ინგლისისა და საქართველოს სამოქალაქო და საეკლესიო ნაცნობობის ძველი ისტორია ფართო საზოგადოებისათვის თითქმის სრულიად უცნობია. შესაძლებელია, ბევრმა კიდეც გაიკვირვოს და იფიქროს: ღრმა წარსულში, ტექნიკური პროგრესის წინა ხანაში, რა ნაცნობობა და ურთიერთობა მოხერხდებოდა მანძილით ესოდენ დაშორებულ რეგიონებს შორის? ვფიქრობთ, ამ და მსგავსი შეკითხვების მქონეთა რაოდენობა დიდია, რადგან ეს საკითხი დღემდე მონოგრაფიულად შესწავლილი არაა. ამასთანავე: თუკი სპონტანურად რამე შესწავლილა და აკადემიურ სივრცეში გამოქვეყნებულა, მასზე რიგით მკითხველებს ძნელად მიუწვდებათ ხელი. არადა ვიცით, რომ ამ უბანზე რამდენიმე მკვლევარმა იმუშავა და არაერთი ცნობა და დოკუმენტი მოიძია. მათი გამოვლენის, შესწავლისა და ქართველი მკითხველის წინაშე წარმოჩენისათვის ჩვენგან მადლობას პირველ რიგში დევიდ ლანგი, მედეა სურგულაძე, გურამ შარაძე, მედეა აბაშიძე, ჯემალ სტეფნაძე და ნატალია ორლოვსკაია იმსახურებენ. აღსანიშნავია, მანანა ქუთათელაძის ნაშრომი, რომელიც გვკარნახობს, რომ მოცემული დარგის ერთგულ მუშაკთა წრეს ახალი სახელები და სახეები დავამატოთ _ მზია ებანოიძე და თომა ლიპარტიანი.
დასახელებული მკვლევრების მეშვეობით ჩვენ უკვე არა ერთი და ორი პირველხარისხოვანი მასალის გაცნობის შესაძლებლობა გვაქვს და იმის პერსპექტივაც ჩანს, რომ დღემდე მოძიებული და ხელმისაწვდომი წყაროების სპექტრი ადრე თუ გვიან კიდევ უფრო გამდიდრდება და სამეცნიერო მიმოქცევაში ახალი და საყურადღებო მასალა შემოვა.
ირკვევა, რომ ინგლისისა და საქართველოს მკვიდრ მოსახლეებს ერთმანეთის შესახებ საგნობრივი და შინაარსობრივი ცოდნა თუ რწმენა-წარმოდგენები ადრეულ შუასაუკუნეებშიც ჰქონდათ.
სტატიის სრულად წასაკითხად ეწვიეთ ბმულს:
ნუგზარ პაპუაშვილი (2025) რამდენიმე შტრიხი ინგლის-საქართველოს სარწმუნოებრივ ურთიერთობათა წარსულიდან.