3 თებერვალს 19 სთ-ზე ფაბრიკაში Impact Hub Tbilisi-ში კავკასიური სახლისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert”-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში ჩატარდა ალექსანდრე კვატაშიძის ფილმ „ჩეჩნეთის გზაჯვარედინის“ ჩვენება.
„ჩეჩნეთის გზაჯვარედინი“ ალექსანდრე კვატაშიძის ფილმია, რომელზეც რეჟისორი 15 წლის მანძილზე მუშაობდა. ის 22 წლის ასაკში ფოტოგრაფად წავიდა ჩეჩნეთის ომში. ფილმის შექმნის იდეა, ჯერ კიდევ 2000 წელს გაჩნდა, მას შემდეგ რაც იტალიელი ომის ჟურნალისტი ანტონიო რუსო საქართველოში მოკლეს. ფილმში ასახულია ომის 6 ჟურნალისტის ისტორია, რომლებიც ფილმის ავტორმა ჩეჩნეთში ნახა; თითოეული მათგანი ყვება საკუთარ მიზეზებს, თუ რატომ აირჩიეს ჩეჩნეთის ომი გადასაღებად. მათი ისტორიები პროფესიულ წარმატებას, ამბიციურ მიზნებს, მკვლელობას და თვითმკვლელობას ასახავს.
ალექსანდრე კვატაშიძე დაიბადა 1977 წლის 28 იანვარს, თბილისში. 1996 წელს დაამთავრა ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი, მოქანდაკის სპეციალობით; 2001 წელს – თსუ-ს ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 2005-2006 წლებში სწავლობდა კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე. 2008 წლიდან მუშაობს როგორც რეჟისორი, ოპერატორი და პროდიუსერი სხვადასხვა, ძირითადად დოკუმენტური პროექტებისთვის.