ლევან კახიშვილი:
2014 წლის 3 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა საქართველოს მიერ 2007 წლის 26 მარტს რუსეთის წინააღმდეგ წარდგენილ სახელმწიფოთშორის განაცხადზე, რომელიც ეხებოდა რუსეთის ფედერაციიდან 2006-2007 წლებში საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას.სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, დაკავება და კოლექტიური გაძევება რუსეთიდან 2006 წლის შემოდგომაზე, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევაა.“ [1]
2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლებამ დაახლოებით 2300-ზე მეტი ქართველი დააკავა და გამოაძევა. მათი დიდი ნაწილის დეპორტირება რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სატვირთო თვითმფრინავით მოხდა. გარდა ამისა, დამატებით 2000-მა ქართველმა, რომლებიც ასევე გამოაძევეს რუსეთიდან, თავად დატოვა ქვეყანა. [2]
საქართველო, საკუთარ სარჩელში, დეპორტაციის დროს საქართველოს მოქალაქეებისადმი მიყენებული მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა. ქართული მხარის მიერ მომზადებული სარჩელი მოიცავდა ყველაზე მძიმე შემთხვევებს – 150 დეპორტირებულის, მათ შორის, დეპორტირების პროცესში გარდაცვლილი სამი ადამიანის საქმეს.[3] სარჩელი ემყარებოდა ათი უფლების შელახვას, მათ შორის იყო: სიცოცხლის უფლება, წამებისა დადისკრიმინაციის აკრძალვა,თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება. [4]
ქართული მხარის განმარტებით, დეპორტაციები იყო ერთგვარი შურისძიება, რომელიც გახლდათ რუსეთის რეაქცია ე.წ. ჯაშუშების სკანდალზე: 2006 წლის შემოდგომაზე საქართველოში ოთხი რუსი სამხედრო ოფიცერი დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით, რომლებიც იმავე წლის 2 ოქტომბერს ეუთოს გადაეცა. [5] ამ ფაქტმა განსაკუთრებით დაძაბა ურთიერთობები თბილისსა და მოსკოვს შორის.რუსული მხარის მტკიცებით, დეპორტაციები მიმართული იყო არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად და ამ პროცესს არავითარი კავშირი არ ჰქონია საქართველოში რუსი ოფიცრების დაკავებასთან.
იმის მიუხედავად, ჰქონდა თუ არა კავშირი დეპორტაციებს ჯაშუშების სკანდალთან, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეების რუსეთიდან გამოძევების დროს დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული ადამიანის უფლებები, როგორიცაა: უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, არაადამიანური და ღირსების შემლახველიმოპყრობის აკრძალვა და სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება. [6]
პრობლემური სარჩელი
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა. ამაზე ორი რამ მიუთითებს. პირველი,გადაწყვეტილება მიიღოსასამართლოს დიდმა პალატამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო 17 მოსამართლით, მათ შორის- სასამართლოს პრეზიდენტითა და ვიცე-პრეზიდენტებით. საქმე ის არის, რომ სასამართლოს ქვედა პალატამ თავად განაცხადა უარი საქართველოს სარჩელის განხილვაზე, რაც იმ შემთხვევაში ხდება, როცა „კონვენციის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები წარმოიშვება“ ან თუ არსებობს პრეცედენტული სამართლიდან გადახვევის რისკი.“ [7] ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მოცემული სახელმწიფოთშორისი განაცხადი პრობლემატური სარჩელი იყო. მეორე ნიშანი იმისა, რომ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, მდგომარეობს თვითონ გადაწყვეტილებაში. სასამართლოს განცხადებით, კომპენსაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა, რის გამოც სასამართლომ მხარეებს 12 თვის ვადა მისცა შეთანხმების მისაღწევად ან საკუთარი შეხედულებების წარმოსადგენად ამ საკითხზე. [8]
ამასთან, მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო კონტექსტი, რომელშიც სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა:ყირიმის ანექსია და რუსეთის მხარდაჭერა აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტების მიმართ- ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა მეტისმეტად დააზარალა რუსეთის იმიჯი საგარეო ურთიერთობებში. რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების სია და სიმკაცრე სულ უფრო და უფრო იზრდება. შესაძლებელია, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ კონტექსტში რუსეთის მიმართ, კიდევ ერთ, შედარებით მსუბუქ, მაგრამ მაინც დარტყმად იქნეს განხილული დასავლეთის მხრიდან. თუმცა რუსეთისთვის ამ „დარტყმის“ მოგერიება, სავარაუდოდ, საკმაოდ მარტივი იქნება.
უფლებამოსილების გადაჭარბება
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები სახელმწიფოებისთვის სავალდებულო ხასიათს ატარებს და მათ აღსრულებას აკონტროლებს ევროპის საბჭო. თუმცა არაერთხელ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე სახელმწიფოებს უარი უთქვამთ. ეს კი სასამართლოს, როგორც ინსტიტუტის, სანდოობასა და სიმტკიცეს ეჭვქვეშ აყენებს. სასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირება სხვადასხვა დროს განსხვავებული ფორმით ხდებოდა.მაგალითად, რუსეთმა ეფექტურად მოახდინა სასამართლოს 2010 წლის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს ხელი არ უნდა შეეშალა მოსკოვში გეი აღლუმის ჩატარებისთვის, რადგან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა იყო. [9]
სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირების პრაქტიკა ევროკავშირის ქვეყნებშიცაა გავრცელებული და არც ქვეყნის ზომასა და საერთაშორისო არენაზე მის წონას აქვს მნიშვნელობა. სლოვაკეთმა, ევროპული სასამართლოს 2008 წლის გადაწყვეტილების მიუხედავად, თავშესაფრის მაძიებელ ალჟირელ მუსტაფა ლაბსის 2010 წელს მოთხოვნაზე საბოლოოდ უთხრა უარი და შედეგად სამშობლოში დააბრუნა. [10] ბრიტანეთს კი დაძაბული ურთიერთობები აქვს ევროპულ სასამართლოსთან 2005 წლიდან, როდესაც სასამართლომ პატიმრებისთვის ხმის მიცემის უფლების აკრძალვა ბრიტანეთში ადამიანის უფლებების დარღვევად გამოაცხადა. [11] თუმცა გასულ წელს ვესტმინსტერმა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება აკრძალვის შენარჩუნების შესახებ სასამართლოს დადგენილების წინააღმდეგ. [12] დაძაბულობა იქამდე მივიდა, რომ ლონდონის მხრიდან გაისმა მუქარა: ბრიტანეთი დატოვებდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას სუვერენიტეტის შელახვის მიზეზით. [13]
სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება თურქეთმაც მოახერხა, როდესაც 2014 წლის მაისში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი არ გადაიხდის ევროპული სასამართლოს მიერ დაწესებული 90 მილიონი ევროს [14] ოდენობის ჯარიმას კვიპროსის 40 წლის წინანდელი სამხედრო ოკუპაციის გამო. [15] თურქეთისთვის მსგავსი ქმედება პირველი არ არის, თანაც ანკარა ხშირად მიუთითებს რუსეთზე, რომელიც ასევე წარმოადგენს იმის მაგალითს, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფომ არაფრად ჩააგდოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. მეტიც, მინისტრის განცხადებით, „სასამართლომ საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა და ინტერვენციას ახდენს სახელმწიფოთშორის პრობლემებში.“ [16]
ის საკითხი, „გადააჭარბა“ თუ არა სასამართლომ საკუთარ უფლებამოსილებას საქართველოს განცხადების განხილვისას, ასევე შეიძლება წამოჭრას რუსულმა მხარემ. მოვლენათა ამგვარი განვითარება უფრო მოსალოდნელი ხდება იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს არა მარტო მაგალითი აქვს, თუ როგორ ხდება სასამართლო გადაწყვეტილებების იგნორირება, არამედ ასეთი პრაქტიკაც აქვს.მეტიც, რუსეთში უკვე გაისმა კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება პრაქტიკაში უკვე მომხდარა. [17] თუმცა ის, რომ სასამართლო მხარეებს მეგობრული შეთანხმებისკენ მოუწოდებს და ერთი წლის ვადას აძლევს, შესაძლოა, საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს ამ დავაში.
მეგობრული შეთანხმება?
ფაქტია, რომ რუსეთს, რომელსაც უკვე აქვს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირების გამოცდილება, არ გაუჭირდება იმავეს გაკეთება საქართველოსთან მიმართებაშიც. თუმცა ორ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, რომ ერთი წლის ვადაში მიაღწიონ შეთანხმებას კომპენსაციის შესახებ. იმან, თუ რამდენად გამოიყენებენ მხარეები ამ შესაძლებლობას, სავარაუდოდ, გააუარესებს ან გააუმჯობესებს (სულ მცირე, არ დაძაბავს) ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ, ქართულმა მხარემ, მართალია, ეს ყველაფერი საქართველოს გამარჯვებად შეაფასა, მაგრამ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არ უცდია ამ საკითხით დამატებითი პოლიტიკური ქულების დაწერა. მეტიც, შინაგან საქმეთა მინისტრმა გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა: „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი, როგორიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში უნდა დაიწყოს ახალი სუფთა ფურცლიდან ურთიერთობა. და ეს, რაც იყო და რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა და ეს წარსულში იყო და წარსულს ჩაბარდა. ამ სასამართლოთი გაეცა ყველა კითხვას პასუხი.“ [18] რამდენად დამაკმაყოფილებელია ქართული მხარისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც საბოლოო შედეგი, ეს საკითხავია. თუმცა კომპენსაციის საკითხი მაინც დადგება დღის წესრიგში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ 150 დაზარალებული დგას განცხადების უკან.მართალია, კომპენსაციის ოდენობის, თუნდაც დაახლოებით დადგენა, ამ ეტაპზე ძალიან რთულია, მაგრამ, როგორც საქართველოს წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ლევან მესხორაძე,“ ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში აცხადებს, „იმ დარღვევებისა და ადამიანების რაოდენობის გათვალისწინებით, საკმაოდ დიდ თანხაზე იქნება საუბარი.“ [19] აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება დილემის წინაშე აღმოჩნდება. იმის გამო, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ხმაური არ მოჰყოლია და ხელისუფლებას არც კი უცდია, ასე ვთქვათ, პრესტიჟის აწევა, მარტივია დასკვნის გაკეთება, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია შეთანხმების მშვიდად და უხმაუროდ მიღწევით. შესაბამისად, რუსეთისა და საკუთარი დაზარალებული მოქალაქეების ინტერესებს შორის აღმოჩნდება მოლაპარაკებების დროს. ამგვარად, რუსეთის ინტერესების გათვალისწინება და დათმობაზე წასვლა, შესაძლოა, დადებითად აისახოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, ხოლო დაზარალებული თანამოქალაქეების ინტერესების მაქსიმალურმა დაცვამ – უარყოფითი გავლენა მოახდინოს მოსკოვთან ურთიერთობებსა და ნორმალიზაციის პროცესზე.
დასკვნა
საქართველო გამოწვევის წინაშე დგას რუსეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით. ქართულ მხარეს შეუძლია დათმობაზე წასვლა და, როგორც მინისტრმა ჭიკაიძემ განაცხადა, ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყება, მაგრამ ეს დააზარალებს დეპორტაციების მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეების სამართლიან ინტერესებს. მეორე მხრივ, რუსეთთან კონფრონტაცია კომპენსაციების საკითხზე ხელს შეუშლის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და ნორმალიზების პროცესს. ეს უკანასკნელი კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინასაარჩევნო დაპირება იყო და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მცდელობა არის ის, რაც არსებულ ხელისუფლებას საგრძნობლად განასხვავებს ნაციონალური მოძრაობისაგან. შესაბამისად, მოცემული პრობლემა უკვე მთავრობის იდენტობის საკითხი ხდება: “ქართული ოცნება“ ვერ მოიქცევა ისე, როგორც მოიქცეოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში. ხელისუფლებას მოუწევს ბეწვის ხიდზე გავლა, რომელსაც, სავარაუდოდ, ოპოზიციისგან უამრავი კრიტიკა მოჰყვება. მას ასევე მოუწევს დელიკატური ბალანსის დაცვა რუსეთისა და დეპორტაციით დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს შორის, რათა არ გაირთულოს მდგომარეობა რუსეთთან ურთიერთობებში და არ გამოიწვიოს დაზარალებულების უკმაყოფილება.
____________________________________________________________________________
[1] http://civil.ge/geo/article.php?id=28429
[2] http://civil.ge/geo/article.php?id=28429
[3] http://civil.ge/geo/article.php?id=15067
[4] http://civil.ge/geo/article.php?id=15067
[5] http://www.civil.ge/geo/article.php?id=13850
[6] http://civil.ge/geo/article.php?id=28429
[7] http://civil.ge/geo/article.php?id=28429
[8] http://civil.ge/geo/article.php?id=28429
[9] http://www.hrw.org/news/2010/10/21/russia-european-court-rules-gay-pride-ban-unlawful
[10] http://spectator.sme.sk/articles/view/38726/2/slovakia_ignores_court_deports_labsi_to_algeria.html
[11] http://www.bbc.com/news/uk-politics-25726319
[12] http://www.bbc.com/news/uk-politics-25726319
[13] http://www.bbc.com/news/uk-politics-25726319
[17] იხ.: https://www.youtube.com/watch?v=FlzSRU6BhEs
[18] http://medianews.ge/ge/strasburgissasamartlosgadatskvetilebaschikaidzemsamartlianiutsoda/81551