საქართველო-უკრაინის ეკონომიკური ურთიერთობები და უკრაინის კრიზისის შედეგები საქართველოსთვის

რამაზ გერლიანი

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელი

მას შემდგომ, რაც საქართველო ღია ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩაერთო, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა აქვს მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორი ეკონომიკურ ურთიერთობებში არის უკრაინა. ის წარმოადგენს საქართველოს საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობების ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილეს პარტნიორს, რომელიც 2014 წლის კრიზისულ მოვლენებამდე, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის, წამყვან ადგილს იკავებდა, როგორც ექსპორტის, ასევე, იმპორტის თვალსაზრისით.

gerliani 1

1.1 დიაგრამიდან ნათლად ჩანს,  თუ რაოდენ მნიშვნელოვან და პროგრესირებად ეკონომიკურ პარტნიორს წარმოადგენდა უკრაინა საქართველოსთვის. 1995 წლიდან მოყოლებული საკმაოდ  მზარდი ტრენდი ახასიათებდა  საქართველო-უკრაინის  სავაჭრო ურთიერთობებს, თუ არ ჩავთვლით 2009 წლის გლობალურ კრიზისს, რომლის  ფონზეც სავაჭრო ბრუნვა  505 მლნ. აშშ  დოლარამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 1995 წლიდან 2015 წლის იანვარ-თებერვლის ჩათვლით საქართველო-უკრაინის საერთო სავაჭრო ბრუნვამ ჯამურად შეადგინა  7,075 მილიარდი აშშ დოლარი. მათ შორის: ექსპორტმა 1,274 მლრდ  აშშ დოლარი, ხოლო იმპორტმა  – 5,8  მლრდ აშშ დოლარი[1].

ბოლო 10 წლის მანძილზე, 2004 წლიდან მოყოლებული 2014 წლის მეორე ნახევრამდე, უკრაინა  საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ლიდერ  ქვეყნებს შორისაა (იხ. დიაგრამა 1.2). შთამბეჭდავია,  საქართველოს ექსპორტის წილი უკრაინასთან, მთლიანი  ექსპორტის მოცულობა 2004-2014 წლების მიხედვით, აგრეთვე,  უკრაინის მიერ დაკავებული ადგილი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის. მოცემულ პერიოდში უკრაინა მუდმივად იკავებდა მსხვილ ექსპორტიორთა ათეულში ადგილს და რიგ შემთხვევებში იკავებდა მე-2, მე-3 და მე-4 პოზიციას. სამწუხაროდ, კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე მოცემული პარამეტრით 2014 წელს ის თითქმის დაუბრუნდა 2005 წლის პოზიციას  (დიაგრამა 1:2) [2]

gerliani 2

როგორც უკვე აღინიშნა, შექმნილი მძიმე პოლუტიკური ვითარების და კრიზისის გამო, 2014 წლის მეორე ნახევრიდან მკვეთრად (მცირდება)  ეცემა, საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვასთან მიმართებაში უკრაინის წილი,  ძირითადად საექსპორტო მიმართულებით, შედარებით ნაკლებადაა შემცირებული იმპორტის წილი. ეს უკანასკნელი კი 2015 წლის იანვარ-თებერვლის მიხედვით  ექსპორტთან შედარებით უფრო ნაკლებად, 3 მილიონით შემცირდა. მოცემული კლების ტენდენცია  სავაჭრო ურთიერთობებში ჯაჭვურად მოქმედებს სხვა ეკონომიკურ ურთიერთობებზეც (ინვესტიციები, ბიზნეს საქმიანობის შეღწევადობა და სხვ.).

gerliani 3

რაც შეეხება 2014 წელს, როგორც დიაგრამა 1:3-დან ჩანს, 2014 წლის თებერვლიდან იწყება საქართველოს ექსპორტის მკვეთრი შემცირება, რაც უკრაინაში რთული პოლიტიკური ვითარების შედეგია. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იმპორტი სტაბილურად ზრდადია, რის შედეგადაც პროცესი სავაჭრო ბრუნვის კლებაზე მკვეთრად არ ასახულა. მიუხედავად ამისა, შესაბამისი მონაცემების მიხედვით სავაჭრო ბრუნვა 2013 წელთან შედარებით მკვეთრადაა შემცირებული. (დიაგრამა 1:4)

gerliani 4

როგორც ცხრილიდან ჩანს საქართველო უკრაინის საერთო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა 13,7%-ით, მათ შორის უკრაინიდან საქართველოს იმპორტმა დაიკლო 9,3 %-ით, ხოლო ექსპორტი უფრო მკვეთრად 27,2%-ით შემცირდა.  მოცემული ცვლილებები გამოწვეულია რამოდენიმე ეკონომიკური და არაეკონომიკური მიზეზებით:

  1. უკრაინის შიდა არასტაბილურობა, (რევოლუციები, შეიარაღებული კომფლიქტი და ა.შ.), რამაც მძიმედ იმოქმედა შიდა ეკონომიკურ მდგომარეობის სტაბილურობაზე და საბაზრო რისკებიდან გამომდინარე  საქართველოდან ექსპორტიორები გადაიყვანა მოლოდინის და დაკვირვების რეჟიმში.
  2. კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე შემცირდა უკრაინული ბაზრის მსყიდველობითი უნარი, შესაბამისად შემცირდა ექსპორტიდან მისაღები პოტენციური სახსრები.
  3. უკრაინული გრივნის მკვეთრი გაუფასურება, რამაც მომხმარებლისთვის გააძვირა მოკლევადიან პერიოდში უკრაინაში საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქცია, აგრეთვე, მოხდა ქართული ლარის კურსის მერყეობა და ვარდნა 2014 წლის ბოლოს.
  4. მნიშვნელოვანია ასევე საქართველოს საექსპორტო ორიენტირის გადანაცვლება შედარებით სტაბილური სივრცის ბაზრებზე (ევროკავშირის ქვეყნები), რომელიც დსთ-ს სივრცესთან შედარებით, უფრო სტაბილური, მდგრადი და მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ბაზარია.
  5. ასევე, ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნა, რომელიც წარმოადგენს კონკრეტული ქართული პროდუქციისთვის (სასოფლო სამეურნეო) უკრაინული ბაზრის ალტერნატივას. მოცემული ქვეყნები, როგორც პოსტ-სოციალისტური ქვეყნები, ბაზრის კონიუნქტურით არიან იდენტურები. ამ ფაქტორში აგრეთვე აღსანიშნავია ის საექსპორტო წილიც, რომელიც უკრაინის გავლით რუსეთის ბაზარზე ხვდებოდა 2014 წლამდე, ხოლო რუსეთის ბაზრების საბოლოო გახსნის შემდგომ პირდაპირი ექსპორტით მიეწოდებიან.

უკრაინამ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობებში, 2014 წლის ექსპორტის შესაბამის მონაცემების მიხედვით, 2013 წლის დაკავებული მე-3 ადგილიდან გადაინაცვლა მე-8 ადგილზე, ხოლო იმპორტის მიხედვით მე-6 ადგილზე აღმოჩნდა.  კლების ტენდენცა გამოიხატება 2015 წელსაც, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემების შესაბამისად საგარეო სავჭრო ბრუნვის კლება აშკარა და პრობლემატურია.

სტატისტიკურ მონაცემების შესაბამისად[3] 2015 წლის იანვარ-თებერვლის მიხედვით შეინიშნება ექსპორტის მკვეთრი დაცემა უკრაინასთან, რაც გამოიხატება როგორც რაოდენობრივ, ასევე პროცენტულ მაჩვენებელში. უკრაინა  საექსპორტო ქვეყნებს შორის ათეულში ვერ მოხვდა და ის მე-11-ე ადგილს იკავებს,  იანვარ-თებერვლის საქართველოს საერთო ექსპორტის 3% -ით. ასეთი დაბალი პროცენტული მაჩვენებელი საქართველოს ექსპორტის  უკრაინაში მხოლოდ  2004 წელს  ფიქსირდება, რაც  2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედერებით თითქმის 5-ჯერაა შემცირებული და   36,1 მილიონით ნაკლებია[4].
სხვა თანაბარ პირობებში, შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ,  რომ საქართველოს პირდაპირი საექსპორტო დანაკარგი მხოლოდ 2015 წლის იანვარ-თებერვალში უკრაინასთან, სავაჭრო ურთიერთობების შენელებიდან გამომდინარე შეადგენს დაახლოებით 30 მლნ. აშშ დოლარს. აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში საქართველო ექსპორტიდან შემოსავლების მნიშვნელოვან დანაკარგს ნახავს 2015 წელს. კიდევ უფრო გააუარესებს ისედაც უარყოფით სავაჭრო ბალანსს. 2014 წლის  მაისიდან მოყოლებული, ექსპორტის შემცირების შედეგად,  2013 წელთან შედარებით საქართველომ მიიღო 52,5 მლნ. აშშ დოლარით ნაკლები, რაც აგრეთვე შეიძლება ჩავთავალოთ უკრაინის კრიზისის შედეგად მიღებულ საექსპორტო დანაკარგად. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ  შექმნილი რეგიონალური საექსპორტო კრიზისის ფონზე, ქართული ექსპორტის  მთლიანი მოცულობა 2013  წელთან შედერებით 2014 წელს შემცირდა 47,3 მლნ აშშ დოლარით, რაც ნაკლებია უკრაინასთან ექსპორტის შემცირების მაჩვენებელზე,  52,5 მლნ აშშ. $-ზე. ნათლად ჩანს  რომ საქრთველოს, რომ არა უკრაინაში ექსპორტის განსაკუთრებული კლება, 2014 წელს დაუფიქსირდებოდა საერთო ექსპორტის ზრდა და არა კლება 2013 წელთან შედარებით.

სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების გარდა, უკრაინა  წარმოდგენდა და წარმოადგენს საქართველოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორს,  მიუხედავად იმისა, რომ ის განეკუთვნება ყოფილი სოციალისტური სივრცის ქვეყანას, რომელთა უმრავლესობას დიდი საინვესტიციო პოტენციალი არ გააჩნია. დსთ ქვეყნებს შორის,  2013  წელს  ის იყო რიგით მეორე ინვესტორი აზერბაიჯანის შემდგომ, რომელმაც მოახდინა საქართველოში  22,9 მლნ. აშშ $ ინვესტირება.
2014 წლის მონაცემებით  შექმნილი ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე მისი ინვესტირების  მაჩვენებელი უარყოფითი ნიშნით გამოიხატება და შეადგენს  -2,17 მლნ. აშშ $.
ჯამურად  1996-2014 წწ საქართველოში უკრაინიდან შემოვიდა 63 მლნ. აშშ $  ინვესტიცია და გავიდა 14,7 მლნ. აშშ $, შესაბამისად უკრაინის მიერ განხორციელებული ინვესტიციები დადებითი  ნიშნითაა და შეადგენს 48,3 მლნ. აშშ $.[5]  (დიაგრამა 1:5)

gerliani 5

უკრაინის კრიზისმა ზეგავლენა იქონია საქართველოს საერთო საგარეო სავაჭრო ურთიერთობების კონფიგურაციაზეც.  2014  წლისთვის  კიდევ უფრო შეიცავალა საქართველოს  საგარეო ვაჭრობის პროპორციები ქვეყნების ჯგუფების მიხედვით. იმპორტმა დსთ-დან 25% შეადგინა, ხოლო ევროკავშირში 27%. აღნიშნული ტენდენცია იმპორტის ზრდისა ევროკავშირიდან 2010 წლის შემდგომ გამოიკვეთა, თუმცა  2014 წელს მისი მოცულობა შედარებით მეტია.  ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში შეადგენს 51%, ევროკავშირის ქვეყნებში – 26%. შესაბამისად წინა პერიოდებთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა დსთ  და ევროკავშირს შორის  საქართველოს სავაჭრო ბრუნვის  სხვაობა  ევროკავშირის სასარგებლოდ. (დიაგრამა 1:6) [6].
აღნიშნული ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არსებობდა, თუმცა უკრაინის კრიზისმა პროცესი დააჩქარა მისი განშლადობიდან გამომდინარე. რეალურად უკრაინის კრიზისი იქცა დსთ-ს სივრცის კრიზისად. შესაბამისად მან ზეგავლენა იქონია  ამ სივრცის  ყველა ქვეყანაზე, მათ შორის მნიშვნელოვანი ზეგავალენე მოახდინა საქართველოზეც, როგორც ერთ-ერთმა მთავარმა პარტნიორმა სავაჭრო ურთიერთობებში.

gerliani 6
რასაკვირველია, ევროკავშირთან საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდა და მის კვალობაზე დსთ-ს  ქვეყნებში  ვაჭრობის შემცირება, მხოლოდ  უკრაინის კრიზისით არ აიხსნება, თუმცა ის ერთ-ერთი ცენტარალური მოვლენაა ამ ტენდენციის დასაჩქარებლად (დამატებითი ფაქტორია საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა  და რატიფიცირება).

2015 წლის იანვარ-თებერვლის ოფიციალური  მონაცემებით, საქართველოს ექსპორტის სხვაობა  დსთ-ს და ევრო კავშირს შორის 1%-მდე შემცირდა და იმპორტი, განსხვავებით ექსპორტისგან, რომელმაც 2014 წელთან შედარებით ევროკავშირში მხოლოდ 4%-ით გადააჭარბა.  (დიაგრამა 1:7)[7]. ხოლო თუ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება,  წინასწარი პროგნოზით,  2015 წლის ექსპორტმაც ევროკავშირთან შესაძლოა გადააჭარბოს ექსპორტს დსთ-ში.

gerliani 7
აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ  უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის შედეგად შექმნილმა მდგომარეობამ ხელი შეუწყო  საქართველოს  უარყოფითი სავაჭრო ბალანსის ზრდას, რამაც თავის მხრივ უკრაინაში და მის სივრცესთან ახლოს მყოფი ქვეყნების, მათ შორის  საქართველოს  ექსპორტის კლება გამოიწვია.
ასევე, უკრაინის  კრიზისმა პირდაპირი და ირიბი ზეგავლენა იქონია ფულად გზავნილებზე და  ქართველი ემიგრანტების შემოსავლების მაჩვენებლებზე, რაც ფულადი გზავნილების მთავარ წყაროს წარმოადგენს.  კონკრეტულად 2014 წელს  უკრაინიდან ფულადმა გზავნილებმა  შეადგინა  30,8 აშშ მლნ. დოლარი, რაც  2013 წლთან შედერებით შემცირებულია  32,4 % -ით.
რაც შეეხება  უკრაინის  კრიზისის ირიბ უარყოფით ეფექტს საქართველოში ფულად გზავნილებზე,  მან ძირითდად რუსეთის მაგალითზე იმოქმედავინაიდან ევროპის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა, შედეგად საკმაოდ  შემცირადა ფულადი გზავნილებიც.  კონკრეტულად 2014 წელს  11,5 %-ით შემცირდა რუსეთიდან გზავნილები 2013 წელთან შედერებით. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან ამ კლების მიუხედავად 709,3 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, რაც 49,2 % შეადგენს  მთლიანი  გზავნილების.[8]
შიდა ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, უკრაინულ კრიზისთანაა კავშირში ის საგარეო ფაქტორები, რომლებმაც გარკვეული როლი ითამაშეს ქართული ლარის გაუფასურებაში, რაც უარყოფითი ფაქტორია მოკლევადიან პერიოდში. თუმცა ეროვნული ვალუტის  კურსის კლებამ, როგორც საქართველოს მაგალითზე, ასევე უკრაინის შემთხვევაშიც შესაძლოა ხელი შეუწყოს  საექსპორტო პოტენციალის ზრდას. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში  საექსპორტო ვექტორი გადაიხრება იმ ქვეყნების ჯგუფისკენ,  სადაც შედარებით სატაბილური ვალუტა მოქმედებს, ან იმ ქვეყნებისკენ, სადაც ეროვნული ვალუტა ქართულ ლარზე ნაკლებად გაუფასურდა.

საბოლოო ჯამში, მრავალ ჩამოთვლილ და განხილულ ფაქტორთა  შორის, უდიდესი ნაწილი ნეგატიურია, რამაც რასაკვირველია,  ნეგატიური ზეგავლენა იქონია როგორც საქართველოს,ასევე, სხვა ქვეყნების ეკონომიკაზეც.

უკრაინის ფაქტორით მიღებულმა საერთაშორისო პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა გადაწყვეტილებებმა,  ზეგავლენა იქონია კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის გლობალურ ეკონომიკაზე და სამომავლო ეკონომიკური განვითარების ვექტორებზეც. საქართველოსთვის  უკრაინული კრიზისი გახდა წყალგამყოფი საბოლოო გადაწყვეტილებისა, რომ ეკონომიკურად იყოს ინტეგრირებული შედარებით  სტაბილურ ეკონომიკურ სივრცეში. შესაბამისად, თავისი საგარეო  ეკონომიკური ურთიერთობების მეტი წილი დაუკავშიროს სტაბილურ და გადახდის უნარიან სივრცეს, მოახდინოს დივერსიფიცირება, როგორც საექსპორტო, ასევე საიმპორტო  ბაზრების.
უკრაინული კრიზისი საქართველოს ახალი ეკონომიკური გამოწვევაა, იმის გათვალისიწნებთ თუ რა მძიმედ აისახა ის გასული 2014 წლის ეკონომიკაზე და რა ტენდენციებია  2015  წელსაც. დღესაც არსებობს შესაბამისი გამოწვევები, რომელთა გამკლავებაც შესაძლებელია,  მაგრამ არც თუ ისე ადვილად გადასალახი. ისინი პირველ რიგში უარყოფითად აისახება სავაჭრო-ეკონომიკურ  ურთიერთობებზე, რის შედეგადაც რთულდება საქართველოში დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილიზაცია, ფასების ზრდის ტენდენციასთან გამკლავება, უარყოფით სავაჭრო სალდოს შემცირება. შესაბამისად რთულდება მათთან ჯაჭურ ბმაში  მყოფი სხვა სოციალურ-ეკონომიკური სეგმენტების მდგომარეობა.

დასასრულს ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის კრიზისის შედეგები საკმაოდ ნეგატიური ტენდენციის მატარებელია საქართველოსათვის, როგორც ეკონომიკური, ასევე სხვა მიმართულებებით.

_______________________________________________________


http://www.worldbank.org/en/country/georgia
[1] წყარო: მსოფლიო ბანკი

[2] წყარო: საქართველოს სატატისტიკის ეროვნული სამასახური
http://geostat.ge/?action=page&p_id=136&lang=geo

[3] საქართველოს სატატისტიკის ეროვნული სამასახური
http://geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/QuarterlyBull_2012_IV_Geo.pdf

[4] წყარო: საქართველოს სატატისტიკის ეროვნული სამასახური
http://geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/QuarterlyBull_2012_IV_Geo.pdf

[5]წყარო: საქართველოს სატატისტიკის ეროვნული სამასახური (არქივი)
http://geostat.ge/?action=page&p_id=139&lang=geo

[6] წყარო: საქართველოს სატატისტიკის ეროვნული სამასახური
http://geostat.ge/?action=page&p_id=136&lang=geo

[7] წყარო: საქართველოს სატატისტიკის ეროვნული სამასახური
http://geostat.ge/?action=page&p_id=136&lang=geo

[8] საქართველოს ეროვნული ბანკი
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *