური უმცირესობების, ძირითადად ალევიების(ალევიზმი – სუფიურ-შიიტური მიმდინარეობა, რომლის მიმდევრებიც თურქეთის მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედს შეადგენენ) წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენებაც კი კმარა. განათლების დაბალი დონის და რელიგიური რიტორიკის ეფექტური ექსპლუატაცია კი ყოველთვის “სამართლიანობისა და აღმავლობის პარტიის” ერთერთი დამახასიათებელი თვისება იყო. მაგალითად, პრეზიდენტ ერდოღანის არაერთი მსგავსი განცხადება მის წინასაარჩევნო გამოსვლებში.[16]

 

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

  • შიდა პოლიტიკური გამოწვევები

ერდოღანის ღრმად დისკრიმინაციული და გამრიყავი პოლიტიკის შედეგად, საზოგადოება ღრმადაა პოლარიზებული. ერთი მხრივ, მოსახლეობის სეკულარული ნაწილი და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები – ქურთები და ალევიები(სეკულარისტი თურქები და უმცირესობები ერთად აღებული მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს შეადგენენ), ხოლო მეორე მხარეს, ტრადიციული და რელიგიურ-კონსერვატიული ფენები, რომელთათვისაც ყველაზე მისაღები რელიგიურ-ნაციონალისტური პოლიტიკაა. საზოგადოების მსგავსი პოლარულობა ავტომატურად გულისხმობს ბუნებრივ მტრობას მეორე ჯგუფთან. ასეთ რეალობაში, მოსახლეობის ოპოზიციური ნაწილის შესუსტებულმა ნდობამ საარჩევნო სისტემისადმი შესაძლოა გზა გაუხსნას რადიკალიზაციას. თუმცა, რა სახით შეიძლება ეს გამოიხატოს ამ მომენტში რთული სათქმელია.

შეიძლება ითქვას, რომ ერდოღანმა შეინარჩუნა ძალაუფლება ხანმოკლე ვადით. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ქურთებთან სიტუაციის დათბობის შანსის თითქმის მთლიანად გაქრობის, უმცირესობების და სეკულარული ნაწილის სრული გაუცხოების და თურქეთისათვის მეტად საშიში, – ისლამური რადიკალიზმის ჯინის ბოთლიდან ამოშვების ხარჯზე.

მმართველ გუნდს შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე სხვა პრობლემებიც აქვს. რუსეთის ინტერვენცია სირიაში ჯერჯერობით საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება, რასაც თან ერთვის სირიის სამოქალაქო ომში მონაწილე ისლამისტი მებრძოლების ფაქტორი, რომლებიც თურქეთის ტერიტორიას რუსული ავიაციის საჰაერო რეიდების თავშესაფრად იყენებენ და ბევრი მათგანი სირიაში აღარც ბრუნდება. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ქურთ ამბოხებულებთან ბრძოლის საკითხში, ამჯერად თურქეთს არ შეიძლება ქონდეს გარეშე ძალების დიდი მხარდაჭერის იმედი, რადგან სირიის სამოქალაქო ომში ისლამისტი რადიკალების წინააღმდეგ მებრძოლი ერთადერთი ეფექტური და სეკულარული ძალა, ქურთებისგან შემდგარი სახალხო თავდაცვის ჯგუფებია. ამას ემატება ერაყის ქურთისტანიც, რომელიც თურქეთთან ურთიერთობის დათბობის მიუხედავად, აგრძელებს PKK-ის მხარდაჭერას.

  • თურქულ-ქურთული სამშვიდობო მოლაპარაკებები

ფაქტია, რომ “ქურთისტანის მუშათა პარტია”, თუნდაც მის ოფიციალურ ლიდერ აბდულა ოჯალანთან მოხერხდეს ურთიერთობების განახლება,  ამჟამინდელ მთავრობასთან არსებულ ფორმატში მოლაპარაკებების მაგიდასთან აღარ დაჯდება. ერაყის ქურთისტანისა და როჟავას(ქურთული რეგიონი სირიაში) გამოჩენის შემდეგ, PKK-ის საკმარისი რესურსი გააჩნია, რომ ეფექტური შეიარაღებული წინააღმდეგობა გააგრძელოს თურქული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

შესაბამისად, არჩევნების დამთავრებისთანავე გავრცელებული პოპულისტური განცხადებები, რომ “აღმოსავლეთიდან კუბოები აღარ ჩამოვა” და “სამშვიდობო პროცესი განახლდება, რადგან ის მმართველი პარტიის შემოქმედებაა” არაფერს ეყრდნობა. ასევე შეუძლებელია სერიოზულად იქნეს მიღებული, AKP-ის ერთ-ერთი ლიდერის იალჩინ აქდოღანის განცხადებები, რომ “სამშვიდობო პროცესი “ხალხთა დემოკრატიული  პარტიის” ღალატის გამო შეწყდა” და “მათ გარეშეც შეიძლება ამ პროცესის წარმოება”.[17] [18]

“ხალხთა დემოკრატიული პარტიის” გარდა, დღევანდელ თურქეთში ფაქტობრივად არ არსებობს ძალა, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ეროვნებით ქურთ მოსახლეობაში აქვს ისეთი პოლიტიკური დასაყრდენი, რომელიც საკმარისი იქნება “ქურთისტანის მუშათა პარტიასა” და თურქეთის ხელისუფლებას შორის შუამავლობის გასაწევად. მართალია, თურქეთის ხელისუფლებას კვლავ შეუძლია გამოიყენოს დაკავებული აბდულა ოჯალანის ფაქტორი, მაგრამ საეჭვოა ის დათანხმდეს რადიკალური განცხადებების გაკეთებას, რადგანაც ეს სერიოზულ პრობლემად იქცევა მისი იმიჯისათვის, რომელიც ამჟამად მისი ერთადერთი რეალური პოლიტიკური კაპიტალია. 1999 წლიდან PKK-ს კოლექტიური ლიდერობა ჰყავს(ე.წ. “კანდილის საბჭო” – დასახელება მომდინარეობს ერაყში მდებარე მთების სახელიდან, სადაც პარტიის შტაბია განთავსებული), რომელთაც ყველა ბერკეტი აქვთ იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ოჯალანი უკანა პლანზე გადასწიონ.

თურქულ-ქურთულ მოლაპარაკებებში ძალიან მნიშვნელოვანია როჟავას დე-ფაქტო დამოუკიდებლობის თემაც. მას კლასიკური გაგებით, რევოლუციური მნიშვნელობა ჰქონდა როგორც ქურთული მოძრაობისთვის, ისე თურქეთის მემარცხენე წრეებში და სერიოზული პოპულარობის ზრდა მოუტანა “ქურთისტანის მუშათა პარტიასაც”. ეს ყველაფერი კი აგრეთვე უარყოფითად შეიძლება აისახოს პარტიის დამოკიდებულებაზე სამშვიდობო პროცესის მიმართ.

  • თურქეთი და ისლამური სახელმწიფო

ქურთულ მოძრაობასთან ბრძოლაში გამოყენების მიზნით, თურქეთის ხელისუფლება თვალს ხუჭავდა და ხელსაც კი უწყობდა როგორც ისლამურ სახელმწიფოს, ისე სირიაში მოქმედ სხვა ისლამისტურ ჯგუფებს. აღნიშნული ნათლად გამოჩნდა ე.წ. “სატვირთო მანქანების” სკანდალის დროს, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთს ხელისუფლება იარაღს აწვდიდა ისლამისტ ჯგუფებს. რამდენიმე ხნის შემდეგ გავრცელდა ვიდეომასალაც, სადაც ასახული იყო თუ როგორ ჩხრეკდა ჟანდარმერია იარაღით დატვირთულ სატვირთო მანქანებს და აკავებდა პირებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ეროვნული სადაზვერვო სამსახურის აგენტები იყვნენ.[19] მთავრობამ პოლიციელები და მოხელეები, რომლებიც სატვირთო მანქანების ჩხრეკაში მონაწილეობდნენ დააკავა ან სამსახურიდან გაათავისუფლა, ხოლო მედიას ამ ამბის გაშუქებასთან დაკავშირებით ცენზურა დაუწესდა.[20] (მთავრობის მიერ ისლამისტების მხარდაჭერას რაც შეეხება, პირადი დაკვირვებიდან შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალურ ანკარაში მდებარე ჰაჯი ბაირამის უბანშიც კი თავისუფლად შეიძლება ნახო შენობები, სადაც ისლამური სახელმწიფოს ან ჯიჰადის დროშებია  გადმოკიდებული, რაც სერიოზულ ეჭვებს იწვევს ძალოვანი სტრუქტურების კეთილსინდისიერებაში).

საინტერესოა, რომ “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” მმართველობის პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობდა განათლების სისტემისა და ქვეყნის ისლამიზაცია, რაც სირიაში ომის დაწყების შემდეგ ყველა სახის რადიკალური ჯგუფის მხარდაჭერაში გადაიზარდა.  ეს მალე სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს თურქეთისთვის, რომლის არაერთი მოქალაქე სირიაში იბრძვის და უმეტესობა ისლამური სახელმწიფოს რიგებში. რადიკალურ ჯგუფებს კი თანაბარი დასაყრდენი აქვთ როგორც თურქულ, ისე ქურთულ რეგიონებში. სირიის სამოქალაქო ომში, ისლამისტური ორგანიზაციებს მხარეზე მებრძოლი თურქეთის მოქალაქეების რიცხვი, სხვადასხვა მონაცემებით, 1000-იდან 12000 ათასამდე მერყეობს.[21] [22]აღნიშნულ ომში რუსეთის ჩართვის შემდეგ კი, უახლოეს მომავალში შეგვიძლია ველოდოთ ისლამისტების გამოსვლებს, რომლებიც ერთნაირად შეეხება როგორც ქურთებით, ისე თურქებით დასახლებულ რეგიონებს.

  • საგარეო პოლიტიკა სირიასთან, ირანთან და დასავლეთთან მიმართებაში

საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე წარუმატებლობის მიუხედავად, დიდი ალბათობით, თურქეთის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკა გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრი აჰმეთ დავუთოღლუ, მიუხედავად კონსტიტუციის მიერ მინიჭებული ძალაუფლებისა, როგორც პოლიტიკოსი, არ მოიაზრება ძლიერ ფიგურად და თითქმის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ ერდოღანის თანხმობის შემდეგ მიიღება.

მმართველი პარტიის საარჩევნო წარმატების გათვალისწინების გარეშეც, ერდოღანის მზარდი ავტორიტარიზმის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თურქეთი კვლავ გააგრძელებს ისლამური სახელმწიფოსა და სხვა ისლამისტური ჯგუფების მხარდაჭერას სირიაში, იმ იმედით, რომ ამით ხელს შეუშლის ქურთების წინსვლას. თუმცა ღია სამხედრო ინტერვენცია, იმის გათვალისწინებით, რომ ქურთები სარგებლობენ ირანის, რუსეთისა და დასავლეთის ღია მხარდაჭერით, თითქმის გამორიცხულია.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, ურთიერთობების დათბობა დასავლეთთან, რომელიც უფრო და უფრო კრიტიკული ხდება თურქეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. თუმცა, არც დასავლეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუარესებას უნდა ველოდოთ, რადგანაც დასავლეთს ამჟამად ჭირდება თურქეთის ხელისუფლების ხელშეწყობა დღითიდღე მზარდი დევნილების ტალღის კონტროლისათვის, რომელთა მთავარი სატრანზიტო პუნქტიც ევროპისაკენ მიმავალ გზაზე სწორედ თურქეთია.

სირიის სამოქალაქო ომის გამო გაუარესებულ თურქეთ-ირანის ურთიერთობაში რამე ცვლილებას არ უნდა ველოდოთ, თუმცა სავაჭრო ურთიერთობები გაგრძელდება. თურქეთი, იმის გამო, რომ არ გააჩნია საკმარისი ოდენობით ნავთობისა და გაზის რესურსები, ყოველთვის იძულებული იქნება, ღიად ან ფარულად გააგრძელოს ირანთან კომერციული თანამშრომლობა.

  • პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში

ასევე უნდა ველოდოთ, რომ გაგრძელდება ნეო-ოსმანური ხაზი ბალკანეთის და კავკასიის ქვეყნებთან მიმართებაში. საქართველოს შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გაგრძელდება აჭარაში ეკონომიკური ექსპანსიის სახით, ხოლო საქართველოს დანარჩენ რეგიონებში უკვე მოქმედი თურქული კულტურული თუ პოლიტიკური ორგანიზაციები(და მათ საფარქვეშ თურქეთის სპეცსამსახურები) გააგრძელებენ აქტიურ მოღვაწეობას.

დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში საქართველოში მოღვაწე თურქულ ორგანიზაციებს ასევე დაემატება (განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ქვემო ქართლსა და მუსლიმებით დასახლებულ სხვა რეგიონებშიც ვერ გამოვრიცხავთ მათ გააქტიურებას) თურქეთის მთავრობასთან დაახლოებული რამდენიმე ისლამური არასამთავრობო ორგანიზაციაც. სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობის კუთხით, სავარაუდოდ, საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში სტატუს-კვოს შენარჩუნებას უნდა ველოდოთ.

_________________________________________________

გამოყენებული წყაროები:

[1] Davutoğlu’nun seçimi: Koalisyon mu, erken seçim mi? – Radikal.  9 ივნისი, 2015 http://www.radikal.com.tr/politika/davutoglunun-secimi-koalisyon-mu-erken-secim-mi-1375615

2 Elibol, Kamil – CHP’ye Hayır,AKP’ye Şartlı Evet – Sözcü. 20 ივნისი, 2015 http://www.sozcu.com.tr/2015/gundem/chpye-hayir-akpye-sartli-evet-864118/

 4 http://secim.zaman.com.tr/

 5 Güneydoğu’da hendek,barikat ve güvenlik önlemleri arasında yoğun katılımlı seçim – Radikal.  1 ნოემბერი, 2015

http://www.radikal.com.tr/turkiye/guneydoguda-hendek-barikat-ve-guvenlik-onlemleri-arasinda-yogun-katilimli-secim-1463935/

6 Vahim iddia: CHP’nin kalesinde oyları polis saydı – Cumhuriyet. 1 ნოემბერი, 2015 http://www.cumhuriyet.com.tr/haber/siyaset/402065/Vahim_iddia__CHP_nin_kalesinde_oylari_polis_saydi.html

7 Şanlıurfa’da 2 polisin şehit edilmesini PKK üstlendi – Haber Türk. 22 ივლისი, 2015 http://www.haberturk.com/gundem/haber/1106043-sanliurfada-2-polis-sehit-oldu

8 KCK: Ceylanpinar’da iki polisi PKK öldürmedi – Sol. 29 ივლისი, 2015

http://haber.sol.org.tr/turkiye/kck-ceylanpinarda-iki-polisi-pkk-oldurmedi-124423

11Kırşehir’de ikinci perde: Diyarbakirli ailenin dört dükkani işte böyle yakılıp yağmalandı, Radikal. 4 ნოემბერი, 2015 http://www.radikal.com.tr/turkiye/kirsehirde-ikinci-perde-diyarbakirli-ailenin-dort-dukkni-iste-boyle-yakilip-ya-1465581/?-ikinci-perde-diyarbakirli-ailenin-dort-dukkni-iste-boyle-yakilip-ya-1465581&

12 Kırşehir’de yakılan Gül Kitabevi küllerinden yeniden doğuyor – Sol. 15 სექტემბერი, 2015

http://haber.sol.org.tr/turkiye/kirsehirde-yakilan-gul-kitabevi-kullerinden-yeniden-doguyor-129812

13 Hürriyet’e saldırının başında AKP’li vekil var – Cumhuriyet. 7 სექტემბერი, 2015 http://www.cumhuriyet.com.tr/haber/turkiye/362323/Hurriyet_e_saldirinin_basinda_AKP_li_vekil_var.html

14Hürriyet Gazetesine ikinci saldırı – Hürriyet.  9 სექტემბერი. 2015

http://www.hurriyet.com.tr/hurriyet-gazetesine-ikinci-saldiri-30021193

 15 Katliama yayın yasağı getirildi – Millyet. 15 ოქტომბერი. 2015.

http://www.milliyet.com.tr/katliama-yayin-yasagi-gundem-2132055/

 16 http://meldaonur.net/?p=5434

 17AK Parti HDP’den 18,MHP’den 37 milletvekilliği aldı – Millyet. 2 ნოემბერი,2015

http://www.milliyet.com.tr/ak-parti-hdp-18-mhp-den-37/siyaset/detay/2141794/default.htm

 18 Türkiye İstatistik Kurumu okur-yazar raporunu açıkladı – Bugün.  21 აპრილი, 2013 http://www.bugun.com.tr/antalya-birinci-oldu-iste-sonuncu-olan-3-il-599851.html

 19https://www.youtube.com/watch?v=PS77-K1WQng

 20Yalçın Akdoğan Öcalan’ı savundu – Sözcü. 3 ნოემბერი,2015

 21 Hamsici, Mahmut – 1 Kasım,Yeni bir çözüm süreçi mümkün mü? – BBC Türkçe. 4 ნოემბერი, 2015

http://www.bbc.com/turkce/haberler/2015/11/151104_1_kasim_cozum_sureci

 22 http://www.cumhuriyet.com.tr/video/video/291121/iste_MiT_TIR_larina_baskin_ani.html

 23 Taştekin, Fehmi – Turkish military says MİT shipped weapons to Al-Qaida,Al-Monitor. 15 იანვარი, 2015

 24Yılmaz, Güler- Türkiye’den 12 bin kişi Suriye’de cihada katıldı. Taraf. 10 იანვარი,2015

www.taraf.com.tr/turkiyeden-12-bin-kisi-suriyede-cihada-katildi/

25Erkmen, Serhat – Suriye ve İrak’ta savaşan Türkiyeli mücahitler – AlJazeera Turk. 25 მაისი, 2015

http://www.aljazeera.com.tr/gorus/suriye-ve-irakta-savasan-turkiyeli-mucahitler[:]

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *