10 მარტს, ,,კავკასიური სახლის“ ორგანიზებით, სასტუმრო ,,ბეტსში“ გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ,,კონფრონტაციისა და თანამშრომლობის 25 წელი: საქართველო-რუსეთის და ურთიერთობების სხვა მოდელები“. კონფერენციაზე განხილული იყო საქართველო და რუსეთის, ასევე სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისა და დასავლეთის ურთიერთობები რუსეთთან. კონფერენცია გაყოფილი იყო სამ სესიად.
პირველ სესიაზე ,,კავკასიური სახლის“ მკვლევრებმა ედიშერ ბაღათურიამ და რევაზ ქოიავამ მოახდინეს საქართველო-რუსეთის გასული 25 წლიანი ურთიერთობების შესახებ მომზადებული კვლევითი ნაშრომის ძირითადი მიგნებების პრეზენტაცია. ამავე სესიაზე მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტ-საბჭოთა კვლევების ცენტრის მკვლევარმა იულია ნიკიტინამ ისაუბრა გასული 25 წლის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე რუსეთის მხრიდან.
მეორე სესიაზე განხილული იყო აზერბაიჯანის, ბელორუსისა და უკრაინის რუსეთთან განსხვავებული ურთიერთობების გამოცდილება. ამ თემაზე ისაუბრეს მოწვეულმა მომხსენებლებმა უკრაინის მომავლის ინსტიტუტიდან ტარას ბერეზოვეცმა, დისკუსიისა და ანალიტიკური საზოგადოების მინსკის ლიბერალური კლუბის პოლიტიკის დირექტორმა ევგენი პრეიჰერმანმა და აზერბაიჯანის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ცენტრის საჯარო პოლიტიკის სკოლის ხელმძღვანელმა აჰმედ ალილმა.
დასკვნითი სესია დაეთმო დასავლეთსა და რუსეთს შორის, როგორც დღევანდელი, ასევე წარსული ურთიერთობების მოდელების ანალიზს. ამ თემაზე მოხსენებები გააკეთა კოპერნიკის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებთა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა პოლონეთიდან აგნეშკა ბრეცმა, ჩეთემ ჰაუსის ჩრდილოეთ ამერიკის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ დიდი ბრიტანეთიდან იაკობ პარაკილასმა და რუსეთის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა სერგეი მარკედონოვმა. თითოეული სესიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო მომხსენებლების მიერ წამოჭრილი საკითხების ირგვლივ კითხვა-პასუხებს და გაიმართა აქტიური დისკუსია.
საერთაშორისო კონფერენცია ,,კონფრონტაციისა და თანამშრომლობის 25 წელი: საქართველო-რუსეთის და ურთიერთობების სხვა მოდელები“ გაიმართა ,,კავკასიური სახლის“ პროექტის ,,ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.