ავტორი: არჩილ სიხარულიძე
ორი თვის წინ მოულოდნელად კვლევითი ცენტრი „კავკასიური სახლი“-დან დამიკავშირდნენ. ეს მოულოდნელი იყო, რადგან აქამდე არ მეგონა, ვინმე თუ აკვირდებოდა ჩემს საქმიანობას რუსეთმცოდნეობის მიმართულებით. აგრეთვე, გასაკვირი იყო შემოთავაზება – მონაწილეობა მიმეღო პროგრამაში, რომელიც ბოლო ოთხი წელია ხორციელდება. კერძოდ, დამოუკიდებელ ექსპერტთა დელეგაციის ფარგლებში წავსულიყავი მოსკოვში რუს და ქართველ ახალგაზრდა პოლიტოლოგთა მეხუთე შეხვედრაზე. ჩემთვის გამაოგნებელი და ამასთანავე სასიხარულო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის და მიუხედავად, გამოჩნდნენ საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებმაც აღიარეს, რომ ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელთან საუბარი გარდაუვალია; და ეს საუბარი არ ნიშნავს არც პრო-რუსულობას და/ან არც პრო-პუტინობას. ეს არის იმის გააზრება, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელმაც ყველა არსებული რესურსი უნდა გამოიყენოს ეროვნული ინტერესების დასაცავად; ხოლო ჩვენი უპირველესი ეროვნული ინტერესი არის რუსეთში არსებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ვითარების გაცნობა. ეს გაცნობა კი შეუძლებელია, თუ რაიმე სახის კავშირები არ აღვადგინეთ და გავამყარეთ.