ნინო თოფურიძე,
“კავკასიური სახლის” მოწვეული ექსპერტი
ოკუპირებულ აფხაზეთში, თურქეთიდან ქოჯაელის პროვინციის გუბერნატორის ხელმძღვანელობით ოფიციალური დელეგაციის ვიზიტს საქართველოს მხრიდან თურქეთისთვის საპროტესტო ნოტის გაგზავნა მოჰყვა. მომხდარი, თურქეთსა და აფხაზეთს შორის ოფიციალური შეხვედრების პირველი შემთხვევა არაა, თუმცა პირველია საქართველოს მხრიდან მსგავსი რეაქცია.
ოფიციალური თბილისის განმარტებით, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და იგი არ გადადგამს ქართული სახელმწიფოსათვის საზიანო ნაბიჯებს. ასევე, ძნელი წარმოსადგენია, რომ ოფიციალური ანკარა აფხაზეთის საკითხის გამო ქართულ მხარესთან პარტნიორობას სასწორზე დებდეს. მიუხედავად ამისა, უკვე წლებია თურქულ-აფხაზური ურთიერთობები თბილისის თავის ტკივილად რჩება. შესაბამისად, კეთილმეზობლური პარტნიორობის შესანარჩუნებლად და მიმდინარე პროცესების დასარეგულირებლად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ქართულ-თურქული ინტერესების გათვალისწინებით შეიმუშაოს შესაბამისი სამოქმედო სტრატეგია. მაგალითად, 2010 წელს საქართველო-თურქეთს შორის იყო სავაჭრო ურთიერთობების დარეგულირების მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავდა სამმხრივ სავაჭრო (სავაჭრო გემების მიმოსვლა) ურთიერთობების დარეგულირებას. დიპლომატთა მცდელობის მიუხედავად, აღნიშნული მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა. მნიშვნელოვანია აღდგეს ეს ფორმატი.
ამგვარი ურთიერთობები, სადაც ქართული მხარე იგნორირებულია, მრავალმხრივ საფრთხეს წარმოშობს ქართულ-თურქულ ურთიერთობებში. პირველი რიგში, იგი ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს სუვერენინტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აღვივებს თურქოფობიას მოსახლეობაში (აღნიშნული განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა აჭარაში) და საფრთხეს უქმნის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
ქართულ მხარესთან შეთანხმებული პოლიტიკის საშუალებით, თურქეთი შეიძლება წარმოჩნდეს საქართველოსათვის არა როგორც პრობლემა მისი აფხაზეთთან ურთიერთობის გამო, არამედ როგორც შესაძლებლობა, რომელმაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, შესაძლოა ახალ საფეხურზე აიყვანოს. გრძელვადიანი პოლიტიკის საშუალებით, თურქეთს შეუძლია შეამციროს რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენა ოკუპირებულ აფხაზეთში. ქართულ მხარეს აქვს შესაძლებლობა თურქეთის მედიატორობით პირველ ეტაპზე თურქეთში მცხოვრებ მრავალრიცხოვან ქართველებსა და აფხაზებს შორის დაიწყოს სახალხო დიპლომატიისა და ნდობის აღდგენის პროცესი, რაც სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში მომავალი პრიორიტეტების განსაზღვრის გასაღები გახდეს.