აიათოლა ძია სემის სამიზნეში

ახალი დეკადა ახლო აღმოსავლეთში ახალი ეპიზოდით დაიწყო, რომელმაც ერთგვარად მომდევნო ათწლეულის რეგიონის პოლიტიკური პროცესების მიმართულება დააანონსა. 3 იანვარს, აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ ირანული ყუდის ძალების მეთაურის, ყასემ სულეიმანის ლიკვიდაცია ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და ბიძგი მისცა მოვლენების განვითარების მრავალგვარ სპეკულაციას, მათ შორის მესამე მსოფლიო ომის დასაწყისსაც. თუმცა, აღნიშნული მოვლენა ლოგიკური გამოვლინებაა აშშ-ირანის ურთიერთობების იმ ახალი ფაზისა, რომელიც თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლიდან დაიწყო.

ირანი აშშ-ის ახლო აღმოსავლურ პოლიტიკაში

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, აშშ-ის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ეყრდნობოდა მოკავშირე ქვეყნებს შორის ძალთა ბალანსის დაცვას ისე, რომ თავად უშუალო აქტიურ სამხედრო და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ მონაწილეობას რეგიონულ პოლიტიკაში არ იღებდა. ვაშინგტონი ეყრდნობოდა ოთხ ძირითად მოკავშირეს: თურქეთს, საუდის არაბეთს, ისრაელსა და შაჰის ირანს, რათა რეგიონში საბჭოთა გავლენები არ გავრცელებულიყო და მაქსიმლაურად შეეზღუდა მოსკოვთან თანაშმრომლობაში მყოფი ბაასისტური ხელისუფლებები ეგვიპტეში, სირიასა და ერაყში. თუმცა აშშ-ის შედარებითი გააქტიურება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოკავშირეთა ამ ოთხეულს 1979 წელს ირანი გამოაკლდა. ისლამური რევოლუციის შედეგად დამყარებული თეოკრატიული რეჟიმი აშშ-ისთვის მხოლოდ წამყვანი პარტნიორის დანაკლისი არ იყო, მან შექმნა უფრო დიდი საფრთხე დანარჩენი სამი მოკავშირის მიმართ, ვიდრე მანამდე ამას ბაასისტური რეჟიმები ქმნიდნენ.

1980-იან წლებში ირანის წინააღმდეგ, ერაყის მეშვეობით, არაპირდაპირ დაპირისპირებაში ჩართვის შემდეგ, უკვე 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის შემაკავებელი ფაქტორის გაქრობის შედეგად, ვაშინგტონი უშუალოდ ერთვება ახლო აღმოსავლეთის რეგიონულ პროცესებში და ქუვეითზე ერაყის აგრესიის განეიტრალებით იწყებს საკუთარი დომინაციის დასამყარებლად პერმანენტულ ბაზირებას რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში.

თუკი მანამდე აშშ-ის ინტერესი რეგიონის მიმართ გლობალური ნავთობმიწოდების უზრუნველყოფა და საბჭოთა გავლენების შეკავება იყო, შემდგომ პერიოდში ეს უკანასკნელი ირანის ისლამური რევოლუციის ექსპანსიის შეჩერებამ ჩაანაცვლა, ხოლო 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ამ ჩამონათვალს ტერორიზმის დამარცხება დაემატა.

თუმცა, 2000-იანი წლების ბოლოსა და 2010-იანი წლების დასაწყისისთვის შეიქმნა მდგომარეობა, როდესაც ავღანეთსა და ერაყში  ტერორიზმთან ბრძოლისა და დემოკრატიზაციის პოლიტიკების მიმართ ამერიკულ საზოგადოებაში მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება არსებობდა. 2005 წლიდან გაეროს მიერ ირანზე დაწესებული სანქციების გამო ირანის შესაძლებლობები საკუთარი რეგიონული მიზნების მისაღწევად მკვეთრად შესუსტებული იყო და თან თეოკრატიული რეჟიმი შიდა პოლიტიკური ლეგიტიმაციის კრიზისს განიცდიდა (2009 წლის „მწვანე მოძრაობა”)[1]. ამასთან ერთად, ამერიკული ნავთობწარმოება იზრდებოდა, რაც სპარსეთის ყურის ნავთობზე დამოკიდებულებას ამცირებდა. ამ გარემოებებმა, თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ობამას ხელმძღვანელობით, უბიძგა ახლო აღმოსავლეთის მიმართ იგი კვლავ ძველ მიდგომას დაბურნებოდა, რაც რეგიონში ვაშინგტონის უშუალო სამხედრო-პოლიტიკური ჩართულობის შემცირებას და ამერიკული გავლენების კვლავ ძველ მოკავშირეებზე ‘აუთსორსინგს’ გულისხმობდა.

ირანული საფრთხის გასანეიტრალებლად, ობამამ თეირანთან ურთიერთობების ნორამლიზებისთვის გადატვირთვის პოლიტიკა წამოიწყო, რაც ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებასა და შემდგომ უკვე მისი წამარტებით დასრულებაში გამოიხატა. თუმცა, ბირთვულმა შეთანხმებამ ამ მიზანს ვერ მიაღწია, რადგან ამ შეთანხმებაზე დასტურის შედეგად, ირანზე მოხსნილი მთელი რიგი საერთაშორისო სანქციებით, თეირანმა მოახერხა ფინანსური რესურსების აკუმულაცია, რითაც გააგრძელა საკუთარი რეგიონული პოლიტიკის მიზნების განხორციელება. გასული ათწლეულის განმავლობაში ირანმა შეძლო შეექმნა და დაეფინანსებინა სამხედრო დანაყოფები ერაყსა და სირიაში, რომელთაც ეფექტურად შეასრულეს დასახული ამოცანები: მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სირიაში ასადის რეჟიმის შენარჩუნებაში, ხოლო ერაყში – დაეშის დამარცხებაში. ირანმა აქტივში ჩაიწერა ლიბანში ჰეზბოლას სამხედრო-პოლიტიკური გაძლიერება, ხოლო იემენში საუდის არაბეთისა და კოალიციური ძალების წინააღმდეგ ჰუსიტების წინააღმდეგობრივი მოძრაობის გამყარება. თეირანმა სამხედრო არსენალის (ბალისტიკური რაკეტები და დრონები) გაძლიერებით რეგიონში სამხედრო ძალთა ბალანსს საფრთხე შეუქმნა.

ტრამპი და ირანი

პრეზიდენტად გახდომამდე დონალდ ტრამპის პოლიტიკურ დღის წესრიგში საგარეო პოლიტიკის საკითხები ნაკლებად ხვდებოდა, თუმცა ერთადერთი გამოკვეთლი პოზიცია, რომელიც მას ამ მიმართულებით გააჩნდა, ირანის ბირთვული შეთანხმების მიმართ ღრმა სკეპსისი და ირანის აგრესიული რეგიონული პოლიტიკის კრიტიკა იყო. მართალია, იგი ინტენსიურად აკრიტიკებდა ბარაკ ობამას მიდგომას თეირანის მიმართ, თუმცა არსებითად ტრამპის სურვილიცაა, რომ აშშ-მა რეგიონში უშუალო სამხედრო-პოლიტიკური აქტივობა შეამციროს და ეს როლი მის რეგიონულ მოკავშირეებს გადააბაროს. ამისათვის კი, დღევანდელი თეთრი სახლის ძირითადი ამოცანა, ბოლო წლებში გაძლიერებული ირანისა და მისი შიიტური ალიანსის შესუსტება და ობამას მოსვლამდე არსებული სტატუს-კვოს დაბრუნებაა.

2018 წელს დონალდ ტრამპის გადაწყვტილებით, აშშ-მა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა. რამდენიმე თვეში ირანს კვლავ შეეზღუდა საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა, რითაც რეალურად, იგი ბირთვულ შეთანხმებამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნდა. ტრამპის ამ გადაწყვეტილების გარდა, აშშ ირანის წინააღმდეგ პრაქტიკულ კონფრონტაციაში არ ჩართულა მანამ, სანამ თეოკრატიული რეჟიმისა და მასთან აფილირებული დაჯგუფებების მხრიდან უშუალოდ ამერიკულ სამხედრო-პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე რეგიონში და მის ინტერესებზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დივერსიული აქტი არ განხორციელდა.

2019 წლის მეორე ნახევარი სანქციებდაწესებული თეირანის გახშირებული რეაქციებით გამოირჩეოდა. თავდაპირველად, მდგომარეობა ჯერ სპარსეთის ყურეში დაიძაბა, როდესაც ერთი თვის განმავლობაში ყურეში მცურავ ტანკერებზე თავდასხმა რამდენჯერმე განხორციელდა.[2] ირანს ამ ქმედებებზე პასუხიმგებლობა არ აუღია, თუმცა თავდასხმების სამხილები ირანულ კვალზე მიუთითებდა. ამ მოვლენებს მალევე მოჰყვა ირანის მხრიდან ამერიკულ დრონის ჩამოგდება.[3] თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელმაც რეგიონში სიტუაციის ესკალაციის წინაპირობა შექმნა, 14 სექტემბრის საუდის არაბულ აბკაიკისა და ხურაისის ნავთობსაცავებზე ჰუსიტების მიერ დრონებით მიტანილი იერიში იქცა. თავდასხმის შედეგად, მსოფლიო ნავთობბაზარს მხოლოდ ერთ დღეში 5% მოაკლდა.[4]

ირანის მიერ პრაქტიკულ ქმედებებზე გადასვლისთვის ვაშინგტონს არ უპასუხია, რადგან თეირანსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მათ შორის საუდის არაბეთს შორის, ურთიერთობების ნორმალიზებისთვის არაფორმალური კავშირები დამყარდა. თუმცა მოვლენების იმგვარი განვითარება, რამაც აშშ-ის გააქტიურება და საბოლოოდ ყასემ სულეიმანის მკვლელობა გამოიწვია უკვე ერაყის პოლიტიკურ სცენას უკავშირდება.

ერაყი

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების  გამწვავება დაიწყო იქ, სადაც ამ ორი აქტორის ინტერესები იკვეთება და სადაც ის მოვლენები განვითარდა, რაც არც ვაშინგტონის და არც თეირანის ინტერსებში არ შედიოდა.

პირველი ოქტომბრიდან ერაყის დედაქალაქ ბაღდადში დაიწყო უწყვეტი მასშტაბური სოციალურო პროტესტი, რომელსაც დაახლოებით 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა და 25 000 დაშავდა.[5] პროტესტის მთავარი მოთხოვნა ერაყის ღრმა კორუფციული მმართველობის და სექტარიანული პოლიტიკური სისტემის დასრულება იყო. თუმცა, ამ მოთხოვნებთან ერთად შიიტი ერაყელები მტკიცედ ითხოვდნენ ქვეყანაში ასევე შიიტური ირანის გავლენების შესუსტებას და მათთან დაკავშირებული პირების თანამდებობიდან გადაყენებას. პროტესტის სერიოზულობას ანიჭებდა ისიც, რომ მას ერაყის მთავარი შიიტი კლერიკი და გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა მუქთადა ალ-სადრი და მისი მოძრაობაც შეუერთდა. პროტესტის სიმძლავრის გამო ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის (IRGC) კორპუსის რეგიონული, ყუდსის ძალების ლიდერი ყასემ სულეიმანი პირადად ჩაერთო. იგი პირადად იმყოფებოდა ბაღდადში და პირადად უზრუნველყო ირანის პროტეჟე პრემიერ-მინისტრის ადილ აბდულ-მაჰდისთვის პოსტის შენარჩუნება.[6] სულეიმანის პირადი განკარგულებით, პროირანულმა ერაყის სახალხო მობილიზაციის შენაერთებს (PMU) პროტესტის დაშლა ყველა შესაძლო საშუალებით დაევალა. დემონსტრანტების მსხვერპლი სწორედ ამ შენაერთების მოქმედებებით იქნა განპირობებული.

სამთვიანმა უწყვეტმა პროტესტმა ირანისთვის შექმნა კრიზისული სიტუაცია, რითაც ის რეალურად კარგავდა ერაყზე პოლიტიკურ გავლენებს და შესაბამისად, საფრთხე ექმნებოდა ყუდსის ძალების მეშვეობით ბოლო წლებში შექმნილი „შიიტური რკალის“ არსებობას. კრიზისული სიტუაციიდან გამოსასვლელად, ყასემ სულეიმანმა მიიღო გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც დაიწყო ერაყული პროტესტის სხვა მიმართულებით წარმართვა და მისი რეგიონულ კრიზისად გარდაქმნა. ამისათვის, სულეიმანმა გადაწყვიტა სახალხო პროტესტის უმეტესწილად ანტიირანული ხასიათი, ანტიამირკულად ექცია. მისი გავლენის ქვეშ მყოფმა სახალხო დაცვის შენაერთებმა აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისის მეთაურობით და მათმა მხარდამჭერებმა დეკემბრის განმავლობაში რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს ამერიკელ სამხედროებსა და დიპლომატებზე, რასაც ჯერ ამერიკელი სამხედროს დაღუპვა მოჰყვა, ხოლო შემდეგ ამერიკის საელჩოს დარბევა ბაღდადში.[7] სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ სულეიმანის მხარდამჭერების მხრიდან ამერიკელ სამხედროებსა და დიპლომატებზე კიდევ არაერთი თავდასხმა იგეგმებოდა, საფუძვლიანი და ლოგიკურია. ეს იყო სულეიმანის პოლიტიკის მთავარი მიმართულება ერაყული პროტესტის ღერძის ცვლილებისთვის და მისი რეგიონულ კრიზისად გარდაქმნისთვის. ვაშინგტონის მიერ ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციის გადაწყვეტილების მიღებამდე და მას შემდეგაც, იგი წერტილოვან ავიადარტყმებს ახორციელებდა ერაყის სახალხო დაცვის შენაერთებზე, რაც აშშ-ის მხრიდან ირანთან დაპირისპირებაში პირველი აქტიური პრაქტიკული ნაბიჯები აღმოჩნდა.

 ახლო აღმოსავლეთი ყასემ სულეიმანის შემდეგ

3 იანვრის ფაქტმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უსაფრთხოებას ახალი გამოწვევები გაუჩინა. სულეიმანის მკვლელობით კიდევ უფრო ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადი გახდა რეგიონში დაპირისპირებული მხარეების მომავალი ქმედებები. თუმცა ამ მოვლენამ აჩვენა ის, რომ თეირანმა ვერ გათვალა ამერიკული პასუხი – ტრამპის ნება, გამოეყენებინა ძალა ირანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სუბიექტის ლიკვიდაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ირანი რეაქციულ პოზიციაში აღმოჩნდა, რომელმაც დროში განგრძობადი პასუხი უნდა გასცეს ვაშინგტონის ქმედებას, ის მაქსიმალურად შეეცდება სიფრთხილე გამოიჩინოს და არ მოახდინოს ამერიკული სამხედრო მანქანის პროვოცირება, რადგან ეს შეიძლება მისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს. როგორც ირანის ხელისუფლება, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნების მმართველები ამჟამად, თვითგადარჩენაზე უფრო არიან კონცენტრირებულნი, ვიდრე საკუთარი იდეოლოგიისა თუ გავლენების რეგიონში გავრცელებაზე.

ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და სამხედრო ესკალაციის თავიდან ასარიდებლად, მომავალში დიპლომატიისა და პოლიტიკური მოდერაციის მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება ბირთვული შეთანმხების სხვა მხარეებს, რომელთაც უნდა გამონახონ გარკვეული ტიპის რესურსი და ბერკეტები, რომ პოლიტიკური პროცესი საერთაშორისო, მრავალმხრივ ფორმატში დაბრუნდეს და არ დარჩეს იგი მხოლოდ ორ აქტორს შორის ურთიერთობის საკითხად.

მოვლენების ამგავრი განვითარება გაურკვეველს ხდის, თუ როგორ შეიცვლება ამერიკული პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთის მიმართ, დარჩება თუ არა იგი აქტიური მოთამაშე რეგიონში თუ დაუბრუნდება საკუთარი გავლენების მოკავშრეებზე ‘აუთსორსინგის’ მიდგომას, მაშინ როცა რეგიონში პოლიტიკური სურათი მკვეთრად შეცვლილია, ვიდრე ეს იყო დეკადის წინ. დღევანდელი მდგომარეობით, ახლო აღმოსავლეთში გამოჩნდენ საერთაშორისო აქტორები, რომლებიც მანამდე პასიური დამკვირვებლის როლს თამაშობდნენ, ესენია რევიზიონისტული ძალები, თურქეთი და რუსეთი. პირველი მათგანი დასავლეთთან ურთიერთობაში ტურბულენტულ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო ახლო აღმოსავლური ბანაკების დაპირისპირებაში ისრაელი-საუდის არაბეთის ‘ალიანსის’ საწინააღმდეგო ირანულ პოზიციებთან უფრო ახლოსაა. ამასთანავე, იგი აქტიურად ახორციელებს პოლიტიკურ-მილიტარისტულ ქმედებებს სირიასა და ერაყში აშშ-ის კიდევ ერთი პარტნიორის, ქურთების ინტერესების წინააღმდეგ. ხოლო რუსეთი ბოლო წლებში სირიის არაბული რესპუბლიკის პროტეჟედ მოგვევლინა, რომელიც პარალელურად, ინტენსიურად თანამშრომლობს ირანთან და ამასთანვე, ისტორიულად ყველაზე მეტად დაუახლოვდა სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ის კიდევ ერთ ახლო პარტნიორს, ეგვიპტეს.[8]

ზემოთ აღნიშნული ტენდენციები აჩენს კითხვებს თუ რამდენად ძალუძთ აშშ-ის რეგიონულ მოკავშირე ქვეყნებს დამოუკიდებლად დაიცვან საკუთარი თავი და ამერიკული ინტერესები, როგორც დიპლომატიურ, ასევე სამხედრო ველზე. ამგვარი მოწყვლადი სცენარი აშშ-ის ართმევს იმის ფუფუნებას, რომ საკუთარი ძალისხმევა რეგიონის მიმართ შეასუსტოს. თუმცა ამასთანავე, ვაშინგტონში ერთგვარი პოლიტიკური კონსენსუსია იმის შესახებ, რომ იგი რეგიონში მორიგი ცხელი კამპანიის სუბიექტი არ უნდა გახდეს, რომელიც ახლო აღმოსავლეთს კიდევ უფრო არასტაბილურს გახდის. ამ შემთხვევაში, ამერიკულ ამოცანად რჩება პასიური სტაბილიზატორის როლის შესრულება, რომელიც გარკვეული ტიპის რეგიონულ ეკვილიბრიუმს ჩამოაყალიბებს.

შოთა თხელიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი

სტატია დაიწერა კავკასიური სახლისა და International Alert-ის პროექტის “ახალგაზრდული დიალოგი სამოქალაქო აქტივიზმისთვის” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ.

 

ბიბლიოგრაფია

Al Arabiya English. 2019. Russia aims to strengthen ties with Gulf countries in all sectors. https://english.alarabiya.net/en/News/gulf/2019/03/06/Russia-aims-to-strengthen-ties-with-Gulf-countries-in-all-sectors.html;

Berlinger, J. 2019. Iran shoots down US drone aircraft, raising tensions further in Strait of Hormuz. CNN. https://edition.cnn.com/2019/06/20/middleeast/iran-drone-claim-hnk-intl/index.html;

Defterios, J. 2019. Coordinated strikes knock out half of Saudi oil capacity, more than 5 million barrels a day. CNN Business. https://edition.cnn.com/2019/09/14/business/saudi-oil-output-impacted-drone-attack/index.html;

Kirkpatrick, D. 2019. Tankers Are Attacked in Mideast, and U.S. Says Video Shows Iran Was Involved. The New York Times. https://www.nytimes.com/2019/06/13/world/middleeast/oil-tanker-attack-gulf-oman.html;

Mamouri, A. 2019. Pro-Iranian militias behind US Embassy attack in Baghdad. Al-Monitor. https://www.al-monitor.com/pulse/originals/2019/12/iraq-protesters-storm-us-embassy-baghdad.html#ixzz6C9V9RO8n;

Milani,A. 2010. The Green Movement. The Iran Primer. United States Institute of Peace. https://iranprimer.usip.org/resource/green-movement;

Rubin, A. 2019. Iraq in Worst Political Crisis in Years as Death Toll Mounts From Protests. The New York Times. https://www.nytimes.com/2019/12/21/world/middleeast/Iraq-protests-Iran.html;

The Times of Israel. 2019. Iran said working to keep embattled Iraqi PM in power amid growing protests. https://www.timesofisrael.com/iran-said-working-to-keep-embattled-iraqi-pm-in-power-amid-growing-protests/

 

[1] Milani,A. 2010. The Green Movement. The Iran Primer. United States Institute of Peace. https://iranprimer.usip.org/resource/green-movement

[2] Kirkpatrick, D. 2019. Tankers Are Attacked in Mideast, and U.S. Says Video Shows Iran Was Involved. The New York Times. https://www.nytimes.com/2019/06/13/world/middleeast/oil-tanker-attack-gulf-oman.html

[3] Berlinger, J. 2019. Iran shoots down US drone aircraft, raising tensions further in Strait of Hormuz. CNN. https://edition.cnn.com/2019/06/20/middleeast/iran-drone-claim-hnk-intl/index.html

 

[4] Defterios, J. 2019. Coordinated strikes knock out half of Saudi oil capacity, more than 5 million barrels a day. CNN Business. https://edition.cnn.com/2019/09/14/business/saudi-oil-output-impacted-drone-attack/index.html

[5] Rubin, A. 2019. Iraq in Worst Political Crisis in Years as Death Toll Mounts From Protests. The New York Times. https://www.nytimes.com/2019/12/21/world/middleeast/Iraq-protests-Iran.html

[6] The Times of Israel. 2019. Iran said working to keep embattled Iraqi PM in power amid growing protests. https://www.timesofisrael.com/iran-said-working-to-keep-embattled-iraqi-pm-in-power-amid-growing-protests/

[7] Mamouri, A. 2019. Pro-Iranian militias behind US Embassy attack in Baghdad. Al-Monitor. https://www.al-monitor.com/pulse/originals/2019/12/iraq-protesters-storm-us-embassy-baghdad.html#ixzz6C9V9RO8n

[8] Al Arabiya English. 2019. Russia aims to strengthen ties with Gulf countries in all sectors. https://english.alarabiya.net/en/News/gulf/2019/03/06/Russia-aims-to-strengthen-ties-with-Gulf-countries-in-all-sectors.html

 

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *