ანალიზი: აფხაზეთის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა

ვახტანგ ჭარაია:

ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და სოციალური გარემო

ე.წ. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, აფხაზეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ეკონომიკური წინსვლის კუთხით, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და მოსახლეობა კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ წინსვლას, ძირითადად, არა აფხაზური ეკონომიკა, არამაედ რუსეთიდან შემომავალი ფინანსური სახსრები განაპირობებდა. კერძოდ, 2005 წლიდან მოყოლებული დღემდე „დახმარებამ“ 17 მლრდ რუბლს გადააჭარბა ($500 მლნ). განსაკუთრებულად ეს ნაკადები 2010-2013 წლებში შეინიშნებოდა და 11.9 მლრდ რუბლი ($340 მლნ) შეადგინა; [1] 2014-2016 წლებში კი დამატებით 3 მლრდ რუბლის “დახმარებაზე“ რუსეთის პრემიერმა დ. მედვედევმა ხელი უკვე მოაწერა (ლენტა-რუ).

საინტერესოა, რომ აღნიშნული თანხების უდიდესი ნაწილი სესხის სახეს ატარებს და რუსეთის მხრიდან გონივრულ ნაბიჯს წარმოადგენს, რადაგნაც ამ თანხების დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, აფხაზეთი გამოუვალ მდგომარეობაში ვარდება და მთლიანად მასზე ხდება დამოკიდებული კიდევ უფრო მეტად, ვიდრე დღეს. ეს მომავალი კი სულ მალე, მომდევნო 2015 წლიდან დგება, როდესაც აფხაზეთს გეგმით ვალების დაბრუნების პირველი ეტაპი ეწყება.

ბიუჯეტის მონაცემები კი შემდეგია: 2010 წელს მან 3.875 მლრდ რუბლი (დაახლოებით $114 მლნ) შეადგინა, საიდანაც 1.935 მლნ რუსული ($60 მლნ) დახმარება გახლდათ (ცნობისათვის, საქართველოს ბიუჯეტი 2011 წელს – $3.6 მლრდ-ია, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო). [2]

ე.წ. აფხაზეთის მთავრობის გაანგარიშებით, 2011 წელს მშპ – $700 მილიონს, ხოლო მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით კი – $2995 შეადგენდა, რაც ანალოგიური პერიოდისათვის თითქმის საქართველოს (მშპ მოსახლეობის ერთ სულზე) მაჩვენებლის იდენტურია ($3230, საქსტატი).[3] ხოლო, თავად მშპ სტრუქტურა კი შემდეგია: მშენებლობა- 34.4%, ვაჭრობა და კვების სფერი – 20.5%, წარმოება – 9.5%, სოფლის მეურნეობა – 7.5% და სხვ. სხვადასხვა სფეროებში დასაქმებულთა გადანაწილება, სფეროების მიხედვით კი შემდეგია: განათლება – 18.2%; ჯანდაცვა – 17.9%; მშენებლობა – 7.4%; ვაჭრობა – 7.3% და სხვ.

დე-ფაქტო რეგიონში, მათივე მონაცემებით, საშუალო ხელფასი 2011 წელს 6900 რუბლს ($200) შეადგენდა (საქართველოში იგივე პერიოდში – დაახლოებით $400, საქსტატი). საბაზისო პენსია $20 ფარგლებშია, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში, მას ერთვის შემდეგი დანამატები: ე.წ. „სამამულო ომში“ მონაწილეთა – თითქმის $100; ე,წ, „სამამულო ომში“ დაღუპულთა ოჯახების – $130 ფარგლებში; I, II და III ჯგუფის ინვალიდების – დაახლოებით $150; 1992-1993 წლების ომში დაინვალიდებულთა – დაახლოებით $160. დამატებით, აფხაზეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს (აწ უკვე, გარდა ქართველებისა) რუსული პასპორტები გააჩნიათ, რომლითაც ყოველთვიურად საშუალოდ $300 მიღებაა შესაძლებელი. [4]

250 ათასიან რეგიონში, სადაც შრომისუნარიანად მიჩნეულია 142 ათასი ადამიანი, დასაქმებულთა რაოდენობა 40 ათასს არ აღემატება, საიდანაც 26 ათასი სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული (აფხაზური მონაცემებით). სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, უმუშევრობის დონე აფხაზეთში – 67%-ია! [5] რაც სოციალურ ფონს უკიდურესად დაძაბულს ხდის და სწორედ ეს გახლდათ წელს ე.წ. აფხაზეთის მთავრობის რევოლუციური გზით გადაყენების ოფიციალური საფუძველიც.

ტურიზმი, როგორც აფხაზური ეკონომიკის წარმმართველი ძალა

აფხაზი ექსპერტების აზრით, აფხაზეთის ეკონომიკის ლოკომოტივი -ტურიზმია, რომელიც თითქმის მთლიანად წლის მესამე კვარტალში ფორმირდება. რუსული და აფხაზური საინფორმაციო წყაროების თანახმად, აფხაზეთს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს, კერძოდ 2013 წელს ნაკადმა 3.3 მილიონ ადამიანს გადააჭარბა, რაც ასეთი მცირე ტერიტორიისათვის საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია [6] (რეალობა რომ იყოს!), ცნობისათვის, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის თანახმად, 2013 წელს ქვეყნას 4.4 მილიონი ტურისტი ესტუმრა (რაც ასევე ეჭვს იწვევს შესაბამისი დარგის ექსპერტებში).[7]

სინამდვილეში ტურიზმი, სხვა სფეროების უფრო მეტად ჩამორჩენილობის ფონზე, მართლაც ეკონომიკის გამწევი ძალაა, თუმცა მას მრავალი მინუსიც აქვს: სეზონურობა, პოლიტიკური არასტაბილურობის გავლენა, რუსი ტურისტების დაბალი ფინანსური შესაძლებლობებისა და აფხაზეთში მაღალი ფასების დისბალანსი და ა.შ. რომელიც აფხაზური ეკონომიკის საკმაოდ მყიფე რეალობას განაპირობებს.

დამატებით, აფხაზური ტურიზმის უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც ჩავარდნის ალბათობას მომდევნო წლებში შეიძლება განაპირობებდეს ყირიმის მიერთება რუსეთის ფედერაციის მიერ. მოგეხსენებათ, ყირიმიც, აფხაზეთის მსგავსად, ტურიზმზე ორიენტირებული რეგიონია და ექსპერტების მოსაზრებით, რუსეთის მთავრობა პირდაპირ თუ ირიბად ეცდება არამხოლოდ აფხაზეთის, არამედ უკვე ყირიმის „დატვირთვასაც“, რაც „ექსტრემალური დასვენების“ მოყვარულთა ახალ გადანაწილებას გამოიწვევს.

საგარეო ვაჭრობის ძირითადი მახასიათებლები

ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა აფხაზეთის საგარეო სავაჭრო ბალანსიც, ძირითადად, იმპორტის ხარჯზე, როგორც პროცენტულ, ასევე აბსოლუტურ მაჩვენებლებში. ე.წ. აფხაზეთის საბაჟო კომიტეტის მონაცემებით 2013 წელს აფხაზეთის სავაჭრო ბრუნვამ თითქმის – 18 მილიარდი რუსული რუბლი შეადგინა (დაახლოებით $530 მლნ), რაც წინა წლის მაჩვენებელს მთელი 1.5 მილიარდი რუბლით (დაახლოებით $44 მლნ) ანუ 9.6%-ით აღემატება. მათ შორის:

• ექსპორტი – 2.7 მლრდ რუბლი (6.1%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით);
• იმპორტი – 15.3 მლრდ რუბლი (10.2%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით). [8]

2001 წელს ნაჩვენები, სულ რაღაც 919 მლნ სავაჭრო ბრუნვის კოლოსალური – 20-ჯერადი ზრდის მიუხედავად, აფხაზეთის სავაჭრო ბრუნვის ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობიდან ნათლად ჩანს, რომ ის მომხმარებლური ტიპის ეკონომიკადაა ჩამოყალიბებული: 2013 წელს იმპორტი 5.5-ჯერ აღემატებოდა ექსპორტს.

უფრო დეტალური დაკვირვებისას ნათელია, რომ აფხაზური ექსპორტი ძირითადად აგროსამრეწველო კომპლექსის ხარჯზე ფუნქციონირებს (88%), მცირეა გადამამუშავებელი სექტორის წილი (12%). აფხაზური ექსპორტის 3/5 ღვინისა და სპირტიანი სასმელების ბიზნესს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ იაფფასიანი მოლდავური და რუსული ღვინომასალებისგან და სპირტისგან მზადდება. ციტრუსების ექსპორტს, რომლითაც აფხაზეთი დღემდე განთქმულია, მთლიანი ექსპორტის 22% უჭირავს. ამ ორ ძირითად სავაჭრო პროდუქტს 5%-ანი მაჩვენებლით მეთევზეობა და 3-3%-იანი მაჩვენებლებით ქვიშის, ქვანახშირის და ჯართის ექსპორტი მოსდევს, თუმცა აფხაზეთში ეს რესურსები მილევადია და სავარაუდოდ, მომდევნო წლების ექსპორტში კიდევ უფრო მცირე წონას დაიკავებენ, მით უმეტეს, რომ ქ.სოჭში მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებით დასრულებულია და სამშენებლო მასალების მოთხოვნაც მინიმუმამდეა დასული. [9]

რაც შეეხება აფხაზეთში იმპორტირებულ პროდუქციას, ის ბევრად მრავალფეროვანია და შემდეგი პროდუქტებისგან შედგება: კვების პროდუქტები (19%), საწვავი და საპოხი მასალები (16%), სამშენებლო მასალები (16%), ავტოსატრანსპორტო საშუალებები (11%), მანქანა-დანადგარები (9%) და სხვა. [10]

ე.წ. აფხაზეთის ოფიციალური მონაცემების თანახმად, მისი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან: რუსეთი (62%) და თურქეთი (14%). ამასთან რუსეთთან გაჭრილია როგორც სახმელეთო (საავტომობილო და რკინიგზის), ასევე საზღვაო გზები, ხოლო თურქეთთან მხოლოდ საზღვაო. რაც შეეხება აფხაზური ექსპორტის გასაღების ბაზრებს, ესენია: რუსეთი (85%) და თურქეთი (15%). მართალია, ზემომოცემული რიცხვები არ ასახავს ზუსტ რეალობას, კორუფციისა და იატაქვეშა ეკონომიკის ზემაღალი მაჩვენებლების ფონზე, თუმცა, მიახლოებით სურათს იძლევა. [11]

გალის რაიონი, როგორც ეკონომიკური ჰაბი

ზემომოცემულ სტატისტიკაში არსად არ არის გათვალისწინებული ქართულ-აფხაზური – ტრანს-ინგურული სავაჭრო ურთიერთობები, რომლის ძირითადი მამოძრავებელი ძალა გალის რაიონი და მისი მოსახლეობაა.

გამომდინარე იქიდან, რომ ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტის 2007 წლის ბრძანებით ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსთან ითვლება უკანონოდ (უსაფრთხოების მიზნით), ყველა სავაჭრო პროდუქტი, რომელიც საქართველოს მხრიდან გადადის აფხაზეთში – ითვლება კონტრაბანდად.

თავის მხრივ, არც საქართველოს აქვს გარკვეული ასეთი ტიპის ურთიერთობის ცალსახად განმსაზღვრელი კანონიერი ჩარჩოები: ერთის მხრივ, საქონლის გადაადგილება დანარჩენი საქართველოდან აფხაზეთში, ითვლება შიდა საქონელბრუნვად, ხოლო, მეორე მხრივ, 2008 წელს მიღებული „კანონი ოკუპირებული რეგიონების შესახებ“, ყველა სახის ეკონომიკურ ურთიერთობას, მათ შორის, სავაჭროს აფხაზეთის ტერიტორიაზე – მიიჩნევს უკანონოდ (თუმცა, არის გარკვეული გამონაკლისებიც).

სურათი #1. მდ. ენგურზე გადასასვლელი პუნქტები

Untitled

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: Trans-Ingur/i economic relations: a case for regulation 2013. International Alert

 

ექსპერტთა დაკვირვებებით, ქართულ-აფხაზური ვაჭრობა მდინარე ენგურზე არსებული 1 ოფიციალური (მთავარი ხიდი მდ. ენგურზე) და 3 არაოფიციალური გზით ხორციელდება (იხ. სურათი #1), კერძოდ:

  1. ენგურის ხიდი – გადაადგილდება საქონლის 80% და მოსახლეობის 75%;
  2. ე.წ. ზედა ზონა – გადაადგილდება მოსახლეობისა და საქონლის 5%-ზე ნაკლები;
  3. ე.წ ქვედა ზონა – გადაადგილდება საქონლის 15% და მოსახლეობის 20%. [12]

დიაგრამა #2. ქართულ-აფხაზური ვაჭრობა და საქონელწარმოშობა

12

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: Trans-Ingur/i economic relations: a case for regulation 2013. International Alert

ქართულ-აფხაზური ვაჭრობა ქ. გალის გავლით მოიაზრებს არამხოლოდ ქართული, არამედ საქართველოში იმპორტირებული პროდუქციით ვაჭრობასაც. [13] კერძოდ, წარმოშობის ადგილები შემდეგია (იხილეთ დიაგრამა #2):

1. საკვები პროდუქტები. კარტოფილი – საქართველო (ახალციხე, წალკა, ახალქალაქი), თურქეთი; სტაფილო – სომხეთი; კიტრი – საქართველო (ქუთაისი, წყალტუბო, მარნეული); მწვანილი – საქართველო (სამტრედია, ქუთაისი); საქონლის ხორცი, გაყინული – ბრაზილია; ღორის ხორცი, გაყინული – არგენტინა და ა.შ.

2. ტექნიკა, ავეჯი და სხვა არასასურსათო პროდუქტების შეძენა კი, საქართველოში, ძირითადად, საბითუმო ბაზრებში (თბილისი, ქუთაისი და ზუგდიდი) და ტექნიკის სპეციალიზებულ მაღაზიებში ხორციელდება (წარმოშობის ადგილი საქართველო და მთელი მსოფლიო). აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოდან შესული საქონსლის 80% სოხუმისა და გაგრის ბაზრებისთვისაა განკუთვნილი და მხოლოდ 20% რჩება გალის ტერიტორიაზე, რაც, რა თქმა უნდა, მოთხოვნა- მიწოდების საფუძველზე ყალიბდება.

ზემოხსენებული პოლიტიკური და საკანონმდებლო შეზღუდვები მძიმე დარტყმას აყენებს და დემოტივირებს ქართულ-აფხაზურ ეკონომიკურ ურთიერთობებს. შედეგად, განსაკუთრებით მძიმეს ხდის ამ ურთიერთობებში ჩართული, ძირითადად გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველების საქმიანობას, რომელთაც სხვა შემოსავლის წყარო, ფაქტობრივად, არ გააჩნიათ (ე.წ. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანახმად, გალის რაიონი 97%-ით სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული, 2%-ით- ინდუსტრიაზე და 1%-ით- ტურიზმზე), გარდა საქართლოს მთავრობისგან დანიშნული თვეში 45 ლარიანი „დახმარებისა“. [14]

დასკვნა

მძიმე სოცილაური ფონის მიუხედავად, დე-ფაქტო აფხაზეთი ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ეკონომიკურად მნიშვნელოვნად მოძლიერდა (შედარებით). თუმცა, პარალელურად იზრდება რუსეთზე დამოკიდებულებაც, რადგანაც სწორედ ის განსაზღვრავს ამ ზრდის ძირითად ფაქტორებს.

მიუხედავად აფხაზური ეკონომიკის მცირე მასშტაბებისა და იმისა, რომ მის ნამდვილ აღორძინებას რუსეთის ეკონომიკა წესით და რიგით მარტივად უნდა გამკლავებოდა – მაღალმა კორუფციულმა მაჩვენებლებმა, კლანურმა გადანაწილებებმა და მართვაში გამოუცდელობამ, სულ სხვა რეალობა განაპირობა.

ტრანს-ინგურულ ეკონომიკურ ურთიერთობებს უდიდესი პოტენციალი აქვს და ავტორის აზრით, შესაძლებელია თითქმის მთლიანად ჩაანაცვლოს რუსულ-თურქული სავაჭრო გავლენა რეგიონში. ამიტომ, საქართველოს მთავრობამ ამ მიმართულებას მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი.

______________________________________________________________________________

[1] http://lenta.ru/news/2014/01/10/help/

[2] http://www.mof.ge/4625

[3] Исходя из объективных причин, мы не располагаем возможностью перепроверить абхазские данные.

[4] http://geostat.ge/?action=page&p_id=148&lang=geo

[5] http://ecsocman.hse.ru/data/2011/02/22/1214890259/Tuzhba.pdf;%20http://agrba-timyr.livejournal.com/42525.html;%20http://www.abkhaziya.org/server-articles/article-52d306ef46b0e2a0eaab9af8e59077da.html

[6] http://www.regnum.ru/news/fd-abroad/abxazia/1809949.html

[7] http://www.regnum.ru/news/fd-abroad/abxazia/1809949.html

[8] http://customsra.org/itogi2013.php

[9] http://www.tppra.org/ru/abhaziya-obshchie-dannye

[10] http://fondabkhazia.com/republic/business/#3

[11] http://www.ved.gov.ru/exportcountries/ab/about_ab/eco_ab/

[12] http://www.international-alert.org/sites/default/files/Caucasus_TransInguri_EconRelationsRegulation_EN_2013.pdf

[13] Годовой оборот по оценке автора составляет приблизительно $5-7 млн., а по оценке Хатуны Шатибы, проф. Абхазского гос.университета – 2 млрд рублей ($60 млн.).

[14] http://www.tppra.org/ru/abhaziya-obshchie-dannye

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *