ისლამი საქართველოში – სახელმწიფო პოლიტიკა და ხედვა რეგიონებიდან

5 აპრილს კავკასიური სახლის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე ,,ისლამი საქართველოში – სახელმწიფო პოლიტიკა და ხედვა რეგიონებიდან“. კონფერენცია გაიხსნა ისლამის რელიგიური და პოლიტიკური ასპექტებზე მსჯელობით. ასევე განხილულ იქნა თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში სეკულარიზმის მნიშვნელობა. მოხსენებებით წარდგნენ კავკასიური სახლის აზიური მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ლობჟანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე და ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო სახელმწიფო უწყებების საქმიანობის ანალიზს მუსლიმურ თემთან მიმართებით. აღნიშნულ საკითხზე ვრცლად ისაუბრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარემ – ზაზა ვაშაყმაძემ. მოხსენება შეეხებოდა ხელისუფლების მიერ საქართველოში წარმოდგენილი ძირითადი კონფესიების მხარდაჭერას და მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მუსლიმურ თემზე.

კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა იასინ ალიევმა. მათ ისაუბრეს სამმართველოს პრიორიტეტებზე და აღნიშნეს საქართველოში მუსლიმური სასწავლებლების გახსნის მნიშვნელობაზე. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმო საქართველოს რეგიონებიდან, კერძოდ კი ქვემო ქართლიდან, პანკისიდან და აჭარიდან მომხსენებლებს.

ასევე, „კავკასიური სახლის“ მკვლევრებმა, არჩილ სიხარულიძემ და გელა ხმალაძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს საქართველოში მუსლიმური თემის ინტეგრაციის პროცესებზე ჩატარებული თვისებრივი სოციოლოგიური კვლევის შედეგები და ძირითადი მიგნებები.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, საექსპერტო წრეებისა და საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების წარმომადგენლები.

კონფერენცია გაიმართა დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *