ანალიზი: არჩევნები დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში და მისი როლი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას არასდროს დაუმალავს, რომ რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანება, შესაძლოა, საქართველოს ფარგლებს გარეთ სამხრეთ ოსეთის არსებობის ერთადერთი საშუალება იყოს. ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების იდეა სხვადასხვა წყაროების მიხედვით მოსახლეობაში საკმაოდ პოპულარულია. მიმდინარე წლის 8 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს მოსაზრება კიდევ უფრო გამყარდა. ერთია ის საკითხი, თუ რამდენად ლეგიტიმური და დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისი იყო სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნები, ხოლო მეორეა ის ფაქტი, რომ დე-ფაქტო პარლამენტის 34 მანდატიდან 20 მანდატი მიიღო პარტიამ, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რუსეთთან შეერთება და ორი ოსეთის: სამხრეთისა და ჩრდილოეთის, გაერთიანებაა. პარტია „ერთიანმა ოსეთმა“, რომლის ლიდერია ანატოლი ბიბილოვი, ხმების 43 პროცენტზე მეტი მიიღო. რა გავლენა შეიძება იქონიოს მოვლენათა ასეთმა განვითარებამ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე, ანალიზსა და შეფასებას საჭიროებს.

რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის ანექსიის ალბათობა სამი მნიშვნელოვანი მოვლენის გამო გაიზარდა. პირველ რიგში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ გააჩინა შეშფოთების ბუნებრივი საფუძველი, რომ შესაძლოა, რუსეთმა მოისურვოს ცხინვალის რეგიონის მიერთება. ეს პირდაპირ კავშირშია დანარჩენ ორ მოვლენასთან: ერთი მხრივ, 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან, ხოლო, მეორე მხრივ, NATO-ს მომავალ, უელსის სამიტთან, რომელიც სექტემბერში უნდა გაიმართოს. ამ ფონზე, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო არჩევნებში იმ პარტიის გამარჯვება, რომლის პროგრამა მაქსიმუმი რუსეთის ფედერაციის ფარგლებში სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებაა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამხრეთ ოსეთში, როგორც მოსახლეობა, ისე ყველა პოლიტიკური ძალა, არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავალს რუსეთთან შეერთებაში ხედავს. შესაბამისად, ეს რეალობა, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან მარტივად იქნეს მანიპულირებული, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდება საქართველოსთვის.

ახალი მმართველი პარტია და მისი პრიორიტეტები

დე-ფაქტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო სულ ცხრა პარტიამ. მათგან შვიდპროცენტიანი ბარიერი გადალახა მხოლოდ ოთხმა: „ერთიანი ოსეთი“ – ხმების 43,19% და 20 მოპოვებული მანდატი; „ხალხის ერთობა“ – ხმების 13,24% და 6 მანდატი; „ხალხის პარტია“ – 9,09% და 4 მანდატი; „ნიხას“ – ხმების 7,47% და 4 მანდატი. [1]შვიდპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს და ახალ პარლამენტში ვერ მოხვდნენ კომუნისტები და პარტია „ერთობა“. კომუნისტური პარტია 90-იან წლებში და 2000-იანების დასაწყისში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა იყო და მისი თავმჯდომარე, წინა მოწვევის პარლამენტის სპიკერი, გამოცდილი პოლიტიკოსი სტანისლავ კოჩიევია. რაც შეეხება „ერთობას“, მას ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ კოკოევი ხელმძღვანელობს და აღსანიშნავია, რომ წინა, 2009 წელს გამართული, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულია 46 პროცენტით. თუმცა რეალობა შეიცვალა და ახლა უკვე „ერთიანი ოსეთი“ უნდა მოექცეს ანალიზის ცენტრში.

არჩევნებში გამარჯვებული პარტია–„ერთიანი ოსეთი“ – 2013 წლის გაზაფხულზე შეიქმნა. მისი თავმჯდომარეა ანატოლი ბიბილოვი, რომელიც 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და დამარცხდა ალა ჯიოევას წინააღმდეგ არჩევნების მეორე ტურში; თუმცა დე-ფაქტო უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა და ჯიოევას განმეორებით არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. შედეგად, 2012 წლის განმეორებითი არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა ლეონიდ თიბილოვმა. [2] ბიბილოვის პარტიის გამარჯვებას ექსპერტები იმ იმედგაცრუებით ხსნიან, რომელიც თიბილოვის პრეზიდენტობის პირველ წლებს მოჰყვა. მოსახლეობა ცვლილებებს ვერ ხედავს და ამის გამო ბიბილოვის კამპანია რუსეთთან შეერთებისა და ორი ოსეთის გაერთიანების შესახებ, ოსების აზრით, არსებული მდგომარეობიდან ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია. პოპულარულია ის მოსაზრება, რომ თუ არ იარსებებს შუალედური რგოლები რუსეთის ხელისუფლებასა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შორის, როგორიცაა დე-ფაქტო ადმინისტრაცია, მმართველობა უფრო ეფექტიანი იქნება და რუსული დახმარებაც უშუალოდ მოსახლეობას მოხმარდება და არ გაუჩინარდება კორუფციულ სქემებში. [3]

„ერთიანი ოსეთის“ საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი სლოგანი იყო „ორი ქვეყანა – ერთი სამშობლო“. პარტიას შემუშავებული აქვს გეგმა „ხუთი ნაბიჯი რუსეთამდე“, რომლის პირველი ნაბიჯი რეფერენდუმის გამართვაა, ხოლო ბოლო- ახალი კონსტიტუციის მიღება, როგორც რუსეთის ფედერაციის სუბიექტი. [4] როგორც ჩანს, რუსეთთან შეერთების იდეა და ამ იდეის გაწერილი გეგმა არჩევნებში გამარჯვების მომტანია, რადგან „ერთიან ოსეთს“ კონკურენტი პარტიებისგან თვალსაჩინოდ ის გამოარჩევდა, რომ ბიბილოვის პარტია ყველაზე აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთთან შეერთებას. თუმცა ერთია, რა სურს სამხრეთ ოსეთს, ხოლო მეორეა ის, თუ რამდენად შედის კრემლის გეგმებში სამხრეთ ოსეთის ანექსია.

დგას თუ არა სამხრეთ ოსეთის ანექსია კრემლის დღის წესრიგში?

BBC World-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრემიერ- მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 11 ივნისს განაცხადა, რომ ყირიმის შედარება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან „დიდი შეცდომაა“ და, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული ამ რეგიონების ანექსიით, თანაც აფხაზეთიცა და სამხრეთ ოსეთიც დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვიან. [5] ამ უკანასკნელი მოსაზრების სიმტკიცეს სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები აყენებს ეჭვქვეშ, ხოლო იმას, თუ რამდენად აპირებს რუსეთი ორი რეგიონის ანექსიას, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გამოეხმაურა და განაცხადა: „მამა ღმერთმა არ იცის, ჩაატარებს თუ არა რუსეთი ანექსიას.“ [6] რა თქმა უნდა, რთულია იმის მტკიცება, გეგმავს თუ არა რუსეთი სამხრეთ ოსეთის ანექსიას ახლო მომავალში, თუმცა ორივე მოსაზრებას მოეძებნება არგუმენტები.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი ყოველთვის დაინტერესებულია სტატუს კვოს შენარჩუნებით. შესაბამისად, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ რუსეთი არ აირჩევს ანექსიის გზას იმ შემთხვევაში, თუ არსებულ მდგომარეობას რაიმე საფრთხე არ დაემუქრება. აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, პრაქტიკულად, არ ქმნის ახალ რეალობას საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში, რადგან ეკონომიკური კავშირები არც თუ ისე მჭიდროა ორ ქვეყანას შორის, როგორც 2006 წლის ეკონომიკურ ემბარგომდე იყო. შესაბამისად, საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა არ აღიქმება საფრთხედ სტატუს კვოსთვის. ამიტომაც რუსეთის რეაქცია, სავარაუდოდ, სატარიფო ან სხვა სახის სავაჭრო ბარიერებით შემოიფარგლება. უფრო მეტი შიშები არსებობდა NATO-ს სექტემბრის სამიტსა და საქართველოს მიერ MAP-ის შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით. თუმცა ეს შიშებიც გააქარწყლა უმაღლესი ოფიციალური პირების განცხადებებმა, რომ საქართველოსთვის MAP-ის გადაცემის საკითხი უელსის სამიტზე განხილვის საგანი არ იქნება.

მეორე მხრივ, კრემლის დამოკიდებულება სამხრეთ ოსეთის შემოერთების საკითხთან მიმართებაში ყოველთვის იყო პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობა: თითქოს, ყველაფერს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა წყვეტდეს. რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ „მფარველობა გაუწიოს“ სამხრეთ ოსეთს და საჭიროების შემთხვევაში, ეს „მფარველობა“, შესაძლოა, ანექსიასაც გულისხმობდეს. თუმცა რუსულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანექსია რუსეთის უახლოეს გეგმებში არ შედის. [7] მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწეს ვლადისლავ სურკოვს ცხინვალში შეხვედრების დროს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე არ უმსჯელია. „რია ნოვოსტის“ წყაროს მიხედვით, რეფერენდუმის „იდეა დაუმუშავებელი და რუსეთთან შეუთანხმებელია“. [8]

მიუხედავად სურკოვის მხრიდან ასეთი დამოკიდებულებისა, ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ აუცილებლად შეასრულებს წინასაარჩევნო დაპირებას და ჩაატარებს რეფერენდუმს, რომელიც გადაწყვეტს სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხს. [9] დაახლოებით მსგავს პოზიციაზეა დე-ფაქტო პრეზიდენტიც, ანატოლი თიბილოვი, რომელმაც ახალი პარლამენტის დამფუძნებელ სხდომაზე რუსეთთან შეერთების საკითხი პრიორიტეტულად გამოაცხადა. [10] თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბიბილოვის თქმით, რეფერენდუმი აუცილებლად გაიმართება, „მაგრამ ამ საკითხში სრულად ფორმირებული, კონსოლიდირებული, მოქმედებაში მოსული პარლამენტი უნდა ჩაერთოს“. [11] შესაბამისად, სავარაუდოა, რომ რეფერენდუმის ჩატარებას გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები დასჭირდება. არ არის გამორიცხული, რომ ეს საკითხი მანიპულაციის საგანი გახდეს რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებში და უფრო მეტად გააქტიურდეს იმ შემთხვევაში, თუ სტატუს კვოს დაემუქრება რაიმე საფრთხე.

დასკვნა

საქართველომ, ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის, ევროკავშირმა და NATO-მ, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს. NATO-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, „[სამხრეთ ოსეთის] არჩევნები ხელს არ უწყობს საქართველოში შექმნილი ვითარების მშვიდობიან დარეგულირებას.“ [12] საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „არ ცნობს იმ საკონსტიტუციო და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ეს არჩევნები გაიმართა“. [13] საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი 9 ივნისს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები არის „უკანონო აქტი“, რომელიც „წარმოადგენს დემოკრატიული მმართველობის მოჩვენებითი ელემენტებით ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდის დაფარვის მორიგ წარუმატებელ მცდელობას“. [14] მეორე მხრივ, რუსეთი მიესალმა სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ „თავისუფალ“ და „დემოკრატიულ“ არჩევნებს და მას „წარმატებულ ნაბიჯად“ მოიხსენიებს. [15]

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნებისა და, განსაკუთრებით, პარტია „ერთიანი ოსეთის“ გამარჯვების „მთავარი მესიჯი“ არის ის, რომ სამხრეთ ოსეთმა რუსეთთან ინტეგრაცია ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად უნდა აქციოს. [16] ეს კი იმის წინაპირობას წარმოადგენს, რომ რუსეთმა უფრო მარტივად შეძლოს ჯერ რეფერენდუმის საკითხით მანიპულირება, ხოლო, თუ საჭირო გახდება, ანექსიით მანიპულირებაც. სადამდე მივა ეს ყველაფერი, ძნელი სათქმელია. პრემიერი ღარიბაშვილი, მართალია, რომ არ ღირს ამ მდგომარეობის რიტორიკით გაუარესება, [17] თუმცა, ალბათ, არც ანექსიის აბსოლუტური გამორიცხვა უნდა იყოს ოპტიმალური მიდგომა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში სამხრეთ ოსეთის როლის ანალიზისას.

რუსეთთან შეერთების სურვილი, თავის მხრივ, იდეაფიქსი არ არის და კონკრეტული მიზეზებით არის განპირობებული. პრობლემები, რომელიც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას აწუხებს, ყოველდღიურ ხასიათს ატარებს და მოიცავს კორუფციას; ასევე: რესურსების გადანაწილების პრობლემა, კლანური მმართველობა და მთლიანობაში მმართველობის არაეფექტურობა. შესაბამისად, იმის გამო, რომ დე-ფაქტო ცხინვალს ამ პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობა არ შესწევს, არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსავალს პოლიტიკური ელიტაც და მოსახლეობაც რუსეთთან შეერთებაში და ხელისუფლების ცენტრალიზაციაში ხედავს. ამგვარად, შესაძლებელი გახდება კლანების ჩართულობის შეზღუდვა პოლიტიკურ პროცესებში. თუმცა ეს, შეიძლება ითქვას, რეალობის მიამიტური აღქმაა, რადგან არსებობს მსგავსი გამოცდილება ჩრდილოეთ კავკასიაში. მაგალითად, დაღესტანში ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლამდე არსებობდა ტრადიციულ ინსტიტუტებზე დაფუძნებული დემოკრატიული პროცესები. ამ პროცესს საკუთარი პრობლემები ჰქონდა (მაგალითად, არსებობდა ე.წ. ეთნოპარტიული სისტემა [18]), მაგრამ დემოკრატიული ჩანასახი სახეზე იყო. თუმცა მოსახლეობაში იყო ხელისუფლების ცენტრალიზაციის სურვილი მმართველობის არაეფექტურობის გამო, რაც მოხდა კიდეც პუტინის მმართველობის პირობებში. მიუხედავად ამისა, არც კორუფცია გაქრა ყოველდღიურობიდან და არც კლანები – არაეფექტურობის პრობლემა არ აღმოფხვრილა. უფრო მეტიც, დაღესტანმა მიიღო ორი ძირითადი უკუშედეგი: პირველი, კრემლის მიერ დანიშნული ხელისუფალის ხელში ძალაუფლების ცენტრალიზაციამ მოკლა დემოკრატიის ჩანასახოვანი ფორმები; და მეორე, შეიქმნა რეპრესიული სისტემა, რომელიც ყველაფერს აკეთებს პოლიტიკური ოპოზიციის გასანადგურებლად. შესაბამისად, რუსეთის პოლიტიკურ სამოთხედ წარმოჩენა, რომელსაც უნარიც შესწევს და სურვილიც აქვს, რომ სამხრეთ ოსეთის პრობლემები მოაგვაროს, რა თქმა უნდა, შეცდომაა. აღნიშნულ შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთება, სავარაუდოდ, მოკლავს დემოკრატიული მმართველობის განვითარების შესაძლებლობას რეგიონში და გამოიწვევს იმედგაცრუებას ადგილობრივ მოსახლეობაში, რადგან მათი პრობლემები მათივე ყოველდღიურობიდან არ გაქრება. გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთი დაკარგავს შანსს, გავლენა მოხდინოს საკუთარ მომავალზე ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებში, რადგან ეს მოლაპარაკებები გადაინაცვლებს ქართულ-რუსული ურთიერთობების ფორმატში, რაც წინააღმდეგობაში მოვა ქართულ-ოსური კონფლიქტის ოსურ აღქმასთან, სადაც სამხრეთ ოსეთი არის კონფლიქტის მხარე და გაამყარებს ქართული მხარის არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ კონფლიქტის მხარეები არიან საქართველო და რუსეთი.

________________________________________________________________________

[1] http://civil.ge/geo/article.php?id=28302

[2] http://en.ria.ru/world/20120409/172697942.html

[3] http://blogs.voanews.com/russian/new-eurasia/2014/06/12/%D1%8E%D0%B6%D0%BD%D0%B0%D1%8F-%D0%BE%D1%81%D0%B5%D1%82%D0%B8%D1%8F-%D1%88%D0%B0%D0%B3-%D0%BA-%D0%BE%D0%B1%D1%8A%D0%B5%D0%B4%D0%B8%D0%BD%D0%B5%D0%BD%D0%B8%D1%8E-%D0%B8%D0%BB%D0%B8-%D0%BF%D0%BE%D0%BB/

[4] http://blogs.voanews.com/russian/new-eurasia/2014/06/12/%D1%8E%D0%B6%D0%BD%D0%B0%D1%8F-%D0%BE%D1%81%D0%B5%D1%82%D0%B8%D1%8F-%D1%88%D0%B0%D0%B3-%D0%BA-%D0%BE%D0%B1%D1%8A%D0%B5%D0%B4%D0%B8%D0%BD%D0%B5%D0%BD%D0%B8%D1%8E-%D0%B8%D0%BB%D0%B8-%D0%BF%D0%BE%D0%BB/

[5] http://government.gov.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=387&info_id=42838

[6] http://www.interpressnews.ge/ge/politika/285920-irakli-alasania-mama-ghmerthma-ar-icis-chaatarebs-thu-ara-rusethi-aneqsias.html?ar=A

[7] http://www.civil.ge/geo/article.php?id=28384

[8] http://www.civil.ge/geo/article.php?id=28384

[9] http://civil.ge/geo/article.php?id=28383

[10] http://civil.ge/geo/article.php?id=28383

[11] http://civil.ge/geo/article.php?id=28383

[12] http://www.liberali.ge/ge/liberali/news/118903/

[13] http://civil.ge/geo/article.php?id=28302

[14] http://civil.ge/geo/article.php?id=28302

[15] http://civil.ge/geo/article.php?id=28302

[16] http://www.netgazeti.ge/GE/105/opinion/33248/.htm

[17] http://civil.ge/geo/article.php?id=28320

[18] იხილეთ: Ware, R. B. and E. Kisriev, 2009.Dagestan: Russian Hegemony and Islamic Resistance in the North Caucasus, M.E. Sharpe: New York.

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *