საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია – პერსპექტივები და პარარელები

თორნიკე ცირამუა
ილიას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი

2 თებერვალს ევროპის პარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ სავიჟო რეჟიმის გაუქმებას დაუჭირა მხარი. საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შემოღება დაფუძნებულია ჩვენს მიერ ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) შესრულებით და გულისხმობს მოგზაურობას 90 დღის მანძილზე 180 დღის განმავლობაში ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში (დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გარდა). ცვლილება ძალაში დღეს, 28 მარტს შევიდა.
საქართველოს მსგავსად, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება 2009 წლის ნოემბერში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა (იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, ჩერნოგორია და სერბეთი), 2010 წლის მაისში – ბოსნია-ჰერცეგოვინამ და ალბანეთმა, 2014 წლის აპრილში კი მოლდოვამ მოიპოვეს.

ვიზა ლიბერალიზაციის პერსპექტივები და პარალელები

საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი რამდენიმე მიმართულებით მოიტანს სარგებელს:

1. ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილება
ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილება საქართველოს მოქალაქეებს თავიდან აარიდებს მრავალი დოკუმენტის წარდგენას, ბიუროკრატიულ პროცედურებსა და საკონსულო განყოფილებებთან ვიზის მიღებისთვის საათობით ლოდინს.

2. საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია დასავლეთ ბალკანეთის გათვალისწინებით
მეორე მიმართულება – საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის ხელშეწყობაა. საქართველოს მიერ უვიზოდ მიმოსვლით გათვალისწინებული ნორმების სრულად დაკმაყოფილება ხელს შეუწყობს ევროკავშირისკენ თამამად გადაიდგას კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯები და, თავის მხრივ, ევროკავშირს საქართველოს მიმართ აუმაღლდეს ნდობა.

დასავლეთ ბალკანეთის მაგალითებს თუ დავეყრდნობით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიღების შემდეგ, ისინი იქცნენ ევროკავშირის სტაბილიზაციისა და ასოცირების შეთანხმების ნაწილი, რაც წარმოადგენს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დასკვნით ხელშეკრულებას, რომელიც ქვეყნებს ევროპული გაერთიანების ბაზარზე თავისუფალ-სატარიფო პოლიტიკას უზრუნველყოფს. მაგრამ რუსეთის ფედერაციის მიერ დასავლეთ ბალკანურ ქვეყნებში შიდა პოლიტიკაში „ინტერვენცია“ მკვეთრად აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს. მეტიც დასავლეთ ბალკანეთში რუსეთის გავლენის გაფართოებამ შესაძლოა დიდი ხნით გადადოს ევროკავშირში ინტეგრაცია. მთავარი ოპოზიციური ძალების გაძლიერებით რუსეთმა სერბეთში, ჩერნოგორიასა და მაკედონიაში მნიშვნელოვანი დასაყრდენი იპოვა. სერბეთის მთავარ ოპოზიციურ პარტიას, „სერბეთის რადიკალური პარტია“, მკვეთრად გამოხატული ევროსკეპტიკური მიდრეკილება აქვს. სერბეთის ისტორიული რუსოფილური დამოკიდებულება კი ყოველთვის ცხადი იყო. მაკედონიის რესპუბლიკაში მწვავე პოლიტიკური კრიზისია, სადაც 2016 წლის 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვერ ხერხდება მთავრობის ჩამოყალიბება. მმართველი ძალა (VMRO-DPMNE), რომელიც მკვეთრი ნაციონალისტური და ევროსკეპტიკური რიტორიკით გამოირჩევა ოფიციალურ მოსკოვის დასაყრდენი აღმოჩნდა, ხოლო მთავარ ოპოზიციურ პარტიას „სოციალ-დემოკრატებს“, მკვეთრად პროევროპული პოლიტიკა აქვთ. მაკედონიის რესპუბლიკაში, რომელიც 2004 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა იყო, რუსული პროპაგანდის გაძლიერებით ევროპული ინტეგრაცია საგრძნობლად შესუსტდა. გარდა ამისა, დასავლეთ ბალკანეთი ევროპაში მიგრანტების შესვლის ერთ-ერთი მთავარი გამტარი წყარო გახდა, რაც ევროკავშირისთვის საფრთხის შემცველია. მიუხედავად ასეთი ვითარებისა, ბრიუსელი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი დიდ ძალისხმევას დებენ დასავლეთ ბალკანეთში პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციისა და რეგიონის ევროპულ ვექტორზე შენარჩუნებისთვის. ამრიგად, დღესდღეობით დასავლეთ ბალკანეთი გვაძლევს ნათელ მაგალითს – რუსეთის მიერ სახელმწიფო პოლიტიკის დისკურსში ჩარევამ რამდენად შეიძლება დააზიანოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კურსი. სწორედ ამიტომ, ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების კონსოლიდირებული შეთანხმება ევროპული ინტეგრაციაში გაწევრიანებისკენ იმედს გვაძლევს, რომ მსგავსი ვითარების საშიშროება ნაკლებად არსებობს.

3. საქართველოს ეკონომიკური სარგებელი
მესამე მიმართულება – საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შედეგად პოტენციური ეკონომიკური სარგებელია. ევროკავშირში მოგზაურობის გამარტივებამ, შესაძლოა ხელი შეუწყოს ახალი ავია-კომპანიების შემოსვლას საქართველოში, რამაც დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას უნდა შეუწყოს ხელი. ამასთან გაიზრდება ისეთი კომპანიების რიცხვი, რომლებიც მგზავრებს იაფ ფრენებს სთავაზობს. გარდა ამისა, მსხვილ თუ მცირე მეწარმეებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი ბიზნესის შექმნისა და განვითარების მიზნით, ჩავიდნენ ევროკავშირში, გაეცნონ ადგილობრივ ბაზარს, გაიზიარონ გამოცდილება და შეხვდნენ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს. ქართველ ბიზნესმენებს ექნებათ შესაძლებლობა უფრო ფართოდ გაეცნონ ევროკავშირის რეგულაციებსა და საერთო სასოფლო მეურნეობის პოლიტიკას. საერთო სასოფლო მეურნეობის პოლიტიკით (CAP) გათვალისწინებული სტანდარტების დაკმაყოფილება კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასაღებია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მაგალითისთვის, სერბეთი 2009 წლიდან ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებებში მონაწილეობს. ამ დროიდან, სერბეთის მთავრობა ევროკავშირთან მიახლოებულ კანონმდებლობისა და რეგულაციების შემუშავებას ახდენს. შედეგად, ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში გახდა კენკროვანი პროდუქტის ევროპაში მოწინავე ექსპორტიორი. ამით კი იმის თქმა გვსურს, რომ სახელმწიფო პროგრამების, სუბსიდიების და ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების გზით ქართველ ფერმერებს დამატებითი შესაძლებლობა ექნებათ, ქართული ღვინის, თხილის, ციტრუსისა და სხვა პროდუქტის გატანის.

4. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი აფხაზი და ოსი მაცხოვრებელთათვის საქართველოს პასპორტების შეთავაზება
მეოთხე და ძალიან მნიშვნელოვანი თემა, გახლავთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს შევთავაზოთ ქართული პასპორტები, რითაც ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცემათ. მოლდოვის მაგალითზე დაყრდნობით, 2015 წლის ბოლომდე ბიომეტრიული პასპორტი დნესტრიპირეთის მოსახლეობის მესამედმა, 200 000-მდე ადამიანმა აიღო. უვიზო მიმოსვლა ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც დნესტრისპირეთის მცხოვრებთათვის მოლდოვა უფრო მიმზიდველი გახდა. აღსანიშნავია, რომ დნესტრისპირელებს უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე საბჭოთა პასპორტები ჰქონდათ და დღეს მათთვის ევროკავშირისკენ გზა გახსნილია. თუმცა ჩვენი ქვეყნის მაგალითზე ამ მიმართულებით არსებობებს რიგი დაბრკოლებები. კერძოდ, პრობლემა იმაშია, რომ 1990-იანი წლების შემდგომ დაბადებულ თაობას, არალეგიტიმური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების გარდა სხვა დოკუმენტი არ გააჩნია. შესაბამისად, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის მომსახურების მისაღებად, საჭიროა რიგი ბიუროკრატიული ბარიერების გავლა, რაც სირთულეებს ქმნის და დროში იწელება. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით – რიგ შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვას და წარმომავლობის დასამტკიცებლად მოწმეების წარდგენას საჭიროებს. ამდენად, ადამიანს, რომელსაც არ აქვს საბჭოთა პასპორტი, მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება რთულია. გარდა ამისა, აფხაზებსა და ოსებზე გაიცემა რუსული პასპორტები, რაც დამატებით პრობლემას უქმნით მათ. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საინტერესოა უკრაინის მაგალითი. ოფიციალური კიევი უკანონოდ განიხილავს რუსეთის მიერ მოქალაქეობის ავტომატურ ან იძულებით მინიჭებას და ამის საფუძველზე არ განიხილავს უკრაინის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლად. უკრაინის პრაქტიკის მსგავსად, ალბათ უმჯობესი იქნებოდა, თუკი ქართული სახელმწიფო არ განიხილავს რუსეთის პასპორტების მქონე აფხაზებსა და ოსებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებად და არ გახდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის დაბრკოლება.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოსცა დადგენილება კვიპროსის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა განხილულიყო შიდასახელმწიფოებრივი უფლების დაცვის მექანიზმად. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები უფლებების დასაცავად ადგილობრივი სასამართლოების გამოყენება არ ახდენდა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ლეგიტიმაციას და ეს მიდგომა უზრუნველყოფდა ამ ტერიტორიაზე უფლებათა დაცვის ვაკუუმის თავიდან აცილებას. ამრიგად, ამ პრაქტიკის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვის არალეგიტიმური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები არ იქნება განხილული, როგორც მათ ლეგიტიმაციად. საქართველოში ევროსკეპტიკური და რუსული პროპაგანდის შენელება

5.მეხუთე მიმართულება – საქართველოში ევროსკეპტიკური და რუსული პროპაგანდის შესუსტება
საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებამ, ევროსკეპტიკოსებსა და პრორუსულად განწყობილი ჯგუფებისთვის პასუხი იყო, რომ ქვეყნის პროევროპულ პოლიტიკას ხელშესახები შედეგები აქვს და ევროკავშირი საქართველოს აღიქვამს მის მტკიცე პარტნიორად.

საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია ევროპული გამოწვევების ფონზე

ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების თაობაზე სკეპტიკურად განწყობილი არაერთი ევროპარლამენტარი იყო, თუმცა მათი ამგვარი დამოკიდებულება ევროკავშირში არსებული მიგრაციული კრიზისითა და კრიმინალური ვითარებით იყო გამოწვეული. მათ აქვთ თავიანთი ინტერესები, პოლიტიკური დღის წესრიგი და ევროპაში არსებული მიგრაციული კრიზისის ფონზე სიფრთხილე თავისთავად გასაგებიც არის. სწორედ აღნიშნულმა ვითარებამ, ახალი მემარჯვენე-ნაციონალისტური დისკურსი შესძინა ევროპის პოლიტიკურ დღისწესრიგს, რაც კონსერვატიული ჯგუფების გაძლიერებითა და ევროკავშირისა და მისი პოლიტიკის მიმართ სკეპტიციზმში ვლინდება. შეჩერების მექანიზმის შემუშავებაც ამ პოლიტიკის ნაწილია და ჩვენი ქვეყნისთვის გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება აქედან იყო გამოწვეული.

ვიზა ლიბერალიზაცია ქართული გამოწვევების ფონზე

საქართველოში მრავლად იყო მოსაზრება, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის თავდაპირველი გადადება გამოწვეული იყო ქართველი მოქალაქეების კრიმინალური მოქმედებებით. თუმცა გერმანული პოლიციის 2015 წლის სტატისტიკაზე დაყრდნობით, ქართველები კრიმინოგენურობის მხრივ მსოფლიოს 28 ქვეყანას შორის 27-ე ადგილზე არიან და ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნის მოქალაქეებს, როგორებიცაა: სერბეთი, ალბანეთი, მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა. აგრეთვე, ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს: რუმინეთს, პოლონეთს, იტალიას და სხვას.

წყარო: https://www.bmi.bund.de/SharedDocs/Downloads/DE/Broschueren/2016/pks-2015.pdf?__blob=publicationFile

გარდა ამისა, ხშირად გვსმენია, რომ ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობას გაუარესებს. თუმცა, აღნიშნული რისკის მიუხედავად, ევროკავშირთან თავისუფლად გადაადგილებაზე უარი ირაციონალური იქნებოდა და უმჯობესია სახელმწიფომ შექმნას მიგრაციისა და იმიგრაციის სალდოს დააბალანსების შესაბამისი საფუძვლები. საქართველომ გამარტივებული სავიზო რეჟიმის ფარგლებში ვალდებულება აიღო, ევროპაში არალეგალად მცხოვრები მოქალაქეების უკან დაბრუნებაზე.  ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, ხორვატიიდან, ბალტიის პირეთიდან მასობრივი მიგრაცია განხორციელდა. ამ გამოწვევის მიუხედავად, აღნიშნულმა ქვეყნებმა ეკონომიკური პროგრესი განიცადეს, რამაც მიგრაციისა და იმიგრაციის სალდო მნიშვნელოვნად დააბალანსა.

ვიზალიბერალიზაცია მოლდოვის მაგალითზე

მოლდოვის გაყინული კონფლიქტი დნესტრისპირეთის სახით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსი შემთხვევაა. მოლდოვის 500 000 მოქალაქე რუმინეთის მოქალაქეობას ფლობს, შედეგად ქვეყანა ვიზა ლიბერალიზაციის მოპოვებამდე ევროკავშირთან დე ფაქტოდ ნაწილობრივ უკვე სარგებლობდა ამ პოლიტიკით. შესაბამისად, რუმინეთის პასპორტის მქონე მოქალაქეებს ლეგალურად მუშაობისა და გრძელვადიანი ცხოვრების უფლება აქვთ ევროკავშირის ტერიტორიაზე.

2016 წლის გაზაფხულზე, ესტონეთში განათლების მიღების დროს, ტალინში დავესწარი საჯარო შეხვედრას მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდრეი გალბურთან, რომელმაც ქვეყნის ევროინტეგრაციასა და დნესტრისპირეთის საკითხზე ისაუბრა. დნესტრისპირელები ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის შემდეგ აქტიურად იღებენ მოლდოვის პასპორტებს. გარდა ამისა ეუთოს ანგარიშებზე დაყრდნობით, მოლდოვა დნესტრისპირეთის საკითხთან მიმართებაში პროგრესს განიცდის, რომელიც „5+2“-ის ფორმატის მოლაპარაკების ფარგლებში იკვეთება. აღნიშნულ მოლაპარაკებებში მოლდოვა, დნესტრისპირეთი, ეუთო, რუსეთის ფედერაცია, უკრაინა, შეერთებული შტატები და ევროკავშირი მონაწილეობენ. ამ რეგიონის მაცხოვრებლები, სარგებლობენ მოლდოვის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სიკეთეებით. დნესტრისპირეთიდან პროდუქტის 67 პროცენტი ევროკავშირში გაედინება. მოლდოვის მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 1 440 000 მილიონი 2016 წლის დასაწყისისთვის ბიომეტრიულ პასპორტს ფლობდა. ჯამში, 2014 წლის 28 აპრილიდან 2016 წლის ბოლომდე 560 000-მა მოლდოველმა გადაკვეთა ევროკავშირის საზღვარი. ოპერატიული საზღვრის თანამშრომლობის ევროპული სააგენტოს (Frontex) წყაროზე დაყრდნობით, მხოლოდ 0.3 პროცენტმა მიიღო უარი ევროკავშირში შესვლაზე და 0.5. არალეგალად დარჩა.

მოლდოვა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამ კიდევ უფრო დაახლოვა, მაგრამ კვლავ რჩება ქვეყანაში გამოწვევები, კორუფციის, პრორუსული ძალების გაძლიერებისა და დნესტრისპირეთში გაყინული კონფლიქტის სახით.

დასკვნა

საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭება, კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა ქვეყნის მიერ წარმატებულად განხორციელებული რეფორმებისა და ცალსახა პრო-ევროპული ორიენტაციისა. საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციისა და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია დამატებითი ინსტრუმენტი იქნება ევროკავშირისკენ სასარგებლო ნაბიჯების გადადგმისთვის.
საჭიროა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევა, რათა თავიდან ავიცილოთ ექსცესები და შემდგომ “შეჩერების მექანიზმის” ამოქმედება, რაც შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუკი:

•საქართველოს მოქალაქეების მხრიდან გაიზრდება არასწორად წარდგენილი დოკუმენტაციები და საზღვრიდან უკან გამობრუნების ფაქტები;
•რეადმისიის (მიგრანტების უკან დაბრუნება) შეთანხმების არასათანადო შესრულება – რეადმისიის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნების რაოდენობის ზრდა და სახელმწიფოს ნაკლები თანამშრომლობა ევროკავშირთან იმავე რეადმისიის ფარგლებში;
•გაიზრდება არალეგალურად დარჩენილთა რაოდენობა;
•ევროკავშირში ჩასული მოქალაქეები საფრთხეს შეუქმნიან საზოგადოებას და გაიზრდება კრიმინალი;

შეჩერების მექანიზმის ამოქმედების მთავარი აქტორი ევროკომისიაა, რომელიც აქტიურად გააკონტროლებს სახელმწიფოს თანამშრომლობას ევროკავშირთან, თუკი ანგარიშები უარყოფით ტენდენციას მიიღებს შეჩერების მექანიზმის ამოქმედება სავსებით რეალური იქნება.
საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს ევროკავშირთან ურთიერთობების კუთხით ხელშესახები როლი გააჩნია. მაგრამ აღნიშნული რეჟიმის შენარჩუნების მიზნით უნდა მოხდეს, ეფექტური სასაზღვრო და მიგრაციული ადმინისტრირება. მისასალმებელია, რომ მთავრობა მაქსიმალურად აქცევს ყურადღებას საზოგადოების ჩართულობასა და ინფორმაციულობის საკითხს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის უხერხულ ვითარებაში ჩაყენების პრევენციას.

____________________________
1. საქართველოს სახალხო დამცველი: „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის ანალიზი და რეკომენდაციები“, 2017; იხ:
https://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4196.pdf
2. OSW: Moldova: a year after the introduction of the visa-free regime, 2015; იხ:
https://www.osw.waw.pl/en/publikacje/analyses/2015-05-06/moldova-a-year-after-introduction-visa-free-regime
3. European Commission: Commision reports on visa-free travel from the Western Balkans, 2015; იხ:
http://europa.eu/rapid/press-release_IP-15-4482_en.htm
4. FAOSTAT: Serbia; იხ: http://www.fao.org/faostat/en/#country/272
5. Dionis Cenusa: Two Years Since Visa Liberalization With EU: Advantages and Risks, IPN Features, 2016; იხ: http://www.3dcftas.eu/sites/default/files/Cenusa_2%20years%20of%20visa%20liberalization.pdf
6. OSCE: Press Releases and Statements related to the 5+2 negotiations on Transdniestria, იხ: http://www.osce.org/cio/119488
7. MFA Moldova: Two years of visa free travel for Moldovan citizens to the EU, 2016; იხ: http://www.mfa.gov.md/press-releases-en/503820/
8. Bundesministerium des Innern: Polizeiliche Kriminalstatistik, 2015; იხ:
https://www.bmi.bund.de/SharedDocs/Downloads/DE/Broschueren/2016/pks- 2015.pdf?__blob=publicationFile
9. EuropeanWesternerBalkans: Western Balkan’s EU Path: Political and Economic Deadlocks, 2016; იხ:
Western Balkan’s EU path: political and economic deadlocks

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *