2014–2016 წწ. „უკრაინა – ეუთო – რუსეთი“ მინსკის შეთანხმებების როლის შესახებ. რამდენად ახლოა საერთო მშვიდობა?

ფაინა ნაკონეჩნაია

ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის (BSU) საერთაშორისო ჟურნალისტიკის მიმართულების (ჟურნალისტიკის დეპარტამენტი) სტუდენტი. მუშაობს BSU-ის მედია-ცენტრში, ელექტრონულ ჟურნალ ,,AGENDA-Magazine”-სთვის კორესპონდენტად საერთაშორისო მოვლენებისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის სხვადასხვა ასპექტების: პოლიტიკა, ეკონომიკა, ბელორუსის სოციალური ცხოვრება გაშუქების კუთხით.

/სტატიის ორიგინალური ვერსია ხელმისაწვდომია რუსულ ენაზე/

 

საკონტაქტო ჯგუფის ისტორია და განვითარება

2015 წელს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკებში კონფლიქტის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის ბოლო შეხვედრაზე, მხარეებმა ზამთრის დღესასწაულების განმავლობაში სროლის შეჩერების თაობაზე იმედი გამოთქვეს. ეუთოს მხრიდან წარმომადგენელმა მარტინ საიდიკმა გააკეთა პროგნოზი, რომ სამხედრო მანევრებისა და ძალების გადაადგილებისგან თავშეკავების შესახებ შეთანხმება დაცული იქნება: „ჩვენ გამოვხატავთ იმედსა და მოლოდინს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის მაცხოვრებლები სრულ უსაფრთხოებასა და მშვიდობაში შეხვდებიან ახალ წელს, აღნიშნავენ შობას და შეინარჩუნებენ ცხოვრების მშვიდობიან პირობებს.“

2016 წლის 13 იანვარს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებზე კონფლიქტის დარეგულირებისა და ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივმა საკონტაქტო ჯგუფმა კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. ეუთოს წარმომადგენლის თქმით, შეთანხმება არ იყო შესრულებული და ერთადერთ წინსვლას არაღიარებულ ტერიტორიებზე ტყვეთა გაცვლა წარმოადგენდა, რომლის მიღწევასაც ერთი წელი დასჭირდა და მხოლოდ 2016 წლიდან დაიწყო: „22 დეკემბერს გამოთქმული ჩემი ერთი სურვილი ამისრულდა, – დაკავებულ პირთა განთავისუფლებისთვის მეტი ძალისხმევა იყო გამოყენებული. არსებობს განზრახვა 50-ზე მეტი ადამიანის განთავისუფლების შესახებ. მხარეებმა აიღეს ვალდებულება, წარადგინონ უფრო კონკრეტული ინფორმაცია მომდევნო კვირის სხდომაზე“.

ფაქტიურად, მინსკის შეთანხმებების ახალი 2016 წელი დაპირებებითა და სურვილებით დაიწყო. 20 იანვარს საკონტაქტო ჯგუფმა მთავარ პრიორიტეტებად ისევ ტყვეების გაცვლა, დონბასთან მოსაზღვრე ხაზის განაღმვა და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში არჩევნების ჩატარება დაასახელა.

27 იანვარს ჩატარებულ მომდევნო სხდომაზე მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, 12 თებერვალს „მინსკ–2“ შეთანხმებების ხელმოწერის წლისთავისთვის, სამოქალაქო ტრანსპორტისა და ჰუმანიტარული ტვირთებისთვის ლუგანსკის ოლქში გამტარი პუნქტის გახსნის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სხვა საკითხებთან დაკავშირებებული მდგომარეობა არც კი გახმოვანებულა. მაგალითად, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია.

ბელორუსი როგორც მშვიდობისმყოფელი უკრაინულ კრიზისში

2014 წელს უკრაინის კრიზისის დაწყებისთანავე, მოლაპარაკებების გამართვის სამშვიდობო ინიციატივით, ბელორუსი გამოვიდა. ეს იყო პირველი წინადადება დსთ–ის შტაბ–ბინაში მსგავსი პლატფორმის ორგანიზების შესახებ, სადაც მხარეები შეძლებდნენ მშვიდად და დიპლომატიურად განეხილათ ყველა არსებული წინააღმდეგობა. მოლაპარაკებებს უნდა გადაეწყვიტა კრიზისი უკრაინის გარშემო, თუმცა ამ მიზნის რეალიზაცია ვერ მოხერხდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თავიდანვე ეს ბელორუსისთვის არახელსაყრელი იყო, – დასავლეთ ევროპის მიმართულებას რუსეთი არ იწონებდა, ამიტომაც, დაჟინებით ითხოვდა თანამშრომლობას ბელორუსთან, რათა მომავალში ჰქონოდა მასზე ზეგავლენა საშუალება, როგორც დსთ–ს მთავარ ძალას.

2014 წლის 26 აგვისტოს მინსკში ჩატარდა სამმხრივი სამიტი „უკრაინა – ეუთო – რუსეთი“. ეს იყო ბელორუსული დიპლომატიის მეორე მცდელობა, შეეკრიბა ყველა კონფლიქტური მხარე ერთ მაგიდასთან ყველაზე პრობლემატური საკითხების განხილვის მიზნით. პირველ შეხვედრაზე, რომელიც ივნისში დონეცკში ჩატარდა, შესრულებისთვის მხოლოდ ერთი პუნქტი იყო შეთანხმებული: 27 ივნისამდე ცეცხლის შეჩერების საკითხი.

საბაჟო კავშირის, უკრაინასა და ევროკავშირის მონაწილეობით გამართული აგვისტოს სამიტი პირველ რიგში სავაჭრო–ეკონომიკურ პრობლემებისადმი იყო მიძღვნილი. დაგეგმილი იყო უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების საკითხის განხილვა. ასევე, ფიგურირებდა დსთ–ს ქვეყნებში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების საკითხი. რუსეთის პოზიცია ცალსახა იყო: უკრაინა, რომელმაც ასოცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა, უნდა გამოსულიყო თავისუფალი ვაჭრობის ზონიდან; თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სამიტზე უნდა გადაწყვეტილიყო, გაზის ტრანზიტი იყო, – გაურკვეველი იყო, თუ რა ტარიფები უნდა დანიშნულიყო და როგორ მოხერხებულიყო მიწოდება მინიმალური დანაკარგებით ყველა მხარისთვის. სამხედრო და პოლიტიკური პრობლემების ხსენება მხოლოდ მოლაპარაკებების სამშვიდობო ხასიათის გამართლებისთვის ხორციელდებოდა, და უმნიშვნელოდ აისახა დასკვნით დეკლარაციაში, რომელიც ბელორუსული მხარის მიერ იყო მომზადებული და ძალაში არ შევიდა.

2014 წლის აგვისტოს შემდეგ მოქმედებას იწყებენ შეთანხმებების სხვა ფორმები: ეუთოს საკონტაქტო ჯგუფი და „ნორმანდიის ოთხეული“. იგულისხმებოდა, რომ ოთხი ქვეყნის (გერმანია, რუსეთი, უკრაინა და საფრანგეთი) მაღალი რანგის პირებისგან შემდგარი აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის რეგულირების საკითხებზე მომუშავე დიპლომატიური ჯგუფი უფრო ეფექტური იქნებოდა. უპირველეს ყოვლისა, აქ მოქმედებს ე.წ. ,,სახელგანთქმულობის თეორია“, ანუ რაც უფრო ავტორიტეტულია სახე, მით უფრო ადვილია მისი ნდობა.

მეორე ფორმის – „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის მიზეზი კი იყო 1944 წელს მოკავშირეთა გადმოსხმის წლისთავის და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღნიშვნა. ამით პოსტ–საბჭოთა სივრცის ქვეყნების ნდობის მოპოვება იგეგმებოდა, პირველ რიგში კი რუსეთის, სადაც დღემდე არსებობს საბჭოთა ხალხის გამარჯვების კულტი.

„ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის პარალელურად სექტემბრის პირველ ნახევარში უკრაინაში კრიზისის გადაწყვეტის საკითხებზე ეუთოს საკონტაქტო ჯგუფის პირველი სხდომა ჩატარდა. მისი მონაწილეები რუსეთი, უკრაინა, ეუთო და დონეცკისა და ლუგანსკის არაღიარებული სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლები იყვნენ.

უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩატარების უპირატესობები ბელორუსისთვის

როგორ შეძლო ბელორუსმა მოლაპარაკებების პლატფორმის ორგანიზება, ევროკავშირის წარმომადგენლების მოწვევა და შემდეგ „ნორმანდიულ ფორმატში“ მუშაობის გაგრძელება?

„კრიზისის დაწყებისთანავე ბელორუსი ინარჩუნებდა კონტაქტს უკრაინულ ხელისუფლებასთან და პრაქტიკულად დაუყონებლივ აღიარა ძალაუფლების გადასვლა. რაც მთავარია, მინსკი არ განიხილავდა კიევში მიმდინარე მოვლენებს როგორც სახელმწიფო გადატრიალებას“, – აღნიშნა ბელორუსმა ექსპერტმა, სტრატეგიული და საგარეო პოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორმა არსენი სივიტსკიმ 30 ნოემბერს ,,კავკასიური სახლის“ მიერ მინსკში ჩატარებულ შეხვედრაზე „კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფარგლებში.

ბელორუსი გამოდის კიევისა და მოსკოვის შორის შუამავლის როლში. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შედარებითი საკონსტიტუციო სამართლის მაგისტრის ეკატერინე კუზნეცოვას თქმით: „თუ ვისაუბრებთ ბელორუსის დღევანდელ მცდელობებზე, შეინარჩუნოს მშვიდობა და ნეიტრალიტეტი, სხდომები მინსკში გადაწყვიტეს არა მარტო მსოფლიო ასპარეზზე ჩვენი პრესტიჟის ამაღლების გამო. ჩვენს დიპლომატებმა იციან, თუ რაზე ისაუბრონ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში“.

შეიძლება ითქვას, რომ იმ პირობებში, როდესაც კიევი და მოსკოვი ვერ ახერხებდნენ საუბარს იდეოლოგიური და პოლიტიკური ვითარებების გამო, ბელორუსმა გამოიყენა დსთ–ის წევრი მისი მეზობელი ქვეყნის მდგომარეობა და საკუთარ თავზე აიღო „მოძმე ერების შერიგების“ მისია.

ბელორუსის ნეიტრალიტეტი: ალექსანდრე ლუკაშენკოს პოზიცია

მინსკისთვის ახალი გამოწვევა გახდა რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსია. ბელორუსმა, რომელიც ამ საკითხში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, ფორმალურად არ აღიარა ყირიმის ნახევარკუნძულის შეერთება. ალექსანდრე ლუკაშენკოს პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში არაერთგვაროვანია: „ჩვენ განვსაზღვრეთ და გამოვხატეთ ჩვენი შეხედულება. ამბობენ, რომ ის ისეთია, რომ არც ერთ მხარეს არ აწყენინოს. ჩვენ კი არც ვაპირებთ ვინმეს წყენას. ჯერ ერთი ჩვენ ეს არ გვჭირდება, მეორე კი, არავინ არ ითხოვს ყირიმის აღიარებას და რუსების მხარდაჭერას, ან მის წინააღმდეგ გამოსვლას“.

თუ მივყვებით ბელორუსული მხარის მოქმედებებს, განსაკუთრებით იმ მოვლენების გათვალისწინებით, რომლთა შემდეგაც ბელორუსის ავია და სარკინიგზო მიმოსვლის რაოდენობა გაიზარდა უკრაინაში არსებული კრიზისის შედეგად, შეგვიძლია ვისაუბროთ იმ სარგებელზე, რომელსაც იღებს ბელორუსი რუსულ–უკრაინული ორმხრივი სანქციებისგან. მინსკის ნეიტრალური პოზიცია მოწონებას იმსახურებს ახალ უკრაინულ ხელისუფლებაშიც. პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ფონზე, ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინას ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სადავო საკითხების გადაჭრაშიც კი თხოვა დახმარება. „ბატონი პოროშენკო გამოდის როგორც ბელორუსის ერთ-ერთი ძირითადი ადვოკატი დასავლეთის საზოგადოებაში და აქტიურ ლობირებას უწევს მინსკის მოლაპარაკებების ჩატარებას“, – აღნიშნა არსენი სივიტსკიმ.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, უპირველეს ყოვლისა, შემსუბუქდა ბელორუსსა და აშშ–ს შორის არსებული გაუგებრობა. 2015 წლის სექტემბერში ბელორუსის პრეზიდენტი ჩაფრინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ათი წლის განმავლობაში არ ყოფილა, ქვეყანაში შესვლის უფლების არ ქონის გამო. აგრეთვე 2015 წელს შესაძლებელი გახდა ბელორუსის წინააღმდეგ არსებული სანქციების შეჩერება. 12 ოქტომბერს კი ლუქსემბურგში ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსმა ვესნა პუსიჩმა განაცხადა: „ევროკავშირი ცდილობს ბელორუსიის დაახლოებას – არა ევროკავშირში მისაღებად, არამედ როგორც პარტნიორის რეგიონის სტაბილიზაციისთვის. ამ მიზნით სანქციები – დროებით მაინც, შეჩერებული იქნება“.

მეორეს მხრივ, რუსეთიც არ იყო წინააღმდეგი, რომ მინსკი გამოსულიყო კონფლიქტის გარკვევისთვის ნეიტრალური ტერიტორიის როლში. ორივე მხარე (მინსკი და მოსკოვი) მათ შორის ურთიერთობებს, 1992 წელს დსთ–ის შექმნიდან მოკავშირე სახელმწიფოს შექმნის თაობაზე ხელშეკრულების რატიფიკაციის ჩათვლით, ,,ძმურს“ უწოდებს.

რომ არა ეს ფაქტები, არავინ შეარჩევდა მინსკს მოლაპარაკებების გამართვის ადგილად. მაგრამ ეს შემდგომში მოხდება, მანამდე კი რუსულმა მხარემ მოლაპარაკებების ვენაში გამართვის სხვა ფორმატის წინადადება წამოაყენა. ,,დაგვიანებული ექსპერიმენტი“ – 2015 წლის ივნისის ბოლოს ევროკომისიის, რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკული უწყებების დეპარტამენტების უფროსების შეხვედრა, – წარუმატებელი გამოდგა. ფორმატი არ გამოდგა, მსოფლიო ასპარეზზე რუსეთის ავტორიტეტის თანდათანობითი კლების გამო.

მინსკის შეთანხმებები: ექსპერტთა აზრი

თანამედროვე შეხედულება რუსეთის მხრიდან მინსკის შეთანხმებებზე არის დიპლომატიურად არასტაბილური. ამის ახსნა იმით შეიძლება, რომ რუსეთი კარგავს ზემოქმედებას ქვეყანაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, 2014 წლამდე, „რუსული სამყაროს“ მომხრე იყო. ბელორუსს ესმის, რომ კრიზისის გამო რუსული კრედიტის იმედზე ვერ იქნება. ამიტომ ახლა ბელორუსი უფრო სერიოზულად ფიქრობს დასავლეთის მიმართულებაზე, ანუ ევროპასთან თანამშრომლობაზე. რუსეთს კი ბელორუსის მსგავსი „გამოხტომა“ მიუღებლად მიაჩნია.

2015 წლის თებერვალში ,,მინსკი–2“ შეთანხმებებზე დამტკიცდა კონფლიქტის დარეგულირების იდეა კიევის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს შორის დიალოგის გზით. მოსკოვმა აღიარა ეს წარმომადგენლები, კიევი კი მთავარი პირების არჩევნების გზით დანიშვნას ითხოვს. „ასეთი პრინციპული განსხვავება მიდგომებში შეიძლება საკმარისი იყოს იმისთვის, რომ დამარხოს მინსკის შეთანხმებები და მათთან ერთად, უახლოეს მომავალში კონფლიქტის სამხედრო ასპექტიდან პოლიტიკურ ასპექტში გადასვლის იმედი“, – ამბობს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სიტუაციური ანალიზის ცენტრის განყოფილების უფროსი სერგეი უტკინი.

უკრაინელი ექსპერტი, ნაციონალური უნივერსიტეტის „კიევი–მოგილანსკის აკადემიის“ პროფესორი ალექსი გარანი კი ეჭვქვეშ აყენებს არაღიარებული სახელმწიფოების ტერიტორიებზე არჩევნების კეთილსინდისიერებას: „როგორ მოვახერხოთ ეს, თუ რუსეთისა და უკრაინის შორის საზღვარი არ კონტროლირდება? მინსკის შეთანხმებებში ამ საკითხზე მკაფიო პასუხი არ არსებობს. დასავლეთში კონფლიქტის შემცირება სურთ. ამისთვის მოლაპარაკებების ადგილია საჭირო. ჯერჯერობით მინსკი შეესაბამება ამ გადაწყვეტილებას.“

საბოლოო ჯამში, რუსულ–უკრაინული კონფლიქტის ტრანსფორმაციის დასაწყისზე ჯერჯერობით მხოლოდ  ლაპარაკი შეიძლება. ბელორუსი გამოდის როგორც მომლაპარაკებელი არა მხოლოდ ორმხრივი უკმაყოფილობის გადაჭრის, არამედ საკუთარი პოლიტიკური მიზნით; – მსოფლიო კრიზისის პერიოდში ქვეყნის პრესტიჟის ამაღლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელია; და სანამ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფი „დუმილს პრობლემაზე ლაპარაკი ჯობია“ პოლიტიკას უჭერს მხარს, შეთანხმებები გაგრძელდება.

 

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *