რევაზ ქოიავა,
კავკასიური სახლის მკვლევარი
2016 წელი ამიერკავკასიისთვის მრავალმხრივ იყო გამორჩეული. მიუხედავად ამისა, რევოლუციური მასშტაბის ცვლილებები რეგიონში არ მომხდარა. სტატუს-კვო, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა, ძირეულ ცვლილებებს არ განიცდის. მისი შერყევა ვერც აპრილის თვეში მთიანი ყარაბაღის „ოთხდღიანმა ომმა“ მოახერხა. შეიძლება ითქვას, რომ ამიერკავკასიის სამივე სახელმწიფომ რისკებსა და გამოწვევებს, რომელიც მათ წინაშე 2016 წელს იდგა, მეტ-ნაკლები წარმატებით გაართვეს თავი. სტატიაში განხილულია ის ძირითადი მოვლენები, რომელთაც გასულ წელს ადგილი ჰქონდა სამხრეთ კავკასიაში.
ესკალაცია ყარაბაღში
გასული წლის ყველაზე „ცხელი“ მოვლენა ძველი ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული ესკალაცია იყო. დაპირისპირება განაპირობა მრავალრიცხოვანმა ინციდენტებმა როგორც მთიანი ყარაბაღის რეგიონში, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარის სხვა მონაკვეთებზე, მოლაპარაკებების პროცესის შეფერხებამ და ერევანსა და ბაქოს შორის სამხედრო ბალანსის ცვლილებამ. აპრილის მოვლენების დროს მნიშვნელოვანი იყო იმ ტექნიკური საშუალებების გაფართოება, რომელიც მხარეებმა შეიარაღებული კონფლიქტის დროს გამოიყენეს.
ერთი მხრივ, 2016 წლის აპრილში აზერბაიჯანის არმიამ საკუთარი თავი ძლიერი ქვეყნის არმიად წარმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ მოახერხა სომხეთის და არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების განადგურება და მხოლოდ მიზერულ წარმატებას მიაღწია ტერიტორიული თვალსაზრისით, ფსიქოლოგიური კუთხით გამარჯვება აზერბაიჯანისთვის უდიდესი იყო. აზერბაიჯანში გარკვეულწილად შეირყა ყარაბაღზე, როგორც მიუდგომელ ციხესიმაგრეზე წარმოდგენა. დიპლომატიური თვალსაზრისით აზერბაიჯანმა მოიპოვა ოფიციალური ანკარას და კიევის მხარდაჭერა. ამავდროულად მასთან კონსტრუქციული ურთიერთობების შენარჩუნება სცადეს რუსეთმა, აშშ-მა და ირანმაც.
აპრილის ესკალაციის დროს თავი დადებითი კუთხით წარმოაჩინეს სომხურმა შეირაღებულმა ძალებმაც. მათ სწრაფად მოახერხეს თავდაპირველ შოკთან გამკლავება და გადაჯგუფება. სომხურმა და მთიანი ყარაბაღის საზოგადოებამ აჩვენა ერთსულოვნება არაღიარებული რესპუბლიკის საკითხთან დაკავშირებით. შენარჩუნდა არაღიარებული რესპუბლიკის ინფრასტრუქტურაც.
აპრილის ესკალაციის შემდეგ ცვლილებები არ განიცადა მოლაპარაკების ფორმატმაც. მრავალრიცხოვანი კრიტიკის მიუხედავად ეუთოს მინსკის ჯგუფი კვლავ უალტერნატივო მექანიზმად დარჩა. შენარჩუნდა მოლაპარაკებების პრინციპებიც, რომელიც კვლავ ყბადაღებულ ტერიტორიული მთლიანობისა და თვითგამორკვევის ეკლექტიკას ეფუძნება. მნიშვნელოვანი მოვლენა კონფლიქტის შემდეგ არის მინსკის ფორმატის მიღმა რუსეთის როლის გაზრდა სამშვიდობო პროცესში. მოსკოვში მოეწერა ხელი ცეცხლის განუახლებლობის შეთანხმებას, რომლის შემდეგაც ოფიციალურმა კრემლმა დამატებითი ძალისხმევა გამოიჩინა ერევნისა და ბაქოს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასასმელად. მოსკოვის განსაკუთრებულ როლს აღნიშნული კონფლიქტის მოგვარების პროცესში დაეთანხმა დასავლეთიც. რუსეთის მიზანს არ წარმოადგენს არსებული სტატუს-კვოს და მთიანი ყარაბაღის სტატუსის შეცვლა. ამავდროულად პუტინს მნიშვნელოვანი არაფორმალური გავლენა გააჩნია როგორც სერჟ სარქისიანზე, ასევე ილჰამ ალიევზე. მოსკოვმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბალანსირებით აჩვენა, რომ დაინტერესებულია სტატუს-კვოს შენარჩუნებაში, ხოლო დასავლეთი ამ საკითხში მისთვის ხელის შეშლას არ აპირებს.
მივიწყებული კონფლიქტები
გასულ წელს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი შედარებით მივიწყებული კონფლიქტების რანგში აღმოჩნდნენ. დე-ფაქტო რესპუბლიკებში თანდათანობით ხდება ქართული ფაქტორის „მარგინალიზება“. „მთავრობასა“ და „ოპოზიციას“ შორის ურთიერთობების განმსაზღვრელი ორივე არაღიარებულ რესპუბლიკაში არის არა საქართველოსთან ურთიერთობა, არამედ რუსეთის ფაქტორი. თავად მოსკოვისთვის აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ახალი რეალობაა ამიერკავკასიაში (როგორც დაფიქსირებულია რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში), რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სხვა სტრუქტურებმა უნდა დაიცვან. ეს თავისთავად არ ნიშნავს არსებული წესრიგის საქართველოს მიერ დე-იურე აღიარებას. დასავლეთი მხარს უჭერს კავკასიაში მისი მთავარი პარტნიორის დამოკიდებულებას კონფლიქტური რეგიონების მიმართ, თუმცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არსებული სტატუს-კვოს შესაცვლელად ერიდება.
2016 წელი მნიშვნელოვანი იყო ამ ორ რეგიონში მიმდინარე შიდა პროცესებით. აფხაზეთში მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპოზიციის საპროტესტო აქციები ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, ხოლო სამხრეთ ოსეთი კვლავ მოიცვა დისკუსიებმა რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის შესახებ. წლის ბოლოს აფხაზეთში მოხერხდა შეთანხმება პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასა და ოპოზიციურ ძალებს შორის ძალაუფლებაში ამ უკანასკნელთა კოოპტაციის შესახებ (გენერალური პროკურორის, ვიცე-პრემიერის და სხვა ოფიციალურ თანამდებობებზე ოპოზიციის წარმომადგენლები დაინიშნებიან). წელს აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, რაც დიდწილად განსაზღვრავს დე-ფაქტო რესპუბლიკაში არსებულ პოლიტიკურ ძალთა გადანაწილებას და მიღწეული შეთანხმების ქმედითუნარიანობას.
სამხრეთ ოსეთში მოხერხდა კომპრომისული შეთანხმების მიღწევა: რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ გადაიტანეს საპრეზიდენტო კამპანიის დამთავრების შემდეგ. საპრეზიდენტო კამპანია 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. იგი აპრილში ჩატარდება და მას ორი ფავორიტი: პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი და პარლამენტის სპიკერი, პარტია „ერთიანი ოსეთის“ ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ეყოლება. არჩევნების კიდევ ერთი ინტრიგა მასში ედუარდ კოკოითის მონაწილეობაა.
საქართველო: საპარლამენტო არჩევნების წელი
2016 წელს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც არსებულმა ხელისუფლებამ მიიღო ის შედეგი, რომელსაც იმედოვნებდა. „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ხელისუფლებაში ოთხი წლის წინ მოვიდა, შეინარჩუნა თავისი ლიდერობა. ცნობილი პოლიტიკოსების დაკარგვის მიუხედავად, კოალიციიდან პარტიად გარდაქმნამ ქართულ ოცნებას მონოლითურობა და სიმტკიცე შემატა. შედეგად საპარლამენტო არჩევნების მთავარ ბენეფიციარად სწორედ ქართული ოცნება იქცა გიორგი კვირიკაშვილის თაოსნობით, მოიპოვა რა 115 საპარლამენტო მანდატი. ეს ორით მეტია, ვიდრე საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო მანდატების რიცხვი. არჩევნებს ქართული ოცნების წევრებმა სამაგალითო და ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნის პროცესში გარდამტეხი მოვლენა უწოდეს. მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი მოწვევის პარლამენტში 27 დეპუტატი ეყოლება. ხელისუფლების მთავარ ოპონენტ პარტიაში მიმდინარე ცვლილებებმა ამ უკანასკნელის დასუსტება და მისი ორ ბანაკად გაყოფა გამოიწვია, რომელთა ერთი ნაწილიც მიხეილ სააკაშვილის ერთგულად რჩება, ხოლო მეორე ნაწილი პარტიის თავმჯდომარედ საქართველოში მოქმედი პოლიტიკოსის არჩევას მოითხოვდა.
2016 წლის არჩევნებმა შეარყია საქართველოს ორპარტიული ლანდშაფტი. მემარჯვენე-ცენტრისტულმა ძალამ, „პატრიოტთა ალიანსმა,“ პარლამენტში ექვსი მანდატი აიღო. პარტია საკუთარ თავს „ტრადიციული ღირებულებების“ დამცველად წარმოაჩენს, მკაცრად აკრიტიკებს თურქეთის პოლიტიკას და ყურადღებას ამახვილებს „ისლამურ საფრთხეზე“.
კავკასიის რეგიონმა დასავლეთის ინტერესების სფეროში გარკვეულწილად უკანა პლანზე გადაიწია. მიუხედავად ამისა გარკვეულ საგარეო პოლიტიკურ წარმატებებს დასავლეთთან ურთიერთობაში საქართველომ მაინც მიაღწია. გაღრმავდა ორმხრივი ურთიერთობები აშშ-სთან სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში. ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პარალელურად მიიღო საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საგანგებო მექანიზმი.
სომხეთი – შიდა განხეთქილება
მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციამ გამოიწვია შიდა-პოლიტიკური ვნებათაღელვა სომხეთში. ომმა გააღრმავა ადრე არსებული შიდა პრობლემები, რომელიც სოციალურ- ეკონომიკურ სირთულეებთან და ხელისუფლებით უკმაყოფილებასთან იყო დაკავშირებული. გარკვეულწილად გართულდა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებიც. სომხეთში უარყოფითად შეაფასეს მოსკოვის როლი როგორც 2016 წლის აპრილის მოვლენების დროს, ასევე აზერბაიჯანთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.
პოლიტიკური გამოცოცხლების ნიშნად იქცა ივლისის ტრაგიკული მოვლენები, როდესაც შეიარაღებული ჯგუფის „სასნა ცერ“-ის წევრებს ორი კვირის განმავლობაში დაკავებული ჰქონდათ ერევანში საპატრულო პოლკის პოსტი. ამ აქციამ კრახი განიცადა, თუმცა ამბოხებულთა მიმართ საზოგადოების მიერ გამოვლენილმა თანადგომამ აჩვენა პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის მთავრობის დაბალი ლეგიტიმაცია. ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური კრიზისის შესარბილებლად 2016 წლის სექტემბერში მოხდა პრემიერ-მინისტრის ცვლილება. ოვიკ აბრამიანი შეცვალა კარენ კარაპეტიანმა, რომელსაც გამოკვეთილი პოლიტიკური ამბიციები არ გააჩნია და „ტექნოკრატ“ ფიგურას წარმოადგენს. სწორედ მას დაევალა არსებული საპრეზიდენტო მოდელიდან საპარლამენტო მოდელზე ტრანზიციის განხორციელება. 2017 წლის 2 აპრილს სომხეთში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც დიდწილად გადაწყვეტს ხელისუფლებაში ძალაუფლების გადანაწილების საკითხს.
საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო წლის ბოლოს სომხეთში ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანის ვიზიტი, რომელმაც სომხეთს ირანის დასავლეთზე გამავალი დერეფანი უწოდა. ამავე ვიზიტის დროს ორივე მხარე შეთანხმდა შავი ზღვიდან სპარსეთის ყურემდე სატრანზიტო და სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობაზე.
აზერბაიჯანი – რეფერენდუმის წელი
სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანში გაიმართა რეფერენდუმი. რეფერენდუმზე გამოტანილი იყო 29 შესწორება რესპუბლიკის კონსტიტუციაში. მათ შორის მთავარი იყო პრეზიდენტობის ვადის ხუთიდან შვიდ წლამდე გაზრდა და ქვეყნის მეთაურისთვის ეროვნული პარლამენტის დათხოვნის უფლების მინიჭება. პირველმა შესწორებამ ხმების 84,2% მიიღო, მეორემ – 87,9%.
ექსპერტები თვლიან, რომ რეფერენდუმის მიზეზად ეკონომიკური სირთულეები იქცა. ნავთობზე ფასის მოულოდნელმა და მკვეთრმა დაცემამ სერიოზული საბიუჯეტო პრობლემები და ეროვნული ვალუტის – მანათის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია. გასულ ათწლეულში აზერბაიჯანმა განავითარა ფასიანი ქაღალდების სისტემა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო მოქალაქეებისგან მხარდაჭერას გულუხვი გადარიცხვების სანაცვლოდ ყიდულობდა. მაგრამ ახლა ეს ადვილად ხელმისაწვდომი აღარ არის, და ვალუტაზე ზეწოლასთან ერთად მთავრობას სტრუქტურულ ეკონომიკურ პრობლემას უქმნის. საჯარო პოლიტიკის არარსებობის დროს კონკურენცია ბიუროკრატიული ელიტის შიგნით მიმდინარეობს, რასაც ხელს დიდწილად უწყობს მძიმე ეკონომიკური ვითარება. ამ ვითარებაში რეფერენდუმის ორგანიზება და საკონსტიტუციო ცვლილებების წამოყენება ერთი მხრივ იქცა ლოიალობის ტესტად, ხოლო მეორე მხრივ სხვადასხვა გავლენის ჯგუფების გაერთიანების მექანიზმად. ამავდროულად რეფერენდუმი იქცა სიგნალად ოპოზიციისთვისაც. მიუხედავად ხელისუფლების ძლიერი პოზიციებისა, მისთვის მაინც რთული იქნება როგორც კრიზისის დამალვა ეკონომიკის სფეროში, ასევე რადიკალური ისლამისტური შეხედულებების ზრდასთან გამკლავება ახალგაზრდობაში.
დასკვნა
2016 წელს გარე ფაქტორები რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იყო. მართლაც, სამივე ქვეყანა ყურადღებით ადევნებდა თვალყურს ბრექსიტთან (დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა) და ევროკავშირზე მის გავლენასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებასთან და სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებულ თემებს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო ახლო სამეზობლოში მომხდარი მოვლენები, მათ შორის, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და თურქული ელიტის შემდგომი წმენდა, რამდენიმე წლიანი ეკონომიკური სანქციებიდან ირანის გათავისუფლება, სირიაში რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების გამო თურქეთის შეხლა-შემოხლა რუსეთთან და რეგიონის ამ ორი უმსხვილესი სახელმწიფოს შემდგომი შერიგება. პუტინის რუსეთთან ურთიერთობა სამივე ქვეყნისთვის პრიორიტეტია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ განსხვავებული მიდგომები აქვთ.
მთლიანობაში, რეგიონისთვის 2016 წელი უფრო მშვიდი იყო, ვიდრე დანარჩენი მსოფლიოსთვის. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პრობლემები, ნაციონალიზმით გამოწვეული ეიფორია და ადრეული წლების სირთულეები გავლილია. ამ სამ ქვეყანაზე კრიზისებს გავლენა აქვს, მაგრამ მათ ისწავლეს კრიზისებთან გამკლავება. მათი არსებობა სათუო არ არის და მათი ინსტიტუტები ფესვებს სულ უფრო ღრმად იდგამენ. სავარაუდოდ 2017 წელს სამივე ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგება, როდესაც მათ მოუწევთ შიდა პრობლემებთან და საერთაშორისო სისტემაში არსებულ იმ დამატებით რყევებთან გამკლავება, რომლებიც, რეგიონზე მოახდენენ გავლენას.