მაია ურუშაძე
“კავკასიური სახლი”
26 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტების საფრთხე არ გამქრალა.
როგორ უნდა გავიგოთ რუსეთის პირველი დიპლომატის ეს განცხადება?
1. საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობა
აღნიშნული განცხადება სხვა არაფერია თუ არა საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობა მისი დასავლელი პარტნიორების წინაშე. სულ მცირე შესაძლებელია გაჩნდეს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ახერხებს საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ტერიტორიის ეფექტიან კონტროლს. შედეგად, საქართველოს ხელისუფლება ავტომატურად თავის მართლების რეჟიმში ექცევა.
2. აიძულოს საქართველო დათმობებზე წავიდეს
სავარაუდოდ, პანკისის ხეობიდან მომავალ საფრთხეებზე ყურადღების გამახვილებით, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო პროპაგანდის წამოწყებას ცდილობს. სანაცვლოდ, კი მან შესაძლებელია აიძულოს საქართველო სხვადასხვა სახის დათმობაზე წავიდეს (თუნდაც ,,გაზპრომთან“ მოლაპარაკებების პროცესში).
3. შესაძლო პროვოკაციებისთვის ,,ნიადაგის მომზადება“
რუსეთის ხელისუფლების მხრიდან პანკისის ხეობაში ტერორისტული ჯგუფების საწვრთნელი ბანაკების შესახებ განცხადება არახალია და მსგავს განცხადებებთან დაკავშირებული რისკებიც უცვლელი რჩება. შეუძლებელია ბოლომდე იმის გამორიცხვა, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთი არ შეეცდება საქართველოს ამ რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას და არ გამოიყენებს აღნიშნულ არგუმენტს კარტ-ბლანშად საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული ტიპის სამხედრო მოქმედებების განხორციელებისთვის.
4. სავიზო რეჟიმი და გადაჭარბებული მოლოდინები
ეს არის მინიშნება იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით, გადაჭარბებულ მოლოდინებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. შესაბამისად, უახლოეს მომავალში ამ კუთხით რაიმე განსაკუთრებულ წინსვლას ან ხელშესახებ გარღვევას არ უნდა ველოდოთ. სავარაუდოდ, სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესი არსებულ ეტაპზე უცვლელი დარჩება.