Close Menu
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Facebook X (Twitter) Instagram
Regional DialogueRegional Dialogue
Facebook X (Twitter) Instagram YouTube
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Regional DialogueRegional Dialogue
Home » სტალინიზმის რენესანსი რუსეთში
ანალიტიკა

სტალინიზმის რენესანსი რუსეთში

09.08.202510 წუთის საკითხავი
გაზიარება
Facebook Twitter LinkedIn Email

ბოლო ათწლეულები რუსეთში სტალინის პერიოდის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თან სდევს მთლიანად საბჭოთა ისტორიის, მათ შორის ყველაზე წინააღმდეგობრივი ასპექტების აქტიური გადახედვა. 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ეს პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და ოფიციალურად მეხსიერების სახელმწიფო პოლიტიკის სახე მიიღო. სტალინი სულ უფრო ხშირად არის წარმოჩენილი არა მხოლოდ ლიდერად, რომელმაც ქვეყნის ინდუსტრიალიზაციასა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში საკვანძო როლი შეასრულა, არამედ როგორც ეფექტური მმართველი, რომელსაც კრიზისების დროს „წესრიგის“ დამყარება შეეძლო.

რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური პირები სტალინის ფიგურის მიმართ დადებით დამოკიდებულებას რეგულარულად გამოხატავენ. მაგალითად, ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა ისტორიაში ბელადის როლის უფრო დაბალანსებული შეფასების აუცილებლობაზე და აქცენტი ქვეყნის განვითარებაში მის დამსახურებებზე გააკეთა. ზოგიერთ რეგიონში სტალინისადმი მიძღვნილი ძეგლები ჩნდება, რაც რეგიონალურ დონეზე მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერის ზრდაზე მიუთითებს. მაგალითად, 2024 წელს ვოლოგდაში დაიდგა სტალინის ძეგლი, რომლის გახსნასაც თვით ოლქის გუბერნატორი დაესწრო. მსგავს ქმედებებს კომპლექტში თან ისტორიული ხსოვნის შენარჩუნების და პატრიოტული აღზრდის მნიშვნელობის რიტორიკა მოჰყვება.

სტალინის რეაბილიტაციის პროცესი სოციოლოგიურ მონაცემებშიც აისახება. გამოკითხვების თანახმად, რუსების წილი, რომლებიც დადებითად არიან განწყობილი სტალინის მიმართ, ყოველ წელს იზრდება. ზრდა შეინიშნება არა მხოლოდ ასაკოვან მოსახლეობაში, არამედ ახალგაზრდებშიც. საჯარო დისკურსში ხდება ნარატივების აღდგენა, რომლებიც რეპრესიებს, როგორც სახელმწიფო მიზნების მისაღწევად „აუცილებელ ნაბიჯებს“ ამართლებენ.

სტალინიზმი, როგორც პროტესტი 90-იანი წლების რეფორმების მიმართ

პოსტსაბჭოთა სტალინიზმს რთული და მრავალგვაროვანი ისტორია აქვს, რომელიც საბჭოთა კავშირის ნგრევას და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას უკავშირდება. საზოგადოებრივ ცნობიერებაში სტალინიზმის აღზევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 1990-იანი წლების რეფორმებით მოსახლეობის დიდი ნაწილის იმედგაცრუება იყო. ამ რეფორმებმა, რომელთაც თან პრივატიზაცია, მაღალი ინფლაცია და სოციალური გარანტიების ნგრევა სდევდა, მილიონობით ადამიანი სიღარიბემდე მიიყვანა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში სტალინის ფიგურა „ძლიერი ხელის“ და სოციალური წესრიგის სიმბოლოდ გადაიქცა, რომელსაც პოსტსაბჭოთა რუსეთის ქაოსს და უსამართლობას უპირისპირებდნენ.

სტალინის იდეალიზაცია ასევე იყო რეაქცია საბჭოთა პერიოდის მკვეთრ კრიტიკაზე, რომელიც 1990-იან წლებში ხელისუფლებასა და მედიაში წამყვან პოზიციებზე მყოფი ლიბერალი პოლიტიკოსებისა და ინტელექტუალებისგან ისმოდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ კრიტიკას მათი წარსულის დამცირებად და გაუფასურებად აღიქვამდა. სტალინიზმი, თავის მხრივ, მოსახლეობას სხვა ნარატივს სთავაზობდა, რომელშიც აქცენტი ინდუსტრიალიზაციაზე, ომში გამარჯვებასა და სოციალურ თანასწორობაზე კეთდებოდა. ძველი საბჭოთა იდენტობის დაკარგვის პირობებში სტალინიზმის რიტორიკამ შეიძინა ნოსტალგიის ნიშნები იმ პერიოდზე, როდესაც სახელმწიფო თითქოს წესრიგს და სამართლიანობას უზრუნველყოფდა. 

1990-იანი წლების ბევრი ოპოზიციური პარტია ან პირდაპირ ქადაგებდა სტალინურ ხედვებს, ან სტალინის კულტს ლიბერალური რეფორმებით უკმაყოფილო სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მობილიზაციისთვის იყენებდა.

ასეთი მოძრაობების მაგალითად შეგვიძლია ვიქტორ ანპილოვის „მშრომელი რუსეთი“ და რუსეთის კომუნისტური მშრომელთა პარტია მოვიყვანოთ. ეს ორგანიზაციები აქტიურად აკრიტიკებდნენ საბაზრო რეფორმებს, პრივატიზაციას, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუარესებას და სოციალური დაცვის საბჭოთა სისტემის ნგრევას. მათ პროგრამულ დოკუმენტებსა და საჯარო გამოსვლებში სტალინი სამართლიანი სახელმწიფო მოწყობის, ინდუსტრიული განვითარების და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის სიმბოლოდ იყო წარმოჩენილი. ყველაფერი ეს კი უპირისპირდებოდა ლიბერალური ელიტის „ღალატს“, რომლებიც ძალაუფლებაში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მოვიდნენ.  

„მშრომელი რუსეთი“ იყენებდა სტალინისტურ სიმბოლიკას მიტინგებზე, აწყობდა მსვლელობებს სტალინის პორტრეტებით და სტალინური მოდელის სოციალისტური ეკონომიკის აღდგენის მოწოდებებით გამოდიოდა. რუსეთის კომუნისტური მშრომელთა პარტია ლენინურ-სტალინური ტრადიციის მემკვიდრედ პოზიციონირებდა, უარყოფდა არა მხოლოდ კაპიტალიზმს, არამედ რუსეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკასაც, რომელსაც ზომიერად და ზედმეტად რბილად მიიჩნევდა. 

პოსტსაბჭოთა პოლიტიკურ კულტურაში სტალინის სახეხატი არა მხოლოდ კომუნისტური და საბჭოთა-პატრიოტული მოძრაობების, არამედ ნაციონალ-კონსერვატორული და მონარქისტული ძალების მხრიდანაც მოთხოვნადი აღმოჩნდა. ეს ჯგუფები სტალინიზმის ინტერპრეტაციას მისი მარქსისტული შემადგენლის გარეშე ახდენდნენ და ნაციონალური მობილიზაციის, სახელმწიფო სუვერენიტეტის და რეპრესიული პოლიტიკის ელემენტებზე ფოკუსირდებოდნენ. სწორედ იმ პერიოდში გაჩნდა ტერმინი „წითელ-ყავისფერები“, რაც აღნიშნავდა იდეოლოგიურ სიმბიოზს მემარცხენე რევანშისტებსა და მემარჯვენე ნაციონალისტებს შორის, რომლებიც ანტილიბერალიზმის და ანტიდასავლურობის პლატფორმაზე იყვნენ გაერთიანებული. 

ამ ნაციონალ-პატრიოტების დიდი ნაწილისთვის სტალინიზმის საკვანძო ეტაპი „კოსმოპოლიტიზმთან“ ბრძოლის პერიოდი (1940-იანების ბოლო – 1950-იანების დასაწყისი) იყო, როდესაც საბჭოთა პროპაგანდა რუსული ნაციონალიზმის რიტორიკას აქტიურად იყენებდა. ეს მას განსაკუთრებით მიმზიდველად კონსერვატორებისა და მონარქისტებისთვის აქცევდა, რომლებიც სტალინის სახელმწიფოს რუსული იმპერიის მემკვიდრედ განიხილავდნენ.

„წითელ-ყავისფერების“ იდეოლოგია დიდწილად უკავშირდება რუსული ნაციონალ-ბოლშევიზმის კონცეფციას, რომელიც ემიგრანტულ წრეებში ჯერ კიდევ 1920-1930-იან წლებში ჩამოყალიბდა. ნიკოლაი უსტრიალოვი, ყოფილი კადეტი და თეთრი ემიგრანტი, მოგვიანებით „сменовеховства“-ს ერთ-ერთი იდეოლოგი გახდა – მიმდინარეობის, რომელიც სტალინურ საბჭოთა კავშირში „ველიკოძერჟავული“ წესრიგის აღდგენას ხედავდა. ეს კონცეფცია საფუძვლად დაედო ყოფილი თეთრი ოფიცრების და ინტელექტუალების ხედვების უმრავლესობას, რომელთაც საბოლოო ჯამში სტალინი რუსული სახელმწიფოებრიობის მემკვიდრედ აღიარეს.

XX საუკუნის მეორე ნახევარში იდეამ საბჭოთა კავშირის ნაციონალისტურ წრეებში, ხოლო მოგვიანებით პოსტსაბჭოთა რუსეთში ახალი განვითარება შეიძინა. ნაციონალ-ბოლშევიზმის ახალი იტერაციის ერთ-ერთი საკვანძო წარმომადგენელი მწერალი და პუბლიცისტი ალექსანდრ პროხანოვი იყო. საკუთარ ტექსტებსა და გაზეთ „Завтра“-ს ფურცლებზე იგი სტალინიზმის, რუსული მართლმადიდებლური მესიანიზმის და მონარქისტული იდეოლოგიის სინთეზირებას ახდენდა და სტალინის, როგორც „წითელი იმპერატორის“ სახეხატს აყალიბებდა. მის კონცეფციაში სტალინი აღარ იყო მარქსისტი რევოლუციონერი და წარმოადგენდა რუსული იმპერიული სიძლიერის სიმბოლოს, რომელიც პეტრე I-ის და ივანე მრისხანეს ფიგურებს აერთიანებდა.

სტალინიზმის და მართლმადიდებლური მონარქიზმის იდეების შერწყმა, რომელიც პროხანოვის და მისი თანამოაზრეების ტექსტებშია წარმოდგენილი, საბჭოთა წარსულის გადააზრების ფართო ტენდენციის ნაწილად იქცა. ამ კონტექსტში კომუნისტური იდეოლოგია და პროლეტარიატის დიქტატურა მეორე პლანზე გადავიდა და ადგილი „მკაცრი, მაგრამ სამართლიანი“ ხელმძღვანელის, ტრადიციული ღირებულებების და ეროვნული სუვერენიტეტის იდეალიზებულ კონცეფციას დაუთმო.

კომუნისტური პარტია სტალინს უბრუნდება

1990-იან წლებში რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია წამყვან ოპოზიციურ ძალად გადაიქცა, რომელიც საბაზრო რეფორმებს ეწინააღმდეგებოდა. იგი გამოხატავდა პოსტსაბჭოთა მუშათა კლასის მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესებს, რომლებიც ნეოლიბერალური გარდაქმნების შედეგად დაზარალდნენ. თუმცა საკუთარი იდეოლოგიით პარტია უფრო ზომიერ მემარცხენე-ნაციონალისტურ ძალას წარმოადგენდა, ვიდრე რადიკალურ კომუნისტურ მოძრაობას.

კომუნისტური პარტიის ეკონომიკური პროგრამა ამ პერიოდში სოციალ-დემოკრატიულ ხასიათს ატარებდა და ორიენტირებული იყო არა რევოლუციურ ცვლილებებზე, არამედ სახელმწიფო რეგულირების და სოციალური უზრუნველყოფის ელემენტების აღდგენაზე, რომლებიც რეფორმების შედეგად მთლიანად დაინგრა. პარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი ყურადღებას ძლიერი სახელმწიფო ეკონომიკის აუცილებლობაზე, ეროვნული წარმოების მხარდაჭერასა და სოციალურ სამართლიანობაზე ამახვილებდა, თუმცა არსებულ საბაზრო ურთიერთობების სისტემას ეჭვქვეშ არ აყენებდა.

იდეოლოგიურად კომუნისტური პარტია ეკლექტურად აერთიანებდა სოციალიზმის და ნაციონალ-კონსერვატიზმის ელემენტებს. პარტიულ რიტორიკაში აქტიურად იყენებდა მინიშნებებს სტალინიზმზე, როგორც „ძლიერი სახელმწიფოს“ სიმბოლოზე, რაც საბჭოთა წარსულისადმი ნოსტალგიურად განწყობილ ამომრჩევლებს იზიდავდა. ამავდროულად ნაციონალ-კონსერვატორული რიტორიკა, რომელიც აპელაციებს „ტრადიციულ ღირებულებებსა“ და რუსეთის ეროვნულ აღორძინებაზე მოიცავდა, ხელს კომუნისტური ელექტორატის მოსახლეობის უფრო ფართო მასებთან, მათ შორის რუსული პატრიოტიზმის მომხრეებთან გაერთიანებას უწყობდა. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია 1990-იან წლებში წარმოადგენდა არა იმდენად კომუნისტურ პარტიას, რამდენადაც ეროვნულ-პატრიოტული ოპოზიციის მემარცხენე ფლანგს, რომელიც ლეგალური პოლიტიკური ველის ფარგლებში არსებობდა და არსებულ წესრიგთან სისტემური ურთიერთობების გაწყვეტას არ აპირებდა.

2000-იან წლებში რუსეთის ფედერაციის კომუნისტურმა პარტიამ, განიცადა რა გარკვეული ტრანსფორმაცია, თანდათან აქტიური ოპოზიციური როლი დაკარგა და ვლადიმირ პუტინის მიერ აშენებულ პოლიტიკურ სისტემაში ჩაეწერა. ძალაუფლების მზარდი ცენტრალიზაციის და არასისტემური ოპოზიციის განადგურების პირობებში პარტიამ არსებული რეჟიმის კრიტიკაზე უარი თქვა და ფაქტიურად კონტროლირებადი საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში გადავიდა, რომლის საქმიანობაც რიტორიკული განცხადებებით და ძალაუფლებისადმი რეალური საფრთხის გარეშე ელექტორალურ პროცესებში მონაწილეობით იყო შეზღუდული.

კომუნისტური პარტიის მუშაობის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებად ამ პერიოდში ისტორიული მეხსიერების პოლიტიკა იქცა. პარტია საბჭოთა წარსულის შესახებ პოსტსაბჭოთა ნარატივის რევიზიაზე კონცენტრირდა. განსაკუთრებული აქცენტი სტალინის პერიოდის რეაბილიტაციაზე კეთდებოდა. პარტიულ რიტორიკაში აიგო მემკვიდრეობითი ხაზი თანამედროვე რუსეთსა და საბჭოთა სახელმწიფოს შორის. პარტია სისტემურად აყენებდა სტალინის ძეგლების დადგმის იდეას, მხარს უჭერდა ოფიციალურ ღონისძიებებს, რომელიც საბჭოთა ისტორიულ თარიღებს უკავშირდებოდა და აძლიერებდა თეზისს სტალინის დადებითი როლის შესახებ.

მეხსიერების პოლიტიკაზე ფოკუსით რუსეთის კომუნისტურ პარტიამ ელექტორალური მხარდაჭერა მოსახლეობის იმ ნაწილში შეინარჩუნა, რომელიც საბჭოთა წარსულს ნოსტალგიით უყურებს. ამავდროულად მოხდა მისი კონსერვატორულ ძალად გადაქცევა, რომელიც სულ უფრო ორიენტირებულია ტრადიციონალიზმსა და სახელმწიფო პატერნალიზმზე.

შიდაპარტიული უთანხმოებები კომუნისტურ პარტიაში შესამჩნევი იყო 2018-2020 წლებში, როდესაც პარტიის შიგნით ოპოზიციური ფრთა ჩამოყალიბდა. იგი ძირითადად ახალგაზრდა აქტივისტებისა და რეგიონული პოლიტიკოსებისგან შედგებოდა. ახალი თაობის ეს წარმომადგენლები პარტიისთვის ტრადიციულ სტალინიზმისა და ნაციონალ-კონსერვატიზმის სინთეზზე უარს ამბოდნენ და სანაცვლოდ იდეოლოგიური პლატფორმის თანამედროვე სოციალ-დემოკრატიის სტილში განახლებას ითხოვდნენ. მათი რიტორიკა მოიცავდა პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციის მოთხოვნას, სოციალური პოლიტიკის გაძლიერებას და უარის თქმას კონსერვატორულ კურსზე, რომელიც კომუნისტურ პარტიაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში დომინირებდა.

ამ ფრთის გავლენის ზრდას პოსტპუტინურ რუსეთში კომუნისტური პარტიის ნაწილობრივი ტრანსფორმაცია და მისი ევროპული ტიპის მემარცხენე პარტიად გადაქცევა შეეძლო. თუმცა 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პარტიის ოპოზიციური მიმდინარეობა ძლიერი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. მისი წარმომადგენლების ნაწილი პარტიულ წმენდებში მოხვდა, ხოლო სხვები საჯარო პოლიტიკისგან დისტანცირდნენ და ღია განცხადებებს თავს არიდებენ. შედეგად პარტიამ საბოლოოდ დაიმკვიდრა სისტემური ოპოზიციის სტატუსი, რომელიც ხელისუფლებისადმი ლოიალური და სახელმწიფო პოლიტიკურ სისტემაში ჩაშენებულია.

სტალინიზმი – სახელმწიფო იდეოლოგიის ნაწილი?!

სტალინიზმისადმი კრემლის დამოკიდებულებამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და იგი სახელმწიფო იდეოლოგიის და პოლიტიკური სტრატეგიის ევოლუციას კარგად გამოხატავს. 1990-იან წლებში ოფიციალური დისკურსი მეტწილად კრიტიკულად იყო განწყობილი საბჭოთა პერიოდის და განსაკუთრებით სტალინიზმის მიმართ, რომელსაც რუსეთის განვითარების ევროპული გზიდან გადახვევად მიიჩნევდა. ამ პერიოდში სტალინის ეპოქას რეპრესიების, მართვის ტოტალიტარული მეთოდების და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო მწვავედ აკრიტიკებდნენ, რასაც ხელს ხელისუფლების ლიბერალურ-პროდასავლური კურსიც უწყობდა. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ცნობიერებაში სტალინიზმი აღიქმებოდა ისტორიის ნაწილად, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ისტორიულ უსამართლობასთან იყო დაკავშირებული.

თუმცა 2000-იანი წლების დასაწყისში ვლადიმირ პუტინის მოსვლის შემდეგ საბჭოთა მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. სახელმწიფო რიტორიკამ თანდათან უარი თქვა სტალინიზმის უპირობოდ გაკრიტიკებაზე და ოფიციალურ პატრიოტულ ნარატივში მისი გარკვეული ელემენტების ინტეგრირებაც დაიწყო. სიმბოლურ აქტად იქცა სსრკ-ს ჰიმნის აღდგენა (ახალი სიტყვებით), რითიც ხელისუფლება საბჭოთა წარსულისადმი მემკვიდრეობითობას ადასტურებდა. ცენტრალური ადგილი ისტორიულ პოლიტიკაში დაიკავა ხსოვნამ დიდ სამამულო ომში გამარჯვებაზე, რომელიც საზოგადოების კონსოლიდაციის და ხელისუფლების ლეგიტიმაციის ინსტრუმენტად იქცა.

მიუხედავად ამისა, პუტინის მმართველობის პირველ წლებში სტალინის ოფიციალური რეაბილიტაცია არ მოხდა, ხოლო მისი მმართველობა კვლავინდებურად კრიტიკულად იყო შეფასებული, განსაკუთრებით პოლიტიკური რეპრესიების კონტექსტში. თუმცა რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერების და დემოკრატიული ნორმებიდან გადახვევის პარალელურად კრემლი კონსერვატორული იდეოლოგიის ელემენტებს, რომელიც ძალიან ჰგავდა 1990-იანი წლების „წითელ-ყავისფერების“ დისკურსს, სულ უფრო ხშირად იყენებდა. ეს სინთეზი მოიცავდა არა მხოლოდ სტალინისტურ მოტივებს, რომელიც დაკავშირებული იყო სახელმწიფო დიდებასა და ცენტრალიზებულ ძალაუფლებასთან, არამედ მართლმადიდებლურ-მონარქიულ იდეებსაც, რომლებიც ხაზს რუსული სახელმწიფოებრიობის ისტორიულ უნიკალურობას და საკრალურობას უსვამდნენ.

2014 წლის შემდეგ რუსეთში საბოლოოდ ჩამოყალიბდა ნაციონალ-კონსერვატორული იდეოლოგია, რომელიც სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებს მემკვიდრეობითობის და ათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის ჩარჩოში აერთიანებს. ამ მიდგომაში იმპერიული და საბჭოთა პერიოდები ერთიანი რუსული სახელმწიფოს არსებობის ფორმად განიხილება, სადაც ძალაუფლების მემკვიდრეობითობა და ტრადიციები ისტორიული განვითარების განმსაზღვრელ ფაქტორებად მიიჩნევა.

1917 წლის რევოლუცია ამ ნარატივში წარმოადგენს არა სოციალურ გადატრიალებას, რომელმაც საზოგადოებრივი წყობის საფუძვლიანი ცვლილება გამოიწვია, არამედ დესტრუქციულ ეპიზოდს, რომელმაც საგარეო ძალების გავლენით სახელმწიფო დაასუსტა. ამ კონტექსტში ბოლშევიკები ან ფანატიკოსი-უტოპისტები არიან, რომელთაც მსოფლიო რევოლუციისკენ სწრაფვის გზაზე ქვეყნის დესტაბილიზაცია გამოიწვიეს, ან უცხოური გავლენის აგენტები, რომელთაც ისტორიული რუსეთის დახლეჩვას შეუწყვეს ხელი.

სტალინის პერიოდი დიდწილად შეესაბამება კონსერვატორულ მიდგომას, რადგანაც ამ დროს სახელმწიფო ცენტრალიზმის გაძლიერება, ტრადიციული სოციალური ნორმების დაბრუნება და 1920-იანი წლების რევოლუციური ექსპერიმენტების ჩახშობა მოხდა. მემარცხენე (ტროცკისტული) და მემარჯვენე (ბუხარინისეული) ოპოზიციის განადგურების შემდეგ სტალინმა საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდირება საბოლოოდ მოახდინა და მმართველობის ტოტალიტარული სისტემა დაამყარა.

ამ პერიოდში აიკრძალა ბევრი რადიკალური მოვლენა თუ მიღწევა, რომელთა ინიცირებაც საბჭოთა ძალაუფლების პირველ წლებში მოხდა. სოციალური პოლიტიკის სფეროში უარი თქვეს პროგრესულ რეფორმებზე: დასრულდა სექსუალური თავისუფლების პოლიტიკა, აიკრძალა აბორტები (1936 წელს), კვლავ შემოიღეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ჰომოსექსუალიზმზე (1934 წელს). ნაციონალურმა პოლიტიკამაც ცვლილებები განიცადა: თუ 1920-იან წლებში მიმდინარეობდა „კორენიზაცია“, რომლის მიზანსაც ეროვნული კულტურების და კადრების მხარდაჭერა წარმოადგენდა, 1930-იან წლებში მისი შემოტრიალება მოხდა და ნაციონალური ელიტების წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო.

ანალოგიური პროცესები შეეხო კულტურის სფეროსაც: თუ 1920-იან წლებში ხელოვნებაში გაბატონებული იყო პლურალიზმი (რომელიც ავანგარდულ დინებებს – ფუტურიზმს და კონსტრუქტივიზმს მოიცავდა), 1930-იან წლებში ოფიციალურ სტილად სოციალისტური რეალიზმი გამოცხადდა.

თანამედროვე რუსულ პროპაგანდაში სტალინი გამოხატულია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერად, რომელმაც უარი თქვა რევოლუციურ უტოპიზმზე და კონცენტრირდა ქვეყნის მოდერნიზაციაზე, რამაც დიდ სამამულო ომში მის გამარჯვებას შეუწყო ხელი. ეს სახეხატი ბოლო ათწლეულების კონსერვატორული შემობრუნების ნაწილია. სტალინი აღიქმება ლიდერად, რომელმაც დამანგრეველი რევოლუციური ექსპერიმენტების და შიდა ქაოსის შემდეგ სტაბილურობა აღადგინა, ქვეყანა მსოფლიო მასშტაბის ძალად აძლია და მისი მრეწველობის და არმიის მოდერნიზება მოახდინა.

ზოგიერთი პროსახელისუფლებო მოაზროვნე, მაგალითად ალექსანდრ პროხანოვი ამტკიცებს, რომ სტალინმა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის მოდერნიზაცია მოახდინა, არამედ რუსი მეფეების საქმეც გააგრძელა. მისი ინტერპრეტაციით სტალინის პოლიტიკა, განსაკუთრებით ცენტრალიზებული ძალაუფლების გამყარება და მძლავრი სახელმწიფოს შექმნა რუსეთის იმპერიის დიდების აღდგენას წარმოადგენდა, ხოლო მისი ქმედებები თვითმპყრობელი მმართველობის ტრადიციას აგრძელებდნენ. სტალინმა, ამ ავტორების აზრით, აღადგინა და გაამყარა ქვეყნის ერთიანობა, დაიცვა იგი საგარეო საფრთხეებისგან და გააძლიერა მისი პოლიტიკური და კულტურული იდენტობა, რაც იმ ამოცანებს ემთხვევა, რომელთაც საკუთარ თავს რუსეთის მონარქები სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებში უსახავდნენ.

ბოლო ათი წლის განმავლობაში პროპაგანდამ გარკვეულ წარმატებებს მართლაც მიაღწია. რუსეთის მოსახლეობა დაშინებულია და სტალინის ტერორზე დღეს პრაქტიკულად არავინ საუბრობს. ეს თემა საჯარო სივრცეში მარგინალიზებულია და მასზე საუბრის ნებისმიერი მცდელობა ოპოზიციური განწყობების გამოხატვად აღიქმება. ეს პუტინის ისტორიული პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რომელსაც კონკრეტული მიზნები აქვს: სახელმწიფოს და სპეცსამსახურების აბსოლუტური ავტორიტეტის აღდგენა და ამ სახელმწიფოს წინაშე მოქალაქეებში შიშის გაჩენა.  

ოფიციალური პროპაგანდა ვლადიმირ პუტინს დასავლურ გავლენებთან ბრძოლის საკითხში რუსი მეფეების და სტალინის მემკვიდრედ პრაქტიკულად ღიად აცხადებს. ამ ნარატივში რუსეთის პრეზიდენტი წარმოჩენილია არა მხოლოდ ეროვნული სუვერენიტეტის დამცველად, არამედ ლიდერად, რომელიც ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფოს ტრადიციას აგრძელებს. სახელმწიფოს, რომელსაც ძალა შესწევს საგარეო საფრთხეს წინააღმდეგობა გაუწიოს. ასეთი ტიპის „რესტალინიზაცია“ განსაკუთრებით გაძლიერდა უკრაინაში ომის დაწყების და რიტორიკის გაძლიერების შემდეგ, რომელშიც საგარეო საფრთხე „უკრაინელი ნაცისტების“ სახეხატითაა ფორმულირებული.  

რეზი ქოიავა

09.08.2025

მსგავსი პოსტები

„ცუდი რუსები“ – რუსული კინოს გავლენა უკრაინაში ომის დაწყებაზე

21.07.2025

ვერტიკალის რყევა: ომის ეფექტი რუსულ რეჟიმსა და ელიტებზე

16.06.2025

რა იდეოლოგია აქვს პუტინის რეჟიმს?

18.05.2025
ახალი ამბები

სტალინიზმის რენესანსი რუსეთში

09.08.2025

„ცუდი რუსები“ – რუსული კინოს გავლენა უკრაინაში ომის დაწყებაზე

21.07.2025

ვერტიკალის რყევა: ომის ეფექტი რუსულ რეჟიმსა და ელიტებზე

16.06.2025

რა იდეოლოგია აქვს პუტინის რეჟიმს?

18.05.2025
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • YouTube

სტალინიზმის რენესანსი რუსეთში

ანალიტიკა 09.08.2025

ბოლო ათწლეულები რუსეთში სტალინის პერიოდის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თან სდევს მთლიანად საბჭოთა ისტორიის, მათ…

„ცუდი რუსები“ – რუსული კინოს გავლენა უკრაინაში ომის დაწყებაზე

21.07.2025

ვერტიკალის რყევა: ომის ეფექტი რუსულ რეჟიმსა და ელიტებზე

16.06.2025

რა იდეოლოგია აქვს პუტინის რეჟიმს?

18.05.2025

„კავკასიური სახლის“ პროექტი

  • კავკასიური სახლი 0155 თბილისი, საქართველო გალაკტიონ ტაბიძის 20
  • (+995 32) 2 935088;     (+995 32) 2 996022
  • info@caucasianhouse.ge
  • FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.

Facebook Youtube Instagram Twitter
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

© 2023 რეგიონალური დიალოგი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია Rankers Digital-ის მიერ

„კავკასიური სახლის“ პროექტი

კავკასიური სახლი
0155 თბილისი, საქართველო
გალაკტიონ ტაბიძის 20

(+995 32) 2 935088; (+995 32) 2 996022

info@caucasianhouse.ge

FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.
About Us
About Us

Your source for the lifestyle news. This demo is crafted specifically to exhibit the use of the theme as a lifestyle site. Visit our main page for more demos.

We're accepting new partnerships right now.

Email Us: info@example.com
Contact: +1-320-0123-451

Our Picks
Facebook X (Twitter) Instagram YouTube WhatsApp
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
© 2025 ThemeSphere. Designed by ThemeSphere.

ჩაწერეთ ზემოთ და დააჭირეთ Enter საძიებლად. გასაუქმებლად დააჭირეთ Esc.