ოგნი გოგიჩი
პოლიტიკის ანალიტიკოსი
ბელგრადი
კოსოვოს საქმე – გაეროდან ევროკავშირამდე
მას შემდეგ რაც კოსოვომ 2008 წლის თებერვალში ერთპიროვნულად გამოაცხადა დამოუკიდებლობა, სერბეთის ხელისუფლებამ ღიად განაცხადა, რომ მზად იყო გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური, დიპლომატიური და იურიდიული საშუალება საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიალური მთლიანობის დასაცავად. იმისათვის, რათა უფრო დამაჯერებლად წარმოეჩინა საკუთარი არგუმენტი კოსოვოს ქმედების უკანონობის დასამტკიცებლად, სერბეთმა გადაწყვიტა, საკითხი საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაეცა იმ იმედით, რომ სასურველი ვერდიქტი სხვა სახელმწიფოებს ხალისს დაუკარგავდა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. შესაბამისად, 2008 წლის ოქტომბერში, გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ სერბეთის მოთხოვნისამებრ და კენჭისყრის შემდეგ მიმართა საერთაშორისო სასამართლოს, წარედგინა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, დაარღვია თუ არა საერთაშორისო სამართალი კოსოვომ დამოუკიდებლობის გამოცხადებით.
საერთაშორისო სასამართლოს 2010 წლის გადაწყვეტილება სერბეთისთვის საკუთარ კარში გატანილი გოლი აღმოჩნდა. სასამართლომ დაასკვნა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებას არ დაურღვევია ზოგადი საერთაშორისო სამართალი, რომელიც არ ‘კრძალავს დამოუკიდებლობის გამოცხადებას’. თუმცა, სერბეთის დიპლომატიურმა მარცხმა ერთგვარი ბერკეტის როლი შეასრულა ევროკავშირისთვის და ბრიუსელმა, გამოიყენა რა სერბეთის დამარცხება დიპლომატიურ არენაზე თავის სასარგებლოდ, ისარგებლა უპირატესობით და აიძულა სერბეთი დაბრუნებოდა მოლაპარაკების მაგიდას ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. შედეგად, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, გენერალურმა ასამბლეამ მიიღო სერბეთისა და ევროკავშირის ერთობლივი რეზოლუცია 64/298, რომელიც ეხებოდა ინიციატივას ბელგრადსა და პრიშტინას შორის მოლაპარაკების თაობაზე, სადაც ფასილიტაციას ევროკავშირი იღებდა საკუთარ თავზე.
მოლაპარაკებები, რომლებიც ევროკავშირის შუამდგომლობით 2011 წლის მარტში დაიწყო, მიზნად ისახავდა ‘იმ დაბრკოლებების აღმოფხვრას, რომლებიც უარყოფითად მოქმედებდნენ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, თანამშრომლობის გაღრმავებას და ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესის მიღწევას’. პროცესის შედეგად შედგა მოლაპარაკებების პირველი სერია ბელგრადსა და პრიშტინას შორის კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. გარდა ამისა, მისით აღინიშნა პირველი ძირეული ცვლილება ბელგრადის დამოკიდებულებაში კოსოვოს მიმართ, რადგან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება ნიშნავდა, რომ ბელგრადი თანახმა იყო საკითხი გაეროდან ევროკავშირში გადატანილიყო. დიალოგზე ითქვა, რომ იგი ‘ტექნიკური’ ხასიათისა იყო, რადგან მიზნად პრაქტიკული პრობლემების გადაჭრას ისახავდა. მაგრამ, მის მიზანს მაინც მხარეებს შორის ნდობის აღდგენა წარმოადგენდა, რათა მათ შეძლებოდათ რთული პოლიტიკური საკითხების ეტაპობრივად გადაჭრა.
2012 წლის თებერვლამდე მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საბაჟო ბეჭდის, უმაღლესი განათლების დიპლომების ორმხრივი აღიარების, მიმოსვლის თავისუფლების, რეგიონულ დონეზე კოსოვოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფის, მიწის კადასტრებისა და სამოქალაქო რეესტრებისა და საზღვრების ინტეგრირებული მენეჯმენტის შესახებ, რის შედეგადაც, სერბეთმა თანხმობა განაცხადა ეღიარებინა კოსოვოს ავტომობილების სერია და ნომრები და კოსოვოს მთავრობის მიერ გაცემული პირადი დოკუმენტაცია, აგრეთვე საბაჟო ბეჭდები წარწერით – ‘კოსოვოს საბაჟო’. 2011 წლის დეკემბერში მხარეები შეთანხმდნენ კავშირის ოფიცრების გაცვლაზე, ხოლო 2012 წლის თებერვალში მიღწეულ იქნა შეთანხმება რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე, რამაც საშუალება მისცა კოსოვოს მონაწილეობა მიეღო რეგიონულ ფორუმებზე, როგორც ‘კოსოვოს დელეგაცია. თუმცა, ამ წარწერასთან პატარა ვარსკვლავის ქვეშ მითითებული იყო, რომ ‘დელეგაცია მიუკერძოებელია სტატუსთან მიმართებაში და მოქმედებს გაეროს გენერალური მდივნის 1244-ე და საერთაშორისო სასამართლოს კოსოვოს დამოუკიდებლობის შესახებ მოსაზრებების თანახმად’.
პარადოქსულია, მაგრამ გარკვეული დონით, დიალოგი გასცდა ‘ტექნიკურ’ ჩარჩოს და ‘პოლიტიკურში’ გადაიზარდა, განსაკუთრებით 2012 წლის სერბეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ქვეყნის სათავეში ნაციონალისტური პარტიები მოექცნენ. ეს სწორედ ის პარტიებია, რომლებიც სერბეთს 1998/99 წლებში, ან იმ პერიოდში მართავდნენ, როდესაც სერბეთს კოსოვო გამოეყო. მიუხედავად მძაფრი წინასაარჩევნო რიტორიკისა და ტექნიკური დიალოგის, როგორც სერბული ინტერესების ღალატის დაგმობისა, ძალაუფლების მოპოვების შემდეგ ამ პარტიებმა ბევრად პრაგმატული მიდგომა აირჩიეს. პროცესის შეჩერების ნაცვლად, ახალმა ხელისუფლებამ დიალოგი პოლიტიკურ დონეზე აიყვანა. ეს ცვლილება იმ დროს ‘კოპერნიკის რევოლუციად’ შერაცხეს.
მოლაპარაკებები ნორმალიზაციის შესახებ 2012 წლის ოქტომბერში განახლდა სერბეთის და კოსოვოს პრემიერ მინისტრების, ივიცა დაჩიჯისა და ჰასიმ ტაჩის მონაწილეობით, რამაც დაარღვია სერბეთის ოფიციალური პირების ტრადიცია, არ ჰქონოდათ რაიმე სახის პირდაპირი კავშირი კოსოვოს ხელისუფლებასთან. უფრო მეტიც, 2013 წლის იანვარში სერბეთისა და კოსოვოს პრეზიდენტებმა ტომისლავ ნიკოლიჩმა და ატიფეტე იაიაგამ პირველი შეხვედრა გამართეს ბრიუსელში. თავდაპირველად დიალოგში მედიატორის როლს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კატრინ ეშტონი უწევდა, ხოლო მოგვიანებით ეს როლი მისმა შემცვლელმა, ფედერიკა მოგერინიმ გადაიბარა.
ორ პრემიერ მინისტრს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად შედგა ურთიერთობათა ნორმალიზაციის 15 პუნქტიანი შეთანხმება – ‘პირველი შეთანხმება ურთიერთობათა ნორმალიზაციის ძირითადი პრინციპების შესახებ’, რომელსაც ხელი ბრიუსელში 2013 წლის აპრილში მოეწერა. დოკუმენტი საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა და არ წააგავდა ტიპურ საერთაშორისო შეთანხმებას. მას ხელს არ აწერდნენ მხარეთა წარმომადგენლები და არც ის იყო დაკონკრეტებული, თუ ვინ იყვნენ მხარეები. კოსოვოს ასამბლეამ მოახდინა დოკუმენტის, როგორც საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირება, ხოლო სერბეთის პარლამენტს არ მიუღია კანონი მისი რატიფიკაციისთვის. მიუხედავად ამ დამაბნეველი გარემოებებისა, დოკუმენტი მაინც იქნა აღიარებული როგორც ისტორიული მნიშვნელობის მქონე სერბეთისა და კოსოვოს ურთიერთობისთვის, და აქედან გამომდინარე, შეთანხმებამ შესაძლებლობა მისცა როგორც სერბეთს, ასევე კოსოვოს გადაედგა ნაბიჯები ევროინტეგრაციისკენ.
დოკუმენტის მიზანს წარმოადგენდა მხარეებისთვის შეეთავაზებინა რამდენიმე ალტერნატივა ორი ურთიერთდაკავშირებული მიზნის მისაღწევად. დოკუმენტს უნდა უზრუნველეყო სერბეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ჩრდილოური მუნიციპალიტეტების ინტეგრაცია კოსოვოს ადმინისტრაციულ სისტემაში ადგილობრივი სერბული მოსახლეობის ინტერესების დაცვის გარანტიის პირობით. შეთანხმების თანახმად, სერბულ მხარეს უარი უნდა ეთქვა ჩრდილოეთში არსებულ ‘პარალელურ სტრუქტურებზე’, რომელიც ძირს უთხრიდა კოსოვოს სუვერენიტეტს და ასევე დათანხმებულიყო მათ ინტეგრაციაზე კოსოვოს პოლიტიკურ და სამართლებრივ სისტემებში. მეორე მხრივ, სერბეთისგან მართული ინსტიტუტების გაუქმება უნდა დაბალანსებულიყო სერბული მუნიციპალიტეტების ასოციაციის შექმნით. ამას გარდა, ორივე მხარემ აიღო პასუხისმგებლობა არ დაებლოკა ან ხელი არ შეეწყო მეორე მხარის ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესის შეფერხებისთვის.
რადგან როგორც სერბეთის, ასევე კოსოვოს ევროინტეგრაციის წარმატება უშუალოდ დამოკიდებული გახდა მათ მონდომებასა და მცდელობაზე შედეგიანად წარემართათ დიალოგი, შეთახმების გაფორმების შემდეგ მხარეებმა განაგრძეს რეგულარული შეხვედრები განხორციელების პროგრესის განხილვის მიზნით. თუმცა, ნორმალიზაციის პროცესი რამდენჯერმე შეფერხდა სხვადასხვა ფაქტორებისა და მოვლენების გამო. ერთი ამგვარი მოვლენა გახლდათ საპარლამენტო არჩევნები და მისი შედეგად სამთავრობო ცვლილებები სერბეთსა და კოსოვოში. თუმცა, შეფერხება ასევე გამოიწვია მნიშვნელოვანმა წინააღმდეგობამ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. სერბული მუნიციპალიტეტების შექმნის საკითხმა ყველაზე მძაფრი დაპირისპირება გამოიწვია, რადგან ბელგრადი და პრიშტინა სრულიად განსხვავებულად აღიქვამდნენ ასოციაციის როლს. სერბეთს მიაჩნდა, რომ იგი უნდა ყოფილიყო ავტონომიური ორგანო, რომელიც დაიცავდა სერბების ინტერესს, მაგრამ პრიშტინაში ეშინოდათ, რომ იგი შეიძლებოდა დამგვანებოდა სრბსკას რესპუბლიკას – სერბულ ერთეულს ბოსნიაში და ამით გადაექცია კოსოვო უფუნქციო სახელმწიფოდ.
მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, 2015 წლის აგვისტოში ბელგრადმა და პრიშტინამ შეძლეს შეთანხმებების კიდევ ერთი სერიისთვის ხელის მოწერა. შეთანხმებებში შედიოდა საკითხები სერბული მუნიციპალიტეტების ასოციაციის შექმნისა და ტელეკომუნიკაციების შესახებ. ამ უკანასკნელით კოსოვოს მიენიჭებოდა საკუთარი საერთაშორისო სატელეფონო კოდი.
ევრო-გერმანული პირობითობა – კოსოვო, როგორც ევროკავშირის წევრობის ძირითადი პირობა
როდესაც კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სერბეთის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ფიცი დადო, რომ არასდროს აღიარებდა მის დამოუკიდებლობას. თუმცა, წლების განმავლობაში სერბეთის დამოკიდებულება კოსოვოს საკითხის გადაწყვეტისადმი ნაკლებად ხისტი გახდა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობა იმ ფაქტმა, რომ სერბეთს არ უნდოდა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე უარის თქმა კოსოვოს გამო. მას შემდეგ, რაც სერბეთი ევროინტეგრაციის გზას დაადგა 2000 წელს, ომის დამნაშავეების დასჯა ყოველთვის იყო უმთავრესი პირობა, რომელსაც ევროკავშირი სერბეთს უყენებდა. მთავარი ბრალდებულის რატკო მლადიჩის ჰააგის სამხედრო ტრიბუნალისთვის გადაცემის შემდეგ 2011 წლის ივლისში, ისე ჩანდა, რომ თითქოს ევროინტეგრაციის გზაზე სერბეთს პოლიტიკური წინაღობა აღარ ელოდებოდა. თუმცა, 2011 წლის აგვისტოში, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბელგრადს ეწვია რათა დარწმუნებულიყო, რომ სერბეთის დედაქალაქში არ შეექმნებოდათ იმის ილუზია, რომ მლადიჩის გადაცემით სერბეთისთვის პოლიტიკური პირობითობები ამოიწურა. გერმანია, რომელიც ევროზონის კრიზისმა უპირობო ლიდერად აქცია, საკმაოდ გაბედულად და ავტონომიურად მოქმედებდა კოსოვოს საკითხთან მიმართებაში. ბელგრადში ვიზიტისას მერკელი შეხვდა სერბეთის მაშინდელ პრეზიდენტს ბორის ტადიჩს და მკაფიოდ განუმარტა მას, რომ სერბეთს უნდა მოეშალა ჩრდილოეთ კოსოვოში საკუთარი ‘პარალელური სტრუქტურები’, თუკი მას სურდა, რომ პროგრესისთვის მიეღწია ევროინტეგრაციის საკითხში.
ქალბატონმა მერკელმა მოულოდნელობის ეფექტი იქონია სერბ პოლიტიკოსებზე თავისი არაორაზროვანი გზავნილით. მის მიერ წაყენებული მოთხოვნები გულისხმობდა, რომ სერბეთს მოუწევდა კოსოვოს სრული ინსტიტუტციური მიტოვება, თუ მას სურდა, რომ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი მოეპოვებინა. უფრო მეტი, კანცლერი მერკელის ვიზიტმა დაადასტურა ევროკავშირის ახალი მიდგომა, რომლის მიხედვითაც სერბეთის გაწევრიანება ევროკავშირში პირდაპირ დამოკიდებული გახდა კოსოვოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მკაფიო ნიშნების არსებობაზე. მალე ცხადი გახდა, რომ სერბეთს ევროინტეგრაციის არანაირი იმედი არ უნდა ჰქონოდა კოსოვოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციის გარეშე. ისე ჩანდა, რომ სერბეთს ახალი პირობები წაუყენეს, მაშინვე, როგორც კი ქვეყანამ წინა ვალდებულებები შეასრულა.
2011 წლის ოქტომბერში ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია სერბეთს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. თუმცა, 2011 წლის დეკემბერში ევროპის საბჭომ გადაწყვიტა არ მიენიჭებინა სერბეთისთვის ზემოხსენებული სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა თანახმა იყო, გერმანიამ მაინც დაებლოკა გადაწყვეტილება იმ დრომდე, სანამ სერბეთი მნიშნველოვან პროგრესს არ მიაღწევდა კოსოვოსთან მიმართებაში. შესაბამისად, სერბეთმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2012 წლის მარტში მიიღო, მას შემდეგ რაც, ხელი მოაწერა შეთანხმებას კოსოვოსთან რეგიონალური წარმომადგენლობის შესახებ. ამის მსგავსად, მხოლოდ ბრიუსელის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 2013 წლის ივნისში მიიღო ევროპის საბჭომ გადაწყვეტილება დაეწყო სერბეთთან მოლაპარაკება გაწევრიანების შესახებ. იგივე რამ განმეორდა 2015 წლის დეკემბერში, როდესაც 2015 წლის აგვისტოში კოსოვოსთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ საბჭომ გახსნა მოლაპარაკების პირველი ორი თავი სერბეთთან.
კოსოვოსთან ნორმალიზაციის პროცესში გერმანიის წამყვანი როლი კიდევ უფრო განმტკიცდა 2012 წლის სექტემბერში, როდესაც სერბეთს გერმანიის ბუნდესტაგის პარლამენტარები ეწვივნენ წამყვანი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან. გერმანელი პარლამენტარების ვიზიტის მიზანს სერბებისთვის იმ შვიდი პირობის გაცნობა წარმოადგენდა, რომელთა შესრულებაც სერბებს ევროკავშირისკენ გაუხსნიდა გზას. ერთ-ერთი ასეთი პირობა გახლდათ ის, რომ სერბეთს უნდა აეღო ვალდებულება დაემყარებინა კოსოვოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობები. ამასთან, ვალდებულებას იურიდიული ძალა უნდა ჰქონოდა. გერმანიას არანაირი სურვილი არ ჰქონდა კიდევ ერთი კონფლიქტის იმპორტი მოეხდინა ევროკავშირში (არა ‘ახალ კვიპროსს’) და შესაბამისად მათი მესიჯი სერბებისთვის გასაგები იყო: ევროკავშირში გაწევრიანების მყარ წინაპირობას კოსოვოსთან ურთიერთობის სრულად ნორმალიზაციის მიღწევა წარმოადგენდა. თუმცა, გერმანელ პარლამენტარებს მთლად მკაფიოდ არ განუმარტავთ ნორმალიზაციაში რას გულისხმობდნენ და მათ სერბეთისგან კოსოვოს ოფიციალური აღიარება არ მოუთხოვიათ.
რა ჩანს ჰორიზონტზე – ახალი ჩიხი თუ საკითხის საბოლოო გადაჭრა?
ბრიუსელის მოლაპარაკებები აგერ უკვე მეექვსე წელია მიმდინარეობს, მაგრამ სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობებს ნორმალიზაციამდე კიდევ ბევრი უკლია. საქმე ისაა, რომ სერბეთის მიზანი არასდროს არ ყოფილა კოსოვოსთან ურთიერთობების ნორმალიზაცია. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ სერბეთმა დაადასტურა მზადყოფნა დათმობაზე წასულიყო კოსოვოსთან მიმართებაში ევროკავშირთან ურთიერთობაში პროგრესის მიღწევის სანაცვლოდ. გასაკვირი არაა, რომ მოლაპარაკებების პროცესი საკმაოდ ბუნდოვანი იყო და როგორც სერბეთის, ასევე კოსოვოს მთავრობები დეზინფორმაციას წავდიდნ საკუთარ ხალხს იმასთან დაკავშირებით, თუ რა საკითხებზე შეთანხმდნენ მეორე მხარესთან. როგორც აღმოჩნდა, ეს პრაქტიკა მოლაპარაკებების წარმატებით დაგვირგვინების ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა და შესაბამისად, ბევრი შეთანხმება საბოლოოდ შეუსრულებელი დარჩა.
მოლაპარაკებებმა ვერ შეძლეს ორ ხალხს შორის ნდობის აღდგენის საქმეში წვლილის შეტანა. მიუხედავად იმისა, რომ სერბეთმა მოუწოდა კოსოვოში მცხოვრებ სერბებს მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში და აქტიურად ჩართულიყვნენ ადგილობრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში, სერბული პარალელური სტრუქტურები ჯერ კიდევ განაგრძნობდნენ მოქმედებას ჩრდილოეთში და სერბები ჯერ კიდევ არ არიან სრულად ინტეგრირებულები კოსოვოს სისტემაში. სერბული მუნიციპალიტეტების ასოციაცია ჯერაც არ ჩამოყალიბებულა პრისტინაში მწვავე ინსტიტუციონალური კრიზისისა და ოპოზიციის მხრიდან გააფთრებული წინააღმდეგობის გამო. შესაბამისად, კოსოვოს ჯერ კიდევ არ გააჩნია საერთაშორისო სატელეფონო კოდი, მიუხედავად ტელეკომუნიკაციის საკითხებზე მიღწეული შეთანხმებისა.
კოსოვო სერბეთთან დიალოგზე იმ იმედით დათანხმდა, რომ ბელგრადთან მოლაპარაკებები ხელს შეუწყობდა მისი სუვერენიტეტის განმტკიცებას და სამომავლო აღიარებას. ამის საპირისპიროდ, ბელგრადის მიდგომები საკმაოდ ბუნდოვნად მოსჩანდა. სერბეთის კონსტიტუციის პრეამბულაში ნათქვამია, რომ კოსოვო სერბეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და სერბი პოლიტიკოსები ჯერ კიდევ კატეგორიულად გამორიცხავენ მისი ოფიციალურად აღიარების რაიმე შესაძლებლობას. აუღიარებლობის პოლიტიკის თანახმად, სერბეთმა დაბლოკა კოსოვოს მთავრობის ინიციატივა შეერთებოდა გაეროს და მის სააგენტოებს, მაგალითად იუნესკოს. თუმცა, ბელგრადი დათანხმდა ‘დაეშალა’ მისი ინსტიტუტები, რათა კოსოვოს საშუალება მისცემოდა მისი მთელ ტერიტორია მოექცია სახელწმიფოებრიობის ქვეშ. უფრო მეტიც, კოსოვო აღარ იკავებს წამყვან ადგილს სერბეთის შიდა პოლიტიკურ დებატებში, თუმცა სერბეთის მოქალაქეების უმეტესობა წინააღმდეგი იქნებოდა კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, აღიარებისა.
ამჟამად ისე ჩანს, რომ ნორმალიზაციის პროცესი კიდევ ერთხელ შევიდა ჩიხში, რადგან ‘კონსტრუქციული გაურკვევლობის’ პოლიტიკამ საკუთარი თავი ამოწურა. შესაბამისად, პროცესის რაიმე მნიშვნელოვანი გაგრძელება აზრსმოკლებული იქნება სტატუსთან დაკავშირებული საკითხების განხილვის გარეშე.
2016 წლის სექტემბერ-ოქტომბერმა ნათელი გახადა, რომ საგნებისა და მოვლენებისთვის თავისი სახელის დარქმევისგან თავის შეკავებამ მნიშვნელოვანი დაბრკოლებები წარმოქმნა. სწორედ ამ პერიოდში წინა პლანზე წამოიწია ქონებასთან დაკავშირებულმა საკითხებმა. უფრო კონკრეტულად კი, ტელეკომუნიკაციის თემის განხილვამ ბიძგი მისცა დავას იმის თაობაზე თუ ვის ეკვუთნოდა კოსოვოს ქონება – ბელგრადს თუ პრიშტინას. ამავე დროს, კოსოვოს ასამბლეამ მხარი დაუჭირა ტრეპკას მაღაროს კომპლექსის სახელმწიფოს კონტროლისთვის გადაცემას. შედეგად, სერბეთს ახლა ეშინია, რომ მას ჩამოერთმევა საკუთრების ყველა უფლება და აღარ მიეცემა შესაძლებლობა აღადგინოს გაჟივოდეს ჰიდროელექტროსადგურზე და აგრეთვე, ენერგიის სხვა წყაროებსა და სახელმწიფოს მიერ კუთვნილ საწარმოებზე საკუთრების უფლება.
გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნიდან 5 არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, ბრიუსელმა აქამდე ვერ შეძლო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება ან სერბეთისთვის იმ მოთხოვნის წაყენება, რომელიც მას აიძულებდა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას ევროკავშირის წევრობის სანაცვლოდ. ჩიხიდან თავის დაღწევის მიზნით გერმანიამ სერბეთს წაუყენა პირობები, რომელთა მიხედვითაც სერბეთს უნდა შეეწყვიტა კოსოვოსთვის წინააღმდეგობის გაწევა, რათა ამ უკანასკნელს შეძლებოდა შესულიყო გაეროში და შესაბამისად, გამხდარიყო საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი. ამ მხრივ, გერმანიის პირობა კოსოვოსთან იურიდიული ძალის მქონე შეთანხმების გაფორმების შესახებ მოგვაგონებს დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიას შორის 1972 წელს გაფორმებულ ძირითად ხელშეკრულებას, რომელმაც საშუალება მისცა ორივე ქვეყანას გამხდარიყო გაეროს წევრი.
ქონებისა და საკუთრების უფლებაზე დავამ დაადასტურა, რომ პროცესის გაგრძელება შეუძლებელია ყველაზე სადავო საკითხების განხილვის გარეშე. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში სერბეთს წაუყენებენ პირობას შემდგომი დათმობების თაობაზე კოსოვოსთან მიმართებაში. სერბმა ოფიციალურმა პირებმა უკვე განაცხადეს, რომ მათ ‘წაუყენეს მკაცრი ულტიმატუმი’ უარი ეთქვათ სერბეთის ქონებაზე კოსოვოში. უფრო მეტიც, 2017 წელს იგეგმება ცვლილებები სერბეთის კონსტიტუციაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საკითხავია, არის თუ არა სერბეთი მზად დათმოს თავისი საკუთრება კოსოვოში და ამოიღოს ზემოთ ნახსენები პრეამბულა კონსტიტუციიდან.
უახლოეს მომავალში სერბეთის გაწევრიანება ევროკავშირში დამოკიდებული იქნება, სულ მცირე, კოსოვოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო აღიარებაზე. სერბეთს შეეძლება თავიდან აიცილოს კოსოვოს ოფიციალური აღიარება, თუ იგი მოქმედების სწორ ფორმულას იპოვის. ნებისმიერ შემთხვევაში, ვერც ერთი მხარე (ბელგრადი, პრიშტინა და ბრიუსელი) ვერ შეძლებს ჭეშმარიტების მომენტისთვის თავის არიდებას დიდი ხნის განმავლობაში.