ქალთა უფლება საკუთრებაზე და მისი შეძენის რეალური შესაძლებლობა

ესმა გუმბერიძე

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა წარმომადგენლობითი არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ თავმჯდომარე

ბლოგი მომზადებულია კავკასიური სახლის სალექციო კურსის „სამოქალაქო განათლებისა და მშვიდობის მშენებლობის“ ფარგლებში

ქალთა საკუთრების უფლება ქართულ კანონმდებლობაში

საკუთრების უფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირეული უფლებაა. მასზე, როგორც სამიდან ერთ–ერთ ბუნებით უფლებაზე, მიუთითებდა ჯერ კიდევ ჯონ ლოკი, მე–17 საუკუნის ინგლისელი მოაზროვნე. საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლით, რომელიც განთავსებულია მე–2 თავში: „ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციაც საკუთრებას ადამიანის ერთ–ერთ ძირითად უფლებად აღიარებს. საქართველოს კონსტიტუციის ამავე თავში განთავსებული მე–14 მუხლი კი ადგენს ადამიანთა კანონის წინაშე თანასწორობას, განურჩევლად მათი სქესისა. ანუ კონსტიტუციის 21–ე მუხლი მე–14 მუხლთან ერთობლიობაში ამკვიდრებს საკუთრების უფლებას ქალებისთვისაც მამაკაცების თანასწორად. კონსტიტუციით დადგენილ ნორმა–პრინციპთა რეალური აღსრულებისთვის შექმნილი ერთ–ერთი კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ასევე არ იცნობს ქალთა და მამაკაცთა შორის სამართლებრივ განსხვავებებს საკუთრების უფლების განხორციელების, მათ მიერ საკუთრების შეძენის, მართვისა თუ განკარგვა–გასხვისების თვალსაზრისით. აღნიშნული კოდექსის სახელშეკრულებო (მათ შორის ქონების ნასყიდობის მარეგულირებელი ნორმები), საოჯახო და მემკვიდრეობითი ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები გენდერულად ნეიტრალურია. ამ კოდექსის თანახმად მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი ქონებრივი უფლებებითა და მოვალეობებით. კოდექსში გამოყენებულ ტერმინებში (მეუღლე, მემკვიდრე, მამკვიდრებელი, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობებთან დაკავშირებული ცნებები) გენდერულად ნეიტრალურია, ანუ საკუთარ თავში არცერთ კონკრეტულ გენდერს არ მოიცავს და არც არაპირდაპირ არ მიანიშნებს. ამრიგად შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს ქალებისთვის საკუთრების უფლების მამაკაცებთან თანაბრად განხორციელების საშუალებას.

გაეროს 1979 წლის ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის 15.2 მუხლის დანაწესთან შესაბამისად, რომლის მიხედვითაც ხელშემკვრელი მხარეები (მათ შორის საქართველოც, რომელმაც კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1994 წელს, რის შემდეგაც კონვენციის დანაწესების შესრულება მისთვის სავალდებულო გახდა) იღებენ ვალდებულებას, სამოქალაქო ურთიერთობებში ქალებს მიანიჭონ მამაკაცთა თანაბარი ქმედუნარიანობა და უზრუნველყონ მისი მამაკაცებთან თანაბარ პირობებში ქალთა მიერ გამოყენება, კერძოდ კი უნდა უზრუნველყონ ქალთა მიერ ხელშეკრულებების დადებისა და ქონების მართვა–განკარგვის თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით. „საკუთრების უფლებაში“ იგულისხმება მისი როგორც ფართო, (საკუთრების ქონის, შეძენის, მოპოვების ზოგადი/პირობითი კანონმდებლობით გარანტირებული უფლება/საშუალება/მექანიზმები, რომლის განხორციელებაც კონკრეტულ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი) ისე– ვიწრო (კონკრეტულ ქონებაზე საკუთრების უფლების ფაქტის არსებობის შემთხვევაში ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა) გაგება.

ქალთა ქონებრივი უფლებები, როგორც ძალადობისგან დაცვის საშუალება

ქალთა ქონებრივი უფლებების რეალური დაცვა საქართველოში დღემდე აქტუალური გამოწვევაა და სახელმწიფო პროგრამების დონეზეც ვხვდებით დისკრიმინაციულ პოლიტიკებს. ვინაიდან საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე მსხვილ ორგანიზაციებსაც კი ნაკლებად აქვთ ჩატარებული კვლევები ქალთათვის საკუთრების უფლების რეალური ხელმისაწვდომობის ირგვლივ, ასევე იმის გამო, რომ ფორმალურად ქართულ კანონმდებლობას მთლიანობაში შეგვიძლია, გენდერულად ნეიტრალური ვუწოდოთ, რის გამოც ქალთა მიერ საკუთრების უფლებით სარგებლობის პრობლემატიკა და გამოწვევები ზედაპირზე არ ჩანს, აქტივისტებს ხშირად უწევთ ინფორმაციის არაფორმალურ წყაროებზე (სხვადასხვა კონფერენციების, შეხვედრებისა და ინტერვიუების დროს გაჟღერებული საკითხები) დაყრდნობა. მაგალითად პროგრამის ერთ–ერთი ბენეფიციარის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას თუკი ოჯახში არის სრულწლოვანი ვაჟი, მასზე 2 საცხოვრებელი გაიცემა, თუმცა თუკი ოჯახის ერთ–ერთი წევრი არის სრულწლოვანი არადაქორწინებული ქალი, ოჯახზე 1 ბინა გაიცემა. არაფორმალურ საუბრებში სახელმწიფო მოხელეები პირდაპირ ხსნიან ამას იმით, რომ გოგონა/ქალი დაოჯახდება და ამ გზით მოიპოვებს საცხოვრებელს, კაცს კი ცოლის მოყვანა მოუწევს სადმე. ჯერ ქალის მსგავსი ქონებრივი შეზღუდვით ხდება მისი იძულება, დაქორწინდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის საკუთარი საცხოვრებლისა და ყოველგვარი სამართლებრივ–ეკონომიკურ–სოციალური დაცვისა და გარანტიების გარეშე დარჩება. სახელმწიფოც არ უწყობს ხელს ამ პრაქტიკებით ახალგაზრდა ქალის მიერ საკუთრების შეძენას. არადა უძრავი ქონების არარსებობა ხშირ შემთხვევაში განაპირობებს ქალის დარჩენას მოძალადე ოჯახის წევრთან. მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დედას მოუწია თავის მოძალადე ალკოჰოლდამოკიდებულ მეუღლესთან დაბრუნება მისი ძმის მოთხოვნითა და იმის გამო, რომ ოჯახი სწორედ მას ადანაშაულებდა ქმრის მიტოვებაში, მას კი თავისი ძმის/მშობლების სახლისა და მეუღლის სახლის გარდა საცხოვრებელი არ გააჩნდა. ამით ბავშვიც ზარალდება, არის რა ძალადობის მომსწრე და იზრდება რა აგრესიულ გარემოში,   რაც ასევე საერთაშორისო პრაქტიკით, ასევე უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ თავისი N5504-17 გადაწყვეტილებით, განიხილება ბავშვის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობად.

ქონებაზე საკუთრების უფლება ქალთათვის მათ წინააღმდეგ ძალადობის რისკის შემცირებას უწყობს ხელს, ვინაიდან ქონებაზე საკუთრების შემთხვევაში ისინი უფრო ნაკლებად არიან დამოკიდებულნი პოტენციურ მოძალადეებზე და, მაშასადამე, არ არიან იძულებულნი, ითმინონ ძალადობა ქონებრივი მიზეზების გამო და შეუძლიათ მოძალადისგან მოშორება ანდა მის წინააღმდეგ სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება (პოლიციისადმი მიმართვა და მისთ). ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტისადმი 2014 წლის ივნისში საქართველოს 13 არასამთავრობო ორგანიზაციისა და 2 ქალთა ქსელის მიერ წარდგენილი ერთობლივი ჩრდილოვანი ანგარიშის თანახმად ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ერიდება გაცხადებას, მოძალადის სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრის შიშით, მითუმეტეს თუ მოძალადე ოჯახის მარჩენალია. ამრიგად ქალთა მიერ ქონების ფლობა/საკუთრება ხელს უწყობს ქალთა ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და ამცირებს მათ წინააღმდეგ ეკონომიკური თუ სხვა ტიპის ძალადობის განხორციელების შესაძლებლობის რისკს.

ქალთა ქონებრივი უფლებების დაცვის მხრივ არსებული რეალობა საქართველოში (მოკლე მიმოხილვა)

ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კომიტეტისათვის საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღნიშნული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ მე–4–მე–5 პერიოდული ანგარიშის საპასუხოდ 2014 წლის ივნისში 13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაეროს შესაბამისი კომიტეტისათვის შემუშავებული ალტერნატიული ანგარიშის მიხედვით სოფლად მცხოვრები ქალების უმრავლესობა არ ფლობს სტრატეგიულ ქონებას. (სამწუხაროდ, ამ ანგარიშში არ არის მოცემული სტატისტიკური მონაცემები, სოფლად არსებული რეგისტრირებული ქონების ღირებულების რა პროცენტულ წილს შეადგენს სოფლად მცხოვრებ ქალთა საკუთრებაში არსებული სტრატეგიული/უძრავი ქონება ან იმ ქალთა რამდენი პროცენტი იღებს მემკვიდრეობად უძრავ ქონებას, რომელთა მშობლებიც ამგვარ ქონებას ფლობენ. ეს ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც აღნიშნულ პრობლემას სათანადო ყურადღება არ ექცევა და ანგარიშში ის მხოლოდ გაკვრითაა ნახსენები) ისინი მამისეულ ან მეუღლის სახლში ცხოვრობენ და მესაკუთრეებად არ განიხილებიან. ისინი არ განასხვავებენ ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა „ოჯახის შემოსავალი“ და „ქალის შემოსავალი“, „ოჯახის ქონება“ და „ქალის ქონება“. სოფლად მცხოვრებ ქალებს, განსაკუთრებით მთიანი რეგიონის წარმომადგენლებს, ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ეკონომიკური საკითხებისა თუ სოციალური ხასიათის სხვა ინფორმაციებსა და სერვისებზე. ამავე მოხსენებაში პრობლემის აღმოსაფხვრელად მოცემულია შემდეგი რეკომენდაცია: „გაიზარდოს სოფლად მცხოვრებ ქალთა ცნობიერება საკუთრებისა და მიწის ფლობის საკითხებში მათი უფლებების შესახებ“.

ქალთათვის საკუთრების უფლების უზრუნველყოფის მნიშვნელობის მიუხედავად აღნიშნულ საკითხზე მოცემულ ჩრდილოვან ანგარიშში საუბარია მხოლოდ გაკვრით, კერძოდ კი ქალთა ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა პირებზე ეკონომიკური დამოკიდებულების თაობაზე ნახსენებია მხოლოდ 3–ჯერ. კერძოდ ქალთა მოწყვლადობა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით ნახსენებია მე–11 მუხლის განხილვისას გაცემულ მე–5 რეკომენდაციაში, ანგარიშის 26 და 95 პარაგრაფში. ანგარიშში ასევე არ არის მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ქალთა მიერ სტრატეგიულ ქონებაზე საკუთრებასთან დაკავშირებით.

დასკვნა: ქალთა მიერ თავიანთი საკუთრების უფლების რეალური განხორციელებისთვის საქართველოში არსებული ბარიერების კვლევის სამომავლო მიმართულებების მოკლე მიმოხილვა

საქართველოში არსებული ამ ესეში აღწერილი ქალთა მიერ საკუთრების უფლების, როგორც მისი ფართო ისე– ვიწრო გაგებით განხორციელების ბარიერების (რომლებიც არსებობს გენდერულად ნეიტრალური კანონმდებლობის პირობებშიც კი) შესახებ სრულფასოვანი, სიღრმისეული და ყოვლისმომცველი ინფორმაციის არარსებობის პირობებში, არსებობს რა ამ ბარიერთა ფარულობისა და მრავალრიცხოვნობის შესახებ ჰიპოთეზა, ისინი საჭიროებს დამატებით და უფრო სიღრმისეულ კვლევას, რამაც, მათ შორის, შესაძლოა, მოიცვას საქართველოს უძრავ ნივთთა რეესტრიდან ინფორმაციის გამოთხოვა იმის თაობაზე, თუ საქართველოში მცხოვრებ ქალთა და მამაკაცთა რამდენი პროცენტი ფლობს უძრავ ქონებას; საქართველოში რეგისტრირებული უძრავი ქონების საერთო ღირებულების რამდენ პროცენტს შეადგენს ქალთა საკუთრებაში არსებული ქონება. სამომავლოდ აუცილებელია მტკიცებულებებზე დაფუძნებული მასშტაბური კვლევის ჩატარება იმის დასადგენად, ქალთა წინაშე ქონების დაგროვების/მიღების რა ბარიერები არსებობს და რა არის მათი გამომწვევი მიზეზი. მაგ. იმის კვლევა, თუ სტაბილური შემოსავლის მქონე დასაქმებულ ქალთა რამდენი პროცენტი ფლობს უძრავ/სტრატეგიულ ქონებას მამაკაცებთან შედარებით; ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონება (მათ შორის საცხოვრებელიც) ოჯახთა რამდენ პროცენტში რეგისტრირდება ქალის საკუთრებად. აუცილებელია ქალთა საჭიროებებისა და საკუთრების უფლების ეფექტური გამოყენებისთვის არსებული ბარიერების კვლევა საკუთრებასთან დაკავშირებულ ყველა კომპონენტში: ქონებაზე მისი შეძენის/მოპოვების, მართვის, განკარგვისა და მასთან დაკავშირებულ სხვა სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა მიღების ჭრილში. მნიშვნელოვანია სხვა სახელმწიფოთა პრაქტიკის შესწავლა და გაზიარებაც ქალთა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით საზოგადოებისა და ქალების ცნობიერების ამაღლების მიზნით გატარებულ ღონისძიებათა თაობაზე.

 

გამოყენებული წყაროები:

  1. საქართველოს კონსტიტუცია (მოქმედი რედაქციით)..
  2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
  3. გაეროს 1979 წლის ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია.
  4. ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტისადმი 2014 წლის ივნისში საქართველოს 13 არასამთავრობო ორგანიზაციისა და 2 ქალთა ქსელის მიერ წარდგენილი ერთობლივი ჩრდილოვანი ანგარიში.
  5. თბილისის საქალაქო სასამართლოს N5504-17 გადაწყვეტილება.

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *