ილონა ჩუხუა
1990-იან წლებში საქართველოში მომხდარი კონფლიქტები და მისი შედეგები დღემდე დიდ გავლენას ახდენს საქართველოსა და მის კონფლიქტურ რეგიონებს შორის არსებულ ურთიერთობაზე. აღნიშნული კონფლიქტი საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობისა და დაკვირვების ობიექტია. აღსანიშნავია ევროკავშირის პოზიცია და მის მიერ შემუშავებული ერთ-ერთი სტრატეგია, „ჩართულობა აღიარების გარეშე“. აღნიშნული სტრატეგია, 2009 წელს შემუშავდა ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის მიერ, როგორც არასაჯარო დოკუმენტი სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ჩართულობისა და არაღიარების პოლიტიკის შესახებ.[1] სტრატეგია მოიაზრებს კონფლიქტურ რეგიონებში ჩართულობას, თუნდაც ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების გაწევის მხრივ მათი პოლიტიკური სტატუსის აღიარების გარეშე. აღნიშნული მექანიზმი მიზნად ისახავს პოლიტიკური და სამართლებრივი სივრცის შექმნას, რომელშიც ევროკავშირს შეუძლია ურთიერთქმედება ოკუპირებულ რეგიონებთან მათი სტატუსის აღიარების გარეშე. სტრატეგიის მიზანია კონფლიქტური რეგიონების იზოლაციისგან გათავისუფლება, ასევე ურთიერთობების დათბობა აფხაზებსა და ქართველებს შორის, რომ განიმუხტოს დაძაბულობა და გაძლიერდეს მოლაპარაკებების რეჟიმი სხვადასხვა ფორმატში იმისთვის, რომ მოხდეს კონფლიქტის დეესკალაცია.[2] ეს მექანიზმი გულისხმობს ნდობის აღდგენასა და თანამშრომლობას დაპირისპირებულ მხარეებს შორის.
მოცემული სტატიის მიზანია გაანალიზდეს აღნიშნული სტრატეგიის მიღწევები, მის გარშემო არსებული დაბრკოლებები და სამომავლო პერსპექტივები.
ევროკავშირის ჩართულობა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში: მცირე მიმოხილვა
სამხრეთ კავკასიის რეგიონი, კერძოდ საქართველო და მისი კონფლიქტური ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, გარკვეული სამხედრო მობილიზაციით და იქ მიმდინარე მოვლენებით საკმაოდ არასტაბილურია. საქართველო მტკიცედ ინარჩუნებს თავის პოზიციას, რომლის მიხედვითაც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ნაწილებად მიიჩნევს და მათი დამოუკიდებლობის სტატუსს არ აღიარებს. რეგიონში რუსეთის გავლენის სწრაფი ზრდის ტემპისა და 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარების შემდგომ საქართველოს პარლამენტმა იმავე წლის 28 აგვისტოს აფხაზეთი და ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულად გამოაცხადა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა ქვეყანას მძიმე ადამიანური და ეკონომიკური ზიანი მიაყენა, გართულდა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სამშვიდობო პროცესები. 2010 წელს ამ ყოველივეს საპასუხოდ თბილისმა დაიწყო არაღიარების პოლიტიკა ოფიციალურად. საქართველომ შეიმუშავა სტრატეგია „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და დაისახა სამოქმედო გეგმა , რომლის მიხედვითაც იღებდა ვალდებულებას ძალის არგამოყენებაზე და უპირატეს მიმართულებად „ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკას“ ასახელებდა.[3]
ევროკავშირი მნიშვნელოვანი აქტორია საქართველოსა და კონფლიქტურ რეგიონებში. ევროკავშირისთვის ამ კონფლიქტურ რეგიონებში პრიორიტეტულია ნდობის აღდგენა დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ასევე ძალის გამოყენების არდაშვება, კონფლიქტში ჩართული მხარეების დაახლოვება, თავისი როლის გაძლიერება ამ პროცესებში და კონფლიქტის მოგვარება მოლაპარაკებების მეშვეობით. ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით, ჯერ კიდევ 1997 წელს სამხრეთ ოსეთში და 2004 წ აფხაზეთში, შეიქმნა გაერთიანებული საკონტროლო კომისია (Joint Control Commission).[4] 2003 – 2004 წწ ევროკავშირმა დაიწყო თავისი ინტერესების და პოზიციების გააქტიურება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, დაინიშნა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისთვის და ასევე გაიზარდა მისი ჩართულობა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) ფარგლებში. 2006 წელს საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერა თანამშრომლობაზე და შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით.[5]
2008 წლის ომის შემდგომ იდევ უფრო დაიძაბა ურთიერთობები საქართველოსა და მის კონფლიქტურ რეგიონებს შორის, ამასთანავე გაიზარდა რუსეთის გავლენა, აქედან გამომდინარე მოსალოდნელი იყო ვითარების უფრო გამწვავება, ამიტომაც საქართველოს პარტნიორებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე თუ როგორ უნდა ემოქმედათ ამ სიტუაციაში და შეუდგნენ გარკვეულ მიდგომებზე მუშაობას. ევროკავშირი სათავეში ჩაუდგა პოლიტიკურ პროცესებს, რომელთა მიხედვითაც მოხდა ცეცხლის შეწყვეტა რუსეთსა და საქართველოს შორის ექვსპუნქტიანი შეთანხმების მიხედვით. კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებში ევროკავშირმა ჩართო ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სამოქალაქო მისია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM), რომელიც თავიდან 200 დამკვირვებლისგან შედგებოდა და ევალებოდათ ეკონტროლებინათ საქართველოსა და რუსეთს შორის ხელმოწერილი 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი და 2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმებების აღსრულება.[6] 2008 წელს საქართველოში ოფიციალურად გამოიგზავნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომლის მთავარი მიზანი იყო ცეცხლის შეწყვეტის, ჯარის გაყვანის, თავისუფალი გადაადგილების, ადამიანთა და ჰუმანიტარულ უფლებათა დაცვის მონიტორინგი.
ევროკავშირმა თავისი მიზნების განხორციელება დაიწყო „გაწევრიანებამდე დახმარების ინსტრუმენტის“ (IPA) და „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ მეშვეობით. ასევე მშვიდობის შენარჩუნების საქმეში მოქმედებს ისეთი ინსტრუმენტების დახმარებით, როგორიცაა ჟენევის მოლაპარაკებები, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM). იგი ასევე ახორციელებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს საქართველოში სამეზობლო პოლიტიკის (ENP) და აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ფარგლებში, კონკრეტულად აქვს პროექტები, რომელთა მიზანია სხვადასხვა ტიპის დახმარების გაწევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის.[7]
მნიშვნელოვანია ფინანსური დახმარებები, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსა და კონფლიქტური რეგიონების მიმართ ახორციელებდა, მაგალითად კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით 1997 -2006 წლებში ევროკავშირმა დაახლოებით 25 მილიონი ევრო გამოუყო აფხაზეთს სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ასევე 8 მილიონი გამოყო სამხრეთ ოსეთისთვის სკოლების გაზით მომარაგებასთან, გზების რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში.[8] ზოგადად ევროკავშირის მიზნები იყო და დღემდე არის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა კონფლიქტური რეგიონების მოსახლეობისთვის, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება და მათთვის თავშესაფრის მიცემა. ევროკავშირი აფინანსებს პროექტებს სხვადასხვა, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც, ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურად და ეკონომიკურად გაძლიერებას და დიალოგების წარმოებას ნდობის აღსადგენად.
საქართველოსა და მის კონფლიქტურ ტერიტორიებზე ბევრი რამ მოხდა 2008 წლის მოვლენების შემდეგ, კერძოდ შეიცვალა ხელისუფლებები თბილისში და დე-ფაქტო ლიდერები სოხუმსა და ცხინვალში. აგრეთვე, შეიცვალა ხელმძღვანელობა ევროკავშირშიც, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებზე მომუშავე ოფისებშიც. ევროკავშირის მნიშვნელობა უფრო გაიზარდა მას მერე, რაც 2009 წელს გაეროს სადამკვირვებლო მისია და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლობა დაიხურა საქართველოში.[9] ევროკავშირმა დაიწყო ახალი სტრატეგიების დასახვა და მექანიზმების ჩამოყალიბება, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ადამიანების კეთილდღეობაზე და არა, რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური მიზნის განსახორციელებაზე.[10] ზუსტად ამის გამოვლინებაა 2009 წლის დეკემბერში ევროკავშირის მიერ შემუშავებული არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, რომელიც მოიაზრებს ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ დახმარებას კონფლიქტური რეგიონებისათვის შესაბამისი პროგრამებით და მათთან კავშირების დამყარებას მათი დამოუკიდებელი სტატუსის აღიარების გარეშე.
ევროკავშირის და საქართველოს პოზიციები სტრატეგიასთან დაკავშირებით
ევროკავშირის განმარტებით ჩართულობა ამ კონფლიქტურ რეგიონებში არ ნიშნავს მათ დიპლომატიურ აღიარებას რაიმე ფორმით და გადაჭარბებულმა თავშეკავებამ ჩართულობის მხრივ შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. 2011 წლის 17 იანვარს, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, პეტერ სემნებიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ვერ დაუშვებს მისი სამეზობლოს რუკაზე თეთრი ლაქებისა თუ შავი ხვრელების გაჩენას, ამიტომაც საჭიროა ჩართულობა და მოქმედება.[11] ევროკავშირისთვის სასურველია, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტურ ტერიტორიებთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება და სხვადასხვა ქმედებებისა თუ პროგრამების განხორციელება ხდებოდეს მიზანმიმართულად და ვადებში გაწერილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ვინაიდან სწრაფად შეიძლება მოხდეს იძულებითი ზომების გამოყენება, ხოლო მშვიდობიანი მეთოდებით მოქმედება მოითხოვს მოთმინებას.[12] საქართველოს რეაქცია თავდაპირველად ევროკავშირის მიდგომებზე, კერძოდ მოქმედებების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით დამაბნეველი იყო, რადგანაც არსებობდა შიში იმისა, რომ ევროკავშირის ზედმეტ ზომიერებასა და მოთმინებას არსებული კონფლიქტების შენარჩუნება და გაგრძელება არ გამოეწვია უსაზღვრო დროით.[13] ევროკავშირი ცდილობს მოძებნოს ძალის გამოყენების ალტერნატივა და შეძლოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა.[14]
სტრატეგიის „ჩართულობა აღიარების გარეშე“ ფარგლებში მიღწეული წარმატებები
ევროკავშირი არაერთ პროექტს აფინანსებს კონფლიქტურ რეგიონებში, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისკენ არის მიმართული. ის ცდილობს დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია, დაეხმაროს მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მოახდინოს მათზე გავლენა სოციალური ინიციატივებით.
ამ ფორმატით ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ქმნის პოლიტიკურ სივრცეს მისი წვლილის შესატანად. ევროკავშირის ინტერესშია კონტაქტი ჰქონდეს და კავშირში იყოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან, რომ ხელი შეუწყოს ნდობის აღდგენის პროცესებს, შეძლოს შესაბამისი ჩართულობის განხორციელება იქნება ეს ჰუმანიტარული, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის ღონისძიებების მეშვეობით. ევროკავშირი ცდილობს განახორციელოს შესაბამისი ქმედებები სამოქალაქო საზოგადოებაში ადამიანის უფლებების დაცვასთან და ეკონომიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
ჩართულობა აღიარების გარეშე გარკვეულწილად მოიაზრებს საგანმანათლებლო და გაცვლით პროგრამებს, ასევე ფინანსურ დახმარებას. ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყნა გასცემს ვიზებს აფხაზებისა და ოსებისთვის, რომელთაც სურთ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა ან სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა.
სტრატეგიის გამოწვევები
გასული წლების განმავლობაში დაგროვდა შეკითხვები თუ რამდენად ეფექტურია სტრატეგია „ჩართულობა აღიარების გარეშე“ და ემთხვევა თუ არა შედეგები სასურველ თავდაპირველ განზრახვას?
აღსანიშნავია, რომ იმთავითვე აფხაზურმა და ოსურმა პოლიტიკურმა ელიტამ ეჭვით მიიღო სტრატეგია ამ ფორმით და ეს პოლიტიკა ქართველების ინტერესების გატარების ერთ-ერთ შენიღბულ მცდელობად მიიჩნია.[15] რაც შეეხება ქართულ მხარეს, 2010 წელს მიღებულმა ქართულმა სტრატეგიამ „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“, აჩვენა, რომ მხოლოდ მისი ნაწილი იყო ეფექტური. შესაბამისად, როდესაც ქართულ საზოგადოებაში დაიკლო ინტერესმა კონფლიქტების დარეგულირების მიმართ, ევროკავშირის ზედმეტ აქტიურობას უკვე თბილისშიც შესაძლოა უნდობლობის გაღვივება მოჰყოლოდა.
თავის მხრივ რუსეთი ცხადია ყველანაირად უშლის ხელს დასავლური ძალების გაძლიერებას ცხინვალსა და სოხუმში, ცდილობს შეინარჩუნოს მისთვის ხელსაყრელი პირობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მრავალგვარი ფორმით შექმნას ხელოვნური ბარიერები.
ამავდროულად, ამ პოლიტიკის არაეფექტური განხორციელების ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენილი მწვავე თემები, როგორიცაა უკრაინის და სირიის ომები, რომელთა ფონზეც საქართველოს კონფლიქტებზე რესურსების დახარჯვა ევროკავშირისთვის ნაკლებად პრიორიტეტული გახდა.[16] რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დაუფარავმა მხარდაჭერამ ევროკავშირის საზღვრების სიახლოვეს მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი გამოიწვია, რამაც შეარყია ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა და ეს საკითხი ერთ-ერთი მთავარი უსაფრთხოების პრობლემა გახდა დასავლეთისთვის.[17] ყოველივე ამან გადაფარა საქართველოში არსებული კონფლიქტური რეგიონების პრობლემატიკა.
უკრაინის მოვლენებმა, ახალმა ხელმძღვანელებმა ევროკავშირის ოფისებში, რუსეთის კურსმა სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგობასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების ინერტულობამაც ხელი შეუწყო იმ ვითარებას, რომ ევროკავშირის არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მხოლოდ პირველი ნაწილი მუშაობს ეფექტურად.[18]
ასევე, არის სამართლებრივი დაბრკოლებებიც, რაც უკავშირდება კონფლიქტურ ტერიტორიებზე მცხოვრებთა სამგზავრო საბუთებს და იმ გარემოებას, რომელშიც აფხაზური მხარე ქართულ პასპორტებს არ აღიარებს, რუსული პასპორტები არ დაიშვება, განსაკუთრებული საშვების საკითხი კი დავის საგანია, მსგავსი დეტალები უფრო პრობლემატურს ხდის მდგომარეობას.
არსებობს ვარაუდები იმის შესახებ, რომ შესაძლოა ევროკავშირს არ აქვს საკმარისი რესურსები, ნება ან გამოცდილება კონფლიქტების გადაწყვეტის საქმეში მეტად აქტიური ქმედებებისთვის.[19] თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი მიზანმიმართულად არ ააქტიურებს თავის როლს ამ საქმეში უფრო მეტად იმ მოტივით, რომ მას არ უნდა საშინაო საქმეებში ჩარევა, რადგან თვლის რომ ასეთი საკითხები პოლიტიკოსების და ხალხის მოსაგვარებელია, ხოლო ევროკავშირს ამ შემთხვევაში მედიატორის როლის მორგება შეუძლია.[20]
რა შეიძლება გაკეთდეს სტრატეგიის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად
ევროკავშირმა უნდა შეიმუშავოს ჩართულობის ისეთი მოდელი ან სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი მოსახლეობისა და ინსტიტუტების იმ შეღავათებით რეალური სარგებლობა რაც ქართველებს აქვთ მინიჭებული ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით.[21] ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების როლის ზრდა ცხინვალსა და სოხუმში პროექტების განხორციელებისთვის. ევროკავშირმა ამ სტრატეგიის ფარგლებში მეტი სიღრმითა და ხარისხით უნდა უზრუნველყოს ისეთი უნივერსალური ნორმების და ღირებულებების დაცვა და პოპულარიზაცია, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.
ევროკავშირმა უნდა დაიწყოს კომპრომისული გზების მოძიება და შესაბამისი კონკრეტული წინადადებების შეთავაზება მხარეებისთვის, აქედან გამომდინარე ევროკავშირის სტრატეგიის ფარგლებში მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ისეთი ღონისძიებების გატარებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ დაპირისპირებული მხარეების მიმართ განხორციელებული ქმედებებისთვის პოლიტიკური შეფასებების ჩამოშორებას და არ უნდა ხდებოდეს მათი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის.
სასურველია მეტი ყურადღება დაეთმოს მხარეთა ინტერესების საკითხს და იმაზე მუშაობას თუ რა იქნება ოპტიმალური გამოსავალი არსებულ სიტუაციაში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ევროკავშირის ჩართულობას აღიარების გარეშე აქვს რეალური პოტენციალი სწორად და ეფექტურად მუშაობისთვის, ვინაიდან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსეთის მხრიდან ევროკავშირი არასდროს აღიმებოდა ისეთ საფრთხედ როგორც ნატო-ს შემთხვევაშია.[22]
„ჩართულობა აღიარების გარეშე“- ს ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად მაქსიმალურად კარგად უნდა შეფასდეს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიცაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, საქართველოს სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ევროკავშირის ურთიერთობები რუსეთთან და საქართველოსთან, რისი გათვალისწინებითაც უნდა დაიგეგმოს თითოეული ნაბიჯი კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში, რადგანაც სწორედ ეს გარემოებები ქმნის ძირითად ფონს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.[23] სასურველია მოხდეს ხელახალი გადაფასება არსებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევებისა, რომელიც დგას სტრატეგიის მიხედვით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებაში.
დასკვნა
არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის პირველი ნაწილი (არაღიარება), რომელიც ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას ემყარება, არის რეაქცია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე, ეს ამოცანა წარმატებით ხორციელდება. მეორე ნაწილი მოიაზრებს ჩართულობას, კონფლიქტური რეგიონების რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად და მათ დეიზოლაციისთვის, რაც ეფექტურად ვერ სრულდება.[24]
ევროკავშირის მოცემული მექანიზმით აქცენტი კეთდება კონფლიქტურ ტერიტორიებზე მოსახლეობის გაძლიერებაზე. სოციუმის განვითარებაზე ზრუნვა სასარგებლოა მაგრამ არა გადამწყვეტი კონფლიქტის გადაწყვეტაში, რადგან აქ დიდ როლს თამაშობს რუსეთის ფაქტორი, ასევე უარყოფითი დამოკიდებულება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისა ქართველების მიმართ, რის გამოც ვერ ხერხდება დაპირისპირებულ მხარეებს შორის შინაარსობრივი დიალოგის წარმოება.
ევროკავშირის „აღიარება ჩართულობის გარეშე“ მიზნად ისახავს კონფლიქტური რეგიონების იზოლაციისგან გათავისუფლებას, თუმცა აშკარაა, რომ მიუხედავად მცდელობებისა სოხუმი და ცხინვალი რუსეთთანაა დაკავშირებული და მისი ალტერნატივა ცალსახად არ ჰყავთ. ჩართულობა აღიარების გარეშე ნამდვილად ითვალისწინებს მშვიდობის დამყარებას და არსებული კონფლიქტების დეესკალაციას, თუმცა რეალური შედეგების მიღწევა კვლავ რთულია.
ამდენად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო და არის საერთაშორისო საზოგადოების გვერდში დგომა. საქართველოს სჭირდება მხარდაჭერა, რომ რუსეთის გავლენა დააბალანსოს კონფლიქტურ რეგიონებში და არსებული ვითარება დაარეგულიროს, ამიტომ მიუხედავად ყველაფრისა ბრიუსელის ჩართულობის გარეშე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტა ძნელად წარმოსადგენია. აფხაზეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვის, რომლებიც იზოლირებულია გარე სამყაროსგან და რომლებისთვისაც რუსეთი ვერ ქმნის ხელსაყრელ პირობებს უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპის მხრიდან დახმარება. აფხაზმა და ოსმა საზოგადოებებმა მნიშვნელოვანია უკეთ დაინახონ ევროპული ღირებულებები და დაინტერესდნენ მცირე ერების და უმცირესობების უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტებით.
დღეს, კონფლიქტურ რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოება და მედია ზეწოლას განიცდიან პოლიტიკური ელიტების მხრიდან ამიტომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის ჩართულობის ფარგლებში მათ მიეცეთ მეტი საშუალება მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში და შეუერთდნენ საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე კონფერენციებს, სემინარებსა თუ სამუშაოებს, რაც გაზრდის მათი ინტერაქციის ხარისხს საერთაშორისო საზოგადოებაში.
როგორც აღინიშნა, არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის პირველი ნაწილი უფრო მეტად სრულდება ვიდრე მეორე, ამიტომაც საჭიროა ამ პოლიტიკის თანმიმდევრული განვითარება. ეს ფორმატი არის კრეატიული ჩარჩო მაგრამ საჭიროა კონკრეტული მექანიზმების დახვეწა.[25] მიუხედავად ბევრი სირთულისა, რასაც ევროკავშირი პოსტსაბჭოთა სივრცეში აწყდება, მისი არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს უფრო მეტი ენერგიით და მიზანდასახულობით, რადგანაც სულ უფრო იზრდება რუსეთის ზეწოლა. იმისთვის, რომ კონფლიქტურ რეგიონებს რუსეთზე დამოკიდებულების ალტერნატივა გაუჩნდეს ევროკავშირის მხრიდან ამ პოლიტიკის ფარგლებში უნდა იყოს მეტი მოქნილობა და ღიაობა.
ბიბლიოგრაფია
(2016). 2014-2015წწ განხოციელებული საქმიანობის ანგარიში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
Alexander Cooley, L. A. (2010). Engagement without recognition: A new strategy toward Abkhazia and Eurasia’s unrecognized states.
Coppieter, B. (2007, december 01). The EU and Georgia: Time perspectives in Conflict Resolution.
Fischer, S. (2010). The EU’s non-recognition and engagement policy towards Abkhazia and South Ossetia.
Gogolashvili, K. (2009). THE ENP AND CONFLICT RESOLUTION IN GEORGIA. reliefweb.
MariaAD. (2017). EU’s policy of non-recognition and engagement in Georgia’s secessionist conflicts. TENSIONS.
Popescu, N. (2010). The EU and Civil Society in the Georgian – Abkhaz Conflict.
Rouvier, E. (2017-2018). Breaking the Ice: The EU’s Non-Recognition and Engagement Policy for the Georgian Breakaway Region of Abkhazia.
Tsurtsumia, A. (2017). EU’s policy of a non recognition and engagement in the Eastern Neighbourhood. TENSIONS.
აბრამაშვილი, ვ. (2018). აფხაზების და ოსების ჩართულობის გადასარჩენად აღიარების გარეშე. netgazeti.ge.
აბრამაშვილი, ი. (2018). საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის 25წელი. კავკასიური სახლი.
ევროკავშირი და კონფლიქტები საქართველოში. (თ. გ.). European Initiative Liberal Academy Tbilisi.
ზურაბაშვილი, ა. წ. (2016). ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ევროპული არჩევანის დემოკრატიზაციის პერსპექტივები. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი.
(2015). კონფლიქტები საქართველოში: მიმდინარე ეტაპების თავისებურებები და ამოცანები,. თბილისი: კავკასიური სახლი.
ჩხოტუა, ზ. (2018). ევროკავშირის ჩართულობა შეიარაღებული კონფლიქტების მოგვარებაში:საქართველოს მაგალითზე. თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის.
ციხელაშვილი, ქ. (2010). დასავლური პარადიგმის ფარგლებში აფხაზეთის იზოლაცია/დეიზოლაციიის საკითხი.
ხაინდრავა, ი. (2013). აფხაზების და ოსებისკენ ევროკავშირის გზით. ლიბერალი.
[1] ევროკავშირი და კონფლიქტები საქართველოში, European Initiative Liberal Academy Tbilisi;
[2] Breaking the Ice: The EU’s Non-Recognition and Engagement Policy for the Georgian Breakaway Region of Abkhazia, Elisabeth Rouvier, 2017-2018;
[3] ივანე აბრამაშვილი, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის 25 წელი, 2018წ;
[4] EU and Georgia: Time perspectives in conflict resolutions, 2007;
[5] The EU and Civil Society in the Georgian-Abkhaz Conflict, Nicu Popescu,2010;
[6] ევროკავშირი და კონფლიქტები საქართველოში, European Initiative Liberal Academy Tbilisi;
[7] ევროკავშირის ჩართულობა შეიარაღებული კონფლიქტის მოგვარებაში: საქართველოს მაგალითზე, ზურაბ ჩხოტუა, 2018წ;
[9] ევროკავშირის ჩართულობა შეიარაღებული კონფლიქტის მოგვარებაში: საქართველოს მაგალითზე, ზურაბ ჩხოტუა, 2018წ;
[10] აფხაზების და ოსების ჩართულობის გადასარჩენად აღიარების გარეშე, 2018, ვანო აბრამაშვილი;
[11] დასავლური პარადიგმის ფარგლებში აფხაზების იზოლაცია/დეიზოლაციის საკითხი, ქეთევან ციხელაშვილი, 2011;
[12] EU and Georgia: Time perspectives in conflict resolutions, Bruno Coppieter,2007;
[13] EU and Georgia: Time perspectives in conflict resolutions, Bruno Coppieter,2007;
[14]იქვე;
[15] აფხაზების და ოსების ჩართულობის გადასარჩენად აღიარების გარეშე, 2018, ვანო აბრამაშვილი;
[16] აფხაზების და ოსების ჩართულობის გადასარჩენად აღიარების გარეშე, 2018, ვანო აბრამაშვილი;
[17] კონფლიქტები საქართველოში: მიმდინარე ეტაპების თავისებურებები და ამოცანები, ნაციონალიზმისა და კონფლიქტები კვლევის ინსტიტუტი კავკასიური სახლი, 2015წ;
[18] იქვე;
[19] ევროკავშირი და კონფლიქტები საქართველოში, EUROPEAN INITIATIVE , LIBERAL ACADEMY TBILISI;
[21] EU’s policy of non-recognition and engagement in Georgia’s secessionist conflicts, MariaAD, 2017;
[22] დასავლური პარადიგმის ფარგლებში აფხაზეთის იზოლაცია/დეიზოლაციის საკითხი, ქეთევან ციხელაშვილი, 2011წ;
[23]იქვე;
[24] ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ევროპული არჩევანის დემოკრატიზაციის პერსპექტივები, ანა წურწუმია- ზურაბაშვილი, 2016წ;
[25] EU’s policy of non-recognition and engagement in the Eastern Neighborhoods, Ann Tsurtsumia-Zurabashvili,2017 ;