ყარაბაღის კრიზისი – მოგებულები და წაგებულები

გიორგი კანაშვილი

“კავკასიური სახლის” აღმასრულებელი დირექტორი

 

აზერბაიჯანი
მოგებები
 საკუთარ ძალებში დარწმუნება. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში, აზერბაიჯანის ჯარმა დაკავებული ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ვერ შეინარჩუნა, ამ რამოდენიმე დღიანი დაპრისპირების შედეგად აზერბაიჯანმა, გარკვეულ წილად, მოახერხა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.
 კრიზისის შედეგად საფუძვლიანად დაიძაბა სომხურ-რუსული ურთიეთობები, რაც აზერბაიჯანს ასევე შეუძლია საკუთარ აქტივებში მიითვალოს.
 საერთაშორისო საზოგადოებას შეახსენა, რომ იგი უკმაყოფილოა არსებული სტატუსით.
წაგებები
 კრიზისის შედეგად გაძლიერდა რუსეთის პოზიციები რეგიონში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში თითქოსდა არ უნდა შედიოდეს აზერბაიჯანის ინტერესებში.

სომხეთი და ყარაბაღი
მოგებები
 სომხეთისა და ყარაბაღის შემთხვევაში რაიმე სახის მოგებაზე საუბარი ფრიად რთულია.
წაგებები
 პირველად კონფლქიტის შეიარაღებული ფაზის დასრულების შემდეგ, სომხურმა მხარემ მართალია მცირე, თუმცა მაინც რაღაც ტერიტორია დაკარგა. ამგვარი პრეცენდენტები, ზოგადად, სახიფათოა.
 კრიზისის შედეგად სომხეთს მნიშვნელოვნად დაეძაბა ურთიერთობები უახლოეს პარტნიორებთან, რომელთანაც ერთად იგი სამხედრო ალიანსშია. ვგულისხმობ – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას.

რუსეთი
მოგებები
 ყველას, როგორც შინ, ასევე რეგიონში და მის ფარგლებს მიღმაც, კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ ვის შეუძლია კრიზისის მართვა. ამ მხრივ განსაკუთრებით ეფექტური იყო პარალელური ვიზიტები ბაქოსა და ერევანში (რუსეთი, რომ ეფექტებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამას, კასპიის ზღვიდან ისლამური სახელმწიფოს პოციზიების დაბომბვაც ცდაჰყოფს).
 აჩვენა აზერბაიჯანს, რომ მიუხედავად სომხეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობისა, იგი სომხური ინტერესების უპირობო გამტარებელი არაა.
 თავისი აქტიურობით, აშკარად ჩააჩოჩა და ადგილი არ დატოვა დასავლეთისათვის. მეორეა, რამდენად იჩენდა დასავლეთი მზაობას კრიზისში ქმედითად ჩასარევად.
წაგებები
 რუსეთის პოზიციითა და ქმედებებით აღშფოთებას სომხეთი არ მალავს. თუმცა საკითხავია, თუ როგორ და რამდენად აისახება ეს ემოცია სომხეთის საგარეო პოლიტიკაზე. სავარაუდოდ ზუსტადაც სომხეთის არჩევანის შეზღუდულობაა ის, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს იქონიოს ამგვარი „ფლირტი“ აზერბაიჯანთან.

თურქეთი
წაგებები
 კრიზისმა თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის, ისედაც რთული პროცესი, აშკარად დააზარალა.
 რუსეთის ლიდერობა სამხრეთ კავკასიაში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რაც რუსეთ-თურქეთის დაძაბული ურთიერთობების გათვალისწინებით, სავარაუდოდ ამ უკანასკნელის რეგიონალურ ამბიციებს არ ემთხვევა.

ირანი
მოგებები
 რთულად წარმოსადგენია სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში რუსეთი ვინმემ ჩაანაცვლოს, თუმცა რუსეთით გაღიზიანებული სომხეთი ირანთან ურთიერთობების ინტენსიფიკაციის წინააღმდეგი ნამდვილად არ იქნება.

საქართველო
მოგებები
 იმის ფონზე, თუ რა ხდება – უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთში, ყარაბაღის გარშემო, საქართველო რეგიონში ყველაზე მშვიდ და სტაბილურ სუბიექტად გამოიყურება. რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მის განვითარებაზეც უნდა აისახოს.
 კრიზისის დროს საქართველოს თავშეკავებულმა პოზიციამ და რუსეთით იმედგაცრუებამ, სომხეთში თბილისის მეგობართა წრე სავარაუდოდ გააფართოვა.
წაგებები
 რუსეთის რეგიონში გაძლიერება, ხოლო დასავლეთის დასუსტება აშკარად არ შედის პროდასავალური საქართველოს ინტერესებში.
 აზერბაიჯან-რუსეთის ნებისმიერ, თუნდაც მცირე, დაახლოებას თბილისში (ისევე, როგორც ბაქოში საქართველო-რუსეთის „ნორმალიზაციის“ პროცესს) ეჭვის თვალით უყურებენ.

დასავლეთი
მოგებები
 სომხეთში რუსეთთან მიმართებაში საზოგადოებრივი აზრის ცვლილება, თითქოსდა სომხეთ-დასავლეთის ურთიერთობების გარკვეულ პერსპექტივას აჩენს. თუმცაღა ამჟამად რაიმე ხელშესახებზე საუბარი ნაადრევია და უსაფუძვლოც.
წაგებები
 კრიზისმა მკაფიოდ წარმოაჩინა დასავლეთის სუსტი პოზიციები რეგიონში, ეს კი შესაბამის ასახვას ჰპოვებს, როგორც ბაქოსა და ერევნის, ასევე თბილისის პოლიტიკურ ელიტაზე.

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *