მოულოდნელი მოგზაურობა

არჩილ სიხარულიძე

“კავკასიური სახლის” პროექტების მონაწილე

 

1

რუსულ-ქართული დიალოგის ფორმატში ჩატარებული შეხვედრის მონაწილენი ქ. გროზნოში

 

 

ორი თვის წინ მოულოდნელად კვლევითი ცენტრი „კავკასიური სახლი“-დან დამიკავშირდნენ. ეს მოულოდნელი იყო, რადგან აქამდე არ მეგონა,  ვინმე თუ აკვირდებოდა ჩემს საქმიანობას რუსეთმცოდნეობის მიმართულებით. აგრეთვე, გასაკვირი იყო შემოთავაზება – მონაწილეობა მიმეღო პროგრამაში, რომელიც ბოლო ოთხი წელია ხორციელდება. კერძოდ, დამოუკიდებელ ექსპერტთა დელეგაციის ფარგლებში წავსულიყავი მოსკოვში რუს და ქართველ ახალგაზრდა პოლიტოლოგთა მეხუთე შეხვედრაზე. ჩემთვის გამაოგნებელი და ამასთანავე სასიხარულო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის და მიუხედავად, გამოჩნდნენ საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებმაც აღიარეს, რომ ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელთან საუბარი გარდაუვალია; და ეს საუბარი არ ნიშნავს არც პრო-რუსულობას და/ან არც პრო-პუტინობას. ეს არის იმის გააზრება, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელმაც ყველა არსებული რესურსი უნდა გამოიყენოს ეროვნული ინტერესების დასაცავად; ხოლო ჩვენი უპირველესი ეროვნული ინტერესი არის რუსეთში არსებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ვითარების გაცნობა. ეს გაცნობა კი შეუძლებელია, თუ რაიმე სახის კავშირები არ აღვადგინეთ და გავამყარეთ.


მცირე შესავალი

რა საკვირველია სიამოვნებით დავთანხმდი შემოთავაზებას. შემდეგ იყო შეხვედრა მონაწილეებთან. ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოში მართლაც არსებობენ დამოუკიდებელი ექსპერტები და მეცნიერები, რომლებსაც არ ეშინიათ პრო-რუსულობის იარლიყის მიკერების და მზად არიან პროფესიონალურად მიუდგნენ საქმეს. საბოლოოდ ჩამოყალიბდა განრიგი, 27 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით გორჩაკოვის ფონდის მოწვევით მოსკოვში უნდა შემდგარიყო შეხვედრები რუს ექსპერტებთან, ხოლო 30-31 ივლისს ქ. გროზნოში (ჩეჩნეთი) ჩატარებულიყო მრგვალი მაგიდა ქართულ და რუსულ დელეგაციებს შორის. შეხვედრის თემა –  რუსეთის რბილი ძალა.

მოსკოვი: მიმინო, ავსტრია-ფინეთი და ოლეგ გაზმანოვი

მე და ჩემი კოლეგა მიშა ჯახუა ნელ-ნელა მივსეირნობდით ჩვენი სასტუმრო  „ბასმანკა“-სკენ. პირველი სამუშაო დღის შემდეგ საკმაოდ დაღლილები ვიყავით. განვიხილავდით იმ შთაბეჭდილებებს, რომლებიც რუს ექსპერტებთან შეხვედრისას ჩამოგვიყალიბდა. სასტუმროს ირგვლიგ დიდი რკინის ღობე იყო აღმართული. ღობის კარებს მივაწექი და სასტუმროს ეზოში შევედით. ლაპარაკ-ლაპარაკით რამდენიმე კიბეზე ავედით და სასტუმროს შესასვლელი კარები გამოვაღე. უცბად, სკამზე მსხდომთაგან ერთ-ერთმა ქართულად   გვითხრა: „რა არის გამარჯობა არ იცით ბიჭო?!“ არც კი გავჩერებულვარ, ისე შევხედე ჩემთვის მოულოდნელად აღმოჩენილ ორ რუსს. ეტყობოდათ, რომ ნასვამები იყვნენ. პირველი, რაც გავიფიქრე იყო: „დაე, მიშამ გაარკვიოს საქმე!“. ამის გაფიქრება და სასტუმროში შებიჯება ერთი იყო. მიშა დაყოვნდა. მისთვისაც მოვლენების ასეთი დატრიალება სრულიად მოულოდნელი იყო. მერე კი რუსულად მიუგო: «Я с незнакомцами не здороваюсь! („მე უცნობებს არ ვესალმები!“) და კარები მიაჯახუნა. ჩვენი პირველი სამუშაო დღე სწორედ რომ ასეთ დადებით ნოტაზე დასრულდა. თუმცა შეხვედრების უმეტესობა საკმაოდ საინტერესო იყო, მაგრამ უშუალოდ კონფლიქტებს არ ეხებოდა, ამიტომ იმის გააზრება, რომ რუსეთში ,,მიმინო” ახსოვთ ამ დღის ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო.

როგორც წესი, დელეგაციებს შორის შეხვედრები იმართება გარკვეული მოლოდინების ფორმატში. შეხვედრის მიზნები წინასწარ არის ჩამოყალიბებული და აქედან გამომდინარე ხშირად არაფრით სრულდება. განსაკუთრებით ეს აქტუალურია, როდესაც მოლაპარაკებას აწარმოებ საერთაშორისო ურთიერთობების ისეთ სუბიექტთან, როგორიცაა რუსეთის ფედერაცია. არაერთხელ მინახავს, თუ როგორ ხვდებოდნენ ერთმანეთს დასავლელი და რუსი პარტნიორები ისე, რომ წინასწარ ცნობილი იყო შეხვედრის შედეგი – არაფერი. ეს იმით არის ხოლმე განპირობებული, რომ თითოეული მხარე სრულიად განსხვავებულ განზომილებაში იმყოფება. როგორც სერგეი მარკედონოვმა აღნიშნა, დასავლეთს სურს, რომ რუსეთი მის მიერ ჩამოყალიბებულ თამაშის წესებს დაემორჩილოს,  რუსეთს კი სწორედ რომ ამ თამაშის წესების შეცვლა ამოძრავებს. შესაბამისად, მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება ძნელად წარმოსადგენია.

ამ მხრივ, ჩვენი შეხვედრების უპირატესობა იყო ის, რომ არ შეგვიქმნია წინასწარი მოლოდინები; არც რაიმე კონკრეტული მიზნის მისაღწევად გავემგზავრეთ; მთავარი იყო შესაძლებლობისამებრ ცოდნის მიღება იმ პროცესებზე, რომლებსაც ადგილი აქვს დღევანდელ რუსეთში. მორჩა. ასეთ ფორმატში შეხვედრა ბევრად უფრო მომგებიანია, რადგან კამათის ნაცვლად მხარეები იწყებენ ერთმანეთის უკეთ მოსმენას; საბოლოო ჯამში კი აღმოაჩენ საკითხებს,  რომლებზეც მოლაპარაკება შესაძლებელია.

მოსკოვში გამართული შეხვედრებიდან ნათელი გახდა, რომ მოლარაპაკება მართლაც შეიძლება და არის საკითხები, რომლებზეც სერიოზულად მუშაობაც კი დასაშვები. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ეს არის ტურიზმისა და ქართული საქონლის რუსეთის ბაზარზე გატანის საკითხები.

აღსანიშნავია მეორე სამუშაო დღეს შემდგარი შეხვედრა სერგეი ფენენკოსთან – საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემატიკის საკითხში რუსეთის მეცნიერებათა აკადამიის წამყვან სპეციალისტთან.

მან განიხილა ტურიზმისა და ქართული საქონლის საკითხები და ამასთან ერთად პირველმა წამოწია კონფლიქტების მოგვარების შესაძლო მოდელების თემაც. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე საუბრისას მან არ გამორიცხა შესაძლო ავსტრიის ან ფინეთის პრეცედენტის გამოყენება. თავის დროზე, ამ პრეცედენტის ფარგლებში საბჭოთა კავშირსა და ფინეთს და ავსტრიას შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირი ამ სახელმწიფოების სუვერენულობას უდგებოდა გარანტად (მინიმუმ არ უშლიდა ხელს) იმ პირობით, თუ ისინი არცერთი სამხედრო ბლოკის წევრები არ გახდებოდნენ (უწინ და დღესაც საკითხი ნატო-ს ირგვლივ ტრიალებს). შედეგად, ორივე სახელმწიფომ შეინარჩუნა ტერიტორიული მთლიანობა, ხოლო საბჭოთა კავშირმა თავი დაიზღვია ნატო-ს არასასურველი გაფართოებისგან. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფენენკომ არ გამორიცხა ამ პრეცედენტის გამოყენება განსაკუთრებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხის მოსაგვარებლად. საბოლოო ჯამში, პირადად მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რუსეთისთვისაც თავის ტკივილია. აფხაზეთისგან განსხვავებით იგი იმდენად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წერტილი არაა და რაც მთავარია ის ტერიტორიულადაც უფრო ინტეგრირებულია, ვიდრე აფხაზეთი. შესაბამისად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემატიკაზე საუბარი დასაშვებია; მეტიც, თუ დავეყრდნობით ფენენკოს პათოსს, ამ საკითხის მოგვარებაც კი შესაძლებელია შესაბამისი სურვილისა და შეთანხმების არსებობის შემთხვევაში. რაც შეეხება აფხაზეთს, აქ მგონი ორივე მხარისთვის ნათელი იყო, რომ საკითხი ბევრად უფრო ჩახლართულია ორი მიზეზის გამო: 1) რუსეთის ინტერესები აფხაზეთში ბევრად უფრო კომპლექსურია (იგივე, შავი ზღვის ფლოტი); და 2) თვით აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობების ფონი მეტად უარესია, ვიდრე ეს ქართველებსა და ოსებს შორის იყო და არის.

2

საქმიანი საუზმე ალექსეი ფენენკოსთან (კოსტუმში, ცენტრში)

 

 

რთული სათქმელია, თუ რამდენად იზიარებს რუსეთის პოლიტიკური ელიტა ფენენკოს მოსაზრებას ან რამდენად შეუძლია მას და მის კოლეგებს მსგავსი იდეების მიწოდება; მაგრამ ის, რომ ასეთი მოსაზრებები არსებობს რუს მეცნიერთა და ექსპერტთა ჯგუფებში, უკვე დადებითი მოვლენაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოლაპარაკება ყოველთვის არის შესაძლებელი.

მოსკოვში გატარებული ორ დღიანი სამუშაო ვიზიტის შეჯამებაზე ფიქრისას  მახსენდება საინტერესო ფაქტი. წინა დღეს, 27 ივლისს, როცა ,,მიმინო” გაგვახსენდა, ქალაქის ცენტრში ქართული დელეგაცია რუს კოლეგებთან ერთად ფეხით მიემართებოდა შეხვედრის ადგილამდე. ჩვენს შორის გაჩაღებული იყო გაცნობითი საუბარი, როდესაც მოულოდნელად საფრანგეთის დროშის გვერდით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშის ფრიალმა მიიპყრო ყველას ყურადღება. რუსული მხარისთვის ეს საკმაოდ დიდი მოულოდნელობა გახლდათ, მაგრამ არა ჩვენთვის. დიდი დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ დაგვერწმუნებინა ჩვენი კოლეგები, რომ ეს მართლაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშა ფრიალებდა საფრანგეთის დროშის გვერდით. საბოლოოდ, ეს იყო პირველი და უკანასკნელი შეთანხმება ჩვენს შორის. მახსოვს, რომ ამ დროშის შემხედვარეს გამახსენდა ცნობილი რუსი მომღერლის ოლეგ გაზმანოვის სიმღერა „მეზღვაურის ცოლი“ («Морячка»). ისევე, როგორც გაზმანოვის გმირები – მეზღვაური და მისი ცოლი ერთმანეთს ვერ შეხვდებიან, რადგან ერთი ზღვაში დაცურავს, ხოლო მეორე მას ხმელეთზე ელის, ისევე ჩვენს ხედვებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდება, სანამ ან ერთი არ გადმოვა მიწაზე ან მეორე არ შეცურავს ზღვაში!

როგორც მიშა ჯახუა იტყოდა: „ჩვენ უცნობებს არ ვესალმებით!“…

გროზნო: მამა კადიროვი, სული პუტინი და შვილი რამზანი

შესავალი გროზნოში

ვფიქრობ, რომ გამგზავრება გროზნოში იყო მნიშვნელოვანი გამოცდილება არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ დელეგაციის თითოეული წევრისთვის. ვუშვებ იმას, რომ ჩვენი დელეგაცია იყო პირველი ქართული ჯგუფი, რომელიც ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აღმოჩნდა ჩეჩნეთის დედაქალაქში და, შესაძლებლობისამებრ, უშუალოდ გაეცნო იქ არსებულ ვითარებას.

ჩვენი გამგზავრება დაიწყო დილის 5 საათზე მოსკოვის დროით. დომოდედოვოს აეროპორტში გაფრენამდე სამი საათით ადრე მიგვიყვანეს. ჩვენს მასპინძლებს ეშინოდათ, რომ საცობების არსებობის შემთხვევაში დაგვაგვიანდებოდა ფრენაზე, მაგრამ მათდა გასაკვირვად სწორედ იმ დღეს, იმ დროს საცობი საერთოდ არ იყო და აეროპორტში სამი საათით ადრე აღვმოჩნდით. საბედნიეროდ ბარგის დროზე ადრე ჩაბარების პრაქტიკა მოსკოვში არსებობს და ამ ტვირთისგან თავის დაღწევა მაინც შევძელით. საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ქართული პასპორტის შემხევდარეს მეტად სასიამოვნო ქალბატონი ღიმილით გვეკითხებოდა: „ბათუმში მიბრძანდებით?!“, მე კიდევ ღიმილით ვუპასუხე: „დიახ, მოსკოვის გავლით!“. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით ვუთხარი და ბოლოს მივაყოლე, რომ საქმიანი ვიზიტით ვლადიკავკაზში მივფრინავდით.

სამი საათი აეროპორტში და კიდევ ორი თვითმფრინავი საკმარისი აღმოჩნდა ვლადიკავკაზში ჩასაფრენად. რუსული დელეგაცია უკვე გველოდებოდა. ისინი შერემეტევოს აეროპორტიდან გამოფრინდნენ და ჩვენზე ნახევარი საათით ადრე აღმოჩნდნენ ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში. უცნაურია, რომ დე ფაქტო აეროპორტი ბესლანში მდებარეობს, თუმცა დე იურე ვლადიკავკაზის აეროპორტს უწოდებენ. ვლადიკავკაზის აეროპორტში უკანასკნელად 90-იანი წლების ბოლოს ვიყავი. სამწუხაროდ, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. იმისთვის, რომ ნათელი იყოს მკითხველისთვის თუ როგორ გამოიყურება ის წარმოიდგინეთ თბილისის ძველი აეროპორტი; ახლა, გაანახევრეთ იგი და დაუმატეთ საბჭოთა კავშირის დროინდელი მეტლახი და კაფელი. ბარგი ავიღეთ და აეროპორტიდან გამოვედით. ვლადიკავკაზში საშინელი სიცხე იდგა. ჩვენი პირველი გაჩერება ბესლანში არსებული მემორიალი იყო, რომელსაც „ანგელოზების ქალაქი“ უწოდეს.  ეს არის დიდი ძეგლი იმ ადამიანების საპატივსაცემოდ, რომლებიც ბესლანში განხორციელებული ტერორისტული აქტის დროს დაიღუპნენ. მათი დიდი ნაწილი სრულიად უდანაშაულო ბავშვები იყვნენ. კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას!

3

„ანგელოზების ქალაქი“-ს მემორიალის ძეგლი

 

 

მემორიალის დათვალიერების დასრულებისთანავე ადგილზევე ბუტერბროდებით გაგვიმასპინძლდნენ.  ჩემთვის გასაკვირი ის იყო, რომ სადილი პოლიციის ეკიპაჟმა მოგვართვა.  აღმოჩნდა, რომ ეს ეკიპაჟი ჩვენი გამცილებელი იყო. ბესლანიდან გროზნომდე წინ მიგვიძღვებოდა და გზას „გვიკვალავდა“. ასე, გამცილებელი ეკიპაჟის მანქანა ერთ-ერთ ავტომანქანებით გადატვირთულ გზაჯვარედინზე  შეიჭრა და მთელი მოძრაობა გააჩერა იმისთვის, რომ ჩვენ შეუფერხებლად გაგვეარა. ერთის მხრივ სასიამოვნოა, რომ ასე გვიფრთხილდებოდნენ,  მეორეს მხრივ კი, უზომოდ სამწუხარო. მე ფაქტიურად ყოველი დღე ვაწყდები თბილისის ქუჩებში (განსაკუთრებით, საბურთალოს ქუჩისა და პეკინის გზაჯვარედინზე) შსს-ს მანქანების (დაბურული შკოდა) მიერ მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტებს და ამას ამავე ინსტიტუტის განუვითარებლობად აღვიქვამ! შესაბამისად, გამცილებელი ეკიპაჟის მსგავსი საქციელი 90-იანი წლების შეხსენება იყო, როდესაც ინსტიტუტი, როგორც ასეთი, საერთოდ არარსებობდა!

ორ საათიანი შეუფერხებელი და დაუბრკოლებელი მგზავრობის შემდეგ სასტუმროში აღვმოჩნდით. პირველი შთაბეჭდილება: „ხოო, შემდეგი ორი დღე უდაოდ ცხელი იქნება, რადგან თბილისზე უარესად ხურს აქაურობა; განსაკუთრებით, კოსტუმში!“

წმინდა სამეული

პირველი დღე გროზნოში გაცნობით ხასიათს ატარებდა. სასტუმროდან გამოვედით და სადილზე გავეშურეთ. საღამოს ახლად აშენებულ შენობათა კომპლექსი „გროზნო-სითი“ დავათვალიერეთ. ჩვენი მასპინძლები უზომოდ სტუმართმოყვარენი აღოჩნდნენ; ზოგჯერ, ზედმეტადაც კი!

სულ რამდენიმე საათი საკმარისი იყო იმისთვის, რომ  საინტერესო აღმოჩენები გაგვეკეთებინა.

უპირველეს ყოვლისა, ჩეჩნეთი აღარაა ის რესპუბლიკა, როგორსაც წარმოვიდგენთ. მოგვიანებით შევთანხმდით, რომ ჩეჩნეთთან დაკავშირებით ერთნაირი წარმოდგენა არსებობს ყველგან: ეს არის ომით დასახიჩრებული ადგილი, სადაც ფეხის დადგმაც კი შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს; ხოლო გროზნო ქალაქი, რომელიც მეორე ომის დროს მიწასთან იყო გასწორებული და დღესაც ნანგრევებში წევს. საბედნიეროდ ეს ასე არაა. ქვეყანაც და ქალაქიც ბოლო ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვნად განვითარდნენ. ჩეჩნეთი დაემსგავსა რესპუბლიკას, ხოლო გროზნო ქალაქს, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, გეგმავენ მომავალს და რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ ნელ-ნელა უბრუნდებიან მშვიდობასა და წესრიგს.

და ამ მშვიდობა-წესრიგს რამზან კადიროვის ხელისუფლება საკმაოდ ცნობილი მეთოდით ამყარებს – პიროვნების კულტით. თუ ოდესღაც გაგიგიათ თქვენი ბებიების, ბაბუების და მშობლების საუბარი როგორ ამაყად იყენებდნენ საბჭოთა კავშირის დროს ბელადების გამონათქვამებს და აზრებს, მაშინ თქვენ უკვე გაგაჩნიათ ზოგადი წარმოდგენა ჩეჩნეთში არსებულ ვითარებაზე. აბსოლუტურად ყველა შენობაზე განთავსებულია, როგორც მინიმუმ ერთი ადამიანის ფოტოსურათი ბრძნული გამონათქვამით – ახმად კადიროვის; როგორც წესი, მის გვერდით ვლადიმირ პუტინის გამოსახულებაც არის. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩემი გროზნოში ყოფნისას რამზან კადიროვის ფოტოსურათი შენობის გარე ფასადზე არ მინახავს. ჩვენი დელეგაციის თითოეული წევრი იყო გაოცებული ახმად კადიროვის „ხატების“ სიჭარბით. პირველი ასოციაცია, რომელიც ამოტივტივდა იყო ჩრდილოეთ კორეა. სწორედ რომ ჩრდილოეთ კორეის უიშვიათეს კადრებში გვანახებენ ხოლმე ასეთ „ბელადომანიას“. მას შემდეგ, რაც ჩვენს რიგებში ე.წ. ბრეინშტორმინგი (გონება დავძაბეთ ანალიზისთვის) გაიმართა, საკმაოდ საინტერესო დასკვნამდე მივედით.

 

4

მარცხიდან მარჯვნივ: ა. კადიროვი და ვ. პუტინი, ახაგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ქ. გროზნო

 

 

ახმად კადიროვის კულტი არსებობოს ორი მიზეზის გამო:

პირველი – ის იყო ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მამა კადიროვი სწორედ რომ „ჩეჩნეთის რესპუბლიკის“ პირველი პრეზიდენტი იყო და არა იჩქერიის, რადგან ჩეჩნეთის რესპუბლიკა დღევანდელ თხრობაში არის ახალი ერთეული, რომელიც ხანგრძლივი სისხლიანი დაპირისპირების ფონზე წარმოიშვა რუსეთის ფედერაციის ფარგლებში და მას ესაჭიროება იდეოლოგია. შესაბამისად, ისევე, როგორც თავის დროზე დაშლილი ოსმალეთის იმპერიიდან ათათურქმა (თურქების მამამ) თანამედროვე თურქეთი შექმნა და მისცა მას იდეოლოგიური ბაზა, ასევე ახმად კადიროვმა დაღუპვის პირას მყოფი იჩქერიიდან გამოძერწა ახალი რესპუბლიკა და ჩეჩნების მამად დაიმკვიდრა თავი. შესაბამისად იგი თანამედროვე ჩეჩნეთის ქვაკუთხედია.

მეორე მიზეზი კი მდგომარეობს იმაში, რომ ეს მომგებიანია მეტროპოლიისთვის. გარდა იმისა, რომ ახმად კადიროვი  დღევანდელი ჩეჩნეთის დამაარსებელი და იდეოლოგიური მამაა, აგრეთვე ის რუსეთის მოკავშირე იყო. შესაბამისად, იგი არის ერთგვარი ხიდი, რომელიც აკავშირებს თამანედროვე ჩეჩნეთს რუსეთის ფედერაციასთან. სწორედ რომ მამა კადიროვის „ჩრდილოეთის მზერა“ არის ის, რის გამოც ჩეჩნეთი არსებობს რუსეთის იურისდიქციაში.

საინტერესო როლი ამ ყველაფერში ეკუთვნის მის შვილს რამზან კადიროვს. როგორც აღვნიშნე, მისი ფოტოები ფასადებზე ვერ ვიხილე, მაგრამ სამინისტროების შიგნით დიდი ოდენობით. მისი პარტია ახალი ჩეჩნეთის ისტორიაში არის უფრო აღმშენებლის. იგი წარმოჩინდება როგორც ადამიანი, რომელიც ასრულებს მამის დანაპირებს და განასახიერებს/ახორციელებს ყველა იმ სიკეთეს, რომელზეც მამა კადიროვი საუბრობდა. შესაბამისად, თუ მამა კადიროვმა ჩეჩნეთს იდეოლოგია მისცა და რწმენათა კონა, შვილი რამზანი ქვეყნის აღმშენებლობით არის დაკავებული.

5

სურათზე – რამზან კადიროვი წარწერით: მეომარი, გმირი, შემქმნელი

 

 

ჩემთვის მამა კადიროვისა და შვილი რამზანის ტანდემი უნებლიედ საბჭოთა კავშირის ჰიმნის სიტყვებთან ასოცირდება. საბჭოთა კავშირის ისტორიით დაინტერესებული პირებისთვის ცნობილია, რომ არსებობდა სსრკ-ს ორი ჰიმნი: ე.წ. სტალინისეული და პოსტ-სტალინისეული. პირველ ვერსიაში ტექსტში ნახსენები იყო ლენინი და სტალინი, ხოლო მეორეში (ხრუშოვის მიერ სტალინის კულტის მსხვრევისას) ქართველი ბელადის სახელი ამოიღეს. ჰიმნის სტალინისეულ ვერსიაში საყურადღებოა მეორე სტროფი, რომელშიც ნათქვამია, რომ ლენინმა საბჭოთა სოციალისტურ ერებს გზა უჩვენა, ხოლო სტალინმა ეს ერები აღზარდა. შესაბამისად, ლენინის როლი იდეოლოგიის ჩამოყალიბება იყო, ხოლო სტალინის კი ამ იდეებზე ქვეყნის აღმშენებლობა და თაობების აღზრდა. სწორედ ამ კონტექსტში არიან მამა-შვილი კადიროვები; ახმად კადიროვმა ლენინივით გზა უჩვენა ჩეჩნებს, ხოლო შვილი რამზანი მამის იდეებზე დაყრდნობით ქვეყანას აშენებს და თაობებს ზრდის. საოცარია, მაგრამ სრულიად მოსალოდნელია, რომ რამზან კადიროვმა, ძალაუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, სტალინის ბედი გაიზიაროს; კერძოდ, მამამისი დარჩება ჰიმნის სიტყვებში, ხოლო რამზანის ღვაწლზე საუბარი აღარ იქნება.

აქ დროა დავსვათ კითხვა: და სად არის პუტინი? მისი როლი რაში მდგომარეობს?

პუტინს დღევანდელი ჩეჩნეთის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დანიშნულება აქვს. იგი ერთგვარი „სულის“ როლს თამაშობს. ერთის მხრივ მისი ჩეჩნეთში ყოფნა და ზეგავლენა იგრძნობა, ხოლო მეორეს მხრივ მასზე რაიმე საუბარი და კადიროვების ოჯახის მსგავსად ქება-დიდება არაა. ყველასთვის ცხადია, რომ ის სულივით მხნეობას და ძალას მატებდა მამას, ხოლო მას შემდეგ, რაც ახმად კადიროვი გარდაიცვალა ის უკვე უხილავი ხელია, რომელიც მართებულ გზას უთითებს შვილ კადიროვს და მის პოზიციებს აძლიერებს.

6

ვლადიმირ პუტინის გამზირი ქ. გროზნოში

 

 

საბოლოო ჯამში საკმაოდ საინტერესო სურათს ვიღებთ. ჩეჩნეთში არსებობს ტრიო, რომლის წევრებსაც კონკრეტული დანიშნულება აქვს. ესენი არიან მამა კადიროვი – საოცარი და ღვთაებრივი ადამიანი, რომელმაც თანამედროვე ჩეჩენ ერს მცნებები დაუტოვა; შვილი რამზანი, რომელიც მამის მცნებებზე დაყრდნობით აშენებს სახელმწიფოს და თაობებს ზრდის; და ბოლოს, ვლადიმირ პუტინი – ერთგვარი უხილავი  სული/წმინდა სული, რომელიც კრავს მამა-შვილს; ის მუდამ კადიროვების გვერდითაა, ამხნევებს მათ და შესაბამის ძალებს მატებს, რომ მათ შესძლონ დაკისრებული მოვალეობების შესრულება. სახეზეა გაბატონებული  წმინდა სამეული, რომელთა დამმარცხებელი ძალა ჯერ არ გამოჩენილა ჩეჩნეთში.

მრგვვალი მაგიდა

ჩეჩნეთში ყოფნის მეორე დღე ქართველ და რუს ექსპერტებს შორის მრგვალი მაგიდით აღინიშნა.

კიდევ ერთმა მოვლენამ გამახსენა საბჭოთა კავშირი. მრგვალი მაგიდის დაწყებამდე ჩვენ მოგვესალმნენ ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და კადიროვის პირველი მოადგილე. ჩეჩნეთის მასშტაბით მეორე ადამიანი ეთნიკურად და გარეგნულადაც სლავი იყო. ამან გამახსენა საბჭოთა კავშირში არსებული პრაქტიკა, როდესაც ადგილობრივ მმართველებს პირველ მოადგილეებად ცენტრიდან წარგზავნილი და სავარაუდოდ ეთნიკურად რუსი პირები ჰყავდათ. საბჭოთა კავშირის მესვეურები არ ივიწყებდნენ ცნობილ რუსულ გამონათქვამს „ты доверяй, но проверяй!“ („შენ ენდე, მაგრამ მაინც გადაამოწმე!“). პირველი მოადგილის მოვალეობა სწორედ რომ ადგილობრივი მმართველის ერთგულების გადამოწმება იყო; როგორც ჩანს, არც რამზან კადიროვია გამონაკლისი. პუტინი მას ენდობა, მაგრამ თვალყურს მაინც ადევნებს!

მრგვალი მაგიდის მთავარი თემები იყო ისლამური სახელმწიფო და რუსეთის რბილი ძალა.

გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს ე.წ. სახელმწიფო შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს საქართველოსთვის, რადგან პანკისში ბევრი ჩეჩენი ცხოვრობს, რომლებიც სამწუხაროდ არ არიან ინტეგრირებულნი ქართულ საზოგადოებაში. ამ თემაზე არ გავჩერდები, რადგან პირადად მე მიმაჩნია, რომ პანკისის ხეობა თამანმედროვე საქართველოსთვის პრობლემა ვერ გახდება; ხოლო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი საფრთხე მხოლოდ თურქეთის გავლით არის შესაძლებელი; თუ ისლამურმა სახელმწიფომ თურქეთი განვლო, მაშინ იგი არა თუ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის გახდება ნომერ პირველი მტერი/პრობლემა.

რბილი ძალის საკითხზე კი უნდა შევჩერდეთ. საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა. ქართული მხრიდან  სიტყვით გამოვიდა გიორგი კანაშვილი. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთის რბილი ძალა მხოლოდდამხოლოდ ახლა იწყებს განვითარებას და ამიტომ იგი აშშ-ს რბილ ძალასთან შედარებით ძალზედ სუსტია; რუსეთის რბილი ძალის სისუსტეს მისი ფინანსური მხარეც ამძაფრებს. ამერიკასთან შედარებით რუსეთი ბევრად ნაკლებ სახსრებს ხარჯავს საკუთარი რბილი ძალის განვითარებაში. ამ მოსაზრების გამოთქმისას რუსული დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა საინტერესო შენიშვნა მისცა გიორგის. კერძოდ, დელეგატმა განაცხადა, რომ რუსული რბილი ძალის დანიშნულება არაა ხალხის ყიდვა, არამედ ღირებულებებით მოზიდვა.

7

მრგვალი მაგიდა, გიორგი კანაშვილი რუსეთის რბილი ძალის შესახებ, ქ. გროზნო

 

 

რას გულისხმობდა დელეგატი? ჩვენს კოლეგებთან საუბრისას მათ არაერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ რუსული რბილი ძალა ტრიალებს ტრადიციული ღირებულებების პროპაგანდის ირგვლივ. რუსეთი ცდილობს მოიზიდოს და გადმოიბიროს ადამიანები სწორედ რომ ისეთი ღირებულებების შეთავაზებით, როგორიცაა მამული, რწმენა და ტრადიციები. ეს ერთგვარი პროდუქტია, რომელიც დღეისთვის დასავლეთში არსებული მოვლენების და ცვლილებების ფონზე საკმაოდ მიმზიდველია. შესაბამისად რუსული რბილი ძალა ეყრდნობა ღირებულებათა სისტემას, ხოლო ამერიკული ფულად ერთეულებს.

ჩემი აზრით, რუსულმა მხარემ საკმაოდ კარგი არგუმენტი დადო, თუმცა რუსული ტრადიციონალიზმი მაინც დამარცხდება ამერიკულ ოცნებასთან!

ამერიკული ოცნება რუსული რბილი ძალის წინააღმდეგ

პირად საუბარში რუს კოლეგებს პირდაპირ ვუთხარი, რომ რუსული რბილი ძალა ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ამერიკულს თუ იგი ფინანსურად არ გამდიდრდა.

რატომ? პასუხი მარტივია.

რა არის ამერიკული რბილი ძალის ყველაზე ცნობილი პროდუქტი? „ამერიკული ოცნება“. ეს არის ზღაპარი იმაზე, რომ ადამიანს შეუძლია თავისი სამართლიანი შრომით მიაღწიოს და გამოიმუშაოს იმდენი, რომ უდარდელად გაატაროს მთელი ცხოვრება და ფინანსურად უზრუნველყოს არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ შვილები და შვილიშვილები. ამერიკული ოცნების ხსენებაზე ადამიანებს წარუდგებათ თვალწინ არა შრომა, არამედ ბენჯამინ ფრანკლინი, ძვირადღირებული მანქანები, ლამაზი მანდილოსნები, კლუბები და ა.შ. ყველასთვის ნათელია, რომ ამერიკული ოცნების მიღწევა მხოლოდ ამერიკელების ერთ პროცენტს შეუძლია და მასში 90 პროცენტი თავდაუდებელ შრომას ეთმობა და არა უდარდელ ცხოვრებას; რთულია უწოდო უდარდელი ცხოვრება იმას, როდესაც შენ ოცდაოთხი საათი შრომობ და იმის დრო არ გაქვს, რომ გამომუშავებული ფული დახარჯო, რადგან შემდეგ დღეს კიდევ უნდა გამოიმუშავო ფული;  ამის და მიუხედავად მილიონობით ადამიანი მიისწრაფის ამ ოცნებისკენ და თანამედროვე ამერიკა სწორედ რომ ამ ოცნების შედეგია!

რა არის რუსეთის რბილი ძალა? ტრადიციული ღირებულებები. როდესაც ტრადიციულ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ წარმოსახვაში ამოტივტივდება პატრიოტული აღლუმები და სახელმწიფოსთვის თავდაუდებელი შრომა, რომელიც სავარაუდოდ უსახელო გმირთა საფლავით დასრულდება; ეკლესია, რომელიც ზეციურ ცხოვრებაში სიმშვიდის მოპოვებისთვის მოგვიწოდებს ვიტანჯოთ დედამიწაზე; ტრადიციები, რომლებიც აკრძალვების ირგვლივ ტრიალებენ და ხშირად დროსთან/თანამედროვეობასთან უთანხმოებაში არიან. საბოლოოდ არც მამული, არც ეკლესია და არც ტრადიციები მატერიალური სარგებლის მომტანნი არარიან; მეტიც, ამ ღირებულებებისთვის დამახასიათებელია უამრავი აკრძალვები და დიდი მსხვერპლი, რომელიც მიწიერ ცხოვრებაში რთულად თუ დაფასდება. მამულისა და ტრადიციების ერთგული ადამიანი უფრო ცხოვრებით და შრომით დატანჯული ინდივიდია, რომელიც ელის სამართლიანობას ზეცაში; და არა პიროვნება, რომელსაც ცხოვრება უხარია და მომავალს ნათელი თვალებით შესცქერის.

როგორ ფიქრობთ, რამდენ ადამიანს მოხიბლავს დატანჯული ადამიანის ცხოვრება? ვფიქრობ, ბევრად უფრო ნაკლებს, ვიდრე ბენჯამინ ფრანკლინის გამოსახულება.

მეტიც, ადამიანი თავისი ბუნებით ყოველთვის ლაპარაკობდა და ლაპარაკობს ღირებულებებზე, მაგრამ რეალობაში უმრავლესობა არის რიგითი მომხმარებელი; ამ მომხმარებელს სურს იყოს სამშობლოს მოყვასიც, მორწმუნეც და ტრადიციულიც ოღონდ არა მშიერ კუჭზე; ამიტომ, როგორც ჩემს ერთ-ერთ რუს კოლეგას ვუთხარი, თუ რუსული ტრადიციონალიზმი არ შელამაზდა და „კოჭლი ჭაკიდან“ ფერარიზე არ გადაჯდა, იგი ვერ დაეწევა და ვერ გაუსწრებს სანატრელ ან ნანატრ ამერიკულ ოცნებას!

მცირე დასკვნა

ზოგისთვის თემა დიდი გამოვიდა, ზოგისთვის კი პატარა. მაქსიმალურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას ვცდილობდი, თუმცა, ორი ამდენი სათქმელი დამრჩა. მაგრამ ამ შთაბეჭდილებების გაზიარება შეუძლებელი იქნებოდა,  მე და ჩემი კოლეგები ამ ოთხ დღიან ვიზიტზე რომ არ დავთანხმებულიყავით.

რაზე მეტყველებს ეს? უპირველეს ყოვლისა იმაზე, რომ შეიძლება არ ეთანხმებოდე მოსაზრებაში, მეტიც ეომებოდე სახელმწიფოს, მაგრამ მასზე ინფორმაცია ყოველთვის უნდა გაგაჩნდეს. საქართველო პატარა ქვეყანაა და რეალიზმის თეორიიდან გამომდინარე იგი აკეთებს იმას, რაც შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსები და პირველი წყაროებიდან მოვიძიოთ ჩვენთვის საჭირ-ბოროტო ინფორმაცია. ამისთვის არაა საჭირო არც ნატო-ს, არც აშშ-ს ან/და ევროკავშირის ჩართულობა; ამისთვის საჭიროა სურვილი. ბოლოს და ბოლოს, ამერიკაც, ევროპაც და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი თანხმდება იმაზე, რომ რუსეთთან დიალოგი გარდაუვალია. ეს არ ნიშნავს რამეზე შეთანხმებას, არამედ ინფორმაციისა და პოზიციების გაცვლისთვის მზაობას.

საბოლოო ჯამში, ქართულმა დელეგაციამ რუსეთიდან ჩამოიტანა ბევრი უნიკალური სარწმუნო ინფორმაცია, რომლის სხვაგან მოძიება ფაქტიურად წარმოუდგენელია; და თან ისე, რომ არც რუსეთის და არც პუტინის კლუბის წევრები არ გავმხდარვართ. მსგავს შედეგს იღებ მაშინ, როდესაც პრაგმატიზმი ბატონობს ემოციებზე, ხოლო პროფესიონალიზმი პოლიტიკურ რიტორიკაზე.

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *