ვანო აბრამაშვილი
“კავკასიური სახლის” მკვლევარი
სტატია თავდაპირევლად გამოქვეყნდა netgazeti.ge-ზე
უკვე წლებია ქართულ საზოგადოებრივ დისკურსში საქართველოს კონფლიქტების მიმართ ინტერესი ეტაპობრივად მცირდება. ამის შემჩნევა მარტივი დაკვირვებითაცაა შესაძლებელი, ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში ქართულ საინფორმაციო და პოლიტიკურ სივრცეში წამყვან თემად თანდათან შიდა პარტიული პოლიტიკა, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკური განვითარება და სოციალური პრობლემები იქცა. საზოგადოებრივი განწყობის შესახებ NDI-ის ყოველწლიური კვლევები საქართველოში ამ კუთხით საინტერესო სურათს გვთავაზობს: მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლიდან დღემდე ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მუდმივად ხვდება მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეულში, ამ პრობლემის პრიორიტეტად დამსახელებელთა პროცენტული რაოდენობა კლებადია (იხ. დიაგრამა).
არსებული ტენდენციის უკან მრავალი მიზეზი იმალება, თუმცა მოცემული სტატიის მიზანია, მიმოიხილოს ის ძირითადი შიდა ფაქტორები, რომელიც ქართველი მოსახლეობისთვის კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს ნაკლებად აქტუალურს ხდის. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება: 2008 წლის შემდგომი მზარდი იმედგაცრუება და ახალი ეროვნული მაკონსოლიდირებელი ფაქტორების გაჩენა; პოლიტიკური პოპულიზმი და გრძელვადიანი ხედვების დეფიციტი; მძიმე სოციალური ფონი; ინფორმაციული ვაკუუმი.
მზარდი იმედგაცრუება და ახალი მაკონსოლიდირებელი ფაქტორები. 2008 წლის აგვისტოს ომმა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამხედრო ოკუპაციამ, საქართველოს მოსახლეობა საბოლოოდ დაარწმუნა კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების უალტერნატივობაში. ეს პროცესი იმთავითვე ცხადი გახდა, რომ რთული და დროში გაწელილი იქნებოდა. ვიწრო შესაძლებლობების ფარგლებში, ბოლო 8 წელია, საქართველოს კიდევ უფრო უჭირს სოხუმსა და ცხინვალში რუსულ სამხედრო, ფინანსურ და საინფორმაციო გავლენასთან გამკლავება. ეს, თავის მხრივ, განაპირობებს პოზიტიური, ხელშესახები შედეგების სიმწირეს დეოკუპაციისა და შერიგების მიმართულებით, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის განწყობასა და ოპტიმიზმზე.
პესიმიზმის პარალელურად, ომის შემდეგ შექმნილმა ვითარებამ, მაშინდელი და დღეს მოქმედი პოლიტიკური ელიტები დაარწმუნა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე გაუთავებელი აპელირება ვერ იქნება პოლიტიკურად მომგებიანი. გამომდინარე აქედან, ახალ, ეროვნულ მაკონსოლიდერებელ თემად დაწინაურდა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებასთან ერთად, ამ თემამ მასობრივად მიიზიდა აკადემიური, საექსპერტო, არასამთავრობო და მედია წრეების ინტერესი და რესურსი. გარდა ამისა, ევროკავშირთან დაახლოებით მიღებულმა კონკრეტულმა შედეგებმა, ასოცირების ხელშეკრულებისა და უვიზო რეჟიმის სახით, კიდევ უფრო გააძლიერა ამ პროცესისადმი ნდობა, მაშინ, როცა რთულია იგივეს თქმა შერიგების პოლიტიკაზე.
პოპულიზმი და გრძელვადიანი ხედვების ნაკლებობა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული, ქართული პოლიტიკური ველი ჯერ კიდევ პოპულიზმითა და რევანშიზმითაა გაჯერებული. ქვეყანაში, ყველა ახალი პოლიტიკური ძალა, არა საკუთარი პარტიული პროგრამის ან იდეოლოგიური შეხედულების, არამედ უმეტესად წინა მთავრობის არაპოპულარობის გამო მოხვდა სათავაში. ამან გავლენა იქონია კონფლიქტების დარეგულირების ბედზეც, ვინაიდან, ყველა ახალი ძალა წინამორბედის გამოცდილებას უგულებელყოფდა ან მის უპირობო დემონიზაციას ახდენდა. ეს, დროთა მანძილზე, ავტომატურად ხელის შემშლელ ფაქტორად იქცა სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკის განგრძობითობისა და თანმიმდევრულობისთვის, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია შერიგების პროცესში საზოგადოების მუდმივი და პოზიტიური ჩართულობისთვის.
გარდა ამისა, კონფლიქტების სენსიტიურობიდან გამომდინარე, მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საჯაროდ და ღიად მსჯელობას, პოლიტიკოსთა უმეტესობა თავს არიდებს. მმართველი ძალები ასევე მაქსიმალურად ერიდებიან ამ მიმართულებით გაბედული ნაბიჯების გადადგმას, რათა პოლიტიკურად არამომგებიან სიტუაციაში არ აღმოჩნდნენ. ლიდერების ამგვარი პასიურობა და არასაჯაროობა კი ერთი მხრივ ფრიად საზიანოა, ვინაიდან იგი საზოგადოებაში, კონფლიქტების დარეგულირების მიმართ ინტერესის კლებასა და ნიჰილიზმში ტრანსფორმირდება.
მძიმე სოციალური ფონი. დღეს საქართველო ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბი და სოციალურად უთანასწორო ქვეყანაა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყოველდღიურად უწევს გაუმკლავდეს უმუშევრობას, სიღარიბეს, შიმშილს, საბანკო სესხებსა და სხვა მსგავს პრობლემას. მსოფლიო ბანკის უკანასკნელი მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 32% უკიდურეს სიღარიბეში, ხოლო 37% სიღარიბეში ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის ინფორმაციით, ქვეყანაში საარსებო შემწეობას 145 900 ოჯახი და 480 000 ადამიანი იღებს. გარდა ამისა, 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით მოსახლეობის 66% პროცენტი თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, მაშინ, როცა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დათვლით უმუშევრობის დონე 11.8%-ს შეადგენს. მოსახლეობის კეთილდღეობის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2015 წელს, საქართველოში შინამეურნებობების საშუალო შემოსავალი 479.4 ლარს, ხოლო მათი საშუალო მოხმარება 647.1 ლარს უტოლდებოდა, რისი დაბალანსებაც, ლოგიკურად, მოსახლეობას ვალის აღებით უწევს. გამომდინარე აქედან, გასაკვირი არაა, რომ 2017 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 64%-ს, ხოლო აქტიური მოსახლეობის 99%-ს საფინანსო სექტორის ვალი აქვს.
ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, როცა ადამიანებს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში უწევთ ყოფნა, რთულია საზოგადოება ყოველდღიური პრობლემების გამკლავების მიღმა აქტიურად იყოს ჩართული სხვა მნიშვნელოვან, პოლიტიკურ საკითხებში, მათ შორის კონფლიქტების დარეგულირების პროცესებში.
ინფორმაციული ვაკუუმი: ყველასთვის ცხადია, რომ მოსახლეობაში ნებისმიერი საკითხის აქტუალიზაციისთვის უდიდესი როლი ენიჭება მის მედია გაშუქებას. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საზოგადოებაში ინტერესი ნელდება გამყოფი ხაზების მიღმა არსებული სიტუაციის მიმართ, სწორედ ინფორმაციის სიმწირეა. სოხუმსა და ცხინვალში მიმდინარე მოვლენებს, ყოველდღიურად, ქართულ ენაზე, მხოლოდ რამდენიმე მედია წყარო აშუქებს. მათი უმრავლესობა ინტერნეტ გამოცემაა (Netgazeti.ge; Jam-news.net; Civil.ge; Accent.com.ge), მაშინ, როცა მოსახლეობის 76%-ისთვის ინფორმაციის მიღების უმთავრეს წყაროდ კვლავ ტელევიზია რჩება.
ინფორმაციული ვაკუუმის შექმნას ასევე ხელს უწყობს კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოებების ფიზიკური გათიშულობა. დღეს, გამონაკლისი ფორმატების გარდა, ადამიანებს არ შეუძლიათ პირადი კავშირებით, პირველწყაროებიდან შეიტყონ რა ხდება სოხუმში, ცხინვალსა თუ თბილისში, რაც თავის მხრივ, დიდ როლს თამაშობს ამ საზოგადოებებს შორის გაუცხოვებაში, რამეთუ ახალი ინფორმაციის გარეშე წარსული ნარატივები და სტერეოტიპები კიდევ უფრო ძლიერდება.
დასკვნა
მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, ეს პრობლემა, დროის დინებასთან ერთად, საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება. მოცემული სტატიის მიზანი სწორედ ამის გამომწვევი მიზეზების ანალიზი იყო.
როგორც სტატიიდან გამოჩნდა, საქართველოს მოსახლეობის ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში უმთავრესად დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ მიღწეული პოზიტიური შედეგების ოდენობასა და პოლიტიკის თანმიმდევრულობაზე. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია ზოგადი სოციალური ფონი, რომლის გაუმჯობესების გარეშეც რთული იქნება ადამიანების ყოველდღიური, უმძიმესი ტვირთისგან გათავისუფლება და მათი დაინტერესება პოლიტიკური საკითხებით, მათ შორის კონფლიქტების დარეგულირებით. არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობა, რაც ცალსახად ზრდის კონფლიქტებთან დაკავშირებული სენსიტიური საკითხებით მანიპულირების ალბათობას.
საბოლოოდ, განხილული ფაქტორების გათვალისწინებით, დღეს, სახელმწიფოს ესაჭიროება არსებული მიდგომებისა და მოლოდინების საფუძვლიანი გადახედვა ვინაიდან ღარიბი, იმედგაცურებული და არაინფორმირებული საზოგადოებით რთული იქნება ერთიანი, ძლიერი და ევროპული ქვეყნის მშენებლობა.