რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების დინამიკა 2016 წელს და მისი გამომწვევი მიზეზები

გური ბაქრაძე
პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორანტი

 

შესავალი
2016 წლის 27 ივნისს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს, წერილი გაუგზავნა, სადაც 2015 წლის 24 ნოემბერს თურქული ავია-გამანადგურებლის მიერ რუსული ბომბდამშენი Су-24-ის ჩამოგდების თაობაზე მწუხარება გამოთქვა, ოჯახს მიუსამძიმრა და ბოდიში მოიხადა.[1] აღნიშნული ფაქტი რუსეთ-თურქეთს შორის ბოლო შვიდი თვის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის აღდგენის წინაპირობად შეიძლება იქცეს.

როგორც ცნობილია, რუსული მხარე თურქეთისგან სწორედ ოფიციალურ ბოდიშს ითხოვდა. გარდა ამისა, მოსკოვის მოთხოვნებში ზარალის კომპენსაცია და დამნაშავეების დასჯაც შედის. ამ ეტაპზე ანკარა კომპენსაციისგან თავს იკავებს. გამანადგურებლის პილოტის დასჯა კი, სავარაუდოდ, სხვა მოტივებითაც, კერძოდ, 16 ივლისს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით მოხდება.

 

კონფლიქტის გამომწვევი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მიზეზები

ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები სხვადასხვა, განსაკუთრებით კი ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის ინტენსივობის ზრდით გამოირჩედა. ამ ფონზე თურქული მხარის მიერ რუსული ბომბდამშენის განადგურება და მოსკოვთან ურთიერთობების დაძაბვა ნაკლებად იყო მოსალოდნელი.[2] ანკარა მოსკოვთან თანამშრომლობას, გარდა ვიწრო ეკონომიკური ინტერესებისა, დასავლეთთან თავისი ურთიერთობების ჭრილშიც აქტიურად იყენებდა. ერდოღანის მთავრობა, რომელსაც დასავლეთი ხშირად აკრიტიკებდა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასა და სხვა დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფის გამო, რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას, განვითარების ალტერნატიულ სცენარად წარმოაჩენდა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთისა და რუსეთის მიერ დაანონსებული არცერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელებასთან ახლოსაც არ ყოფილა (საუბარია გაზსადენ „თურქეთის ნაკადზე“, თურქეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესაძლო შესვლაზე, აკუიუს ატომური ელექტროსდგურის მშენებლობაზე). ვითარების დაძაბვის მთავარ მიზეზად, სავარაუდოდ, სირიის კრიზისის გარშემო მოსკოვისა და ანკარას განსხვავებული და ხშირ შემთხვევაში, ურთიერთსაპირისპირო მიდგომები იქცა.

რუსეთის მიერ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მხარდაჭერამ და სირიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში ჩართვამ, რეჟიმის პოზიციები მნიშვნელოვნად გააძლიერა. სუნიტმა ამბოხებულებმა, რომელთაც თავის მხრივ, თურქეთი უჭერს მხარს, უკან დახევა დაიწყეს. გარდა ამისა, გამოიხატა სირიელი ქურთების პოზიციების გაძლიერების ტენდენციაც. თურქეთისთვის, კი, რომლის მიზანსაც  სირიაში ერთი მხრივ სუნიტური მმართველობის დამყარება და მისადმი ლოიალურად განწყობილი ძალების პოზიციების გაძლიერება და, მეორე მხრივ, ქურთული ძალების მაქსიმალური დასუსტება წარმოადგენს, რუსეთის ქმედებები, სასიცოცხლო ინტერესებისთვის პირდაპირ საფრთხედ წარმოჩინდა.[3]სწორედ აღნიშნული მოტივით, ანკარამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უარი თქვა დასავლეთისა და რუსეთის დაბალანსების სტრატეგიაზე და კურსი დასავლეთის, პირველ რიგში კი აშშ-სთან თანამშრომლობაზე აიღო.

ვინაიდან სირიაში რუსეთის სამხედრო მოქმედებებისთვის წინააღმდეგობის დამოუკიდებლად გაწევა, თურქეთს არ შეეძლო, ანკარა ცდილობდა დასავლეთი სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სახმელეთო სამხედრო ოპერაციაზე დაეყოლიებინა,[4] რაც, პრაქტიკულად მთელ ცენტრალურ და სამხრეთ სირიაზე კონტროლის დამყარების შესაძლებლობას გააჩენდა, თანაც ისე, რომ მოსკოვი ასადის რეჟიმის გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნებას პრაქტიკულად ვეღარ შეძლებდა. თუმცა, ანკარას სტრატეგიამ არ გაამართლა. აშშ-მ სირიის საკითხზე მოსკოვთან მოლაპარაკებების წარმოება არჩია კიდევ ერთ არაპოპულარულ სამხედრო კამპანიას, რომლის სტრატეგიული აუცილებლობის წინაშეც ვაშინგტონი ამჟამად არ დგას. მეტიც, აშშ სირიის კონფლიქტის გამწვავებიდან მოყოლებული ცდილობდა იმავე ქურთებზე თავისი გავლენის ზრდას და აქტიურად ეხმარებოდა როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული კუთხით.[5] ვაშინგტონმა, თავად ანკარაც კი აიძულა ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები შეეჩერებინა. კერძოდ, 2016 წლის, თებერვალში, რუსეთის ავიაციისა და ასადის სამთავრობო ძალების მხარდაჭერით, სირიელმა ქურთებმა ასადის წინააღმდეგ მებრძოლი აჯანყაბულების პოზიციებს, არფინიდან აღმოსავლეთით შეუტიეს. საპასუხოდ, თურქეთის ხელისუფლებამ ქურთების პოზიციებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. მხარეებმა საბრძოლო მოქმედებები მხოლოდ აშშ-ს უშუალო მოწოდების შემდეგ შეწყვიტეს.[6]

თურქეთისთვის სამხრეთის საზღვარზე სირიის ქურთისტანის თუნდაც ფედერალური ერთეულის შექმნა, რომლის სათავეშიც „დემოკრატიული გაერთიანების პარტია იდგება“, (თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ქურთების მუშათა პარტიის“ სირიის ფრთა) სასიცოცხლო ინტერესებზე დარტყმაა. ასეთ შემთხვევაში ანკარას გადაეკეტება სახმელეთო წვდომა არაბულ სუნიტურ სამყაროზე და რაც მთავარია, იქმნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის რეალური საფრთხე ვინაიდან, თურქეთში მცხოვრები ქურთების დიდი ნაწილი კომპაქტურად სწორედ სირიელი ქურთების განსახლების არეალთან ცხოვრობს. თურქეთის ქურთებით დასახლებულ რეგიონებში კი, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ქურთების მუშათა პარტიის ძალებისა და თურქეთის არმიის ნაწილების შეტაკებების მასშტაბი გაიზარდა. შეიარაღებული დაპირისპირება ქურთულ ქალაქებშიც მიმდინარეობს, რაც ბოლო პერიოდამდე იშვიათი მოვლენა იყო.

არ გამართლდა ერდოღანის მოლოდინები დასავლეთთან ურთიერთობის დალაგების თვალსაზრისითაც. მაგალითისთვის გამოდგება ევროკავშირთან შეთანხმება ლტოლვილების თაობაზე. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ანკარა პასუხისმგებლობას იღებდა ლტოლვილების ნაკადის თურქეთიდან საბერძნეთში გადადინების შეჩერებაზე, სანაცვლოდ ევროკავშირს თურქეთისთვის 3 მლრდ აშშ დოლარი უნდა გამოეყო. გარდა ამისა, 2016 წლის ივნისისთვის დაიგეგმა თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების გადაწყვეტილების მიღებაც[7] რაც, საბოლოო ჯამში, არ განხორციელდა. დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფის მხრივ დასავლეთის კრიტიკა, შედარებითი შერბილების შემდგომ, კვლავ გამკაცრდა და პიკს 16 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ ერდოღანის მიერ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებების, ასევე სიკვდილით დასჯის ამოქმედების იდეის გაჟღერების შემდეგ მიაღწია.[8] თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დასავლელმა ლიდერებმა სამხედრო გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას, კანონიერად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის იდეა დაგმეს და მხარი ერდოღანის მთავრობას დაუჭირეს.[9]

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ერდოღანის ხელისუფლება და მისი პრემიერ-მინისტრი, ილდიმირი, სამხედრო ამბოხის ორგანიზებაში აშშ-ში მცხოვრებ „მუსლიმ მქადაგებელს“ და მილიარდერს ფეტულა გიულენს ადანაშაულებს.[10] ანკარამ ვაშინგტონს გიულენის ექსტრადიციაც მოსთხოვა, რისგანაც აშშ თავს იკავებს და თურქეთისგან მტკიცებულებებს მოითხოვს, პარალელურად კი, თურქეთის ხელისუფლებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს. საინფორმაციო და საექსპერტო წრეებში აქტიურად მუსირებს თურქეთისთვის ნატოს წევრის სტატუსის შეჩერების იდეაც.[11] თავის მხრივ, ანკარას მიერ გადატრიალების მცდელობაში გიულენის დადანაშაულება, ვაშინგტონისადმი ირიბ ბრალდებასაც წარმოადგენს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სწორედ არმია ითვლება თურქეთში სეკულარიზმის და ამ ეტაპზე, დასავლეთის, მთავარ მხარდამჭერად. არმიის ნაციონალისტური პოზიციებიდან, ერდოღანის მიერ ქვეყნის ისლამიზაციის ტენდენცია მიუღებელია.[12] ნატოს წევრი სხელმწიფოს ისლამიზაციის საფრთხეს საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამენ დასავლეთშიც. თავის მხრივ, თურქი სამხედროები აცნობიერებენ, რომ რეგიონში, სადაც ისლამიზაციის ტალღამ ე.წ. „არაბული გაზაფხულის“ და მისი შემდგომი მოვლენების ფონზე, პიკს მიაღწია, სეკულარიზმის და ნაციონალისტური პოზიციების შენარჩუნება გაუჭირდებათ. ამ ეტაპზე კი, ერთადერთი რეალური ძალა რეგიონში, რომელსაც პროცესის შეკავება შეუძლია, ვაშინგტონია. სწორედ აშშ-ს აქვს რეგიონზე ყველაზე დიდი სამხედრო-სტრატეგიული წვდომა (იმავე რუსეთთან შედარებით). რეგიონის წამყვანი არაბული ქვეყნები აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორები არიან და მათზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ ვაშინგტონს აქვს. ნატოს წევრი სახელმწიფოს ისლამიზაციის შეჩერება კი, დასავლეთის პირდაპირი ინტერესია.

საბოლოო ჯამში, ერდოღანის მთავრობა აღმოჩნდა ვითარებაში, როდესაც, ერთი მხრივ, რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვამ მნიშვნელოვანი დივიდენდები ვერც ერთ მიმართულებაზე ვერ მოუტანა, მეორე მხრივ კი, დასავლეთთან დაპირისპირებაც პიკს აღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანის მიერ პუტინისადმი მიწერილი წერილი ქრონოლოგიურად სამხედრო გადატრიალების მცდელობის თარიღს წინ უსწრებს, მაინც შესაძლოა საუბარი ამ ორ მოვლენას შორის კავშირზე. როგორც წესი, სამხედრო გადატრიალების მომზადებას საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება, მითუმეტეს ისეთ სახელმწიფოში, როგორიც თურქეთია.[13] ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებასაც ძალაუფლების მონოპოლიაში, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაში და ტოტალური კონტროლის დამყარების მცდელობაში სდებენ ბრალს, სამხედრო გადატრიალების ორგანიზებას დიდი დრო და რესურსი სჭირდება. თავად ამბოხის ჩახშობის ტემპების სისწრაფით თუ ვიმსჯელებთ, ცხადია, ხელისუფლებას ამ საკითხზე ინფორმაცია ჰქონდა. შესაბამისად, ნათელი იყო შედეგიც – დასავლეთთან გარდაუვალი დაპირისპირება. შედეგად, ერდოღანმა, რომელიც პრაქტიკულად სრულ პოლიტიკურ იზოლაციაში მოქცევის საფრთხის წინაშე იდგა, მოსკოვთან ურთიერთობების განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა, სავარაუდოდ, ეკონომიკურმა ფაქტორებმაც იქონია. 2014 წლისთვის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, 2020 წლისთვის კი, ამ მაჩვენებლის გაორმაგება იყო დაგეგმილი, თუმცა, ამ ეტაპზე, ქვეყნებს შორის ვაჭრობა მინიმუმადეა დაყვანილი (2015 წ. – 23,4 მლრდ, 2016 წლის საპროგნოზო – 18-19 მლრდ).

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკურმა სანქციებმა და რუსი ტურისტების ნაკადის კატასტროფულმა კლებამ (-98,5% ივნისის მონაცემებით) თურქეთის ეკონომიკას, რუსეთთან შედარებით, უფრო დიდი ზიანი მიაყენა. სხვადასხვა ინფორმაციით, თურქული ეკონომიკის ზარალმა მხოლოდ ტურ-ინდუსტრიის სფეროში 9-12 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია,[14] მაშინ, როდესაც რუსეთმა უზრუნველყო მანამდე ნაკლებად მოთხოვნადი შიდა ტურისტული რეგიონების პოპულარიზაცია. მნიშვნელოვნად დაზარალდნენ თურქეთის სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორებიც, რის მიზეზადაც, სოფლის მეურნეობის პროდუქტების რუსეთში იმპორტის აკრძალვა და თურქული სამშენებლო კომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვები იქცა.[15] თურქული მხარისთვის მნიშვნელოვან პრობლემად იქცა „აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურის თაობაზე მოლაპარაკებების შეჩერებაც. ამ ეტაპზე თურქეთი ელექტროენერგიის მნიშვნელოვან ნაწილს თბო-ელექტროსადგურების ხარჯზე გამოიმუშავებს, რაც ატომურ ენერგიაზე გაცილებით ძვირი ჯდება, ვინაიდან თურქეთი ენერგო-დამოკიდებული სახელმწიფოა და მას ბუნებრივი აირის შესყიდვა უწევს.[16]

 

რუსეთის პოზიცია

13933273_1083433148410339_886531739_n

© Reuters

თურქეთის ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით ცვლილება, ამ ეტაპზე, მოსკოვის ინტერესებში, სავარაუდოდ, არ შედის ვინაიდან, ერდოღანის ტიპის პოლიტიკოსი მოსკოვისთვის სხვებთან შედარებით გაცილებით მისაღებია. როგორც აღნიშნავენ, რუსეთსა და თურქეთს მთავრობებს სამი მთავარი გამაერთიანებელი ფაქტორი აქვთ: მასობრივი ტურიზმი და ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ასევე, გულისხმობს, ადამიანურ კონტაქტებს, პატრიოტიზმსა და ტრადიციულ ღირებულებებზე აქცენტის გაკეთება ლიბერალური ღირებულებების საპირისპიროდ და ბოლოს, როგორც ერთი, ისე მეორე ლიდერი დასავლეთის მიერ ავტოკრატ მმართველებად განიხილებიან.[17] ანკარაში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში კი, ძალაუფლება, დიდი ალბათობით, ანტი-რუსულად განწყობილი ძალების ხელში აღმოჩნდება. მოსკოვს არაერთხელ გაუსვამს ხაზი, რომ თურქეთის არმია ანტი-რუსულია.

მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია თურქეთის მის პოზიციებთან დაახლოება სირიის საკითხთან დაკავშირებით. დღესდღეობით, როდესაც აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარეობს პირდაპირი კონკურენცია ქურთებზე გავლენის მოსაპოვებლად, ერთი შეხედვით, თურქეთის პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვმა ვაშინგტონთან აღნიშნული დაპირისპირება დათმო, თურქეთი რეგიონში მის ბუნებრივ მოკავშირედ გარდაიქმნება.[18] სავარაუდოდ, სწორედ სირიის კრიზისში პოზიციების შერბილება იქცევა რუსეთის მთავარ მოთხოვნად თურქეთის ხელისუფლების მიმართ. საგულისხმოა, რომ ერდოღანის წერილიდან რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ყურადღება სწორედ სირიის კრიზისის დარეგულირების თვალსაზრისით ანკარას შესაძლო პოზიტიურ როლზე ისაუბრა.[19] თუმცა, რთულად წარმოსადგენია, თუ რა დათმობებზე შეიძლება წავიდეს ანკარა სირიის საკითხზე, ვინაიდან ნებისმიერ დათმობას თურქეთი ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველად განიხილავს.

მოსკოვი ცდილობს გამოიყენოს ერდოღანის სტრატეგია თურქეთის ენერგეტიკულ ჰაბად ქცევის შესახებ. „თურქეთის ნაკადის“ თუნდაც იდეის დონეზე არსებობაც კი, რუსეთს საშუალებას აძლევდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების გაზმომარაგების საკითხებზე კონკურენცია გაეწია ევროკავშირის მიერ ინიცირებული ალტერნატიული გაზსადენებისთვის.

 

დასკვნა

თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობებში ბოლო თვეების განმავლობაში ჩამოყალიბებულმა დაძაბულობამ შედარებით იკლო. თურქეთის ხელისუფლებამ მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზების გადაწყვეტილება რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო მიიღო:

  • სირიის კრიზისში ანკარას სტრატეგიის ჩავარდნა და დასავლეთის უარი სახმელეთო ინტერვენციაზე;
  • ქურთების საკითხის გამწვავება როგორც თურქეთში, ისე სირიის ტერიტორიაზე;
  • ანკარას მიერ აღკვეთილი სამხედრო გადატრიალების მცდელობა და ურთიერთობების დაძაბვა დასავლეთთან;
  • რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად გართულებული (ისედაც კრიზისული) ეკონომიკური ვითარება.

თავის მხრივ, მოსკოვი შეეცდება აღნიშნული ვითარებიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. შესაძლებლობის ფარგლებში, დაიყოლიოს თურქეთის ხელისუფლება სირიის კრიზისთან დაკავშირებით პოზიციების შედარებით დასაახლოებლად. გარდა ამისა, რუსეთის ინტერესებში კონსოლიდირებული თურქეთი ნაკლებად შედის. თურქეთი, შიდა პოლიტიკური კონფლიქტისა და დასავლეთთან დაპირისპირების პროცესში, მოსკოვისთვის, ამ ეტაპზე, მისაღები მოცემულობაა.

 

 

 

______________________________________________

[1] Владимиром Путиным получено послание Президента Турции Реджепа Тайипа Эрдогана; 27.06.2016; რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ-გვერდი. იხ.:http://www.kremlin.ru/events/president/news/52282

[2] „Turkey Makes Up With Russia; America Also Needs To End New Cold War With Moscow“; Doug Bandow; 05.07.2016; ბიზნეს ანალიტიკური გამოცემა „ფორბსი“ იხ.:http://www.forbes.com/sites/dougbandow/2016/07/05/turkey-makes-up-with-russia-america-also-needs-to-end-new-cold-war-with-moscow/#54f938f8332b

[3] With friends like these: Turkey, Russia, and the end of an unlikely alliance; Asli Aydıntaşbaş; 23.06.2016; საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს ვებ-გვერდი. იხ.: http://www.ecfr.eu/publications/summary/with_friends_like_these_turkey_russia_and_the_end_of_an_unlikely_7048

[4] Советник Эрдогана: Турция будет применять силу в случае угрозы нацбезопасности; 26.02.2016; რუსეთის საინფორმაციო სააგენტო. იხ.: http://tass.ru/mezhdunarodnaya-panorama/2698127

[5] Эрдоган: Турция помогает сирийским курдам под давлением США; 24.10.2014; იხ.: http://warsonline.info/siriya/erdogan-turtsiya-pomogaet-siriyskim-kurdam-pod-davleniem-ssha.html

[6] США призвали Турцию прекратить артобстрелы курдов в Сирии; 16.02.2016; საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა „რიანოვოსტი“

იხ.: http://ria.ru/world/20160216/1375727957.html

[7] EU-Turkey deal to return refugees from Greece comes into force; Jennifer Rankin; 20.03.2016;

საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა „გარდიანი“ იხ.: https://www.theguardian.com/world/2016/mar/18/refugees-will-be-sent-back-across-aegean-in-eu-turkey-deal

[8] Turkey’s long road to EU membership just got longer; Jennifer Rankin; 20.07.2016

საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა „გარდიანი“. იხ.: https://www.theguardian.com/world/2016/jul/20/turkeys-long-road-to-eu-membership-just-got-longer

[9] Le Figaro: почему Запад поддержал “демократического диктатора” Эрдогана?; 18.07.2016; საინფორმაციო სააგენტო „კურსორინფო“ იხ.: http://cursorinfo.co.il/news/pressa/2016/07/18/Le-Figaro–pochemu-zapad-podderzhal-demokraticheskogo-diktatora-erdogana-/

[10] Turkey coup attempt: Erdoğan demands US arrest exiled cleric Gülen amid crackdown on army – as it happened; Alan Yuhas, Jamie Grierson, Claire PhippsSam Levin and Kevin Rawlinson (earlier); 16.07.2016 (განახლებულია 18.07.2016); საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა „გარდიანი“.  იხ.: https://www.theguardian.com/world/live/2016/jul/15/turkey-coup-attempt-military-gunfire-ankara

იხ.: https://www.theguardian.com/world/live/2016/jul/15/turkey-coup-attempt-military-gunfire-ankara

[11] It’s Time to Kick Erdogan’s Turkey Out of NATO; Stanley Weiss; 24.02.2016;

ბენფურენის ინსტიტუტი იხ.:http://www.huffingtonpost.com/stanley-weiss/its-time-to-kick-erdogans_b_9300670.html

„Erdogan’s purge may give Nato no choice but to expel Turkey from the alliance; Con Couglin; ანალიტიკური გამოცემა „ტელეგრაფი“ იხ.: http://www.telegraph.co.uk/news/2016/07/19/erdogans-purge-may-give-nato-no-choice-but-to-expel-turkey-from/

[12] „Теперь Турция может стать стратегическим союзником России“; Петр Акопов; ინტერნეტ გაზეთი „ვზგლიადი“; 19.07.2016; იხ.: http://www.vz.ru/politics/2016/7/19/822264.html

[13] Military coup was well planned and very nearly succeeded, say Turkish officials; Kareem Shaheen; 16.07.2016; საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა „გარდიანი“. იხ.:https://www.theguardian.com/world/2016/jul/18/military-coup-was-well-planned-and-very-nearly-succeeded-say-turkish-officials

[14] Has Turkey finally made nice with Russia?; Maxim A. Suchkov; 30.06.2016; ანალიტიკური გამოცემა „ლმონიტორი“; იხ.: http://www.al-monitor.com/pulse/originals/2016/06/turkey-russia-relations-erdogan-apology.html

[15] Русско-турецкий мир; Яна Милюкова, Полина Химшиашвили, Анна Левинская, Тимофей Дзядко; 28.06.2016; რუსეთის ბიზნესკონსალტინგის ინტერნეტ გაზეთი; იხ.: http://www.rbc.ru/newspaper/2016/06/28/577157b89a7947239346aba3

[16] Турции будет крайне сложно вернуть отношения с Россией на прежний уровень; Ольга Самофалова; 08.06.2016; ინტერნეტ გაზეთი „ვზგლიადი“იხ.: http://www.vz.ru/economy/2016/6/28/818471.html

[17] Эксперт: российско-турецкие отношения испортила Сирия; Леонид Исаев; 24.11.2015; „ბი-ბი-სი-ს“ რუსეთის სამსახური; იხ.:http://www.bbc.com/russian/international/2015/11/151124_russia_turkey_plane_comment

[18] ‘West’s Criticisim’ Prodded Erdogan to Restore Relations With Moscow; 05.07.2016; იხ.: საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა „სპუტნიკი“http://sputniknews.com/world/20160705/1042441883/russia-turkey-relations-west.html

[19] Лавров: Улучшение отношений с Анкарой поможет решить конфликт в Сирии; 12.07.2016; ტელეკომპანა „მირ 24“; იხ.:http://mir24.tv/news/politics/14714154

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *