გიორგი მურჯიკნელი
დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2018 წელი ჩრდილოეთ კავკასიისთვის მრავალმხრივ იყო გამორჩეული. მართალია რევოლუციური მასშტაბის ცვლილებები არ მომხდარა, თუმცა განვითარებული მოვლენები შესაძლოა მომავალში სტატუს-კვოს ცვლილების განმაპირობებელი ფაქტორები აღმოჩნდეს. სტატიაში განხილული და გაანალიზებულია ის ძირითადი მოვლენები და ფაქტები, რომლებიც გასული წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში განვითარდა.
ტერიტორიული დავები
ისტორიულად ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონისთვის დამახასიათებელია ტერიტორიული დავები, როგორც რესპუბლიკების შიგნით, ასევე სხვა ფედერალურ ერთეულებთან. კონფლიქტების საფუძველს წარმოადგენს რეგიონის ეთნიკური სიჭრელე და საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული ადმინისტრაციული საზღვრების ხშირი ცვლილება.
გასული წელი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში ტერიტორიული დავების კუთხით გამორჩეული იყო. 2018 წლის 25 სექტემბერს ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკების ლიდერების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ალექსანდრე მატოვნიკოვიც ესწრებოდა. მხარეებმა განიხილეს საზღვრის დემარკაციის საკითხი და შედეგად ჩეჩნეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ინგუშეთს გადაეცა ჩეჩნეთის კუთვნილი, დაუსახლებელი, მთიანი რელიეფის მქონე ნადტერეჩნის რაიონი, ხოლო საპირისპიროდ ჩეჩნეთმა მიიღო ინგუშეთის მალგობეკისა და სუნჯას რაიონების შორის არსებული დაუსახლებელი მთიანი ტერიტორია (რომელიც ზომით რამდენჯერმე აღემატება ინგუშეთისთვის გადაცემულ მიწას).[1]
აღნიშნული ფაქტი რიგი ვნებათაღელვის საწყისი გახდა რეგიონში. ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში მყისიერად გაიმართა თვითორგანიზებული საპროტესტო აქციები. ტრადიციულად, ხელისუფლებამ ძალისმიერი მეთოდებით სცადა პროტესტის ჩახშობა. გადაიკეტა მაგასის შესასვლელები, ინგუშეთში გაიზარდა როსგვარდიის ძალების შემადგენლობა[2], ხოლო პროტესტის ყველაზე აქტიური ორგანიზატორები არასანქცირებული მიტინგის ჩატარების ბრალდებით დააკავეს[3]. მიუხედავად წნეხისა, საპროტესტო აქციები გრძელდებოდა. თუმცა 16 ოქტომბერს ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ალექსანდრე მატოვნიკოვი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი – ანდრეი აიარინი საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა დელეგაციას შეხვდნენ. ორმხრივი მოლაპარაკებების შემდგომ, აქცია 17 ოქტომბერს დროებით შეწყდა.[4]
პროტესტის პარალელურად სასაზღვრო დავა იურიდიულ კონტექსტშიც გაგრძელდა. ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილების შესახებ კანონი არამართლზომიერად ცნო. მიუხედავად ამისა, ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით საზღვრის ცვლილება შენარჩუნდა.[5]
აღსანიშნავია, რომ სსრკ-ში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმების გატარების შემდგომ, ჩეჩნეთს ინგუშეთთან გააჩნდა სადავო ტერიტორია, თუმცა ეს ტერიტორიები მოიცავს თავად მალგობეკისა და სუნჯას რაიონის ნაწილს და არა ამ ორ რეგიონს შორის არსებულ დაუსახლებელ მთიან არეალს.[6]
ტერიტორიების გაცვლის საკითხი, დღის წესრიგში ჯერ კიდევ 2012 წელს ჩეჩნეთის მთავრობის სხდომაზე, რამზან კადიროვის ინიციატივით დადგა. იმ დროისთვის კადიროვი ინგუშეთთან საზღვრის დემარკაციას და მალგობეკისა და სუნჯაის რაიონების ნაწილის, როგორც ჩეჩნეთის კუთვნილი ტერიტორიების უკან დაბრუნებას ითხოვდა. მსგავსი ფორმულირება მიუღებელი აღმოჩნდა იუნუს-ბეკ ევკუროვისთვის (ინგუშეთის მეთაური). მხარეებს შორის დაპირისპირების პრევენცია მოხერხდა იმ დროისთვის ჩრდილოთ კავკასიაში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის, ალექსანდრ ხლოპონინის მედიატორობით. წინარე გამოცდილებასთან შედარებით, 2018 წელს პროცესები უფრო მომზადებული აღმოჩნდა (დიდი ალბათობით კრემლთან წინასწარ შეთანხმებული იყო გადაწყვეტილება). ჯერ კიდევ აგვისტოში ჩეჩნურმა მხარემ ინგუშეთის ტერიტორიაზე თვითნებურად დაიწყო საავტომობილო გზის განახლება, ხოლო 6 სექტემბერს შექმნა საზღვრების დემარკაციის კომისია და გამოაცხადა მოლაპარაკებების დაწყება. 26 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება.[7]
ინგუშეთ-ჩეჩნეთის საზღვრის დემარკაციის პროცესის დასრულებისთანავე, გროზნო დაღესტანის მიმართულებით გააქტიურდა. დეკემბერსა და იანვარში ორივე მხარის მიერ გაკეთდა განცხადებები ადმინისტრაციული საზღვრების დადგენის აუცილებლობის შესახებ.[8] საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთთან შეხვედრის მზაობა გამოხატეს რესპუბლიკის ლიდერებმა. 2019 წლის 22 იანვარს ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი დაღესტანში ჩავიდა. ვიზიტის მიზანს საზღვრის დამდგენი ერთობლივი კომისიის შექმნა წარმოადგენდა.[9] ამჯერად გროზნოს სამიზნე ჩრდილო დასავლეთ დაღესტნის ჩეჩნებით დასახლებული აუხის რაიონია, რომლის ცენტრი ქალაქი ხასავიურტი ჩრდილოეთ კავკასიის სავაჭრო ჰაბია და სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ საზღვრის დემარკაციის პროცესში გროზნო მეტად მოგებული დარჩება ვიდრე მახაჩყალა, რაც ორი მიზეზით შეიძლება ავხსნათ: პირველი ის რომ ჩეჩნეთი უფრო მეტად მომზადებულია სასაზღვრო პრობლემების გადასაჭრელად და სავარაუდოდ კრემლშიც აქვს შეთანხმებული რიგი საკითხები. ხოლო მეორე გარემოება დაღესტანის მმართველ ვასილევს უკავშირდება, რომელიც ეთნიკურად ყაზახია, არ აქვს სამშობლოს განცდა დაღესტანის მიმართ და მოლაპარაკების პროცესში რიგი საკითხების დათმობა გაუადვილდება.
ეთნიკური დაპირისპირება
ჩრდილოეთ კავკასიის ეთნიკური სიჭრელე, რეგიონში არსებული ტერიტორიული დავები და ისტორიული ნარატივი ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილ კონფლიქტებს განაპირობებს. მმართველობის მკაცრი ვერტიკალის არსებობის პირობებში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება შედარებით ნაკლებია, აღნიშნულის ილუსტრაცია სსრკ-ში ყოფნის 70 წლიანი პერიოდია, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში ეთნიკური შუღლის ნიადაგზე დაპირისპირებები თითქმის ნულოვან ბარიერს გაუტოლდა. დღეისათვის, რეგიონში ცენტრალური ხელისუფლების ვერტიკალი კვლავინდებურად ძლიერია, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ეთნოსებს შორის ფართომასშტაბიანი დაპირისპირების ალბათობას, თუმცა ეთნიკურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის გარკვეული გამოვლინებები მაინც არსებობს.
ამ მხრივ საინტერესო აღმოჩნდა 2018 წელი. 18 სექტემბერს ყაბარდო-ბალყარეთის ელბრუსის რაიონში, სოფელ კენდელის სიახლოვეს ყაბარდოელებსა და ბალყარელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.[10] დაპირისპირების მიზეზი კანჟალის ბრძოლის 310 წლის იუბილის აღნიშვნა გახდა, როდესაც ბალყარელებმა ყაბარდოელებს არ მისცეს საშუალება ბალყარელებით დასახლებული სოფელი კენდელის გავლით ასულიყვნენ კანჟალის მაღლობზე. ამ ბრძოლაში ყაბარდოელებმა ყირიმის სახანოსა და ოსმალების ჯარი სასტიკად დაამარცხეს, რითიც ყაბაბარდოზე ოსმალების ბატონობა ფაქტიურად დასრულდა. საქმე იმაშია, რომ ყაბარდოელები ადიღეურ (იგივე ჩერქეზულ) ჯგუფს მიეკუთვნებიან, ხოლო ბალყარელები თურქულენოვანნი არიან და ისინი ოსმალების წაგებულ ბრძოლას საკუთარ მარცხად აღიქვამენ.[11]
ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტური სიტუაციის არსებობა ცალსახაა, რადგან კენჟალის მაღლობზე ასვლისას ყაბარდოელებმა შემოვლითი გზის ნაცვლად სოფელ კენდელზე გავლა ამჯობინეს, სადაც ბალყარელების ცოცხალი კორდონი დახვდათ. კორდონის გარღვევის მცდელობამ მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია. კონფლიქტის მედიაში გაშუქების შემდგომ დაპირისპირების ეპიცენტრში ჩერქეზული დროშებით აღჭურვილი 200-მდე ყაბარდოელი ჩავიდა. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ადგილზე მობილიზებული იქნა პოლიცია და „როსგვარდიის“ დანაყოფები. 19 სექტემბერს საპროტესტო ტალღამ ქალაქ ნალჩიკში გადაინაცვლა. ორივე მხარეს, მანიფესტანტები საკითხში ხელისუფლების ჩარევას მოითხოვდნენ. აქცია სამართალდამცავებთან შეტაკებით დასრულდა. 20 სექტემბერს სამოქალაქო მოძრაობის მიერ ორგანიზებული გამოსვლები გაიმართა ყაბარდო-ბალყარეთის სხვადასხვა ქალაქებში. რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, 18-20 სექტემბრის მოვლენების დროს ადმინისტრაციული სასჯელით დაკავებულ იქნა 120 პირი, ხოლო შეტაკებაში დაშავდა 45 ადამიანი[12]. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მხარეებს შორის შეტაკებისას გამოყენებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღიც. მდგომარეობის სტაბილიზაცია რეგიონში სამართალდამცავთა რიცხოვნების ზრდის ხარჯზე მოხერხდა.[13]
შემთხვევიდან მალევე, 26 სექტემბერს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით თანამდებობა დატოვა რესპუბლიკის მეთაურმა იური კოკოვმა, ხოლო მისი მოვალეობის შემსრულებლად ყაბარდო-ბალყარეთის პირველი პრეზიდენტის შვილი, კაზბეკ კოკოვი დაინიშნა.[14]
აღსანიშნავია, რომ ყაბარდო-ბალყარეთის მოსახლეობის 55%-ს ყაბარდოელები შეადგენენ, ხოლო 12% ბალყარელებზე მოდის. მსგავსი მოცემულობის პირობებში ეთნიკური დაპირისპირების საფრთხე მუდმივად არსებობს და ამის ერთერთი გამოვლინება იყო სექტემბრის მოვლენები. ისევე როგორც სხვა შემთხვევებში აქაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოვლენებზე კონტროლის დამყარება და მხარეთა დაშოშმინება ძალოვანი ელემენტის გამოყენებით შეძლო. ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში არსებული კრემლის ძლიერი მმართველი ვერტიკალის არსებობის მიუხედავად, ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების საფრთხე არსებობს და ის დროდადრო იჩენს თავს. ამჟამად ძალოვანი უწყებების ჩართულობით შესაძლებელი ხდება კონფლიქტის ლოკალიზება, თუმცა სამომავლოდ მსგავსი პრობლემა დაპირისპირების გაღვივებისთვის კერას წარმოდგენს.
სამოქალაქო მობილიზაცია
მსოფლიოში ინტერნეტისა და სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად უბრალო ადამიანებს შორის კომუნიკაციის არხები და ინფორმაციის გაცვლის სიჩქარე გაუმჯობესდა, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს სწრაფად მოახდინონ რეაგირება ამა თუ იმ მოვლენაზე. აღნიშნული ფაქტორი არც ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონშია უცხო. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი იყო 2018 წელი, როდესაც რამდენჯერმე დაფიქსირდა მასობრივი, ჰორიზონტალური მობილიზაციის შემთხვევები.
უპირველეს ყოვლისა მიმდინარე პროცესებზე საზოგადოების რეაქციის მყისიერი გამოხატვის ილუსტრირება იყო ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის ტერიტორიების გაცვლის შესახებ შეთანხმების ხელისმოწერის ფაქტთან დაკავშირებული საპროტესტო ტალღის აგორება. ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში მცხოვრებმა ადამიანებმა სოციალური ქსელებისა და ინტერნეტ კომუნიკაციის სხვა არხების საშუალებით შეძლეს საპროტესტო აქციების ორგანიზება, რომლის მასშტაბიც სწრაფად მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა. აღსანიშნავია, რომ პროტესტის გარკვეულ ეტაპზე ცენტრალურმა ხელისუფლებამ ინგუშეთში დაბლოკა სოციალური ქსელები და გათიშა ინტერნეტი.[15] ფაქტი მიუთითებს რესპუბლიკაში არსებული პრობლემების ირგვლივ სამოქალაქო მობილიზაციის შესაძლებლობების არსებობაზე. კრემლი ხედავს რა აღნიშნულ რესურსს, მის მზარდ ტენდენციას და შესაძლო საფრთხეებს, შესაბამისად კრიზისის დროს მოქმედებს რადიკალურად, რაც კომუნიკაციის არხების გათიშვაში გამოიხატება.
თვითმობილიზაციის რესურსის არსებობის ილუსტრირებაა ყაბარდო-ბალყარეთში სოფელ კენდელში 18 სექტემბერს კენჟალის ბრძოლის 310 წლისთავთან დაკავშირებით მომხდარი ეთნიკური დაპირისპირება, რომელიც უკვე 19 სექტემბერს დედაქალაქ ნალჩიკში გამართული აქციებით გაგრძელდა. 20 სექტემბერს საპროტესტო გამოსვლები მოეწყო ყაბარდო-ბალყარეთის სხვა ქალაქებში. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებას ეთნიკური სარჩული ედო, ფაქტი მიანიშნებს გარემოებაზე, რომ რესპუბლიკაში არის რესურსი თვითმობილიზაციისთვის, რომლის მიზეზიც სამომავლოდ შესაძლოა ყაბარდო-ბალყარეთში არსებული სხვა პრობლემები იქცეს.
საზოგადოების ფართო მობილიზაციის ფაქტი დაფიქსირდა მმართველობის მკაცრი ვერტიკალის მქონე ისეთ რესპუბლიკაშიც, როგორიც არის ჩეჩნეთი. მიუხედავად კადიროვის რეჟიმისა, ჩეჩნებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა იუსუფ-ხაჯი თემირხანოვის დაკრძალვის ცერემონიამ, რომელსაც 100 ათასამდე ჩეჩენი მამაკაცი დაესწრო (ზუსტი რიცხვი უცნობია, სხვადასხვა წყაროები განსხვავებულ რაოდენობას ასახელებენ)[16]. იუსუფ-ხანი თემირხანოვმა 2011 წელს მოსკოვში მოკლა რუსი სამხედრო პოლკოვნიკი იური ბუდანოვი. ამ უკანასკნელმა ჩეჩნეთის ომის დროს არაერთი სოფელი გადაწვა, ხოლო 2000 წელს 17 წლის ჩეჩენი გოგონას გაუპატიურების გამო დააპატიმრეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ ბუდანოვი 2008 წელს ციხიდან ვადაზე ადრე იქნა გათავისუფლებული და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან ქვეყნის წინაშე არსებული ღვაწლისთვის ღირსების ორდენიც მიიღო. მისი ლიკვიდაციის გამო 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თემირხანოვს, რომელიც 2018 წლის 3 აგვისტოს ციხეში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით ის გულის შეტევით დაიღუპა, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ის წამების მსხვერპლი იყო. მიუხედავად არსებული წინაპირობებისა თემირხანოვი ჩეჩნეთში მოსახლეობამ გმირად შერაცხა და დაკრძალვაზე შესაბამისი პატივიც მიაგო.[17]
კადიროვის რეჟიმის არსებობის პირობებში, რუსი სამხედრო პოლკოვნიკის მკვლელის მიმართ ჩეჩნურ მოსახლეობაში ლოიალურობის გრძნობა ცალსახად მრავლისმთქმელია. ხოლო თუ ამას თან დავურთავთ ჩეჩნურ საზოგადოებაში ფარულად არსებულ და აწ უკვე სააშკარაოზე გამოვლენილ უნარს, მოახდინონ თვითორგანიზება რაიმე მოვლენასთან ან ფაქტთან მიმართებაში, უდავოდ საინტერესო მომავლის პერიპეტიებს დავინახავთ.
სამოქალაქო პროტესტის კიდევ ერთი ტალღა, რომელმაც რუსეთის სხვა ფედერალურ ერთეულებთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რესპუბლიკა მოიცვა, გამოწვეული იყო 19 ივნისს სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთის რესპუბლიკაში ხალხთა ენების სავალდებულო შესწავლის გაუქმების შესახებ კანონპროექტის პირველივე მოსმენაზე მიღებით. არსებული ცვლილებებით, რუსული ენა მშობლიური ენების ჩამონათვალში შევა, ხოლო მოსწავლეთა მშობლებს ორი მშობლიური ენიდან ერთ-ერთის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ. კანონპროექტმა იმთავითვე ნეგატიური გამოხმაურება ჰპოვა არა მხოლოდ ჩვეულებრივ მოქალაქეებში, არამედ სახელისუფლებლო თანამდებობების პირებშიც. რუსეთში მოქმედმა საინიციატივო ჯგუფმა „ეროვნული ენების შენარჩუნება სავალდებულო – საგანმანათლებლო სექტორში“, შეიმუშავა საპროტესტო პეტიცია, რომელსაც რამდენიმე ათეული ათასი ხელმომწერი გააჩნდა, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან. ამასთანავე პროტესტის გრძნობა იზრდებოდა სოციალურ ქსელებსა და ბლოგებში. მიუხედავად პროტესტისა, 24 ივნისს სახელმწიფო დუმამ პირველ მოსმენაზე მიღებული კანონპროექტი დაამტკიცა, ხოლო მოგვიანებით მისი რატიფიცირება პრეზიდენტმა განახორციელა. ახალი კანონის თანახმად, თუ მშობელს სურს რომ მისმა შვილმა მშობლიური ენა შეისწავლოს, ამისთვის მან საგანმანათლებლო დაწესებულებას განცხადებით უნდა მიმართოს. ფაქტთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტორების უკმაყოფილება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მზარდია, თუმცა ანტი-სახელისუფლებლო გამოსვლებს ადგილი არ ჰქონია. რიგი ბლოგერები და ორგანიზაციები კანონპროექტს აფასებენ, როგორც რუსიფიკაციის მცდელობას.[18]
ფედერალური საკადრო პოლიტიკა
უკვე განხილულ ფეთქებადსაშიშ კონფლიქტურ მდგომარეობასთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისთვის თანმდევი პრობლემებია კორუფცია, მმართველობის კლანური სისტემა, კრიმინალის მაღალი დონე და ეკონომიკური ჩამორჩენილობა. მოსკოვი აღნიშნული პრობლემების გადასაწყვეტად ტრადიციულ საკადრო პოლიტიკას მიმართავს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების საკითხზე მომუშავე უწყებებში ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი მაღალჩინოსნების, ხოლო თავად რესპუბლიკებში წარმოშობით რუსი ჩინოვნიკების დანიშვნას გულისხმობს.
ამ მხრივ, 2018 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით, როგორც ფედერალურ, ასევე რესპუბლიკურ დონეზე. ჩრდილოეთ კავკასიის საკითხთა მინისტრად სერგეი ჩებოტარევი დაინიშნა, რომელიც მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორის და კულტურული კავშირების სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებდა.[19]
ჩრდილოეთ კავკასიაში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სრულუფლებიან წარმომადგენლად ალექსანდრე მატოვნიკოვი დაინიშნა, რომელიც რუსული არმიის გენერალ-მაიორის ჩინს ფლობს. მანამდე ის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. 2014 წელს იბრძოდა ანექსირებულ ყირიმსა და სირიაში.[20]
2017 წელს დაღესტანის რესპუბლიკის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა რამაზან აბდულატიპოვი, ხოლო მისი მოვალეობის შემსრულებლად კრემლის პირდაპირი დირექტივით დაინიშნა ეთნიკურად ყაზახი წარმოშობის რუსი გენერალი ვლადიმერ ვასილევი, რომელი 2018 წლის 9 სექტემბერს რესპუბლიკის სახალხო კრების გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა მეთაურის პოსტზე.[21] ვასილევის ხელისუფლებისთვის უდავოდ დამახასიათებელი ნიშანია კორუფციასთან ბრძოლა. ამ მხრივ არაერთი გახმაურებული დაპატიმრების მომსწრე გავხდით. არსებობს მოსაზრება, რომ ვასილევი ებრძვის კორუფციას დაღესტანის უმაღლეს ეშელონებში, თუმცა არაფერი კეთდება სამოქალაქო დონეზე არსებული კორუფციული სქემების შესაჩერებლად. კორუფციასთან ბრძოლის მთავარ ლაითმოტივად შესაძლებელია დავინახოთ სახელმწიფო ტენდერებიდან და ინფრასტრუქტურული პროექტებიდან მითვისებული და გაფლანგული თანხები. ამავდროულად რესპუბლიკაში ვასილევის ინიციატივით იწყება პროცესი, რომელიც სახელმწიფო პოზიციებზე წარმატებული ახალგაზრდების დასაქმებას ისახავს მიზნად. ამ მიზნით განხორციელდა პროექტი „ჩემი დაღესტანი“, რომლის ფარგლებში შერჩეული წარმატებული ახალგაზრდები სხვადასხვა თანამდებობებზე დაინიშნენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ვლადიმირ ვასილევი სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის შემადგენლობაში შევიდა, რაც პუტინის მხრიდან ვასილევის მხარდაჭერის მანიშნებელია.
თანამდებობა შეინარჩუნა და ხელახალი ვადით იქნა არჩეული ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაური, იუნუს-ბეკ ევკუროვი[22], რომელსაც გარკვეულ დათმობებზე მოუწია წასვლა: მთავრობის შემადგენლობაში განახორციელა სტრუქტურული ცვლილებები, შეამცირა სამინისტროების რაოდენობა, ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში განახორციელა საკადრო ცვლილებები. შესაძლებელია დათმობათა ჩამონათვალში მოიაზრებოდეს ჩეჩნეთთან საზღვრის დემარკაციის საკითხი.
მდგომარეობა შეინარჩუნა ყარაჩაი-ჩერქეზეთის ლიდერმა რაშიდ ტერმეზოვმა, რომელმაც კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში მინისტრების ცვლილებები განახორციელა.
ასევე დაღესტანში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ყაბარდო-ბალყარეთის და ინგუშეთის ძალოვან უწყებებში წამყვან თანამდებობებზე (ძირითადად მოადგილეებად) დაინიშნენ რუსი წარმოშობის ჩინოვნიკები. აღნიშნული ფაქტი ცალსახად მიუთითებს კრემლის სურვილზე გააძლიერონ ძალოვანი უწყებების ვერტიკალი ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესების მართვის კონტექსტში.
დასკვნა
2018 წელს ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების ეპიცენტრში ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი და დაღესტანი მოგვევლინენ. საზღვრის დემარკაციის საკითხი რესპუბლიკებს შორის უთანხმოების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რამაც გასულ წელს ინგუშეთში საპროტესტო ტალღა ააგორა. სავარაუდოდ 2019 წელს გროზნო დაღესტანის მიმართულებით გააქტიურდება და ვლადიმერ ვასილევის მმართველობის პირობებში შეეცდება დემარკაციის საკითხი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტოს.
2018 წლის განმავლობაში რეგიონში ეთნიკურ დაპირისპირებას, რომელსაც ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაზრდის რესურსი ექნებოდა, ადგილი არ ჰქონია. სავარაუდოდ აღნიშნული ტენდენცია 2019 წელსაც შენარჩუნდება. ამის გარანტი კრემლის მიერ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის სამართავად შერჩეული სტრატეგიაა. გასული წლის განმავლობაში მოსკოვი წამყვან პოზიციებზე ცდილობდა ძალოვანი უწყების ეთნიკურად რუსი პირები დაენიშნა და ამ გზით გამკლავებოდა რეგიონში კორუფციის თუ სხვა კუთხით შექმნილ პრობლემებს. მაღალი ალბათობით შიდა პოლიტიკის ეს ვექტორი შენარჩუნდება დაღესტანში და უფრო მეტიც, მოვლენების მსვლელობიდან გამომდინარე შესაძლებელია გავრცელდეს ინგუშეთზე, ყაბარდო ბალყარეთსა და ჩერქეზეთზე.
გასული წელი უდავოდ დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული იყო ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მასების მობილიზაციის შემთხვევებით. აშკარაა, რომ საზოგადოებაში პროტესტის გრძნობის მქონე ელექტორატს ერთმანეთთან კავშირი გააჩნიათ და აქვთ თვითორგანიზების უნარი, თუმცა მდგომარეობა ჯერჯერობით კონტროლირებადია და გამოსვლები ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ არ არის მიმართული. შესაძლებელია 2019 წელს არსებული ჰორიზონტალური მობილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდეს და სხვადასხვა საკითხების მიმართ პროტესტის გამოხატვაში გამოვლინდეს.
[1] The Caucasus Post – ანტონ ჩაბინი, სტატია „Лидеры Чечни и Ингушетии разменялись картами“ იხ. ლინკი: https://capost.media/special/obzory/lidery_chechni_i_ingushetii_razmenyalis_kartami/?fbclid=IwAR0_1I1av_kadkJUyv2xjN8T7h5aHZk_aprFBo3B0vIHDu3W1x_leMPSC8o
[2] საინფორმაციო სააგენტო POLITEKA – სტატია „Путин стягивает войска и полицию, дорога перекрыта, интернет отключили“ იხ. ლინკი: https://politeka.net/news/world/741559-vosstanie-nachalos-putin-stjagivaet-vojska-i-policiju-doroga-perekryta-internet-otkljuchili/?fbclid=IwAR1vrVzvm1TLVVBPgSep-AIUPPIM-Wa9IC6BfrdwZEQygjV8uYWtMy0tRAM
[3] გამომცემლობა Новая газета – სტატია „Организаторы митинга в столице Ингушетии объявили о временной приостановке акции“ იხ ლინკი: https://www.novayagazeta.ru/news/2018/10/17/146019-organizatory-mitinga-v-stolitse-ingushetii-ob-yavili-o-priostanovke-aktsii?fbclid=IwAR2zR8irFc-r9yl92fUty4cteLh5LBTw61YpxxBfnd_pFpyeCyDMzunpkTM
[4] საინფორმაციო სააგენტო Кавказский Узел – მოვლენათა ქრონოლოგია. იხ. ლინკი: https://www.kavkaz-uzel.eu/articles/326282/
[5] BBC რუსეთის განყოფილება – სტატია, „Конституционный суд рассмотрел спор о границе Ингушетии и Чечни“ იხ. ლინკი: https://www.bbc.com/russian/news-46346987?fbclid=IwAR1TIHSdIvbvUSJR5sZcIi-QOqoCBGP70rilpEhx5Ibw1Rp2er-t2-662jI
[6] საინფორმაციო სააგენტო RBK – კონსტანტინ კაზენინი, სტატია „Кавказский «саммит»: почему Чечня и Ингушетия вдруг изменили границу“ იხ. ლინკი: https://www.rbc.ru/opinions/politics/27/09/2018/5bac8dfa9a794778c7713f0e
[7] BBC რუსეთის განყოფილება – საარქივო მასალები, „Кадыров объявил, на какую часть Ингушетии он претендует“ იხ. ლინკი: https://www.bbc.com/russian/russia/2012/09/120905kadyrovingushetiaborder.shtml
[8] საინფორმაციო სააგენტო ISLAM NEWS – სტატია, „Дагестан и Чечня согласовали сроки определения границы“ იხ. ლინკი: https://islamnews.ru/news-dagestan-i-chechnya-soglasovali-sroki-opredeleniya-granicy
[9] საინფორმაციო სააგენტო РИА Новости – სტატია „Представители Чечни и Дагестана обсудили вопросы границ между республиками“ იხ. ლინკი: https://ria.ru/20190205/1550430956.html
[10] საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი Кавказский Узел – რუსტამ ჯალილოვი, „межнациональный конфликт из-за Канжальской битвы“ იხ. ლინკი: https://www.kavkaz-uzel.eu/articles/325567/
[11] საინფორმაციო სააგენტო „სივაისჯი“ – იხ. ლინკი: http://cyc.ge/დიდი-დაპირისპირება-4/
[12] საინფრომაციო სააგენტო „jam-news“ – იხ. ლინკი: https://jam-news.net/შეტაკებები-ყაბარდო-ბალყა/?lang=ka
[13] BBC რუსეთის განყოფილება – სტატია „Конфликт из-за битвы: что произошло в Кабардино-Балкарии“ იხ. ლინკი: https://www.bbc.com/russian/news-45588023
[14] გამომცემლობა „Комсомольская правда“ – იხ. ლინკი: https://www.kp.ru/daily/26887.4/3930986/
[15] საინფორმაციო სააგენტო „сноб“ – იხ. ლინკი https://snob.ru/news/166802
[16] საქართველოში ვაინახთა გაერთიანება – იხ. ლინკი: https://es-la.facebook.com/nokhchi/videos/ვაინახი-იუსუფ-ჰაჯი-ტემირხანოვის-დასაფლავება-ჩეჩნეთში/1819866824788075/
[17] საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო „Кавказский Узел“ – სტატია, „Жители Чечни сочли пиаром властей посещение траура по Темирханову“ იხ. ლინკი: https://www.kavkaz-uzel.eu/articles/323872/
[18] საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო „Кавказский Узел“ – სტატია, „Каноков поддержал критику закона о родных языках“ იხ. ლინკი: https://www.kavkaz-uzel.eu/articles/322251/
[19] გამომცემლობა „Комсомольская правда“ – იხ. ლინკი: https://www.stav.kp.ru/daily/26830/3870833/
[20] ინტერნეტ გაზეთი „ინგუშეთი“ – იხ. ლინკი: http://gazetaingush.ru/news/naznachenie-matovnikova-polpredom-v-skfo-povliyaet-na-reshenie-stoyashchih-pered-okrugom-zadach
[21] საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასი“ – იხ. ლინკი: https://tass.ru/politika/5540980
[22] საინფორმაციო სააგენტო „REGNUM“ – იხ. ლინკი: https://regnum.ru/news/2478582.html