2020 წელს გამოიცა კრებული „ვილაპარაკოთ — 33 ამბავი აფხაზეთზე“, რომელიც აერთიანებს 33 ქართველი მწერლის მოთხრობას.
მხატვრული ტექსტები გარკვეულწილად ქმნის და ინახავს მეხსიერებას, წარმოდგენას, ცოდნას ამა თუ იმ მოვლენის შესახებ, ამიტომ საინტერესოა, როგორ აისახა ქართულ ლიტერატურაში ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რა აინტერესებთ ქართველ მწერლებს, რას ჰყვებიან ომის შესახებ, როგორ ხსნიან ფართო ისტორიულ ვითარებას, როგორ ხატავენ მასში მონაწილე მხარეების სახეს და რა ინტერპრეტაცას აძლევენ კონფლიქტის შედეგს.
კრებულში თავმოყრილი მოთხრობები დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ცხადია, 33 მწერალი მოვლენათა შეფასება-ინტერპრეტაციისას ერთსულოვანი არ არის. მათ მიერ გამოხატული სინამდვილე, ან ერთი და იგივე ფაქტების ახსნა შეიძლება ერთმანეთის წინააღმდეგობრივიც კი აღმოჩნდეს. მაგრამ ასეთ გამოცემაში უსათუოდ გამოვლინდება გარკვეული ტენდენციები და ჩვენ ამ ტენდენციების წარმოჩენას ვისახავთ მიზნად.
ომის წინაპირობები
საკვირველია, მაგრამ მოთხრობების უმრავლესობა დუმს ომის წინაპირობების შესახებ. კონფლიქტამდელ აფხაზეთს ჩვენ რამდენიმე ავტორის მოთხრობაში ვეცნობით. ომამდელი აფხაზეთის სურათს ავტორთა უმრავლესობა ერთნაირად ხატავს: ძირითადად ეს მაინც ნოსტალგიური თხრობაა, სოხუმის, ოჩამჩირის, გულრიფშის ისეთი სურათი იხატება, სადაც მოთხრობის პერსონაჟებმა ბავშვობა და ყმაწვილობა ან საზაფხულო არდადეგები გაატარეს. საზღვაო ქალაქების ცხოვრება დახასიათებულია უდარდელად და აუმღვრევლად. მოთხრობებში მოქმედება ყველაზე ადრე 1970 წელს (კოტე ჯანდიერის „წერილები დაღესტნური თუნგიდან“) ვითარდება.
მაგრამ როგორ მივედით ომამდე?
მანანა დუმბაძის მოთხრობაში, რომელიც პრინციპში მხოლოდ პირობითად შეიძლება მხატვრულ ტექსტად მივიჩნიოთ, რადგან უფრო მისი ცხოვრების აფხაზეთთან დაკავშირებული ეპიზოდების მემუარული ჩანაწერია, ძუნწად არის აღნიშნული, რომ ერთხელაც (1984 წლამდე) „აფხაზებთან ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, თუმცა“ — აგრძელებს ავტორი — „გულრიფშელები ვცდილობდით, არ შეგვემჩნია — მთავრობაც ხომ ისე იქცეოდა, თითქოს ფეხებზე ეკიდა ეს ამბავი“. რთული დასაჯერებელია, მაგრამ ნაირა გელაშვილის ფრაგმენტის გარდა მთელ კრებულში ეს ერთადერთი ტექსტია, რომელშიც ნახსენები მაინც არის ორი ერის ურთიერთობაში გაჩენილი ბზარი.
მაშ რატომ დაიწყო ომი?
ირაკლი სამსონაძის მოთხრობის „ყურთბალიში“ მთავარი გმირი ომს სრულად აბრალებს რუსეთს: „მამიდაჩემის საფლავი ოჩამჩირეში. ნესტონ ბიძიას საფლავი გურიაში. შუაში იმ ქვეყნის ჯარი, ვინც იმპერიის რღვევა საკუთარ შეურაცხყოფად მიიღო. სანამ იმპერიის ყოფილი რესპუბლიკა ადგილს დაიმკვიდრებდა მსოფლიო რუკაზე, იქამდე იძალა. იქამდე უყელა. სიძულვილით გაერთიანებულთა ბრიგადები შექმნა. იარაღი დაურიგა. სათარეშოდ გზა გაუხსნა. […] წითელი ისრით მიანიშნა, რა მიმართულებით უნდა ევლოთ, ქვეშ კი მიაწერა: — საქართველოსკენ, საქართველოსაკენ!“ ამ მოთხრობაში ქართველების წინააღმდეგ „სხვადასხვა რჯულისა და ეროვნებისანი“ იბრძვიან. აქ აფხაზები არც კი ჩანან.
ომის მიზეზებზე აქა-იქ გაისმის ხოლმე სხვადასხვა მოთხრობის პერსონაჟების რეპლიკები:
„— რაში გვჭირდება ეს ომი?
— რომ დავამტკიცოთ, ჩვენ მაგრები ვართ და მართლები, და ისინი ცუდები.
— იმათ?
[…] — რომ დაამტკიცონ, რომ ისინი არიან კარგები და ჩვენ ცუდები,“ — ასეთი ირაციონალურ ახსნას უძებნის ომს მარინა ელბაქიძის პერსონაჟი მოთხრობაში „გაცვლა“.
გურამ ოდიშარიას მოთხრობაში „ძმისშვილი“ ომის დაწყება ქართულ მხარეს მიეწერება: „განა შეიძლებოდა ამ ომის დაწყება? თუმცა შენ რა შუაში ხარ, ჯარისკაცი ხარ“, — ეუბნება აფხაზი მოხუცი ქართველ ჯარისკაცს.
კრებულში წარმოდგენილ ტექსტებს შორის შინაარსითა და მიზანდასახულობით აშკარად გამოირჩევა ფრაგმენტი ნაირა გელაშვილის რომანიდან „პირველი ორი წრე და ყველა სხვა“. ის ერთადერთია, რომელიც ფართოდ ეხება აფხაზთა ცხოვრებას და ისტორიას, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს, მათ შორის არსებულ ცხად და დაფარულ განწყობილებებს და იმ წინაპირობებს, რამაც ორი ხალხი კონფლიქტამდე მიიყვანა, — თუმცა კი ტექსტი 1989 წელსაა დაწერილი. რომანი საერთოდ დოკუმენტურ ხასიათს ატარებს და დაწვრილებით ჰყვება საქართველოს უახლეს წარსულზე. კრებულში მოცემული ფრაგმენტის მთავარ პერსონაჟს, გუნდა აკაბას (ისევე როგორც რომანის სხვა პერსონაჟებს), რეალურ ადამიანი ჰყავს პროტოტიპად. კრებულში თავმოყრილ მოთხრობათაგან აფხაზის სახე ყველაზე მკაფიოდ ამ ფრაგმენტში იხატება.
ტექსტი დიდი გამბედაობითაც გამოირჩევა იმიტომ, რომ ერთი აფხაზი ქალის ოჯახის ისტორიის გადმოცემის საშუალებით გვიყვება ქართულ-აფხაზური ურთიერთობის თითქმის ყველა იმ ძირითად ეპიზოდს, რაც კი მეოცე საუკუნემ დაიტია — 1918 წელს ამიერკავკასიის სეიმის მიერ აფხაზეთში არეულობის ჩასახშობად გვარდიის გაგზავნა, 30-იანი წლების რეპრესიები, ქართული ენის თავსმოხვევა აფხაზი მოსახლეობისათვის — აფხაზურენოვანი სასკოლო სწავლების ნაცვლად ქართულენოვანი სკოლის შემოღება, 1978 წლის მოვლენები — აფხაზური ტელევიზიისა და უნივერსიტეტის მოთხოვნა და უარი თბილისიდან, ისტორიკოსთა დავა და ინგოროყვას თეორია… მაგრამ ავტორის გამბედაობა მხოლოდ ისტორიის გადმოცემაში კი არ ვლინდება, — თუმცა ესეც არ ჩანს პატარა საქმე იმის გათვალისწინებით, რამდენად ბუნდოვანი და ფრაგმენტული წარმოდგენებითაა მოცული ჩვენი კოლექტიური ცნობიერება საკითხის შესახებ, და რამდენად მცირეა მათი რიცხვი, ვინც ამ ისტორიის გარკვევას არანაციონალისტური პერსპექტივით ცდილობს — არამედ იმით, რომ გუნდა აკაბას მხატვრული სახითა და აფხაზთა ბედისა თუ უბედობის გადმოცემით მკითხველს ამ ერის მიმართ გარდაუვალ თანაგრძნობას განაცდევინებს.
აფხაზური უნივერსიტეტისა და ტელევიზიის გახსნის მოთხოვნას გუნდას ქართველი ქმარი ასე ეპასუხება: „კი მაგრამ, მაინც რატომ არ უნდა ჰქონდეთ აფხაზებს უნივერსიტეტი და ტელევიზია, არ მესმის! ვინ დაადგინა, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი უნივერსიტეტი უნდა არსებობდეს! თანაც ამ უნივერსიტეტის კონტინგენტის უმრავლესობა ხომ მეგრელები იქნებიან! განა ასგზის უკეთესი არ იქნებოდა, რომ ჩვენ შეგვეთავაზებინა აფხაზებისთვის ტელევიზიაცა და უნივერსიტეტიც! აფხაზებს ხომ სხვაგან არსადა აქვთ სამშობლო, ისინი ხომ საკუთარ მიწაზე ცხოვრობენ და ამ მიწის დაცვაში გაწყდნენ თურქებთან და რუსებთან ბრძოლაში!“
ამ აზრს აშკარად არ იზიარებს საკითხის განხილვაში ჩართული ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი. ავტორი აჩვენებს, რა თვალსაზრისები, რა განწყობები იყო გავრცელებული ამ დროისათვის ქართველებში, რითი აიხსნებოდა აფხაზებისათვის ნათქვამი უარი… მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ უარს არა უბრალოდ უფრო მცირერიცხოვანი ერისადმი ქედმაღლობით ხსნის, არამედ კონკრეტული მატერიალური პირობებით, გარკვეული წრეების მეშჩანური ინტერესებით.
ფრაგმენტში გადმოცემულია ქართველების მიმართ გუნდას განწყობების ცვლილება ათწლეულების განმავლობაში, აღწერილია, რა გავლენას ახდენდა მასზე ქართველების მიერ გამოვლენილი, ერთ შემთხვევაში, „მედიდური თუ არადჩამგდები“, და, მეორე შემთხვევაში, პატივისმცემელი დამოკიდებულება. თითქოს ავტორი ქართველთა ქცევის ორ გზას აჩვენებს, რომელთაგან ერთი წყენას და უნდობლობას, მეორე კი ურთიერთგაგებას და ურთიერთსიყვარულს იწვევს.
მწერალს მკაფიო პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მთელი ისტორიის მიმართ და არ ერიდება ქართველთა პოლიტიკის ღია კრიტიკას იქ, სადაც ის მცდარად ან დანაშაულებრივად მიაჩნია. „მის ირგვლივ ვახტანგის გარდა არავის ესმოდა, თუ არ სურდა გაეგო, რომ აფხაზები აფხაზები იყვნენ და არა ქართველები; რომ საკუთარ მიწაზე ცხოვრობდნენ და ქართველების დასაყვედრებელ-დასამადლებელი არაფერი ჰქონდათ, სულაც პირიქით. ქართველებს ერთხელ მაინც რომ გამოეთქვათ სინანაული, რომ მათმა პოლიტიკამ XVIII-XIX საუკუნეებში კავკასიაში რუსეთი გააბატონა ან აფხაზთა და ჩრდილოკავკასიელთა ამოწყვეტას შეუწყო ხელი, რომ რუსეთის იმპერიის დამხობის შემდეგ 1918-21 წლებში დამოუკიდებელმა საქართველომ თავისი ეკონომიკური პოლიტიკითა და სადამსჯელო სამხედრო ოპერაციებით აფხაზი ხალხი ლამის წელში გაწყვიტა და ქართველ-აფხაზთა სიახლოვე შეარყია, რომ სწორედ ქართველებმა გაავრცელეს მარქსიზმი და ვულგარული სოციალიზმი, რასაც მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა აფხაზეთის კონსერვატიული საზოგადოება, რომ ბერიამ განსაკუთრებული სისასტიკით ჩაატარა აფხაზეთში 37 წელი, ისედაც უკვე ერთი მუჭა ხალხი ლამის გაანახევრა, საკუთარ ენაზე სწავლა აუკრძალა და მეგრელეს დაუქვემდებარა… ო, ღმერთო! ერთხელ მაინც რომ გამოეთქვა ვინმეს ამ ყველაფრის გამო სინანული, აფხაზების კეთილი გული მაშინვე მოლბებოდა!“
მოთხრობაში, შეიძლება ითქვას, ქართულ-აფხაზური ურთიერთობის შესახებ გაჩენილ ყველა კითხვას თავისებური პასუხი აქვს გაცემული. ავტორი ამ პასუხებს გარკვევით და დაბეჯითებით აყალიბებს. შეიძლება არ დავეთანხმოთ ისტორიულ მოვლენათა ინტერპრეტაციაში, ზოგიერთ შეფასებაში, მაგრამ ერთი უნდა ითქვას: კრებულში ეს ერთადერთი ტექსტია, რომელიც ხმამაღლა საუბრობს აფხაზი ერის ცხოვრების და ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ისტორიაზე, კითხვებს სვამს და პასუხებს ეძებს, აფხაზების გაგებას ლამობს, წყენისა და უნდობლობის, ბრაზისა და გამოყოფის სურვილის მიზეზებს ხსნის და კრიტიკას ქართველების მიმართ იჩენს. ეს ერთადერთი მოთხრობაა, რომელიც თუმცა ერთ პერსონაჟს დასტრიალებს თავს, მისი ინდივიდუალური ბედისა და განცდების აღწერით კი არ შემოიფარგლება, არამედ შეგნებულად ცდილობს ფართო საზოგადოებრივი პროცესის წარმოჩენასა და ანალიზს.
გუნდა აკაბას მწერალი მგრძნობიარე, გონიერ, სამართლიან ქალად წარმოაჩენს. საინტერესოა, როგორ აფხაზს გამოსახავენ სხვა მწერლები?
აფხაზის მხატვრული სახე
გურამ ოდიშარია მოთხრობაში „ძმისშვილი“ ომის საშინელებების, მოწინააღმდეგის წამების და დამცირების ჯოჯოხეთური სურათების გვერდით კეთილშობილებისა და პატივისმცემელი მოპყრობის ამაღელვებელ ამბავს ჰყვება. მთავარი გმირი, ვალერი, პატარა აფხაზ ბიჭუნას გადაარჩენს. ომში გამოვლენილი ეს ადამიანობა ხდება საკმარისი ვალერსა და ბიჭუნას ოჯახის წევრებს შორის ძმური კავშირის შესაკრავად. აფხაზების ოჯახში აღმოჩენილ ქართველ მეომარს დიდი პატივით იღებენ და მკითხველს საშუალება აქვს, გაეცნოს აფხაზეთის სტუმარმასპინძლობის ადათს, რიგ საყოფაცხოვრებო ზნეს-ჩვეულებებს.
ვახტანგ კომახიძის მოთხრობაში „სიყვარულის და დახვრეტის ფრაგმენტები“ აფხაზის სხვაგვარი სახე იხატება. მოთხრობაში სამი თანაკლასელის ცხოვრების ეპიზოდებია გადმოცემული — ომამდე და ომის დროს. აფხაზი გოგონა სიყვარულით ქართველ ბიჭს შეიყვარებს, მაგრამ აფხაზ ბიჭზე გათხოვებას აიძულებს აფხაზური ნაციონალური განწყობები. ქართველი ბიჭი აქ ღირსებით სავსე, თავისუფლებისმოყვარე რომანტიკოსადაა გამოყვანილი, აფხაზი კი — ჯიუტ, ვიწრო ხედვების მქონე და მოვალეობას დამორჩილებულ ადამიანად. პირველი სიყვარულს არჩევს ყველაფერს, მეორეს კი სწამს, რომ საჭიროების შემთხვევაში მასზე უნდა ამაღლდე. მოკლედ, მოთხრობაში აფხაზი ბიჭის მხატვრული სახე დაუფარავად არის ქართული ნაციონალიზმის სამსხვერპლოზე მიტანილი. აფხაზი გოგონა კი გამოყვანილია ისეთ ქალად, რომელსაც არ უტოვებენ არჩევანის უფლებას. „მე, როგორც აფხაზ გოგოს, მიყვარხარ, მაგრამ აფხაზეთი მეწინააღმდეგება ამ სიყვარულში!“ — ეუბნება ის ქართველ ბიჭს. აქ დიდი ცდუნება ჩნდება, გოგონას სახე აფხაზეთის მიწასთან გაიგივდეს, მით უფრო, რომ მიწა მითოლოგიური სისტემებისგან ნამემკვიდრები სიმბოლიკის მიხედვით ლიტერატურულ ტრადიციაში ხშირად ყოფილა ქალის სახით გამოხატული, თანაც პატრიარქალურ საზოგადოებებში ქალის დაქვემდებარებული როლი მას მეტაფორულად ვიღაცის ხელში ჩასაგდებ ობიექტად აქცევს ხოლმე. მაგრამ გვინდა, ვიფიქროთ, რომ ავტორი თავისი მიზანდასახულობით ჩვენი დროისთვის უკვე ვულგარულად ქცეულ ამ ტროპულ მნიშვნელობებზე მაღლა დადგა და მოთხრობა მხოლოდ შემთხვევით აჩენს ამ ასოციაციას.
რეზო თაბუკაშვილის „გაცურვა“ ომის დროს აფხაზების ქართველებისადმი მოპყრობის შესახებ ყვება. ბევრი მათგანი ქართველებს იფარებდა, ეხმარებოდა და უეჭველი სიკვდილისგან იხსნიდა. მაგრამ მოთხრობაში გამოყვანილი აფხაზები მაშინაც, როცა ადამიანურად ეპყრობიან ქართველებს, სიძულვილს გრძნობენ მათ მიმართ — რიცხვით ინთებიან, მაგალითად, როცა შეფარებული ქართველი ქართულად მიმართავთ. ქართველების მიმართ სიძულვილის დონეს ნათლად ეს ფრაგმენტი გამოხატავს: „ბრძოლისას ტყვედ ჩავარდნილი დაჭრილი აფხაზი ბიჭები ქართულ სისხლს არ ისხამდნენ, ექიმებს არ ასხმევინებდნენ კათეტერიდან გადასარჩენად. სიკვდილი ერჩივნათ…“ ქართულ სისხლზე უარის ამბავი ბესო ხვედელიძის მოთხრობაშიც გაიელვებს. სისხლისთვის, სხეულისთვის ასეთი მნიშვნელობის მინიჭება უდიდესი სიღრმით გამოსახავს ნაციონალისტური განწყობების შემზარავ ხასიათს. მაგრამ არც პერსონაჟები და არც მწერლები არ ცდილობენ, ახსნა მოუძებნონ სიძულვილის ამ შემაძრწუნებელ ხარისხს და მკითხველს უტოვებენ საშუალებას, იფიქროს, მაგალითად, რომ ეს პრეისტორიული, რაღაც ველური, უსაფუძვლო ჯიბრი და სიძულვილია.
აფხაზის გამორჩეული სახეს ვხვდებით კობა ცხაკაიას მოთხრობაში „ფედერიკო. სიცარიელე და ზენა“. აქ გროტესკულადაა დახატული უკვე შუა ასაკს გადამცდარი აფხაზი სნაიპერის ცხოვრება, ფიქრთა დენა, სიდებილემდე მისული სისასტიკე, სულში უჩუმრად შეპარული და დასადგურებული ფორიაქი — აფხაზ სნაიპერს ეგზისტენციალური კრიზისი უდგას. „არც მართალი ხარ, არც ბედნიერი და არც ცხოვრობ! სიცარიელეში ყოფილხარ გამოკიდებული,“ — ეუბნება ერთგვარი სინდისის ხმა. მოთხრობა პარლამენტარად გადაქცეული ყოფილი სნაიპერის ყოფის აღწერას მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე აქცენტირებით ცდილობს. ავტორი თავისი დეჰუმანიზებული პერსონაჟის მიმართ შეუბრალებლობას იჩენს და იჩენს არა იმით, რომ დასცინის და არარაობად წოდებისათვის იმეტებს, არამედ იმიტომ, რომ მის სისასტიკეს, მის ნამოქმედარს, მის მიერ გადახდილ ბრძოლას მიზეზს არ უძებნის, ომში მოწინააღმდეგეთა დახოცვას უსაფუძვლო და უგუნურ ბოროტმოქმედებად წარმოადგენს — ბოროტმოქმედებად, რომლის ერთადერთი ფესვი ცარიელი, აბსოლუტური, სუბსტანციის მქონე ბოროტებაა და სხვა არაფერი.
მაგრამ მოთხრობების კრებულში გვხვდებიან ისეთი აფხაზებიც, რომელთა მიმართაც აშკარა კეთილგანწყობას განიცდიან ავტორები.
ნინო გუგეშაშვილის „ორი კენჭი ანუ აქ იყო ჩაკ ბერი“ დასავლურ მუსიკაზე შეყვარებული ყმაწვილების მეგობრობაზე მოგვითხრობს. მთავარი გმირი, აფხაზი ბიჭი ფარნა, სრულიად არის ომისგან გაუცხოებული. მას მხოლოდ მუსიკის სწამს, მხოლოდ მუსიკას ერთგულებს. ის არ ცნობს არც ქართულ, არც აფხაზურ ეროვნულ მოძრაობებს, უარს ამბობს რომელიმე მხარის არჩევაზე, რადგანაც აფხაზს ქართველისგან არ ასხავავებს:
„— ავტომატით, ვის წინააღმდეგ?
— ქართველების წინააღმდეგ.
— როგორ? მე თვითონ ვარ ქართველი. მე — ჩემ წინააღმდეგ?
— შენ აფხაზი ხარ.
— მერე ეგ ერთი და იგივე არ არის?“
მოგვიანებით უკვე ევროპაში ემიგრირებული ფარნა მომხდარის გამო მთელ პასუხისმგებლობას აფხაზებს აკისრებს: „მთელი მსოფლიო იხსნება და ამ დროს, ამ მტკაველ მიწაზე — „შენ აფხაზი ხარ“, „შენ ქართველი ხარ“, „ამ ხიდზე არ გადმოხვიდე“, „იმ ბუჩქს არ გადმოსცდე“ — ჩვენ თვითონ ვიკეტებით, თვითონ ვიქცევთ თავს იზოლაციაში და რეგრესში, მეტი სისულელე შეიძლება?“ თავი დავანებოთ იმას, რომ ფარნას წარმოდგენაში „მთელი მსოფლიო“ მხოლოდ დასავლეთ ევროპას გულისხმობს, და აღვნიშნოთ მხოლოდ ის, რომ ამ მოთხრობის მთავარი გმირი, აფხაზი ახალგაზრდა ბრალს სდებს აფხაზ ხალხს. მწერლისთვის ასეთი აფხაზია მისაღები, მართალი, კეთილგანწყობისა და თანაგრძნობის ღირსი.
აფხაზისა და ქართველის იგივეობაზეა საუაბრი მაკა მიქელაძის მოთხრობა „სურათშიც“. აფხაზ ახალგაზრდას ქართველი თანაკურსელის ბებია ეუბნება:
„— ზურა, ყმაწვილო! რამ გაყო ქართველი და აფხაზი? — შემოგვიწყრა თამუსია, — შალვაა აგერ და გურული ბრძანდება, ჩემი დათუნა იმერია, ირაკლი — მეგრელი. ქართველები ვართ, ბები.
— მე აფხაზი ვარ, სუფთა სისხლით, — რუსული სკოლა, რუსული სახელმძღვანელოები თავისას შვება, — ჩანჩიბაიაა ჩემი გვარი.
— მეც მაგას გიმტკიცებ, შენ რომ ჩანჩიბაია ხარ და მე — ახალაია […].
— რა გესმის, აფხაზი ვარ, აფხაზი! — ყელის ძარღვები დაეჭიმა ზურას […]“.
როგორც ვხედავთ, მოთხრობაში რუსულ — უნდა ვიგულისხმოთ კი საბჭოთა — საგანმანათლებლო პოლიტიკას ბრალდება იმ აზრის არსებობა, რომ აფხაზები ცალკე ერს წარმოადგენს. აფხაზთა ეროვნული თვითშეგნება გამონაგონად, თავსმოხვეულადაა წარმოჩენილი, აფხაზეთის საქართველოს კუთხეებსაა გათანაბრებული და აფხაზიც სწორედ ერთი ასეთი კუთხის შვილადაა წარმოდგენილი. ქართველები აფხაზურ ეროვნულ გრძნობას მეგობრული, თბილი მაგრამ დამრიგებლური შეხუმრებით ხვდებიან. მომდევნო ეპიზოდში კი თავს იჩენს ქართველების უკმაყოფილება, უსამართლობის განცდა აფხაზებისთვის საუნივერსიტეტო ლიმიტის არსებობის გამო:
„— ამ ჭკუით როგორ ჩააბარე სამედიცინოზე? — არ ასვენებს ირაკლის აჩბა.
— ჩავაწყვე. აბა, მე საწყალ ქართველს, ლიმიტს ვინ მომაშავებდა? ლიმიტი ბობოლა აფხაზებისთვისაა გამოგონილი, — არ ჩამორჩა ძმაკაცი, — გვიცვალეს გვარები, ვიცვალეთ… ძალა აღმართს ხნავს, — მოულოდნელად დასერიოზულდა ირაკლი, მაგრამ, მხოლოდ დროებით, — გამომეცვალა გვარი აფხაზურზე და დამსვავდნენ უგამოცდოდ შენსავით!“
მაკა მიქელაძის ამ მოთხრობაში აფხაზთა ეროვნული საკითხისადმი არასერიოზული, ირონიული დამოკიდებულება კიდევ ერთხელ იჩენს თავს:
„ინსტიტუტი რომ დავამთავრეთ, აფხაზეთში გამანაწილეს სამუშაოდ. ბებიამ გაიხარა, აი, აჩბა კი ფეხზე აღარ იდგა ბედნიერებით.
— […] ახლა ორი აფხაზი ვართ, ორი — ქართველი.
[…]
— აბა, რა. ზაფხულში ორივე აფხაზი გავხდებით, თბილისში რომ ჩავალთ, ქართველები, — ვიხუმრე“.
ამ ეპიზოდში აფხაზთა ეროვნული გრძნობა განეიტრალებული, აბუჩად აგდებულია იმით, რომ თვით აფხაზი პერსონაჟიც კი ეროვნებას მხოლოდ გეოგრაფიული ფარგლების ატრიბუტად წარმოაჩენს — ქართველ მეგობარს აფხაზად რაცხავს მხოლოდ იმიტომ, რომ აფხაზეთში გადადის სამუშაოდ.
მოთხრობა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტის საქართველოში გადმოსვენებით იწყება. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პარალელურად ის 1924 წლის აჯანყებაზეც მოგვითხრობს — ეს ორი ისტორიული მოვლენა ქართული ეროვნული მოძრაობის ცალკეულ, ერთმანეთისგან დროში დაშორებულ, მაგრამ ერთი იდეით გაერთიანებულ ეპიზოდებადაა თითქოს წარმოჩენილი. პერსონაჟები სერიოზულად არ უყურებენ აფხაზთა ეროვნულ გრძნობებს და ამ დროს უმაღლეს ღირებულებად ქართულ ნაციონალურ იდეებს მიიჩნევენ.
ომის წინააღმდეგობა და მისდამი გაუცხოება
მსოფლიო ლიტერატურაში ომისადმი გაუცხოების თემა, ის იდეოლოგიური თუ პირადი წინააღმდეგობები რაც ომში მონაწილეობას უკავშირდება, მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი. ომის სისასტიკე ადამიანებს ხშირად არათუ აეჭვებს ომის მიზნებში, არამედ სრულად უკარგავს ცხოვრების აზრს. ეს განსაკუთრებით ერთ სახელმწიფოში დაპირისპირებულ მხარეებს შეიძლება მიესადაგოს.
ბესო სოლომანაშვილის მოთხრობაში „შუადღიდან შუადღემდე 24 საათია“ ასეთი აფხაზი კაცის სახეა დახატული — ღირსეულს, პატივსაცემს, მას არცერთი მხარე არ აურჩევია, არც ერთ მხარეს არ იბრძვის, მაგრამ რაღაც საიდუმლო მნიშვნელოვანი მისიით მოქმედებს ომში. ამ კაცს დიდი გავლენა და ავტორიტეტი აქვს და უეჭველ მოწიწებას იწვევს მკითხველშიც. რა თქმა უნდა, ომში მხარის აურჩევლობას აქვს თავისი მიზეზი — ორი ერის მრავალწლიანი თანაცხოვრების შედეგად ღრმა და მყარი პირადი ურთიერთობები ჩამოყალიბდა. ქართველები და აფხაზები ერთად ქმნიდნენ ოჯახებს, ერთმანეთს უნათესავდებოდნენ, ემეგობრებოდნენ. ეს ახლობლობა იყო კიდეც ომის მთავარი წინააღმდეგობა, რამაც არაერთ მოთხრობაში იჩინა თავი. ომი აბსურდული განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როცა მტრის რიგებში შენი მეგობარი ან ნათესავი გეგულება.
თეონა დოლენჯაშვილის მოთხრობაში „გზაზე“ აფხაზეთიდან გამოქცევის შემზარავი სცენა იხატება. „ახლა ეს სიგიჟე დაწყნარდეს, ომი დამთავრდეს და მერე აუცილებლად უკან დაბრუნდებით,“ — ამშვიდებენ ქართველების წინააღმდეგ მებრძოლი აფხაზი ნათესავები მცირე ხნით თავისთან შეფარებულ ქართულ ოჯახს.
რეზო თაბუკაშვილის მოთხრობაში „გაცურვა“ აფხაზეთში მცხოვრები ერთი ისეთი ქართველიც გვხვდება, რომელიც უარს ამბობს ომში მონაწილეობაზე: „არაფერი დაუშავებიათ ჩემთვის აფხაზებს, მათი სისხლი რომ დავღვაროო“.
დათო ქარდავას „ქვრივი ქალის მუცელშიც“ გვხვდება ომის მიმართ წინააღმდეგობა: „— საიდან იცი, რომ სამშობლომ დაგიძახა! — ყვიროდა მასწავლებელი, — საერთოდ თუ გაქვს სმენა, სამშობლოს ხმა რომ გაიგო! […] სამშობლოს ხმა რომ გაიგო, ყურები არ კმარა, ყურები ზღარბსაც აქვს! სამშობლოს ხმა რომ გაიგო, გული უნდა გქონდეს! ბევრი რომ ხართ და ძალიან ხმამაღლა რომ ყვირით, ეგ არაფერს ნიშნავს. სამშობლო სულ სხვა ხმაზე ეძახის თავის შვილებს…“ თუმცა ომში ჩართვის მიმართ წინააღმდეგობა აქ ისეთი ირაციონალურია, როგორც გაკრიტიკებული მოტივაცია.
ირმა მალაციძის მოთხრობაში „გუნდა“ ქართველი მეომრები აფხაზ ქალს გადაეყრებიან, რომელიც თავის დაკარგულ ძაღლს დაეძებს. მასთან შეხვედრა ჯარისკაცს უმძაფრებს ომისგან გაუცხოების, ომის უაზრობის განცდას:
„გიგა შეშლილივით ურტყამდა ავტომატის კონდახს კედელზე.
—აღარაფერში მჭირდება! — შლეგიანივით ყვიროდა.
— არ მჭირება! ვის ვესროლო? შენ? — გუნდას მიუბრუნდა. — თუ შენს ქმარს ვესროლო, ა? მერე თქვენი დასაბადებელი შვილები? ამის დედაც!“
გუნდას სამშვიდობოზე გაყვანას აფხაზური მხარე 40 ქართველი ტყვის გათავისუფლებით პასუხობს. მისი ქმარი, აფხაზური რაზმის მეთაური, მადლობის წერილს ატანს ერთ მათგანს. მიუხედავად მრავალი სასტიკი ისტორიის გადმოცემისა, კრებულში თავმოყრილი მოთხრობები ასეთ ამბებზეც მოგვითხრობს — ომში გამოჩენილი ადამიანობის შედეგად მტრებს შორის გაჩენილ ურთიერპატივისცემაზე.
მარინა ელბაქიძის მოთხრობა „გაცვლა“ ომში ტყვედ ჩავარდნილი შვილის საძებნელად წასული მსახიობის, გოგის მოგზაურობაზე მოგვითხრობს. მსახიობი ბევრ საკითხში ავლენს გაურკვევლობას, მიმდინარე ომის მიზეზების შესახებ საერთოდ უსისტემო წარმოდგენა აქვს და სწორედ ამიტომ მოთხრობაში ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა საცნაურდება. გოგი ქართული საზოგადოების იმ ნაწილს განასახიერებს, რომელიც მოწყვეტილი იყო მიმდინარე პროცესებისგან: „აეროპორტში გაიფიქრა [გოგიმ], რომ თვითონ აქამდე იმ ფილმში მონაწილეობდა, თბილისი რომ ჰქვია, მეორე ფილმი — ომი და აფხაზეთი, თავისით თუ არ შერგავდა თავს, ომის შესახებ ფილმზე ბილეთს თუ არ აიღებდა, სულ არ ეხებოდა!“ და იქვე: „— ამათი დედა!.. თითქოს ომი კი არა, ქორწილია მთელ ქვეყანაში, — თქვა რომელიღაც ავტომატიანმა. — ამათთვის ომი მარტო ტელევიზორშია, ჩვენი ბიჭები კი იხოცებიან.“
როცა გოგი ჰოსპიტალში დაჭრილ აფხაზ მეომარს გადაეყრება და იმედი გაუჩნდება, რომ მას ტყვედ ჩავარდნილ შვილში გაუცვლიან, ახსენდება, რომ ბევრი არაფერი იცის აფხაზებზე — მხოლოდ ინალ-იფა ახსენდება აკაკი წერეთლი „გამზრდელიდან“. სხვაგან კი ვკითხულობთ: „ხანდახან მიაგინებდა აფხაზებს, წინაპრების მიწას რომ ართმევდნენ და მორჩა! თუმცა ბოლომდე ვერ ხვდებოდა, ვინ ვის და რას ართმევდა“. ამ ეპიზოდიდან მართლაც ნათლად ჩანს, რამდენად უმეცარია მსახიობი აფხაზთა ვინაობის საკითხში. მას აფხაზეთი მხოლოდ თავისი, მაგრამ არა — აფხაზთა წინაპრების მიწად მიაჩნია.
ომის შეფასება
როგორც ითქვა, ომის კონკრეტული წინაპირობებისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ომამდელი მდგომარეობის შესახებ მოთხრობების უმრავლესობა არაფერს ამბობს. მაგრამ შეგვიძლია გარკვეული ტენდენციების შემჩნევა მისი შეფასებისას, მისი ზოგადი ინტერპრეტაციისას. ტექსტების ნაწილში, შეიძლება ითქვას, ეს ლოკალური კონფლიქტი მასშტაბური ცვლილებების გამოძახილად, გლობალური გარდაქმნების ერთ ნატეხად არის გაგებული.
ირაკლი სამსონაძის „ყურთბალიშში“, ომი, როგორც წინათაც ითქვა, რუსეთის მზაკვრული ჩანაფიქრის შედეგადაა მიჩნეული — „რუსმა გაგვიჩალიჩა ეს ომი და რუსმა დაგვამარცხა“. თხრობა მთავარი გმირისა და მისი ნათესავების ომამდელ და ომის შემდგომ ცხოვრებაზე ასე სრულდება: „ძალიან პოლიტიზებულ დროში მომიწია ცხოვრება. მსოფლიო მასშტაბების ძვრები ხდება. მე, პატარა ქვეყნის უბადრუკ შვილს მაინტერესებს, გადარჩება ჩემი ქვეყანა ამ ორომტრიალს თუ არა“. აქედან ჩანს, რომ აფხაზეთში გადახდილი ომიც, დამოუკიდებელი საქართველოს მთელ პრობლემებთან ერთად, მასშტაბური გლობალური ცვლილებების ერთ ფრაგმენტადაა გაგებული.
აფხაზეთის კონფლიქტს გლობალურ კონტექსტში ათავსებს ვახტანგ კომახიძეც მოთხრობაში „სიყვარულის და დახვრეტის ფრაგმენტები“: „იმის მიუხედავად, რომ ტყვეთა ბანაკის მებადრაგეებიც და ტყვეებიც ერთი ქვეყნის შვილები იყვნენ , სამოქალაქო ომის განცდა არავის ჰქონდა. კონტინენტის ამ მცირე ნაგლეჯზე, ერთი მხრივ, სამხედრო-პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური დაპირისპირება მიმდინარეობდა, მეორე მხრივ კი ქვეყანა ნაწილებად იშლებოდა“.
მაგრამ მათგან არცერთ მოთხრობაში არ გვხვდება მცდელობა იმისა, რომ აიხსნას ეს „გეოპოლიტიკური დაპირისპირება“, მისი ხასიათი, სპეციფიკური თვისებები. ერთ შემთხვევაში პერსონაჟი და მეორე შემთხვევაში ავტორი მხოლოდ შთაბეჭდილებებით მსჯელობენ… რუსეთის გავლენაზე ირიბად საუბრობენ სხვა ავტორებიც, როცა ქართველების წინააღმდეგ მებრძოლ სხვადასხვა კავკასიელ და კაზაკ მეომრებს ახსენებენ.
ბექა ქურხულის პერსონაჟი, სასოწარკვეთილი, სახლ-კარ და ახლობელდაკარგული, იმის მერე რაც შურს იძიებს აფხაზებზე, დაეჭვდება თავისი მოქმედების სისწორეში, ბოლოს კი ამბობს: „მტრები იყვნენ მაგენი, მაგათ დაგვხოცეს და გადაგვწვეს, მაგათ დაამარცხებიეს რუსებს ჩვენი თავი…“
ნინო გუგეშაშვილი მოთხრობაში „ორი კენჭი ანუ აქ იყო ჩაკ ბერი“ ომის მიმართ განწყობებს ასე ახასიათებს: „ზოგისთვის თვითგამორკვევა იყო, ზოგისთვის სისულელე და ზოგისთვის სამგლე გოჭივით ატეხილი ქვეყანა“.
როგორც ვხედავთ, ომის შესახებ თანმიმდევრულ და ფართო განხილვას ტექსტებში არ ვხვდებით.
კრებულში თავმოყრილი მოთხრობები მრავალ ისტორიას მოგვითხრობს ომზეც და ომის შემდეგ გაგრძელებულ ცხოვრებაზეც, ჩვენ აქ მხოლოდ იმათ შევეხეთ, რომლებშიც აღმოვაჩინეთ აფხაზების, ქართულ-აფხაზური ომის წარმოშობის, მისი თავისებურებების, არსისა და შედეგების შესახებ დამოკიდებულებების კვალი და არ განვიხილეთ ისინი, რომლებიც ომის ფსიქოლოგიურ შედეგებს უღრმავდება — თუმცა კი ზოგიერთი ასეთი მოთხრობა დიდი ოსტატობითაა დაწერილი და მეტად საინტერესო საკითხავია. როგორც თავში ითქვა, ჩვენთვის ეს ტექსტები საინტერესო იყო იმდენად, რამდენადაც ისინი ქმნის და ინახავს ცოდნას, წარმოდგენას ჩვენი უახლესი ისტორიის ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის შესახებ.
კრებულში შესული ტექსტები საკმაოდ მკაფიოდ აირეკლავს ქართული საზოგადოების კოლექტიურ წარმოდგენაში არსებულ დამოკიდებულებებს კონფლიქტის შესახებ და მეტად სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ასეთივე დაშრეტილია ისტორიის ცოდნისგან, ფართოდ მსჯელობისა და ანალიზის მზაობისგან. ავტორებს ომში აღმოჩენილი, ომგამოვლილი, ომში ახლობლებდაკარგული ინდივიდის ფიქრები და ინდივიდუალური სულიერი გამოცდილება აინტერესებთ და რატომღაც ეს ინდივიდები ყოველთვის გამოირჩევიან მაძიებლური იმპულსის უქონლობით. პერსონაჟებს არ შესწევთ ძალა და არ ეტყობათ სურვილი, რომ მოვლენის ანალიზს მიჰყონ ხელი.
ვფიქრობთ, ამ ზოგადი მიზანდასახულობის კარგი ფორმულირება რამდენიმე მოთხრობაშივეა მოცემული: ნანა აკობაძე მოთხრობაში „ციცინათელას“ მთავარი გმირი (მოთხრობა ავტორის გამოცდილებას ეფუძნება) უცხოელი რეპორტიორისგან მიღებულ წერილში კითხულობს: „საუკეთესო გამოსავალია: დაწერო შენი თავგადასავალი და აქციო ის ამბად. როგორც კი ამბად იქცევა, ის სხვებისაც გახდება და შენ აღარ შეგჭამს“. შორენა ლაბაძე კი თავის მოთხრობას „მანანა ანუა, ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“ ასრულებს ასეთი მსჯელობით: „ადრე ვფიქრობდი, რომ ომს, ზოგადად, შინაარსი არ აქვს. […] მერე კი უეცრად აღმოაჩენ, რომ […] ამბის გმირი ხარ, მთავარი პერსონაჟი და რომელიღაც გადამწყვეტ წუთს დაწყებული შენი ისტორია — უამრავი ფათერაკით აღსავსე შემაძრწუნებელი თავგადასავალი — ომის ისტორიაა და პირიქით“.
კრებულის მკითხველი ადვილად შეამჩნევს, რომ ავტორთა უმრავლესობა სწორედ ასე უდგება თავის საქმეს — ემოციებისგან იცლება, თავის ან სხვას გადამხდარ ამბავს ყვება და თუ ეს ამბავი გამონაგონია, მაინც მისი ინდივიდუალისტური ხასიათი მხოლოდ ომის შთაბეჭდილებას გამოხატავს, მაგრამ მეტს — არაფერს. ჩვენ რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ შთაბეჭდილება, ინდივიდუალური გამოცდილება ნაკლებად ღირებულია ლიტერატურისთვის, მაგრამ როცა ის ერთადერთი ელემენტია მხატვრული ტექსტისა, და როცა ის მთავარი საერთო მახასიათებელია ამდენი ავტორის შემოქმედებისთვის, ეს უთუოდ რაღაც მნიშვნელოვან ნაკლოვანებაზე მიუთითებს.
წიგნში გაერთიანებული მოთხრობები გვაფიქრებინებს, რომ მათ ავტორებს უფრო მეტად ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და გარემოებების მიერ მასზე დატოვებული შთაბეჭდილება იზიდავთ, მაგრამ არა — მოვლენის ზოგადი მსვლელობა, საზოგადოებრივი ცხოვრების კურსი და წინააღმდეგობები, ფაქტების ისტორიული კონტექსტი.
მარიკა ტყეშელაშვილი
ფილოლოგი, “კავკასიური სახლის” პროექტის ხელმძღვანელი