ბოლო წლების განამვლობაში დე ფაქტო სახელმწიფოების შესწავლას საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში სულ უფრო მეტი დრო ეთმობა – ის, რაც ერთ დროს ამ საგნის მარგინალურ სფეროს წარმოადგენდა, დღეს მეცნიერებისა და სტუდენტების ძირითად საკვლევ თემად იქცა. აღნიშნული თემის მიმართ მზარდი ინტერესი გამოწვეულია უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში მრავალი სეცესიონისტური ტერიტორიული ერთეულის გაჩენით ევროპის კონტინენტზე. უშუალოდ 1990 წლამდე ევროპაში, მხოლოდ ერთი სეპარატისტული დე ფაქტო სახელმწიფო არსებობდა – „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა“, თუმცა ცივი ომის დასრულების შემდეგ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რამდენიმე ასეთი სეპარატისტული რეგიონი გამოჩნდა, ესენია: დნესტრისპირეთი, ნაგორნო-ყარაბაღი, აფხაზეთი და ცხინვალი. ამავე პერიოდში ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე სასტიკი ომების პარალელურად წარმოიშვა ორი დე ფაქტო სახელმწიფო, რომლებმაც მალევე შეწყვიტეს არსებობა, ესენია: „სერბთა რესპუბლიკა კრაინა“ ხორვატიაში და „სერბთა რესპუბლიკა“ ბოსნია ჰერცეგოვინაში – თუმცა აღნიშნულმა ომებმა ასევე, გზა მისცა კოსოვოს ავტონომიურ პროვინციას სერბეთში, ცალმხრივად გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა რასაც დღევანდელი მონაცემებით 119 სახელმწიფო უჭერს მხარს. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ იმავე წლის მაისში, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს უკრაინის ტერიტორიაზე არსებულმა სეპარატისტულმა „დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებმაც“.
მოკლე ისტორიული ექსკურსის შედეგადაც ცხადია, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სივრცეში დე ფაქტო სახელმწიფოების საკითხი აქტუალობას არ დაკარგავს. ზემოთ აღნიშნულ სეპარატისტულ-ტერიტორიულ ერთეულებს დღეს გაბატონებული ძირითადი მიდგომა განიხილავს როგორც, დიდი სახელმწიფოების (პატრონი სახელმწიფოების)[1] საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტებს, რის გამოც ადგილობრივ დე ფაქტო ხელისუფლებებს ხშირად მარიონეტულსაც უწოდებენ ხოლმე.
რასაკვირველია პრაგმატული საერთაშორისო პოლიტიკის პერსპექტივიდან ეს აზრი ლეგიტიმური და ემპირიულად დამტკიცებულია – თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა აიგნორებს დე ფაქტო სახელმწიფოებში მცხოვრები მოსახლეობის განწყობებს, სამხედრო კონფლიქტების დაწყების მიზეზებსა და შიდა სოციალურ დინამიკას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხებია. პოლიტიკური სოციოლოგიის პერსპექტივიდან, ამ სტატიაში ვისაუბრებ დე ფაქტო სახელმწიფოების შიდა სოციალურ პროცესებსა და ადგილობრივი ელიტების როლზე სამხედრო კონფლიქტებამდე და კონფლიქტების შემდგომ პერიოდში სახელმწიფოსა და ერის მშენებლობის პროცესში.
თავდაპირველად საჭიროა დე ფაქტო სახელმწიფოების ტერმინის ზუსტი განმარტება შემდგომი ანალიზისათვის – დე ფაქტო სახელმწიფო ესაა ორგანიზებული პოლიტიკური ლიდერშიპი, რომელიც სარგებლობს ადგილობრივი მოსახალეობის მხარდაჭერით და აქვს უნარი სამთავრობო სერვისები მიაწოდოს მოსახლეობას განსაზღვრულ ტერიტორიაზე, რომელზეც მას ეფექტური კონტროლი აქვს დამყარებული გარკვეული დროის მანძილზე, თუმცა ამ თვისებების მიუხედავად მაინც რჩება არალეგიტიმურად საერთაშორისო საზოგადოების თვალში.
ამავე პერსპექტივიდან დე ფაქტო სახელმწიფოებს აქვთ განვითარების ოთხი სამომავლო სცენარი; პატრონ სახელმწიფოში შესვლა, სრული დამოუკიდებლობის მოპოვება, ცენტრალურ სახელმწიფოში რეინტეგრაცია, ცენტრალურ ან პატრონ სახელმწიფოში შესვლა ავტონომიური ერთეულის სახით. თეორიულად, განვითარების თითოეული ეს სცენარი მათთვის წარმატებად ჩაითვლება თუმცა, ევროპის მაშტაბით არსებული დე ფაქტო სახელმწიფოებისათვის ყველაზე მეტად სავარაუდო სტატუს-კვოს შენარჩუნებაა.
მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო სახელმწიფოების უმეტესეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პატრონ სახელმწიფოზე, ისინი არ უნდა იქნენ განხილულნი როგორც მხოლოდ პოლიტიკური კლიენტები, არამედ საჭიროა მათი მრავალგანზომილებიანი ანალიზი, როგორც ავტონომიური პოლიტიკური ერთეულებისა, რომლებმაც მოახერხეს დროთა განმავლობაში შიდა სუვერენიტეტის მოპოვება. სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიულობის ხარისხი თითოეულ დე ფაქტო სახელმწიფოში განსხვავდება, თუმცა სახელმწიფოსა და ერის მშენებლობის პროცესები მათი სიცოცხლისუნარიანობის საერთო და ფუნდამენტური ელემენტებია. რაც უფრო წარმატებით მიმდინარეობს ეს ორი პროცესი, მით უფრო იკლებს ცენტრალურ სახელმწიფოში რეინტეგრაციის შანსები. ამავდროულად აუცილებელია მოხდეს სამხედრო კონფლიქტის საფუძვლიანი ანალიზი სოციალური მეცნიერებების პერსპექტივიდან, რადგან დე ფაქტო სახელმწიფოებში, სახელმწიფოსა და ერის მშენებლობის პროცესები სათავეს სამხედრო კონფლიქტებიდან იღებს.
სხვადასხვა დე ფაქტო სახელმწიფოებს ერთმანეთისგან განსხვავებული ათვლის წერტილი აქვთ, თუმცა ყველაზე ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად დე ფაქტო სახელმწიფოები ეთნიკური ომების შედეგად წარმოიშვებიან. სამხედრო კონფლიქტების ასეთი პრიმორდიალური გაგება მხედველობაში არ იღებს უამრავ გარემოებას, რომელიც უშუალოდ კონფლიქტამდე, კონფლიქტის დროს და მას შემდეგ არსებობდა. ეთნიკურობაზე აქცენტირება ყოველთვის სახიფათოა, რადგან ამ დროს გარკვეულ ჯგუფებს შორის ანტაგონისტური ურთიერთობები ყალიბდება, რომელსაც შემდგომ ადგილობრივი ელიტები თავიანთი ვიწრო პოლიტიკური და ფინანსური ინტერესებისთვის იყენებენენ. ასე მოხდა იუგოსლავიაში ტიტოს გარდაცვალების შემდეგ და ასე მოხდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეც.
საბჭოთა კავშირის ეთნო-ფედერალისტურმა მოწყობამ „პერესტროიკის“ შემდგომ, ადგილობრივ ელიტებს საშუალება მისცა ძალაუფლება გაეფართოვებინათ და ნაციონალისტური რიტორიკით, დაძაბული სოციალური ურთიერთობები მათ სასარგებლოდ გამოეყენებინათ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეთნიკური ომები ყოველთვის “ზემოდან-ქვემოთ” (Top-Down) პროცესია, რომელიც პოლიტიკური ელიტების მიერ არის მართული და ორიენტირებულია ჯგუფებს შორის საერთოს უარყოფასა და საზღვრების გავლებაზე. ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური არეულობის დროს პოლიტიკური ოპორტუნისტები ცდილობენ ეთნიკურობის საკითხის წინ წამოწევას და ამით მათდამი ლოიალური ჯგუფების შექმნას, რომელნიც სხვა ჯგუფების მიმართ ანტაგონისტურად იქნებიან განწყობილნი. ის ფაქტი, რომ ეთნიკურობა სოციალური კონსტრუქტია და მის ინსტრუმენტალიზაციას პოლიტიკური ელიტები ხელოვნურად ახდენდნენ, კარგად გამოჩნდა უშუალოდ სამხედრო კონფლიქტებამდე და კონფლიქტების შემდგომი გარემოს გაანალიზებით ყოფილი იუგოსლავიისა და საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე.
სამხედრო კონფლიქტების დასრულების შემდგომ ადგილობრივი ელიტების მთლიანი კონცენტრაცია მიმართულია ძალაუფლების გამყარებაზე, ერისა და სახელმწიფოს მშენებლობის პროცესებზე, რასაც ისინი ახერხებენ პირველ რიგში – ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სამხედრო სფეროების რეკონსტრუქციით. ამავდროულად დე ფაქტო სახელმწიფოებში, პარალელურად საჭიროა შედარებით რბილი პოლიტიკური ელემენტების დანერგვაც სოციალური ინჟინერიისათვის, ესენია; განათლების სისტემა, პროპაგანდა, იდეოლოგია და სიმბოლიზმი. თითოეული ეს ელემენტი დროთა განმავლობაში იწვევს ეროვნული სოლიდარობისა და კოლექტიური იდენტობის ჩამოყალიბებას, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ერთიანობისთვის უმნიშვნელოვანესი ფსიქო-სოციალური ასპექტია.
სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის გარდა დე ფაქტო სახელმწიფოებს სტაბილურობისა და ნორმალიზაციისათვის სჭირდებათ სამი მთავარი გამოწვევის გადალხვაც, რომელთაც ძირითად შემთხვევაში უზრუნველყოფს პატრონი სახელმწიფო. ესენია: უსაფრთხოება, საზღვრების დაცულობა და ეკონომიკური მდგრადობა. დე ფაქტო სახელმწიფოების აბსოლიტური უმრავლესობა უსაფრთხოების იმპორტიორია პატრონი სახელმწიფოებიდან. უსაფრთხოების საკითხი ფუნდამენტურია, რომლის მოპოვების შემდეგაც შესაძლებელი ხდება დანარჩენი ორი გამოწვევის გადალახვაც. საზღვრების კონტროლს გარდა პრაქტიკული მნიშვნელობისა სიმბოლური და იდეოლოგიური დატვირთვაც აქვს, ის ადგილობრივ მოსახლეობაში კოლექტიურ იდენტობას განამტკიცებს. საღვრების განმტკიცების შემდეგ დე ფაქტო სახელმწიფოებს საშუალება ეძლევათ ეკონომიკურ საკითხებზე კონცენტრირდნენ – როგორც, წესი დე ფაქტო სახელმწიფოების უმეტესობას მწირი ეკონომიკური რესურსები აქვს, რასაც ემატება გლობალურ სავაჭრო ურთიერთობებში ჩართვის შეუძლებლობა. ამ მოცემულობიდან გამომდინარე დე ფაქტო სახელმწიფოების ეკონომიკურ საყრდენს პატრონი სახელმწიფოების სუბსიდიები წარმოადგენს. 2008 წლის ომის შემდგომ რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის ბიუჯეტის მინიმუმ 60%-ის სუბსიდირებას ახდენს ყოველწლიურად. ყველა სხვა სოციალური ფაქტორის მიუხედავად აუცილებელია დე ფაქტო სახელმწიფოებმა ადგილობრივ მოსახლეობას პოზიტიური ეკონომიკური დღის წესრიგი შესთავაზონ ან დაარწმუნონ, რომ ისინი უფრო კარგად ცხოვრობენ ვიდრე ცენტრალურ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანები. ეკონომიკური საკითხის მნიშვნელობის გასააზრებლად საინტერესოა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის მაგალითი. 2000-იანი წლების დასაწყისში თურქეთში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა და კვიპროსისათვის მიცემულმა ევროკავშირის წევრობის პირობამ, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პოლიტიკური ელიტა და მოსახლეობა აიძულა პრაგმატული ნაბიჯი გადაედგათ და 2004 წლის რეფერენდუმში რეუნიფიკაციისათვის დაეჭირათ მხარი.
შეჯამებისთვის შეგვიძლია რამდენიმე მნიშვნელოვანი დებულება გამოვიტანოთ დე ფაქტო სახელმწიფოებთან მიმართებით. ერთი შეხედვით, დე ფაქტო სახელმწიფოების გადარჩენის უმთავრესი განმაპირობებელი, პატრონი სახელმწიფოა, რომელიც მას სამხედრო და ეკონომიკურ გარანტიებს აძლევს – სწორედ ამ განზომილებაზე კონცენტრირებს საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევართა აბსოლიტური უმრავლესობა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლო კვლევებისთვის ადგილობრივი ელიტების როლის გაანალიზება ახალი პოლიტიკური და სოციალური წესრიგის ჩამოყალიბებაში. მშვიდობის მშენებლობის პროცესისათვის, ქართული აკადემიური სივრცე უნდა გასცდეს დე ფაქტო სახელმწიფოების მხოლოდ პატრონ-კლიენტალისტური პრიზმიდან გაანალიზებას და მეტად კონცენტრირდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შიდა სოციალურ დინამიკაზე, იქ არსებულ განწყობებსა და ადგილობრივი ელიტების როლზე. ამ კუთხით სოციალური მეცნიერებების სტუდენტები ბევრ სირთულეს აწყდებიან – უპირველესად შეიმჩნევა ქართულენოვანი კვლევების დეფიციტი, რასაც ემატებაის გარემოებაც, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაზე პრაქტიკულად არ არსებობს ისტორიული წყარო, რომელიც მას სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების გარეშე აღწერს. მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკური პრიზმიდან ჩვენ ვერ ვცემთ პასუხებს იმ კითხვებს თუ რა იწვევს ცვლილებებს ჩვეულებრივ ხალხში, რის შედეგადაც ისინი მზად არიან სასტიკ სამხედრო კონფლიქტში ჩაებან იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთან ერთადაც ათწლეულების განმავლობაში მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ – რა არის ის მამოძრავებელი რის შედეგადაც ადამიანები მზად არიან ეთნიკური იდენტობის საბაბით ებრძოლონ მათ თანამოქალაქეებსა და ნათესავებსა? ვფიქრობ, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, როგორც ანალიტიკური კუთხით ასევე, პრაქტიკული კუთხით უაღრესად სასარგებლო იქნება. მიმაჩნია, რომ საერთაშორისო ურთიერთობებისა და სოციალური თეორიების პრიზმიდან ერთმანეთის პარალელურად, დე ფაქტო სახელმწიფოების კვლევა ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასა და კონფლიქტების მშვიდობიან ტრანსფორმაციას.
ნიკოლოზ ჭანტურია
ვენეციის უნივერსიტეტის გლობალური პოლიტიკისა და შედარებითი საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი
[1] პატრონი სახელმწიფო (საერთაშორისო ურთიერთობებში) – სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას დე ფაქტო სახელმწიფოებისთვის.