სომხეთი: კითხვები და პასუხები

კონტინენტური ევროპის არაერთი გამოცემის ფურცლებზე შეხვდებით განსაკუთრებული წესით მომზადებულ მასალებს, რომელთაც კითხვებზე პასუხის ფორმა აქვთ. ამგვარი სტატიების მიზანია, რომ რთული, მრავლისმომცველი საკითხები მოკლედ და ყველასათვის გასაგებად მიმოიხილონ. ზოგიერთი დასავლური მედია სპეციფიკური წესით დაწერილ ტექსტებს პირდაპირ უწოდებს კონკრეტულ სახელს -„Endlich verständlich” („ბოლოსდაბოლოს გასაგებად“)

„კავკასიური სახლის“ პროექტმა „საქართველოს სამეზობლოს კვლევების ინიციატივა“ გადაწყვიტა საქართველოს ორი მეზობლის, სომხეთისა და აზერბაიჯანის შესახებ „Endlich verständlich”-ის სტილი მოკლე ნაშრომების მომზადება. ამჟამად გთავაზობთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკურ სისტემათა ახალგაზრდა მკვლევრის, ედვარდ შეიბიკიანის პასუხებს, რომლებიც სომხეთის პოლიტიკური ცხოვრებით დაინტერესებულ არაპროფესიონალურ საზოგადოებას პრობლემების გააზრების გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმაში, პირველადი ცნობების მოპოვებაში დაეხმარება.

რა შეიძლება მივიჩნიოთ თანამედროვე სომხეთის საკონსტიტუციო მოწყობის მთავარ თავისებურებებად?

2015 წლის 6 დეკემბრის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე სომხეთში ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა განხორციელდა, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო მმართველობის რეჟიმი საპარლამენტო რესპუბლიკის სისტემად გარდაიქმნა. საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად ძალაუფლების კონცენტრირება პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრის ხელში მოხდა. პრემიერ-მინისტრი გამოცხადდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელ ფიგურად. რეფორმის ავტორები სისტემის გარდაქმნის მიზნად მეტი დემოკრატიის, თავისუფლების, კანონიერებისა თუ უსაფრთხოების უზრუნველყოფას ასახელებდნენ. თუმცა, საზოგადოებამ მმართელი გუნდის – რესპუბლიკური პარტიის ინიციატივა არაერთგვაროვნად აღიქვა. ოპოზიცია მიიჩნევდა, რომ ახალი კონსტიტუციის ძირითადი ამოცანა პრეზიდენტ სერჟ სარქისიანისთვის ძალაუფლების შენარჩუნება გახლდათ. მას ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კვლავ სურდა ქვეყნის მართვის სადავეების შენარჩუნება და სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობიდან დამატებითი უფლებამოსილებებით აღჭურვილი პრემიერ-მინისტრის სავარძელში გადანაცვლებას აპირებდა. უცხოელმა დამკვირვებლებმა კონსტიტუციის პროექტის გამოქვეყნებისთანავე პარალელები გაავლეს სერჟ სარქისიანსა და სხვა პოსტ-საბჭოთა ლიდერს – მიხეილ სააკაშვილს შორის. მოგეხსენებათ, საქართველომ 2010 წელს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტის ინსტიტუტს მხოლოდ სიმბოლურ და წარმომადგენლობით ფუნქციებს უტოვებდა. ცვლილებების მიხედვით პოლიტიკური სიმძმის ცენტრი მთლიანად მთავრობის თავმჯდომარის მოედანზე ინაცვლებდა. გაჩნდა ვარაუდი, რომ ამ მექანიზმით პრეზიდენტი სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გახანგრძლივება ცდილობდა.

2017 წლის 2 აპრილს სომხეთში ჩატარდა ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც კვლავ რესპუბლიკური პარტიის გამარჯვებით დასრულდა. ცხადი გახდა, რომ 2018 წლის აპრილში, მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისთანავე სერჟ სარქისიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. სერჟ სარქისიანის მინისტრთა კაბინეტის მეთაურად არჩევას „ხავერდოვანი რევოლუცია“ მოჰყვა. რევოლუციის შედეგ ხელისუფლებას ეტაპობრივად ჩამოშორდა მმართველი პარტია. თუმცა, პოლიტიკური სისტემა უცვლელი დარჩა. სომხეთი დღემდე რჩება საპარლამენტო რესპუბლიკად, სადაც პრეზიდენტს არბიტრისა და წარმომადგენლობითი ფუნქციები აკისრია.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ეროვნული კრება (პარლამენტი) აირჩევა ხუთი წლის ვადით, სრულად პროპორციული სისტემით და შედგება მინიმუმ 101 დეპუტატისგან. საარჩევნო კანონმდებლობაში არსებობს დათქმა – თუ საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს უმრავლესობის ფორმირებას, ჩატარდება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ორი პოლიტიკური პარტია ან ბლოკი მიიღებს მონაწილეობს, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს პირველ ტურში. მეორე ტურის მიზანია მყარი უმრავლესობის უზრუნველყოფა ერთი პოლიტიკური ძალისათვის და შედეგად ხელისუფლების არასტაბილურობის თავიდან აცილება. საგულისხმოა, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიები ვალდებულნი არიან დაასახელონ პრემიერის კანდიდატურა და წარმოადგინონ მთავრობის პროგრამა.

სომხეთში ადრე საპარლამენტო არჩევნები ძირითადად შერეული სისტემით იმართებოდა, ოღონდ იცვლებოდა თანაფარდობა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობისა. 2015 წლის საკონსტიტუციო რეფორმით, სომხეთი მთლიანად პროპორციულ არჩევნებზე გადავიდა, ხოლო საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატთა რაოდენობა 101-მდე შემცირდა. თუმცა ეს არის პარლამენტის მინიმალური რაოდენობა, რომელიც შეიძლება გაიზარდოს პარტიებს შორის ხმების განაწილების კვალდაკვალ. პარლამენტის არჩევნებზე დაწესდა 5%-იანი ბარიერი პარტიებისათვის და 7%-იანი ბარიერი ბლოკებისთვის. ეროვნულ კრებაში საარჩევნო კოდექსით უნდა გამოიყოს ადგილები ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის.

ახალ კონსტიტუციაში შენარჩუნებულია უნიტარული ტერიტორიული მოწყობის პრინციპი.

ვინ არის ქვეყნის პრეზიდენტი? რა ფუნქციებს ასრულებს სახელმწიფოს მეთაური? როგორია პირველი პირის პოლიტიკური გამოცდილება და რა ღირებულებების მიმდევარია ის?                                 

2018 წლიდან კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტი აირჩევა 7 წლით და მხოლოდ ერთი ვადით (კონსტიტუციის ძველი რედაქციით, პრეზიდენტს ირჩევდნენ 5 წლით და არაუმეტეს ზედიზედ ორი ვადით). პარლამენტის სპიკერი და მთავრობის მეთაური კი შეიძლება არჩეული იქნან ზედიზედ ორზე მეტი ვადით. პრეზიდენტი არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის წევრი. პრეზიდენტი ასრულებს მხოლოდ სიმბოლური ხასიათის ფუნქციებს. პრეზიდენტს აქვს უფლება დანიშნოს ელჩები და მიანიჭოს დიპლომატიური რანგი, დანიშნოს შეიარაღებული ძალების მეთაურები და მიანიჭოს სამხედრო წოდებები. ამჟამად ქვეყნის პრეზიდენტია ბატონი არმენ სარქისიანი, რომელიც დამოუკიდებელი სომხეთის რიგით მე-4 პრემიერ-მინისტრი იყო გასული საუკუნის მიწურულს, 1996 წლის 4 ნოემბერს პრეზიტენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა იგი დანიშნა სომხეთის მთავრობის თავმჯდომარედ. პოსტზე ის დარჩა 1997 წლის 20 მარტამდე, ანუ მხოლოდ ოთხნახევარი თვის განმავლობაში. არმენ სარქისიანი არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი.

ეროვნულმა კრებამ (პარლამენტმა) არმენ სარქისიანი 2018 წლის 2 მარტს აირჩია ქვეყნის პრეზიდენტად. ყოფილ დიპლომატს კენჭისყრაზე კონკურენტი არ ჰყოლია. მის კანდიდატურას მხარი რესპუბლიკური პარტიის გარდა, „დაშნაკებმა“ და „წარუკიანის ბლოკის“ დეპუტატებმაც დაუჭირეს. წინამორბედ სერჟ სარქისიანთან შედარებით არმენ სარქისიანი ლიბერალური ღირებულებების მიმდევარია და არ გამოირჩევა საბჭოთა ნომენკლატურის ერთგულებითა და მკაფიოდ პრორუსული განწყობებით. ცხოვრების წესით, გამოცდილებით პრეზიდენტი უფრო დასავლური ღირებულებების მიმდევარია. ერევნის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის კათედრის დასრულებისა და პროფესორად არჩევის შემდეგ, 80-იანი წლებში არმენ სარქისიანი მიწვეული მკვლევრის რანგში მოღვაწეობდა კემბრიჯის უნივერსიტეტში, სადაც კომპიუტერული მეცნიერებების წარმომადგენელთა შორის მაღალკვალიფიციური მეცნიერის ავტორიტეტი მოიხვეჭა. 90-იანი წლებიდან იგი სომხეთის დიპლომატიურ უწყებებში მსახურობს. სხვადასხვა დროს მოქმედი პრეზიდენტი სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობას ასრულებდა გაერთიანებულ სამეფოში, ბენელუქსის ქვეყნებსა და ვატიკანში. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს მეთაური ნეიტრალური და მაღალკვალიფიციური ტექნოკრატიული ელიტის წარმომადგენელია.

ვინ არის ნიკოლ ფაშინიანი? რა გზა გაიარა პრემიერ-მინისტრობამდე? რომელი პოლიტიკური იდეების მხარდამჭერად მიიჩნევა მთავრობის თავმჯდომარე?

ნიკოლ ფაშინიანი გახლავთ სომეხი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და პუბლიცისტი, სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატი (2012-2018). სომხეთის პრემიერ-მინისტრი 2018 წლის 8 მაისიდან. ლიდერი პოლიტიკური პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ დამფუძნებელია და ბლოკ „ჩემს ნაბიჯს“ უდგას სათავეში. წლების განმავლობაში ფაშინიანი იყო სომხეთის ხელისუფლების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად განწყობი ცნობილი ჟურნალისტი. 2000-იან წლებში ჟურნალისტიკასთან ერთად ხელი მიჰყო ოპოზიციურ საქმიანობასთან. მონაწილეობდა რობერტ ქოჩარიანისა და სერჟ სარქისიანის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებში, ლევონ ტერ-პეტროსიანთან ერთად აპროტესტებდა საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო კენჭისყრების გაყალბების მცდელობებს. ოპოზიციაში ყოფნის დროს ფაშინიანი არაერთხელ დააკავეს და გაასამართლეს. 2007 წელს მასზე განხორციელდა თავდასხმა, რის შემდეგაც დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში არავინ იცოდა, თუ სად იმყოფებოდა ფაშინიანი. სასიკვდილო საფრთხეს იგი ვანაძორში აფარებდა თავს.

2012 წელს ექს-პრეზიდენტ ლევონ ტერ-პეტროსიანის „სომხეთის ეროვნული კონგრესის“ პროპორციული სიით აირჩიეს პარლამენტის დეპუტატად. ფაშინიანი ძალიან აქტიური დეპუტატი გახლდათ, გამოირჩეოდა ემოციური და ხმაურიანი გამოსვლებით. შედეგად, მან კორუმპირებული სისტემის მამხილებლისა და ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციონერი საპარლამენტო ლიდერის სახელი დაიმკვიდრა. საკმაოდ შთამბეჭდავი გახლდათ მისი შედეგები 2017 წელს გამართულ ერევნის მერის არჩევნებზე, მან ამომრჩეველთა ხმების 21% აიღო და მეორე ადგილზე გავიდა.

მიუხედავად აქტიურობისა ფაშინიანის გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე მინიმალური გახლდათ. მისი გზა პრემიერობისკენ მას შემდეგ დაიწყო, რაც გიუმრიდან ერევნამდე ფეხით მსვლელობა დაგეგმა. სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში ფაშინიანი საკონსტიტუციო ცვლილებების რეალურ მიზეზებს ამხელდა, დაუშვებლად მიიჩნევდა პრეზიდენტის პოსტიდან პრემიერის თანამდებობაზე გადმონაცვლებით სერჟ სარქისიანის ძალაუფლების სამუდამოდ გახანგრძლივებას. ამასთანავე, აგიტაციის დროს აქცენტს სვამდა კორუფციის, ორმაგი სამართლებრივი სტანდარტის, სოციალური გაჭირვების პრობლემებზე. ფეხით მსვლელობა საფუძვლად დაედო სომხეთის ხავერდოვან რევოლუციასა და მის გაპრემიერებას.

ფაშინიანი გამოირჩევა ლიბერალური შეხედულებებით სომხური პოლიტიკური ლანდშაფტის ზოგად ფონზე. იგი უპირობო სიმპათიას ამჟღავნებს სომხური ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ანდრანიგ ოზანიანისა და ასევე დრასდამად კანარიანის მიმართ. აქედან შეგვიძლია გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნა, რომ ფაშინიანისთვის ნაციონალისტური ლოზუნგები და იდეოლოგია უცხო არ არის, რაც ძალიან სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს რეგიონში და დასავლეთში ფაშინიანისადმი ნდობის კუთხით. რუსეთთან მიმართებით აქვს ძალიან ლოიალური განწყობა, რაც, ალბათ, გამოწვეულია სომხეთის საგარეო პოლიტიკის ჩიხური პრორუსული ვექტორით. თუმცა, დამკვირვებლები აქცენტს სვამენ ფაშინიანიანისა და სარქისიანის ურთიერთგანსხვავებულ დამოკიდებულებაზე მოსკოვის მიმართ. ერთი შეხედვით, ფაშინიანი გაცილებით უფრო თავისუფლად და ნაკლებად ქვეშევრდომულად ურთიერთიერთობს კრემლთან ვიდრე ყოფილი პრეზიდენტი.

რომელი პარტია წარმოადგენს ქვეყნის მმართველ ძალას? როგორია მისი ძალაუფლებრივი როლი (რა გავლენა აქვს პარლამენტში, ადგილობრივ თვითმმართველობაში, ბიუროკრატიაში)? რა პროგრამულ პრიორიტეტებს ეფუძნება პარტია? როგორია მისი ისტორია და სტრუქტურა?

2018 წლის 9 დეკემბერს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც ერთგვარი პოლიტიკური ჩიხი შეიქმნა სომხეთის პოლიტიკურ რეალობაში. 2018 წლის აპრილსა და მაისში საპროტესტო აქციების შემდეგ, სომხეთში მშვიდობიანი გზით შეიცვალა მთავრობა და ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის პარლამენტში მანდატების უმრავლესობას ყოფილი მმართველი, რესპუბლიკური პარტია ინარჩუნებდა.

სომხეთის საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, არჩევნები ნიკოლ ფაშინიანის ალიანსმა „ჩემი ნაბიჯი“ მოიგო. პრემიერის კოალიციამ ხმების 70%-ზე მეტი მიიღო და 101-ადგილიან პარლამენტში 88 მანდატი დაისაკუთრა. ფაშინიანის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მისი ბლოკი დაწყებულ რეფორმებს გააგრძელებს. შესაბამისად, დღეს ქვეყნის მმართველი პარტია არის ალიანსი „ჩემი ნაბიჯი“, რომელიც შეიქმნა ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით 2018 წელს და მალევე მოიპოვა განსაკუთრებული პოპულარობა მთელი რესპუბლიკის მასშტაბით. პარტია ეფუძნება ძირითადად ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების პრინციპებს, აღიარებს უნივერსალურ ნეოლიბერალურ წესრიგს, არ ხასიათდება მკვეთრად გამოხატული იდეოლოგიური პროფილით. პარტიის თავჯდომარეა ნიკოლ ფაშინიანი. ბლოკი შედგება ფაშინიანის პარტიისგან “სამოქალაქო შეთანხმება”, მცირე პარტია “მისიისგან” და უპარტიო კანდიდატებისგან. სახელწოდება “ჩემი ნაბიჯი” გამომდინარეობს რევოლუციის სლოგანიდან “გადადგი ნაბიჯი, უარყავი სერჟი” (“Qayl ara, Merzhir Serzhin”). აღსანიშნავია, რომ პარტიაში დაწესებულია 10 პროცენტიანი გენდერული კვოტირება. როგორც უკვე აღვნიშნე, პარტიამ მოიპოვა 88 ადგილი პარლამენტში რაც გულისხმობს იმას რომ ფაქტობრივად მისი სიტყვა გადამწყვეტია პარლამენტში. რაც შეხება რეგიონებს, რეგიონებში ჯერჯერობით ჭარბობს რესპუბლიკელების წარმომადგენლებისა ან მათ მიერ დანიშნული ჩინოვნიკების რაოდენობა, რაც თანდათან იცვლება და შესაბამისად, მათ ადგილებს „ჩემი ნაბიჯის“ წარმომადგენლები ითვისებენ. ქალაქ ერევნის საქალაქო საბჭოში პაშინიანის ბლოკი დაახლოებით 80%-ით არის წარმოდგენილი.

რომელი პარტიები განიხილებიან მთავარ ოპოზიციურ ძალებად? ვინ არიან მათი ლიდერები? როგორია მათი ძალაუფლებრივი როლი?

სომხეთში დღეს მთავარ ოპოზიციურ პარტიებად განიხილებიან შემდეგი გაერთიანებები: პარტია „აყვავებული სომხეთი“, რომლის ლიდერია მილიარდერი გაგიგ წარუკიანი, პარტია „ჰაირენიქი“ (სამშობლო), „გაბრწყინებული სომხეთი“, პარტია „დაშნაკცუთიუნი“, რომელიც რევოლუციის შემდეგ, სარქისიანის მთავრობასთან თანამშრომლობის გამო პარლამენტის მიღმა დარჩა, მაგრამ დიასპორაში არსებული ჯგუფების საშუალებით ინარჩუნებს გავლენას და რესპუბლიკური პარტია, რომელიც ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის მიუხედავად ჯერჯერობით ბოლომდე არ გაუქმებულა.

ამჟამად სომხური ოპოზიციის გამოკვეთილი ლიდერი გაგიკ წარუკიანია, ის ეროვნული კრების უმსხვილეს ოპოზიციურ ფრაქციას აკონტროლებს. წარუკიანს დღეს ბევრი პრობლემა აქვს სომხეთის პროკურატურასთან, სამართალდამცავები მას ძირითადად ეკონომიკურ დანაშაულებებში სდებენ ბრალს. მიუხედავად ბრალდებებისა, აღნიშნულ პიროვნებას აქვს საგულისხმო მხარდაჭერა სომხეთში, განსაკუთრებით რეგიონებსა და სოფლებში. წარუკიანი აქტიურად ცდილობს თავისი ფინანსური რესურსების გამოყენებას ამომრჩეველთან ურთიერთობისას და ხელისუფლების კრიტიკის გარდა, დაკავებულია რიგი სოციალური პროექტების განხორციელებით. მთავარი ოპოზიციური პარტიაც ე.წ. „Catch-all” ტიპის ძალად მიიჩნევა, არ ხასიათდება მყარი იდეოლოგიური პოზიციებით, კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს.

ეროვნულ კრებაში ფაშინიანისა და წარუკიანის პარტიების გარდა წარმოდგენილია „გაბრწყინებული სომხეთი“, რომლის ლიდერების სარქისიანის მმართველობის დროს დღევანდელ პრემიერ-მინისტრთან ერთად გაერთიანებულნი იყვნენ ბლოკ „იელკში“ („გამოსავალი“). “გაბრწყინებული სომხეთი“ პარლამენტის ყველაზე პროევროპულ და ლიბერალურ ძალად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ფრაქციას სათავეში უდგას ცნობილი ადვოკატი, იურისტი ედვარდ მანუკიანი.

რომელი აქტორები ასრულებენ მთავარ როლს სამოქალაქო საზოგადოების ასპარეზზე? (არასამთავრობოები, პროფკავშირები, მოძრაობები) 

სომხეთმა ბოლო წლების განმავლობაში სახელი გაითქვა მასობრივი სამოქალაქო მოძრაობებით. 2010-იან წლებში ორი დიდი გამოსვლა დაფიქსირდა მეზობელ რესპუბლიკაში. თავდაპირველად, დაწინაურდა მოძრაობა „ელექტრიკ ერევანი“, რომელიც ელექტრო ენერგიაზე ფასების ზრდას აპროტესტებდა. 2017-2018 წლებში ხავერდოვან რევოლუციას თან ახლდა მასობრივი სახალხო მღელვარება. დასახელებული მოძრაობებმა სერიოზული გავლენა იქონიეს სომხეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მაგრამ ისინი მასობრივ, ავტორიტეტულ სტრუქტურებად არ გარდაქმნილან და უმთავრესად სპონტანურობით ხასიათდებოდნენ.

ცხადია, სომხეთში, როგორც სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, ჯერჯერობით სუსტია პროფკავშირების როლი. პროფესიულ გაერთიანებებს აშკარად ეტყობათ საბჭოთა ნომენკლატურის დროინდელი ინერცია. არასამთავრობო ორგანიზაციები მრავლად არსებობენ და ფუნქციონირებენ, მაგრამ ძნელია მათგან რომელიმე ერთის, ყველაზე ავტორიტეტულისა და პოლიტიკური ძალაუფლებით აღჭურვილის, გამოყოფა. არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად დასავლეთიდან და დიასპორული ჯგუფებიდან ფინანსდებიან.

სამოქალაქო ჯგუფებს შორის განსაკუთრებული შესაძლებლობები ყარაბაღის ომის ვეტერანთა გაერთიანებებს აქვთ. ერთ-ერთი ამგვარი კავშირის ლიდერი იყო ომის გმირი არაიგ ხანდოიანი. ვეტერანთა ორგანიზაციები ომის მონაწილეთა სოციალური მხარდაჭერისა თუ წინასაარჩევნოდ მებრძოლთა მობილიზების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს აქტორებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

როგორია სომხური ეკლესიის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?

„სომხური წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია“ უძველესი ეკლესიაა მსოფლიოში. მისი როლი ძალიან დიდია სომეხი ხალხის სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

სომხეთის სამოციქულო ეკლესიას ორი კათოლიკოსი ჰყავს. ერთი საკუთრივ სომხეთში საქმიანობს და იერარქიულად ეკლესიის პირველ პირად მიიჩნევა – გარეგინ II ეჭმიაწინის მეთაურია. მეორე კათალიკოსი, არამ პირველი სათავეში უდგას კილიკიის ეკლესიას, რომლის გავლენა ახლო აღმოსავლეთსა და დიასპორაში მცხოვრებ მორწმუნე გრიგორიანელებზე ვრცელდება.

ორივე კათოლიკოსის პოლიტიკური საქმიანობის პრიორიტეტი სომეხთა გენოციდის საკითხი გახლავთ. საეკლესიო იერარქები აქტიურად იბრძვიან მთელ მსოფლიოში ოსმალეთის იმპერიის დანაშაულის მხილებისთვის და ინტენსიურად ლობირებენ გენოციდის აღიარების საკითხს. ხშირად საეკლესიო პირები გაცილებით უფრო წარმატებულნი არიან „აღიარების პოლიტიკის“ მიმართულებით, ვიდრე მოქმედი პოლიტიკოსები. აღნიშნული მიმართულებით, უდიდეს უკანასკნელ გამარჯვებად მიიჩნევა რომის პაპის მიერ გენოციდის აღიარება. ეკლესია ხშირად განიხილება ერთ-ერთ მთავარ დამაკავშირებელ არხად სომხეთის მკვიდრ მოსახლეობასა და დიასპორას შორის.

შიდაპოლიტიკის თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ ეჩმიაძინს საკმაო გავლენა აქვს სასკოლო განათლების სფეროზე. სასულიერო იერარქები ცდილობენ ნაციონალური რელიგიური ღირებულებების ასახვას სასწავლო პროგრამაზე. ეჩმიაძინი საკმაოდ მდიდარ ორგანიზაციადაც მოიხსენიება, იგი ფლობს სოლიდურ უძრავ ქონებას, რაც ეკონომიკურ ცხოვრებაზე ზეგავლენის დამატებით ბერკეტებს ქმნის.

რაზე დგას სომხეთის ეკონომიკა? რომელი დარგები ქმნიან საერთო ეროვნული პროდუქტის უმნიშვნელოვანეს ნაწილს?

სომხურ ეკონომიკაზე საუბარი ძნელია. რესპუბლიკის ეკონომიკა ძალიან სუსტია არა მხოლოდ ნავთობრესურსებზე დამოკიდებული აზერბაიჯანის ეკონომიკურ სისტემასთან მიმართებით, არამედ საქართველოს სამეურნეო შესაძლებლობებთან შედარებითაც.

სომხეთის ეკონომიკა პირველ რიგში ეფუძნება სოფლის მეურნეობასა და ფერადი ლითონების დამუშავებას. ფერადი ლითონების გარდა სომხეთში არ მოიპოვება სხვა მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეული (მაგალითად, ნავთობი, გაზი ან ქვანახშირი). აღსანიშნავია ისიც, რომ სომხეთში არსებული მთავარი საბადოების აბსოლუტური უმრავლესობა ასევე პოსტსაბჭოთა დეინდუსტრიალიზაციას გადარჩენილი მრეწველობის ობიექტები ძირითადად რუსეთისა და რუსული კომპანიების საკუთრებაშია. მათ მფლობელობაშია სომხეთის რკინიგზისა და სხვა სატრანსპორტო ობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილიც.

სომხეთი ეწევა სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს. პროდუქცია მეტწილად არარატის ველზე მოიპოვება. ეკონომიკაზე ტურიზმის გავლენა საგულისხმო არ არის. დამკვირვებლები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სომხურ ეკონომიკაში დიასპორის მიერ გადმორიცხულ ფულად რესურსებს. შეიძლება ითქვას, რომ დიასპორის მიერ გადმორიცხული თანხების მნიშვნელობა ძალიან დიდია.

სომხეთის ეკონომიკურ სიდუხჭირეზე თავისი გავლენა აქვს ქვეყნის ორმაგ ბლოკადას. სახელმწიფო დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ორი მტრულად განწყობილი სახელმწიფოთი – თურქეთით და აზერბაიჯანით არის შემოფარგლული.

რა როლი აქვს დიასპორას სომხეთის რესპუბლიკის ცხოვრებაში? რომელ ძირითად ჯგუფებად შეგვიძლია დავყოთ დიასპორული ორგანიზაციები?

სომხური დიასპორა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. სომხეთის გარეთ ცხოვრობს დაახლოებით 11 მილიონი სომეხი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ისტორიული სამშობლოს პოზიციების გამყარების იდეით. სომხური დიასპორები განსაკუთრებით მრავალრიცხოვანნი არიან აშშ-ში, საფრანგეთსა და რუსეთში. დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობა ორი ძირითადი მიმართულებით წარმოებს. უპირველეს ყოვლისა, ისინი ცდილობენ სომხეთის რესპუბლიკის დახმარებას ფულადი გზავნილებითა და ინვესტიციებით, სხვადასხვა პროექტების დაფინანსებითა და განხორცილებით. ამასთანავე, მათი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სომხეთის საშინაო პოლიტიკის უმწვავესი პრობლემებითა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებით წამყვანი სახელმწიფოებისა და მათი პოლიტიკური ელიტების დაინტერესება. სომხური ლობი ებრაულთან ერთად ითვლება მსოფლიოში ყველაზე გავლენიან დიასპორად.

დიასპორულ ორგანიზაციებს შორის განსხვავებები განპირობებულია გეოგრაფიული ფაქტორით, დარგობრივი კონცენტრაციით. დიასპორაში ვხვდებით პარტიული ნიშნით გამოყოფილ ჯგუფებსაც.

დიასპორულ გაერთიანებებში ფორმირებულ საზოგადოებრივ აზრს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალურ პოზიციაზე, მთავრობა ყოველთვის ითვალისწინებს, რიგ შემთხვევებში კი ემორჩილება დიასპორის განწყობებს. სომხეთში მოქმედებს დიასპორის სამინისტრო, რომელიც საზღვარგარეთულ თემებთან ურთიერთობაზეა პასუხისმგებელი.

როგორია სომხეთის საგარეო პოლიტიკა და რა ფაქტორები განსაზღვრავენ მას?

სომხეთის საგარეო პოლიტიკა დამოკიდებულია კრემლზე, რადგან  რუსეთი არის სომხეთის ყველაზე დიდი პარტნიორი ქვეყანა თითქმის ყველა სფეროში. შეიძლება ითქვას, რომ სომხეთი არის რუსეთის ექსკლავი. შესაბამისად, საეჭვოა, რომ სომხეთი უახლოეს მომავალში გამოვიდეს რუსეთის გავლენის სფეროდან. რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობა სოციალურ-ეკონომიკური დამოკიდებულების გარდა განპირობებულია უსაფრთხოების ფაქტორითაც. მეზობელ აზერბაიჯანთან და თურქეთთან არსებული მტრული ურთიერთობების ფონზე რუსეთი სომხეთის უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად რჩება. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ გიუმრის სამხედრო ბაზა მეზობელი, მტრულად განწყობილი ქვეყნების აგრესიის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია.

არსებობს ორი საკითხი, რომელთა მიმართ სომხეთში დამოკიდებულება არ შეიცვლება არც ერთი მთავრობის პირობებში. ორივე თემა სომხეთის საგარეო პოლიტიკის არსებითი პოსტულატია. ვგულისხმობთ: 1. სომეხთა გენოციდის აღიარებასა და 2. მთიანი ყარაბაღის რეგიონის სომხური ხელისუფლების დაცვას.

კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციისა და ევრაზიული კავშირის წევრობის მიუხედავად, სომხეთი პარალელურად მაინც მონაწილეობს ევროკავშირისა და ნატოს პროგრამებში. აქვს მეგობრული ურთიერთობები დასავლეთთან, პირველ რიგში საფრანგეთსა და აშშ-სთან. ზოგიერთი მოსაზრების მიხედვით, სომხეთს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გახდეს დისკუსიის ცენტრი დასავლეთსა და აღმოსავლეთს, რადგან რესპუბლიკას აქვს კარგი ურთიერთობები ირანთან, ჩინეთთან და ინდოეთთან.

გამოყავით სამი ძირითადი საკითხი, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია სომხურ პოლიტიკაზე და რომელთა შესახებ სტატიისთვის თანდართულ პოდკასტშიც ვისაუბრებთ.

პოსტრევოლუციური სომხეთის აქტუალური დღის წესრიგის სამი საკითხის გამოყოფა საკმაოდ ძნელია. ქვეყნა უამრავი პრობლემის წინაშე დგას. თუმცა, მაინც შეგვიძლია გავამახვილოთ ყურადღება რამდენიმე კონფლიქტზე. მიმდინარე მომენტში სომხეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყარაბახთან დაკავშირებული სირთულეები გახლავთ, მოგეხსენებათ, რომ ივლისის დასაწყისში რეგიონის მიმდებარედ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებების მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების შეფარდებითი მაჩვენებლებით სომხეთი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მთელ მსოფლიოში. პანდემია კრიტიკულ მასშტაბებს აღწევს, რაც შიდაპოლიტიკური განხილვების ყველაზე მწვავე თემაა.

მოქალაქეებს შორის ურთიერთგანსხვავებულ განწყობებს აღძრავს პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ერთი მხრივ, ხალხი მიესალმება ქვეყნის ლიდერის მონდომებას, რათა ქვეყანაში აღმოიფხვრას მექრთამეობის, არაეფექტიანი ბიუროკრატიის პრობლემა, დაწესდეს სამართლის უზენაესობის პრინციპი. მეორე მხრის, რიგი აქტორების გაოცებას იწვევს ოპოზიციონერი ლიდერის, გაგიკ წარუკიანის დაკავების, პარლამენტარის მანდატის ჩამორთმევისა თუ გასამართლებისკენ მიმართული ნაბიჯები, რაც, ზოგიერთის მოსაზრებით, კორუფციასთან ბრძოლაზე მეტად ოპონენტთა შევიწროვების ხასიათს უფრო ატარებს.

 

ავტორის შესახებ

ედვარდ შაიბეკიანი (1997) – თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული, ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორლოვკას საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანი, გეოგრაფიის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებული (პირველი ადგილი, 2014). სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრსა და საერთაშორისო ორგანიზაცია “Interact new Generation“-ში. მისი კვლევითი ინტერესების სფეროა ახალი გლობალური წესრიგი, პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკური სისტემები, კონფლიქტების ანალიზი.

 

მიმოხილვა მომზადებულია „კავკასიური სახლის“ პროექტ „საქართველოს სამეზობლოს კვლევების ინიციატივის“ ფარგლებში. ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას.

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *