კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელშეკრულების გაფორმების ფონზე

2014 წლის 16 ოქტომბერს გრეგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის არაფორმალური მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შედგა. როგორც რამდენიმე დღით ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ დააანონსა, ქართველი და რუსი დიპლომატების საუბარი ამჯერად შეეხებოდა არა ეკონომიკურ ურთიერთობებს, არამედ ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთმა აფხაზეთს 13 ოქტომბერს შესთავაზა. პრაღაში შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დიალოგის ფორმატი განსხვავებულია, ზურაბ აბაშიძემ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების საკითხი მწვავედ დააყენა. თუმცა, მოსკოვი მაინც აპირებს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას. როგორც კარასინმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ხელშეკრულება, რომელმაც თბილისში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, მხოლოდ შეჯამებაა იმ ურთიერთობებისა, რაც რუსეთსა და აფხაზეთს აქამდე ჰქონდათ.
მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ასევე ზურაბ აბაშიძემ რომელმაც აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისას მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა აეხსნა რუსი კოლეგისთვის, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაგრძელების თვალსაზრისით.
უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რუსულ-აფხაზური ხელშეკრულების შესახებ, ქართველი პოლიტიკოსები ხელისუფლებას კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების ჩაშლისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ეს შეხვედრა სწორედ ახლა აუცილებლად უნდა გამართულიყო.

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *