ვინ არის შენი მტრის მეგობარი? – რუსეთთან „ნორმალიზების“ პოლიტიკის გასაღები თბილისმა შესაძლოა პეკინში ეძიოს

ტიმ ოგდენი

ტიმოთი ოგდენი არის Georgia Today-ის მიმომხილველი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ლექტორი. მან განათლება მიიღო ვორჩესტერის სამეფო სკოლაში და შემდეგ სწავლობდა პოლიტიკის მეცნიერებას კილის უნივერსიტეტში, დიდი ბრიტანეთი.

/სტატიის ორიგინალური ვერსია იხილეთ ინგლისურ ენაზე/

ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიამ და ომმა აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ ცხადყო ის, რაც მანამდეც ვიცოდით – დასავლეთს რუსეთის ფედერაციასთან ღიად დაპირისპირება არ ეხალისება…

ნატოს სატელიტური სურათები, რომლებზეც ასახულია რუსული შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთ/უკრაინის საზღვრის გადაკვეთა, დასავლეთის მხრიდან ბრალდებების, რუსეთის მხრიდან კი მათი უარყოფის წყაროდ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ კრემლის კონტრმტკიცებულებები ვარშავიდან ვაშინგტონამდე სასაცილოდაც კი არ ეყოთ და მშვიდობისკენ მოწოდებებიც სულ უფრო და უფრო ხშირად გაისმოდა, ფაქტია, რომ დიდად არავის ,,მოუკლავს თავი”, რათა მხარეებისთვის ცეცხლის შეწყვეტა ეძულებინათ.

თუმცაღა, უნდა ითქვას, რომ დასავლეთი რთული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა. უკრაინის რევოლუციური მთავრობა, რომელსაც იგი მხარს უჭერს, ქრონიკულად კორუმპირებულია. იმ დონემდე, რომ აშშ-ის ვიცე–პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწია პირდაპირ განეცხადებინა უკრაინის რადასთვის, რომ თუკი ეს პრობლემა არ აღმოიფხვრებოდა, ამერიკა უკრაინას დახმარებას შეუწყვეტდა. ამას გარდა, ზოგი პოლიტიკოსი (როგორიცაა კიევის მერი და მძიმე წონაში კრივის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო) პოლიტიკური თანამდებობისთვის შეუფერებელ პირებად მიიჩნევიან. საგულისხმოა, რომ ამერიკული მედიის გარკვეული ნაწილი არ იჩენდა დიდ ენთუზიაზმს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული გრძნობების გაკიცხვაში, რათა თავიდან აერიდებინათ არასასიამოვნო პარალელები ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის წარმოშობასთან დაკავშირებით; ცხადია, თვითგანსაზღვრის უფლება დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ეს 1776 წელს იყო.

მსგავსი დილემის წინაშე დასავლეთი (განსაკუთრებით აშშ) ჯერ კიდევ 2008 წელს იდგა, საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ხანმოკლე ომის დროს – ეს კონფლიქტი ანალოგიურად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული სეპარატისტული სენტიმენტებით იყო გამოწვეული. მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის მმართველობა გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი ფინანსური, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერით ამერიკის მხრიდან – ამტკიცებს, რომ ოსურმა მილიციამ, რუსეთის მხარდაჭერით, გახსნა ცეცხლი ქართველ მშვიდობისმყოფელებზე, რამაც გამოიწვია ქართული ჯარის კანონიერი პასუხი. ცხინვალი და მოსკოვი კი ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში სწორედ ქართული ჯარი დაესხა ოსურ პოზიციებს პირველად, რამაც გამოიწვია რუსეთის სადამსჯელო ექსპედიცია, ქართველების უკან თბილისში გაბრუნების მიზნით.

ის, თუ რომელმა მხარემ გახსნა ცეცხლი, სადავოდ რჩება. ორივე მხარეს აქვს საკუთარი მტკიცებულებები და არგუმენტები. ამჟამად უცნობია, ეცდება თუ არა ამის დადგენას საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს საგამოძიებო კომისია და მისი ხელმძღვანელი ფატუ ბენსუდა, რომელთა მიზანია 2008 წლის ომის დროს ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევების გამოძიება. როგორც არ უნდა იყოს სიმართლე ამასთან დაკავშირებით, მოსკოვისა და თბილისის განცხადებები, რომ არც ერთი არ იყო მზად ომისთვის, ძალიან არადამაჯერებლად ჟღერს, რადგან ფაქტია, რომ საქართველო–ოსეთის ე.წ. საზღვრის ორივე მხრიდან ხორციელდებოდა ჯარების შეგროვება და ტარდებოდა სამხედრო წვრთნები. მიუხედავად იმისა, რუსების გჯერათ თუ ქართველების, სრულიად მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს, ვაშინგტონის ერთგულ მეგობარს, ამერიკის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის თავიდან აცილებაში, იქნებოდა ეს ცხინვალში ქართული შეტევის პასუხი, თუ (როგორც ამტკიცებს ყოფილი პრეზიდენტი), წინასწარგანზრახული სამხედრო იერიში საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე.

სააკაშვილის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავრობა 2012 წელს გადაირჩიეს, მათ მაგივრად კი კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლების სათავეში. „ნაციონალური მოძრაობა“ – რომელიც ახლა ოპოზიციაშია – ხშირად აცხადებდა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის მარიონეტი იყო, რომლის მეშვეობითაც კრემლს ქვეყანაში საკუთარი გავლენის დაბრუნება სურდა. ზოგისთვის ამის მტკიცებულება იყო ის ფაქტი, რომ მილიარდერი ივანიშვილის სიმდიდრე რუსეთში წარმოიშვა, და მისი დაბრუნება საქართველოში 2011 წელს წინასწარგანზრახული მანევრი იყო მომავალ წელს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მაგრამ, მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ აპელირებისა, „ქართულმა ოცნებამ“ განაგრძო საქართველოს კურსი ევროატლანტური ინტეგრაციის მიმართ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დასავლეთი „სახტად დარჩა“ პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის და მისი მემკვიდრე ირაკლი ღარიბაშვილის მოულოდნელი გადადგომებით.

რევანშისტული ტენდენციებით მოტივირებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რა თქმა უნდა, ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, გაეკრიტიკებინა „ქართული ოცნების“ მიერ გაცხადებული პოლიტიკური კურსი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ნორმალიზებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, პოლიტიკური პარტიისთვის არსებითად ძნელია დადგენილ პარტიულ ხაზს გადაუხვიოს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მოსკოვთან სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არც საღ აზროვნებას ეწინააღმდეგება და ეროვნული ინტერესების ჩარჩოებს ამსხვრევს.

ქებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ძალისხმევას, შეამსუბუქოს დაძაბულობის დონე რუსეთთან, არ გამოუწვევია ხალხის მიერ არჩეული ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან გადახვევა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ქართული ჯარი რჩება ავღანეთში, როგორც ოპერაცია „ურყევი მხარდაჭერის“ მონაწილე, ამავდროულად, სხვა ძალები განაწილებულია სამშვიდობო ოპერაციებზე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ყველა მათგანმა გაიარა წვრთნა ნატოს ძალებთან ერთად. ამასთან, 2014 წელს ხელი მოეწერა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის არეალის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან, მეტიც, ბრიუსელი თბილისს 2016 წლის ზაფხულისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის სრულ ლიბერალიზაციასაც შეპირდა.

თუმცა, საქართველოს მიერ დასავლეთთან ინტეგრაციის განახლებული ძალისხმევის მიუხედავად ან ზუსტად ამის გამოც, თბილისის მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობები წარუმატებელი რჩებოდა. 2012 წელს საქართველომ გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, თუმცა ოფიციალური მოსკოვი საპასუხო ნაბიჯის გადადგმას ჯერ არ ჩქარობს. რუსეთმა განაცხადა, რომ 2015 წლის დეკემბერში შეამსუბუქა სავიზო რეჟიმი ქართველებისთვის, სავიზო რეჟიმის სრული გაუქმება კი მხოლოდ „შესაძლებლობად“ იქნა შეფასებული.

რუსეთის განცხადებებს, რომ მას მხოლოდ საკუთარ საზღვრებზე მშვიდობა სურს, სერიოზულად არც ერთ დიპლომატიურ წრეში არ იღებენ, თუმცა დასავლეთს უწევს, თვალი დახუჭოს კრემლის განმარტებებზე, რადგან რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაცია მის ინტერესებში არ შედის. ამაში გასაკვირი არაფერია – დასავლური პოლიტიკური პარტიები (განსაკუთრებით შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში) კვლავაც ცდილობენ „მომჯობინდნენ“ ერაყის და ავღანეთის ომებზე საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქციის შემდეგ. დასავლეთის საზოგადოებას არაფრად ეპრიანება რუსეთთან განახლებული მეტოქეობის პერსპექტივა, მეტოქეობისა, რომელიც მათი აზრით ცივი ომის ერას ეკუთვნის, მით უმეტეს, როცა დასავლური ცხოვრების წესისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ ისლამური ექსტრემიზმი და მასობრივი იმიგრაცია განიხილება. ბევრისთვის რუსეთი ყოფილი მტერია, და ეს დამოკიდებულება ცალსახად ჩანს დასავლეთის პოლიტიკოსების როგორც მოქმედებებში, ასევე სიტყვებში.

ამასობაში, მოსკოვი არ იწუხებს თავს, განმარტოს ბოლო წლების განმავლობაში  საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის მრავალი შემთხვევები. 2013 წლიდან რუსულმა ვერტმფრენებმა რამდენიმეჯერ გადაუფრინეს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზსა და გორს, თანაც, გარანტირებულად იცოდნენ, რომ ამას არ მოჰყვებოდა სამხედრო რეაქცია საქართველოს მხრიდან. ამ მანევრების მიზანი გაურკვეველი რჩება. რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები ასევე სინჯავენ ნატოს საჰაერო სივრცესაც, მაგრამ საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევების მიზანი ნათელია. ცნობილია, რომ რუსული პილოტები აფიქსირებენ, რამდენად სწრაფად შეუძლიათ დასავლურ თვითმფრინავებს მათი „დაჭერა“. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ამ მხრივ რაიმე ფასეულ არსენალს არ ფლობს, აღნიშნული მოქმედებები უბრალო პროვოკაციის შემთხვევებია საქართველოს საზღვართან, „ზედ ყურის ძირში“ მოსკოვის სამხედრო ძალების არსებობის ავბედითი შეხსენება.

თუ ასეთი პროვოკაციები უბრალოდ ხელს უშლიან მოსკოვისა და თბილისის შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სამხრეთისკენ თანდათანობით გადაჩოჩებას და ე.წ. ოსური საზღვარის ქართულ მხარეზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების პირდაპირ მოტაცებას ბევრად უფრო მეტი ზიანი მოაქვს. 2013 წლიდან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი რამოდენიმე კილომეტრით მიუახლოვდა გორს, რის შედეგად რამოდენიმე ქართული სოფელი „მიწამ ჩაყლაპა“. საღამოობით, სოფლის მაცხოვრებლები იღვიძებდნენ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე, დილით კი უკვე სამხრეთ ოსეთში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე – არაფერი არაბუნებრივი, უბრალოდ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარი გადაიტანეს.

საქართველოს მოქალაქეების გატაცებები საგანგაშოდ ხშირდება, თუმცა მათი მოტივი კვლავაც გაუგებარია. რუსეთის უშიშროების სამსახურმა დაამტკიცა, რომ „კადრულობს“ გატაცებასაც, როცა 2014 წელს ესტონეთის უშიშროების ოფიცერი ესტონ კოვერი მოიტაცეს. მაგრამ თუ მეტოქე ქვეყნის უშიშროების სამსახურის აგენტის მოტაცებას აქვს ნათელი მოტივი, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ქართველ ფერმერებსა და მრევლს ჰქონდეთ იგივე სახის ინფორმაცია, რაც  ესტონეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლისთვის.

იმ ფაქტმა, რომ გატაცებულ პირებზე გამოსასყიდი იყო მოთხოვნილი, გამოიწვია მოსაზრება, რომ ამ ინციდენტების ერთადერთი მოტივი სავარაუდო ფინანსური მოგება უნდა ყოფილიყო. რუსეთის ჯარი რჩება მეტწილად ღარიბი ოჯახებიდან გამოსული დაბალანაზღაურებადი ახალწვეულებით დაკომპლექტებულ დანაყოფად (2008 წლის ომის დროს საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ქართველების მიერ ჩამოთვლილ ნივთებს შორის, რომლებიც მათი სახლებიდან მოიპარეს, ხშირად ფიგურირებდა ტუალეტის საჯდომები და ჩანგლები), ასე რომ სავსებით შესაძლებელია, რომ გატაცებები არის რუსული ჯარისკაცების მცდელობები, შავი ფული იშოვონ. ამ თეორიის დამცველები აცხადებენ, რომ გატაცებები ან კრემლის მიერ ადგილობრივი ქართველების დაშინების წინასწარგანზრახული პოლიტიკის ნაწილია, ანაც ჯარისკაცების დამოუკიდებელი მოქმედებები, რომლებსაც მოსკოვი ითმენს, რადგან ისინი მაინც შეესაბამებიან კრემლის ინტერესებს. დიდი განსხვავება, პრინციპში, არც არის. მეორენი კი ამტკიცებენ, რომ გამოსასყიდის თანხები ოსეთის ჯერ კიდევ „წელაუდგმელი“ ეკონომიკის მხარდასაჭერადაა გამიზნული, თუმცა ეს ნაკლებად სარწმუნოა, ვინაიდან თანხები – თუმცა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ზონაში მცხოვრები ქართველებისთვის საკმაოდ პრობლემურია – არ არის საკმარისი თუნდაც რეგიონალური ეკონომიკის შენარჩუნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უარყოფს იმ ფაქტს, რომ გატაცებები და შემდგომი გამოსასყიდები სამთავრობო პოლიტიკის შედეგია, დაუჯერებელია, რომ მოსკოვი ვერ შეძლებდა ამისთვის წერტილი დაესვა, თუ კრემლში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. მაგრამ რაც არ უნდა იყოს ამ ინციდენტების მოტივაცია და ოფიციალური სტატუსი, გვერდს ვერ ავუვლით იმ ნეგატიურ გავლენას, რომელიც მსგავს მოქმედებებს აქვთ ურთიერთობების ნორმალიზებაზე. თუ პროვოკაციები გაგრძელდება – იქნება ეს საჰაერო სივრცის დარღვევა, გატაცებები თუ საზღვრის გადაადგილება – შესაძლოა, რომ ქართულმა მთავრობამ, მიუხედავად „ნორმალიზების“ პოლიტიკისა, დაძაბულობის განმუხტვის მცდელობებზე ხელი ჩაიქნიოს. თუ მოსკოვი უარს იტყვის თბილისის სერიოზულად აღქმაზე, არ არის გამორიცხული, რომ საბოლოოდ საქართველო უბრალოდ აღარ შეიწუხებს თავს, მიმართოს კრემლს, თუ მისი თხოვნები მუდმივად უყურადღებოდ დარჩება.

დასავლეთსა და რუსეთის შორის ურთიერთობები უფრო გართულდა სირიაში მიმდინარე ომის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი აგრძელებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდაჭერას, ვაშინგტონი კი მხარს აჯანყებულებს უჭერს, ორივე ისლამური სახელმწიფოს მტერია – ფრაქციისა, რომლის მიმდევრებმა უკვე განახორციელეს რამდენიმე დარტყმა ზედ ევროპის გულში და ახლა სხვა თავდასხმებითაც ემუქრებიან. მოსკოვს თავადაც ემუქრება საფრთხე ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების მხრიდან, ჩრდილო კავკასიაში ისლამურ ექსტრემიზმთან ბრძოლისა და სირიაში საკუთარი სამხედრო კამპანიის დაწყების გამო.

პრეზიდენტ პუტინის მიერ რუსული ძალების განთავსება დასავლეთისთვის მოულოდნელი იყო – ეს არ იყო ის ნაბიჯი, რომელსაც ყოველი დასავლური პოლიტიკოსი გაბედავდა. რუსეთის პრაგმატულმა მიდგომამ ისლამური სახელმწიფოს საკითხის გადაჭრის მიმართ კრემლის შელახული იმიჯი დასავლეთში რამდენადმე გამოასწორა, განსაკუთრებით დღითი-დღე უფრო პოპულარულ „ალტერნატიული“ პოლიტიკოსების წრეებში, როგორიცაა ნაიჯელ ფერეიჯი და დონალდ ტრამპი. ამგვარად, დასავლელ საზოგადოებას მოსკოვთან დაპირისპირების სურვილი კიდევ ერთხელ გაუნელდა.

კონფლიქტი უკრაინაში დასავლეთის მედიაში წარსულ მოგონებად იქცა, საქართველოს პრობლემები კი თითქმის დავიწყებულია. სანამ დასავლეთი განიხილავს მოსკოვთან „ერთობლივი თანამშრომლობის“ სფეროებს, რუსეთი კი იბრძვის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტის მსგავსი თავდასხმების საფრთხე დღითი-დღე იზრდება. იმ უტოპიური სცენარის შემთხვევაშიც კი, რომ საქართველო წელს ევროკავშირსა და ნატოში მიიღებენ, თბილისი მაინც ვერ შესძლებს ევროპასა და ამერიკას მიენდოს, რათა  დაიცვან იგი მომავალი პროვოკაციებისა და აგრესიისგან. საეჭვოა, რომ დასავლეთი რისკის ქვეშ დააყენებს თავის ურთიერთობას რუსეთთან ტალინის, ვილნიუსის ან რიგის გამოც კი, განსაკუთრებით, როცა ისლამური სახელმწიფო აგრძელებს ფარული თავდასხმების დაგეგმვას კონტინენტზე.

შესაძლოა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გასაღებად მთავრობის მიერ ინიცირებულ ახალი აბრეშუმის გზის პროექტში ჩართვა იქცეს. ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში საქართველო აქტიურად უჭერდა მხარს ჩინური ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში, რის შედეგაც 2014 წლისთვის ჩინეთი გახდა საქართველოს მესამე უმსხვილესი უცხოური ინვესტორი. საქართველოს პეკინთან ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები მაგალითია „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ ქვეყანაში დაბანდებული ინტერესი – ჩინური მეგაკონგლომერატი აქტიურად ჩაერთო კარიერების, ქარხნებისა და ბანკების შესყიდვაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამავდროულად, თბილისში აშენდა მათი რეზიდენცია და მაღალი კლასის სასტუმრო კომლექსი. 2015 წლის დეკემბერში საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო, რისთვისაც 2016 წლის განმავლობაში ორ თვეში ერთხელ ჩატარდება შეხვედრები.

საქართველოს შვეიცარიის აღმოსავლეთევროპულ მაკეტად გარდაქმნის გეგმები განიხილებოდა სააკაშვილის პერიოდიდან, თუმცა მაშინ ასეთი შედარების მიზეზი მხოლოდ ლანდშაფტი და უფრო დიდი და აგრესიული ერების მეზობლობის საერთო ისტორია იყო. არ ამოქმედებულა არც ერთი კონკრეტული გეგმა, რომ ამ შედარების ეკონომიკური და ესთეტური განზომილებაც მიეცათ. შვეიცარია სულ უფრო მეტად დამოკიდებულია უცხოურ ინვესტიციებზე, მისი საინვესტიციო კლიმატი კი მდგრადად მიმზიდველია პოლიტიკური სტაბილურობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური სტაბილურობის საკითხებში თბილისი ახლო მომავალში ციურიხს ვერაფრით შეედრება, მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა აშკარად შესაძლებელია, განსაკუთრებით როცა საქართველო სულ უფრო აღრმავებს ურთიერთობას თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ორივე ქვეყანა აზიასა და ევროპის დამაკავშირებელი ახალი გზის განუყოფელ რგოლებს წარმოადგენენ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უკვე აქვს გარკვეული წარმატება ევროპიდან უცხოური ინვესტიციების მიზიდვაში (ახალი სათხილამურო კურორტი თეთნულდი სვანეთში ნაწილობრივად ფრანგული კომპანიის მიერ იყო დაფინანსებული), უმნიშვნელოვანესია, რომ ჩინეთი თბილისის ერთერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი გახდეს. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული კონცეფცია – საქართველო გახდეს ევროპისა და აზიის შორის დამაკავშირებელი ჯაჭვის მნიშვნელოვანი რგოლი – რეალისტურია და ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პეკინის მიერ გამოხატულ ნებისმიერ ინტერესს ასევე, შეუძლია შეიკავოს მოსკოვის აგრესიული ქცევა.

ჩინეთი ახლაც რუსეთის წამყვანი პარტნიორია, და ეს ურთიერთობა მოსკოვისთვის სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან „უკრაინული თავგადასავლით“ გაღიზიანებულ დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვნად დააზიანა რუსული ეკონომიკა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ თქვა, რომ ზოგი სანქცია მომავალში შეიძლება გაუქმდეს (უთუოდ, ისლამურ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის და დასავლეთის თანამშრომლობის გამო), მოსკოვს კვლავ სჭირდება ჩინეთთან ურთიერთობის წახალისება; რუსეთის პოლიტიკოსებმა ღიად განაცხადეს, რომ მსოფლიო ახალ ცივ ომს იწყებს, და საეჭვოა, რომ სავაჭრო ურთიერთობები დასავლეთთან მკვეთრად გაუმჯობესდეს სანქციების გაუქმების შემთხვევაშიც კი.

თუ საქართველო შესძლებს მოიზიდოს საკმარისი ინვესტიცია პეკინის მხრიდან, სავარაუდოდ, რუსეთი არ გარისკავს თავისი მთავარი სავაჭრო პარტნიორის გაღიზიანებას, საქართველოს მიმართ აგრესიული მოქმედებების განხორციელებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩინეთი საკუთარ თავზე რეგიონალური კამათების მიუკერძოებელი არბიტრის როლს აიღებს. ბოლო რვა წლის განმავლობაში უკრაინასა და საქართველოში მომხდარი მოვლენები ნათლად გვიჩვენებენ, რომ საერთაშორისო დიპლომატიამ ვერ შეუშალა რუსეთს ხელი სამხედრო მოქმედებების განხორციელებაში, შეთანხმებების დარღვევასა თუ საკუთარი ძალების მეზობელ საზღვრებთან ერთობ საეჭვოდ განლაგებაში. მაგრამ თუ საქართველომ ნამდვილად შეძლო საკმარისი ჩინური ინვესტიციების მოზიდვა, მოსკოვი აუცილებლად აღიარებს, რომ რუსეთის ინტერესებში ერთადერთი მოკავშირის დაკარგვა არ შედის. ეს არ შეუშლის თბილისს ხელს, გააგრძელოს თავისი გზა დასავლეთთან ინტეგრაციის კუთხით, მაგრამ შესაძლოა, მისცეს მას შანსი მოიხვეჭოს მის ისტორიაში უპრეცედენტო სტატუსი: პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *