ირაკლი ხორბალაძე,
რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი
აღნიშნული მოხსენება გაკეთდა კონფერენციის – „სამხრეთ კავკასია: მშვიდობისა და უსაფრთხოების რეგიონული არქიტექტურა“ – ფარგლებში, რომელიც გაიმართა ქალაქ ერევანში 2015 წლის 26-27 სექტემბერს. შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო აფხაზეთში ადამიანთა გადაადგილების საკითხი. ჩემი მოხსენებაც სწორედ აღნიშნული საკითხის მიმოხილვას ეძღვნება. მოხსენებაში მოკლედ შევეხები ისეთ თემებს როგორიცაა: თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზების უცხოეთში გადაადგილება, ქართველების გადაადგილება აფხაზეთის ტერიტორიაზე და აფხაზების გადაადგილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოიპოვა სრული იურიდიული და ფაქტობრივი კონტროლი აფხაზეთის ტერიტორიაზე, 2008 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთი აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. საქართველოს პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესია შეაფასა, როგორც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და 2008 წლის 23 ოქტომბერს მიიღო კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. აღნიშნული კანონით ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოცხადდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიები. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაწესდა საგანგებო მდგომარეობა და განსაკუთრებული სამართლებრივი მდგომარეობის რეჟიმი, რაც გამოიხატება ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების შეზღუდვით.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად აფხაზეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი აფხაზეთს ესაზღვრება გალის რაიონის მხრიდან, სამხრეთით. გალისა და ზუგდიდის დამაკავშირებელ საგზაო მონაკვეთზე განთავსებულია საკონტროლო გამშვები პუნქტები. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ყველა სხვა მიმართულებიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი განსაზღვრული გარემოებების (მაგალითად: კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარული მიზნებით შესვლა) არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს ამ პირთა აფხაზეთის ტერიტორიაზე სხვა მიმართულებიდან შესვლის უფლებას და ასევე მათ გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ასეთ შემთხვევაში პირი ვალდებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლამდე შეატყობინოს საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და ამ ტერიტორიებიდან გასვლის დრო.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც ისჯება ჯარიმით ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით 2009 – 2015 წლებში აღნიშნული ბრალდებით საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებული იქნა 333 ადამიანი.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის გამოვლენა როგორც წესი ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არ მქონე პირის მიერ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლის დროს სასაზღვრო შემოწმების გავლისას. ანუ, იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი პირი საქართველოში შემოსვლის მიზნით საკუთარ პასპორტს წარუდგენს საქართველოს მესაზღვრე ოფიცერს, რომელიც მის პასპორტში აღმოაჩენს აფხაზურ ან რუსულ შტამპს იმის დამადასტურებლად, რომ ეს პირი აფხაზეთში იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გვერდის ავლით.
2012 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის პოლიტიკა გარკვეულწილად უფრო შემსუბუქდა. ამ პერიოდში ინიცირებული იქნა კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის პირველად დარღვევისთვის პირის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ნაცვლად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა. ამ პროექტის თანახმად, თუ პირი პირველად დაარღვევდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესს, მას დაეკისრებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო განმეორებით დარღვევის შემთხვევაში – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული კანონის პროექტის განხილვა შეაჩერა.
საქართველოს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დამრღვევთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის ხსენებული პოლიტიკა ეფუძნება საქართველოს სუვერენულ უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორისაა აფხაზეთიც) საქართველოს თანხმობის გარეშე არ დაუშვას უცხო ქვეყნის არც ერთი მოქალაქე, რაც ჩვეულებრივ შემთხვევაში წარმოადგენს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის რეჟიმი ცხადია მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის აფხაზურ საზოგადოებას და აფხაზურ ეკონომიკას. აღნიშნული შეზღუდვის გამო გართულებულია აფხაზეთის მაცხოვრებლებთან უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათ შორის რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეების, რომლებიც ხშირად ნათესაურ კავშირში არიან აფხაზეთში მცხოვრებ პირებთან) სტუმრობა და ასევე აფხაზეთში ტურისტების შესვლა.
უნდა აღინიშნოს რომ საერთაშორისო გამოცდილებაც ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვას. მაგალითისთვის, ადამიანებისა და ტვირთების თავისუფალი გადაადგილების გარკვეული შეზღუდვის პოლიტიკა გვხვდება ჩრდილოეთ კვიპროსისა[1] და დნესტრისპირეთის[2] კონფლიქტურ ტერიტორიებზე. ამ ტერიტორიებზე, ისევე როგორც აფხაზეთში, უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა განსაზღვრული მიმართულებების გვერდის ავლით ითვლება კანონის დარღვევად.
2004 წელს, კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ჩრდილოეთ კვიპროსში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა შედარებით შემსუბუქდა. ეგრედ წოდებული მწვანე ზოლის შეთანხმებით გაიზარდა იმ ტერიტორიების ჩამონათვალი საიდანაც ჩრდილოეთ კვიპროსის ტერიტორიაზე შესვალა კანონიერადაა შესაძლებელი. ასევე შემოღებული იქნა მცირე ოდენობის საჯარიმო სანქცია აკრძალული ტერიტორიიდან ჩრდილოეთ კვიპროსის ტერიტორიაზე შესვლისთვის. ამ შემთხვევაში შეზღუდვების ლიბერალიზაცია ნაკარნახევია ევროკავშირის თავისუფალი გადაადგილების პოლიტიკით.
აფხაზების უცხოეთში გადაადგილება
ოკუპირებული ტერიტორიის სტატუსისა და არაღიარების პოლიტიკის ერთ-ერთ გვერდით მოვლენას წარმოადგენს აფხაზების უცხოეთში თავისუფლად გადაადგილების გართულებული მდგომარეობა.
იმის გამო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთს განიხილავს საქართველოს ნაწილად და არ აღიარებს მას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, აფხაზური პასპორტით უცხოეთში მოგზაურობა შეუძლებელია. აფხაზური პასპორტით გადაადგილების პრობლემა არსებობს იმ რამოდენიმე სახელმწიფოებშიც კი, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. ვინაიდან აღნიშნულ სახელმწიფოებთან, რუსეთის ფედერაციის გარდა, აფხაზეთს არ აქვს უშუალო საზღვარი, მათ შორის გადაადგილებისთვის საჭიროა საერთაშორისო საჰაერო ან საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება, სადაც ასევე არ მოქმედებს აფხაზური პასპორტი. რეალურად, რუსეთის ფედერაცია არის ის ერთადერთი ქვეყანა სადაც აფხაზებს აფხაზური პასპორტით შესვლა შეუძლიათ.
აღნიშნული პრობლემის გამოსავალი აფხაზებისთვის არის საქართველოს ან რუსეთის ფედერაციის პასპორტის აღება. ქართულ-აფხაზური ურთიერთობის გათვალისწინებით, ცხადია აფხაზთა ძალიან მცირე რაოდენობა იღებს ქართულ პასპორტს და შესაბამისად მცირეა აფხაზეთიდან იმ ადამიანთა რაოდენობა ვისაც ქართული პასპორტით უცხოეთში მგზავრობა შეუძლია.
აფხაზებისთვის უცხოეთში მგზავრობის ძირითად საშუალებას წარმოადგენს რუსული პასპორტი, რომელიც აფხაზეთში მასობრივად გაიცემა. რუსული პასპორტების გაცემა განსაკუთრებით ინტენსიური გახდა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ. რუსული პასპორტის მიღება გულიხმობს რუსეთის მოქალაქეობის მიღებას და შესაბამისად აფხაზებს, რომლებიც რუსულ პასპორტს ფლობენ, უცხოეთში მოგზაურობის შესაძლებლობა აქვთ როგორც რუსეთის მოქალაქეებს. თუმცა ზოგჯერ რუსული პასპორტის მფლობელებსაც აქვთ დასავლეთის ქვეყნებში შესვლის პრობლემა. კერძოდ, საუბარია აფხაზეთის ტერიტორიაზე გაცემულ რუსეთის ფედერაციის პასპორტებზე. იმ პირებს, რომელთა პასპორტების გაცემის ადგილადაც მითითებულია სოხუმი (აფხაზეთი), როგორც წესი სახელმწიფოები ვიზის გაცემაზე უარს ეუბნებიან.
უცხოეთში აფხაზების გადაადგილების კიდევ ერთ საშუალებას წარმოადგენს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი. თუმცა აღნიშნული დოკუმენტი აფხაზებისთვის ნაკლებად მიმზიდველია ორი გარემოების გამო: ერთი ის, რომ დოკუმენტი მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს მიერაა აღიარებული და ბევრ ქვეყანაში მოგზაურობის შესაძლებლობას არ იძლევა; ხოლო მეორე, დოკუმენტის მფლობელზე პატრონაჟს ახორციელებს საქართველო და აფხაზებს მაინც მოუწევთ შეხება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან. აღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ძალიან ცოტა ადამიანს აქვს აღებული.
აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გადაადგილება აფხაზებს თავისუფლად შეუძლიათ, ქართული და აფხაზური პასპორტებით. რუსული პასპორტით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსასვლელად აფხაზებისთვის, დაწესებულია იგივე სამართლებრივი რეჟიმი რაც რუსეთის დანარჩენი მოქალაქეებისთვის. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიძლება ასევე შევნიშნოთ ავტომანქანები აფხაზური სანომრე ნიშნებით. აფხაზები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკური საქმიანობისთვის, საქართველოს სახელმწიფო ჯანდაცვისა და განათლების პროგრამებით სარგებლობის მიზნით გადაადგილდებიან.
ქართველების აფხაზეთში გადაადგილება
აფხაზეთში ეთნიკური ქართველები ძირითადად გალის რაიონში ცხოვრობენ. გალელებს ზოგ შემთხვევაში ქართული, აფხაზური და რუსული პასპორტები ერთდროულად აქვთ. ქართული პასპორტით მათ შესაძლებლობა აქვთ თავისუფლად ისარგებლონ საქართველოს სახელმწიფო მომსახურებით და ასევე იმოგზაურონ უცხოეთში. აფხაზური პასპორტი ესაჭიროებათ აფხაზეთში გადაადგილებისთვის და ადგილობრივი მომსახურებით სარგებლობისთვის, ხოლო რუსული პასპორტი მათ საშუალებას აძლევს შეუფერხებლად იმოგზაურონ რუსეთის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამგვარი რეალობისა, ქართული პასპორტის ფლობა არ არის წახალისებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან და ზოგჯერ გარკვეული სანქციებიც კი ტარდება მათ მფლობელთა მიმართ. გასულ წლებში ადგილი ჰქონდა გალელი ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების მასობრივად ჩამორთმევის ფაქტებს, რაც ჟენევის მოლაპარაკების ფორმატშიც კი იქნა განხილული. აფხაზური მხარე ქართველებისთვის პასპორტების ჩამორთმევას ყალბი პასპორტების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებით ხსნიდა. ქართული მოსახლეობის აზრით კი ეს აფხაზეთში დაგეგმილ არჩევნებს უკავშირდებოდა. გალში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს აფხაზეთში შესვლის პრობლემა არ აქვთ, მათ შორის, არც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ამ შემთხვევაში აფხაზეთის ტერიტორიაზე შესასვლელად გამოიყენება აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან აფხაზური პასპორტი.
საქართველოს მოქალაქეებისთვის, გარდა გალელებისა, აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა ფაქტობრივად შეუძლებელია. არსებობს აფხაზეთში შესვლის ორი გზა, აფხაზეთში მცხოვრები პირის მიერ მოწვევა, ან აფხაზეთში ვიზიტის თხოვნით მიმართვა აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის. ამ უკანასკნელ შემთხვევაში აფხაზური უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს განმცხადებლის პიროვნებას, რის საფუძველზეც დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ან გასცემს აფხაზეთში შესვლის ნებართვას, ან აფხაზეთში შესვლაზე უარს ეუბნება განმცხადებელს. საქართველოს მოქალაქეები როგორც წესი აღნიშნული გზით ნაკლებად სარგებლობენ. აფხაზეთში შესვლის შედარებით უფრო იოლი გზაა აფხაზეთში მცხოვრები პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის გამოგზავნილი მოწვევა. ასეთ შემთხვევაში, მომწვევი პირი ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს წინასწარ ატყობინებს ინფორმაციას მოწვევის წერილისა და მოწვეული პირის შესახებ, რის საფუძველზეც ენგურის ხიდზე, ე.წ ქართულ-აფხაზურ საზღვარზე რუსი მესაზღვრეები საქართვლოს მოქალაქეს უშვებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე. მართალია აფხაზეთში შესვლის აღნიშნული გზა შედარებით უფრო გავრცელებული ფორმაა, თუმცა არც ამ გზითაა გარანტირებული საქართველოს მოქალაქის აფხაზეთში შესვლა.
ყოველივე ის რაზეც ამ მოკლე მოხსენებაში გვქონდა საუბარი, ნამდვილად გვიტოვებს უკეთესი მომავლის სურვილს. თანამედროვე სამყაროში საზოგადოების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია გადაადგილების რეალური თავისუფლება. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები და აფხაზები ოდესღაც აუცილებლად მოვძებნოთ თუნდაც ამ კონკრეტული პრობლემის უკეთესად მოგვარების გზას.
__________________________________
[1]იხილეთ: Crossing Points – «Green Line» Regulations. Customs and Excise Department of MOF of Republic of Cyprus.http://www.mof.gov.cy/mof/customs/customs.nsf/All/05AEEF243C9BFC8BC22572BF002D0A28?OpenDocument[ნანახი 22.12.2015]
[2]იხილეთ: МИД ПМР: Молдавия готовит новые санкции против граждан РФ и Украины, проживающих в Приднестровье. Regnum.13.06.2013. http://regnum.ru/news/1671194.html[ნანახია 22.12.2015];
Очередной удар по свободе передвижения граждан России и Украины.МИД Приднестровской Молдавской Республики. http://mfa-pmr.org/ru/Lvj[ნანახია 22.12.2015]