• პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

Subscribe to Updates

Get the latest creative news from FooBar about art, design and business.

Facebook Twitter Instagram
Regional DialogueRegional Dialogue
Facebook Twitter Instagram YouTube
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Regional DialogueRegional Dialogue
Home » ქართული ნაციონალური ნარატივები კონფლიქტებთან მიმართებაში: 1991-2012 წლები
სტატიები

ქართული ნაციონალური ნარატივები კონფლიქტებთან მიმართებაში: 1991-2012 წლები

01.03.201611 წუთის საკითხავი
გაზიარება
Facebook Twitter LinkedIn Email

რევაზ ქოიავა

,,კავკასიური სახლის” მკვლევარი

შესავალი

ქართული ნაციონალიზმი, ისევე როგორც ყველა ცალკეული ქვეყნის ნაციონალიზმი, თავისი ბუნებით განსაკუთრებულია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში ნაციონალიზმის თითქმის ყველა ძირითადი ფორმა იყო გამოხატული, რომელთაც საკუთარი გავლენა მოახდინეს ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების წარმოშობასა და მათ შემდგომ განვითარებაზე. სტატიაში ინდივიდუალურად განხილულია საქართველოს სამი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძეს და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს განვითარებული ქართული ნაციონალიზმის ტიპები. აღსანიშნავია, რომ სამივე ლიდერს შეიძლება ვუწოდოთ ნაციონალისტი, თუმცა მათ განსხვავებული იდეები ჰქონდათ ნაციონალიზმისა და მისი გავლენის შესახებ. სამივე პრეზიდენტი სხვადასხვა ქართულ ნაციონალიზმს წარმოადგენს და იმ დაპირისპირების მაჩვენებელია, რომელიც ერთი მხრივ ნაციონალიზმს, ხოლო მეორე მხრივ დემოკრატიასა და თვითგამორკვევის უფლებას შორის არსებობს.

1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოში განვითარებული ნაციონალიზმი რადიკალური ელემენტების სიმრავლით გამოირჩეოდა, თუმცა ეს პერიოდი მალევე დასრულდა. მას შემდეგ ნაციონალისტური განცდების დინამიკა ქართველებში პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე იყო დამოკიდებული და მასთან მიმართებაში მატულობდა ან/და კლებულობდა. შესაბამისად, დამოუკიდებლობის პერიოდის შემდგომ ქართულ ნაციონალიზმს არ შეიძლება ცალსახად რადიკალური ვუწოდოთ და მხოლოდ იგი მივიჩნიოთ საქართველოში გაღვივებული ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების უმთავრეს მიზეზად.

ტერმინი ,,ეთნიკური კონფლიქტი“ სრულად ვერ ახასიათებს საქართველოში არსებულ კონფლიქტებს. იგი ამარტივებს რთულ კონფლიქტებს და ხელს უშლის მისი წარმოშობის მთლიანი სურათის დანახვას. კონფლიქტების „გაეთნიკურება“ გამორიცხავს პოსტსაბჭოთა კრიზისული ვითარების გავლენას, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილებების შიშს, ძლიერი მეზობელი სახელმწიფოების როლს და კომპლექსურ პოლიტიკურ მოვლენას ერთ კონკრეტულ მოდელში ათავსებს. ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების დროს მოსახლეობის მობილიზაცია ეთნიკური ნიშნით კონფლიქტების განვითარებასთან ერთად მიმდინარეობდა და მას წინ არ უსწრებდა. ეს მაგალითები გვაჩვენებს, რომ კონფლიქტი და ომი ისეთივე წარმატებით შეიძლება გახდეს ნაციონალიზმის წარმოშობის წყარო, როგორც პირიქით.[1]

ექსტაზური ეთნიკური ნაციონალიზმი

1980-იანი წლების ბოლოს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენილი ზვიად გამსახურდია და მისი მიმდევრები ეთნონაციონალისტურ იდეოლოგიას მხოლოდ ძალაუფლების მოსაპოვებლად არ იყენებდნენ. გამსახურდია აპელირებდა იმ წარმოდგენებითა და შიშებით, რომელიც მაშინ ეთნიკურად ქართველებში აქტუალური იყო – საქართველოს დაშლის და ეთნიკურად ქართველების დემოგრაფიული კლების შეგრძნება. გამსახურდიას აზრით, ქართველი ხალხი საკუთარ ქვეყანაშივე იყო შევიწროებული და მას, როგორც ისტორიულად პრივილეგირებულ საზოგადოებას უნდა ესარგებლა ავტოქტონურ სამშობლოში განსაკუთრებული უფლებებით.[2] შესაბამისად, ამ პერიოდის ქართული ნაციონალიზმი თავის ანტიპოდად რესპუბლიკაში[3] მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს განიხილავდა. მისი რიტორიკა მოიცავდა ეროვნულ ერთობას, პატრიოტიზმს, უმცირესობის არმიღებასა და მტრების ძიებას. გამსახურდიას მოწოდებები უკავშირდებოდა შიდა და გარე მტრების გამოვლენას, რომელთაც ქვეყანაში არსებული კრიზისი გადაბრალდებოდა. ეროვნული სოლიდარობა გახდა თავშესაფარი პოსტსაბჭოთა პერიოდში წარმოქმნილი ფიზიკური და ეკონომიკური საფრთხეების წინაშე.

1989-1995 წლებს შორის ქართული ნაციონალიზმის გამწვავება კომპლექსურად უნდა განვიხილოთ, რადგან მასზე სულ მცირე სამმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა: პოსტსაბჭოურმა ხელისუფლებამ, სახელმწიფო კრიზისმა და გარედან ჩარევამ.

გამსახურდიას პოლიტიკა ნაციონალიზმის, პოპულიზმის, რელიგიურობისა და კონსერვატიზმის ნაზავს წარმოადგენდა. იგი ქართველთა რასობრივ სიწმინდეს უსვამდა ხაზს და საქართველოს ,,მკვდრეთით აღმდგარ ლაზარეს“ ადარებდა. ამავდროულად იგი აპელირებდა ოჯახური როლით, რელიგიით და შესაბამისად, სოციალური კონსერვატიზმის მიმდევარიც იყო.[4] რაც მთავარია, გამსახურდია ვერ გათავისუფლდა საბჭოთა იმპერიული მემკვიდრეობისგან, რაც ნათლად ჩანდა მის დამოკიდებულებაში ოპოზიციის, პარლამენტის და პრესის მიმართ. იგი ამართლებდა რეპრესიებს შიდა თუ გარე მტრებთან საბრძოლველად. ამასთან ერთად, მის ლექსიკაში ჭარბობდა 1930-იანი წლების საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი ფრაზები („ერის მტერი“, „კრემლის აგენტი“, „კრიმინალი“).[5] ამ კუთხით იგი საბჭოთა პროდუქტი იყო, – შეუწყნარებელი და კონსპირაციული თეორიების მოყვარული, რაც აძლიერებდა ქართველთა შეშფოთებას საკუთარ ქვეყანაში კონტროლის დაკარგვის შესახებ.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს  დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სახელმწიფოს სწრაფი დაშლა წარმოადგენდა. სწრაფმა დემოკრატიზაციამ უარყოფითი შედეგი მოიტანა. მაიკლ მანის აზრით, სუვერენიტეტისა და სახალხო მმართველობის ლიბერალურმა ღირებულებებმა შეიძლება მიგვიყვანოს ნაციონალიზმის ყველაზე დამანგრეველ შედეგებამდე.[6] ქართული ნაციონალიზმისგან ვერ გამოვრიცხავთ იმ სიღარიბესა და უთანასწორობას, რომელიც საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამკვიდრდა. ქართული ნაციონალიზმის რადიკალიზაცია გარკვეულწილად რეაქცია იყო პოსტსაბჭოთა ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისზე.

მნიშვნელოვანია ასევე რუსეთის ჩარევა ამ პროცესებში, განსაკუთრებით კი აფხაზეთში. რუსეთის კავშირი აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არა ეთნიკურ, არამედ იდეოლოგიურ საფუძველზე იდგა და პროდასავლური ქართული სახელმწიფოს მშენებლობის წინააღმდეგ იყო მიმართული.

გამსახურდიას „ალყაში მოქცეული ქართველების“ რიტორიკას დაუპირისპირდა აფხაზური და ოსური ადგილობრივი ნაციონალისტური პროექტები. სვანტე კორნელი აღწერს, თუ როგორ ახდენდა საბჭოთა კავშირი ავტონომიური ტერიტორიული ერთეულების შექმნით და პოზიტიური დისკრიმინაციის პროგრამებით აფხაზური და ოსური ნაციონალიზმების გაღვივებას.[7]

სამხრეთ ოსეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებასა და უმაღლეს საბჭოში არასანქცირებული არჩევნების საპასუხოდ საქართველოს პარლამენტმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსი გააუქმა. განსხვავებული იყო პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ. 1991 წელს დაიდო კონცესუალური შეთანხმება აფხაზეთთან, რომლის შედეგადაც აფხაზეთში მცხოვრები ქართველები პოლიტიკურად უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. აფხაზებმა უმრავლესობა მიიღეს ადგილობრივ პარლამენტში, რამაც მათ სამართლებრივი უფლებებისა და პოლიტიკური გავლენისთვის შედარებით უზრუნველყოფილი დაცვა მიანიჭა. მსგავსი დამოკიდებულების მიზეზი შესაძლოა გამსახურდიას შეხედულებები ყოფილიყო ეროვნულ უმცირესობებზე. გამსახურდია აფხაზებს ავტოქტონურ ხალხად მიიჩნევდა, ხოლო ოსები კი არ წარმოადგენდნენ საქართველოს ძირძველ მოსახლეობას.[8] გამსახურდიასთვის მთავარი იყო სახელმწიფო სუვერენიტეტის შენარჩუნება; მაგრამ კონფლიქტების გამწვავების პარალელურად, განსაკუთრებით კი პირველი შეტაკებების შემდეგ, მისი რიტორიკა შეიცვალა და შეეხო კულტურული და ისტორიული შეუთავსებლობის საკითხებს.

როჯერ პეტერსენი თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ სისხლიანი კონფლიქტი იშვიათადაა ერთსულოვანი ნაციონალური მხარდაჭერით განპირობებული. მასში მონაწილეობენ ენთუზიასტებიც, კონფლიქტის მოწინააღმდეგეებიც და ნეიტრალურად განწყობილი პირებიც.[9] აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაშიც შეიძლება ითქვას, რომ ორივე მხარე ეროვნული კონფლიქტის მსხვერპლი უფრო იყო, ვიდრე კონფლიქტის წარმომშობი. ვ.პ. გენიო სერბეთში მიმდინარე მოვლენებს 1990-იანი წლების დასაწყისში ელიტების „კონფლიქტის სტრატეგიას“ უწოდებს, როდესაც ყოფილმა კომუნისტურმა ელიტამ ოპოზიციური მოძრაობების საწინააღმდეგოდ ნაციონალიზმის აგრესიული ფორმა გამოიყენა.[10] ეს დეფინიცია ქართულ-აფხაზურ კონფლიქტსაც შეესაბამება. ადგილობრივმა აფხაზურმა ელიტამ საკუთარი პოზიციების შესანარჩუნებლად გამოიყენა ნაციონალისტური რიტორიკა, რუსეთის მხარდაჭერა და თბილისის შოვინისტური განცხადებები. თავის მხრივ, ქართული ელიტა საკუთარ „კონფლიქტის სტრატეგიას“ ავითარებდა. ნახევრად გასამხედროებული ლიდერები აფხაზეთში გამარჯვებას რეიტინგის გასაზრდელად და ფინანსური რესურსების დასაგროვებელ საშუალებად განიხილავდნენ. შედეგად ორივე კონფლიქტის შემთხვევაში ნაციონალისტური რიტორიკა ომის ეტაპზე ან უშუალოდ მის წინ გამოჩნდა. კონფლიქტის დაწყების მიზეზი კი ზემოდან გენერირებული სტრატეგია ან მოგების მიღების სურვილი იყო და არა „ეთნიკური“ მიკუთვნებულობა.

ერიკა ბენერი რეცენზიაში, რომელიც ნაციონალიზმის შესახებ ცვლებად ნორმატიულ შეხედულებებს ეხება აღნიშნავს, რომ ეთნიკურ ნიადაგზე შექმნილი მოძრაობები და იდეოლოგიები კომპლექსურია. ახალი გარემოებები კი მათ ლიდერებს რამდენიმე წელიწადში დაამხობენ, მათ მიზნებსა და გამოხატვის ფორმებს კი გარდაქმნიან.[11] გამსახურდიას ეთნიკური ნაციონალიზმის რეჟიმმაც ერთი წელიც ვერ იარსება და სამხედრო გადატრიალების შედეგად დაემხო. 1990 წელს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ,,საყოველთაო აღტკინებით“ არჩეული ზვიად გამსახურდია კი სამი წლის შემდეგ საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

პრაგმატული სამოქალაქო ნაციონალიზმი

1992 წლის მარტში საქართველოში დაბრუნებულმა ედუარდ შევარდნაძემ ქართული პოლიტიკის ე.წ. ლიბერალურ პრინციპებზე გადაყვანა დაიწყო. შევარდნაძე საქართველოს ისტორიას ინტერეთნიკური თანამშრომლობის დადებით მაგალითად მოიხსენიებდა. ნაციონალისტური რიტორიკა გაქრა და მისი ადგილი მოქალაქეობის, უმცირესობათა უფლებების და ფედერალიზმის ცნებებმა დაიკავა. მიუხედავად ამისა, შევარდნაძეს ნაციონალიზმზე უარი არ უთქვამს და მისი სახელმწიფოს მშენებლობაში ჩართვა სცადა. ნაციონალიზმი იქცა „ინსტიტუტად“, რომლის ფარგლებშიც შევარდნაძე საუბრობდა შერიგებისა და საქართველოს ევროპასთან ალიანსის აუცილებლობაზე.

შევარდნაძის ხელისუფლებამ სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოები შექმნა დემოკრატიული მრავალეროვნული საზოგადოებისთვის, – მათ შორის სამოქალაქო და უმცირესობათა უფლებების დაცვის კონსტიტუციური და საკანონმდებლო ნორმები. კანონი მოქალაქეობის შესახებ უპირობოდ ანიჭებდა მოქალაქის სტატუსს საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს. 1997 წელს საქართველოს პასპორტებიდან ამოიღეს ეროვნულობის აღმნიშვნელი რეკვიზიტები. ქართველმა კანონმდებლებმა გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციისა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის რატიფიცირება მოახდინეს. შეიქმნა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტი და სახალხო დამცველის ინსტიტუტი უმცირესობათა უფლებების განხორციელებაზე მონიტორინგისთვის. შევარდნაძის გამოსვლებმა ხელი შეუწყო პარლამენტში 1992-1995 წლებში გაბატონებული შოვინისტური ისტერიის განელებას. მაგრამ შევარდნაძის ხელისუფლება სერიოზულ პრობლემას წააწყდა ეროვნულ უმცირესობათა პოლიტიკურ სისტემაში ინტეგრაციის დროს. არ არსებობდა ერთიანი სტრატეგია და ცუდად მუშაობდა ერთიანი სახელმწიფო  მენეჯმენტი ამ მიმართულებით. კანონპროექტი ეროვნულ უმცირესობებსა და ენის შესახებ კანონად არ ქცეულა. არაქართველებით დასახლებულ ოლქებს კვლავ ცენტრიდან დანიშნული გუბერნატორები მართავდნენ, ხოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტში სულ რამდენიმე დეპუტატი შედიოდა ეროვნულ უმცირესობათა ჯგუფებიდან.[12]

შევარდნაძე თავდაპირველად, ასიმეტრიული ფედერაციის შექმნას აპირებდა, რომელშიც აფხაზეთი, აჭარა, სამხრეთ ოსეთი და საქართველოს ცხრა ისტორიული მხარე შევიდოდა; მაგრამ ფედერალიზმის იდეა ქართველ პარლამენტარებს აღიზიანებდათ. ისინი სწორედ საბჭოთა ფედერალიზმს ადანაშაულებდნენ აფხაზურ და ოსურ სეპარატიზმში.[13] კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობაში შევარდნაძის ხელისუფლებას ხელს უშლიდა შიდა პოლიტიკური სისუსტეც. მისი პრეზიდენტობის დროს არ არსებობდა კონსენსუსი სახელმწიფოს არსზე, მის პოლიტიკურ ღირებულებებსა და ამოცანებზე. საყოველთაო კორუფციამ დაასუსტა ეროვნული ბაზრისთვის საჭირო ინფრასტრუქტურები. მოსახლეობის უმრავლესობისთვის საბაზისო ეკონომიკური კეთილდღეობის არარსებობამ კი სახელმწიფოს და მოქალაქის გათიშულობა გააღრმავა.

ამ პირობებში ერთადერთი ქმედითი ნაბიჯი კონფლიქტების დარეგულირების კუთხით იყო გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, დიტერ ბოდენის გეგმა „უფლებამოსილებათა გამიჯვნის ძირითადი პრინციპები თბილისსა და სოხუმს შორის“, ე.წ. „ბოდენის დოკუმენტი“. საქართველოს მთავრობამ აღნიშნული გეგმა მოიწონა, თუმცა ის მიუღებელი აღმოჩნდა აფხაზეთის ხელმძღვანელობისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გაერო და ეუთო კონფლიქტების დარეგულირების საკითხში შეთანხმებულად არ მუშაობდნენ, არც საკმარისი რესურსები იხარჯებოდა ამ მიმართულებით და რეალურად რუსეთის „მშვიდობისდამცველად“ აღიარებას შეუწყვეს ხელი.

რევოლუციური ნაციონალიზმი

მიხეილ სააკაშვილი გუნდთან ერთად ხელისუფლებაში რევოლუციის გზით მოვიდა. მისი მიზანი იყო ქართველების ეროვნული სიამაყე უმცირესობების სამოქალაქო პატრიოტიზმისთვის შეერწყა. გამარჯვების შემდეგ, სააკაშვილმა პირველ რიგში ეროვნული სიმბოლოების განახლება დაიწყო. ახალი დროშა „ქრისტიანულ სიმბოლოს, მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს“ განასახიერებდა. ამავდროულად პრეზიდენტის გამოსვლები სავსე იყო ქართველთა გმირობის შესახებ ისტორიებით. მაგალითად, 2004 წელს მისი ინაუგურაცია დავით აღმაშენებლის საფლავზე მოხდა. სააკაშვილმა 1990-იანების რადიკალური ნაციონალიზმის იდეაც შეცვალა და განაცხადა, რომ საქართველო „მხოლოდ ქართველების კი არა, ყველა ეთნიკური უმცირესობის სახლი იყო”: „ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც საქართველოს თავის სამშობლოდ მიიჩნევს, იქნება ის რუსი, აფხაზი, ოსი, აზერბაიჯანელი, სომეხი, ებრაელი, ბერძენი, უკრაინელი თუ ქურთი – ჩვენი სიმდიდრე და საგანძურია“.[14] მიუხედავად ამისა, სააკაშვილის ემოციური გამოსვლები ძირითადად ქართველთა ისტორიულ დიდებასა და განსაკუთრებულ წვლილს ეხებოდა, რაც ნაკლებად ჯდებოდა მულტიკულტურალიზმის კონცეფციაში.

სხვა რევოლუციონერების მსგავსად, მასაც სურდა ისეთი სახელმწიფო შეექმნა, რომელიც ანგარიშვალდებული იქნებოდა მოსახლეობის წინაშე და მის საჭიროებებზე სწრაფად მოახდენდა რეაგირებას.

,,ვარდების რევოლუციამ“ მასობრივი მონაწილეობით, პირდაპირი მოქმედებით და ახალგაზრდული დინამიზმით კვლავ მიიზიდა ხალხი. რევოლუცია სახელმწიფოს მართულ პატრიოტიზმად გადაიქცა და რევოლუციურ ნაციონალიზმად ჩამოყალიბდა. მან გააერთიანა ოფიციალურ დონეზე გაცხადებული მულტიკულტურალიზმი „ახალი“ ქართველების შექმნის იდეასთან, რაშიც გადამწყვეტი როლი ახალგაზრდათა პატრიოტულ ბანაკებსა და სამხედრო პროპაგანდას უნდა ეთამაშა. ამავდროულად სააკაშვილი გამსახურდიასეული პოპულიზმის გავლენასაც განიცდიდა და საქართველოს განსაკუთრებულ მისიაზე აკეთებდა აქცენტს.

სააკაშვილის მთავრობამ სამხრეთ ოსეთს ფედერალური მოწყობის ჩარჩოები შესთავაზა და მისი ავტონომიისთვის სამი პროგრამა შეიმუშავა. სამივე ინიციატივა ამ რეგიონს პოლიტიკურ ავტონომიას და პარლამენტის არჩევის უფლებას ანიჭებდა. საქართველოს პარლამენტში კი კვოტაც წესდებოდა ოსი დეპუტატებისთვის. საქართველოს ინიციატივაზე, ისევე როგორც ევროკავშირისა და ეუთოს მიერ შემოთავაზებულ სქემებზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა.

სააკაშვილი პარალელურად აგრძელებდა ემოციურ რიტორიკას, ავითარებდა ანტირუსულ დისკურსს და საქართველოს მიწების დაბრუნების პირობას დებდა. იგი უარს აცხადებდა ქვეყნის პოლიტიკური კურსის დებატებში ოპოზიციის ჩართვაზე. სააკაშვილმა უარყო შესაძლებლობები (2005 და 2008 წლებში), რომელიც სამივე მხარეს (ქართველებს, აფხაზებს და ოსებს) დაავალდებულებდა ომის განუახლებლობაზე შეთანხმებას. აღნიშნულმა რიტორიკამ, რუსეთის სტრატეგიულ  მიზნებთან, ვაჭრობის და კონტრაბანდის გამო შიდა კონფლიქტებთან და სხვა არაეთნიკურ ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კონფლიქტის გაღვივებაში, რამაც საბოლოოდ 2008 წლის ომი და რუსეთის მხრიდან კონფლიქტური რეგიონების აღიარება გამოიწვია.

2008 წლის საინაუგურაციო სიტყვაში სააკაშვილმა განაცხადა: „ქართული სახელმწიფოს აღმავლობა ან დაცემა დამოკიდებული იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცესა ან სისუსტეზე: ძლიერ დემოკრატიაზე, სოლიდურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ სასამართლოზე, სამოქალაქო კონტროლს დაქვემდებარებულ არმიაზე, პასუხისმგებლობის მქონე მთავრობასა და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებაზე“.[15] ეს კანტისეული კრიტერიუმები საქართველოში რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ ომის თავიდან აცილება მოხდებოდა და სააკაშვილის სიტყვებით, რუსეთი ვერ მოახერხებდა ციხის შიგნიდან გატეხვას და საქართველოს სისუსტეების გამოყენებას.[16]

დასკვნა

ნაციონალიზმი დღეს გადაჭარბებით არის შეფასებული ქართული პოლიტიკის „მამოძრავებელ“ ძალად და დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ რადიკალური ნაციონალიზმის რიტორიკა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის წლებში იყო პოპულარული ქართველებში. ქართული ნაციონალიზმი ამ პერიოდში ერიკ ჰობსბაუმის მიერ აღწერილ გვიანი მეოცე საუკუნის გამომრიცხველ მოძრაობებს ჰგავდა.[17] ის ერთდროულად რადიკალურიც იყო და პოპულისტურიც. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაკარგვამ, სამოქალაქო ომმა საქართველოში ნაციონალიზმის ცვლილება გამოიწვია. შევარდნაძემაც და სააკაშვილმაც მოდერნიზებული ნაციონალიზმის ფორმები შექმნეს და იგი სახელმწიფოს სტაბილიზაციისთვის გამოიყენეს. ქართული ნაციონალიზმი დღეს ბევრად უფრო ლიბერალურია და იგი გათავისუფლდა 1990-იანების დასაწყისის აგრესიული რიტორიკისგან.

ამავდროულად აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეთნოპოლიტიკური დაპირისპირებები საქართველოში კონსტიტუციურ საკითხებთან, ტერიტორიულ სტატუსთან და თვითმმართველობის უფლებებთან დაკავშირებით დაიწყო და მასში მხოლოდ მოგვიანებით გამოჩნდა ეთნიკური ელემენტები. ყოველი კონფრონტაცია კიდევ უფრო აღრმავებდა უსამართლობის და დაჩაგრულობის შეგრძნებას და ყოველ მონაწილე მხარეს უბიძგებდა ეთნიკური ნაციონალიზმისთვის მიემართა. საქართველოს „ეთნიკური“ პრობლემების გამოყოფა ეკონომიკური და სოციალური სირთულეებისგან შეუძლებელია.

სტივენ ჯონსის აზრით, ქართული ნაციონალიზმი უახლოეს მომავალში არ იქცევა ლიბერალურ ინტეგრაციულ მოდელად, რადგან ეს თავად საქართველოს ეროვნული უმცირესობებისთვის არის მიუღებელი.[18] ისინი რასმა კარკლინსის აღწერილი „ეთნოპლურალისტური“ სისტემის შენარჩუნებას ემხრობიან, რომელშიც აღიარებული იქნება მათი დამოუკიდებელი ეროვნული უფლებები.[19] საქართველოს მრავალეროვნული ტრადიციები ამგვარი მოდელის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის საშუალებას იძლევა. მაგრამ ასეთი მოდელის ეფექტურობა დამოკიდებული იქნება სახელმწიფოს ავტორიტეტზე, სტაბილურ რეგიონულ გარემოზე და სოციალური და პოლიტიკური ეკონომიკის შეცვლაზე.

 

______________________

[1] Smith, A. Theories of Nationalism. 2nd ed.; London: Duckworth; 1983

[2] ჯონსი, ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი; თბილისი, 2013

[3] ავტორის შენიშვნა: 1995 წლის კონსტიტუციამდე საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური სახელწოდება იყო ,,საქართველოს რესპუბლიკა”.

[4] გურამ რჩეულიშვილის მოსაგონარი; ზვიად გამსახურდია, წერილები, ესეები; გამომცემლობა ,,ხელოვნება“. თბილისი, 1991; გვ. 548

[5] გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, N.11, 1990,  18 დეკემბერი, გვ. 2

[6] Mann, M., “The Dark Side of Democracy: Explaining Ethnic Cleansing”, Cambridge: Cambridge University Press; 2004

[7] Cornell, S., Small Nations and Great Powers: A Study of Ethnopolitical Conflict in the Caucasus, Richmond: Curzon Press; 2001

[8] Nodia, G., “The Conflict in Abkhazia: National Projects and Political Circumstances”, Koln: Bundesinstitut fur ostwissenschaftliche und internationale Studien; 1998; p. 30-31

[9] Petersen, R., Resistance and Rebellion: Lessons from Eastern Europe, Cambridge: Cambridge University Press; 2001

[10] V.P. (Chip) Gagnon, Jr; “Yugoslavia in 1989 and after”, Nationalities Papers; N.1; 2010 (January); p. 23-39

[11] Benner, E., “Nationality without nationalism”, Journal of Political Ideologies; N.2; 1997 (June); p. 189-206

[12] ჯონსი, ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“; თბილისი; სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი; 2013

[13] კეშელავა, ვ. და ლორთქიფანიძე, ვ., საქართველოს ფედერალიზაციის პერსპექტივები: pro et contra; თბილისი: აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა კვლევის საერთაშორისო ცენტრი; 2000; გვ. 14

[14] „მიხეილ სააკაშვილი ფიცს დებს“. ხელმისაწვდომია: www.president.gov.ge/en/President/Inauguration

[15] პრეზიდენტ სააკაშვილის საინაუგურაციო სიტყვა, 20 იანვარი, 2008. ხელმისაწვდომია: www.president.gov.ge/en/President/Inauguration

[16] ხელმისაწვდომია: www.president.gov.ge/en/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2265&i=1

[17] Hobsbawm, E., Nations and Nationalism Since 1870; Cambridge University Press; Online Publication Date: July 2012; Chapter 6

[18] ჯონსი, ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ”. თბილისი; სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი; 2013

[19] Karklins, R., “Ethnopluralism: Panacea for East Central Europe?. Nationalities Papers; 2000; p. 219-241

აფხაზეთი კონფლიქტები ნაციონალიზმი სააკაშვილი სამხრეთ ოსეთი საქართველო

მსგავსი პოსტები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022
ახალი ამბები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

დე ფაქტო სახელმწიფოები პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან

04.12.2022

ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯების სამართლებრივი მიმოხილვა და შეფასება

04.12.2022
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • YouTube

ომის კვალი შავ ზღვაში

ბლოგი 31.03.2023

რას ამბობენ მეთევზეები ბათუმის თევზის ბაზარი ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუ ბათუმს სტუმრობთ.…

კრებული “კლიმატის ცვლილება და დემოკრატიული საზოგადოება”

31.12.2022

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკა

04.12.2022

რას გვიყვებიან მწერლები ომზე: კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“

04.12.2022

Subscribe to Updates

Get the latest creative news from SmartMag about art & design.

„კავკასიური სახლის“ პროექტი

  • კავკასიური სახლი 0155 თბილისი, საქართველო გალაკტიონ ტაბიძის 20
  • (+995 32) 2 935088;     (+995 32) 2 996022
  • info@caucasianhouse.ge
  • FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.

Facebook Youtube Instagram Twitter
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

© 2023 რეგიონალური დიალოგი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია Rankers Digital-ის მიერ

ჩაწერეთ ზემოთ და დააჭირეთ Enter საძიებლად. გასაუქმებლად დააჭირეთ Esc.