ნინო ზუბაშვილი, დავით სიჭინავა და The Caucasus Datablog
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა გააჩინა კითხვები საქართველოში საომარი მოქმედებების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით, არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ქართველები ეწინააღმდეგებიან სამხედრო ძალის გამოყენებით გადაწყვიტონ კონფლიქტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
რუსეთ-უკრაინის ომმა გააჩინა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შიში, რომ შესაძლოა მოსალოდნელი იყოს საქართველოს სამხედრო აგრესია მათ წინააღმდეგ. როდესაც რუსეთმა მოახდინა თავისი ჯარის მობილიზება უკრაინის საზღვრებთან, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა, რათა თავიდან აიცილონ “საქართველოს ხელისუფლების შესაძლო პროვოკაცია”, ხოლო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო თავისი ჯარის ინსპექცია.
მიუხედავად დასპონსორებული ვიდეოებისა, რომელთა მიზანი იყო საქართველოს მხრიდან სამხედრო რეაგირების პროვოცირება, ისევე როგორც დასავლელი კომენტატორების დასმული კითხვები, რამდენად მოსალოდნელი იყო საქართველოს მხრიდან ამგვარი სამხედრო მცდელობა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა რაიმე მინიშნება ამ ორ რეგიონში რაიმე სამხედრო შემოჭრის თაობაზე. არც ხელისუფლებასთან დაკავშირებულ მედიას არ გამოუთქვამს რაიმე მოსაზრება ამგვარი ქმედების სასარგებლოდ.
მეტიც, საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ საერთოდ უარყოფს სამხედრო გადაწყვეტის ძიებას და მიზნად ისახავს მშვიდობიანი გზებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „სრული დეოკუპაციის“ მიღწევას.
ახლახან გამოქვეყნებული CRRC-საქართველოსა და კავკასიური სახლის მიერ ჩატარებული ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობისა და სამშვიდობო მშენებლობაში მონაწილეობის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ახალგაზრდები მხარს უჭერენ სწორედ ამგვარ პოლიტიკას. აღნიშნული კვლევა ჩატარდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა (UK) და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის COBERM (ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი) ფინანსური მხარდაჭერით,
რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა 2021 წლის ზაფხულში და გამოკითხულ იქნა 18-29 წლის 1116 საქართველოს მოქალაქე.
ერთ-ერთი კითხვა შემდეგნაირად იყო ფორმულირებული:„კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უნდა მოგვარდეს ძალის გამოყენებით თუ მოლაპარაკებების გზით?“
ქართველი ახალგაზრდების აბსოლუტურმა უმრავლესობამ (95%) განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ მოლაპარაკებებს და არა ძალის გამოყენებას. მხოლოდ 2%-მა გამოთქვა მოსაზრება, რომ კონფლიქტები ძალის გამოყენებით უნდა მოგვარდეს, 3%-ს კი ჩამოყალიბებული პასუხი არ გააჩნდა.
საქართველოს ახალგაზრდების უმრავლესობა შერიგებისა და წარსულში საომარი მოქმედებების დავიწყების მომხრე იყო. თითქმის ორი მესამედი (62%) თანხმდებოდა, რომ აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობის დასამყარებლად აუცილებელი იყო წარსულის დავიწყება და მომავალზე ერთობლივი ფიქრი. დაახლოებით იგივე წილმა (64%) განაცხადა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ჩვეულებრივი ადამიანები იმდენადვე არიან ამ კონფლიქტების მსხვერპლნი, როგორც თავად ქართველები.
ამავდროულად, ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობა (60%) არ ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველებმა მოვუხადოთ ბოდიში აფხაზებსა და ოსებს ქართული მხარის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო“. მეხუთედი (19%) არც ეთანხმებოდა და არც არ ეთანხმებოდა ამ აზრს, ხოლო 11% ეთანხმებოდა მას. კიდევ 10% იყო გაურკვეველი ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე.
გარდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერისა, ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობამ (66%) განაცხადა, რომ მზად იყო მონაწილეობა მიეღო შერიგების პროცესში. ასეთივე აზრს გამოთქვამდნენ უფრო მეტად ისინი, ვინც დასაქმებული იყო (72%), იმ რესპონდენტებთან შედარებით, რომლებიც არ მუშაობდნენ (62%).
ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იცნობდნენ იმჟამად სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ პირს, უფრო მეტად სურდათ მონაწილეობა მიეღოთ შერიგების მცდელობებში (77%), ვიდრე მათ, ვისაც იქ ნაცნობები არ ჰყავდა (68%). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აფხაზეთში ნაცნობების ყოლის ფაქტი არ იყო კორელირებული შერიგების პროცესში მონაწილეობის სურვილთან.
ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ კარგად იყვნენ ინფორმირებულები კონფლიქტების შესახებ, უფრო მეტად გამოხატავდნენ მზადყოფნას მონაწილეობა მიეღოთ შერიგებაში (82%), ვიდრე უფრო დაბალი ინფორმირებულობის მქონე პირები (57%).
ისინი, ვინც თანახმა იყვნენ, რომ ქართველებმა უნდა დაივიწყონ წარსული და აფხაზებთან და ოსებთან ერთად იფიქრონ მომავალზე, ასევე უფრო მიდრეკილნი იყვნენ შერიგების მცდელობებში მონაწილეობისადმი (75%), ვიდრე ისინი, ვინც დავიწყების წინააღმდეგები იყვნენ (56%). მიუხედავად ამისა, ორივე ჯგუფის უმრავლესობას სურდა მონაწილეობის მიღება სამშვიდობო აქტივობებში.
CRRC-საქართველოს/კავკასიური სახლის კვლევის შედეგები ასახავს ზოგადად ქართველების მშვიდობიან დამოკიდებულებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ.
უფრო ადრეულმა – 2020 წლის აპრილში „შერიგების რესურსებისთვის“ (Conciliation Resources) ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართველთა უმრავლესობას (71%), ასაკის მიუხედავად, სჯეროდა, რომ საქართველოს მთავრობას შეეძლო გამოეჩინა მეტი ინიციატივა და გაეუმჯობესებინა ურთიერთობები ქართულ და აფხაზ საზოგადოებებს შორის.
საზოგადოების დიდმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პირდაპირ დიალოგს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან (70%). შემდეგი ყველაზე ხშირად მხარდაჭერილი ნაბიჯი იყო საერთო ინტერესების იდენტიფიცირება და პრობლემების ერთობლივი გადაწყვეტის გზების შემუშავება (48%).
რუსეთის უკრაინასთან ომის ფონზე, ისევე როგორც 2020 წლის მთიან ყარაბაღში მომხდარი ომის ფონზე, გაჩნდა იმის შიში, რომ შესაძლებელი იყო საქართველოს მხრიდან სამხედრო ესკალაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ. თუმცა, არც ადგილზე არსებული რაიმე ნიშნები და არც საქართველოში არსებული საზოგადოებრივი აზრი არ ავლენს მხარდაჭერას ამგვარი მცდელობის მიმართ.
ქართული საზოგადოება, ახალგაზრდების ჩათვლით, თავის აბსოლუტურ უმრავლესობაში ეწინააღმდეგება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს ფარგლებში იძულებით ხელახლა შემოერთებას და უმეტესობა მხარს უჭერს იქაურ საზოგადოებებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.
მიუხედავად იმისა, რომ აქ წარმოდგენილი მონაცემები შეგროვდა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, და საზოგადოებრივი აზრი შესაძლოა მკვეთრად შეიცვალოს პოლიტიკური სიტუაციის ცვლილების ფონზე, ეს მონაცემები კარგი შეხსენებაა იმისა, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის მისი ახალგაზრდობა ეძებს მშვიდობას და არა ომს.
შენიშვნა: სტატიაში გამოყენებული მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ CRRC-ის ონლაინ მონაცემთა ანალიზის გვერდზე.
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Open Caucasus Media-ზე.
ამ სტატიაში გამოთქმული ყველა შეხედულება, ადგილის სახელწოდება და ტერმინოლოგია მხოლოდ ავტორების პასუხიმგებლობაა და შესაძლოა არ ასახავდეს OC Media-ს სარედაქციო საბჭოს, CRRC-საქართველოს, კავკასიური სახლის თუ რომელიმე სხვა დაკავშირებული ორგანიზაციის შეხედულებებს. კვლევის მეთოდოლოგია და ანალიზი წარმოადგენს მისი განმახორციელებლის ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას და არცერთ შეთხვევაში არ უნდა იქნას აღქმული, როგორც UK-ის ან UNDP-ს მოსაზრება.
ანალიზი ჩატარდა მულტინომინალური რეგრესიის გამოყენებით. შერიგების პროცესში მონაწილეობის სურვილის რეგრესიის მოდელი მოიცავდა შემდეგ ცვლადებს: სქესი (კაცი ან ქალი), ასაკობრივი ჯგუფი (18-23 ან 24-29), ეთნიკური ჯგუფი (ეთნიკური ქართველი ან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი), დასახლების ტიპი (დედაქალაქი, სხვა ქალაქი, სოფელი), განათლების დონე (საშუალო ან უფრო დაბალი განათლება, ან საშუალოზე მაღალი განათლება), დასაქმების მდგომარეობა (მუშაობს თუ არა), სამუშაოს დაკარგვის გამოცდილება პანდემიის გამო (დაკარგა სამუშაო თუ არა), აღქმული ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობის რანჟირება (დაბალი, საშუალო, მაღალი), დევნილის სტატუსი (1989 წლის შემდგომ კონფლიქტის გამო იძულებით გადაადგილებული პირი, თუ არა), პარტიული კუთვნილება (მმართველი პარტია, ოპოზიცია, პარტიული არ არის, არ ვიცი/უარი პასუხზე), და ხანგრძლივი მოხმარების საგნების ფლობის ინდექსი. ანალიზის ფარგლებში შემოწმებული არადემოგრაფიული ცვლადები მოიცავდა მიმდინარე ინტერესს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ (დაინტერესებული, ნეიტრალური, არ არის დაინტერესებული), დაინტერესება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკით (დაინტერესებული, ნეიტრალური, არ არის დაინტერესებული), ნაცნობების ყოლა აფხაზეთში და /ან სამხრეთ ოსეთში (ყოლა, არ ყოლა), აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებში გარკვეულობა (კი, ნეიტრალური, არა), დამოკიდებულება მშვიდობისთვის წარსულის დავიწყებისა და მომავალზე ერთად ფიქრის აუცილებლობისადმი (ვეთანხმები, ნეიტრალური, არ ვეთანხმები); დამოკიდებულება იმ აზრის მიმართ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანები ისევე არიან კონფლიქტის მსხვერპლნი, როგორც ქართველები (ვეთანხმები, ნეიტრალური, არ ვეთანხმები)
სტატიაში ნახსენები კვლევა მომზადდა გაერთიანებული სამეფოს ფონდის „მდგრადი მშვიდობისთვის – COBERM-ის დამატებითი ფინანსური ინსტრუმენტი“ მხარდაჭერით, რომელიც წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა (UK) და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივ ინიციატივას. კვლევის შინაარსი წარმოადგენს CRRC საქართველოსა და კავკასიური სახლის ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას და არცერთ შეთხვევაში უნდა იქნას აღქმული, როგორც UK-ის ან UNDP-ს მოსაზრება.
