მარსიანი: “გლობალური კატასტროფა ვითომ ერთმანეთისაგან განარჩევს ბრძენსა და სულელს, ძლიერსა და სუსტს, მდიდარსა და ღარიბს?”

ალბათ მთელი კაცობრიობა რომ ერთბაშად გონს მოვიდეს, ყველამ რომ გააცნობიეროს ის საფრთხე, რაც მსოფლიოს ემუქრება და ყველამ რომ შეთანხმებულად ისურვოს ჩვენი პლანეტის გადასარჩენად მაქსიმალური ძალისხმევის განხორციელება, მაშინაც კი, ჩანს, მთლიანად ვერ აღმოიფხვრება ის ზიანი, რაც ადამიანმა უკვე მიაყენა ბუნებას; და რაღა უნდა ვთქვათ რეალურ ვითარებაზე, როცა ამქვეყნად ორი ადამიანიც კი არ მოიძებნება, ერთმანეთთან სრულფასოვნად შეთანხმებულ-შეჯერებული აზრით რომ მოქმედებდეს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

არადა ყველანი ერთ ტაფაში ვიწვით: გლობალური კატასტროფა ვითომ ერთმანეთისაგან განარჩევს ბრძენსა და სულელს, ძლიერსა და სუსტს, მდიდარსა და ღარიბს? აქვს კი ვინმეს (თუნდაც ამა ქვეყნის ძლიერთ) გადარჩენის შანსი, თუ ხსენებული კატასტროფა თავს დაატყდება ჩვენს პლანეტას? სადმე სხვა პლანეტაზე გადაბარგდებიან და იქ შექმნიან სრულფასოვან საარსებო პირობებს? ძალიან კი ვამაყობთ ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და ა.შ. დარგებში მიღწეული აღმოჩენებით, მაგრამ ამ მეცნიერებათა სადღეისო მიღწევები ვითომ საკმარისია თუნდაც ადამიანთა „რჩეული უმცირესობის“ გადასარჩენად? (იგულისხმება, რომ დანარჩენი კაცობრიობა — რამდენიმე მილიარდი ადამიანი, და ალბათ პრაქტიკულად მთელი ცოცხალი ბუნებაც, უბრალოდ, განწირულია დასაღუპად).

ამგვარ მძიმე ფიქრებს აღძრავს „კავკასიური სახლის“ გამომცემლობის მიერ 2016 წელს დასტამბული წიგნი „მწვანე ანთოლოგია“ („პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანე თვალთახედვით“). ამ წიგნში წარმოდგენილია რამდენიმე გერმანელი ავტორის ნააზრევი თანამედროვე მსოფლიოს ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. თუ რაიმეში თანხვდება ერთმანეთს ამ ავტორთა შეხედულებები, უპირველეს ყოვლისა იმაში, რომ პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობა ცალსახად საგანგაშოა. ამას ჩვენც, არასპეციალისტებიც ვხედავთ, მაგრამ სპეციალისტების მიერ დეტალებში წარმოდგენილი სურათი თავისი შემზარავი რეალურობის გამო უკიდურესად დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ახდენს. სრულიად ცხადი ხდება, რომ ნაღმზე ვზივართ და ყოველი გაუფრთხილებელი მოძრაობა შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.

კაცობრიობა ამ მდგომარეობამდე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აღმოჩენების შედეგად განხორციელებულმა ტექნოლოგიებმა მიიყვანა. ამ მეცნიერებებს კი სადღეისოდ იმის ძალა არ შესწევთ, მათ მიერ ბოთლიდან ამოშვებული ბოროტი ჯინი მშვიდობიანად უკანვე ჩააბრუნონ. ჯერჯერობით უფრო პირიქითაა — ახალ აღმოჩენებს ახალი ტექნოლოგიები მოჰყვება, რომლებიც კიდევ უფრო ავიწროებენ და აწუხებენ ბუნებას, ახალ ხიფათებს უქმნიან სასიცოცხლო სივრცეს. თუმცა არის სასიხარულო გამონაკლისებიც — ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროების გამოსაყენებლად შექმნილი ტექნოლოგიები (მაგ. მზისა და ქარის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურები), ასევე ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტების დასამზადებელი ტექნოლოგიები (არაიშვიათად „მოძველებულის“ მივიწყებულ აღდგენას რომ გულისხმობს), აგრეთვე ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის (მაგ., ელექტომობილების) მასობრივად დანერგვის ცდები და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერჯერობით ზღვაში წვეთია. თანამედროვე ცივილიზაცია ისეთ რელსებზეა შემგარი და ისეთი თავბრუდამხვევი აჩქარებით მიიწევს წინ, რომ მისი შენელება-დამუხრუჭების ნებისმიერი მცდელობა მეტისმეტად უღონოდ გამოიყურება უსაფრთხოების თუნდაც მინიმუმის მისაღწევად.

წიგნში წარმოდგენილი ავტორები ღრმად და კომპეტენტურად განიხილავენ საკითხთა მთელ სპექტრს, ურომლისოდაც ეკოლოგიური აზროვნება ღირებული ვერ იქნება: ისინი ეკონომიკის, პოლიტიკის, კულტურის, მეცნიერების ურთიერთმიმართებათა ანალიზით აკეთებენ დასკვნებსა და პროგნოზებს, ცდილობენ დასახონ კრიზისიდან თავდასაღწევი გზები. ყველა მათგანი აღიარებს იმ რეალობას, რომ ეკოლოგიური მოძრაობა უდიდეს წინააღმდეგობებს აწყდება თავისი მიზნების აღსრულების გზაზე: ეკოლოგიური პრობლემების პოზიტიურად გადაწყვეტის შემთხვევაში ხომ მთელი რიგი სისტემები შეიძლება დაზარალდეს — იქნება ეს ნავთობისა თუ გაზის მომპოვებელი კომპანიები, სოფლის, მეურნეობის სისტემა (თავისი გენმოდიფიცირებული პროდუქციით), საბანკო სისტემა, მსოფლიო სავაჭრო ქსელი, მრეწველობის მრავალი დარგი (მგ., საავტომობილო წარმოება) და ა.შ. კაპიტალისტური ცნობიერება ჯერჯერობით შორსა დგას იმის შეგნებისაგან, რომ კაცობრიობის საკეთილდღეოდ ადამიანმა შეიძლება ზოგჯერ უარი თქვას პირად მოგებაზე; ამ წიგნში მოყვანილი ერთი მაგალითის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, ფრიად სკეპტიკურ დასკვნამდე მივალთ: იმ სამყაროში, სადაც ორ სუპერმაგნატს შეუძლია იმაში გაეჯიბროს ერთმანეთს, თუ რომელი მათგანი უფრო გრძელი იახტის მფლობელი გახდება (რათა ამით „უპირატესობა“ მოიპოვონ ერთმანეთზე), ძნელია საყოველთაო კეთილდღეობაზე ილაპარაკო და ამ მხრივ რაიმე მიზანმიმართული ქმედების განხორციელებისას ხისტ წინააღმდეგობებს არ წააწყდე. ჩვენ რაც არ უნდა თავი მოგვქონდეს კაცობრიობის მიერ თავისი არსებობის მანძილზე დაგროვილი სულიერი თუ მატერიალური ფასეულობებით, მაინც გვმართებს გავიცნობიეროთ, რომ კაცობრიობა, თუ მას ერთ სულიერ მთლიანობად წამოვიდგენთ, ჯერაც არ გამოსულა ბავშვობის ასაკიდან და თავისი განვითარების ყველაზე სახიფათო ეტაპზე დგას ამჟამად: ეს ის ეტაპია, როცა ბავშვს განსაკუთრებული მიდრეკილება უჩნდება დესტრუქციისაკენ — ის ცდილობს, რაზეც კი ხელი მიუწვდება, ყველაფერი დაამსხვრიოს, გააფუჭოს; კაცობრიობას ბუნებაზე „მიუწვდება ხელი“ და რამდენადაც შეუძლია, ცდილობს და ახერხებს კიდეც ბუნების „გაფუჭებას“; გავიხსენოთ ცნობილი ლოზუნგი: „ჩვენ ვერ დაველოდებით ბუნების წყალობას, ჩვენ ბუნებას წავართმევთ ყველაფერს, რაც გვჭირდება“. ამგვარმა უმეცრულ-მედიდურმა, ტექნოკრატიულმა აზროვნებამ მიგვიყვანა გლობალური დათბობის, ბირთვული პოტენციალის უზომო დაგროვების, სასიცოცხლო სივრცის შემცირების მომაკვდინებელ საფრთხეებამდე და თუ დროზე არ მოვეგებით გონს, ის ჩვენგან „დაჩაგრულ-მიმძლავრებული“ ბუნება სასტიკი რევანშით გვიპასუხებს… უკვე გვპასუხობს…

ეკოლოგები აცნობიერებენ, რომ ნაკლებად ეფექტური იქნება ეკოლოგიური ბალანსის მიღწევის ნებისმიერი ცდა, რომელიც მხოლოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, პოლიტიკურ სიტუაციათა, საზოგადოებრივ ურთიერთობათა და ა.შ. მონაცემებს დაეყრდნობა; ანუ მხოლოდ მატერიალურ-ემპირიულის სფეროში განხორციელებული ძალისხმევით ფონს ვერ გავალთ. წინამდებარე წიგნში ზოგი ავტორი ყურადღებას ამახვილებს სულიერ პრობლემებზეც და ცდილობს გამოსავალი დასახოს ადამიანის თვითგარდაქმნაში, სულიერ-ზნეობრივ გაუმჯობესებაში: ბევრწილად ალბათ მგლის თავზე სახარების კითხვას ემსგავსება ამგვარი მოწოდებანი, მაგრამ მდგომარეობის სიმძიმე გულხელდაკრეფილი ჯდომის უფლებას არ იძლევა.

ერთი უმთავრეს პრობლემათაგანია აგრეთვე კაცობრიობის უზომო, უსწრაფესი ტემპით გამრავლება; ის, რაც ერთ-ერთი უმთავრესი კურთხევა იყო ბიბლიური პატრიარქებისათვის — აბრაამისა, ისააკისა და იაკობისათვის, თანამედროვე კაცობრიობას წყევლად მოუბრუნდა: შეიძლება არცთუ შორეულ მომავალში დედამიწამ, უბრალოდ, ვეღარ დაიტიოს ადამის შთამომავლობა! საარსებო რესურსები კი ილევა! მართალია, მომხმარებლური რესურსების კვლავწარმოებისათვის გარკვეული პროექტები მუშავდება და ზოგად (შეზღუდული მასშტაბით) პრაქტიკაშიც ინერგება, მაგრამ მოსახლეობის გამრავლების პრობლემა რესურსების მაქსიმალური ეფექტიანობით დაზოგვისა და კვლავწარმოების შემთხვევაშიც გადაუჭრელი რჩება. აქ გამოსავალი მხოლოდ ისაა, რომ გამრავლება შეიზღუდოს, მაგრამ დღევანდელ ეტაპზე რამდენად შესაძლებელია ამის მიღწევა ჰუმანური მეთოდებით? ჯერჯერობით ომები, სტიქიური უბედურებები, ავადმყოფობები, შიმშილი და სხვა მსგავსი ფაქტორები ზღუდავს გამრავლებას და გარკვეული ძალები, ჩანს, ამგვარი „მეთოდების“ ეფექტიანად გამოყენებაზე ზრუნავენ… და, მიუხედავად ამ ყველაფრისა, დედამიწის მოსახლეობა შემაშფოთებელი სისწრაფით მატულობს…

კაცობრიობის თავზე დამოკლეს მახვილივით არის დაკიდებული გლობალური კატასტროფის საფრთხე და მიუხედავად იმისა, რომ მწვანეთა მოძრაობა გარკვეულ გზებსა და მეთოდებს გვთავაზობს მდგომარეობიდან თავდასაღწევად, მაინც ძნელია არ იფიქრო: პრობლემა იმდენად რთული, მრავალწახნაგოვანი და მასშტაბურია, იმდენად გადაუჭრელი დილემის სახე აქვს მიღებული, რომ მხოლოდ გონებისმიერი ძალისხმევა და მასზე დამყარებული ქმედებანი საქმეს ვერ უშველის… ჩვენს დროში ადამიანს ღმერთი მაშინღა ახსენდება, როცა გამოუვალ მდგომარეობაში მოექცევა და ვერცერთი ადამიანური რესურსით ვეღარ ახერხებს ამ გამოუვალობის დაძლევას. მაშინ ის სასოწარკვეთილი ღმერთს უხმობს საშველად, მაგრამ სასოწარკვეთაც ხომ დამარკოლებელი ფაქტორია მიზნისაკენ მიმავალ გზაზე? ამაოდ როდი ითვლება ის ერთ-ერთ მძიმე ცოდვად ქრისტინულ სარწმუნოებაში: სასოწარკვეთა ნამდვილ, ქმედით რწმენას გამორიცხავს და ამდენად, მისი წინამძღვრობით უზენაესთან კონტაქტიც გამორიცხულია…

თანამედროვე მსოფლიო მატერიალისტური მსოფლმხედველობის უიმედო ტყვეობაშია. ცოტა ვინმესთან თუ ჰპოვებთ იმის რწმენას, რომ რაც შეუძლებელი ჩანს ადამიანისათვის, ის შესაძლებელია ღმერთისათვის. თუ ეკოლოგიური მოძრაობა რწმენის საშუალებით განმტკიცდება, მაშინ ადამიანი ვინძლო ღირსი გახდეს გადარჩენისა; როცა ემპირიული რეალობა უიმედო დასკვნების გამოტანისაკენ გვიბიძგებს, სულიერი რეალობისაკენ მიბრუნების აუცილებლობა აშკარავდება: იქნებ ინებოს არსთაგანმრიგემ და იმგვარ ქმედებათა განხორციელება შთაგვაგონოს, რაც საბოლოოდ ამ უმძიმესი კრიზისიდან გამოსვლაში დაგვეხმარება.


ავტორის შესახებ:

მარსიანი – მულტიმედია-არტისტი, მწერალი, პუბლიცისტი, ესეისტი, მხატვარი-გრაფიკოსი, მუშაობს სიურეალიზმში. ლიტერატურული კრიტიკოსი, თვითნასწავლი მუსიკოსი, 30 წლის ასაკიდან ზეპირად თხზავს მუსიკალურ კომპოზიციებს ნაირგვარ სტილში: ლირიკული მელოდიები, როკ-მუსიკა, საგალობლები. მუშაობდა კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ “კავკასიურ სახლში” ჟურნალ “ალტერნატივა”-ს რედაქტორის მოადგილედ.

მისი გრაფიკული ნამუშევრები იფინებოდა ქუთაისისა და წყალტუბოს სამხატვრო გალერეებში. იგი ეწევა პოეტთა ნაწარმოებების დეკლამაციას რეჩიტატივისა, თუ მელოდიის თანხლებით. მუშაობს პოეზიის ზაუმურ და “საუნდ” სტილში. მარსიანი მონაწილეობს ლიტერატურულ ღონისძიებებში, პოეტურ საღამოებსა და სემინარებში.

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *