საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა სულ რაღაც 1028 დღეს გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად არ ყოფილა ერთი მიჯრით რამდენიმე თვეც კი, როდესაც რაიმე კრიზისი ან სამხედრო კონფლიქტი არ წარმოშობილიყო რესპუბლიკის საზღვრებთან თუ უშუალოდ მის ტერიტორიაზე. მსოფლიო ომის დასასრული, რუსეთის სამოქალაქო ომის გავლენა, მეზობელ აზერბაიჯანი-სომხეთის ომები, უშუალოდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვითი ომები სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან (1918 წელს) და საბჭოთა რუსეთთან (1920 წელს). ბოლშევიკური აჯანყებები გორის მაზრის ცხინვალისა და ჯავის რაიონებში, დუშეთის, რაჭის, შორაპნის, ზუგდიდისა და ოზურგეთის მაზრებში. ბოლშევიკური გამოსვლები და დენიკინური ავანტიურები სოხუმის ოლქში, პროოსმალური აჯანყება ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში და ასე შემდეგ.
უშუალოდ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებული კრიზისების გარდა გამოწვევები არსებობდა ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი სასურსათო კრიზისის მიმართულებით. მსოფლიო ომის შემდგომ სატრანზიტო არხების ბლოკირება, რუსეთის სამოქალაქო ომის ქაოსი და სამეზობლო კონფლიქტები, ფაქტობრივად სურსათის გარეშე ტოვებდა რესპუბლიკას, რომელიც დიდწილად სწორედ იმპორტირებულ მარცვლეულსა და ზოგადად იმპორტირებულ სურსთაზე იყო დამოკიდებული.
რესპუბლიკის მდგრადობის ძირითადი გარანტი შიდაპოლიტიკური სტაბილურობა გახლდათ, რომელიც ერთი კონკრეტული პარტიის – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის – და მისი ლიდერის ნოე ჟორდანიას ერთგვარი კულტის გარშემო კონსოლირდებოდა.
შიდაპოლიტიკური სტაბილურობა იძლეოდა საშუალებას რესპუბლიკას დაეგეგმა სისტემური პოლიტიკური პროგრამები სოფლის მეურნეობის, თვითმმართველობის, განათლების და სასამართლო სისტემის მიმართულებით. რესპუბლიკის პერიოდში დაგეგმილი რეფორმების საბოლოო შედეგები, საბჭოთა ოკუპაციის გამო, სამწუხაროდ მოქალაეებს არ შეუგრძვნიათ და უხილავთ. ყველა ეს რეფორმა დაინერგა და ფაქტობრივად უკვე მოქმედებდა, თუმცა რეფორმის ტექსტებშიც გაწერილი იყო, რომ საბოლოო მიზანი (სრული პოლიტიკური და ფინანსური დეცენტრალიზაცია, მიწების სრულად განაწილება კერძო საკუთრებად, მნიშვნელოვანი ნაწილის მუნიციპალიზაცია და ნაციონალიზაცია, სასამართლო სისტემის სრული დემოკრატიზაცია და სრული საყოველთაო განათლების უზურნველყოფა) ძირითადად 1923-1924 წლებისათვის იყო განსაზღვრული.
რესპუბლიკის მთავრობას განცალკევებული სისტემური პოლიტიკა ახალგაზრდებთან მიმართებაში არ განუხორციელებია, თუმცა განათლების რეფორმის დიდი ნაწილი სწორედ ქვეყნის მომავალი თაობებზე იყო გათვლილი. 1917-1918 წლებში გაკეთებული სხვადასხვა შეფასებებით რესპუბლიკაში წერა-კითხვის მცოდნეთა წილი 20%-ს არ აღემატებოდა. ახალგაზრდების აბსოლიტურ უმრავლესობას დაწყებით განათლებაზეც კი არ მიუწვდებოდა ხელი. 1870-იანი წლების ბოლოს თერგდალეულების მიერ წამოწყებული მოძრაობა, რომელიც ძირითადად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ეგიდით მიმდინარეობდა უმნიშვნელოვანესი იყო, თუმცა ეს რა თქმა უნდა ვერ დაფარავდა ფართო მასებს და ვერ უზრუნველყოფდა საყოველთაო განათლებას. ქშწკგს-ს საქმიანობის პარალელურად განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში აქტიურობდნენ სახალხო მასწავლებლები, რომლებიც საკუთარი ინიციატივებით ხსნიდნენ სკოლებს და ასწავლიდნენ სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს.
1918 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო სისტემური პოლიტიკის განხორცილება საყოველთაო განათლების დანერგვის მიმართულებით, რომლის მიზანიც იყო 1924 წლისათვის საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე 17 წლამდე მყოფ ყველა ახალგაზრდასათვის დაწყებითი განათლების ხელმისაწვდომობა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები ქმნიდა ასობით ახალ დაწყებით სკოლას, რომლებიც ქართულ, რუსულ, სომხურ, თურქულ (აზერბაიჯანულ), ბერძნულ, ოსურ და გერმანულ ენებზე ფუნქციონირებდა. როგორც საარქივო წყაროებიდან ირკვევა რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ შექმნილა აფხაზურენოვანი სკოლები, თუმცა სოხუმის ოლქის ცალკეულ სკოლებში აფხაზური ენა ისწავლებოდა. 1918 წლიდან 1921 წლამდე საქართველოში 1300-მდე ახალი სკოლა გაიხსნა, ამავდროულად მოსწავლეთა რაოდენობა 80 000-დან 165 000-მდე გაიზარდა.
1918 წლის შემოდგომიდან თფილისის ქართული უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტად გამოცხადდა და მასზე სრული პატრონაჟი სახელმწიფომ აიღო. შესაბამისად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფაქტობრივად პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებით ფუნქციონირებდა. სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტის პირდაპირი წესით დაფინანსებამ უზრუნველყო უნივერსიტეტში სწავლის საფასურის მიზერულამდე შემცირება, 1918-1921 წლებში სტუდენტები მხოლოდ სიმბოლურ გადასახადს იხდიდნენ, უნივერსიტეტის შემოსავლების 90%-ზე მეტი პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებაზე მოდიოდა. ადგილობრივი თვითმმართველობები უნივერსიტეტის სტუდენტებს უნიშნავდნენ სპეციალურ სტიპენდიებს იმ პირობით, რომ სწავლის დასრულების შემდგომ გარკვეული პერიოდი იმუშავებდნენ ადგილობრივ თვითმმართველობებში და თავიანთ ცოდნას მოახმარებდნენ ერობების განვითარებას.
საგაზეთო ცნობები ხშირად აღწერდნენ სტუდენტთა მძიმე სოციალურ ფონს. პრესა მოუწოდებდა ხელისუფლებას შეექმნა იაფფასიანი სასადილოები და საჩაიეები სტუდენტთათვის. საზოგადოებრივი ორგანიზაციები მართავდნენ საქველმოქმედო საღამოებს და „სტუდენტურ დღეებს“ ახალგაზრდების დასახმარებლად.
განათლების მიმართულებით ასევე მნიშვნელოვან პოლიტიკას წარმოადგენდა სახელმწიფო სტიპენდიით ნიჭიერი ახალგაზრდების ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გაგზავნა. პოლიტიკური ხელმძღვანელების აზრით ეს პროგრამა უზურნველყოფდა ქართული ინტელექტუალური სივრცით ევროპასთან ინტეგრაციას და პირიქით. ამასთან ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი მხატვრების – ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, შალვა ქიქოძის პარიზში სასწავლებლად გაგზავნა მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნეოდა თანამედროვე ევროპასთან კულტურული კავშირების გაბმის პროცესში. სახელმწიფოს სასტიპენდიო პროგრამით საბოლოო ჯამში 1919-1921 წლებში ასამდე ახალგაზრდამ ისარგებლა, მათ შორის იყვნენ შემდგომში ცნობილი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი, ცნობილი მეცნიერი კიტა ჩხენკელი და სხვა ათობით წარმატებული მეცნიერი, გამომგონებელი და ხელოვანი.
მართალია ოფიციალური სახელმწიფო პოლიტიკა არც სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით არ არსებობდა, თუმცა სახელმწიფოს ინსტიტუტები ხელს უწყობდა სპორტ საზოგადოება „შევარდენის“, რომლის მთავარი მიზანი ტან-ვარჯიშის პოპულარიზაცია, საქართველოსათვის ჯანსაღი, გამბედავი, მარდი და ტან სხარტი თაობის აღზრდა იყო. „შევარდენის“ საზოგადოებას აფინანსებდა სახალხო განათლების სამინისტრო, ერობათა წარმომადგენლები, ქალაქთა თვითმმართველობები და სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი გაერთიანებები. „შევარდენი“ ყოფილ სპორტსაზოგადოება „სოკოლის“ მემკვიდრე იყო, რომელიც 1889 წლიდან ფუნქციონერებდა საქართველოში.
„შევარდენის“ სპორტული საზოგადოების საქმიანობა იმდენად პოპულარული გახდა საზოგადოებაში, რომ 1920 წლისათვის ის 10 000 ახალგაზრდას აერთიანებდა. სპორტსაზოგადოებასთან თანამშრომლობით სახალხო განათლების სამინისტრომ სკოლებში დანერგა ტანვარჯიშისა და სპორტის სხვა სახეობების სწავლება. მთავრობის ხელშეწყობით და მონაწილეობით ახალგაზრდებისათვის იმართებოდა სპორტული შეჯიბრებები ტანვარჯიშში, ფეხბურთსა და სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
ახალგაზრდები, განსაკუთრებით კი მოსწავლეები და „შევარდენის“ წარმომადგენლები მუდმივად მონაწილეობდნენ დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღესასწაულში, ასევე სხვადასხვა სახალხო ზეიმებში და საერთო პოლიტიკურ დემონსტრაციებში.
საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, მართალია საწყის ეტაპზე ბოლშევიკური ხელისუფლება ბოლომდე არ ზღუდავდა საზოგადოებრივ ინიციატივებს, ცალკეული თავისუფალი საზოგადოებები ფუნქციონირებდა კიდეც, თუმცა, მალევე ახალგაზრდების თავისუფალი გაერთიანებები წევრები რეპრესიების მსხვერპლნი აღმოჩდნენ. „შევარდენის“ მოთავეები მუდმივად განიცდიდნენ რეჟიმის მიერ დევნას. ხოლო, 1919-1921 წლებში საზღვარგარეთ გაგზავნილი ახალგაზრდა მეცნიერების მნიშვნელოვანი ნაწილი, 1936-1938 წლებში საბჭოთა დიდი ტერორის მსხვერპლი აღმოჩდნენ.
1920-იან წლებში საბჭოთა რეჟიმმა ახალგაზრდობის მიმართულებით ახალი, სისტემური პოლიტიკა შეიმუშავა, რომლის მთავარი მიზანიც ახალი „საბჭოთა მოქალაქის“ აღზრდა იყო.
ირაკლი ირემაძე
ისტორიკოსი, “კავკასიური სახლის” აღმასრულებელი დირექტორი