24 იანვარს 19:00 სთ-ზე ,,კავკასიური სახლი“ გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე „პატიმართა გაცვლის პროცესი და მისი შესაძლო პოლიტიკური შედეგები სოხუმისთვის“
5 დეკემბერს, სოხუმის დრანდის ციხიდან თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა გათავისუფლდა და იგი ქართულ მხარეს გადმოეცა. ქართული მხარე ამ ფაქტს ჰუმანიტარულ საკითხებზე თანამშრომლობისა და ურთიერთობის პოზიტიურ მაგალითად აფასებს. თუმცა, ლუკავას გაშვებას სოხუმში ანტისამთავრობო გამოსვლები მოჰყვა. ოპოზიციის წევრებმა და აქტივისტებმა რაულ ხაჯიმბა ლუკავას თბილისისთვის გადაცემის გამო გააკრიტიკეს და მისი გადადგომა მოითხოვეს.
დისკუსიაზე მომხსენებლები ისაუბრებენ თუ კონკრეტულად რატომ გამოიწვია გიორგი ლუკავას გათავისუფლებამ ვნებათაღელვა სოხუმში, რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს რაულ ხაჯიმბასათვის და რას ნიშნავს პატიმრების გაცვლის პროცესი ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისთვის.
მომხსენებლები:
ლაშა დარსალია – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
მედეა ტურაშვილი – სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში
გიორგი კანაშვილი – კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი
მოდერატორი:
ქეთევან ახობაძე – სამართლებრივი ექსპერტი, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი
საჯარო დისკუსია გაიმართება „კავკასიური სახლის“ საკონფერენციო დარბაზში;
სამუშაო ენა: ქართული
მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის №20
დასწრება თავისუფალია!
დისკუსია ტარდება “კავკასიური სახლისა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert”-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში.