ტატო ხუნდაძის მოხსენება

ტატო ხუნდაძე:

 

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პირველი შეხვედრა კონფლიქტების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თემაზე: „არასამთავრობო ორგანიზაციების საექსპერტო შეფასებები კონფლიქტების მშვიდობიან ტრანსფორმირება-მოგვარებაში“

 

პატივცემულო მთავრობის წარმომადგენლებო, ძვირფასო კოლეგებო!

პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს, რომელთაც მომცეს საშუალება,  მონაწილეობა მიმეღო ამ ღონისძიებაში.

რადგან მხოლოდ 5 წუთი გვაქვს მოცემული, მინდა, ძალიან მოკლედ მოგიყვეთ იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც ახორციელებს „კავკასიური სახლი“  და შემდგომ გავაჟღერო ის ძირითადი მოსაზრებები, რომელიც მნიშვნელოვანია, დაფიქსირდეს დღეს არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე. მინდა, თავიდანვე განვაცხადო, რომ ჩემი მოსაზრებები, შესაძლოა, სრულად არ ემთხვეოდეს ორგანიზაციის პოზიციას ამ საკითხებთან დაკავშირებით.

„კავკასიური სახლი“ უკვე 20 წელია, რაც არსებობს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. მე ფაქტობრივად ვარ ამ ორგანიზაციის მესამე თაობის წარმომადგენელი. „კავკასიურ სახლს“   დღემდე  მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კავკასიელი ხალხების შერიგების პროცესში. ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სხვადასხვა სახის კონფერენციების, შეხვედრების, სემინარების ჩატარებასა და სასწავლო პროგრამების მომზადებას, რომელთა მიზანს წარმოადგენდა, ერთი მხრივ, ომის შედეგად დაყოფილ საზოგადოებებში მშვიდობის მშენებლობა, მეორე მხრივ კი – უშუალოდ ქართულ საზოგადოებაში მშვიდობისა და კონფლიქტის შესახებ ჯანსაღი დისკუსიის ხელშეწყობა. ასევე, „კავკასიური სახლი“ აქტიურად მუშაობდა ანალიტიკური კუთხითაც, გამოსცემდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს და აფიქსირებდა პოზიციებს საქართველოში არსებული კონფლიქტების მიმართ. აღსანიშნავია ისიც, რომ „კავკასიურმა სახლმა“რამდენიმე ფილმი მიუძღვნა კონფლიქტების თემატიკას, რომელთაც დიდი გამოხმაურება ჰქონდათ რეგიონულ დონეზე.  ამჟამად ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს ორ მნიშვნელოვან პროექტს. პირველი, ეს არის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა ქართველ და რუს პოლიტოლოგებს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებსა და კონფლიქტოლოგებს საშუალება აქვთ, წელიწადში რამდენჯერმე შეხვდნენ და განიხილონ ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები. პროექტის ფარგლებში, ქართველი და რუსი მონაწილეები ერთობლივად ამზადებენ პოლიტიკის დოკუმენტებსა და სტატიებს, რომლებშიც წარმოდგენილია, როგორც არსებული პრობლემების ანალიზი, ასევე რეკომენდაციები და პოლიტიკის ალტერნატივები საქართველოსა და რუსეთის მთავრობებისთვის. ამჟამად „კავკასიური სახლი“ ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდა საზოგადო მოღვაწეები კონფლიქტის ტრანსფორმაციისთვის“. პროექტის მთავარი მიზანია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაცია. იგი წარმოადგენს მცდელობას, ერთმანეთს შეახვედროს ქართული და აფხაზური საზოგადოებების ის ნაწილი, რომელსაც ახლო მომავალში პოლიტიკური გავლენა ექნება საზოგადოების განვითარების მიმართულებების დადგენაზე.  გარდა აღნიშნულისა, „კავკასიური სახლი“ ახორციელებს სამშვიდობო პროექტებს რეგიონის მასშტაბით და ორგანიზაციის თანამშრომლები ჩართულნი არიან სხვადასხვა დიალოგის ფორმატებში, მათ შორის, ქართულ-ოსურ და ქართულ –აფხაზურ დიალოგებში.

ახლა თეზისების სახით მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი მოსაზრებები საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ.

სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებაში არ არსებობს  ფუნდამენტურ საკითხებზე ერთიანი მოსაზრება, რომელიც  შესაძლებლობას გააჩენდა, ხელი შეეწყო თვისობრივად ახალი პოლიტიკის შემუშავებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები  გაყინულია და ჰორიზონტზე  სტატუს-კვოს ცვლილების წინაპირობებიც არ ჩანს. 2012 წლის შემდეგ, ახალი ხელისუფლების მოსვლის მიუხედავად, სტრატეგიულ დონეზე, კონფლიქტების მიმართულებით, პოზიციების ცვლილება არ მომხდარა. ჟენევის მოლაპარაკებები კვლავ ჩიხშია შესული, 2010 წელს მიღებული ჩართულობის სტრატეგია არ განახლებულა.

შესაძლოა, ზემოთ მოყვანილ მოსაზრებებს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაეთანხმონ და არგუმენტად მოიყვანონ ისეთი საკითხები, როგორიცაა: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის დაწყება[1] (რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზეც), საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მილიტარისტული რიტორიკის შეწყვეტა და სამშვიდობო პოლიტიკის საპარლამენტო რეზოლუციის ფორმით ინსტიტუციონალიზება,[2] გალის რაიონში სტაბილურობის ხელშეწყობა და ა.შ. თუმცა, ამ ცალსახად მისასალმებელი ნაბიჯების მიუხედავად, კვლავაც ბუნდოვანი რჩება, კონკრეტულად როგორ უყურებს საქართველოს ხელისუფლება ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს და რა ტიპის პოლიტიკის განხორციელებას აპირებს ამ რეგიონის მიმართ.

საქართველოს მთავრობის პოზიციები საკმაოდ პასიურია. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი არ ცდილობს დღის წესრიგის განსაზღვრას და მხოლოდ „ვეტოს“ უფლებას ინარჩუნებს. საქართველოს ახალი მთავრობის პოლიტიკა შესაძლოა, შემდეგი სახით შეჯამდეს: სტატუს-კვოს შენარჩუნება ჟენევაში, სტაბილურობა გალში და ურთიერთობების მოწესრიგების პროცესი რუსეთის ფედერაციასთან.

ცხადია,  2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შემდგომ, კონფლიქტების მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკის  მოქმედების არეალი მკვეთრად შეიზღუდა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია უკანასკნელ ხანს აფხაზეთში განვითარებული მოვლენებიც. ამ ფონზე, ხელისუფლების მოქმედებების „ინერციულობა“ ობიექტურად სრულიად ახსნადია.  თუმცა, გრძელვადიან მომავალში სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე ორიენტირებული პოლიტიკა  კიდევ უფრო გაართულებს და დროში გაწელავს კონფლიქტების დარეგულირების პერსპექტივას.

ხედვები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების კუთხით

  1. „დეველოპმენტალისტური“ მიდგომა – დღემდე რეგიონში არსებული კონფლიქტების დარეგულირების სტრატეგიები მნიშვნელოვნად არის მოწყვეტილი განვითარების თემიდან. მდგრადი განვითარების გარეშე კი შეუძლებელია ხელშესახები შედეგების მიღწევა კონფლიქტების დარეგულირების საქმეში. სამწუხაროდ, საქართველოს ვერც ერთმა მთავრობამ ვერ შექმნა მძლავრი დემოკრატიული მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც მოიცავს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასა და ყოვლისმომცველ განვითარებას. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროექტი ამ ეტაპზე ვერ ქმნის ხელშესახებ შედეგებს და საქართველოს მოსახლეობისთვის (მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის), ეს პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანი და შორეულია. დღემდე არსებობდა ორი გაბატონებული დისკურსი, პირველი, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია აპრიორი და დაუყონებლივ მოახდენს საქართველოში არსებული ყველა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის მოგვარებას, და მეორე, თავისუფალი ბაზარი არის ამავე პრობლემების მოგვარების უებარი საშუალება. ცხადია, ვერც ევროპული ინტეგრაციის პროექტი და ვერც თავისუფალი ბაზარი ვერ გახდა ამ პრობლემების გადაჭრის საწინდარი, რადგან ორივე ეს დისკურსი არის არა განვითარების რეცეპტი, არამედ  – პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა. იმ პირობებში, როცა საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია და მნიშვნელოვანი ნაწილი კი სიღარიბეს თავს ვერ აღწევს, საქართველოს მთავრობას გაუჭირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დარწმუნება საერთო სახელმწიფოში ცხოვრების პერსპექტივაზე.

 

  1. ხელშეკრულება ცეცხლის განუახლებლობის შესახებ – აუცილებელია, დაიწყოს ფართო, საჯარო დისკუსია აფხაზეთთან ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შესახებ. საქართველოს მთავრობამ ყოფილი ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო დღეს არსებული სტატუს-კვო. სამწუხაროდ, დღემდე არ მომხდარა ჟენევის მოლაპარაკების პროცესის კრიტიკული შეფასება და მას ინერციული ხასიათი აქვს. ცნობილია, რომ სოჭის ოლიმპიადამდე რუსული მხარე მზად იყო ხელი მოეწერა ერთობლივ დოკუმენტზე (დეკლარაციაზე), რომლის ფარგლებშიც მხარეები იღებდნენ ვალდებულებას ცეცხლის განუახლებლობის შესახებ. თუმცა, ქართული მხარის პასიური პოზიციის გამო, ეს შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, საქართველოს ხელისუფლებას ამ დოკუმენტის კომპრომისულ ვარიანტზე ხელის მოწერა მისცემს შესაძლებლობას, დაიწყოს აფხაზებთან ურთიერთობების გაღრმავება, რადგან იგი დიდწილად გაანეიტრალებს აფხაზური ელიტის იმ ნაწილს, რომელიც დიალოგის დაწყების წინაპირობად საქართველოს მხრიდან ცეცხლის განუახლებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერას ასახელებს.
  2. „ახალი შლაინინგი“ – მიზანშეწონილი იქნება, თუ საქართველოს მთავრობა აფხაზურ დე-ფაქტო ხელისუფლებას შესთავაზებს არაფორმალური დიალოგის პროცესის აღდგენას, „შლაინინგის პროცესის“ მოდელის გათვალისწინებით.
  3. დეიზოლაცია – აფხაზეთის დე-იზოლაცია კვლავ რჩება ერთ-ერთ ძირითად საკითხად ქართულ-აფხაზური ურთიერთობების კონტექსტში. აფხაზები კვლავ განიხილავენ საქართველოს, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ ძირითად შემაფერხებელ ფაქტორად. იმისათვის, რომ მოხდეს აფხაზეთის დე-იზოლაცია, აუცილებელია, პირველ რიგში, ქართულმა საზოგადოებამ  დასვას ფუნდამენტური კითხვები: არის თუ არა აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობა საქართველოს ინტერესი? უფრო კონკრეტულად, შედის თუ არა საქართველოს ინტერესში ის, რომ აფხაზებმა იმოგზაურონ ევროპულ ქვეყნებში,  აფხაზმა ახალგაზრდებმა მიიღონ განათლება ევროპულ უნივერსიტეტებში, მოხდეს აფხაზური საინვესტიციო გარემოს დივერსიფიკაცია (რათა მხოლოდ რუსული ინვესტიციები არ იყოს წარმოდგენილი)?  იმ შემთხვევაშიც,  თუ საქართველო მიიჩნევს, რომ ამ პირობებში შესაძლებელია აფხაზეთის დე-იზოლაცია წინაპირობების გარეშე, აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი მოდელი, რომელიც არ დააზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საერთაშორისო სამართლებრივი კუთხით. ანუ ამ შემთხვევაში, დღის წესრიგში დადგება არა კითხვა „რატომ“, არამედ– „როგორ“.  საქართველოს ახალი მთავრობის მიერ განცხადებული  პოლიტიკა „ყველაფერი, აღიარების გარდა,“ საკუთარ თავში მოიაზრებს დე-იზოლაციის კომპონენტსაც; თუმცა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, აფხაზური მხარე არ არის მზად  ამ თემაზე დიალოგისთვის და მიზეზად საქართველოს მხრიდან ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ხელმოწერაზე უარს ასახელებს. მას შემდეგ, რაც მიღწეულ იქნება ხელშესახები პროგრესი ამ ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით,  ქართულ და აფხაზურ მხარეებს გაუჩნდებათ უფრო მეტი შესაძლებლობა დე-იზოლაციის კუთხით მასშტაბური ნაბიჯების გადასადგმელად. საქართველოს მთავრობამ უნდა მოიფიქროს კონკრეტული მექანიზმები, რომელიც, ერთი მხრივ, არ დააზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და საფრთხის ქვეშ არ დააყენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, მეორე მხრივ, კი – გააადვილებს აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის გადაადგილებას. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც, რომ საქართველოს მთავრობა ვერ მოახერხებს ადეკვატური მექანიზმების ფორმირებას დე-იზოლაციისთვის, თუ აფხაზური მხრიდან არ იქნება სრულფასოვანი ჩართულობა.
  4. წარსულის შეფასება – მნიშვნელოვანია, მორალურად შეფასდეს ის პროცესები და დანაშაულის ფაქტები, რომლებიც მოხდა აფხაზეთში 1992-1993 წლებში. არ არის აუცილებელი, ამ შეფასებას ჰქონდეს სამართლებრივი ხასიათი, რადგან აქ უმთავრესია საზოგადოების მხრიდან იმის აღიარება, რომ კონფლიქტის პირობებში არაერთ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და, რომ ეს ყველაფერი არის მხოლოდ დასაგმობი. მნიშვნელოვანი იქნება, თუ სახელმწიფო დააფინანსებს საგანმანათლებლო პროექტებს, მაგალითად: მსხვილ კვლევით პროექტებს (მათ შორის, სადოქტორო პროგრამებს), დოკუმენტურ ფილმებს, საჯარო დისკუსიებს, რომელთა ფარგლებშიც საზოგადოება კონფლიქტში მომხდარი დანაშაულის ფაქტებს შეაფასებს არა ნაციონალისტური პრიზმიდან, არამედ ახალი, პროგრესული პარადიგმიდან გამომდინარე. ასევე სასარგებლო იქნება, თუ ქართული სამოქალაქო საზოგადოება (განსაკუთრებით, აკადემიურო წრეები) მთავრობის აქტიური ჩართულობით, დაიწყებს ე.წ. სამოქალაქო მოსმენების კონცეფციაზე მუშაობას, რომლის მიზანი იქნება 90-იან წლებში საქართველოში მომხდარი მოვლენების მორალური შეფასება. ეს პროცესი, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს 90-იან წლებში, განსაკუთრებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მომხდარი მოვლენების გადაფასებას, მეორე მხრივ კი – მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ქართულ-აფხაზურ სამოქალაქო დიალოგსა და ნდობის აღდგენის პროცესს.
  5. ტრანს-სასაზღვრო პროექტები (იგულისხმება ადმინისტრაციული საზღვარი) – საჭიროა ისეთი ტიპის პროექტების განხორციელება ტრანს-სასაზღვრო რეგიონებში, რომლის მიზანიც იქნება არა საქართველოს რეკლამირება ოკუპირებულ რეგიონებში, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილება. ამ კუთხით შესაძლოა, რეგიონში მაცხოვრებლებისთვის საინტერესო აღმოჩნდეს ზუგდიდის რაიონში სახელმწიფო უნივერსიტეტისა და/ან ფართო პროფილის მქონე პროფესიული სასწავლებლის გახსნა, რომელიც დააკმაყოფილებს რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნილებებს.

 

 

________________________________

 

[1] ამ საკითხზე „კავკასიური სახლის“ პოზიცია იხილეთ პოლიტიკურ ნარკვევში: „ქართულ-რუსული ურთიერთობები: ძველი სირთულეები და ახალი შესაძლებლობები“.

[2] იგულისხმება 2013 წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“.

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *