ედიშერ ბაღათურია
უახლესი პერიოდის ქართულ-რუსული ურთიერთობების მიმოხილვა, ფაქტობრივად, დროის ამ მონაკვეთის საქართველოს ისტორიის მიმოხილვაცაა. რუსეთი არის ის უმთავრესი თემა, გამოწვევა, რომელთან რეფლექსიებშიც ყალიბდებოდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა და გარკვეულწილად იდენტობაც. ამასთან რუსეთი პირდაპირ ან ირიბად ყოველთვის დაკავშირებული იყო გასული ორი ხელისუფლების (ნაციონალური მოძრაობა და ,,ქართული ოცნება“) დროს საქართველოში მომხდარ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებში: ,,ვარდების რევოლუცია“, აჭარაში განვითარებული პროცესები, აგვისტოს ომი, ომისშემდგომი კრიზისი, ,,ნორმალიზაციის პოლიტიკა“…
საქართველოს პოლიტიკური ელიტისთვის რუსეთთან ურთიერთობა არ ნიშნავს უბრალოდ ურთიერთობებს სახელმწიფო რუსეთის ფედერაციასთან. ეს ასევე არის დამოკიდებულება ქვეყნის დამოუკიდებლობასთან, თავისუფლების ხარისხთან. ის ასევე მიუთითებს პოლიტიკურ ფასეულობებზე, აფილაციებზე, საბჭოთა კავშირის მიმართ აღქმაზე, – როგორ აანალიზებს მას თანამედროვე ქართული საზოგადოება და როგორ ცდილობს მისგან გათავისუფლებას. გარდა ამისა, რუსეთთან ურთიერთობები არის უზარმაზარი პოლიტიკური გამოცდილება და სახელმწიფოებრივი აზროვნების ზრდის იმპულსი ჯერ კიდევ ფორმირების სტადიაზე მყოფი ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოსთვის. ამ კუთხით უნდა ითქვას, რომ თითოეულმა ხელისუფლებამ, ავად თუ კარგად, თავისი წვლილი შეიტანა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში.
თუ დავიწყებთ ,,ვარდების რევოლუციით“ მოსული მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობების დახასიათებას, ის შეიძლება დავყოთ ორ – ომამდე და ომის შემდგომ ნაწილებად. ამასთან, 2008 წლამდე სააკაშვილის მთავრობის საქართველოს რუსეთთან პოლიტიკაზე დიდ გავლენას ახდენდა არასწორი წარმოდგენები და გადაჭარბებული მოლოდინები. ეს თემები უკავშირდებოდა სამ მთავარ საკითხს:
პირველი ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ზოგადად, დასავლეთის აღქმას. სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული საქართველოს ახალ მთავრობაში გაჩნდა აშშ-ის დახმარებისადმი ერთგვარად გადამეტებული წარმოდგენა. იგივე შეხედულების ნაწილია საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ნაჩქარევი მოლოდინებიც. უნდა ითქვას, რომ ეს შეხედულებები ხელისუფლებაში, ერთი მხრივ, დამოუკიდებლად აღმოცენდა, ხოლო მეორე მხრივ, მას შესაძლოა ჰქონოდა გარკვეული ობიექტური საფუძვლები დასავლეთის პოლიტიკოსთა ზოგიერთი წრეების მხრიდან (მაგალითად, ე. წ. ,,რესპუბლიკელი ქორებიდან“).
მეორე თემა, ბუნებრივია, ეხებოდა თვითონ რუსეთს და მის მიმართ გაჩენილ ილუზიებს. მაგალითად, თავდაპირველ ეტაპზე ხელისუფლება თითქმის დარწმუნებული იყო, რომ როგორც აჭარის რევოლუციის შემთხვევაში, კრემლი არ ჩაერეოდა მინიმუმ ცხინვალის რეგიონის საქართველოს შემადგენლობაში ინტეგრაციის პროცესშიც და ამ მხრივ თბილისს გზა ხსნილი ჰქონდა. რუსეთის შესაძლებლობების, ძალის და მიზნების არასათანადოდ შეფასების მაგალითები კარგად ჩანს იმდროინდელი ხელისუფლების განცხადებებშიც. მაგალითად, 2007 წლის 4 დეკემბერს, წინასაარჩევნო შეხვედრის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავდა: ,,რუსებსაც წამოცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებთ“[1]; ,,ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი… ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი“.[2] იგივე შეხედულებების დემონსტრირებაა მაგალითად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადება ცნობილ ,,ჯაშუშების სკანდალთან“[3] დაკავშირებით: ,,არასოდეს არ ყოფილა რუსეთი ისეთი დაუცველი და სუსტი, როგორიც არის დღეს, რადგან ის არის ძალიან დაბნეული და არაადეკვატურ სპონტანურ ნაბიჯებს დგამს… რაიმე სერიოზულ საფრთხეს რუსეთის ქმედებაში ვერ ვხედავ, რადგან ის არის დაბნეული… დღეს მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთი არის ჩვეულებრივი უსუსური ქვეყანა…“.[4] ბუნებრივია, მოცემული სტატიის მიზანი არ არის მკითხველისთვის რუსეთის ძლიერების შეხსენება ან ხაზგასმა, არამედ მისი როლის არასათანადოდ გათვალისწინების შედეგების წარმოჩენა. აქვე ისიც შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მმართველ ელიტაში აღნიშნულ წარმოდგენებს რუსეთი შესაძლოა შეგნებულად არ უშლიდა ხელს. ამ კუთხით საინტერესოა, მიხეილ სააკაშვილის ბიძის და სხვა ,,ჩრდილში მყოფი“ ფიგურების როლი, რომლებიც, ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, რუსეთის სპეცსამსახურებთან იყვნენ კავშირში.[5]
მესამე თემა, რომელიც გავლენას ახდენდა რუსეთთან ურთიერთობებზე ეხება თვითონ საქართველოს ხელისუფლების მიერ უშუალოდ საკუთარი თავის, მნიშვნელობისა და როლის გაზვიადებას; ასევე არაერთ ამბიციურ და ხმამაღალ დაპირებებს. მაგალითად მსგავსმა განცხადებებმა, როგორიცაა: ,,2007 წლის 1 იანვარს ცხინვალში ვიზეიმებთ“,[6] ,,ძმარს ვადენ ცხვირიდან საქართველოს მტრებს“,[7] ,,გავაერთიანებთ, შევქმნით დავით აღმაშენებლის ქვეყანას ხელახლა“,[8] ,,საქართველო არის ვეფხვი, რომელიც გამზადებულია ნახტომისთვის და ის აღმოჩნდება მონადირეზე [იგულისხმება რუსეთი] ჭკვიანი“[9] და ა. შ., თავის როლი ითამაშა რუსეთთან დამოკიდებულების განსაზღვრაში. ამასთან სააკაშვილი ნამდვილად იყო ამბიციური პოლიტიკოსი, რომელსაც სურდა რაღაც ,,გრანდიოზული გარდატეხის“ შეტანა ისტორიაში. შესაძლოა, ამბიციები პოლიტიკაში დასაძრახი არ არის, მაგრამ როდესაც ის სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ სრულდება მისი იძულებითი განხორციელება ან დაჩქარება საპირისპირო შედეგებს იწვევს. ბუნებრივ განვითარებასთან ერთად, გარკვეული ობიექტური მახასიათებლები ამ შეხედულებების გაჩენასაც ჰქონდა. მაგალითად, 2003 წლის ნოემბრიდან 2007 წლის ნოემბრამდე[10] ქვეყანამ ნამდვილად მიაღწია ხელშესახებ წარმატებებს სახელმწიფოებრივი არსებობის სხვადასხვა სფეროში (თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა, კორუფციის აღმოფხვრა, რამდენჯერმე გაზრდილი ბიუჯეტი და ა.შ.).
2008 წლის შემდეგ ხელისუფლებაში არსებული ზემოთ მოცემული შეხედულებები ნელ-ნელა გაიფანტა და მთავრობა პრაქტიკულად საკუთარი თავის შენარჩუნების რეჟიმში გადავიდა. საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე ომის შემდგომ მთავრობას ძნელად შეიძლება ჰქონოდა რაიმე პოზიტიური გარღვევის მოლოდინი. რუსეთს საქართველოსთან დიალოგი არ სურდა, – იმ ეტაპზე საქართველოში მან თავის ინტერესებს პრაქტიკულად მიაღწია, ამიტომ სააკაშვილი ბოლომდე ,,ხელჩამოურთმეველ“[11] ფიგურად დარჩა რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური პირებისთვის, მიუხედავად თბილისიდან დიალოგის შეთავაზების არაერთი მცდელობისა.[12] საქართველოს მაინცდამაინც არც დასავლეთის იმედი უნდა ჰქონოდა. აშშ-ში მოსული ახალი ადმინისტრაცია ეჭვის თვალით უყურებდა სააკაშვილს და ცხადია, არ აპირებდა რუსეთთან ინიცირებული ,,გადატვირთვის“ პოლიტიკის გადახედვას. შექმნილი დაბნეულობის გამოხატულებაა 2008-2012 წწ.-ის საქართველოს საგარეო პოლიტიკა. რუსეთთან მიმართებაში ამის ერთ-ერთი გამოვლენაა, მაგალითად ომის შემდგომ წამოწყებული აქტიური ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა სახის რისკებისა და საფრთხეების შემცველი უფრო მეტად იყო, ვიდრე გააზრებული პოლიტიკური შედეგების მომტანი.[13] გარდა ამისა, ამ პერიოდში რუსეთის მიმართ საქართველოს სტრატეგია გახდა ,,ყველაფერში რუსეთის დადანაშაულება“ და ,,რაც ცუდია რუსეთისთვის, კარგია ჩვენთვის“.[14] დაბნეულობა გამოვლინდა დასავლეთთან დამოკიდებულებაშიც. მაგალითად, 2010 წლიდან საქართველომ ირანთან ურთიერთობების გაღრმავებაზე დაიწყო საუბარი, როდესაც თეირანი ვაშინგტონთან თითქმის ომის ზღვარზე იმყოფებოდა. აღნიშნულ პოლიტიკას ზოგიერთი დამკვირვებელი საქართველოს მიერ აშშ-ის მსუბუქი დაშანტაჟების ერთგვარ მცდელობად მიჩნევს.[15] საბოლოო ჯამში, ანტირუსული პოლიტიკით სააკაშვილმა ვერაფერს მიაღწია; უფრო მეტიც, მიღებული პოლიტიკური შედეგები ყველაზე სასარგებლო სწორედ რუსეთისთვის გამოდგა.[16]
ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ერთგვარი შემობრუნების პროცესი დაიწყო 2012 წლიდან, როდესაც საქართველოში ხელისუფლების ცვლილება განხორციელდა. ახალმა მთავრობამ არა იმდენად მისი დამოუკიდებელი, საკუთარი ხედვა წარმოადგინა რუსეთთან მიმართებაში, არამედ მისი ძირითადი მცდელობა სწორედ სააკაშვილის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება/არ დაშვება გახდა.
საწყის ეტაპზე ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობას განაპირობებდა მანამდე არსებული მუდმივად ომის რეციდივის ზღვარზე სიარული რუსეთთან, რაც მორალურად და ფიზიკურად ფიტავდა საქართველოს. ამასთან ,,ნორმალიზაციის“ მოთხოვნა დიდი იყო საზოგადოებაში და ის მხარდაჭერილი იყო დასავლეთშიც.[17] მიუხედავად ამისა, საქართველოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და ე. წ. ,,წითელი ხაზების“ გამო მისგან გარკვეული დოზის დისტანცირებაც სჭირდებოდა. ეს ,,ფრენემისეული“[18] ამბივალენტურობა კარგად გამოჩნდა 2015 წელს საქართველოში ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებშიც. მაგალითად, რესპონდენტთა 70%-მა რუსეთთან დიალოგის გაგრძელება მიიჩნია პრიორიტეტულად, მაშინ როდესაც ამავდროულად დაახლოებით იმდენივე პროცენტმა (76%) რუსეთი მთავარ საფრთხედ დაასახელა.[19]
მთლიანობაში ,,ნორმალიზაციის“ პოლიტიკას თუ შევაფასებთ, ეს არის კარგი ასახვა რუსეთის მიმართ ქართულ საზოგადოებაში არსებული ზემოთაღნიშნული ერთდროულად ორმაგი მიმართების, – ნორმალიზაციის პოლიტიკა საკუთარ თავში მოიცავს ერთი მხრივ, რუსეთთან თანამშრომლობის, ეკონომიკური ურთიერთობების, სოციალურ-კულტურული კავშირების ქონის აუცილებლობას, მეორე მხრივ კი ,,იძულებას“, რომ საქართველომ ფრთხილი პოლიტიკა აწარმოოს და კრემლისგან ,,თავი შორს დაიჭიროს“. ქართულ-რუსული წინააღმდეგობრიობა მუდამ არსებობდა. საუკუნეების განმავლობაში საქართველოში რუსეთი, ერთი მხრივ, აღქმული იყო, როგორც ქართული ეთნოსის გადამრჩენელი და ქვეყნის გამაერთიანებელი, მეორე მხრივ კი ძალა, რომელმაც გათელა სუვერენიტეტი და ეროვნული თვითშეგნება.
,,ნორმალიზაციის“ პოლიტიკის სამომავლო პერსპექტივებს ყველაზე მეტად თანამშრომლობის სივრცის შეზღუდულობა უშლის ხელს. ამის შედეგია, რომ 2012 წლიდან შედარებით ადვილად გადასაწყვეტ ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სოციალურ-კულტურულ სფეროებში შეთანხმებები სწრაფად იქნა მიღწეული, თუმცა შემდეგ დიალოგი სტაგნაციაში შევიდა.[20] ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის ორივე ქვეყანამ ე. წ. ,,წითელი ხაზები“ უნდა გადალახოს, რომლისთვის არცერთი მხარეა მზად. აქვე იმის თქმაც შეიძლება, რომ თუ საქართველოსთვის ეს ხაზები მის ,,სხეულზე გადის“ და ფუნდამენტური მნიშვნელობის სახელმწიფოებრივ თემებს ეხება, რუსეთისთვის ეს იმ მიზნებისა და მისწრაფებების გადახედვას მოითხოვს, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ დაახასიათა, როგორც რუსეთის სურვილი მისმა მეზობლებმა სახელმწიფოებმა თავიანთ ინტერესებზე მაღლა კრემლის ინტერესებს დააყენონ.
უახლოეს მომავალში რუსეთი ალბათ ისევ დარჩება ,,უზარმაზარი ლოდი, რომელიც საქართველოს ადევს“.[21] ეს აზრი უფრო რომ გავშალოთ, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთთან ურთიერთობებში არსებული სიძნელეები, შეიძლება გამოყენებულ იქნას სწორი სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მიდგომების ჩამოსაყალიბებლად საქართველოში. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს არა ხშირ შემთხვევაში სიმულაციური ნაციონალიზმითა და ისტერიული ყვირილით, არამედ საქართველოსთვის რუსეთის (ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური) როლის ობიექტური გააზრებითა და ამავდროულად, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ სწრაფვით. ამ შემთხვევაში რუსეთიც უფრო სერიოზულად მოგვეკიდება.
________________________________________________
[1] ,,სამხრეთ ოსეთი სულ ცოტა თვეების საკითხია – სააკაშვილი“, 04.12.2007. http://www.civil.ge/geo/article.php?id=16864
[2] იქვე.
[3]2006 წლის შემოდგომაზე ქართულმა მხარეს ჯაშუშობის ბრალდებით 4 რუსი ოფიცერი დააკავა. აღნიშნულმა მოვლენამ, მნიშვნელოვნად გააუარესა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები
[4] ,,მერაბიშვილი: მითი რუსეთის ყოვლისშემძლეობის შესახებ ისტორიას ჩაბარდა“, 30.09.2006. http://www.civil.ge/geo/article.php?id=13816
[5]ანალიზისთვის იხილეთ: მამრაძე, პ. ,,ავანტიურა 08.08.08”. გამომცემლობა პალიტრა L, თბილისი, 2012, გვ. 216
[6] ,,ოქრუაშვილი რუსეთზე, ღვინოზე და კონფლიქტებზე საუბრობს“, 02.05.2006 http://civil.ge/geo/article.php?id=12484
[7] მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში 2009 წელს
[8],,არჩევნები არის სიმართლის მომენტი საქართველოსთვის – სააკაშვილი“, 23.11.2007 http://www.civil.ge/geo/article.php?id=16778&search=
[9] ,,სააკაშვილი: რუსეთის ახალი ფართომასშტაბიანი ავანტიურა ქართველი ხალხის გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდება“, 26.12.2009. http://www.civil.ge/geo/_print.php?id=22176
[10],,ნოემბრიდან – ნოემბრამდე“ – დათარიღება სიმბოლურია და გულისხმობს 2003 წლის ნოემბრის ,,ვარდების რევოლუციიდან“ 2007 წლის ნოემბრის აქციების სასტიკ დარბევამდე დროის მონაკვეთს
[11] ,,მედვედევი: სააკაშვილს არასდროს ჩამოვართმევ ხელს“, ჟურნალი ,,ტაბულა“, 25.01.2012 http://www.tabula.ge/ge/story/57719-medvedevi-saakashvils-arasdros-chamovartmev-xels
[12],,სააკაშვილი: პუტინთან სალაპარაკოდ მუდმივად მზად ვარ“, 7.10.2011. http://civil.ge/geo/article.php?id=24626
[13] ამასთან დაკავშირებით იხილეთ: კახიშვილი, ლ. ,,საქართველოს ჩრდილო კავკასიური პოლიტიკა 2008-2012 წლებში და მას შემდეგ: შედარებითი ანალიზი“, ,,კავკასიური სახლი“, 2015 http://regional-dialogue.com/sakartvelos-politika-chrdiloetit-kavkasiis/
[14] შეფასება ეკუთვნის პოლიტოლოგ ივლიანე ხაინდრავას
[15] ზაზა შათირიშვილი: სააკაშვილი აღმოჩნდა ღვთის მარცეხნა ხელი, რომელის მეშვეობითაც მოხდა რუსეთის და ევროპის დაახლოება“, for.ge, 12.06.2010 http://for.ge/view.php?for_id=2269&cat=2
[16]Mitchell, L. “Who is Really Doing Russia’s Bidding in Tbilisi”, The World Post, http://www.huffingtonpost.com/lincoln-mitchell/who-is-really-doing-russi_b_1751203.html
[17] აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი დამკვირვებელი (მაგ. ირაკლი მენაღარიშვილი) ,,ნორმალიზაციას“ შეუსაბამო ტერმინად თვლის და უფრო სწორად მიიჩნევს ეს პროცესი დახასიათდეს, როგორც ,,ურთიერთობების კონსტრუქციულ ჭრილში გადაყვანის მცდელობა“.
[18] ფრენემი (Frienemy – ინგ.) – ადამიანები, რომლებიც მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებებისა და მეტოქეობისა, ერთმანეთთან მაინც მეგობრობენ. ტერმინი გამოიყენება პიროვნული, გეოპოლიტიკური და კომერციული ურთიერთობების აღსაწერად
[19]გამოკითხვა ჩაატარა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI). იხ.: http://www.iri.org/sites/default/files/wysiwyg/iri_georgia_public_2015_final_0.pdf
[20] ჟურნალისტი ვასო კაპანაძე მეტაფორულად ასე აღწერს შექმნილ მდგომარეობას – ,,მდინარე მიედინება და არც კი მიედინება… სიმღერა ისმის და არც კი ისმის“ (ტექსტი ცნობილი რუსული სიმღერიდან: ,,მოსკოვისპირა საღამოები“).
[21] ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი რუსეთის შესახებ წერდა: ,,რუსეთი არის უზარმაზარი ლოდი, რომელიც აწევს საქართველოს“.