რუსეთი არჩევანის ზღვარზე – ინტერვიუ ლევან ლორთქიფანიძესთან

2021 წლის 17-19 სექტემბერს რუსეთში ფედერალური კრების ქვედა პალატის – სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები გაიმართება. საპარლამენტო კენჭისყრაში თოთხმეტი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. დამკვირვებელთა აზრით, წინასაარჩევნო კამპანიის ხასიათი და პროცესში ჩართულ პოლიტიკურ ძალთა  თავისებურებანი რუსეთის ავტორიტარული რეჟიმის მთავარ მახასიათებლებს ამხელენ. აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცით დაინტერესებული მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარების მიმოხილვა.

სახელმწიფო სათათბიროს მორიგი არჩევნების მნიშვნელობის, კენჭისყრაში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების შესაძლებლობებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ გთავაზობთ ინტერვიუს შედარებითი პარტიული პოლიტიკის მკვლევართან, პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძესთან, რომელიც „კავკასიური სახლის“ გამგეობის წევრიც გახლავთ.

  • მოგესალმებით ბ-ნო ლევან, გმადლობთ ინტერვიუსთვის. თავდაპირველად, ყურადღება რუსეთის დუმის არჩევნების ზოგად კონტექსტზე უნდა გავამახვილოთ. იქნებ დაგვისახელოთ რამდენიმე წინაპირობა, რომელიც 2021 წლის კენჭისყრის კონტექსტს განსაზღვრავენ.

გმადლობთ თქვენ ყურადღებისა და ინტერესისათვის.

წინა მოწვევის სათათბიროს მუშაობის პერიოდში რუსეთში რამდენიმე გარდამტეხი მოვლენა მოხდა, რომელიც მორიგი კენჭისყრის ზოგად კონტექსტს განსაზღვრავს. უპირველეს ყოვლისა, აქცენტი უნდა დავსვათ 2020 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ცვლილებების მიხედვით მეზობელი ქვეყნის კონსტიტუციაში ბევრი ახალი ჩანაწერი გაჩნდა, რომელმაც ოცდამეერთე საუკუნის რუსეთის ღირებულებათა სისტემის ახალი კონტურები გამოკვეთა. თუმცა, კონსტიტუციური რეფორმის არსი სულ სხვა რამ გახლდათ. ახალი ძირითადი კანონით პრეზიდენტ პუტინის მმართველობის ვადები განულდა (იხ. სტატია). განულების შედეგად სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურს უფლება აქვს 2024 წელს კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე და მისთვის ხელსაყრელ შემთხვევაში 2036 წლამდე შეინარჩუნოს აღნიშნული თანამდებობა. რუსეთში 2020-იანი წლები ცვლილებების ათწლეულად აღიქმებოდა, დუმის მორიგი არჩევნები ერთგვარი რეპეტიცია უნდა ყოფილიყო საპრეზიდენტო კენჭისყრისა, საარჩევნო ურნებთან პუტინის მემკვიდრის ბედის გადაწყვეტა უნდა დაწყებულიყო. რეფორმის შედეგად რუსეთში ელემენტარული ცვლილებების მოლოდინიც კი გაცამტვერდა, პუტინის ვადების ასათვლელად წამზომის ხელახლა ჩართვამ საპარლამენტო არჩევნებს ინტრიგა და ინტერესი დაუკარგა. რუტინულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით ამომრჩევლის დარაზმვა, მობილიზაცია კი ურთულეს ამოცანას წარმოადგენს. ალბათ, ძალიან მოსაწყენი და უაზროა იმგვარ ბრძოლაში ჩართვა, რომლის შედეგებიც ყველამ წინასწარ იცის.

2021 წლის არჩევნებს რუსეთი მძიმე სოციალ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხვდება. დასავლეთის სანქციებისა და პანდემიის პირობებში უკიდურესად გაუარესებულია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ბოლო წლებში მოიმატა სიღარიბის მაჩვენებლებმაც. ხალხი ყველაზე მეტად განრისხებულია საპენსიო ასაკის ზრდის გამო. 2019 წელს, პრემიერ-მინისტრ მედვედევის მმართველობის დროს ქალთა საპენსიო ასაკი სამოც, ხოლო მამაკაცთა საპენსიო ასაკი სამოცდახუთ წლამდე გაიზარდა. საპენსიო რეფორმის საკითხი წინასაარჩევნო განხილვების ერთ-ერთი მთავარი თემაა, რომელიც გავლენას ახდენს პოლიტიკურ სუბიექტთა მოქმედებებზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის არჩევნები „ყირიმის კონსენსუსის“ განწყობის გარეშე ჩატარდება. მოგეხსენებათ, ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის საზოგადოებაში პრეზიდენტის მხარდაჭერის ხარისხი არნახულად გაიზარდა, ეროვნული ერთიანობის ატმოსფერო ხელსაყრელ ნიადაგს ქმნიდა სახელმწიფოს მეთაურის მიერ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებისათვის, საკუთარი ავტოკრატიული სისტემის ლეგიტიმაციის უზრუნველსაყოფად პუტინს ზედმეტი ძალისხმევა აღარ სჭირდებოდა. სოციალ-ეკონომიკური პრობლემების გამწვავების, პოლიტიკური დღის წესრიგის ცვლილების შედეგად „ყირიმის კონსენსუსს“ ყავლი გაუვიდა, ამ არჩევნებზე უპირობო უპირატესობის მოსაპოვებლად რეჟიმს გაცილებით მეტი რესურსების დახარჯვა მოუწევს.

  • რას გულისხმობთ მეტი რესურსების დახარჯვაში? რა მექანიზმებს იყენებს მმართველი ელიტა სასურველი შედეგების მიღწევისთვის? როგორია წინასაარჩევნო გარემო რუსეთში?

კარგი შეკითხვაა. მოდით, დაწვრილებით განვიხილოთ მექანიზმები, რომელთაც რუსეთის ხელისუფლება კენჭისყრის დროს უპირობო უპირატესობის მოსაპოვებლად იყენებს. კრემლი ხელსაყრელი წინასაარჩევნო გარემოს მისაღწევად არ ერიდება არც რეპრესიებს, არც ამომრჩეველთა და კანდიდატთა მოსყიდვას და არც სხვა მანიპულაციებს. პუტინის მომხრეთა ინსტრუმენტების ყუთი პირთამდე სავსეა ნაირ-ნაირი ხელსაწყოებით.

თავდაპირველად, ყველაზე სასტიკი ანგარიშსწორება გავიხსენოთ. რუსეთში არასისტემური ძალების კონსოლიდაციის შესაძლებლობა ერთადერთ ადამიანს, ალექსეი ნავალნის ჰქონდა. მან თავისი ანტიკორუფციული საქმიანობით, 2014 წლის მოსკოვის მერის არჩევნებზე ნაჩვენები სოლიდური შედეგითა და „გონივრული ხმის მიცემის“ სისტემის გამოგონებით ზედმეტი თავისტკივილი გაუჩინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მესვეურებს. ოპოზიციონერი და მისი მხარდამჭერები 2021 წლის კენჭისყრაზეც აპირებდნენ ბრძოლასა და ხელისუფლებისათვის წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ ყველამ ვნახეთ თუ რა ბედი ეწია ალექსეი ნავალნის. თავდაპირველად, იგი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს, შემდეგ კი ხანგრძლივი ვადით ჩააყუდეს ციხეში. საპატიმრო დაწესებულებიდან ნავალნის პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობა არ აქვს და საფრთხეს ვერ შეუქმნის არჩევნების სასურველი სცენარით განვითარებას.

Amnesty International-ის ცნობით, ათობით რუსი პოლიტიკოსის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ ჰქონოდათ. მაშასადამე, რუსეთის პროკურატურა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით აწარმოებს რიგ მოქალაქეთა სამართლებრივ დევნას, რათა საარჩევნო კომისიამ მათი დისკვალიფიკაცია შეძლოს. მაგალითად, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებს – ლიუბოვ სობოლს, ოლეგ სტეფანოვს, ანასტასია ვასილიევასა და სხვებს ერთ-ერთი საპროტესტო ღონისძიების დროს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დარღვევას ედავებიან („санитарного дела“), მოსკოვის მუნიციპალური საბჭოს დეპუტატი იულია გალიამინა დადანაშაულებულია საჯარო ღონისძიების გამართვისას მართლწესრიგის არაერთგზის უხეშად დარღვევაში, სანკტ-პეტერბურგის საკანონმდებლო კრების ყველაზე აქტიური ოპოზიციონერი დეპუტატი – მაქსიმ რეზნიკი გაასამართლეს ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისათვის და ა.შ. ცხადია, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციის მეთაური – ელა პამფილოვა კანდიდატებს რეგისტრაციაზე უარს ეუბნება.

ოპონენტების პოლიტიკური ველიდან გარიყვა საგანგებოდ მოფიქრებული იარლიყების მიკერებითაც არის შესაძლებელი. მაგალითად, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“, „ღია რუსეთი“ და სხვა ანტიპუტინისტური ჯგუფები ოფიციალურმა სტრუქტურებმა ექსტრემისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადეს, კანონის მიხედვით ექსტრემისტებსა და ტერორისტებს დეპუტატის მანდატის მოპოვების უფლება არ აქვთ. შედეგად, არაერთი დემოკრატი პოლიტიკოსი აღმოჩნდა საარჩევნო კონკურენციის მიღმა.

შედარებით მდიდარ კანდიდატებს, რომლებიც ხელისუფლებისათვის უმცირეს საფრთხეს მაინც წარმოადგენენ, რეგისტრაციას საზღვარგარეთის ბანკებში გახსნილი ანგარიშების გამო უუქმებენ. მაგალითად, კომუნისტთა ერთ-ერთი ქარიზმატული ლიდერი, ლენინის სახელობის მეურნეობის ხელმძღვანელი – პაველ გრუდინინი პარტიის პროპორციული სიიდან იმიტომ ამოიღეს, რომ მისი ყოფილი ცოლის ცნობით კანდიდატს ბელიზის (ცენტრალური ამერიკა) ერთ-ერთ საფინანსო სტრუქტურაში გარკვეული თანხა აქვს დაბანდებული. თავად გრუდინინი ფაქტს საგანგებოდ შეგროვებული დოკუმენტებით უარყოფს, მაგრამ ხელისუფლებისთვის ყოფილი ცოლის განცხადება უფრო ფასეულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ უპარტიო კანდიდატებს ხშირად ათასობით ხელმოწერის შეგროვება უწევთ პასიური საარჩევნო უფლების გამოყენებისთვის, რაც დამწყები პოლიტიკოსებისათვის უდიდეს წინააღმდეგობას წარმოადგენს.

ფედერალური არხები ძირითადად მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის ღონისძიებებს აშუქებენ. ოპოზიციას ხმა მხოლოდ სატელევიზიო დებატების დროს ისმის, რომელიც დილის შვიდ საათზე იმართება ხოლმე…

  • ხდება თუ არა რუსეთში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და ამომრჩეველთა მოსყიდვა?

თავად რუსეთში არასდროს ვყოფილვარ, უშუალოდ არასდროს დავკვირვებივარ არჩევნებს, მაგრამ შორიდანაც კარგად ჩანს ბევრი რამ. მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში პრეზიდენტმა პუტინმა ფედერალური ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები გამოჰყო, რათა პენსიონერების, სამართალდამცველებისა და სამხედრო პირებისათვის ფულადი კომპენსაციები დაერიგებინათ. პანდემიის დროს ჩვენი დამსახურებული მოქალაქეები შეღავათებს იმსახურებენო, ასე ახსნეს გადაწყვეტილება კრემლში. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე გარკვეული დახმარება მიიღეს სასკოლო სისტემაში ჩართულმა პირებმაც.

რუსეთის რამდენიმე სუბიექტის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ხმა ელექტრონულად მისცეს. ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ კრემლი თანამედროვე ტექნოლოგიებს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მობილიზებისთვის იყენებს. ელექტრონული ხმის მიცემა ხსნაა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ქალაქებსა და ოლქებში. მაგალითად, განსაკუთრებულ online-აქტივობას მოსკოვში ელიან, სადაც  მერ სობიანინს უკვე დაწყებული აქვს შესაბამისი მუშაობა საქალაქო სტრუქტურების თანამშრომელთა დასარაზმად.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოა. მის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა წინასაარჩევნო გარემოა შექმნილი. რუსი პოლიტოლოგები ხშირად იყენებენ ტერმინს „ელექტორალური სულთანატები“. ამგვარად მოიხსენიებენ რეგიონებს, სადაც ადგილობრივი ავტორიტარი მმართველები ხელისუფლებისადმი ერთგულების გამოხატვის მიზნით მმართველი პარტიის მხარდაჭერას ყველა კანონიერი და არაკანონიერი საშუალებით უზრუნველყოფენ. ჩრდილოეთ კავკასიაში, თათრეთში, მორდოვიაში, კუზბასსა და კიდევ რამდენიმე ოლქში პუტინის პარტიის მაჩვენებლები თითქმის ყოველთვის 90%-ზე მეტია.

  • მსმენია „სპოილერი“ კანდიდატებისა და პარტიების შესახებაც …

რუსეთში ამომრჩევლების „დასპოილერება“ ანუ მოტყუება, მათთვის თავგზის აბნევა ჩვეულებრივი ამბავია. მაგალითად, დუმის 2021 წლის არჩევნებში მონაწილეობას კომუნისტური პარტიის პარალელურად მიიღებს პარტია „რუსეთის კომუნისტები“. ცხადია, ძალიან ძნელია ათობით მილიონი ადამიანისათვის იმის ახსნა, თუ რომელია ძველი, სსრკ-ის მმართველი ძალის მემკვიდრე ორგანიზაცია  და რომელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის სცენარისტთა მიერ დაპროექტებული გაერთიანება. ამოცანა კიდევ უფრო რთული გახდება, თუ ამომრჩევლები კანდიდატთა სიებს გადაავლებენ თვალს. თუ ერთი კომუნისტური პარტია რომელიმე ოლქში კანდიდატად დეპუტატ ვიტალი პეტროვს წარადგენს, იმავე რაიონში მეორე ჯგუფი აუცილებლად დაარეგისტრირებს ვინმე ვასილი პეტროვს; მეზობელ მუნიციპალიტეტში ნიკოლაი ვოლკოვს ალექსეი ვოლკოვს უპირისპირებენ და ასე ხდება ყველა იმ რეგიონში, სადაც პუტინის პარტიას კონტროლირებადი სისტემური ოპოზიციის მცირედი გაძლიერება უშლის ნერვებს.

საერთოდ უკადრებელი იკადრეს ცნობილი რუსი პეტერბურგელი დემოკრატის – ბორის ლაზარიევიჩ ვიშნიევსკის დასაჩრდილად. მისმა ორმა ოპონენტმა სახელი და გვარი გადაიკეთა, რამდენიმე კვირაა ორივე მათგანი ბორის ვიშნევსკიდ იწოდება. თუმცა, მათ ესეც არ იკმარეს და გარეგნობითაც მიემსგავსნენ „იაბლოკოს“ თავმჯდომარის მოადგილეს.

პატარა პარტიებისა და ყალბი კანდიდატების საშუალებით ამომრჩეველთა უკიდურესი დაყოფა-დანაწევრება ხდება. ისინი, როგორც წესი, ვერ ახერხებენ 5%-იანი ბარიერის გადალახვას, მათი ხმები მანდატების განაწილების დროს გამარჯვებული სუბიექტების ყულაბაში გროვდება.

  • რას გვეტყვით ორგანიზაციებისათვის „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით?

უცხოური ფონდის მხრიდან უმცირესი დაფინანსების მიღებაც კი ბევრი უფლებადაცვითი ორგანიზაციისა და მედიისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან მათ „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი მიანიჭეს. აღნიშნული სტატუსი უამრავ პროცედურულ პრობლემას უქმნის ორგანიზაციების, მედია საშუალებებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებს, მათ არაერთი რეგულაციისა და შეზღუდვის პირობებში უწევთ საქმიანობა. წინასაარჩევნოდ „უცხოეთის აგენტად“ ტელეკომპანია „დოჟდი“ გამოაცხადეს, რომელიც რიგი ოპოზიციური ძალებისა და ლიბერალურად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი ბასტიონია. მოკლედ, „უცხოეთის აგენტობაც“ ოპონენტთა შევიწროვებისა და გაკონტროლების ერთ-ერთი ეფექტური ხერხია.

  • წინასაარჩევნო გარემოზე საუბარი რომ ამოვწუროთ, აუცილებლად უნდა ვიკითხო სადამკვირვებლო მისიების შესახებ…

როგორც მახსოვს, რუსეთის ხელისუფლებამ პანდემიის მომიზეზებით უარი თქვა ეუთოს 500 კაციანი მისიის მიღებაზე. ოფიციალური პირებს მიაჩნიათ, რომ 500 უცხოელი 150 მილიონიან ქვეყანაში ეპიდსიტუაციას გააუარესებს.

ადგილობრივი დამკვირვებლებისათვის მთავარი პრობლემა კი, ალბათ, ის იქნება, რომ არჩევნები სამ დღეს გასტანს. საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად კენჭისყრა 17, 18 და 19 სექტემბერს გაიმართება. ცხადია, ბევრ დამკვირვებელს გაუჭირდება 72 საათის განმავლობაში საარჩევნო პროცესის ზედამხედველობა, მისიებს შეექმნებათ უამრავი ლოჯისტიკური პრობლემაც, თითო დამკვირვებლის დასაფინანსებლად მოსაძიებელი იქნება დამატებითი თანხები და ა.შ.

  • ძალიან ვრცლად ვისაუბრეთ წინასაარჩევნო ატმოსფეროზე, მაგრამ ვფიქრობ, კარგი საქმე გავაკეთეთ. ავტორიტარული რეჟიმები ამგვარი ელემენტებით ახერხებენ თავიანთი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფას. მოდით, პარტიულ სისტემაზე განვაგრძოთ მსჯელობა. რა ტიპის პარტია გახლავთ „ერთიანი რუსეთი“ და რა სტრატეგიას არჩევენ მათი ლიდერები 2021 წლის არჩევნებზე?

თავდაპირველად ერთი-ორი სიტყვა ვთქვათ მთლიანად პარტიულ ლანდშაფტზე. „მოსკოვის კარნეგის ცენტრის“ მკვლევრები რუსეთის რეჟიმს ნეოკორპორატივისტულ სტრუქტურად მიიჩნევენ. რას ნიშნავს ნეოკორპორატივისტული სისტემა? ეს არის სისტემა, რომლის შემადგენელი ელემენტები ერთმანეთთან მძაფრ კონკურენციაში არ შედიან, მათ ხელისუფლების მიერ განსაზღვრული ადგილი უჭირავთ მკაცრად იერარქიულ წყობაში, ასრულებენ მხოლოდ მათთვის მინიჭებულ სპეციალურ ფუნქციებს და ამგვარად ცდილობენ საზოგადოების სხვადასხვა ფენის ინტერესების გამოხატვას. რუსეთის პოლიტიკურ ველზე ადგილებს, ფუნქციებსა და როლებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ანაწილებენ. ამჟამად ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელსაც შიდა პოლიტიკის კურატორობა ევალება, გახლავთ სერგეი კირიენკო. ჩემი მშობლების თაობა მას კარგად იცნობს. ბ-ნ კირიენკო 1990-იან წლებში ცოტა ხნით, ვიქტორ ჩერნომირდინისა და ევგენის პრიმაკოვის მმართველობის პერიოდებს შორის, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა (მაშინ იგი 35 წლის იყო და ამიტომ გერონტოკრატიას მიჩვეული ხალხი „ქინდერ სიურპრიზს“ უწოდებდა). მისი პრემიერობის დროს მოხდა დეფოლტი, რომელმაც უდიდესი სოციალ-ეკონომიკური კატასტროფა გამოიწვია მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეში.

„ერთიანი რუსეთი“ პარტიული იერარქიის პირველ საფეხურზეა განლაგებული. ორგანიზაცია კლასიკური კლიენტელისტური პარტიაა, რომლის მიზანი არსებული ელიტების მიერ ძალაუფლების შენარჩუნება, სახელისუფლებო ჯგუფების ურთიერთკოორდინაციის უზრუნველყოფა და პუტინის ლეგიტიმაციისთვის საარჩევნო ბრძოლებში მონაწილეობა გახლავთ. პარტიას არ აქვს გამოკვეთილი ღირებულებათა სისტემა, ხშირად იცვლებიან ორგანიზაციის ლიდერები და დეპუტატთა კორპუსი. პარტიის ელექტორალური ბაზა შედგება ადმინისტრაციული რესურსის ან ძალადობის, შიშის ხარჯზე მობილიზებული ამომრჩევლებისა და პუტინის ქარიზმით მოხიბლული მოქალაქეებისაგან.

„ერთიანი რუსეთის“ სიაში მრავლად ნახავთ ოლიმპიურ ჩემპიონებს, კულტურის მოღვაწეებს, ტელეწამყვანებს, სახელმწიფო ბიუროკრატიის, ტექნოკრატიული წრეებისა და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს. კანდიდატებს ერთმანეთთან ერთადერთი გარემოება – ხელისუფლებისადმი ერთგულება აერთიანებთ. მათი უმრავლესობა პუტინის მიმართ ქვეშევრდომული დამოკიდებულების, კონფორმიზმისა და სატელევიზიო „ცნობადობის“ (რა საშინელი ტერმინია) ნიშნით არიან შერჩეულნი.

წელს ვლადიმერ პუტინმა თავად წარადგინა „ერთიანი რუსეთის“ ფედერალური სიის პირველი ხუთეული. ხუთეულში ვერ მოხვდა ვერც ყოფილი პრემიერ-მინისტრი მედვედევი, რომელიც არნახულად არაპოპულარული ფიგურაა, და ვერც მოქმედი პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი, რომელიც ლიდერს, როგორც სჩანს, მხოლოდ ადმინისტრაციული პროცესის გასაძღოლად სჭირდება. ფედერალური სიის მიღმა აღმოჩნდა დუმის სპიკერი ვოლოდინიც. ვფიქრობ, სიის პირველი ხუთეული საგანგებოდ შეარჩიეს, თითოეული მათგანი გამოხატავს პრიორიტეტს, რომლითაც „ერთიანი რუსეთი“ თავს აწონებს ამომრჩევლებს.

სიის პირველი ნომერი თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გახლავთ, რომლის ფიგურაც სამხედრო-შეიარაღებულ ძალებზე, მის პირად შემადგენლობაზე მმართველი პარტიის განსაკუთრებულ მზრუნველობას უსვამს ხაზს. ამასთანავე, მოსახლეობას შეახსენებს, რომ „ერთიანი რუსეთი“ ქვეყნის სამხედრო ძლევამოსილებას ემხრობა. შოიგუს გარდა სიაში კიდევ ერთი მინისტრი, რუსეთის მთავარი დიპლომატი სერგეი ლავროვი ჩაწერეს. ადგილობრივთა ნაწილი ლავროვს საერთაშორისო არენაზე რუსეთის პოზიციების უკომპრომისო დამცველად და დასავლელი პოლიტიკოსების შერისხვის მთავარ სიმბოლოდ აღიქვამს. მათი აზრით, ლავროვის პერიოდში რუსეთი კვლავ ჩამოყალიბდა საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ აქტორად.  პუტინის პირადი თხოვნით, პარტიის მოწინავე ხუთეულში აღმოჩნდა პანდემიის პერიოდში აქტიურად მომუშავე ექიმი – დენის პრაცენკო. როგორც ჩანს, „ერთიანი რუსეთი“ პოპულარული მედიკოსების პოტენციალის სათავისოდ გამოყენებასაც არ ერიდება. სიის ქალი ლიდერებიდან ერთ-ერთი ბავშვთა უფლებების დამცველი, შვიდი შვილის დედა და მღვდლის მეუღლე – ანა კუზნეცოვა გახლავთ. ცხადია, ის ტრადიციული და მართლმადიდებლური ელექტორატის რჩეულად არის მოაზრებული. მეორე ქალი ლიდერი – ელენა შმელიოვა კი კრემლის მიერ შექმნილი მოხალისეობრივი ქსელის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო და მმართველის პარტიის სასარგებლოდ მათი მხარდაჭერის მოპოვებისთვის იზრუნებს.

„ერთიანი რუსეთის“ გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარება. 2021 წლის არჩევნების მთავარი ინტრიგა არის ის, თუ რამდენად შთამბეჭდავი და უპირობო იქნება მმართველი ძალის გამარჯვება. პუტინის მსგავს დიქტატორებს თავიანთი ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხის დემონსტრირება ჰაერივით სჭირდებათ ხოლმე.

  • თითქმის ორი ათწლეულია რუსეთის დუმის პარტიული შემადგენლობა არ შეცვლილა. „ერთიანი რუსეთის“ გარდა სახელმწიფო სათათბიროში წარმოდგენილნი არიან კომუნისტები, ჟირინოვსკის მომხრეები და „სამართლიანი რუსეთის“ წევრები. რას გვეტყვით დასახელებული პარტიების ელექტორალური შანსების შესახებ?

ალბათ, სამივე მათგანი კვლავ შეძლებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას. თუ ვრცლად გსურთ საკითხის განხილვა, შემიძლია თითოეულზე ცალ-ცალკე გესაუბროთ, რადგან ისინი ერთმანეთისგან მრავალი ნიშნით განსხვავდებიან და სისტემაში სპეციფიკურ როლს ასრულებენ.

  • კეთილი! განვიხილოთ …

მშვენიერია! დავიწყოთ ყველაზე მარტივი ფენომენით – რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიით (რლდპ). აღნიშნულ პარტიაზე უფრო პერსონიფიცირებული ძალის წარმოდგენა შეუძლებელია. ის მთლიანად, თხემით-ტერფამდე ასოცირდება ერთ ადამიანთან – ვლადიმერ ჟირინოვსკისთან და მის ნაციონალისტურ-პოპულისტურ, მოფაშისტო რიტორიკასთან. რლდპ 30 წელია ერთსა და იმავეს გვთავაზობს, მათ საუკუნის მესამედია ახალი არაფერი უთქვამთ. მიუხედავად ამისა, პარტია ხშირად ახერხებს ამომრჩეველთა დაახლოებით 10%-ის მხარდაჭერის მოპოვებას. სავარაუდოდ, იგივე მოხდება 2021 წლის სექტემბერშიც. რლდპ-ის ამომრჩევლები ძირითადად რეგიონებში ცხოვრობენ, არ გამოირჩევიან მაღალი ეკონომიკური შემოსავლებით. პარტია განსაკუთრებით პოპულარულია მამაკაცებს შორს. რლდპ-ის მთავარი პრობლემა ლიდერის ასაკია. ჟირინოვსკი 75 წლის არის, კიდევ დიდ ხანს ვეღარ გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას, მის გარეშე კი პარტიას მომავალი არ აქვს. ცხადია, ჟირინოვსკი ებრძვის ყველას და ყველაფერს პუტინისა და მისი გარემოცვის გარდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუდმივი ექსპერიმენტების ობიექტი, „საცდელი კურდღელი“ გახლავთ პარტია „სამართლიანი რუსეთი“ (მათ ხშირად „ესერებად“ მოიხსენიებენ). თავდაპირველად, პუტინის პირადი მეგობრის, ფედერალური საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის – სერგეი მირონოვის პარტია უამრავი პატარ-პატარა ჯგუფის ერთი ქოლგის ქვეშ თავმოყრის მიზნით შეიქმნა. წლების წინ გამორჩეული რუსი პოლიტოლოგი ვლადიმერ გელმანი პარტიას „ნოეს კიდობანს“ უწოდებდა, რადგან მან 2000-იანი წლების ბოლოს პენსიონერთა ჯგუფები, რიგი პროფკავშირელი აქტივისტები, ყოფილი კომუნისტები და ულტრანაციონალისტური „როდინა“ ერთ პლატფორმაზე გააერთიანა. დროთა განმავლობაში „სამართლიანი რუსეთი“ სოციალ-დემოკრატიულ პარტიად იქცა, რომელიც მოქალაქეთა სოციალური უფლებებისა და კომუნალური საჭიროებებისთვის, საბაზისო შემოსავლისთვის იბრძოდა. „ესერებმა“ კომუნისტებს მემარცხენე ამომრჩეველთა ხმებისთვის ბრძოლაში სერიოზული პრობლემები შეუქმნეს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინტერესებში შედიოდა. 2021 წელს „სამართლიანი რუსეთი“ კიდევ ერთხელ იქცა შეშლილი პოლიტტექნოლოგების ფანტაზიის მსხვერპლად. ამჟამად, მირონოვის პარტია გააერთიანეს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ გულმხურვალე მხარდამჭერის, ულტრანაციონალისტი მწერლის – ზახარ პრილეპინის პოლიტიკურ ორგანიზაციასთან. ახალი ალიანსის კიდევ ერთი სუბიექტი გახდა კომუნისტური პარტიის გაყოფის შედეგად წარმოქმინილი ძალა – „რუსეთის პატრიოტები“. მაშასადამე, „ესერები“ გადაიქცნენ ნაციონალისტების, სოციალ-დემოკრატებისა და კომუნისტების სრულიად გაუგებარ, ეკლექტურ გაერთიანებად. აღნიშნული ექსპერიმენტის მიზანი, ალბათ, ის არის, რომ ცალკეული სისტემური პოლიტიკოსები კვლავ მოხვდნენ პარლამენტში, სხვადასხვა იდეოლოგიურმა მიმართულებებმა კი ვერ შეძლონ დამოუკიდებელი, მკაფიო სტრუქტურის ფორმირება. სავარაუდოდ, „სამართლიანი რუსეთი“ 2021 წლის მოწვევის დუმაშიც ყველაზე პატარა ფრაქციის ჩამოყალიბებას შეძლებს.

  • რატომ მოიტოვეთ კომუნისტური პარტია ბოლოსთვის?

ბევრი მიზეზის გამო… რუსეთის კომუნისტური პარტია სისტემურ ოპოზიციურ ძალებს შორის ყველაზე ძლიერია. ქვეყანაში კვლავ არსებობს ნოსტალგია საბჭოთა კავშირის მიმართ. ეკონომიკური კრიზისის გაძლიერების, რესურსების არათანაბარი გადანაწილების კვალდაკვალ საზოგადოების სხვადასხვა ფენებში საბჭოთა წყობილებისადმი დამოკიდებულება უფროდაუფრო პოზიტიური ხდება. კომუნისტებს დანარჩენებისგან მკვეთრად გამოხატული, მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი პოლიტიკური იდეოლოგიაც გამოარჩევთ. აღსანიშნავია ისიც, რომ კომუნისტები კარგად არიან დაქსელილები უზარმაზარი ქვეყნის ყველა მხარეში. მაგრამ ყველაზე საინტერესო პარტიის არაერთგვაროვნება გახლავთ. 

ერთი მხრივ, პარტიის მმართველი რგოლები თითქმის სრულად ექვემდებარებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციას. პარტიის თავმჯდომარე, გენადი ზიუგანოვი 78 წლისაა და წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარ აქვს, საზოგადოებასაც მოყირჭდა ამდენი ხნის განმავლობაში მასზე დაკვირვება. გენადი ზიუგანოვის ჭეშმარიტ არსს შესანიშნავად გამოხატავს ცოტა ხნის წინ მომხდარი ფაქტი. პუტინმა კომუნისტთა ლიდერი სტოლიპინის ორდენით დააჯილდოვა. ალბათ, ცალკე ლენინი ტრიალებს საფლავში, ცალკე ცარისტული რეჟიმის პრემიერ-მინისტრი.

მეორე მხრივ, პარტიაში კონფორმისტთა გარდა სხვების მოძიებაც არის შესაძლებელი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია კომუნისტთა კანდიდატმა – პაველ გრუდინინმა. მან შეძლო საბჭოთა მეურნეობის თანამედროვე საწარმოდ გადაკეთება და საწარმოს ირგვლივ მდებარე დასახლებაში სსრკ-ის დროინდელი სოციალური სერვისების შენარჩუნება, იგი ზიუგანოვთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდა და ქარიზმატული ლიდერია. საპრეზიდენტო არჩევნებზე მან კრემლში დაგეგმილზე გაცილებით მეტის მოპოვება შეძლო, მისი ეშინათ, მას დევნიან, გრუდინინს უარი უთხრეს დუმის არჩევნების სიის მესამე ნომრად  რეგისტრაციაზე, სამართალდამცველები არაერთხელ შევიდნენ/შეიჭრნენ მის მეურნეობაში, სცადეს დასახლების მუშაობის შეფერხება. მიუხედავად ყველაფრისა, გრუდინინი მაინც აგრძელებს ბრძოლას. ანტისისტემურ მოთამაშეებს ვხვდებით კომუნისტური პარტიის რეგიონალურ ორგანიზაციებშიც. მაგალითად, მთელს რუსეთში აქვს სახელი განთქმული „ერთიანი რუსეთის“ კრიტიკოსს, სარატოველ დეპუტატ ნიკოლაი ბონდარენკოს, რომლის YouTube არხს 2 მილიონამდე გამომწერი ჰყავს.

მოკლედ, კომუნისტური პარტია რჩება სისტემური ოპოზიციის ნაწილად. თუმცა, მის შემადგენლობაში არიან ძალები, რომლებიც ხელისუფლებას პარტიის ლიდერებზე გაცილებით უფრო მწვავედ უპირისპირდებიან. პარტიაში გარდაუვალია თაობათა ცვლილება და შესაძლოა სტოლიპინის ორდენის კავალერის ჩანაცვლება სწორედ ანტისისტემური განწყობების მქონე ადამიანებმა სცადონ. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, კომუნისტები დუმაში სიდიდით კვლავ მეორე ძალა იქნებიან, პარტიის ოპტიმისტები წევრები 2016 წლის შედეგების გაუმჯობესებასაც ვარაუდობენ.

  • რას გვეტყვით არასაპარლამენტო პარტიებზე?

არასაპარლამენტო პარტიებიდან ყველაზე ძველი და გავლენიანი „იაბლოკო“ გახლავთ. წლებია იგი რუსეთის ინტელიგენციის მესიტყვეა, აერთიანებს სოციალური ლიბერალიზმის მიმდევარ პოლიტიკოსებს. ჩემი აზრით, „იაბლოკოს“ მთავარი პრობლემა მისი ლიდერი – გრიგორი იავლინსკი გახლავთ, რომელიც ფაქტიურად 30 წელია სათავეში უცვლელად უდგას პარტიას და ერთპიროვნულად მართავს მას. იგი საშუალებას არ აძლევს პარტიის გავლენიან ლიდერებს ორგანიზაციის შიგნით ძალაუფლების მოპოვებისა. მაგალითად, ბოლო ათწლეულია „იაბლოკოელები“ პარტიის თავმჯდომარედ ირჩევენ ძალიან სუსტ, ტექნიკურ პოლიტიკოსებს, რომლებიც იავლინსკის უბრალო მარიონეტები არიან. დღეს „იაბლოკოს“ ფორმალური ლიდერი ხალხისთვის სრულიად უცნობი ნიკოლაი რიბაკოვი გახლავთ, მთელს რუსეთში სახელგანთქმულ ლევ შლოსბერგს კი თავისი იდეების რეალიზების შესაძლებლობა არ ეძლევა. იავლინსკის პირადი ამბიციებისა და მართვის ერთპიროვნული სტილის გამო „იაბლოკოს“ ყოველთვის ტოვებდნენ სერიოზული პოლიტიკოსები.

„იაბლოკო“ ძალიან დაასუსტა პარტიის ლიდერის დამოკიდებულებამ სხვა არასისტემური ოპოზიციური ძალების მიმართ. ნაცვლად იმისა, რომ  ერთი ადამიანის ძალაუფლების უკიდეგანოდ გაფართოვების პირობებში იავლინსკი ყველა ანტისისტემურ ჯგუფს კონსოლიდაციისკენ მოუწოდებდეს, „იაბლოკოს“ ლიდერი თავს ესხმის თავის პოტენციურ მოკავშირეებს. მიმდინარე წლის თებერვალში მან გამოაქვეყნა სტატია „პუტინიზმისა და პოპულიზმის გარეშე“. ცნობილმა ეკონომისტმა თავის ტექსტში ალექსეი ნავალნი პოპულიზმსა და  ნაციონალიზმში დაადანაშაულა, მის მიზნად კლასობრივი და ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივება გამოაცხადა და გამორიცხა მის გუნდთან თანამშრომლობა. „იაბლოკომ“ უარი უთხრა ნავალნისთან დაახლოებულ აქტივისტებს საარჩევნო რეგისტრაციაზე („იაბლოკოს“ ხელმოწერების გარეშე შეუძლია კანდიდატების წარდგენა) და მათ ნაცვლად ბრძოლაში მეორეხარისხოვანი, უღიმღამო ფიგურები გაგზავნა. მეტიც, პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას იავლინსკიმ პირდაპირ თქვა, რომ ნავალნის მხარდამჭერებმა ხმა არ მისცეთ „იაბლოკოსო“. მოკლედ, ანტისისტემურ ძალებთან თანამშრომლობის რესურსის არქონისა და შიდაპარტიული მმართველობის განახლების შესაძლებლობის არარსებობის გამო „იაბლოკო“ ნამდვილი „აუტსაიდერივით“ გამოიყურება. მას 5%-იან ბარიერთან მიახლოების შანსიც არ აქვს.

რუსეთში ყველა არჩევნებზე ჩნდებიან ახალ-ახალი პარტიები, რომელთა მიზანია „ერთიანი რუსეთისთვის“ მიუღებელი ძალებისთვის ხმების წართმევა. ისინი ფაქტობრივად ვერასდროს ახერხებენ ბარიერის გადალახვას, მაგრამ სხვებსაც არ აძლევენ წარმატების საშუალებას. მაგალითად, 2021 წლისთვის ლიბერალურად განწყობილი ურბანული მოსახლეობის ხმების დასაყოფად შეიქმნა პარტია „ახალი ხალხი“, რომელსაც პუტინთან დაახლოებული მულტიმილიონერი ალექსეი ნიჩაევი უდგას სათავეში. იგი პარფიუმერული ფირმის – „ფაბერლიკის“ მფლობელია და სუნამოებისა თუ ჰიგიენური საშუალებების გამავრცელებელ აქტივისტთა არმიას ეფექტიანად იყენებს წინასაარჩევნო კამპანიისთვის. არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს ორი მწვანეთა პარტია (ერთ-ერთის სიას სათავეში პოპ-ვარსკვლავი და PLAYBOY-ის ყოფილი სახე უდგას), პენსიონერთა პარტია და სხვა მსგავსი ძალები, რომელთა მთავარი ამოცანა ფსევდომრავალფეროვნების უზრუნველყოფა და ელექტორატის დაყოფა გახლავთ.

  • რა ფორმით მონაწილეობს ალექსეი ნავალნის გუნდი არჩევნებში? რას გვეტყვით „გონივრული ხმის მიცემის სისტემაზე“

ალექსეი ნავალნის გუნდის გავლენიანი წევრების ნაწილი ან ციხეშია გამომწყვდეული, ან შიდაპატიმრობაშია, ან საზღვარგარეთ არის გაქცეული, ან ექსტრემისტად არის გამოცხადებული და არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ჩამორთმეული. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც არ ჩერდებიან. თქვენ სწორად აღნიშნეთ, არჩევნებში მონაწილეობისათვის მათი მთავარი ინსტრუმენტი „გონივრული ხმის მიცემის სისტემა“ გახლავთ. რას გულისხმობს აღნიშნული სისტემა?

ნავალნის შტაბის წევრები გულმოდგინედ იკვლევენ ყველა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქს. სწავლობენ ოლქში წარდგენილი კანდიდატების რესურსებს, კამპანიის მიმდინარეობის თავისებურებებს, ამომრჩეველთა საარჩევნო ქცევის ტრადიციებს, არსებულ სოციოლოგიურ კვლევებსა და სხვა მონაცემებს, შემდეგ აწარმოებენ ექსპერტთა გამოკითხვას, ატარებენ ფოკუს-ჯგუფებს და ა.შ. კვლევის მიზანია დაადგინოს, თუ რომელ კანდიდატს აქვს ყველაზე დიდი შანსი „ერთიანი რუსეთისა“ და კრემლის რჩეულის დამარცხებისა. შესწავლის დასრულების შემდეგ სპეციალური აპლიკაციისა და მედიის საშუალებით ნავალნის გუნდის წევრები მოუწოდებენ ამომრჩეველს, რომ შესაბამის ერთმანდატიან ოლქში კონკრეტულ ერთ ოპოზიციონერს მისცენ ხმა. ბევრ კენჭისყრაზე „გონივრული ხმის მიცემის“ სტრატეგიამ ოპოზიციური ამომრჩევლის ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება გამოიწვია, შედეგად კირიენკოს უწყებისთვის მიუღებელმა პოლიტიკოსებმა მანდატების მოპოვება მოახერხეს. „გონივრული ხმის მიცემის“ სისტემის წყალობით დღეს მოსკოვის საქალაქო სათათბიროში ოპოზიციონერთა რაოდენობა თითქმის უტოლდება სობიანინის მხარდამჭერთა რაოდენობას, „იაბლოკოს“ ფრაქცია აქვს დედაქალაქის დუმაში და ა.შ. ნავალინის შტაბის წევრები ვარაუდობენ, რომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებზეც იმუშავებს მათი მიდგომა. აღსანიშნავია, რომ ეს გამოგონება შერჩეული კანდიდატისთვის საშუალოდ 7%-იან მატებას უზრუნველყოფს, რაც ყოველთვის საკმარისი არ არის ხოლმე.

სხვათა შორის, კრემლს მაინცდამაინც არ მოსწონს “გონივრული ხმის მიცემის” პოპულარობა, რაზეც წინა კვირას მოსკოვის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მეტყველებს. სასამართლოს განაჩენით Google-სა და Yandex-ს აეკრძალათ საძიებო სისტემებში “გონივრული ხმის მიცემის სისტემის” ვებგვერდის მითითება. ნავალნის შტაბს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშეულებენ.

  • რას უნდა მოველოდეთ რუსეთის დუმის 2021 წლის არჩევნებისგან?

არაფერს განსაკუთრებულს. მოახლოვებულ არჩევნებზე ორ კითხვას გაეცემა პასუხი. 1. რამდენად დიდია პუტინისა და მისი ვერტიკალის ლეგიტიმაციის ხარისხი? რამდენად დიდია მათი უპირატესობა სხვებთან მიმართებით? 2. შესწევს თუ არა ძალა ოპოზიციას რამდენიმე ერთმანდატიან ოლქში მაინც შეცვალოს კრემლის მიერ წინასწარ დადგენილი სცენარი? დანარჩენი ყველაფერი ისედაც გარკვეულია.

  • დასასრულს გვითხარით ისიც, თუ რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი რუსეთის შიდა პოლიტიკის მიმართ?

რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია, მას დაპყრობილი აქვს საქართველოს ტერიტორიების მეხუთედზე მეტი. იგი ხელს გვიშლის დასავლურ ინტეგრაციის საქმეში, ეწინააღმდეგება ჩვენს დამოუკიდებლობასა და განვითარებას. არ უშვებს, რომ ჩვენ მისი გავლენის სფეროდან გამოსვლა გვსურს. მტერს უნდა ვიცნობდეთ, ზედმიწევნით კარგად უნდა ვიცოდეთ თუ რა ტიპის და შინაარსის სისტემა მოქმედებს ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, რათა ელემენტარული წინააღმდეგობის გაწევა მაინც შევძლოთ.

ამასთანავე, პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანა თავისი პოლიტიკური კულტურითა და თამაშით წესებით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. რუსეთში ადაპტირებული მეთოდები ადვილი შესაძლებელია, რომ საქართველოშიც გამოიყენონ. ცოდნა აქაც გვიადვილებს საქმეს.

თორემ ჩემი გულის ნაწილი გერმანიაშია დამარხული (იცინის).

  • გმადლობთ ინტერვიუსთვის

ინტერვიუ მომზადდა „კავკასიური სახლის“ პროექტის „საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინიციატივის“ ეგიდით.

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *