რატომ უნდა შეიცვალოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ?

ვანო აბრამაშვილი
“კავკასიური სახლის” მკვლევარი

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა  netgazeti.ge-ზე

საქართველოს პარლამენტმა  „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ 2008 წლის 23 ოქტომბერს მიიღო. ამ კანონის ამოქმედებას წინ ორი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა უძღოდა: აგვისტოს ომი და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება. იმდროინდელმა ხელისუფლებამ ახალ რეალობასთან ადაპტაცია რამდენიმე მიმართულებით დაიწყო და ერთ-ერთი სწორედ რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენება გახლდათ. ომიდან ორ თვეში თბილისმა აამოქმედა კანონი, რომელიც განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს აწესებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ არსებულ სამართლებრივ მდგომარეობაზე მთლიან პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებდა. კანონი ასევე ზღუდავდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას და ეკონომიკური თუ სხვადასხვა საქმიანობების განხორციელებას.

2013 წლის მაისში ახალმა პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელთა მიხედვით, თბილისის ნებართვის გარეშე რუსეთიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში შესვლა ნაწილობრივ დეკრიმინალიზებული ხდებოდა. კერძოდ, სისხლის სამართლებრივი დევნა და 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იცვლებოდა 400-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ კანონში შესწორებები არ შესულა და ხელახალი განხილვის ზუსტი ვადაც კვლავ უცნობია.

დღეს ხსენებული კანონის მიღებიდან უკვე 8 წელია გასული. გამომდინარე აქედან, საინტერესოა, თუ როგორი იყო მოცემული კანონის აღსრულების ხარისხი დროის ამ არცთუ ისე მოკლე პერიოდში და რა გავლენა მოახდინა მან საქართველოს  შერიგების პოლიტიკაზე. თუმცა, სანამ ამ კითხვებს პასუხი გაეცემა, აუცილებელია, ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებებზე, რომელშიც ამ კანონის მიღება მოხდა.

2008 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე პერიოდი, თავისი ბუნებით, საქართველოსთვის პოსტშოკური, პოსტტრავმული და კრიზისული იყო. ჩვეულებრივ, სახელმწიფოებისთვის ამგვარი ეტაპები ხასიათდება ფორსმაჟორული, სპონტანური და რეაქციული გადაწყვეტილებების მიღებით. შედეგად, ძნელად სავარაუდოა, რომ საქართველოსთვის იმდროინდელ პოლიტიკურად დაძაბულ სიტუაციაში კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ემოციებისა და იმპულსურობისგან ბოლომდე დაცლილი ყოფილიყო. ამ ლოგიკის ნათელი დადასტურებაა კანონის მიღებიდან 5 თვეში ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გრძელი ნუსხა. დოკუმენტის დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ კანონის რამდენიმე მუხლი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის იმ წესს, რომლის მიხედვით კონფლიქტში ჩაბმული მხარეების უმთავრეს საზრუნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ადამიანების კეთილდღეობა უნდა წარმოადგენდეს. კომისია ასევე მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო კანონის გადახედვა და მიზანშეწონილი იქნებოდა, თუკი კონფლიქტის მოგვარებამდე ეს პროცესი სისტემატურ  ხასიათს მიიღებდა.

აღსანიშნავია, რომ 2010 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მართლაც შეიტანა კანონში შესწორებები, თუმცა ამას მხოლოდ დამაზუსტებელი, ტექნიკური და წერტილოვანი ხასიათი ჰქონდა, რაც, საბოლოო ჯამში, არსებულ სურათს არ ცვლიდა.

2012 წლის არჩევნების შემდეგ, ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროში, კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებითაც გაჩნდა იმედი, რომ დაიწყებოდა მნიშვნელოვანი ეტაპი ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში. საბოლოოდ ეს მოლოდინები ერთგვარ იმედგაცრუებად იქცა და დღეს სახელმწიფო აქტიურად ცდილობს შეინარჩუნოს სტატუს-კვო. კერძოდ ის კვლავ არაა მზად, თვალი გაუსწოროს იმ ხარვეზებს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორების შესახებ კანონს ახლავს თან, მისი აღსრულებისა თუ პოლიტიკური შეზღუდულობის გამო. არადა, გასულმა 8 წელმა ნათლად გამოკვეთა კანონის კონკრეტული სისუსტეები და გაამყარა ის არგუმენტები, რომლებიც მის ლიბერალიზაციას უმაგრებდა ზურგს, და რომლებიც მომდევნო აბზაცებში დეტალურად იქნება განხილული.

მაგალითად, ერთ-ერთი ობიექტური გარემოება, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არ სრულდება, არის მის დამრღვევთა დაკავებების კლებადი სტატისტიკა და მისი შერჩევითი გამოყენება.  მედიასააგენტო „თაიმერის“ მიერ 2016 წლის აპრილში შსს-დან გამოთხოვილ მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის საფუძელზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა არის შემდეგი:  2008 წელი – 0 შემთხვევა, 2009 წელი – 88, 2010 წელი – 83, 2011 წელი – 55, 2012 წელი – 26, 2013 წელი – 45, 2014 წელი – 36, 2015 წელი – 17. რაც შეეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას, იმავე წყაროს მიხედვით, ამ მიმართულებით მხოლოდ და მხოლოდ სამი ფაქტია გამოვლენილი.

მოყვანილი სტატისტიკა ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ კანონის აღსრულების მექანიზმი არასრულფასოვანია, ვინაიდან ამავე წლებში ასობით ათასი ადამიანი სტუმრობდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს. მაგალითად, არაოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს აფხაზეთი მილიონ ადამიანზე მეტმა მოინახულა, მაშინ, როცა იმავე წელს ქართულმა მხარემ მხოლოდ 17 ადამიანზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. რაც შეეხება კანონის შერჩევით გამოყენებას, ეს არაერთხელ გამოჩნდა ქვეყანაში იმ რუსი სასულიერო პირების, საესტრადო მომღერლებისა თუ პოლიტიკოსების დაუსჯელად შემოშვებით, რომლებიც გაცხადებულად ყოფილან სოხუმსა თუ ცხინვალში.  ეს ხარვეზი განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა 2016 წლის ივლისში, როცა თბილისში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ზედმეტი გართულებების გარეშე დაუშვეს რუსი დეპუტატები, რომელთაც სხვადასხვა დროს დარღვეული ჰქონდათ საქართველოს კანონმდებლობა ამ კუთხით.

კანონის კიდევ ერთი სისუტე და მისი ცვლილების მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ ის საფრთხეს უქმნის და ჩანასახშივე კლავს საქართველოს შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკას. მოცემული კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები, განსაკუთრებით კი საერთაშორისო იზოლაციის საკითხი, აფხაზი და ოსი პოლიტიკური ელიტების მხრიდან მუდმივი მანიპულაციის საგნადაა ქცეული. ისინი აქტიურად ცდილობენ, ფართო მასების მძიმე სოციალური ყოფა თბილისს დაბრალდეს. ეს კი თავის მხრივ კვებავს აფხაზურ და ოსურ ნაციონალურ ნარატივებს ქართველების წინააღმდეგ, ხელს უწყობს იქ მაცხოვრებელი ეთნიკურად ქართველების შევიწროებას და ახდენს ზიზღისა და ნეგატიური განწყობების კვლავწარმოებას. გამომდინარე აქედან, სულ უფრო რთულდება ამ საზოგადოებების დარწმუნება ქართული შერიგების პოლიტიკის გულწრფელობაში.

გარდა მიმდინარე სამშვიდობო პოლიტიკისა, აღნიშნული კანონი ასევე საფრთხეს უქმნის სამომავლო ინიციატივებისა და პოტენციური სავაჭრო კავშირების გაჩენას, რომელიც ნდობის აღდგენის კუთხით უმნიშვნელოვანესია. ერთ-ერთი ასეთი  სავაჭრო ურთიერთობა იკვეთება ცხინვალთან ახალგორის გავლით. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების თქმით, მხოლოდ ახალი წლის დღეებში ახალგორიდან ათეულობით ტონა ტვირთი შედიოდა, რაც არსებულ მდგომარეობაში თბილისისთვის მართლაც იშვიათი შესაძლებლობაა, მოახდინოს ამ პროცესის თავის სასიკეთოდ ინსტრუმენტალიზაცია და ხელი შეუწყოს ხალხთა შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებას. გამომდინარე აქედან, აუცილებელია კანონის ცვლილება იმგვარად, რომ მან არ დააზარალოს ამ პროცესში ჩართული ადამიანები და ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ადგილობრივ მოსახლეობას მისცეს  ეკონომიკური თავისუფლების განცდა.

დღეს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღსადგენად დიდი როლი ენიჭება არსებული სიტუაციის სწორად შეფასებას. საჭიროა ქართული პოლიტიკური, აკადემიური და საექსპერტო წრეები გაცდნენ 2008 წლის დროინდელ დისკურსს და გაიაზრონ, რომ ბოლო 8 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა კონფლიქტურ რეგიონებში განწყობებისა და აღქმების კუთხით. მაგალითად, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიცემის შემდეგ იქაური მაცხოვრებლებისთვის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები  სულ უფრო ნაკლებად საინტერესო და აქტუალური ხდება. აფხაზებსა და ოსებთან გაუცხოების შეგრძნება იზრდება თვითონ ქართველებშიც, ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა მოვლენები ვითარდება ცხინვალსა და სოხუმში. ამის გამოძახილია ისიც, რომ NDI-ის მონაცემებით, ბოლო ორი წელია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ყველაზე მნიშნელოვანი ეროვნული საკითხების სამეულის მიღმაა დარჩენილი.

ამგვარად, დღევანდელი გადმოსახედიდან საქართველოსთვის ერთი-ორად მნიშვნელოვანია მყისიერი, ქმედითი და ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმა. პირველ რიგში, ასეთად სწორედ ოკუპირებული ტერიტოროების შესახებ კანონის ლიბერალიზაცია მოიაზრება, ვინაიდან, როგორც ზემოთ გამოჩნდა, მის ცვლილებას აქვს იმის პოტენციალი, რომ გახდეს დიალოგის მაპროვოცირებელი და პოზიტიური ცვლილებების მომტანი ორმხრივი დეიზოლაციისა და ხალხთა შორის კავშირების აღდგენის გზით. მთავარია, სწორად შეფასდეს ის ხარვეზები, რომლებიც ნათლად აჩვენა ამ განვლილმა წლებმა და კანონი რეალურად მოერგოს უშუალოდ რუსეთს, როგორც ოკუპანტ ძალას, და უარესად არ დააზიანოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მაცხოვრებელ ადამიანთა უფლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია, კანონის შესწორებამდე სახელმწიფომ ფართო მსჯელობის საფუძველზე მიიღოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გრძელვადიანი სტრატეგია ნდობის აღდგენისა და შერიგების პოლიტიკის მხრივ, რათა პროცესი იყოს ეფექტური, თანმიმდევრული და კოორდინირებული. სწორედ ამგვარ სისტემურ მიდგომას შეუძლია საქართველოს კონფლიქტების პოზიტიური ტრანსფორმაცია და ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის მშენებლობა.

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *