ფსონად დადებული სიცოცხლე
ბოლო ათწლეულში აზარტული თამაშები ქართული ეკონომიკისა და საზოგადოების ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად იქცა. აზარტული თამაშებისგან გამოწვეული პრობლემები წლიდან წლამდე მწვავდება, თუმცა საგანგაშო სტატისტიკისა და ფაქტების ზრდის მიუხედავად, ქვეყნის ხელისუფლება სიტუაციის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს. ბუკმეიკერული კომპანიები საქართველოს ეკონომიკის პარაზიტებად იქცნენ. ისინი ქვეყნის ეკონომიკიდან ყოველწლიურად მილიარდობით თანხებს ისრუტავენ, საიდანაც ბიუჯეტში მინიმალური თანხები მიემართება. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული მოსახლეობის რაოდენობის მასშტაბურობიდან გამოდინარე, გემბლინგმა ქართული საზოგადოების თითქმის ყველა ასაკობრივი კატეგორია მოიცვა, თუმცა პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით ახალგაზრდებში ვლინდება.
გემბლინგი XXI საუკუნის ერთ-ერთი სენია. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას მეცნიერულ ენაზე ლუდომანია ეწოდება, რომელიც თავისი მასშტაბითა და საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების დოზით ნარკომანიას არაფრით ჩამოუვარდება. გემბლინგს ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებები ახასიათებს – კერძოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რაც აზარტული თამაშების მიმართ ავადმყოფურ ლტოლვას იწვევს. ღარიბ ქვეყანაში აზარტულ თამაშებში საზოგადოება არა გართობის, არამედ შემოსავლის მიღების იმედად ერთვება, თუმცა შედეგად კიდევ უფრო ღარიბდება, რასაც თამაშდამოკიდებულებაც ემატება. მიუხედავად იმისა, რომ განვითარებული მსოფლიო უკვე დიდი ხანია შეთანხმდა ლუდომანიის უარყოფით გამოვლინებებზე და მათ შესამცირებლად ყველაფერს აკეთებს, საქართველო აზარტული კომპანიებისთვის კვლავ სამოთხედ რჩება.
ბიზნესი, რომელიც თავისი მასშტაბებით ყველას ჩრდილავს
საქართველოში აზარტული თამაშების ბიზნესი ყველაზე მსხვილი სექტორია. დაუჯერებელია, მაგრამ ოფიციალური მონაცემებით დასტურდება, რომ ყველა ონლაინ კაზინო ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების რიცხვში შედის.
ასე მაგალითად, “საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, აზარტული თამაშები ქვეყნის წამყვანი ბიზნესსექტორია და ბრუნვის მოცულობით ყველაზე მაღალშემოსავლიან TOP-10 კომპანიას შორის 6 სათამაშო ბიზნესის წარმომადგენელია. პრაქტიკულად ათეულშია ყველა ონლაინ კაზინო, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს და სავარაუდოდ მათი რაოდენობა მეტი რომ იყოს, TOP-10 მთლიანად კაზინოებისგან დაკომპლექტდებოდა. აზარტულმა თამაშებმა დაჩრდილა ყველა სხვა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი და ათეულში მათ გარდა მხოლოდ “ჯორჯიან მანგანეზი”, “სოკარ ჯორჯია გაზი”, “ენერგო–პრო ჯორჯია” და “ტოიოტა კავკასია” მოხვდნენ.
საქართველოში რომ აზარტულ თამაშებში დიდი ოდენობით თანხები იხარჯება, ამაზე ბოლო წლებში სექტორის გეომეტრიული პროგრესიით მზარდი შემოსავლების სტატისტიკა ნათლად მეტყველებს. კერძოდ, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული საწარმოების ბრუნვა ბოლო 10 წელიწადში თითქმის 200-ჯერ გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, თუ 2009 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 74,7 მილიონი ლარი იყო, 2012 წლისთვის მან 1 მილიარდს, 2017-ში 5 მილიარდს, ხოლო 2018 წელს 13,8 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სათამაშო ბიზნესი უფრო დიდია, ვიდრე მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და ა.შ..
მითები კაზინოების მიერ ბიუჯეტში დიდი ოდენობით თანხების გადახდის შესახებ და მიზერული შემოსავლების ანაბარა დარჩენილი ბიუჯეტი
მედიის მეშვეობით ხშირად გაიგებთ, რომ აზარტული თამაშების ბიზნესის შეზღუდვა ან უკიდურეს შემთხვევაში აკრძალვა როგორც ქვეყანას, ისე სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით თანხებს დააკარგვინებს, რაც, უბრალოდ, ტყუილია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. მაგალითად, აზარტული თამაშებიდან მიღებული ყველა სახის გადასახადი და მოსაკრებელი ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტი იღებს თამბაქოს აქციზის სახით. ეს მაშინ, როცა სათამაშო ბიზნესი ბრუნვის სიდიდით მნიშვნელოვანწილად აღემატება თამბაქოს ბრუნვის მოცულობას. სტატისტიკური მონაცემებით, აზარტული თამაშების ბიზნესში 170-მდე სუბიექტი ოპერირებს და 7.7 ათასი ადამიანია დასაქმებული.
2018 წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 136.5 მლნ ლარი შევიდა, რაც იმავე წლის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 1,4%, ხოლო მთლიანი შემოსულობების 1,1%. აღნიშნული თანხა 2017 წლის მონაცემს 17 მლნ ლარით, ხოლო 2014 წლის მონაცემს კი 71.6 მლნ ლარით აღემატება. მოსაკრებლის მატება საქართველოში ახალი კაზინოების გახსნას უკავშირდება. სათამაშო ბიზნესის მიერ გადახდილი მოსაკრებელი 2018 წელს შემდეგნაირად ნაწილდებოდა: სათამაშო აპარატებიდან – 75 მლნ ლარი; ზრდა წინა წელთან შედარებით 6.7 მლნ ლარი; წამახალისებელი გათამაშებიდან – 5 მლნ ლარი; ზრდა წინა წელთან შედარებით 2.7 მლნ ლარი; სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან – 13.2 მლნ ლარი (2017 წელთან შედარებით 4 მლნ ლარით ნაკლები); სამორინეს მაგიდიდან – 41.3 მლნ ლარი; ზრდა წინა წელთან შედარებით 12.5 მლნ ლარი. სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა და მთლიანი საგადასახადო შემოსავლებში პროცენტული წილი ბოლო 5 წელში შემდეგნაირი იყო:
2018 -136.5 მლნ ლარი (ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 1,4%);
2017 – 119.5 მლნ ლარი (1,3%);
2016 – 73.3 მლნ ლარი (0,86%);
2015 – 68.9 მლნ ლარი (0,85%);
2014 – 64.9 მლნ ლარი (0,96%);
რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, საქართველო კაზინოებისთვის ფინანსურ სამოთხედ რჩება და უკეთესი ადგილია, ვიდრე მსოფლიოს აზარტული თამაშების ისეთი ცენტრები, როგორიცაა: ლას ვეგასი, მონაკო ან მაკაო, რაც ამ სექტორის დაბალი გადასახადებით დაბეგვრის შედეგია. საქართველოში კაზინოების მოსაკრებლები რეგიონების მიხედვით ვარირებს, რაც, საერთო ჯამში, კომპანიების ბრუნვის 1%-საც არ შეადგენს მაშინ, როდესაც აზარტული თამაშები ყველა განვითარებულ ქვეყანაში მაღალი გადასახადებით იბეგრება. ასე მაგალითად:
სინგაპური – 15% GGR (Gross Gaming Revenue (მოთამაშეების მიერ დადებულ მთლიან თანხას გამოკლებული მოგებული თანხის ოდენობა));
მაკაო – 40% GGR;
ავსტრალია – 62,5%-მდე GGR;
დანია – ონლაინ ტოტალიზატორი – 20% GGR, კაზინო – 45-75% GGR;
ჩეხეთი – 19% + მოგების 35%;
ლუქსემბურგი – 10-80% GGR;
ავსტრია – 35-80% GGR;
ფინეთი – კაზინო 10% GGR; მოგებული თანხის 30%.
აშშ – 20% GGR, + მოგებული თანხის 25%-ს.
აზარტი, რომელიც კლავს
არასამთავრობო ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ მონაცემებით აზარტული თამაშები სუიციდზე აწყობილი ბიზნესია და შემაშფოთებელი სტატისტიკა აქვს, რომლის მიხედვითაც, 2019 წელს 17-მა ახალგაზრდამ თავი თამაშებზე დამოკიდებულების გამო მოიკლა, 7-მა კი თვითმკვლელობა სცადა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია გარდაცვლილთა ასაკი, რომელიც 14-წლიდან 31-წლამდე მერყეობს. ამის პარალელურად დღეისათვის პენიტენციალურ სისტემაში არსებული 3000 პატიმრიდან 856 აზარტული თამაშების გამო ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის სასჯელს.
ცნობისთვის, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან აზარტული თამაშების რეკლამირება აიკრძალება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით. ამ მოვლენას წინ უძღოდა ტელევიზიის 29 წლის თანამშრომელი მამაკაცის სუიციდის ფაქტი. სათამაშო ბიზნესის რეკლამა 2016 წლის 15 თებერვლიდან აკრძალულია „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ ყველა პლატფორმაზეც.
ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნაცვლად, კაზინოების ინტერესებს ლობირებს
ერთი შეხედვით, ყველაფერი ნათელია, ღარიბ ქვეყანაში აზარტულ თამაშებში საზოგადოება არა გართობის, არამედ შემოსავლის მიღების იმედად ერთვება, თუმცა შედეგად კიდევ უფრო ღარიბდება და სიღარიბეს თამაშდამოკიდებულებაც ემატება. ამ პირობებში, ხელისუფლებამ აზარტული თამაშები ან სრულად უნდა აკრძალოს, როგორც ეს ბევრ ქვეყანაშია, მათ შორის თურქეთი, აზერბაიჯანი და სხვა… ან მათ შეზღუდვები დაუწესოს, ევროპული და ამერიკული პრაქტიკის შესაბამისად. ამით სათამაშო ბიზნესით გამოწვეული სოციალური ზიანი შემცირდება და ბიუჯეტში შემოსავლები გაიზრდება. თუმცა წლებია ამ მიმართულებით არაფერი კეთდება. პირიქით, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად კაზინოების ინტერესების დამცველებად გვევლინებიან და ყველანაირად ცდილობენ, თვალი დახუჭონ იმ მძიმე ფაქტებსა და სტატისტიკაზე, რაც ამ სექტორთან არის დაკავშირებული.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან მუდმივად გვესმის დაპირებები, რომ სათამაშო ბიზნესს აუცილებლად დაარეგულირებენ. თუმცა 8 წელი გავიდა, 5 პრემიერი შეიცვალა და სათამაშო ბიზნესი კვლავ თავის ნებაზეა მიშვებული. ჯერ კიდევ 2016 წლის იანვარში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ე.წ. ინტერნეტ-კაზინოების მიმართ ძალიან მკაცრი რეგულაციების დაწესების დაპირება გასცა.
“აზარტულ თამაშებს რაც შეეხება, თქვენ ახსენეთ ინტერნეტ-კაზინოები. მე საფუძვლიანად შევისწავლი ამ საკითხს. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი, თუ არ იქნა ძალიან მკაცრი რეგულაციები. მე უბრალოდ მინდა გავერკვე, როგორ შეიძლება ამ ტიპის ბიზნესში მკაცრი რეგულაციების აღსრულება. თუ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი რეგულაციების აღსრულება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, შესაძლოა, სხვა ტიპის ზომებიც მივიღოთ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საფუძვლიანად შევისწავლით ამ საკითხს და შევეცდებით, რომ ის ზიანი, რომელიც მოქალაქეებისთვის მოაქვს ამ ბიზნესს, თავიდან იქნას აცილებული”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე.
პირველად ხელისუფლებამ აზარტული თამაშების სფეროს დარეგულირებაზე საუბარი ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ დაიწყო, როდესაც გადაწყვიტა, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეეტანა და რეგულირება გაემკაცრებინა. ხშირი იყო 2012 წლის მოწვევის პარლამენტში ამ საკითხზე საუბარი, თუმცა კანონპროექტს დღის სინათლე არ უნახავს. მეცხრე მოწვევის პარლამენტში თემა ისევ აქტუალური გახდა, შეიქმნა პარლამენტის წევრებითა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური სამუშაო ჯგუფიც. 2017 წლის ნოემბერში კანონპროექტზე მუშაობაც დასრულდა, თუმცა მისი მიღება კვლავ დროში „გაიჭედა“. შესაბამისად, როდის შეიტანს პარლამენტი კანონში ცვლილებას, უცნობია. დღემდე პარლამენტმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ აზარტული თამაშების რეკლამირების შეზღუდვის შესახებ არსებული კანონპროექტი განიხილა და ისიც ჩააგდო.
დასკვნის ნაცვლად
აზარტული თამაშების ბიზნესი დიდი სისწრაფით ზრდას განაგრძობს. მიუხედავად არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდებისა, რომ საქართველოში აზარტულ თამაშებში ფულის გათეთრების სერიოზული ნიშნები იკვეთება, ხელისუფლებას არცერთ მათგანზე არ მოუხდენია რეაგირება. საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის სწრაფი ზრდის საკითხი 2018 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხვდა: „ქვეყანაში სათამაშო ინდუსტრიის სწრაფი ტემპებით ზრდა, ფულის გათეთრების წინააღმდეგ შემუშავებული სტრატეგიისა და ზედამხედველი მარეგულირებელი ორგანოს ნაკლებობა შეშფოთებას იწვევს“, – წერია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშში.
ხელისუფლებას აზარტული თამაშების მოთოკვისკენ არც საზოგადოების მკვეთრმა უარყოფითმა დამოკიდებულებამ უბიძგა, – სოციალური გამოკითხვებით მოსახლეობის 92% უარყოფითად არის განწყობილი ამ ინდუსტრიის მიმართ და მიაჩნია, რომ ის საერთოდ უნდა აიკრძალოს (63%) ან შეიზღუდოს (29 %).
არც პატრიარქის მოწოდებამ უშველა – „ნარკომანია, აზარტული თამაშები თუ უზნეო ცხოვრების წესი ათასობით ახალგაზრდას იწირავს და ეს დანაშაულებანი ჩვენგან პასუხს ითხოვს“, – აღნიშნულია ილია მეორის 2019 წლის საშობაო ეპისტოლეში.
როდის გადაწყვეტს პარლამენტი კანონმდებლობის გამკაცრებას, უცნობია. ფაქტი კი ერთია, რომ ხელისუფლების უმოქმედობით თუ მფარველობით სათამაშო ბიზნესი ქართული ეკონომიკის პარაზიტად იქცა. ის ფინანსურ რესურსი კი, რომელსაც ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილები შეიძლება შეექმნა ან/და ადგილობრივი წარმოება განევითარებინა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ოფშორულ კომპანიებში გაედინება.
მერაბ ჯანიაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი
სტატია დაიწერა კავკასიური სახლისა და International Alert-ის პროექტის “ახალგაზრდული დიალოგი სამოქალაქო აქტივიზმისთვის” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ.