წინასიტყვაობა
ატმოსფეროში სათბური აირების კონცენტრაციის ზრდა ინდუსტრიალიზაციის ეპოქასთან შედარებით გლობალური ტემპერატურის თანდათანობით მომატებას იწვევს. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერები შიშობენ, რომ სათანადო ზომების არმიღების შემთხვევაში ტემპერატურა 3-6°C-ით გადააჭარბებს წინარე ინდუსტრიულ მაჩვენებელს. გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება აუცილებლად გახდება წყლისა და საკვების დეფიციტის წინაპირობა, მოიმატებს ბუნებრივი კატასტროფები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ექსტრემალურ უამინდობებს გადავაწყდებით. საბოლოოდ კი დედამიწა ჩათრეული შეიძლება აღმოჩნდეს ომების, მასობრივი მიგრაციებისა და ეკონომიკური კრიზისების მორევში.
კლიმატის ცვლილების დაჩქარებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. სპეციალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას წიაღისეული საწვავის გამოყენებაზე ამახვილებენ. სათბობ-ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მრეწველობისა და მშენებლობის დარგებში ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის მასობრივი მოხმარება ატმოსფეროში სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. გლობალური დათბობის პროცესში თავისი წვლილი შეაქვს ცხოველური წარმოშობის საკვების გადაჭარბებულ წარმოებას.
2015 წლის დეკემბერში, პარიზში გამართულ გაეროს კლიმატის კონფერენციაზე საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებმა ხელი მოაწერეს კლიმატის დაცვის ახალ ხელშეკრულებას. ხელშეკრულების ერთ-ერთი უმთავრეს მიზანს წარმოადგენს წინარე ინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით გლობალური ტემპერატურის ზრდის 2°C-მდე შეზღუდვა. მიზნის მისაღწევად მსოფლიოს გრანდიოზული ცვლილებების განხორციელება მოუწევს. ცვლილებები საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სფეროსა და რიგითი მოქალაქეების ცხოვრების წესს შეეხება.
პროცესთან დაკავშირებით კლიმატის ცვლილების მკვლევრებსა და დედამიწის დამცველ აქტივისტებს არაერთი შეკითხვა უჩნდებათ: რა მიმართულებით უნდა გარდაიქმნას გლობალური ეკონომიკა? საკმარისია თუ არა თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევები წარმატებული ეკონომიკური გარდაქმნისთვის? შესაძლებელია თუ არა დემოკრატიული მმართველობის პირობებში კლიმატის შედეგიანი პოლიტიკის განხორციელება? როგორ უნდა გავაწონასწოროთ კლიმატის პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა გავლენები? როგორი უნდა იყოს განვითარებული ქვეყნების პასუხისმგებლობა კლიმატის კრიზისის შეჩერების საქმეში? რა ვალდებულებები უნდა აიღონ ღარიბმა სახელმწიფოებმა გლობალური დათბობის შესაჩერებლად?
იმედი გვაქვს, რომ „კავკასიური სახლის“ მწვანე პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების პროგრამის თანამშრომელთა მიერ შედგენილი თარგმანთა კრებულის „კლიმატის ცვლილება და დემოკრატიული საზოგადოება“ გამოცემა ჩვენს ქვეყანაში ხელს შეუწყობს ახალი საგნობრივი დისკუსიების წამოწყებას და დაგვეხმარება ჩამოთვლილ კითხვებზე დასაბუთებული პასუხების მოძებნაში. კლიმატის ცვლილება სახელმწიფო საზღვრებსა და ეკონომიკურ მაჩვენებლებს არ ცნობს, ის საფრთხეს უქმნის ჩვენს პლანეტაზე მდებარე ყველა ტერიტორიას, ყველა სივრცეს მისი განვითარების დონის მიუხედავად. ადრე თუ გვიან ქართულ საზოგადოებასაც მოუწევს თავისი სამომავლო გეგმების განსაზღვრისას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინება. კლიმატის კრიზისის შედეგების სერიოზული გააზრების გარეშე შეიძლება სახელმწიფოს განვითარების ამბიციური პროექტები გვერდით დაგვრჩეს.
„კავკასიური სახლი“ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უძველესი გარემოსდაცვითი ორგანიზაციაა, რომელიც სათავეს 80-იანი წლების ბოლოს დაფუძნებული მწვანეთა მოძრაობიდან იღებს. ჩვენ მონაწილეობა გვაქვს მიღებული დამოუკიდებელ საქართველოში წარმოებულ ყველა მნიშვნელოვან გარემოსდაცვით ბრძოლასა თუ კამპანიაში. სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილისათვის გარემოსდამცველთა სამოქალაქო აქტიურობა მხოლოდ ცალკეული სკვერებისა და ბაღების, თბილისის ცენტრალურ უბნებში მდებარე პარკების საზღვრების დაცვასთან ასოცირდება. კრებულის გამოცემით ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ 21-ე საუკუნეში მხოლოდ მწვანე აქტივიზმი საკმარისი აღარ არის, სამყარო კლიმატის დაცვის გამოწვევის წინაშე დგას, რაც უფრო ფართო ხედვას, გლობალურ პრობლემებზე ფიქრსა და განსაკუთრებულ კომპეტენციას მოითხოვს.
გამოცემა „კლიმატის ცვლილება და დემოკრატიული საზოგადოება“ აზერბაიჯანულ ენაზეც ითარგმნა. ცხადია, აღნიშნული ნაბიჯი საქართველოს აზერბაიჯანულენოვან თემში კლიმატის ცვლილების შედეგების შესახებ ცოდნის გავრცელებას ემსახურება. თუმცა, ჩვენ სხვა მიზანიც გვამოძრავებს. გვსურს, რომ ნაციონალური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესი მხოლოდ ენის სწავლების, განათლების სისტემისა ფუნქციონირებისა და დრომოჭმული ყოფითი ტრადიციების ტრანსფორმაციის ინიციატივებს არ ეფუძნებოდეს. ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა შეიძლება საერთო სოციალურ-ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ღირებულებებზე შეთანხმებაც გახდეს. ვფიქრობთ, კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლას არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხების გაერთიანება, არამედ გლობალური მასშტაბის კავშირების წარმოქმნა შეუძლია.
რამდენიმე სიტყვას მოგახსენებთ კრებულის შინაარსის შესახებ.
პუბლიკაცია სამი ნაწილისაგან შედგება. პირველ თავში მსოფლიო რანგის მეცნიერთა შემაჯამებელი შეფასებები და მოწოდებებია თავმოყრილი. თარგმნილ ტექსტებში ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი – ჯოზეფ სტიგლიცი და გაეროს მდგარდი განვითარების ქსელის დირექტორი – ჯეფრი საქსი კლიმატის ცვლილების მნიშვნელობაზე მსჯელობენ, აქცენტს სვამენ გადაუდებელი მოქმედების აუცილებლობაზე და გლობალურ საზოგადოებას მოსალოდნელი შედეგების თაობაზე აფრთხილებენ.
მეორე ნაწილი ბრიტანელი, ამერიკელი და გერმანელი ეკონომისტებისა თუ სოციოლოგების დაკვირვებებს აერთიანებს. ავტორები თავიანთ ძალისხმევას კლიმატის კრიზისიდან გამოსავლის გზების ძიებაში ხარჯავენ. ყურადღებიანი მკითხველი ადვილად აღმოაჩენს სტრატეგიებს, რომელთაც სწავლულები კლიმატის ცვლილების გამანადგურებელი შედეგების დაძლევის მიმართულებით გვთავაზობენ.
მცირე მოცულობის კრებულის დასკვნითი ნაწილი განიხილავს თანამედროვე მსოფლიოში მოქმედ კლიმატის დაცვის მოძრაობებსა და მათ ძირითად პრობლემებს. აქვე ყურადღებაა გამახვილებული დემოკრატიული ინსტიტუტების შეზღუდულ შესაძლებლობებზე ეკონომიკის უსწრაფესი გარდაქმნის კუთხით, განხილულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქმედი ძალების მიმართება მდგრადი განვითარების საკითხის მიმართ.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ ეკონომიკის დოქტორს, ბ-ნ დავით (მიხეილ) ადეიშვილს კრებულის შედგენაში მონაწილეობისთვის. გვახარებს, რომ სტატიების თარგმნის პასუხისმგებლობა გამოცდილი სპეციალისტების გარდა ახალბედა სტუდენტებმაც გაიზიარეს. განსაკუთრებით ვაფასებთ მიხეილ ბეროშვილის, მარიკა ტყეშელაშვილის, ნიკოლოზ ჭანტურიასა და ბიძინა ბუჩუკურის მიერ გაწეულ შრომას გამოცემის მომზადების საქმეში. ვამაყობთ, რომ ათწლეულზე მეტია ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ შესანიშნავ ლიტერატორთან და მთარგმნელთან, ბ-ნ ოქტაი ქაზუმოვთან, რომლის ძალისხმევის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა უაღრესად აქტუალური, თანამედროვე და ურთულესი შინაარსის ნაშრომების აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა.
კრებულის გამოცემა შესაძლებელი გახდა პროექტის „მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ინფორმირება კლიმატის ცვლილების შედეგების შესახებ“ ფარგლებში. ცხადია, განსაკუთრებული მადლიერება უნდა გამოვხატოთ პროექტის დამფინანსებლის, გაეროს განვითარების პროგრამის – UNDP-ის მიმართ.
დასასრულს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის – ირაკლი ირემაძის ორგანიზაციული ლიდერობის გარეშე.
პატივისცემით,
ლევან ლორთქიფანიძე
„კავკასიური სახლის“ გამგეობის თავმჯდომარე
ჩამოტვირთეთ კრებულის ელექტრონული ვერსია ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე: