დაღესტანში, აგვისტოსდან ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც საქართველოსთან შემაერთებელი 83-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. გზის გაყოლებაზე აშენდება 25 ხიდი და 5 გვირაბი. აღნიშნული ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია. პროექტი დაახლოებით 30 მილიარდი რუბლი ჯდება.[1] ამ პროექტს რადიკალურად განსხვავებული შეფასებები მოყვა ქართველი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მხრიდან. მათი ნაწილი ხაზს უსვამს იმ საფრთხეებს, რაც, შეიძლება, აღნიშნული პროექტის ხორცშესხმას ახლდეს თან, ხოლო სხვები ყურადღებას ამახვილებენ იმ სარგებელზე, რასაც ახალი გზის გაყვანის შემთხვევაში მიიღებს საქართველო. ახალი გზის პროექტი, რომელიც თავის მხრივ ძველი გზის რეაბილიტაციის გეგმაა, თავისთავად არც საფრთხეს წარმოადგენს და არც სარგებლის გარანტიაა. საქმე ისაა, რომ მთავარია, როგორ მოხდება მოცემული გზის გამოყენება: რამდენად შეუწყობს ხელს რეგიონში ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ან რამდენად იქნება გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის. სწორედ ამიტომ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილე მართებს – საჭიროა მოცემული საკითხის სიღრმისეული შესწავლა და პროექტის საჭიროების შეფასება.
კონტექსტი და ქართული მხარის შეფასებები
დღევანდელი მდგომარეობით კავკასიის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს სულ ოთხი გზა აკავშირებს. ამ ოთხი გზიდან მხოლოდ ერთი კვეთს აზერბაიჯანისა და დაღესტნის საზღვარს, ხოლო დანარჩენი სამი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე გადის. თუმცა აღსანიშნავია ორი გარემოება. პირველი ის, რომ ორი გზა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს აკავშირებს ჩრდილოეთ კავკასიასთან, რის გამოც მათი გამოყენება საერთაშორისო ტვირთბრუნვისა და ტრანსპორტირებისთვის შეზღუდულია. ხოლო მეორე ის, რომ ერთადერთი მოქმედი გზა, რომელიც ჩრდილოეთსა და სამხრეთს ერთმანეთთან აკავშირებს არის საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც დარიალის ხეობითა და ლარსის გამშვები პუნქტით უკავშირდება ჩრდილოეთ ოსეთს. თუმცა ბუნებრივი პირობების გამო ეს გზა, როგორც წესი, წელიწადში სამი-ოთხი თვის განმავლობაში იკეტება, რაც შესაბამისად, აფერხებს საქონლისა და მოსახლეობის მიმოსვლას. ამ ფონზე, კიდევ უფრო იზრდება ავარეთ-კახეთის გზის პროექტის მნიშვნელობა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეტნაკლებად განსხვავებული შეფასებები გააკეთეს რუსეთის მიერ გზის მშენებლობის წამოწყებასთან დაკავშირებით. მართალია, დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, მაგრამ როგორც აცხადებენ, კონკრეტული გადაწყვეტილება, დაიწყება თუ არა გზის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა, მიღებული არ არის. მეტიც, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ოფიციალურად, რუსეთთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები არ ყოფილა: არც არანაირი ინციატივით არ მოუმართავთ, არც პროექტი წარმოუდგენიათ. მეორე მხრივ, საეჭვოდ გამოიყურება ის ფაქტი, რომ ქართულ მხარესთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე მოსკოვმა ამ მრავალმილიონიანი პროექტის მშენებლობა თვითნებურად წამოიწყო, რადგან გზის ქართული ნაწილის გაყვანის გარეშე მნიშვნელობა ეკარგება მთელ პროექტს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია, მიიჩნევს, რომ ახალი გზის პროექტი გარკვეულ საფრთხეს შეიცავს და კითხვებს ბადებს. ასევე საფრთხეებზე საუბრობს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ივლიანე ხაინდრავა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს არა ხისტ ძალასა და ტანკებზე, არამედ რბილ ძალასა და ტერორიზმის შესაძლო გადმოდინებაზე დაღესტნის რესპუბლიკიდან: „რისკები არსებობს, გამოწვევები, საფრთხეები და ეს არ არის აუცილებლად ტანკებთან დაკავშირებული. შეიძლება ტერორისტმაც, რადიკალმაც იმოძრაოს, შეიძლება მოხდეს იდეოლოგიების ექსპორტი, რაც არანაკლებ სახიფათოა და თეორიულად შეიძლება მივიღოთ მეორე პანკისის ხეობის ვითარება. ეს საფრთხეები შეფასდება სათანადოდ და შესაბამისად მიიღწევა გადაწყვეტილება… მაგრამ იმ ვითარებაში, როცა ორი სამხედრო ბაზაა, როცა როკის გვირაბს აკონტროლებს რუსეთი, ნუ ვიტყვით, რომ ის გზაა სწორედ მომაკვდინებელი საფრთხის მატარებელი“. [2]
განსხვავებული შეფასებები გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი შეფასებით, არ იქნება ცუდი თუ ლარსის გამშვებ პუნქტს, სადაც პრობლემები ხშირად იქმნება, ალტერნატივა ექნება, რადგან ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც უფრო მეტი გზა იარსებებს, უკეთესი იქნება. აღსანიშნავია, რომ ავარეთ-კახეთის გზის დადებითი შეფასებები ექსკლუზიურად ეკონომიკურ ხასიათს ატარებს. ამ მიდგომას, ერთი შეხედვით, ამტკიცებს ის ფაქტი, რომ გზის რეაბილიტაციის პროექტის ლობირებას დაღესტნის ადგილობრივი ხელისუფლება ახდენდა, რომელიც, თავის მხრივ, არგუმენტად სწორედ ორმხრივ ეკონომიკურ სარგებელს ასახელებდა. თუმცა ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ავარეთ-კახეთის გზის აღდგენაში რუსეთის ინტერესები ჯერ კიდევ 2008 წელს გამოიკვეთა.
2008 წლის აგვისტოს ომამდე დაახლოებით ექვსი თვით ადრე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაღესტნის მთიანეთში არსებულ სამხედრო ბაზას ესტუმრა. პუტინს აინტერესებდა, რამდენად შეძლებდა სამხედრო აღჭურვილობა ამ მიმართულებით მოძრაობას და სამხედროებმაც დაარწმუნეს, რომ დაღესტნის მხრიდან საქართველოს მიმართულებით მძიმე ტექნიკა, მათ შორის, ტანკებიც უპრობლემოდ გაივლიდა. [3] მიუხედავად პუტინის დიდი ინტერესისა, მაშინ დაღესტნის მთიანეთში არსებული ბოტლიხის სამხედრო ბაზა ადგილობრივ მაცხოვრებლებთან არსებული კონფლიქტის გამო დაიხურა. შემდეგ კი გზის მშენებლობის ინიციატივით, ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით, დაღესტნის მხარე გამოვიდა: რამაზან აბდულატიპოვის მტკიცებით, ინტერესი საქართველოს მხარესაც აქვს. თუმცა რეალურად საქმე არ ეხება მხოლოდ ეკონომიკას და მოცემული პროექტის განხილვისას აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს უსაფრთხოების საკითხები.
საფრთხეები
როდესაც საუბარია ავარო-კახეთის გზასთან ასოცირებულ საფრთხეებზე, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მოცემული გზის რუსეთის მიერ სამხედრო-სტრატეგიული მიზნებისთვის გამოყენება. გარდა ამისა, აღსანიშნავია ტერორიზმის დაღესტნის რესპუბლიკიდან საქართველოში გადმოდინების საფრთხეც. მაგალითად, თუ მოვლენები არასახარბიელო სცენარით განვითარდება, შესაძლებელია, კახეთში პანკისის მსგავსი მეორე წარმონაქმნის მიღება, რაც, თავის მხრივ, ორი ფაქტორის გამო არის პრობლემური. პირველი ის, რომ ისლამური სახელმწიფოს გაძლიერების ფონზე, რადიკალური ისლამიზმი წარმოადგენს გამოწვევას არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი თანამედროვე სამყაროსთვის. მეორე კი ის, რომ არავინ იცის როგორ ეცდება რუსეთი მსგავსი წარმონაქმნის თავის სასარგებლოდ გამოყენებას. მაგალითისთვის საკმარისია სულ ათიოდე წლისწინანდელი პანკისის კრიზისის გახსენება.
რადიკალური ისლამიზმთან დაკავშირებული საფრთხე კიდევ უფრო ყურადსაღებია იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში ხდება, განსაკუთრებით, ჩეჩნეთის მეორე ომის დასრულების შემდგომ. საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც რამზან კადიროვმა უპრეცენდენტო სიმკაცრით დაიწყო ბრძოლა კავკასიური ემირატის წინააღმდეგ, ისლამისტური ჯგუფების დიდი ნაწილი დაღესტანში გადავიდა. [4] ამ ფონზე, აღსანიშნავია, რომ დაღესტანში მოქმედმა ზოგიერთმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ უკვე გამოავლინა უარყოფითი დამოკიდებულება ამ გზის მშენებლობასთან დაკავშირებით. 26 სექტემბერს ხუთი დაღესტნელი მეამბოხე დაღესტნის შამილის რაიონში ავარო-კახეთის გზაზე მომუშავე პერსონალს დაესხა თავს. მათი თქმით, ეს გზა რუსეთს მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის ჭირდება და არ დაუშვებენ რომ ის ეკონომიკური მოტივით აშენებას. [5]
რა მიზნებსაც უნდა ემსახურებოდეს დაღესტნის გავლით რუსეთის საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა, ის სტრატეგიულად მნიშნველოვანია და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთს მეტ შესაძლებლობას მისცემს. [6] მართალია, ზოგიერთი პოლიტიკოსის მოსაზრებით, ეს გზა არსებითად არაფერს შეცვლის, რადგან თავად რუსეთის არსებობა არის საქართველოსთვის საფრთხისშემცველი [7], მაგრამ არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ ეს გზა შეასუსტებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას რუსეთის წინააღმდეგ. საქმე ის არის, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიზანს არ წარმოადგენს რუსეთის დამარცხება სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, რადგან მსგავსი მიზანი უბრალოდ რეალობას იქნებოდა აცდენილი. ამის ნაცვლად, საქართველოს არმიის მზიანია, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეაკავოს რუსული ჯარის შეტევა, თუ ასეთი რამ მოხდება. შეკავების მიზანი კი გახლავთ ის, რომ ამ პერიოდში უნდა მოხერხდეს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და მათი მხრიდან რაიმე ქმედითი ზომების მიღება, რათა შეწყდეს მსგავსი ჰიპოთეტური კონფლიქტი. ამ დაშვებიდან გამომდინარე, რაც უფრო მეტი სახმელეთო დამაკავშირებელი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის, მით უფრო მეტ ნაწილად მოუწევს საქართველოს საკუთარი სამხედრო შენაერთების დანაწევრება, რათა ყველა მხრიდან მოხდეს მტრის შეკავება. საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე ეს ძალიან რთული ამოცანა იქნება. [8]
აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთს შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო განაყოფის განკარგულებაში, რომელიც ფარავს კავკასიასა (როგორც ჩრდილოეთს ისე სამხრეთს) და რუსეთის სამხრეთ ნაწილს, არაერთი სამხედრო ბაზაა ჩრდილოეთ კავკასიაში, რასაც ემატება სომხეთში გიუმრის სამხედრო ბაზა და კონტინგენტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. შესაბამისად, რუსეთისთვის სწრაფი და იმავდროულად მრავალმხრივი შეტევა საქართველოს წინააღმდეგ ავარეთ-კახეთის გზის გარეშეც კი არ წარმოადგენს ტექნიკურ პრობლემას. უფრო დეტალურად რუსეთის ბაზების შესახებ იხილეთ სურათი ქვემოთ. [9]
სურათი 1: რუსეთის სამხრეთის სამხედრო განაყოფი და მისი სახმელეთო და საჰაერო ბაზები
წყარო: სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი (IISS) http://www.iiss.org/-/media/Images/Military%20Balance%20Blog/March%202014/Southern%20military%20region%20Russia%202014.jpg
მოცემული ლოგიკით, ერთადერთი საკითხი რჩება გაურკვეველი – გამოიყენებს თუ არა რუსეთი ავარეთ-კახეთის გზას სამხედრო მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მსჯელობა ამ საკითხზე უბრალოდ სპეკულაცია იქნება, თუმცა ის ფაქტი, რომ სულ რამდენიმე წლის წინ საქართველოს ომი ჰქონდა ჩრდილოელ მეზობელთან ამ საფრთხეს ზრდის. ამასთან, პუტინის დაინტერესება ამ გზებზე ტანკების გამავლობით ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე, კიდევ უფრო მეტად სავარაუდოს ხდის იმას, რომ მოსკოვი საჭიროების შემთხვევაში უკან არ დაიხევს ამ გზით ტანკების საქართველოსკენ გამოგზავნისგან. მეორე მხრივ, ისიც ცხადია, რომ აშენების შემთხვევაში ამ გზის გამოყენება მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის არ მოხდება – ნებისმიერ გზას და მის მსგავს ინფრასტრუქტურულ პროექტს, როგორც წესი, თან ახლავს ახალი შესაძლებლობები.
ახალი გზა – ახალი შესაძლებლობები
ავარეთ-კახეთის გზის პროექტის შესახებ ინტერფაქსი წერს: ავარეთ-კახეთის საავტომობილო გზა წარმოადგენს ყველა სეზონის უმოკლეს გზას საქართველოს მიმართულებით და გასასვლელს შავი ზღვის ნავსადგურებზე. [10] ეს გზა ხშირად განიხილება, როგორც ეკონომიკური განვითარების საწინდარი. სავარაუდოა, რომ ის ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას საქართველოსა და დაღესტანს შორის, რომლის გავლითაც შესაძლებელია, მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიაზე გასვლაც. თუმცა არ შეიძლება ამ არგუმენტის გადაჭარბებით შეფასება.
ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, განცხადებით ავარეთ-კახეთის გზას აქვს საქართველოსთვის სარგებლის მოტანის პოტენციალი: „როდესაც გვაქვს ლარსზე სტიქიით გამოწვეული პრობლემა, მე მგონი, ურიგო არ იქნება, რომ იყოს ალტერნატივა, რომ საქონელმა იმოძრავოს რუსეთსა და საქართველოს შორის. პოლიტიკურ ჭრილში რა თქმა უნდა ის პრობლემები არავის მოუხსნია და ეს პრობლემები გადაწყვეტას საჭიროებს. მაგრამ ის, რომ დავუშვათ ახალი გზა არსებობდეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ არ არის უსაფრთხოების კუთხით სხვა რაიმე განსაკუთრებული [პრობლემა], მე ვფიქრობ, რაც მეტი გზა იქნება მით უკეთესი“. [11] თუმცა მოცემული გზის ეკონომიკურ სარგებლიანობასა და, განსაკუთრებით, შედეგების მასშტაბს ეჭვქვეშ აყენებს ეკონომიკური საკითხების ექსპერტი დემურ გიორეხელიძე: „რა თქმა უნდა, ამ გზით შესაძლებელია, ისარგებლოს რამდენიმე ათასმა ადამიანმა. გაიყიდოს მეტი რეგიონში, მაგრამ იგი ვერ შეცვლის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. … ვინც ამ გზის მშენებლობას მხოლოდ ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით უყურებს და არ ითვალსიწინებს პოლიტიკურ მხარეს, ეს მიანიშნებს მათ ზერელე დამოკიდებულებას. გზის გაყვანა ვერ შეცვლის ორ ქვეყანას შორის არსებულ მძიმე ურთიერთობას.“ [12] აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ რუსეთთან მზარდი ვაჭრობის შედეგად საქართველოს ექსპორტი თანდათანობით უფრო დამოკიდებული ხდება რუსულ ბაზარზე, მაგალითად, რუსეთის ბაზრის პროცენტული წილი ქართულ ექსპორტში ხუთჯერ გაიზარდა 2012 წლიდან 2014 წლამდე და გადააჭარბა 2005 წლის მონაცმებს, ხოლო ქართული ღვინის ექსპორტის, თითქმის, ორი მესამედი რუსეთზე მოდის. [13] ამ ფონზე, ახალი გზის მშენებლობის მიზანშეწონილობამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მოტივით, შესაძლოა, ბევრ ექსპერტს გაუჩინოს შეკითხვები.
გარდა უშუალოდ საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური კავშირებისა, შესაძლებელია იმის ვარაუდიც, რომ ავარეთ-კახეთის გზა საქართველოზე გამავალი ჩრდილეთ-სამხრეთის სატრანზიტო ღერძის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელია საქართველოს სატრანზიტო როლის ზრდა რუსეთიდან სომხეთისა და შემდეგ უკვე ირანის მიმართულებით. თუმცა, აშკარაა, რომ ავარეთ-კახეთის გზის ეკონომიკური სარგებლიანობა, ისევე როგორც მისი სატრანზიტო პოტენციალი სიღრმისეულ ემპირიულ შესწავლას საჭიროებს, რადგან სხვაგვარად, პრაქტიკულად, შეუძლებელია, გადაჭრით რომელიმე მოსაზრების მტკიცება.
იმის გათვალისწინებით, რომ პოტენციურ ეკონომიკურ სარგებელთან ერთად არსებობს კონკრეტული საფრთხეები, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მიღებამდე სიფრთხილე მართებს. საჭიროა პროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი და გზის საჭიროების შეფასება. საკითხის სიღრმისეული შესწავლის შედეგად უნდა დადგინდეს შესაძლებელია თუ არა პროექტის განხორციელება საქართველოს ინტერესებისთვის ზიანის მიყენების გარეშე. საფრთხეების კვლევისას აუცილებელია, როგორც რუსეთის აგრესიის სცენარის შეფასება, ისე რადიკალური ისლამიზმის საფრთხე. ამასთან, სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს იმას, თუ რამდენად შეუწყობს ხელს მოცემული პროექტის განხორციელება რუსეთის რბილი ძალის გაძლიერებას საქართველოში. რაც შეეხება სარგებელს, ვაჭრობით მიღებული პირდაპირი ეკონომიკური სარგებლის გარდა ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოს სატრანზიტო როლის შესაძლო ზრდას. თუმცა აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ არც საფრთხეების და არც სარგებლიანობის გადაჭარბებით შეფასება არ შეიძლება და უნდა მოხდეს ყველაფრის შეძლებისდაგვარად ზუსტად დათვლა, რასაც უკვე დაეფუძნება საქართველოს სტრატეგიული გადაწყვეტილება ავარეთ-კახეთის გზის პროექტთან დაკავშირებით.
___________________________________________________________________________________
[1] http://presa.ge/new/index.php?m=politics&AID=31512
[4] http://dfwatch.net/georgia-eyes-with-suspicion-russian-plans-for-new-road-through-caucasus-78293
[6] https://www.youtube.com/watch?v=7WYBdzArnDU
[7] http://presa.ge/new/index.php?m=politics&AID=31512
[8] ამ საკითხებზე ასევე იხილეთ
[9] ინფორმაცია ამ ბაზებში სახმელეთო და საჰაერო ძალების მოცულობის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე
[10] https://www.youtube.com/watch?v=7WYBdzArnDU
[11] http://presa.ge/new/index.php?m=politics&AID=31512