ანგელა მერკელის სიტყვით გამოსვლა ჰარვარდში

ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელის გამოსვლა ჰარვარდის კურსდამთავრებულთა 368-ე საზეიმო ღონისძიებაზე

 30 მაისი 2019 წელი ქ.კემბრიჯი, აშშ

პრეზიდენტო ბექაუ,

კორპორაციის წევრებო,

ზედამხედველთა საბჭოს წევრებო,

ალუმნი საბჭოს წევრებო,

ფაკულტეტის თანამშრომლებო,

ამაყო მშობლებო და კურსდამთავრებულებო!

დღეს სიხარულის დღეა. ეს თქვენი დღეა. გილოცავთ! მოხარული ვარ აქ ყოფნის გამო და მსურს გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილების მცირე ნაწილი. დღევანდელი ცერემონია თქვენი ცხოვრების დატვირთული და ალბათ, რთული ეტაპის დასასრულს აღნიშნავს. ახლა ახალი ცხოვრების კარი იღება, რაც ამაღელვებელი და შთამაგონებელია.

გერმანელ მწერალს, ჰერმან ჰესეს ნათქვამი აქვს შესანიშნავი სიტყვები ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი ამგვარი ამბების, სიტუაციების შესახებ. მსურს მისი ციტატა გაგიზიაროთ და შემდეგ ჩემს მშობლიურ ენაზე გავაგრძელო სიტყვა. ჰერმან ჰესე წერდა: „ყველა დასაწყისში ჯადოქრობა ცხოვრობს, რომელიც გვიცავს და გვეხმარება, რათა ვიცოცხლოთ“.

ჰერმან ჰესეს ამ სიტყვებმა შთამაგონეს, როდესაც 24 წლის ასაკში ფიზიკის სასწავლო კურსი დავასრულე. ეს იყო 1978 წელს. მსოფლიო დაყოფილი გახლდათ დასავლეთად და აღმოსავლეთად, „ცივი ომის“ დროება იდგა. მე აღმოსავლეთ გერმანიაში გავიზარდე, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (გდრ), ჩემი სამშობლოს არათავისუფალ, დამორჩილებულ ნაწილში, დიქტატურის პირობებში. ადამიანებს ჩაგრავდნენ და უთვალთვალებდნენ, აკონტროლებდნენ, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს დევნიდნენ. გდრ-ის მთავრობას ეშინოდა, რომ ხალხი თავისუფლების მხარეს გაიქცეოდა, ამიტომ მათ ბერლინის კედელი ააშენეს. კედელი ბეტონისა და ფოლადისგან გახლდათ აგებული. ვისაც კედლის გადალახვის მცდელობისას აღმოაჩენდნენ, იჭერდნენ ან ესროდნენ. ბერლინის შუაგულში მდებარე კედელი ანაწევრებდა ხალხსა და ოჯახებს. ჩემი ოჯახიც გაყოფილი იყო.

უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ ჩემი პირველი სამუშაო ადგილი მეცნიერებათა აკადემია გახლდათ, ბერლინის აღმოსავლეთ ნაწილში ფიზიკოსად ვმსახურობდი. ვცხოვრობდი ბერლინის კედელთან ახლოს. ინსტიტუტიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე, ყოველდღიურად მიწევდა მასთან ახლოს მისვლა, მის გვერდით ჩავლა. კედლის გადაღმა იყო დასავლეთ ბერლინი, თავისუფლება. ყოველ დღე ძალიან ახლოს მივდიოდი კედელთან, ბოლო მომენტში კი ყოველთვის იძულებული ვიყავი გზიდან გადამეხვია, ჩემი ბინისკენ შემოვბრუნელებულიყავი. ყოველ დღე მიწევდა თავისუფლებასთან მიახლოვება და ბოლო წუთს მობრუნება. რამდენჯერ მიფიქრია, რომ ეს ყველაფერი აუტანელია. ამგვარ გარემოს ნამდვილად მოჰქონდა სასოწარკვეთილება.

მე არ ვყოფილვარ დისიდენტი. მე კედელში არ შევვარდნილვარ, თუმცა, არც უარვყოფდი მის არსებობას, არ მსურდა თავის მოტყუება. ბერლინის კედელი ზღუდავდა ჩემს შესაძლებლობებს. ის პირდაპირი მნიშვნელობით მეღობებოდა გზაზე. ერთს ვერ მიაღწია ამ კედელმა იმ წლების განმავლობაში, მან ვერ შეძლო ჩემთვის შინაგანი საზღვრების დაწესება, მან ჩემში, ჩემს შინაგან სამყაროში სასაზღვრო ხაზები ვერ გაავლო. ჩემი პიროვნება, ჩემი ფანტაზია, ჩემი მისწრაფებები ამ ყველაფერმა აკრძალვებითა და შეზღუდვებით ვერ შებოჭა.

შემდეგ 1989 წელიც დადგა. მთელს ევროპაში თავისუფლების საერთო ნებამ წარმოუდგენელი ძალა გამოავლინა. პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიასა და ასევე გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ასობით ათასმა ადამიანმა გაბედა ქუჩაში გამოსვლა. დემონსტრაციებზე გამოსულმა ხალხმა დაანგრია კედელი. რაც ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა (მათ შორის მეც), რეალობად იქცა. იქ, სადაც ადრე ბნელი კედელი იდგა, უცებ კარი გაიღო. ჩემთვისაც დადგა კედლის ზღურბლზე გადაბიჯების მომენტი. მე აღარ გახლდით ვალდებული თავისუფლებისკენ მიმავალი გზიდან ბოლო მომენტში მოვბრუნებულიყავი. შემეძლო საზღვრის გადალახვა და ღია სივრცეში გასვლა.

30 წლის წინ, ზუსტად ამ თვეებში მე პირადად განვიცადე, პირადად შევიგრძენი, რომ ყველაფერი იცვლებოდა, ყველაფერი ისე ვეღარ დარჩებოდა, როგორც წარსულსა და აწმყოში იყო. ძვირფასო კურსდამთავრებულებო, მინდა აღნიშნული გამოცდილება თქვენი მომავლისთვის ჩემს პირველ მოსაზრებად გაგიზიაროთ: ის, რაც მტკიცედ ჩამოყალიბებული, მყარად დამკვიდრებული და შეუცვლელი ჩანს, შეიძლება შეიცვალოს.

დიდი თუ მცირე ცვლილებები, ორივე სახის გარდაქმნები ჩვენს თავში იწყება. ჩემი მშობლების თაობას აღნიშნულის სწავლა  ტკივილის საშუალებით მოუწია. მამაჩემი და დედაჩემი 1926 და 1928 წლებში დაიბადნენ. როდესაც ისინი თქვენი ტოლები იყვნენ, მეორე მსოფლიო ომი და შოა (ჰოლოკოსტი) ახალი დასრულებული იყო. ჩემმა ქვეყანამ, გერმანიამ წარმოუდგენელი ტანჯვა მოუტანა ევროპასა და მსოფლიოს. მაღალი გახლდათ ალბათობა იმისა, რომ გამარჯვებული და დამარცხებული მხარეები დიდი ხანის განმავლობაში ვერ შეძლებდნენ შერიგებას და იძულებული იქნებოდნენ დაპირისპირება გაეგრძელებინათ. ნაცვლად ამისა, ევროპამ საუკუნოვანი კონფლიქტები გადალახა. წარმოიქმნა სამშვიდობო წესრიგი, რომელიც საერთო ღირებულებებს, თანაცხოვრების კულტურას, თანაარსებობას ეფუძნება და არა ნაციონალურ ძლიერებასა თუ უპირატესობას.  დისკუსიებისა და პერიოდული ჩავარდნების მიუხედავად, ღრმად ვარ დარწმუნებული – ჩვენ, ევროპელები ჩვენდა სასიკეთოდ, ჩვენდა საბედნიეროდ ერთიანნი ვართ.

გერმანიასა და აშშ-ს შორის ურთიერთდამოკიდებულებაც ცხადყოფს, თუ როგორ შეიძლება ომში ჩართული მხარეები, ყოფილი მტრები მეგობრებად გარდაიქმნენ. ამ საქმეს განსაკუთრებით შეეწია ჯორჯ მარშალის გეგმა, რომელიც სახელმწიფო მდივანმა აქ, 1947 წელს კურსდამთავრებულთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას წარადგინა. ტრანსატლანტიკურმა პარტნიორობამ, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის ღირებულებებს ეფუძნება, მოგვიტანა მშვიდობისა და კეთილდღეობის ხანგრძლივი, სამოცდაათწლიანი პერიოდი, რომელიც ყველა მხარისთვის სასარგებლოა.

და დღეს? მალე დადგება დრო, როდესაც ჩემი თაობის პოლიტიკოსები აღარ იქნებიან კურსის „Exercising Leadership“ (ლიდერობის განხორციელება) შესწავლის საგანნი, უკეთეს შემთხვევაში მათ კურსზე „Leadership in History“ (ლიდერობა ისტორიაში) შეილება გადააწყდეთ.

ძვირფასო ჰარვარდის 2019 წლის გამოშვების კურსდამთავრებულებო, თქვენი თაობა მომავალი ათწლეულების განმავლობაში 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევების პირისპირ აღმოჩნდება. თქვენ ხართ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მომავალში გაგვიძღვებიან.

პროტექციონიზმი და სავაჭრო კონფლიქტები საფრთხეს უქმნიან თავისუფალ ვაჭრობას მთელ მსოფლიოში და ამგვარად აზარალებენ ჩვენი კეთილდღეობის ფუნდამენტს. დიგიტალიზაცია იპყრობს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს. ომებსა და ტერორიზმს მივყავართ დევნილობამდე. კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის ჩვენი ცხოვრების ბუნებრივ საფუძველებს. კლიმატის ცვლილება და მისგან გამომდინარე კრიზისები ადამიანის მიერ არის გამოწვეული. მაშასადამე, ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულებიც ვართ, ყველაფერი, რაც ადამიანის ძალას შესწევს, მოვიმოქმედოთ, რათა კაცობრიობის ეს გამოწვევა კონტროლს დავუქვემდებაროთ. ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, ჯერ კიდევ არ არის გვიან. მაგრამ აუცილებელია, რომ ამ საქმეში ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს. ამას თვითკრიტიკულად ვამბობ – თავადაც უკეთ უნდა მოვინდომო. ამიტომ მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემმა ქვეყანამ, გერმანიამ 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალობას მიაღწიოს.  

ცვლილებები უკეთესობისკენ შესაძლებელია, თუ ჩვენ ერთად შევეცდებით საქმის გაკეთებას, სირთულეებთან გამკლავებას. დამოუკიდებელი მოქმედებები, ცალკეული მცდელობები, მარტო ყოფნა შედეგს ვერ მოგვიტანს. და ეს არის ჩემი მეორე ფიქრი, მეორე მოსაზრება, რომლის თაობაზეც მსურს მოგახსენოთ: ისე, როგორც არასდროს, ჩვენ ვალდებულები ვართ ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ მულტილატერალურად და არა უნილატერალურად, გლობალურად და არა ნაციონალურად, სამყაროსადმი ღიად და არა იზოლაციონისტურად. მოკლედ: მარტოდ ყოფნის ნაცვლად, ერთად მოქმედება უნდა დავიწყოთ.

თქვენ, ძვირფასო კურსდამთავრებულებო, მიზნების მისაღწევად მომავალში ჩვენი თაობის შესაძლებლობებთან შედარებით განსხვავებული შანსები გექნებათ. სავარაუდოდ, თქვენს სმარტფონებს გაცილებით მეტი გამოთვლითი ძალა აქვს, ვიდრე საბჭოთა კავშირიდან ჩამოტანილ IBM გამომთვლელს, რომლის გამოყენებაც 1986 წელს, აღმოსავლეთ გერმანიაში ჩემი დისერტაციის მომზადების დროს შემეძლო.

დღეს ჩვენ ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს მილიონობით სურათზე დაავადების სიმპტომების აღმოსაჩენად, რათა უკეთ შევძლოთ მაგალითად კიბოს დიაგნოსტირება. მომავალში ემპათიური რობოტები შეძლებენ ექიმებისა და მზრუნველების დახმარებას, რათა ცალკეული პაციენტების ინდივიდუალურ საჭიროებებზე კონცენტრირება შეძლონ. ჩვენ ვერც კი განვსაზღვრავთ, თუ რა საშუალებები გვექნება მომავალში. მაგრამ შანსები, რომელიც ახალ შესაძლებლობებთან არის დაკავშირებული, ჭეშმარიტად სუნთქვის შემკვრელია.

ძვირფასო კურსდამთავრებულებო, არსებითად თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ ამ შანსებს. თქვენ გადაწყვეტთ, როგორ განვითარდება ჩვენი შრომის, ურთიერთობების, გადაადგილების და საერთოდ მთელი ცხოვრების წესები თუ ფორმები.

როგორც ფედერალური კანცლერი ვალდებული ვარ ჩემს თავს ხშირად ვკითხო: სწორად ვიქცევი? ვაკეთებ რაღაცას, რადგან სწორად მიმაჩნია თუ მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლებელია? თქვენც ხშირად უნდა დაუსვათ ეს კითხვები საკუთარ თავს – ესეც დღევანდელი ჩემი მესამე მოსაზრება თქვენთვის. ჩვენ ვადგენთ ტექნოლოგიების წესებს თუ ტექნოლოგიების განსაზღვრავენ ჩვენს თანაარსებობას? ჩვენი ყურადღების ცენტრში დგას ადამიანი, მთელი თავისი ღირსებითა და სხვა ასპექტებით, თუ ჩვენ ადამიანს ვუყურებთ, როგორც მყიდველს, მომხმარებელს, მონაცემთა წყაროს, თვალთვალის ობიექტს?

რთული შეკითხვებია. მე ვისწავლე, რომ რთულ კითხვებზეც შეიძლება პასუხების გამოძებნა, თუ ჩვენს სამყაროს სხვების თვალითაც შევხედავთ; თუ სხვების ისტორიის, ტრადიციის, რელიგიისა და იდენტობის მიმართ პატივისცემა გვექნება; თუ ჩვენს ხელშეუვალ ღირებულებებს დავეყრდნობით და ამ ღირებულებების მიხედვით ვიმოქმედებთ; და თუ გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოქმნილი ზეწოლის მიუხედავად ყოველთვის ჩვენს პირველ იმპულსებს არ ავყვებით, შევჩერდებით, გავჩუმდებით, დავფიქრდებით.

რა თქმა უნდა, ამისთვის სიმამაცე და გამბედაობა სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მართალი იყოთ სხვების წინაშე … ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია, რომ მართალი იყოთ საკუთარ თავთან. შეიძლება ამაზე უკეთესი ადგილის მოძებნა საქმის დასაწყებად? ეს ხომ ის ადგილია, სადაც ახალგაზრდები მთელი მსოფლიოდან ჭეშმარიტების დევიზით ერთად სწავლობენ, იკვლევენ და განიხილავენ თანამედროვეობის მთავარ კითხვებს?

ძვირფასო კურსდამთავრებულებო, რას შეუძლია ჩვენთვის ხელის შეშლა? რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი? ისევ კედლებმა, კედლებმა ჩვენს გონებაში, უმეცრების, შეზღუდული ხედვების, ფანატიზმის კედლებმა. ეს კედლები გადიან ოჯახის წევრებს, სოციალურ ჯგუფებს, სხვადასხვა კანის ფერის მქონე ადამიანებს, ხალხებსა და რელიგიებს შორის. ამ კედლების დანგრევას ვისურვებდი, კედლებისა, რომლებიც არ გვაძლევენ საშუალებას შევიმეცნოთ სამყარო, რომელშიც ერთად გვსურს ცხოვრება.

შევძლებთ თუ არა ამას, ჩვენზეა დამოკიდებული. ამიტომ, ძვირფასო კურსდამთავრებულებო, ჩემი მეოთხე მოსაზრება ასეთია – გახსოვდეთ, არაფერი არ ხდება თავისთავად, არაფერი არ მოიპოვება უზრუნველად, არაფერი არ არის გარანტირებული და საბოლოოდ დაცული. ჩვენი ინდივიდუალური თავისუფლებები არ არის თავისთავად მოცემული და გარანტირებული, არც დემოკრატია არ არის გარანტირებული, არც მშვიდობა და კეთილდღეობა.

მაგრამ თუ ჩვენ დავანგრევთ კედლებს, რომლებიც გვზღუდავს, თუ ღია სივრცეში გავალთ და გავბედავთ ხელახლა დაწყებას, რაღაც ახალის დაწყებას, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია. კედლები შეიძლება დაემხონ, დიქტატურები შეიძლება გაქრნენ. ჩვენ შეგვიძლია გლობალური დათბობის შეჩერება, ჩვენ შეგვიძლია შიმშილის დამარცხება, ჩვენ შეგვიძლია დაავადებების აღმოფხვრა, ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით გოგონებს ექმნებათ ამ მიმართულებით პრობლემები. ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ დევნილობის, ლტოლვილობის გამომწვევ მიზეზებს. ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფრის მიღწევა.

აქედან გამომდინარე, მოდით, თავდაპირველად ის კი არ ვიკითხოთ, რა არ მუშაობს და რა იყო ყოველთვის უცვლელი, რა კეთდებოდა ყოველთვის ერთი და იმავე საშუალებით. მოდით, ჯერ ვიკითხოთ რა არის შესაძლებელი და შევეცადოთ ახალი გზების გამონახვას, მოვიმოქმედოთ ისეთი რამ, რაც ადრე არ უცდიათ. ზუსტად ეს სიტყვები ვთქვი 2005 წელს ჩემს პირველ სამთავრობო მოხსენებაში, რომელიც ბუნდესტაგში, გერმანიის პარლამენტში წარვადგინე, როგორც პირველმა ქალმა კანცლერმა.

და ზუსტად ამ სიტყვებით მინდა გითხრათ ჩემი მეხუთე მოსაზრება: გავაოცოთ საკუთარი თავი იმით, რაც შესაძლებელია – გავაოცოთ საკუთარი თავი იმით, რაც შეგვიძლია.

ჩემს ცხოვრებაში ბერლინის კედლის დანგრევა იყო მოვლენა, რომელმაც 30 წლის წინ ღია სივრცეში გასვლა შემაძლებინა. მაშინ მე თავი მივანებე ჩემს სამეცნიერო მუშაობას და პოლიტიკაში წავედი. ეს ძალიან ამაღელვებელი და ჯადოსნური ამბავი იყო, ისევე, როგორც თქვენი ცხოვრება იქნება ამაღელვებელი და მაგიით სავსე. თუმცა, მე ასევე მქონდა ეჭვისა და მღელვარების, წუხილის მომენტები. მაშინ ჩვენ ვიცოდით, რა მოვიტოვეთ უკან, მაგრამ არ ვიცოდით, თუ რა გველოდა წინ. ალბათ, მთელი ამხელა სიხარულის მიუხედავად, თქვენც ამის მსგავსი შეგრძნებები გაქვთ ამჟამად.

ამიტომ ჩემი მეექვსე მოსაზრება, გამოცდილება, რომელიც მინდა გაგიზიაროთ, ასე შეიძლება ჩამოვაყალიბო: გახსნილობის, ღიაობის მომენტი ამავდროულად რისკის მომენტიც გახლავთ. ძველთან გამომშვიდობება ახლის დასაწყისია, არ არსებობს დღე ღამის გარეშე, სიცოცხლე სიკვდილის გარეშე. მთელი ჩვენი ცხოვრება შედგება დასაწყისსა და დასასრულს შორის არსებული სხვაობისგან. რაც დაწყებასა და დასრულებას შორის არის, მას სიცოცხლესა და გამოცდილებას ვუწოდებთ.

მჯერა, ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ რიგი საქმეების, ამბების დასრულებისთვის, რათა ვიგრძნოთ დასაწყისის ჯადოქრობა და რეალურად ვისარგებლოთ შესაძლებლობებით. ასეთი იყო ჩემი გამოცდილება უნივერსიტეტში სწავლის დროს, მეცნიერებაში მუშაობისას და ასეთია ჩემი გამოცდილება პოლიტიკაშიც. და ვინ იცის რა მელოდება პოლიტიკური ცხოვრების დასრულების შემდეგ? საკითხი სრულად ღიაა. მხოლოდ ერთი რამ არის ცხადი: ცხოვრება პოლიტიკის შემდეგ კვლავ რაღაც ახალი და განსხვავებული იქნება.

ამიტომ მინდა დაგიტოვოთ ეს სურვილი: დაანგრიეთ უმეცრების, შეზღუდული ხედვების, ფანატიზმის კედლები, იმოქმედეთ ერთობლივად მრავალმხრივი გლობალური სამყაროს ინტერესებიდან გამომდინარე. მუდამ ჰკითხეთ საკუთარ თავს: ვაკეთებ რაიმეს იმიტომ, რომ ეს სწორია თუ უბრალოდ იმიტომ, რომ შესაძლებელია? ნუ დაივიწყებთ, რომ თავისუფლება არასდროს არის გარანტირებული, თავისთავად ბოძებული და ნაგულისხმები. გააკვირვეთ, გააოცეთ საკუთარი თავი იმით, რაც შესაძლებელია. გახსოვდეთ, რომ ღიაობას მუდამ თან ახლავს რისკი. ძველთან გამომშვიდობება, ახალი დასაწყისის ნაწილია. და ყველაზე მნიშვნელოვანი: არაფერი არ მოდის თავისით, არაფერი არ შეიძლება ჩაითვალოს გარანტირებულად და ყველაფერი შესაძლებელია.

ანგელა მერკელი,

გერმანიის ფედერალური კანცლერი 2005-2021 წლებში

წყარო: https://www.bundeskanzlerin.de/bkin-de/aktuelles/rede-von-bundeskanzlerin-merkel-bei-der-368-graduationsfeier-der-harvard-university-am-30-mai-2019-in-cambridge-usa-1633384


თარგმნა ლევან ლორთქიფანიძემ Covid 19-ის წინააღმდეგ მებრძოლ ქ-ნ ლაურა გალდავასთან გასაგზავნად.

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *