• პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

Subscribe to Updates

Get the latest creative news from FooBar about art, design and business.

Facebook Twitter Instagram
Regional DialogueRegional Dialogue
Facebook Twitter Instagram YouTube
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Regional DialogueRegional Dialogue
Home » 2016 წელი ქართულ-რუსულ ურთიერთობებში და სამომავლო პერსპექტივები
ანალიტიკა

2016 წელი ქართულ-რუსულ ურთიერთობებში და სამომავლო პერსპექტივები

17.02.201713 წუთის საკითხავი
გაზიარება
Facebook Twitter LinkedIn Email

ანა დვალი; მარიამ გაჩეჩილაძე
„კავკასიური სახლი“

 

შესავალი

2016 წელი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში სტაბილური იყო. 2012 წელს დაწყებული „ნორმალიცაზიის პოლიტიკა“ მეტ-ნაკლები დინამიკით მაინც გრძელდება, რაც ორ ქვეყანას შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე, ვაჭრობის, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობას მოიცავს. გასულ წელს, ტრადიციული ჟენევის მოლაპარაკებებისა და აბაშიძე-კარასინის შეხვედრების გარდა, ქართულ-რუსულ ურთიერთობებში რეზონანსულ თემებს წარმოადგენდა: საქართველოს მოლაპარაკებები „გაზპრომთან“, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება და რუსული “რბილი ძალის” გარშემო დისკუსიები. დღეს არსებული ვითარებით, 2017 წელს საქართველო-რუსეთს შორის რაიმე რადიკალური ცვლილებების მოლოდინი ვერ გვექნება, თუმცა მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ცვალებადობა სულ უფრო არაპროგნოზირებადს ხდის პოლიტიკურ გარემოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

 

ჟენევის მოლაპარაკებები

gieneva2016 წელს ჟენევის დისკუსიების ფორმატში 4 შეხვედრა გაიმართა. გასულ წელს ჩატარებულ რაუნდებს შორის შეიძლება გამოიყოს 23 მარტს გამართული შეხვედრა (35-ე რაუნდი), რომელზეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.  მხარეები შეთანხმდნენ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის თაობაზე, რაც ცალსახად პოზიტიური მოვლენაა. მაშინ როდესაც ცხინვალის რეგიონის მიმართულებით აღნიშნული მექანიზმი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, აფხაზეთის მიმართულებით შეხვედრები 2012 წლის აპრილიდან შეწყდა იმ მიზეზით, რომ აფხაზური მხარისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მაშინდელი ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩი მიუღებელი იყო. მექანიზმის აღდგენა საშუალებას იძლევა, მხარეებმა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობები, ჰუმანიტარული და პრაქტიკული საკითხები განიხილონ.

კიდევ ერთი საკითხი, რაც 2016 წლის ჟენევის დისკუსიების ოთხივე რაუნდზე განიხილებოდა – 19 მაისს აფხაზი ე.წ მესაზღვრეების მიერ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი იყო. აფხაზეთის სამხედრო სასამართლომ, საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს, რაშიდ კანჯი ოღლის, შინაპატიმრობა შეუფარდა. ქართული მხარე აფხაზი წარმომადგენლებისგან საქმის გამოძიებასა და დამნაშავის დასჯას ითხოვს. სავარაუდოდ, 2017 წლისთვის ეს თემა არ დაკარგავს აქტუალობას, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, აფხაზური მხარე საქართველოსთან დათმობაზე წამოვიდეს.

სხვა საკითხები, რაც გასულ წელს გამართული დისკუსიებისას ქართულმა მხარემ დააყენა, იყო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესი და სამხედრო წვრთნები; შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან მოსახლეობის დაკავებების ფაქტები და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის მიერ საკუთარ მიწასთან წვდომის პრობლემა; გალის რაიონში მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვა.

სამომავლოდ ძირითად პრობლემურ თემად კვლავ დარჩება ძალის არგამოყენების ხელშეკრულება. ძალის არგამოყენების შესახებ მონაწილეთა ერთობლივი განცხადების პროექტი ქართულმა მხარემ 2016 წლის დისკუსიებზეც დააყენა. თუმცა ამ ინიციატივაზე რუსულმა, აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა უარი განაცხადეს.

განსაკუთრებით მტკივნეული თემაა ლტოლვილთა და დევნილთა დაბრუნების საკითხი, რომელზე დისკუსიის დროსაც, რუსეთის, აფხაზეთისა და ოსეთის წარმომადგენელები ტრადიციულად დარბაზს ტოვებენ. რუსეთისთვის მიუღებელია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თბილისის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირებზე ყოველწლიური რეზოლუცია, რომელიც, ლავროვის თქმით, ხელს უშლის ჟენევის დისკუსიების ფორმატში ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტას.

ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი უკვე ცხრა წელია, პოლიტიკური გარღვევის გარეშე მიმდინარეობს და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ 2017 წელს რაიმე მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდეს. მხარეების მიდგომები მოლაპარაკებებში წინასწარ არის დეტერმინირებული და ეს მდგომარეობა წლებია, უცვლელია. კერძოდ, აფხაზური მხარისთვის ამ მოლაპარაკებებში ნებისმიერი საკითხის დაკავშირება ხდება საკუთარი სუვერენიტეტისა და სტატუსის აღიარების პრობლემასთან, ქართული მხარის შემთხვევაში კი წინა პლანზე გამოდის ტერიტორიულ მთლიანობაზე აპელირება და არაღიარების პოლიტიკა. ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს რუსეთის პოზიცია, რომელიც თავის პასუხისმგებლობას არსებულ კონფლიქტში არ აღიარებს და პოზიციონირებს, როგორც ნეიტრალური მოთამაშე. მხარეებს შორის დიამეტრულად განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, ესაა ერთადერთი მრავალმხრივი ფორმატი და სტაბილური კომუნიკაციის საშუალება, რომლის საჭიროებაც სამომავლოდ შესაძლოა, უფრო მეტად გამოვლინდეს რეგიონში ცვალებადი პოლიტიკური ვითარების ფონზე.

 

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი

karasiniგასულ წელს აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატის ფარგლებში სამი შეხვედრა გაიმართა, რომელთა დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა, ტრადიციულად განსახილველ საკითხებთან ერთად, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების განთავისუფლება იყო. ივნისში საქართველოს ოთხი მოქალაქე გაათავისუფლეს, რომლებიც სასჯელს რუსეთში იხდიდნენ. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის იანვარში საქართველოს მიერ განთავისუფლებულ 190 პოლიტიკურ პატიმარს შორის, იყო რამდენიმე პირი, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის იყვნენ გასამართლებულნი, მათ შორის რუსეთის სამი მოქალაქე. მაშინ მოსკოვი მიესალმა თავისი მოქალაქეების განთავისუფლებას. აღნიშნული ნაბიჯის საპასუხოდ დაიწყო მოლაპარაკებები რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქართველი მოქალაქეების განთავისუფლების თაობაზე. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, 2014 წლიდან დღემდე, სულ საქართველოს შვიდი მოქალაქე გამოუშვეს რუსეთის საპატიმროებიდან.

ასევე, შეხვედრაზე უსაფრთოხებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხებიც იქნა განხილული. კერძოდ, მხარეები გიგა ოთხოზორიას მკვლელობასაც შეეხნენ. აბაშიძის შეფასებით, მკვლელობაზე პასუხისმგებელი, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ერთად, რუსეთის მხარეცაა.

კიდევ ერთი საკითხის განხილვა, რაც ბოლო შეხვედრის დროს დაანონსდა, იყო რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი.

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი ხშირად არის შიდა დისკუსიის საგანი. ოპოზიცია ხელისუფლებას რუსეთთან დათმობებზე წასვლაში ადანაშაულებს. ნაწილი კი აღნიშნული ფორმატის აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან ეს ფორმატი ვერ გადაწყვეტს საქართველოსთვის ყველაზე მნიშნვნელოვან – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფორმატი არ ითვალისწინებს კონფლიქტებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემების განხილვას, ვინაიდან აღნიშნული თემები ჟენევის დისკუსიის ფორმატში განიხილება. იმ ფონზე, როცა შეხვედრების წინ ხშირია მწვავე თემების გააქტიურება, როგორიცაა ადამიანების დაკავება, ბორდერიზაციის პროცესის განახლება და სხვა. აქ მნიშვნელოვანი დილემა წარმოიქმნება – უნდა აარიდონ თუ არა თავი შეხვედრის მონაწილეებმა უსაფრთხოებისა და პოლიტიკური საკითხების განხილვას.

ფორმატი, უკვე ხუთი წელია, არსებობს და გარკვეული წარმატებები იქნა მიღწეული სავაჭრო-ჰუმანიტარულ და სატრანსპორტო სფეროში. ფორმატის მოწინააღმდეგეების მიზანი უფრო პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა და საჯარო დისკურზე გავლენის მოხდენაა, ვიდრე შინაარსობრივი კრიტიკა, ვინაიდან ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს მხრიდან არ მომხდარა რაიმე პრინციპულ საკითხზე დათმობა, როგორც ამაზე ხშირად პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები მიუთითებდნენ. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, აღნიშნული ფორმატი მნიშვნელოვანი პლატფორმაა იმ სფეროებში თანამშრომლობისთვის, სადაც ორი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.

სავიზო რეჟიმის გამარტივება

საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივება რეგულარულად განიხილებოდა აბაშიძესა და კარასინს შორის მოლაპარაკებებზე. მოსკოვის უცვლელი პოზიციაა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება ნაკლებად შესაძლებელია, ვიდრე არ აღდგება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები.

ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში, ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე ვლადიმერ პუტინმა უპასუხა, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს. მალევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნორმალიზაციის პოლიტიკის მომდევნო ნაბიჯი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივება იქნება და სამომავლოდ  უვიზო მიმოსვლის შემოღებას არ გამორიცხავს.

2016 წელს, მართლაც, მოხდა რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივება – თუკი აქამდე ვიზები გაიცემოდა რუსული ორგანიზაციისგან ახლო ნათესავის მოწვევის საფუძველზე, დღეს კერძო ხასიათის ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებელია რუსეთის მოქალაქის მოწვევის საფუძველზე ნათესაური კავშირების მიუხედავად.

სავიზო რეჟიმის სრულ გაუქმებასთან დაკავშირებით კარასინი თავის განცხადებებში პარალელებს ავლებს საქართველოს ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე, რომელიც უწყებებს შორის სკურპულოზურ სამუშაოს და მჭიდრო სახელმწიფოთაშორის ურთიერთქმედებას მოიცავდა. დღეს არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით კი ძნელი წარმოსადგენია, თბილისმა მოსკოვთან იმავე რეჟიმში იმუშაოს, როგორც ევროკავშირთან, რაც კარასინის განცხადებით, „თბილისის მიერ ბრიუსელისადმი რეგულარული ანგარიშების გაგზავნას“ გულისხმობდა.

როგორც ჩანს, სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი კვლავ დარჩება საქართველოზე ზეწოლის იარაღად, რათა რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებას დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობა შეახსენოს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს კი არაერთხელ განუცხადებიათ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა პრინციპული საკითხია და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება – მაშინ, როცა არსებობს საელჩოები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რუსეთის საელჩოს გახსნა თბილისში ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ირიბი აღიარება იქნებოდა. ამ ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა, სავიზო რეჟიმი მომავალში კიდევ უფრო გამარტივდეს, მაგრამ მისი სრული გაუქმება მოკლევადიან პერსპექტივაში ნაკლებად სავარაუდოა.

 

მოლაპარაკებები „გაზპრომთან“

გასული 2016 წლის ერთ-ერთი რეზონანსული თემა იყო საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებები გაზმომარაგების თაობაზე, ერთი მხრივ,  რუსულ კომპანია „გაზპრომთან“, ხოლო, მეორე მხრივ, აზერბაიჯანულ კომპანია „სოკართან“. მომწოდებლებთან გაზის იმპორტსა და ტრანზიტზე პერიოდული მოლაპარაკებები ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენს, თუმცა ჯერ კიდევ 2015 წლის გაზაფხულიდან აღნიშნულმა პროცესმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია პოლიტიკურ პარტიათა, მედიასა თუ სამოქალაქო დონეზე. ეს დაძაბულობა საკითხის ირგვლივ დღემდე ნარჩუნდება.

2007 წლიდან დღემდე საქართველოსთვის გაზის ძირითადი მომწოდებელი „სოკარია”. ყოველწლიურად საქართველოს მიერ მოხმარებული გაზის დაახლოებით 87%, სწორედ, აზერბაიჯანზე მოდის. საქართველო 2003 წლიდან 2016 წლამდე იღებდა გაზს გაზპრომიდან ბარტერული სისტემით – რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით საქართველოზე გამავალი გაზის მოცულობის 10%-ს. გასული წლის მანძილზე გაზპრომთან მოლაპარაკებების მთავარი თემა, რომელზეც კონსენსუსის მიღწევა მხარეთა შორის გაჭიანურდა, დასახელებული 10%-ის მონეტიზაციას ეხებოდა. ამ მოთხოვნას რუსეთი თავდაპირველად არ აჟღერებდა. მოლაპარაკებები, აგრეთვე, მოიცავდა გაზპრომისგან დამატებითი მოცულობის გაზის შესყიდვის შემთხვევაში ფასის განსაზღვრას, ვინაიდან, ქართული მხარის პოზიციით, საქართველოში გაზზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო აზერბაიჯანი ზამთრის პიკური მოხმარების დროს თავად განიცდის გაზის დეფიციტს.

საბოლოოდ 2017 წლის იანვარში გაზპრომთან დაიდო შეთანხმება, რომელიც არ საჯაროვდება, თუმცა ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, რუსული გაზის ტრანზიტის საფასურის მონეტიზაცია მოხდება ეტაპობრივად და 2019 წელს ნედლეულით ანაზღაურება სრულად ჩანაცვლდება ფულადი ანაზღაურებით.

დღეს, როდესაც ხელშეკრულება როგორც „გაზპრომთან“, ისე „სოკართან“ გაფორმებულია, საინტერესოა თემის ანალიზი ორი ძირითადი პერსპექტივიდან – რა ლოგიკას მისდევდა საქართველოს ხელისუფლება კომპანიებთან პარალელურ რეჟიმში მოლაპარაკებებისას და რამდენად საფუძვლიანია ოპოზიციურ ძალთა კრიტიკა აღნიშნულ ხელშეკრულებასთან  მიმართებაში.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო „სოკარისგან“ მეტი მოცულობის გაზის მიღების გარანტია და რუსეთთან 2003 წლიდან მოქმედი ბარტერული სისტემის შენარჩუნება. პირველ  შემთხვევაში „სოკართან“ მიღწეულ იქნა დამატებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება შაჰდენიზის პირველი ფაზის ხარჯზე, სანამ 2019 წლიდან არ ამოქმედდება შაჰდენიზის მეორე ფაზა. თუ ამ შეთანხმების მიღწევამდე განვითარებულ პროცესს დავაკვირდებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს შედეგი ქართულმა მხარემ „სოკართან“ ვაჭრობაში გარკვეული ტიპის პოზიციონირების შედეგად მიაღწია, როდესაც საქართველომ აქტიურად დაიწყო საუბარი დეფიციტის შემთხვევაში ბაზარზე „გაზპრომის“ შემოშვების თაობაზე. „სოკარისგან“ დამატებითი მოცულობის გაზის წამოსვლით საქართველოს დღის წესრიგიდან მოიხსნა რუსული გაზის შესყიდვის აუცილებლობა მოკლევადიან პერსპექტივაში, რაც წარმოადგენდა ოპოზიციის განგაშის საფუძველს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს „გაზპრომთან“, საქართველო იძულებული გახდა, წასულიყო დათმობაზე. რუსეთის  პოზიციას ზურგს უმაგრებდა ორი ძირითადი არგუმენტი: 1. საფასურის მონეტარული ფორმით გადახდა ტრანზიტის ინდუსტრიაში წარმოადგენს საერთაშორისო პრაქტიკას, ხოლო ნედლეულით ანაზღაურება – ესაა ეკონომიკური ურთიერობის არქაული ფორმა და ერთობ წამგებიანი მომწოდებელი მხარისთვის. 2. გაზპრომს არაერთხელ გაუსვამს ხაზი სომხეთში გაზის ირანის გავლით მიწოდების შესაძლებლობაზე, რომლის ინფრასტრუქტურა დროთა განმავლობაში უმჯობესდება. შესაბამისად, ქართული მხარის მტკიცებით, დათმობაზე წასვლა გარდაუვალი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულების დეტალები და ტრანზიტის საფასურის ოდენობა არ არის ცნობილი, ხარჯთეფექტურობის ზუსტი ანალიზის გაკეთება ძნელია. ცხადია, რომ მონეტიზაციის შემდეგ საქართველო ვერ შეძლებს იმავე ოდენობის გაზის შესყიდვას, რასაც რუსეთისგან ძველი სისტემით იღებდა. თუმცა ხელშეკრულების ახალი პირობები (მონეტიზაცია) არ გულისხმობს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გაზრდას ან შემცირებას. ვინაიდან ხელშეკრულება არ არის საჯარო, იგი ბევრ კითხვას აჩენს და არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური დისკუსიის საგნად რჩება.

რაც შეეხება სამომავლო ტენდენციებს, იქიდან გამომდინარე, რომ 2018 წელს საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება, გაზის ექსპორტზე მოთხოვნაც კიდევ უფრო მოიმატებს, შესაბამისად, მოსალოდნელია შესყიდვასთან დაკავშირებული დისკუსიების კიდევ უფრო გააქტიურება. ამას ხელს უწყობს ის მოცემულობაც, რომ აზერბაიჯანი თავად სულ უფრო დეფიციტური ხდება გაზის მარაგის მხრივ, ხოლო რუსეთს გაზის პროფიციტი გააჩნია. 2019 წელს შაჰდენიზის მეორე ფაზის ამოქმედება აგრეთვე გააჩენს ახალ რეალობებსა და გამოწვევებს საქართველო-აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ჩამოყალიბებულ სავაჭრო სამკუთხედში. თუ სამომავლოდ საქართველოს მთავრობა არ უზრუნველყოფს მოლაპარაკებების პროცესისა და გადაწყვეტილების მიღების მეტ გამჭვირვალობას, მოსალოდნელი იქნება კიდევ უფრო დიდი განხეთქილება როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო დონეზე.

ვაჭრობა და ეკონომიკა

გასული წლის დასაწყისში, თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, საქართველოში ექსპერტების უმეტესობა შიშობდა, რომ ეს ცუდად აისახებოდა საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სანქციების ომი რუსეთსა და თურქეთში გააუარესებდა ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც მკვეთრად აისახებოდა ამ ქვეყნების საგადამხდელო ბალანსზე და შესაბამისად იმოქმედებდა ადგილობრივი ვალუტების, რუბლისა და ლირის გაცვლით კურსებზე. გარდა ამისა, შემცირდებოდა საგარეო გზავნილების რიცხვი, სადაც რაოდენობის მხრივ რუსეთის წილს წლების მანძილზე სტაბილური პირველი ადგილი უჭირავს, ხოლო თურქეთი პირველ ხუთეულში შედის.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების ანალიზში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული ტენდენციების დანახვა. ფულადმა გზავნილებმა რუსეთიდან, როგორც მოსალოდნელი იყო, კიდევ უფრო იკლო, 2016 წლის 9 თვის მონაცემები 2015 წლის 9 თვის მონაცემებთან შედარებით 12.3%-ით შემცირდა. ეს ტენდენცია 2014 წლიდან დაიწყო, თუმცა სამომავლოდ გზავნილების ოდენობის კლება ან მატება დამოკიდებული იქნება ნავთობზე ფასის ზრდასა და რუბლის გამყარების ფაქტორზე.

2016 წლის წინასწარი მონაცემებით საქართველოსთვის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა შორის მესამე ადგილი დაიკავა რუსეთმა, მთლიანი სავაჭრო ბრუნვის – 7.4% სწორედ მასზე მოდის, ხოლო ექსპორტის მიხედვით რუსეთი პირველ ადგილს იკავებს, ვინაიდან საქართველომ გასულ წელს მთელი ექსპორტის 9.8%, სწორედ რუსეთში განახორციელა, რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით2.4%-ით მეტია. რუსეთი საქართველოს ნომერ მეოთხე იმპორტიორი ქვეყანაა კანადის, თურქეთისა და ირლანდიის შემდეგ.

რაც შეეხება ტურიზმს, 2016 წელს რუსეთიდან დიდი ტურისტული ნაკადების მოლოდინის მიუხედავად, ბოლო 10 თვის მონაცემებით (920 144) საქართველო თითქმის იმავე ოდენობის ადამიანმა მოინახულა, რამდენიც გასული 2015 წლის მანძილზე(926 144).

ერთ-ერთი საკითხი, რაც შესაძლოა, 2017 წელს კვლავ გახდეს აქტუალური -ესაა საქართველო-რუსეთს შორის ლარსის გამშვები პუნქტის ფუნქციონირება. დარიალის ხეობაში სულ უფრო გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები ხელს უშლის თავისუფალ სატრანზიტო  მიმოსვლას, რაც ყველაზე მეტ დისკომფორტს სომხეთიდან რუსეთისკენ და პირიქით მიმავალ ტვირთებსა და მგზავრებს უქმნის. ამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება ამ ნაკადის  როკის გვირაბისკენ მიმართვით, რაზეც კარასინსა და აბაშიძეს შორის 2017 წლის თებერვალში გამართულ მოლაპარაკებებზე აქტიური მსჯელობა დაიწყო. კერძოდ, ქართულ და რუსულ მხარეს შორის 2011 წელს დადებული ხელშეკრულებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით გაიხსნებოდა სატრანზიტო დერეფნები სოჭიდან – ზუგდიდამდე და ჩრდილოეთ ოსეთიდან – გორამდე. ხელშეკრულების სანაცვლოდ ქართულმა მხარემ 2011 წელს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე ვეტო მოხსნა. საბაჟო პუნქტების ფუნქციონირება შვეიცარიულ მხარეს ეკისრება. მარტის ბოლოს ამ საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილია ქართული და რუსული მხარეების შეხვედრა შვეიცარიულ კომპანია  SGS-თან.

ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მოჰყვეს საპარლამენტო ოპოზიციისგან, ვინაიდან სწორედ მათი ხელისუფლების დროს მოხდა ხსენებული ხელშეკრულების გაფორმება.

ხელშეკრულების ამოქმედება საქართველოსთვის მომგებიანია ორი მიმართულებით: 1. საქართველოს, როგოც სატრანზიტო ქვეყნის როლი, კავკასიაში მატულობს, რასაც შესაბამისი დადებითი ეკონომიკური ეფექტიც მოჰყვება. 2. სავაჭრო დერეფნები მეტი ეკონომიკური ინტერაქციის შესაძლებლობას იძლევა კონფლიქტურ რეგიონებთან, რაც  გრძელვადიან პერსპექტივაში დადებით შედეგს მოგვიტანს ეთნიკური კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის მიმართულებით.

რუსული რბილი ძალის აქტუალობა

რუსული რბილი ძალის თემა განსაკუთრებით გააქტიურდა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ, ვინაიდან, ტრადიციულად, ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში დისკრედიტაციის ერთ-ერთ ნაცად ხერხს ოპონენტის რუსეთთან კავშირში მხილება   წარმოადგენს.

თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, პირველად წინასაარჩევნო კამპანიის დროს, გამოჩნდნენ გაცხადებულად პრორუსული პარტიები – ლადო ბედუკაძისა და თემურ ხაჩიშვილის პარტია „ცენტრისტების“ და საარჩევნო ბლოკი გოგი თოფაძის „მრეწველებსა“ და ზვიად ჩიტიშვილის (რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი) პარტია „ჩვენი სამშობლოს“ სახით. „ცენტრისტების“ წინასაარჩევნო დაპირებები ეხებოდა რუსული პენსიების გაცემას, ორმაგი მოქალაქეობის კანონის მიღებას და რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას. რაც შეეხება თოფაძისა და ჩიტიშვილის წინასაარჩევნო დაპირებას, ის მოიცავდა რუსული პასპორტების დარიგებას საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც სურთ ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეთ. დღეს  ამგვარი ძალების გამოჩენას, ჩვეულებრივ, რუსული რბილი ძალის გააქტიურებას უკავშირებენ, თუმცა მსგავსი ჯგუფების მიერ საკუთარი თავის რუსულ ძალებთან ასოცირება არათუ აძლიერებს, არამედ უფრო მეტად მარგინალურს ხდის პრორუსულ განწყობებს ქვეყანაში.

ბუნებრივია, რუსეთი დაინტერესებულია, საქართველოში არსებობდეს მის მიმართ ლოიალური პოლიტიკური კლასი და საზოგადოებრივი განწყობები, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთს საკმარისი არც მატერიალური და არც იდეური რესურსი გააჩნია, რათა აწარმოოს დასავლეთის ალტერნატიული და კონკურენტული „რბილი ძალის“ პოლიტიკა. მართალია, რუსეთში დღეს მოქმედ პოლიტიკურ ელიტას ქვეყნის შიგნით საკმაო მხარდაჭერა გააჩნია, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათ შორის პოსტ-საბჭოთა სივრცეში, უჭირს საკუთარი პოლიტიკის ლეგიტიმაცია და პრესტიჟის უზრუნველყოფა. რუსეთი ვერ სთავაზობს განვითარების იმ მოდელს, რომელიც მიმზიდველი იქნებოდა მეზობელი ქვეყნებისთვის.

 

ქართულ-რუსული ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივები ლოკალური და გლობალური პროცესების ფონზე

ქართულ-რუსული დაძაბულობის კულმინაციიდან (2008 წლის აგვისტო) ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დღემდე სტაბილურად მძიმეა. 2012 წელს დაწყებული ნორმალიზაციის პოლიტიკა მდორედ მიედინება და, დღევანდელი გადმოსახედიდან, ამ პოლიტიკის მინიმალური შედეგები ასე თუ ისე მიღწეულია.

საინტერესო იქნებოდა ქართულ-რუსული სამომავლო ურთიერთობების ქვეყნის შიდა ლოკალური პროცესებისა და გლობალური პოლიტიკის ცვლილებების ფონზე გააზრება.

საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად კონსტიტუციური უმრავლესობა აქვს პარტიას, რომელიც თავის დროზე ნორმალიზაციის პოლიტიკის უმთავრესი ინიციატორი იყო. ის ძალა, რომელიც აღნიშნულ პოლიტიკას სკეპტიკურად უყურებდა ან საერთოდ არ ეთანხმებოდა, კერძოდ – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, დღეს ფრაგმენტაციას განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ რჩება საპარლამენტო ოპოზიციად, მოძრაობის შიგნით დაპირისპირებული მხარეების მიერ ერთმანეთის მარგინალიზება, მათ, როგორც პოლიტიკური პარტიის პოზიციებს და ისედაც შერყეულ პრესტიჟს, კიდევ უფრო ასუსტებს. შესაბამისად, ანტირუსული პოლიტიკაც, რომლის ნიშაც „ნაციონალურ მოძრაობას“ წლების განმავლობაში ეკავა, სავარაუდოდ, საზოგადოებაზე გავლენას დაკარგავს. „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო წლების მანძილზე საქართველოს მოსახლეობას გამუდმებით აფრთხილებდა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში შეიცვლებოდა საქართველოს სტრატეგიული არჩევანი – პროდასავლური კურსი და მოხდებოდა ქვეყნის „რუსულ ორბიტაზე“ დაბრუნება. გასულმა წლებმა აჩვენა, რომ ამ შიშებს მყარი საფუძველი არ გააჩნია. 2012 წლიდან დაწყებული რუსეთთან ნორმალიზაციის პოლიტიკა საქართველოსთვის სტრატეგიული პოლიტიკური დათმობების ხარჯზე არ წარმოებულა. დღეს დისკუსიებს, საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, აქტუალობის ვადა ეწურება. თუმცა სავარაუდოდ ნაციონალური მოძრაობისა, თუ მისი განაყოფების მხრიდან აგრესიული ანტირუსული რიტორიკა კვლავ შენარჩუნდება.

საინტერესო პროცესების მომსწრენი გავხდით გლობალური ცვლილებების გათვალისწინებით. დონალდ ტრამპის გამარჯვება, ბრექსიტი და ულტრა მემარჯვენე, კონსერვატიული პარტიების პოპულარობის ზრდა ევროპაში შეიძლება, ჩაითვალოს „ერთიანი დასავლეთის“ იდეის რღვევის დასაწყისად. პოსტ-საბჭოთა სივრცეში და, განსაკუთრებით საქართველოში, ლიბერალური სამყაროს აღქმა ყოველთვის ხდებოდა „ერთიანი დემოკრატიული დასავლეთის“ ქოლგის ქვეშ და საქართველოს საგარეო პოლიტიკა თუ შიდა პოლიტიკური დისკურსი ყოველთვის განსაზღვრული იყო პროდასავლური/პრორუსულის დიქოტომიით.

სამომავლოდ თავად „ერთიან დასავლეთში“, იდეოლოგიური კრიზის ფონზე, ინტერესი პერიფერიების მიმართ დიდი ალბათობით შემცირდება. ამერიკულმა იზოლაციონიზმმა, რომლის ტენდენციაც ტრამპის არჩევის შემდეგ იკვეთება, შესაძლოა კიდევ უფრო  შეასუსტოს ამერიკის ინტერესი კავკასიაში. რთულია, იმის განსაზღვრა, როგორი იქნება პროდასავალური კურსის ქვეყნებისადმი ამერიკის მხარდაჭერა, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ჯერ დასავლური ინსტიტუტების ნაწილს არ წარმოადგენს. სულ მცირე მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამერიკა, სავარაუდოდ, ვეღარ ჩაითვლება პროდასავლური ქვეყნებისთვის ისეთ ძლიერ მხარდამჭერად, როგორიც ეს ობამასა თუ ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო.

გარდა ამისა, ევროკავშირის შიგნით არსებული პოლიტიკური და იდეოლოგიური კრიზისი სახელმწიფოებს სულ უფრო მეტად დააბრუნებს დამოუკიდებელი ეროვნული პოლიტიკის წარმოების ველში, სადაც გაფართოების პოლიტიკა კიდევ უფრო დაკარგავს აქტუალობას, ხოლო ევროკავშირის ერთიანი საგარეო პოლიტიკის წარმოება სულ უფრო გართულდება.  სამომავლოდ ევროკავშირისთვის მთავარ გამოწვევად კვლავ დარჩება ინსტიტუციური ქმედითუნარიანობის შენარჩუნება და ლეგიტიმაციის კრიზისთან გამკლავება. ამ ფონზე, საქართველოში პოლიტიკურ ელიტას მოუწევს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გადაწყობა – საგარეო პოლიტიკაზე კონცენტრირების პარალელურად რეალურად არსებული შიდა პოლიტიკური, არც თუ ისე დადებითი პროცესებისთვის თვალის გასწორება.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ  რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში რაიმე განსაკუთრებული გარღვევა ან ვითარების მკვეთრი გაუარესება ნაკლებად მოსალოდნელია. მოგებული არჩევნებისა და საკონსტიტუციო უმრავლესობის ფონზე, პარტია „ქართულ ოცნებას“, მაღალი ლეგიტიმაციიდან გამომდინარე, აქვს სრული შესაძლებლობა, რუსეთთან მიმართებაში უფრო გაბედული ნაბიჯები გადადგას. თუმცა ეს შესაძლებლობა უფრო თეორიულია, ვიდრე პრაქტიკული. „ქართული ოცნების“ რიგებში ჯერჯერობით არ ჩანს რაიმე ინიციატივა ან სურვილი, რადიკალურად შეიცვალოს არსებული მიდგომა. შესაბამისად, ნორმალიზაციის პოლიტიკა კვლავ განაგრძობს მცირე ნაბიჯებით სვლას ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში, მაგრამ განსაკუთრებული პოლიტიკური ცვლილებების გარეშე.

conflicts georgia Politics russia აბაშიძე ანალიტიკა გაზპომი კავკასია კარასინი კონფლიქტები პროგნოზი რუსეთი რუსულ-ქართული ურთიერთობები საქართველო უფიზო მიმოსვლა

მსგავსი პოსტები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022
ახალი ამბები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯების სამართლებრივი მიმოხილვა და შეფასება

04.12.2022
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • YouTube

კრებული “კლიმატის ცვლილება და დემოკრატიული საზოგადოება”

პუბლიკაციები 31.12.2022

წინასიტყვაობა ატმოსფეროში სათბური აირების კონცენტრაციის ზრდა ინდუსტრიალიზაციის ეპოქასთან შედარებით გლობალური ტემპერატურის თანდათანობით მომატებას იწვევს. დედამიწის…

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

Subscribe to Updates

Get the latest creative news from SmartMag about art & design.

„კავკასიური სახლის“ პროექტი

  • კავკასიური სახლი 0155 თბილისი, საქართველო გალაკტიონ ტაბიძის 20
  • (+995 32) 2 935088;     (+995 32) 2 996022
  • info@caucasianhouse.ge
  • FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.

Facebook Youtube Instagram Twitter
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

© 2023 რეგიონალური დიალოგი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია Rankers Digital-ის მიერ

ჩაწერეთ ზემოთ და დააჭირეთ Enter საძიებლად. გასაუქმებლად დააჭირეთ Esc.