2016 წელი ცხინვალის რეგიონისთვის და სამომავლო პესპექტივები

შოთა უტიაშვილი
რონდელის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი

შესავალი

2016 წელი არ ყოფილა მოვლენებით დატვირთული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ვითარება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ირგვლივ მეტ-ნაკლები სტაბილურობით ხასიათდებოდა, თუმცა ოკუპაციის ხაზის გადმოწევა, მავთულხლართების გავლება ვითარების დაძაბვას უწყობდა ხელს ისევე, როგორც ადგილობრივი მოსახლეების სისტემატური დაკავებები. წლის დასაწყისში აქტუალური იყო ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების საკითხი. გრძელდებოდა ჟენევის მოლაპარაკებები, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, საგრძნობი პროგრესი მიღწეული ვერ იქნა. 2017 წლის დასაწყისში ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისმა შედეგებმა პრინციპულად შეცვალოს არსებული ვითარება.

რეფერენდუმის საკითხი

2015 წლის მარტში რუსეთმა და „სამხრეთ ოსეთმა“ ხელი მოაწერეს „ხელშეკრულებას“ თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ. 2015 წლის 19 ოქტომბერს „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა“ ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ 2016 წელს „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარდებოდა რეფერენდუმი, რათა დადგენილიყო, რამდენად სურდა მოსახლეობას რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანება. აღნიშნული განცხადება მან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუს კურატორთან – ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 2014 წელს ასეთი სურვილი გამოთქმული ჰქონდა სამხრეთ ოსეთის პარლამენტსაც. 2016 წლის ზამთარში და გაზაფხულზე რეფერენდუმის საკითხი აქტიურად განიხილებოდა ცხინვალში. აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარებას რუსეთი ხელს ვერ შეუშლიდა. თუმცა, უკვე მაისში „პრეზიდენტმა“ თიბილოვმა და „პარლამენტის თავმჯდომარე“ ბიბილოვმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ რეფერენდუმი გადატანილია 2017 წლისათვის და გაიმართება  საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ. თუ რეფერენდუმი, მართლაც, ჩატარდა, სავარაუდოდ, მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთთან შეერთებას დაუჭერს მხარს.

ექსპერტთა აზრი აღნიშნული ინიციატივის თაობაზე თავიდანვე ორად გაიყო. ერთი ნაწილი თვლიდა, რომ ეს იდეა ცხინვალიდან მოდიოდა, არ იყო მოსკოვის მიერ ინსპირირებული და უფრო ადგილობრივი ელიტების პოლიტიკურ კონკურენციას უკავშირდებოდა[1]. პოლიტიკურ ჯგუფებს სურდათ თავის წარმოჩენა რუსეთთან უფრო ღრმა ინტეგრაციის იდეის მხარდამჭერებად, რითაც ელექტორატის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდნენ. მეორე ნაწილის აზრით კი, ამ იდეის უკან სწორედაც რომ მოსკოვი იდგა და მისი გახმოვანება მიზნად ისახავდა საქართველოს გაფრთხილებას, რომ ევროკავშირთან ან ნატოსთან შემდგომი ინტეგრაციის შემთხვევაში, რუსეთს შეიძლება, მიეერთებინა „სამხრეთ ოსეთი“[2]. უნდა აღინიშნოს, რომ რუსი ექსპერტების, მათ შორის ხელისუფლებასთან დაახლოებული ექსპერტების უმეტესობა, მაგალითად ალექსეი მაკარკინი[3], სერგეი მარკედონოვი[4] სწორედ, პირველ მოსაზრებას იზიარებენ და რეფერენდუმის იდეას მხოლოდ ცხინვალის შიდაპოლიტიკური ბრძოლებით ხსნის.

ჯერჯერობით უცნობია, დაბრუნდება თუ არა რეფერენდუმის იდეა დღის წესრიგში 2017 წელსაც, თუმცა ეს ნაკლებ სავარაუდოა.  განსხვავებით ყირიმის ანექსიისაგან, რასაც რუსეთის მოსახლეობის დიდი უმეტესობის მხარდაჭერა და პრეზიდენტ პუტინის რეიტინგის ზრდა მოჰყვა, „სამხრეთ ოსეთის“ ანექსიას ვერ მოჰყვება პუტინისათვის მნიშვნელოვანი დადებითი შიდაპოლიტიკური შედეგები. ამავე დროს, ეს განამტკიცებს რუსეთის რეპუტაციას, როგორც ქვეყნისას, რომელსაც თვალი მეზობელი ქვეყნების მიწების მიტაცებაზე უჭირავს. ეს კი რუსეთისათვის, რომელიც სანქციების რეჟიმიდან თავის დაღწევას და ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გადახედვისაკენ ესწრაფვის, ამ ეტაპზე სასურველი არ უნდა იყოს.

ბორდერიზაცია და დაკავებები

ბორდერიზაცია, ანუ რუსი მესაზღვრეების მიერ ეკლიანი მავთულის ღობისა და სხვა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის ცალმხრივი მშენებლობა, უკვე წლებია, მიმდინარეობს და ადგილზე ვითარების სტაბილიზაციისათვის ერთ-ერთ მთავარ ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. რუსი მესაზღვრეების მტკიცებით, ისინი ხელმძღვანელობენ 1980-იანი წლების საბჭოთა გენერალური შტაბის რუკებით. თუმცა, შემაშფოთებელია ის, რომ, ამ რუკების თანახმად, გავლებული საზღვარი ყოველთვის წინ იწევს და არასოდეს – უკან. პოლიტიკური და სამართლებრივი მოსაზრებების გამო, საქართველოს ხელისუფლება იძულებულია, უარი განაცხადოს ცხინვალის მიერ შემოთავაზებული დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მონაწილეობაზე. ასევე შემაშფოთებელია ისიც, რომ დროდადრო ცხინვალის წარმომადგენლები პირდაპირ თუ არაპირდაპირ საქართველოს სხვა ტერიტორიებსაც აცხადებენ „ოსურ მემკვიდრეობად“. 2016 წელს მოლაპარაკებების დროს ცხინვალის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე დააყენეს „აღმოსავლეთ ოსეთის“ (თრუსოს ხეობა) ოსური კულტურული ძეგლების დაცვის საკითხი.[5]

არანაკლებ შემაშფოთებელია ისიც, რომ რუსული მხარე არ გადასცემს ქართულ მხარეს იმ რუკას, რომლითაც ის ახდენს სასაზღვრო ხაზის გავლებას. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ რუსეთი, როგორც მინიმუმ, იტოვებს სამომავლოდ შესაძლებლობას, აქციოს მოძრავი საზღვარი საქართველოზე ზეწოლის იარაღად.

ეკლიანი მავთულის ღობის გავლება მძიმედ მოქმედებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მაგალითად, სოფელ ჯარიაშენში საზღვრის გავლების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს შეეზღუდა საკუთარ სახლში ან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში შესვლა. მსგავსი ვითარებაა თითქმის ყველა იმ სოფელში, რომელსაც ბორდერიზაცია შეეხო.

რუსი მესაზღვრეების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის დაკავება სერიოზულ პრობლემად რჩება 2008 წლის ომის დასრულებიდან მოყოლებული. დაკავებები სისტემატურად ხდება და, როგორც წესი, შეეხება იმ ქართველ მოქალაქეებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხაზის უშუალო სიახლოვეს ცხოვრობენ და ხაზის მეორე მხარეს შემთხვევით, ან სასოფლო-სამეურნეო თუ საოჯახო საჭიროებების გამო ხვდებიან (დაკარგული პირუტყვის ძებნა, შეშის თუ ფიჩხის მოპოვება, ჯონჯოლის მოკრეფა და ა.შ.).  ეს მოქალაქეები გადაჰყავთ ცხინვალში, საიდანაც მცირეხნიანი დაკავებისა და ადმინისტრაციული ჯარიმის (უმეტეს შემთხვევაში 1000 რუბლის ფარგლებში) გადახდის შემდეგ თავისუფლდებიან. 2016 წელს, ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, 134 პირი დააკავეს.[6] სამხ. ოსეთის „შშს-ს“ ცნობით, 2016 წელს 549 ადამიანი დააკავეს, აქედან სამხ. ოსეთის მკვიდრია 325.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოხდა პატიმრების ერთდროული განთავისუფლება, გრძელვადიანი დაკავებების შემთხვევებმა იკლო. თუმცა დაკავებების რიცხვი მაინც მაღალია. როგორც ჩანს, პრობლემის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ რუსეთის სასაზღვრო სამსახური ახალისებს მესაზღვრეებს – მოქალაქეები დააკავონ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ცხადია, რომ „ეჭვმიტანილი“ ადგილობრივი მოსახლეა, რომლის უკან, ადმინისტრაციული ხაზის იქით, დაბრუნებაც თავისუფლად შეიძლება.

გადაადგილების თავისუფლება, ვაჭრობა

2გადაადგილების თავისუფლება, უფრო სწორად, მისი არარსებობა – კვლავაც რჩება ადგილობრივი მოსახლეობისათვის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემად. გარდა ახალგორის რაიონის იმ მაცხოვრებლებისა, ვინც სპეციალური საშვით სარგებლობს, საქართველოს მოქალაქეებისათვის პრაქტიკულად შეუძლებელია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოხვედრა. რაც შეეხება “სამხრეთ ოსეთის“ მაცხოვრებლებს, მათგან ძალიან მცირე ნაწილს აძლევენ უფლებას, გადმოვიდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ახალგორისა და პერევი-სინაგურის გადმოსასვლელის მეშვეობით. თუმცა არავისთვისაა საიდუმლო ის ფაქტი, რომ „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რეგულარულად სტუმრობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს. ამისთვის მათ ჩრდილო ოსეთში გამგზავრება და შემდეგ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შემოსვლა უწევთ.

ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ვაჭრობისათვის ცხინვალის მიერ ოფიციალურად დაკეტილია. ახალგორში გადამსვლელ მოქალაქეებს მხოლოდ პირადი საჭიროებისათვის შეუძლიათ საქონლისა და სურსათ-სანოვაგის გადატანა, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სწორედ ამ გამშვები პუნქტის გავლით ხვდება ცხინვალის რეგიონში სურსათის დიდი ნაწილი. არის ასევე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით ქართული ხილ-ბოსტნეულის რუსეთში ექსპორტის შემთხვევებიც, ოღონდ არა დიდი მასშტაბით.

„სამხრეთ ოსეთის საბაჟო კომიტეტის“ ხელმძღვანლის, მურატ ცხოვრებოვის, განცხადებით, ახლო მომავალში ახალგორის შესასვლელში შეიძლება გაიხსნას საბაჟო პუნქტი, რომლის დანიშნულებაც საქართველოდან შემომავალი სურსათის განბაჟება იქნება.[7] ცხინვალის წარმომადგენლების განცხადებით, ზაფხულის თვეებში საქართველოდან შემომავალი ხილ-ბოსტნეულის რაოდენობამ დღეში 200 ტონას მიაღწია[8].

სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე წინაპირობა, რათა ველოდეთ გადაადგილების რეჟიმის შემსუბუქებას, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, ეს დიდი შვება იქნებოდა ცხინვალის რეგიონისათვის, „სამხრეთ ოსეთის მთავრობა“ ამ თემაზე მოლაპარაკებების დაწყებას, როგორც ჩანს, არ აპირებს.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ზაფხულში მეწყერის გამო რამდენიმე კვირით ჩაკეტილი იყო საქართველოს სამხედრო გზა. სატვირთო მანქანების უმეტესობას მოუწია რუსეთში აზერბაიჯანის გავლით მოძრაობა. ამ საშუალებას მოკლებული იყვნენ სომხური მანქანები. არაოფიციალური ინფორმაციით, სომხეთმა თხოვნით მიმართა რუსეთის ხელისუფლებას, გამონაკლისის სახით, უფლება მიეცა გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი სომხური მანქანებისათვის ტრანსკავკასიური მაგისტრალით (როკის გვირაბზე გამავალი გზატკეცილი) ესარგებლა, რაზეც ცივი და კატეგორიული უარი მიიღო.

მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების მკვეთრი პოზიციისა, მომავალში ტრანსკავკასიური მაგისტრალის ამოქმედება შეიძლება კვლავაც დადგეს დღის წესრიგში – დარიალის ხეობაში გახშირებული სტიქიური მოვლენების გამო.[9]

უსაფრთხოება

სამხრეთ ოსეთში განლაგებულია რუსეთის მეოთხე გვარდიული სამხედრო ბაზა, რომლის შემადგენლობაშიც დაახლოებით 4000 რუსი სამხედრო მოსამსახურე შედის. ბაზა მდებარეობს ცხინვალსა და ჯავაში, ცალკეული ნაწილები – ახალგორში. საწვრთნელი პოლიგონი კი – ძარცემში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო სწავლებებში, რომლებიც სწორედ ძარცემში გაიმართა, მონაწილეობა მიიღო 1500-მა სამხედრო მოსამსახურემ, 500-მა ერთეულმა ტექნიკამ, მათ შორის ტ72 ტიპის ტანკებმა, „აკაციას“ და „გვაზდიკას“ ტიპის თვითმავალმა ჰაუბიცებმა, უპილოტო საჰაერო აპარატებმა და ა.შ. ამავე წყაროს ცნობით, წვრთნების მიზანი იყო უახლესი ტექნიკის ათვისება როგორც თავდაცვითი, ისე შეტევითი ოპერაციებისათვის.[10]

2015 წლის 18 მარტის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების“ თანახმად, მიმდინარეობს „სამხრეთ ოსეთის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების ინტეგრირება რუსეთის ანალოგიურ სტრუქტურებში. ხელშეკრულების თანხმად, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილი უშუალოდ დაექვემდებარება რუსეთის სამხედრო სარდლობას, ნაწილი კი „სამხრეთ ოსეთის არმიის“ შემადგენლობაში დარჩება[11]. ხელშეკრულების თანახმად, ორ ქვეყანას შორის უქმდება საბაჟო კონტროლი, ხოლო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში იქმნება ერთიანი სივრცე. საგარეო პოლიტიკა და სასაზღვრო კონტროლი ასევე ფაქტობრივად გადადის მოსკოვის პირდაპირი კონტროლის ქვეშ.[12] რუსეთი იღებს ვალდებულებას, იზრუნოს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ ცხინვალის ბიუჯეტის 90 პროცენტს რუსული სუბსიდიები შეადგენს.

გარდა რუსული სამხედრო ბაზებისა, „სამხრეთ ოსეთში“ განლაგებულია რუსეთის სასაზღვრო ჯარების დაახლოებით 1200 კაციანი კონტიგენტი, რომელიც ახდენს „საზღვრების“  დაცვასა და პატრულირებას.

სამხედრო ბაზა არსებობს 2010 წლის “ხელშეკრულების” თანახმად და მის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები უკვე რამდენიმე წელია, არ მომხდარა.

ხალხთა შორის კონტაქტები

როგორც ზემოთ აღინიშნა, „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება“ მკაცრად ზღუდავს ხალხთა შორის კონტაქტებს, რამაც ნდობის აღდგენის პროცესს უნდა დაუდოს საფუძველი. უკიდურესად შეზღუდულია ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც მშვიდობის მშენებლობის საკითხებით არიან დაკავებული.

საქართველოს ხელისუფლება, თავის მხრივ, აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პროგრამას, რასაც გარკვეული, თუმცა შეზღუდული შედეგები აქვს. ცხინვალის „ხელისუფლების“ უკომპრომისო პოზიცია შეუძლებელს ხდის ახალი ინიციატივების განხორციელებას როგორც ოფიციალური თბილისის, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. სამწუხაროდ, 2017 წელს რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ამ კუთხით მოსალოდნელი არ არის.

მოლაპარაკებების პროცესი

12016 წლის განმავლობაში გრძელდებოდა როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, ისე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები ერგნეთში.

ჟენევაში გაიმართა ოთხი რაუნდი. ტრადიციულად, პირველ სამუშაო ჯგუფში განიხილებოდა უსაფრთხოების საკითხები, ხოლო მეორეზე – დევნილთა და ჰუმანიტარული პრობლემები. პირველ ჯგუფში მთავარი საკითხი, კვლავინდებურად, შესაძლო ერთობლივი განცხადებაა ძალის გამოუყენებლობის შესახებ. დღის წესრიგში დგას უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების საკითხიც, თუმცა უკვე რამდენიმე წელია, მხარეთა შორის ამ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება.  დისკუსიები უსაფრთხოებაზე მჭიდროდ დაუკავშირდა ცხინვალის რეგიონის იურიდიული სტატუსის საკითხს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის შეთანხმებული პოზიციის მიღწევას.

11 შეხვედრა გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. მუშაობს ცხელი ხაზიც, რაც მხარეებს ადგილზე მომხდარი ინციდენტების დროულად განხილვის საშუალებას აძლევს.

საქართველომ, ტრადიციულად, 2016 წელსაც წარადგინა გაეროში რეზოლუცია დევნილთა დაბრუნების შესახებ, რომელიც 76 ხმით 15-ის წინააღმდეგ მიიღეს, რაც უკეთესი შედეგი იყო, ვიდრე გასულ წლებში.

უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემატიკისადმი მუდმივად კლებულობს. ერთი შეხედვით, ეს ბუნებრივიცაა, რაც უფრო მეტი დრო გადის ომის შემდეგ, მით უფრო ნაკლებად იქცევს ეს საკითხი ყურადღებას. თუმცა, მეორე მხრივ, ყირიმის ანექსიის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ სხვა თვალით შეხედა 2008 წლის ომსაც. თანაც, ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის მოვლენების შემდეგ, რუსეთი დასავლეთის მხრიდან მკაცრი სანქციების ქვეშ აღმოჩნდა.

საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა შანსი, ეცადა, რომ ერთმანეთთან დაეკავშირებინა რუსეთის მიერ საქართველოში და უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი და სანქციების მიზეზებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხსენებისათვის მიეღწია, თუმცა ოფიციალურმა თბილისმა სხვა გზა აირჩია.

მომავალი „არჩევნები“

2017 წლის დასაწყისში ცხინვალის რეგიონში დაგეგმილია ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამ არჩევნებში მთავარი კონკურენტები მოქმედი ლიდერი ლეონიდ თიბილოვი და ე.წ. პარლამეტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი იქნებიან. ითვლება, რომ ბიბილოვი უფრო მეტადაა რუსეთთან სრული ინტეგრაციის მომხრე, თიბილოვი შედარებით ნაკლებად. 2014 წლის საპარლამენტო არჩევნები ბიბილოვის პარტიამ, „ერთიანმა ოსეთმა“ სწორედ, რუსეთთან შეერთების თემაზე აპელირებით მოიგო. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამშვიდობო პროცესზე, ან გარესამყაროსთან ურთიერთობებზე ამ არჩევნების შედეგებმა რაიმე პრინციპული გავლენა იქონიოს.

 

სამომავლო პერსპექტივები

რას მოგვიტანს 2017 წელი? მოკლედ რომ შევაფასოთ, ვითარება ჩიხშია შესული და სწრაფი გამოსავლის პოვნის იმედი არ არსებობს. რეფერენდუმის ჩატარება და რუსეთთან დაჩქარებული ინტეგრაცია ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ბოლომდე გამორიცხული არ არის. დაგეგმილი „არჩევნების“ გამო, საქართველოსთან დაკავშირებით რიტორიკა, ალბათ, კიდევ უფრო გამკაცრდება. კვლავინდებურად ჩაკეტილი დარჩება ცხინვალი საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც.

ალბათ, ერთადერთი სფერო, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესზე ფიქრი შეიძლება, ვაჭრობა და სატრანზიტო მიმოსვლაა. იმ პირობებში, როდესაც რუსეთში ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზები არ ჩანს, ცხინვალისათვის ვაჭრობა საკუთარი შემოსავლების გენერირების პრაქტიკულად ერთადერთ შესაძლებლობად რჩება.

 

___________________________________

[1]Sergei  Markedonov; „The South Ossetia Referendum: No Rush for the Russians“, Carnegie Moscow Centre, 21.06.2016; იხ.: http://carnegie.ru/commentary/2016/06/21/south-ossetia-referendum-no-rush-for-russians/j288

[2]Vasili Rukhadze, „Is Russia Preparing the Annexation of South Ossetia?“ The Jamestown Foundation; April 15, 2016; იხ.: https://jamestown.org/program/is-russia-preparing-the-annexation-of-south-ossetia/

[3]Liz Fuller, „South Ossetia Postpones Referendum On Accession To Russian Federation“ Radio FreeEurope Radio Liberty; May 30, 2016; იხ.: http://www.rferl.org/a/georgia-russia-south-ossetia-accession-referendum-delay/27766068.html

[4]Sergei  Markedonov; „The South Ossetia Referendum: No Rush for the Russians“, Carnegie Moscow Centre, 21.06.2016; იხ.: http://carnegie.ru/commentary/2016/06/21/south-ossetia-referendum-no-rush-for-russians/j288

[5]„The message of South Ossetia delegation for mass media“, Ministry of Foreign Affairs

Republic of South Ossetia; იხ.: http://www.mfa-rso.su/en/node/1684

[6] გოგა აფციაური; „დაკავებების სტატისტიკა კონფლიქტის ზონაში“ რადიო თავისუფლება; იხ.: http://www.radiotavisupleba.ge/a/dakavebebis-statistika-konfliqtis-zonashi/28221689.html

[7] Мурат Гукемухов, „Борьба с контрабандой по-осетински“, Эхо Кавказа, января 16, 2017, იხ.:

http://www.ekhokavkaza.com/a/28237685.html?utm_source=dlvr.it&utm_medium=facebook

[8]იქვე.

[9]იქვე.

[10] „More than 1,500 servicemen of the Russian military base in South Ossetia attend field training“, Ministry of Defence of the Russian Federation; 05.12.2016, იხ.:  http://eng.mil.ru/en/news_page/country/more.htm?id=12105659@egNews

[11]„South Ossetia retains its army — president“, TASS, April 04, 2016 იხ.: http://tass.com/world/867127

[12]იქვე.

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *