ანალიზი: საქართველო-რუსეთის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელმოწერის შემდეგ

ანა დვალი:

ქართული და რუსული მხარეების შეხვედრები პრაღაში

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ათ დღეში გაიმართა საინფორმაციო-საექსპერტო შეხვედრა ქართულ და რუსულ მხარეებს შორის. 7 ივლისს პრაღაში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესაძლო გავლენა საქართველო-რუსეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და შესაბამისი ტექნიკური საკითხები. [1] აღნიშნული შეხვედრიდან ორ დღეში გაიმართა აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა, რომლის განხილვის ძირითადი საკითხი ასევე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ შექმნილი ახალი რეალობა იყო. [2] მიუხედავად ქართული და ევროპული მხარის მტკიცებისა, რომ ასოცირების ხელშეკრულება და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა წინააღმდეგობაში არ მოდის რუსეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ინტერესებთან, რუსი მაღალჩინოსნები სიფრთხილით ეკიდებიან პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და რუსეთისთვის მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე აკეთებენ აქცენტს. აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ევროკავშირთან აუცილებლად ექნება ზეგავლენა რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობაზე, თუმცა ამ საკითხს დეტალური შესწავლა სჭირდება, მათ შორის, საბაჟო გადასახადების კონტექსტში, რათა თავიდან იქნას აცილებული „ნეგატიური სიურპრიზები“. [3] მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ამ ვითარებას დააკვირდება ერთადერთი კრიტერიუმით – რამდენად გაუარესდება სავაჭრო პირობები რუსეთსა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც დსთ-ის თავისუფალი ვაჭრობის ზონაში რჩებიან. [4] რუსეთის პრემიერ-მინისტრი მედვედევიც ხელშეკრულების რუსეთისთვის უარყოფით შედეგებსა და რუსული ეკონომიკის დაცვის აუცილებლობაზე აკეთებდა აქცენტს. [5] თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ორ სავაჭრო რეჟიმს შორის წინააღმდეგობას ვერ ხედავს. თავის კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მას არ მიაჩნია, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება ეწინააღმდეგება ნორმალურ, ურთიერთხელსაყრელ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან ან რომელიმე სხვა მეზობელთან. [6]

რუსეთის რეაქცია და მხარეების არგუმენტები

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ქართულ და არამარტო ქართულ საექსპერტო წრეებში იყო მოლოდინი, რომ რუსეთი შეეცდებოდა ხელი შეეშალა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესისთვის. აღნიშნული ვარაუდი არ გამართლდა და საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას რუსეთისგან რაიმე დაბრკოლებებისა და წინააღმდეგობების გარეშე მოაწერა ხელი, რასაც საქართველოს ხელისუფლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებად მიიჩნევს. თუმცა რუსეთის რეაქციამ არ დააყოვნა ასოცირების ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდეგ. მხარეებს შორის პრაღაში გამართული შეხვედრების შემდეგ მალევე, 30 ივლისს რუსეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა სამთავრობო კანონპროექტირუსეთსადასაქართველოსშორისთავისუფალივაჭრობისშესახებშეთანხმებისშეჩერებისთაობაზე. როგორცპროექტისდადგენილებაშიანათქვამი, საქართველოსთან 1994 წლის 3 თებერვალსხელმოწერილითავისუფალივაჭრობისშესახებშეთანხმებისმოქმედებისშეჩერებარუსეთისშესაბამისუწყებებთან – საგარეო საქმეთა, იუსტიციისადაეკონომიკურიგანვითარებისსამინისტროებთან, არისშეთანხმებული. [7] ოფიციალური მოსკოვი აღნიშნულ გადაწყვეტილებას საკუთარი ბაზრის დაცვის აუცილებლობით ხსნის. რუსეთში შიშობენ, რომ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედების შედეგად ევროპული საქონელი რუსეთის ბაზარზე საქართველოდან საბაჟო გადასახადის გარეშე მოხვდება, ვინაიდან საქართველო დსთ-ს თავისუფალი ვაჭრობის ზონაშია. [8] თუმცა რუსეთის ეს არგუმენტი საფუძველს მოკლებულია. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედებით იქმნება შესაძლებლობა, რომ ქართული პროდუქცია გავიდეს ევროპულ ბაზარზე. მაშინ, როცა ევროპული (და არამარტო ევროპული) იმპორტისთვის ქართული ბაზარი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდეც ღია იყო. შესაბამისად, რეექსპორტის საფრთხე აქამდეც უნდა დამდგარიყო. გარდა ამისა, ეკონომისტ ვახტანგ ჭარაიას თქმით, არ არსებობს საჭიროება, რომ ევროპული საქონელი საქართველოს გავლით გავიდეს რუსეთის ბაზარზე, ვინაიდან, რუსეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია არეგულირებს. [9]

რუსეთის გადაწყვეტილების პოლიტიკური ფაქტორი გაცილებით რეალურია. რუსულ პოლიტიკურ ელიტაში ასოცირების ხელშეკრულება განიხილება როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რასაც ლოგიკურად შესაძლოა, მოჰყვეს ნატოში ინტეგრაცია. რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა მოლდოვის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას მოლდოვის ნატოში ინტეგრაცია მოჰყვება. „ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა ნატოში ინტეგრაციაა, მოლდოვაც არ იქნება გამონაკლისი,“- განაცხადა როგოზინმა. შეიძლება ითქვას, იგივე ლოგიკაა საქართველოსთან მიმართებაშიც. რუსეთში შიშობენ, რომ ევროკავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაციას მოჰყვება ევროატლანტიკურ უსაფრთხოების სივრცეში საქართვლოს ინტეგრაცია. რუსეთის გადაწყვეტილების პოლიტიკურ ფაქტორზე საუბრობს ასევე რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სიტუაციური ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი, სერგეი უტკინი:

„ვფიქრობ, ასოცირების ხელშეკრულება ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოსთვის. მოკლევადიან პერსპექტივაში, შედეგი იქნება მცირე, თუ საერთოდ იქნება, რამაც შესაძლოა მოსახლეობის იმედგაცრუება გამოიწვიოს. რაც შეეხება რუსეთთან დამოკიდებულებას, ხელშეკრულება არ ქმნის წინააღმდეგობებს რუსეთთან ურთიერთობებში, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ხელისუფლება არ გადაწყვეტს ასოცირების ხელშეკრულება საქართველოზე ზეწოლისათვის გამოიყენოს. პირიქით, თუ საქართველო ისარგებლებს ასოცირების ხელშეკრულებით, რუსეთისთვის ეს მომგებიანიც იქნება, რადგან ისიც ისარგებლებს თავისი სავაჭრო პარტნიორის მდგრადი და ძლიერი ეკონომიკით.“- აცხადებს უტკინი [11]

რუსეთის გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შეწყვეტის შესახებ, სავარაუდოდ, მოულოდნელი არ ყოფილა საქართველოს ხელისუფლებისთვის. მთავრობის წარმომადგენლები რუსეთის გადაწყვეტილებაში რაიმე დრამატულს ვერ ხედავენ. „არ არის ეს კატასტროფა, მგონია მასზე რთული გაგვივლია ჩვენ და ამის რაღაც განსაკუთრებულ დრამატიზებას ვერ მოვახდენ,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. [12]

რუსეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროები. უწყებების წარმომადგენლები რუსეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გაუქმებით ქვეყნის ეკონომიკისთვის რაიმე მნიშნველოვანი ზიანის მიყენებას არ ვარაუდობენ. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, რუსეთში საქართველოდან ექსპორტი 20%-ზე მაღალი ტარიფით ვერ დაიბეგრება, რადგან რუსეთს აქვს შეთანხმება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან, რომ ამ ტარიფზე მაღალი დაბეგვრის რეჟიმი არ გამოიყენოს. [13] თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გაუქმების დადებით ფაქტორზე საუბრობს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია: „ამ საკითხს არეგულირებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომლის წევრებიც ვართ ორივე სახელმწიფო. ეს გამოიწვევს თანაბარ პირობებში, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის დაბეგვრას… გასათავლისწინებელია სავაჭრო სალდო: ჩვენთან რუსეთიდან იმპორტი უფრო მეტია, ვიდრე ექსპორტი. ჩვენთვის, შემოსავლების თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება დადებითი იქნება,“ – განაცხადა დანელიამ. [14] თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ტარიფების დაწესება გამოიწვევს პროდუქციის ფასების ზრდას. ეს კი განსაკუთრებით საგრძნობი იქნება ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის, ვინაიდან რუსეთიდან შემოდის ისეთი საქონელი, როგორიცაა: ხორბალი, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ელექტროენერგია, მზესუმზირის ზეთი, სიმინდი და სხვა. [15]

დასკვნა

დღეს რუსეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. საქსტატის ივლისის მონაცემებით, 303.6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ბრუნვით, რუსეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია თურქეთის, აზერბაიჯანის და ჩინეთის შემდეგ. 2014 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან 35.4%–ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ძირითადად, რუსეთში ქართული ექსპორტის 3.5–ჯერ გაზრდის ხარჯზე. [16] აღნიშნული ციფრები და ტენდენცია აჩვენებს, რომ რუსეთის ბაზრის მნიშვნელობა საქართველოსთვის და ექსპორტის მაჩვენებლის ზრდისთვის, ერთმნიშვნელოვნად მაღალია. რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლებას ეს ძალიან კარგად ესმის და ეკონომიკური ბერკეტების მეზობელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლისათვის გამოყენება რუსეთისთვის ჩვეული პრაქტიკაა. პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეიძლება იქნეს განხილული რუსეთის მიერ საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გაუქმება. რუსეთის რეაქცია ასოცირების შეთახმებაზე უფრო გეოპოლიტიკური გავლენის დაკარგვის შიშითაა გამოწვეული, ვიდრე ეკონომიკური გათვლებით. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა წინააღმდეგობაშია რუსეთის ევრაზიული კავშირის იდეასთან, შესაბამისად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროინტეგრაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს რუსეთი საკუთარი ინტერესებისათვის საფრთხედ აღიქვამს. რუსეთი ვერ ეგუება პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე პოლიტიკური გავლენის დაკარგვას და „სჯის“ ქვეყნებს საკუთარი საგარეო პოლიტიკური არჩევანის გამო. როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელები, ასევე ეკონომიკის ექსპერტები განმარტავენ, რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაუქმება, თუკი ამას დამატებითი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ხელოვნურად შექმნილი ბარიერები არ მოჰყვება, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას მნიშვნელოვნად არ დააზარალებს. მართალია, ტარიფების დაწესება გამოიწვევს პროდუქციაზე ფასების ზრდას, თუმცა არა დრამატულად. საქართველო და რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები არიან, შესაბამისად, დადგენილ სატარიფო გადასახედზე მეტის დაწესებას იმპორტზე ქვეყნები ვერ შეძლებენ. ამ შემთხვევაში, უფრო მნიშვნელოვანია, რა იქნება რუსეთის მომდევნო გადაწყვეტილება. რამდენად აამოქმედებს მის ხელთ არსებულ სხვა ბერკეტებს, მაგალითად, გამკაცრდება თუ არა ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლი, ან საერთოდ, კიდევ ერთხელ, დააწესებს თუ არა ემბარგოს ქართულ პროდუქციაზე. თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა რომ რუსეთმა ასეთ რადიკალურ მეთოდს მიმართოს, იმ შემთხვევაში, თუ ორ ქვეყანას შორის არსებული ვითარება მკვეთრად არ გაუარესდება. არსებულ ვითარებაში, რუსეთისთვის ემბარგოს მუქარა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე მისი ამოქმედება. კიდევ ერთხელ ეკონომიკური ემბარგოს ამოქმედება ბერკეტია, რომელსაც გამოყენების შემთხვევაში, რუსეთი მას დაკარგავს.

_________________________________________________________________________

[1] http://www.economy.ge/en/media/news/meeting-was-held-on-the-trade-and-economic-issues-within-the-framework-of-informal-dialogue-between-georgia-and-russia

[2] http://civil.ge/geo/article.php?id=28463&search=

[3] http://www.civil.ge/geo/article.php?id=28463

[4] http://www.liberali.ge/ge/liberali/news/119154/

[5] http://itar-tass.com/ekonomika/1350993

[6] http://www.civil.ge/geo/article.php?id=28463

[7] http://www.netgazeti.ge/GE/105/News/34381/;   http://www.gazeta.ru/business/news/2014/07/30/n_6354717.shtml

[8] http://expert.ru/2014/06/26/mid-rf-assotsiatsiya-ukrainyi-gruzii-i-moldavii-s-es-povredit-rossii/

[9] პირადი ინტერვიუ

[10] http://www.moldova.org/rogozin-russia-will-review-economic-relations-moldova-eu-deal-signed/

[11] პირადი ინტერვიუ

[12] http://www.netgazeti.ge/GE/105/News/34381/

[13] http://www.netgazeti.ge/GE/105/News/34404/

[14] http://www.netgazeti.ge/GE/105/News/34400

[15] http://www.economy.ge/uploads/files/sagareo_vachroba/2013_trade_turnover_final_1.pdf

[16] http://civil.ge/geo/article.php?id=28390

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *