ავტორი: დევიდ ჰარვი
ნიუ-ორკის საქალაქო უნივერსიტეტის” (CUNY) ანთროპოლოგიისა და გეოგრაფიის პროფესორის, დევიდ ჰარვის საჯარო ლექცია, რომელიც მან 2007 წელს მოსკოვში ყოფნისას წაიკითხა. ჰარვი კარლ მარქსის „კაპიტალზე“ დაყრდნობით აანალიზებს პარიზისა და ნიუ-იორკის ურბანული განვითარების ისტორიას, რაც, ორივე შემთხვევაში ქალაქების ნეოლიბერალიზაციით დასრულდა.
თარგმნა: მარიამ გაჩეჩილაძემ
გიორგი დერლუგიანი: დევიდ ჰარვი ინგლო-ამერიკელი გეოგრაფი, სივრცითი ანალიზის სკოლის წარმომადგენელი, ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი ადამიანია. 90-იან წლებში ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გეოგრაფი იყო. ყველას გსმენიათ ტერმინი „რადიკალური გეოგრაფია“? პროფესორი ჰარვი ამ მიმართულების ერთ-ერთ დამფუძნებლად ითვლება. საერთოდ, გეოგრაფიას ძალიან საინტერესო რამ დაემართა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს დისციპლინა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ჟიულ ვერნის დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დროს, XIX საუკუნეში ყველგან იყო გახსნილი გეოგრაფიული განყოფილებები. თუმცა XX საუკუნეში გაუგებარი გახდა, თუ კონკრეტულად რითია ეს მეცნიერება დაკავებული, ამიტომაც გეოგრაფები დაკავდნენ ყველაფრით და სწორედ ამ დროს მათ გაუჩნდათ თავისუფალი მოქმედების ძალიან საინტერესო შესაძლებლობა. აქ აუცილებელია, ხაზი გავუსვათ იმას, რომ დღეს დასავლეთში ყველაზე მკაცრი კონტროლი – იდეოლოგიური კონტროლია, როცა ნაბიჯი მარცხნივ ან ნაბიჯი მარჯვნივ ისჯება უნივერსიტეტიდან გარიცხვით. პირველ რიგში, ეს ეკონომიკურ ფაკულტეტებს ეხებათ, ხოლო ძალაუფლებისგან ყველაზე მეტად განცალკევებული და, შესაბამისად, ყველაზე უფრო თავისუფალი – გეოგრაფიის განყოფილებებია. და გეოგრაფებმა დაიწყეს იმის კეთება, რასაც ეკონომისტები არ აკეთებენ.
ამას საბჭოთა დროს ეკონომიკური რესურსების რაციონალურ გააზრებას უწოდებდნენ მაშინ, როცა ეკონომიკამ სრულიად დაივიწყა ბაზრის სივრცითი განზომილება, დაივიწყა ის, რომ ბაზარი – ეს, პირველ რიგში, ტერიტორიაა, ტერიტორიის ათვისებაა, ამის საპირისპიროდ ეკონომიკა აბსტრაქტული მათემატიზირების გზით წავიდა. სწორედ გეოგრაფებმა სცადეს ამ ნიშის დაკავება. აქედან ჩნდება დევიდ ჰარვის ბესტსელერებიც, რომლებიც გეოგრაფიის საზღვრებს მნიშვნელოვნად გასცდნენ. როცა 80-იან წლებში მოდური გახდა პოსტმოდერნიზმი, რომელიც აიხსნებოდა ისევ და ისევ უკიდურესად ზედაპირულად – როგორც კულტურულოგიური კატეგორია, ჰარვი შეეცადა, ეჩვენებინა, თუ რა ემართება მსოფლიოს ეკონომიკური პროცესების გავრცელებით, როგორ ყალიბდება ბაზრები, როგორ იკვეთება სხვადასხვა ახლადაღმოცენებადი იდენტობებისთვის ბაზრის ახალი სეგმენტები.
გაჩნდა ფემინიზმი? – ინებეთ, თქვენ, ფემინისტური მაღაზიები, საქონელი ფემინისტებისთვის, მოხმარების სტილი ფემინისტებისთვის. ეკოლოგიური ტურიზმის მოყვარულები ჩნდებიან? – აი, თქვენ ბაზრების ახალი სახეობა. ეს წიგნი ჯერ კიდევ 1988 წელს გახდა ბესტსელერი. მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დაკავებულები ვიყავით „პერესტროიკითა“ და გამოვტოვეთ ის. წიგნს ერქვა „პოსტმოდერნულობის პირობები“ (The Conditions of Postmodernity). ჰარვის სხვა წიგნებიც შეგვიძლია, დავასახელოთ, მაგალითად – „პარიზი – მოდერნულობის ქალაქი“ (Paris, Capital of Modernity). მას, ვინც პარიზშია ნამყოფი, მშვენივრად ესმის, რის მიხედვით შენდებოდა სხვა დანარჩენი ევროპული და არა მხოლოდ ევროპული ქალაქები, მათ შორის პეტერბურგიც. როგორ იქმნებოდა პარიზი? რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ პარიზის შექმნისას? და როგორ რეალიზდებოდა ეს გადაწყვეტილებები მსოფლიოს სხვა ქვეყნებში?
ბოლო, ყველაზე საინტერესო და თამამ წიგნს, რომელიც რუსულ ენაზეა თარგმნილი, ჰქვია „ნეოლიბერალიზმის მოკლე ისტორია“ (A Brief History of Neoliberalism). რაზეა ამ წიგნში საუბარი, ყდიდანვეა გასაგები. ყდაზე პინოჩეტის, მარგარეტ ტეტჩერის, რეიგანის და დენსიაოპინის პორტრეტებია. წიგნში ჰარვი სვამს კითხვას, თუ საიდან იღებს სათავეს საბაზრო დერეგულირების მასიური ინტელექტუალური და პოლიტიკური მოდა?
ასევე ბესტსელერად იქცა კიდევ ერთი წიგნი – „ახალი იმპერიალიზმი“ (The New Imperialism). რამდენად არის შესაძლებელი, აშშ-ის დღევანდელი პოლიტიკა შევაფასოთ, როგორც იმპერიალისტური? უფრო ზუსტად, ასი წლის წინ არსებობდა თეორია, რომელიც თითქოს უკვე ყველასთვის უსარგებლო გახდა, ვინაიდან 1950-იანი წლებისთვის, აფრიკისა და ინდოეთის დეკოლონიზაციის შემდეგ, ვერავინ ვერ გაბედავდა, თუკი ყოფილ კოლონიზატორებს იმპერიალისტებად მოიხსენიებდნენ. და, მოულოდნელად აშშ-ში, 90-იან წლებში ჩნდება ამაყი მოდა: დიახ, ჩვენ იმპერია ვართ. რას ნიშნავს იმპერია? და რამდენად შეიძლება, ჰობსონი, კაუცკისა და ბუხარინის XIX საუკუნის თეორიები მივუსადაგოთ ჯორჯ ბუშის პოლიტიკის ანალიზს?
ახლა ძალიან მოკლედ ვიტყვი თავად დევიდზე. ის დაიბადა ინგლისში, განათლება კემბრიჯში მიიღო, შემდეგ ასწავლიდა ოქსფორდში. ასევე მოღვაწეობდა აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში. ახლა იგი ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯის პროფესორია. ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანია – რას ნიშნავს საქალაქო კოლეჯი? 1975 წლამდე ეს, საერთოდ, უფასო დაწესებულება იყო, რომელიც ჩვენთვის ცნობილი კერძო, ძალიან ძვირი და არისტოკრატიული იელის, ჰარვარდისა და პრინსტონის უნივერსიტეტების საპირწონედ შეიქმნა. სხვათა შორის, აშშ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კერძო უნივერსიტეტები სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ბევრად პოპულარულია. იქ ცენტრალიზებული სახელმწიფო უნივერსიტეტები არ არსებობს, თუმცა არსებობს უნივერსიტეტები, რომლებიც ქალაქის ხელისუფლებას ან ცალკეული პროვინციის, რომლებსაც ჩვენ შტატებს ვუწოდებთ, მთავრობებს ეკუთვნით.
20-30 წლის წინ შექმნილი ქალაქის უნივერსიტეტებში ნაკლებად შეძლებული, ყველანაირი ეროვნების წარმომადგენელი, ახლადჩამოსული მიგრანტები სწავლობდნენ. აქ შეეძლოთ, მიეღოთ განათლება, თუკი არ ჰქონდათ ფული პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად. საბოლოო ჯამში, აქედან ნობელის პრემიის უფრო მეტი ლაურიატი გამოვიდა, ვიდრე ყველა პრესტიჟული უნივერსიტეტიდან ერთად აღებული. აქ გაიზარდნენ არა მხოლოდ ცნობილი ფიზიკოსები, ქიმიკოსები და ბიოლოგები, არამედ მაგალითად – კოლინ პაუელი, რომელიც იმ დროს საკუთარი კანის ფერის გამო ვერასოდეს შეძლებდა ამერიკის რომელიმე ელიტურ უნივერსიტეტში მოხვედრას.
ამ ინტელექტუალური ტრადიციის ყველაზე დიდი წარმომადგენელი დღეს დევიდ ჰარვია. ვფიქრობთ, თქვენთვის საინტერესო იქნება, მოუსმინოთ გლობალიზაციის შესახებ ანგლო-ამერიკული მეცნიერების სხვა ტიპს. ახლა მე ჩემს ადგილს დავიკავებ და სიტყვას გადავცემ პროფესორ ჰარვის.
დევიდ ჰარვი: ვიფიქრე, ლექციას დავიწყებ იმის მოკლედ მოყოლით, თუ რითი ვიყავი დაკავებული ბოლო 37 წლის მანძილზე. ამ პერიოდის განმავლობაში ყოველ წელს ვატარებდი სალექციო კურსს, რომელსაც ჰქვია „კარლ მარქსის კაპიტალი, ტომი I”. ვასწავლიდი შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში. ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ თუ გსურთ, გაიგოთ, როგორ ფუნქციონირებს კაპიტალიზმი – დღემდე ამის საუკეთესო წყაროს „კაპიტალი“ წარმოადგენს. დღეს ამავე საგანს ვასწავლი დოქტორანტურაში. ლექციაზე დასწრება შეუძლიათ თავისუფალ მსმენელებსაც. რამდენიმე წლის წინ ასი მსმენელი მყავდა. წელს ორმოცდაათი დოქტორანტი მყავს, თუმცა სალექციო კურსის წაკითხვა ორჯერ მომიწევს, ვინაიდან მასზე დიდი მოთხოვნაა. ჩემს კურსს განსხვავებული ადამიანები უსმენენ, მეტიც, ნელ-ნელა გამოჩდნენ უოლ სტრიტის საინვესტიციო ბანკირებიც, რომლებიც ძალიან გაოცდნენ, როცა აღმოაჩინეს, რამხელა სიზუსტით ემთხვევა ზოგიერთი მარქსისტული პროგნოზი მათი ბაზრების განვითარებას.
როდესაც ადამიანებს ვთავაზობ ამ ნაშრომის წაკითხვას, ვთავაზობ, რომ საშუალება მისცენ ტექსტს, ესაუბროს მათ. მეტ-ნაკლებად ყველამ იცის, ვინ არის მარქსი, ყველას აქვს მასზე რაღაც წარმოდგენა და ეს ხელს უშლის იმის აღქმას, თუ რას ამბობს ის. სხვათა შორის, შევამჩნიე, რომ ადამიანები, რომელთა პირველადი განწყობა ამ ტექსტის მიმართ დადებითია, მარქსის კითხვისას იმათზე არანაკლებ პრობლემებს აწყდებიან, ვისაც მარქსის ნაშრომებს მკვეთრად ნეგატიურად უყურებენ. „კაპიტალში“ პირველივე ფრაზა გვამცნობს, რომ ჩვენ საქონლის კოლოსალური დაგროვების მომსწრენი გავხდებით. ფრთხილად იყავით სიტყვებთან „როგორც ჩანს“ ან „წარმოგვიდგენია“. ყოველთვის, როცა მარქსი ამბობს „წარმოგვიდგენია“, ერთი შეხედვით ეს ნიშნავს, რომ ეს ასე ჩანს, სინამდვილეში კი შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად იყოს. სინამდვილეში მარქსი ამბობს, რომ სახეზე გვაქვს ფეტიშიზმი. თითქოს ბაზარზე საქონელი საქონელს უკავშირდება, სინამდვილეში ეს ნიღბავს იმას, თუ რეალურად როგორ ხდება კაპიტალიზმის განვითარების პროცესი. საერთოდ კაპიტალიზმს უყვარს ყველანაირი სახის ნიღაბი.
პირველად ვარ მოსკოვში და აქ ძალიან მომწონს. მოსკოვში რეკლამების დიდი რაოდენობაა – ყველგან ბილბორდებია, რომლებიც მკარნახობენ, თუ რისგან შედგება ცხოვრება, რა უნდა მოვიხმარო, რა უნდა მომწონდეს. ეს, რა თქმა, უნდა ნიღაბია. ეს არის ნიღაბი, რომელიც თქვენი ხედვის არეალიდან მალავს სასაქონლო ფეტიშიზმს. თუმცა მოსკოვში ასევე გამაოცა რამდენიმე რამემ. წითელ ზოლად გასდევს ტექსტს ის, თუ რას ამბობს მარქსი კაპიტალიზმის ადაპტირების უნარზე. თუკი თქვენ არ შეგიძლიათ მოგების ნახვა ერთი საშუალებით, სცადეთ სხვა საშუალება. თუ ერთი გზა ჩაკეტილია, მიდით და სხვა საშუალება მოძებნეთ.
კაპიტალიზმი გამუდმებით ახალ შესაძლებლობებს ეძებს, ახალ ტექნიკურ შესაძლებლობებს და შრომის ორგანიზების ახალ საშუალებებს, ახალ გეოგრაფიულ კომბინაციებს. კაპიტალიზმი არასდროსაა ერთგვაროვანი და, როდესაც ვიხედები წარსულში, ყოველთვის მაკვირვებს, თუ რამდენად ხშირად მიმართავდა კაპიტალიზმის მემარცხენე ოპოზიცია ხისტ კატეგორიებს, რათა აღეწერა კაპიტალიზმის ძალიან მოძრავი რეალიები. და თუკი დაისმის კითხვა, ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში: ორთოდოქსული ფორმულირებები თუ ძალა, რომელიც მობილურია და ადვილად ეწყობა ყველაფერს, ბუნებრივია, აღმოჩნდება, რომ რეალურ ცხოვრებაში ადაპტირებადი ძალა გაიმარჯვებს. ვფიქრობ, რომ კაპიტალში ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
აი, რა ხდება ამ ტექსტში: ერთი მხრივ, მარქსი დიალოგში შედის კლასიკოს პოლიტეკონომისტებთან და იმავდროულად ცდილობს, გაიგოს თავად კაპიტალიზმი. კლასიკურ პოლიტეკონომიასთან დიალოგი გულისხმობს, რომ ყველა კლასიკური აქსიომა სინამდვილეში პრაქტიკულ ცხოვრებაში ვერ გატარდება. მარქსი არ დაობს ამ აქსიომებზე. ის გვთავაზობს, წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ მოვხვდით სამყაროში, რომელსაც აღწერს ადამ სმითი, დევიდ რიკარდო და ჯონ ლოკი. შემდეგ გვთავაზობს, რომ დავაკვირდეთ იმას, თუ როგორ მოიქცევა კაპიტალიზმი, თუკი ის აღმოჩნდება ამ იდეალიზირებულ ლიბერალურ პარამეტრებში.
რას გვაჩვენებს ის თავის პირველ ტომში? რაც უფრო ვუახლოვდებით აბსოლუტურ საბაზრო ეკონომიკას, მით უფრო მაღალია კლასობრივი ძალაუფლების დიფერენციაცია, მით უფრო მაღალია სოციალური უთანასწორობა. და რას აკეთებს მარქსი აქ? ის ხეთქავს საპნის ბუშტისებურ ილუზიებს, რომლებიც ამბობენ, რომ კაპიტალიზმი – ესაა შესაძლებლობათა გათანაბრების პროცესი. აქ მარქსი წარმოთქვამს თავის ცნობილ ფრაზას იმის შესახებ, რომ არ არსებობს იმაზე დიდი უთანასწორობა, ვიდრე თანასწორი დამოკიდებულება არათანასწორი ადამიანების მიმართ. თუკი თქვენ იყენებთ ერთნაირ პირობებს, ერთნაირ მიდგომას ადამიანებთან მიმართებით, რომელთაც განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ, შედეგები სრულიად განსხვავებული იქნება. პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ რაც უფრო ახლოს მიდიხართ უკიდურეს საბაზრო ეკონომიკასთან, მით მეტად ცენტრალიზებული ხდება კაპიტალი – ჩნდება მონოპოლიები, ოლიგოპოლიური პოლიტიკა და ა.შ.
ჩემთვის საკითხის ამგვარი დასმა ძალიან პროდუქტიული გამოდგა, რათა ჩემ წიგნში „ნეოლიბერალიზმის მოკლე ისტორია“ გამეანალიზებინა ის, რაც 1970-იანი წლებიდან მოყოლებული – დღემდე მსოფლიოში ხდება. რას გვეუბნებოდა ნეოლიბერალური საბაზრო ეკონომიკური თეორია? – მოდით, დავბრუნდეთ ჯონ ლოკისა და ადამ სმითის სამყაროში და ყველაფერი კარგად იქნება იმდენად, რამდენადაც ადამ სმითი ამბობდა, რომ თავისუფალი ბაზარი თანაბარი დონით იმუშავებდა ყველას საკეთილდღეოდ. თუმცაღა, რას ვხედავთ ბოლო 30 წელია? ძალაუფლებისა და სიმდიდრის ძალიან მცირე ოლიგარქიული ელიტის ხელში კოლოსალურ კონცენტრაციას. გამოდის, რომ მარქსი კიდევ ერთხელ მართალი აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ამაში მაინც.
მეორე, რასაც ადამ სმითი ამბობდა, ეხება თავისუფალი კონკურენციის გაჩენას. რეალურად კი ჩვენ თვალს ვადევნებთ კოლოსალურ ცენტრალიზაციას, ფაქტობრივ ოლიგოპოლიას, რომელიც აკონტროლებს ბაზარს. აიღეთ ფარმაცევტული ბაზარი. რამდენი კორპორაცია ოპერირებს ბაზარზე, რამდენი კორპორაცია შემორჩა დასავლურ მედია ბაზარზე? აქაც კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ მოხდა კოლოსალური კონცენტრაცია, გაიმარჯვა ყველაზე ძლიერმა. და ამ გაგებით მარქსი კვლავ მართალი აღმოჩნდა. აქედან ჩემი დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ რაც უფრო მეტად აძლევთ ბაზარს თავისუფლებას, იმოქმედოს თავისი შეხედულებით, მით მეტად მიიღებთ ძალაუფლებისა და სიმდიდრის კონცენტრაციას და მით მეტად გაიზრდება სოციალური უთანასწორობა. ემპირიულადაც ნათელია, რომ ეს რეალობას შეესაბამება.
თუმცა მარქსი ასევე უთითებდა იმაზე, რომ კაპიტალიზმი – ეს წინააღმდეგობრივი სისტემაა. კაპიტალისტებს უწევთ მთელი რიგი პრობლემების გადაჭრა და ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა იმაშია, რომ კაპიტალიზმი ან უნდა გამუდმებით იზრდებოდეს ან უნდა მოკვდეს. კაპიტალიზმი სულ უნდა ფართოვდებოდეს. და აქ ჩნდება პრობლემა, როგორ შეიძლება, გაგრძელდეს გაფართოება და რის საფუძველზე უნდა მოხდეს ახალი პლაცდარმების ათვისება? თუ კაპიტალიზმი ვეღარ იზრდება, ამას ეწოდება კრიზისი. ბუნებრივია, კაპიტალიზმის კრიზისი ყოველთვის წარმოშობს უმუშევრობასა და სოციალურ რყევებს, რომლებიც ჩვენ, ყველამ, კარგად ვიცით. ესაა პრობლემა, რომელსაც მე ვუწოდებდი ნაჭარბის გამოყენების პრობლემას – ნაჭარბი კაპიტალისა მაღალი მოგების ნორმით გამოყენების პრობლემას.
კაპიტალიზმი იწყება ფულიდან. ფული გადის ჩვეულებრივ ციკლს: „ფული – საქონელი – ფული“ და დღის ბოლოს უნდა დარჩეს ფული და პლიუს გარკვეული დამატებითი ფული ანუ მოგება. წარმატებული კაპიტალიზმი მომდევნო დღეს იღვიძებს ფიქრით: რა ვუყო ახლა ფულს, რომელიც გუშინ გამოვიმუშავე? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ცდუნებაა, რომ მთელი ეს ფული უბრალო გართობაში დაიხარჯოს. თუმცა ფულთან მიმართებით პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მარქსი ასევე საუბრობდა კონკურენციის გარდაუვალ კანონზე. თუკი თქვენ, როგორც წარმატებული კაპიტალისტი, გუშინ გამომუშავებულ ფულს არ ჩადებთ სადმე მაღალი მოგების ნორმით, თქვენ, უბრალოდ, შეგჭამთ თქვენზე მეტად წარმატებული ან ბეჯითი კაპიტალისტი. ესაა დიდი პრობლემა: იძულებული ხართ, იზრუნოთ კაპიტალის წარმართვის ხვალინდელ გეგმაზე, რომლის საჭიროებაც ჯერ კიდევ გუშინ არ იდგა.
მაგალითად, საჭიროა ახალი შრომის რესურსები, – სად ვიპოვოთ ისინი? კაპიტალისტს აქვს ფული ახალი სამუშაო ძალის ასაყვანად, მაგრამ ის აქვე ეჯახება პოტენციურ ბარიერს. რა მოხდება თუ სამუშაო ძალა არასაკმარისია? რა მოხდება, თუ ეს სამუშაო ძალა კარგად ორგანიზებულია, ჰყავს თავისი პროფკავშირი და ხმას აძლევს რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ხელფასის მომატებას ითხოვს? საჭირო ხდება შრომისთვის მეტი ანაზღაურების გადახდა და თუკი კაპიტალისტები მეტს იხდიან შრომისთვის, ესე იგი ისინი ნაკლებს იღებენ მოგების სახით. ეს კრიზისის ძალიან მარტივი ფორმულაა, რომელსაც კლასიკურ მარქსიზმში ეწოდება წნეხი კაპიტალისტურ მოგებაზე. როდესაც მუშები ორგანიზდებიან, მათ უფრო ეფექტურად შეუძლიათ, საკუთარი თავისთვის მოითხოვონ მოგების უფრო დიდი წილი. რა ხდება ამ შემთხვევაში? კაპიტალისტები შეიძლება გაფიცვებზე წავიდნენ, რაც ნიშნავს, რომ უარს ამბობენ საკუთარი ფულის ჩადებაზე, რის შედეგადაც იწყება კრიზისი. უარს ამბობენ ადამიანების აყვანაზე იმ პირობებით, რა პირობებსაც ორგანიზებული მშრომელთა ძალა კარნახობს.
რა გამოსავალი არსებობს ამ სიტუაციიდან? „კაპიტალის“ პირველ ტომში მარქსი ამას საკმაოდ ნათლად აღწერს. აი, საშუალებათაგან ერთ-ერთიც – ტექნოლოგიების გამუდმებითი ზრდა, ტექნიკური ინოვაციები. ტექნიკური ინოვაციები დარტყმას აყენებს მდგრად სამუშაო ძალას, მის პოზიციებს, იმიტომ რომ, როცა თქვენ გამოყენებაში შემოგაქვთ ახალი ტექნიკა, შეგიძლიათ, დაითხოვოთ კვალიფიციური ყოფილი მუშაკები, ის, რასაც მარქსმა სარეზერვო შრომის არმია უწოდა. მაგრამ, გარდა ამისა, კაპიტალისტს უწევს უფრო შორს წასვლა. კაპიტალისტმა უნდა იპოვოს ის, რითიც ჩაანაცვლებს გაძვირებულ სამუშაო ძალას. ერთი ვარიანტია – იაფი ქვეყნებიდან იმიგრანტების ჩამოყვანა, მეორე ვარიანტია – თავად წარმოების გადატანა იმ ქვეყნებში, სადაც იაფი მუშახელია. სხვა ვარიანტიც არის: ეცადო, ხელში ჩაიგდო პოლიტიკური ძალაუფლება პოლიტიკური და პროფკავშირული ორგანიზაციების გასანადგურებლად, რომ მათ აღარ შეეძლოთ ადრინდელის მსგავსად ეფექტური ვაჭრობა კაპიტალისტებთან.
მაშ ასე, მოდით, ვნახოთ, რა ემართება კრიზისს ბოლო პერიოდში. მრავალი ანალიტიკოსი თვლიდა, რომ მოხდა მომგებიანობის კლასიკური კრიზისი. 70-იან წლებში, პრაქტიკულად მთელ დასავლეთში, განსაკუთრებით ევროპაში, სხვადასხვა სოციალ-დემოკრატიული პარტიები, თუკი საერთოდ კომუნისტური პარტიები არა, ძალაუფლებაში ან ძალაუფლების აღების ზღვარზე იყვნენ. 70-იან წლებში ჩნდება ძალიან მწვავე პოლიტიკური კრიზისი. ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზა საზღვარგარეთიდან იაფი მუშახელის ჩამოყვანა იყო. როგორ ფიქრობთ, ასე უცებ საიდან გაჩნდა ამდენი თურქი გერმანიაში? ამდენი ალჟირელი საფრანგეთში? იმიტომ, რომ ეს ამ ქვეყნებიდან ე.წ. „გასტერბაიტერების“ იმპორტირების სახელმწიფო პოლიტიკა იყო, თურქეთიდან – გერმანიაში, ალჟირიდან – საფრანგეთში, შვეიცარიაში – იუგოსლავიიდან და პორტუგალიიდან იმპორტირების პოლიტიკა.
თუმცა 70-იან წლებში ტრანსპორტის, კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის საშუალებებშიც ხდება რევოლუცია. ბევრად გამარტივდა თავად კაპიტალის ექსპორტირება. სამუშაო ძალის ჩამოყვანის ნაცვლად, შესაძლებელი გახდა წარმოების გატანა მექსიკაში, თურქეთში ან სადმე ფილიპინებზე, ანდა საერთოდაც ჩინეთში. ამგვარად გადაილახა იაფი მუშახელის სიმცირის პრობლემა. საბოლოო შედეგი ყველასთვის ცნობილია – კაპიტალისტებმა გაიმარჯვეს. კაპიტალისტებმა პოლიტიკურ ველზე გაიმარჯვეს – აშშ-ში რონალდ რეიგანისა და დიდ ბრიტანეთში – მარგარეტ ტეტჩერის არჩევნებში გამარჯვებით. ტეტჩერის უპირველესი ამოცანა ლეიბორისტული პარტიის დისკრიმინირება და პროფკავშირების გატეხვა იყო. თავისი პრეზიდენტობის პირველივე თვეებში რონალდ რეიგანმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ორგანიზებულ პროფკავშირებს. პირველივე წელს მარგარეტ ტეტჩერს მოუწია მეშახტეთა პროფკავშირთან ბრძოლა, თქვენ გეცოდინებათ, რომ მაშინ დიდ ბრიტანეთში მეშახტეთა მასშტაბური გაფიცვა იყო. რაღა უნდა ვთქვათ პინოჩეტზე, იმაზე, რაც მან ჩილეში დაატრიალა. მან გაანადგურა ან ემიგრაციაში გაყარა ყველა მემარცხენე ძალა, პროფკავშირები და ცენტრისტული პარტიებიც კი. სიკვდილამდე აწამეს და მოკლეს ამ პარტიების ლიდერები, თითქმის მილიონი ადამიანი ქვეყნიდან გააძევეს. ამგვარად, გამოათავისუფლეს პოლიტიკური ველი.
უკეთ რომ ვთქვათ, ეს არის პოლიტიკურ ბრძოლაში კაპიტალის განსხვავებული სტრატეგიები. ესაა მშრომელებთან ბრძოლის განსხვავებული მეთოდები, რათა კაპიტალისტური ინვესტირების ფონდს კვლავ დაუბრუნდეს კაპიტალის ნაწილი. ეს ყველაფერი დასავლეთში პოლიტიკური ბრძოლის დღის წესრიგს წარმოადგენს ბოლო 30 წელია. არსებობს კერძო პოლიტიკა, რომელსაც კორპორაციები მისდევენ, არის სახელმწიფო პოლიტიკა, რომლითაც კორპორაციებთან დაკავშირებული პოლიტიკოსები არიან დაკავებული. განსხვავებულია ვარიანტები: მეტ-ნაკლებად დიქტატორული ან დემოკრატიული. სხვათა შორის, ამასვე მიეკუთვნება საიმიგრაციო პოლიტიკაც, გენდერული ურთიერთობების და ეთნიკური იდენტობის პოლიტიკა. ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელიც განსაზღვრავს ამ სისტემის პოლიტიკურ ქცევას.
მაგრამ კაპიტალისტებს, რომლებიც ჩათრეულნი არიან წარმოების ამ პროცესში, აუცილებლად უწევთ წარმოების ახალი საშუალებების ძიება. ესეც ძალიან რთული პროცესია. სხვა საკითხებთან ერთად ეს ნიშნავს რესურსების ბაზის გაფართოების გარდაუვალობას, საჭიროა ბუნებრივი რესურსების საიდანმე მოზიდვა. შედეგად იცვლება ბუნების მიმართ დამოკიდებულებაც. აუცილებელია ბუნებრივი რესურსების წარმოებაში მუდამ გაფართოებად საფუძველზე ჩართვა. კვლავ ისმის კითხვა, როგორ გავაკეთოთ ეს? პასუხია – ტექნიკური ინოვაციები – კაპიტალიზმის ჩვეული სტრატეგია. თუმცა ასევე არ დაგავიწყდეთ სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ რამენაირად დაიწიოს ფასებმა ნედლეულზე. თვალსაჩინოა, რომ როცა ნედლეულის წყარო სადმე სხვა გეოგრაფიულ რეგიონშია კონცენტრირებული, გამუდმებით ხდება იმპერიალისტური თავდასხმები მათ ხელში ჩასაგდებად.
შეხედეთ, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში. 1945 წლამდე შეერთებულ შტატებს არანაირი შეხება არ ჰქონია ახლო აღმოსავლეთთან, 1945 წლის შემდეგ ის აქტიურად იწყებს ამ რეგიონში შეჭრას. იალტაში კონფერენციის შემდეგ რუზველტი, რომელიც ახალი შეხვედრილი იყო ჩერჩილთან და სტალინთან, ჩერდება საუდის არაბეთში. ის უთანხმდება საუდის მეფეს იმაზე, რომ აშშ გახდება მათი უსაფრთხოების უზრუნველმყოფი, სანაცვლოდ კი მათ ნავთობი უნდა მიაწოდონ. ამგვარად, შეერთებული შტატების ახლო აღმოსავლეთის საქმეებში ჩარევის ისტორია დასაბამს რუზველტიდან იწყებს და გასაგებია, რომ უმთავრესი, რასაც რუზველტმა მიაღწია – ესაა ნავთობზე წვდომა.
თუმცა ნავთობი ერთადერთი სტრატეგიული მნიშვნელობის რესურსი არაა. ამ რესურსებისთვის ბრძოლა კაპიტალიზმის პოლიტეკონომიაში წარმოშობს სერიოზულ წინააღმდეგობებს. ვუწოდოთ ამას კაპიტალიზმის ეკოლოგიური წინააღმდეგობრიობა ნედლეულის პოლიტიკაში. თუკი თქვენ მოიპოვებთ რესურსებს, გადამუშავების შემდეგ ნარჩენები სადმე უნდა გადაყაროთ და, სასურველია, რაც შეიძლება, იაფად. ეს შეიძლება იყოს ნახშირბადის აირები, ნებისმიერი ქიმიური საწამლავი, რომელიც წარმოიშობა ნედლეულის გადამუშავებისას. ეკოლოგიას მიყენებული ზარალი მარტივი ასახსნელია: ნედლეულის მოპოვებისას ბუნებაზე ნაკლები ზიანის მომტანი საშუალებები ძვირი ჯდება, ხოლო გადახდა არავის სურს. ამიტომ, თავად ჩვენი პლანეტის ბუნება ხდება ხოლმე კაპიტალიზმის ზრდის შემაფერხებელი. ჩვენ ვხედავთ, რა სერიოზული პრობლემები ჩნდება ამის გამო, როგორი პოლიტიკური დებატები მიდის ოზონის შრის დარღვევის, ხეების გაჩეხვისა, და სხვადასხვა მოვლენების გამო.
ეხლა გაჩნდა წყალთან დაკავშირებული ახალი პრობლემა, რომელიც ფუნდამენტური პრობლემის სახეს იძენს მთელი მსოფლიოსთვის. ნეოლიბერალიზმი ბუნებას უდგება როგორც მოედანს, სადაც დერეგულაციამ ყველა პრობლემა უნდა გადაჭრას. მაგრამ სავსებით ნათელია, რომ დერეგულაციას მივყავართ ეკოლოგიური გარემოს სერიოზულ განადგურებასთან. გარკვეული დროიდან მოყოლებული ნეოლიბერალიზმმა ძალიან მძლავრად დაიწყო ბუნების ეკოლოგიური პრობლემის დერეგულაციის აუცილებლობის წინ წამოწევა. თუ სადმე არის ნავთობი, – მოდით, გავბურღოთ, რამენაირად ამოვქაჩოთ და განვათავსოთ ის მსოფლიო ბაზარზე. და თუ იქ, სადმე, ნაპრალებში ცხოვრობს ხალხი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ მათ ამ წიაღისეულზე საკუთარების უფლების მოპოვება შეძლონ. ამაზე საერთოდაც ღიად საუბრობენ ამერიკულ კონგრესში, რომ საუდის მონარქია არ წარმოადგენს ნავთობის მესაკუთრეს – ის, უბრალოდ, ჩვენი ნავთობის მცველია. ნავთობი ჩვენ გვეკუთვნის, იმიტომ რომ ჩვენ ვტუმბავთ და ვუყოფთ მათ, რადგან ისინი იცავენ ჩვენს წყაროებს.
საბოლოოდ დავუბრუნდეთ მარქსს. მარქსი საუბრობს შემდეგ წინააღმდეგობაზე: როცა აწარმოებთ საქონელს, ის უნდა გაიყიდოს ბაზარზე. იმისთვის, რომ თქვენი საქონელი იყიდონ, ხალხს ფული უნდა ჰქონდეს. საბოლოოდ ჩნდება პრობლემა: საიდან აქვს ეს ფული ხალხს, საერთოდ ვის აქვს ფული და ვის შეუძლია, რომ თავს უფლება მისცეს, თქვენს მიერ წარმოებული საქონელი იყიდოს. თუ აწარმოეთ საქონელი და ვერ ასაღებთ, ძალიან დიდი პრობლემა გიჩნდებათ. ანუ ბაზარი უნდა გაფართოვდეს. რა უნდა ქნათ ასეთ შემთხვევაში? არსებობს მთელი რიგი სტრატეგიებისა, რომელთაგან ყველაზე მეტად აღსანიშნავია – რეკლამა. იმდენად, რამდენადაც რეკლამის დანიშნულება მოხმარების ახალი სახეობების სტიმულირებაა, წარმოდგენა გაქვთ კი, რამდენად აღწევს რეკლამა ცხოვრების ყველა სფეროში? სწორედ აქედან გამომდინარეობს მთელი პოსტმოდერნიზმიც, ახალი ბაზრების, სრულიად ახალი პროდუქტების სტიმულაცია. ადამიანებმა არც კი იცოდნენ, რომ მათ რაღაც სჭირდებოდათ, მაგრამ ამიერიდან მათ შთააგონეს, რომ მათ ამის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ.
მაგრამ აქ კიდევ ერთი პრობლემა იმალება: საიდან აიღებენ ადამიანები ფულს ამ სურვილების დასაკმაყოფილებლად? ბოლო წლების სტანდარტული პასუხია – აიღებენ კრედიტს. კრედიტი ესაა – როცა ქმნით ფულს, გასცემთ ვალში, მაგრამ ის სინამდვილეში არც არსებობს. ამ ფულს თქვენ გასცემთ ვალში, აძლევთ ინდივიდებს საკრედიტო ბარათების მეშვეობით, სამომხმარებლო კრედიტების სახით, ამ ფულს ვალში სახელმწიფოსაც აძლევთ. სახელმწიფო დიდ ვალში აღმოჩნდება, იმიტომ, რომ სახელმწიფოებსაც უზარმაზარი მოთხოვნილებები აქვთ, ისინი მოიხმარენ ყველაფერს – დაწყებული სამხედრო ტექნიკიდან – დამთავრებული სამომხმარებლო და საკანცელარიო საქონლით.
ხედავთ, რა ემართება სახელმწიფოს ბოლო წლებში – სახელმწიფოები ერთმანეთის მიყოლებით მზარდ ვალებში იხრჩობიან. კაპიტალიზმი უზარმაზარი ხომალდივითაა, რომელიც აპობს წყალს, თუმცა წინ უზარმაზარ ტალღას წარმოშობს. და ეს ტალღაა სწორედაც კრედიტი. დაკრედიტების მოცულობა გამუდმებით მაღლა იწევს. ესაა ტალღები, რომლებიც კაპიტალიზმის გემის ქიმს მაღლა სწევენ და შედეგად იქმნება ურთიერთკავშირი. ტექნიკურ ჟარგონზე ამას ჰქვია – სამომხმარებლო მოლოდინი. თუკი ადამიანები ელიან სასიკეთო პერიოდს, ისინი იყენებენ საკრედიტო ბარათებს და აჩაღებენ ვაჭრობას, რომელიც შთანთქამს პროდუქტებს. თუ ადამიანები ყიდულობენ, ეს ნიშნავს, რომ კაპიტალიზმი წინ მიდის. მაგრამ, როცა ადამიანები რაიმე მიზეზის გამო იწყებენ კრედიტზე ნერვიულობას, თუკი ჰგონიათ, რომ ძალიან ბევრი ვალი მოაგროვეს, შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ ამ კრედიტმა თავისი ფასი დაკარგოს.
თუკი სამომხმარებლო მოლოდინებს ცვლის განგაშის მოლოდინები, ადამიანები წყვეტენ კრედიტების მოხმარებას და ჩნდება გასაღების პრობლემა, ჩნდება ბაზრის გაფართოების კიდევ ერთი შეზღუდვა. როგორც ოდესღაც, ძალიან ადრე, როზა ლუქსემბურგი შენიშნავდა, ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ძირითადი გზაა – იმპერიალიზმი. იგი განსაკუთრებით ხაზს უსვამდა იმას, თუ ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ამერიკამ როგორ გამოიყენეს ჩინეთი დასავლური საქონლის გასაღებისთვის და ამაში დასავლეთმა დიდ წარმატებას მიაღწია, გაარღვია რა ჩინეთის სავაჭრო კედლები.
მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ათვისების ამგვარი ტერიტორიები სულ უფრო მცირდება და თუ გინდათ, იცოდეთ, ბოლო კედელი, რომლის დანგრევაც შესაძლებელი გახდა, საბჭოთა კავშირის გარშემო არსებული კედელი იყო. ახლა, როცა ყოფილი საბჭოთა კავშირის და კომუნისტური ჩინეთის მსოფლიო კაპიტალისტურ ბაზარზე ინტეგრირება მოხდა, სადღა უნდა მოხდეს გაფართოება? მორჩა – აღარ დარჩა ახალი ტერიტორიები ასათვისებლად, ამიტომ კაპიტალიზმს ისევ შიდა გაფართოების ინტენსიურ წყაროებზე დაყრდნობა უწევს.
შემდეგი პრობლემაა ის, რომ ნებისმიერს, ვისაც ფული აქვს, შეუძლია, გახდეს კაპიტალისტი. აი, მე ვიღებ ჩემი ჯიბიდან ფულს და მივდივარ ბაზარზე იმისთვის, რომ გამოვიყენო ეს ფული, რომ უფრო მეტი ფული გავაკეთო. მაგრამ, თუკი ძალიან ბევრი ადამიანი დაიწყებს წარმოებაში ფულის ჩადებას, აღმოჩნდება, რომ ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან. ზედმეტად ბევრი ადამიანი ეჯიბრება ერთმანეთს იმისთვის, რომ შესაძლებლობების შეზღუდულ რაოდენობაში მიიღოს კარგი მოგება. ეს სწორედ ისაა, რასაც მარქსი კონკურენციის გარდაუვალ კანონს უწოდებს. „დიდმა ადამიანებმა“ „წვრილ-წვრილი ადამიანები“ უნდა განდევნონ ბაზრიდან. ამის შედეგია სწორედ ცენტრალიზაცია.
უოლ სტრიტზე ეხლა ძალიან დიდი ბიზნესი მოქმედებს. ესაა აქტივების ყიდვა-გაყიდვა, კომპანიები გამუდმებით ერწყმიან ერთმანეთს ან იყიდებიან. არის მტრული მიტაცებების შემთხვევებიც – რეიდერობა. გაერთიანება ზოგჯერ ნებაყოფლობითია, თუმცა შედეგი უცვლელია – სულ უფრო მსხვილი და ძლიერი კორპორაციების გაჩენა. ამით სულ უფრო მაღლა იწევს ბაზარზე შეღწევის ზღურბლი. რას ვგულისხმობ, როდესაც ყველა ამ ბარიერზე ვსაუბრობ? კაპიტალიზმი გამუდმებით ეჩეხება წინააღმდეგობებს და გამუდმებით უწევს, ეძებოს საშუალებები ამ წინააღმდეგობების გადასალახად. კერძოდ, კაპიტალიზმის ფუნდამენტური არსი – ესაა ბარიერების ძიება და გადალხვა.
ახლა კი, ამ თეორიული შესავლის შემდეგ, მოგიყვებით ჩემს ძირითად ინტერესზე: როგორ აისახება ყველაფერი ეს ურბანიზაციაზე, ჩვენს დროში ქალაქების მშენებლობაზე? თეზისი, რომელსაც მე გთავაზობთ, მდგომარეობს იმაში, რომ კაპიტალიზმის პირობებში ურბანიზაციის მთელი ისტორია ვერ იქნება გაგებული, თუ არ ჩავწვდებით ჭარბი კაპიტალის გამოყენების ცენტრალურ პრობლემას.
პირველად ამას XIX საუკუნეში შევხვდი – ეს იყო პირველი მაგალითი, რომელიც შევამჩნიე. 1848 წელს მთელ ევროპაში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა. წარმოიქმნა ჭარბი კაპიტალი, რომელსაც ვერ მოუძებნეს მომგებიანი დანიშნულება – ევროპაში საკმარისი საინვესტიციო შესაძლებლობები არ იყო. შედეგად გაჩნდა უმუშევრობის მაღალი დონე. პარიზში უმუშევრად დარჩენილმა მუშებმა და მათ, ვინც სხვადასხვა იდეოლოგიური მიზეზების გამო, იქნებოდნენ უტოპისტი სოციალისტები, წვრილი დახლიდარები, რომლებიც კაპიტალისტებმა გააკოტრეს თუ სხვა… – მოულოდნელად მოახერხეს რევოლუციური ბლოკის შექმნა და 1848 წლის რევოლუციის ბარიკადებში შეჭრა. ეს ხდებოდა არა მხოლოდ პარიზში, არამედ ვენაშიც და ბერლინშიც. დიდ ბრიტანეთში ჩარტისტების სერიოზული აჯანყება იყო.
და უცებ კაპიტალიზმის ეკონომიკურ კრიზისს ემატება ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისიც – პარიზში რევოლუციის ძალით ხელთ იგდეს ძალაუფლება. პარიზის ბურჟუაზიული ელიტის წრეებში პანიკაა. ისინი ალჟირიდან კოლონიალისტ გენერალს იწვევენ, რომელმაც, ყოველგვარი მორიდების გარეშე, წინააღმდეგობის ჩასახშობად ცივილიზებულ ევროპაში წმინდად კოლონიალურ მეთოდებს მიმართა. მას შემდეგ, რაც ჩაცხრილეს უამრავი მუშა, წარმოიშვა იგივე პრობლემა: შემდეგ რა ვუყოთ ჭარბ კაპიტალს? როგორ ავიცილოთ თავიდან მასობრივი უმუშევრობა? და, აი, აქ ჩნდება ლუი ბონაპარტის, ნაპოლეონ III ფიგურა, რომელიც, სარგებლობს რა საკუთარი ბიძის (ნაპოლეონ ბონაპარტი) ავტორიტეტით, სამხედრო გადატრიალებას აწყობს და ძალაუფლებას იღებს ხელში. 1852 წელს იგი მეორე იმპერიას ქმნის.
ბუნებრივია, მეორე იმპერია ახერხებს მუშათა წინააღმდეგობის გადალახვას – იქმნება საიდუმლო პოლიცია, გაფიცვები ოფიციალურად იკრძალება, არაკანონიერ შეკრებებს ჯარი არბევს. თუმცა ნაპოლეონს მშვენივრად ესმოდა, რომ უბრალო ხიშტებით ის ფონს ვერ გავიდოდა. მას უნდა გადაეჭრა ჭარბი კაპიტალის პრობლემა. ამიტომ, როცა ის მეორე იმპერიას ქმნიდა, მან იქვე გამოაცხადა, რომ მოახდენდა კაპიტალის ინვესტირებას ინფრასტრუქტურაში – ახალი პორტებისა და ახალი რკინიგზის ასაშენებლად. უპირველეს ყოვლისა, ის აპირებდა პარიზის გადაკეთებას, რისთვისაც 1853 წელს პარიზის პრეფექტად ნიშნავს ბარონ ჟორჟ ოსმანს. მან, მართლაც, გადაასხვაფერა პარიზი, გამოიყენა რა ძალიან ბევრი იდეა, რომლებიც, სხვათა შორის, უტოპისტი სოციალისტებისა და ანარქისტებისგან ისესხა 1830-1840 წლებში.

თუმცა, ფართო და ნათელი ბულვარების მშენებლობის გარდა, მან კიდევ რაღაც გააკეთა: მას შემდეგ, რაც ოსმანი პარიზის პრეფექტი გახდა, ძალიან მალე მასთან მივიდა არქიტექტორი, რომელმაც ანახვა ნახაზები, რაზეც ოსმანმა უპასუხა: – მომისმინეთ, თქვენ ბულვარები 40 მეტრის სიფართოვის გაქვთ, მე კიდევ სულ ცოტა 120 მეტრის მჭირდება. თუკი დღეს ეწვევით პარიზს, ნახავთ 120 მეტრიანი სიფართოვის ბულვარს, ასევე ნახავთ იმას, თუ როგორ იკვრება ქალაქი ამ ბულვარებით ერთიან ცენტრალიზებულ გეგმად. ეს მთლიანად დაგეგმარებული ქალაქია თავისი სენ-ჟერმენით, ელისეის მინდვრებითა და რასპაის ბულვარით.
ამ ყველაფერმა გადაჭრა ბაზრების აღდგენის პრობლემა, რამდენადაც ბაზრები მყარად დაუკავშირდა პარიზის რესტრუქტურიზაციის გეგმას. მაგრამ, საიდან გაჩნდა ფული ბარონ ოსმანის რეფორმების გასატარებლად? მოხდა სრულიად ახალი, დამატებითი საკრედიტო დაწესებულებების კულტივირება და შექნა. ამ ახალმა ფინანსურმა ინსტრუმენტებმა შესაძლებელი გახადეს ბულვარის მშენებლობა, მათი გაჭრა ძველ ქალაქზე. ეს ძალიან დიდი წარმატება იყო, თუმცა ცოტა ხნით. შეხედეთ, შემდეგ რა ხდება. კაპიტალი ძალიან წარმატებით მიემართება ქალაქის მშენებლობებში, მუშები დასაქმებულები არიან მშენებლობებზე. ეს ქმნის ახალ დერივაციულ ბაზრებს: ჩნდება ახალი სასტუმროები, ახალი უნივერმაღები. უნივერმაღები იქცევიან მოხმარების ახალ ცენტრებად. ემილ ზოლას აქვს შესანიშნავი მოთხრობა, რომელსაც „ქალთა ბედნიერება“ ჰქვია. ამ ახალ უზარმაზარ მაღაზიებში მოხმარების სამოთხეა.

ქალთა საკითხზე: ოსმანი სრულიად გააზრებულად ამბობდა, რომ თუკი მოვახერხებთ ქალების მოზიდვას ბაზარზე, ჩვენ შევქმნით ახალ დასაყრდენს, მოხმარების ახალ წყაროს. ბულვარები არა მხოლოდ ფეხით უბრალო გასეირნების ადგილია, არამედ ისინი გარდაიქმნება ვიტრინებად, რომლებზეც რეკლამა თავის საქმეს აკეთებს, ასტიმულირებს რა მოხმარებას. ყველაფრის ყიდვა ხდება კრედიტით და ძალიან სწრაფადაც. მაგრამ 1868 წლისთვის, სადღაც 15-16 წლის შემდეგ, ჩნდება კითხვა: და რამდენადაა ეს კრედიტი გაბერილი? რამხელაა მოსახლეობის დაკრედიტების დონე? ეს საკითხები სულ უფრო და უფრო არსებითი ხდება მანამ, სანამ ადამიანებში ნელ-ნელა არ შესუსტდება სისტემის მიმართ რწმენა, რის შემდეგადაც სისტემა ძალიან მალე ინგრევა და დგება კიდევ ერთი კრიზისი. პარიზში მშენებლობები წყდება. მთელი იმპერია უეცრად ეჩეხება პრობლემებს, რომლებიც თითქოს გადალახული იყო. და რას აკეთებს ამ მომენტში ლუი ბონაპარტი? ის აკეთებს იმას, რასაც ხშირად მიმართავენ დიქტატორები – იწყებს ომს გერმანიასთან გამარჯვების მოპოვების იმედით, თუმცა, როგორც ცნობილია, ეს ომი მან წააგო, ჩავარდა ტყვედ და პარიზი მოექცა გერმანული ალყის ქვეშ. ამან, როგორც მოგეხსენებათ, მიგვიყვანა პარიზის კომუნასთან – მეორე მძლავრ სოციალისტურ აჯანყებასთან. თითქმის ორი თვის მანძილზე პარიზი კომუნის მმართველობის ქვეშაა. ესაა ავტორიტარიზმისა და ბაზრის ისტორია, ბაზრისა, რომელიც შედის არასტაბილურ, პრინციპულად არასტაბილურ ალიანსში, რითაც ხერხდება საბაზრო დაგროვების პროცესის სულ მცირე ხნით დარეგულირება ქალაქის სივრცის გაფართოებით.
ახლა სხვა მაგალითი – შეერთებული შტატები, 1942 წელი. 1930 წელს შეერთებულმა შტატებმა სერიოზული, ძალიან სერიოზული კრიზისი, ე.წ. „დიდი დეპრესია“ გადაიტანა. ბევრი ადამიანი ამ დეპრესიას აღიქვამდა, როგორც არასაკმარისი მოხმარების პრობლემას, როცა ფულით გამყარებული მოთხოვნა არასაკმარისია. საქონლის წარმოების საშუალება არსებობდა, მაგრამ ამ საქონლის ყიდვის საშუალება არ იყო. როცა 1930-იან წლებში პრეზიდენტად აირჩიეს რუზველტი, ის შეეცადა, სახელმწიფოებრივი ძალაუფლება გამოეყენებინა ეკონომიკის განახლებისთვის. ამან არ იმუშავა: დეპრესია გრძელდებოდა, თუმცა მისი გადალახვა დროებით მოხერხდა II მსოფლიო ომის საშუალებით. ომმა სწრაფად გააჩინა ბაზარი – სამხედრო წარმოება, რამაც სწრაფადვე მოაგვარა ჭარბი სამუშაო ძალის პრობლემაც, რამდენადაც ადამიანთა ძალიან დიდ მასას იარაღი დააჭერინეს ხელში. ომმა გადაჭრა როგორც უმუშევრობის, ისე წარმოების პრობლემა. მაგრამ უკვე ომის დასასრულისკენ პარადოქსული სიტუაცია იჩენს თავს. ომმა კარგი დროება მოიტანა (შრომისა და წარმოებისთვის), მაგრამ ომის შემდეგ კვლავ იჩინა თავი უწინდელი დეპრესიის საფრთხემ. როგორ უნდა გადაეჭრათ ეს პრობლემა? კაპიტალისტთა კლასი კვლავ ალყაში აღმოჩნდა. ეკონომიკური თვალსაზრისით 30-იან წლებში მათ უკვე იწვნიეს მარცხი. ახლა მათი ფეხზე დაყენება სახელმწიფოთა მთავრობებმა მოახერხეს.
მეტიც, გაჩნდა სხვა პრობლემაც – შეერთებულ შტატებში სახელმწიფო არა მხოლოდ გაძლიერდა, არამედ ფორმალიზებულ და ძალიან ახლო კავშირი დაამყარა კომუნისტურ საბჭოთა კავშირთან. 30-იან წლებში ამერიკაში საკმაოდ გავლენიანი კომუნისტური მოძრაობა არსებობდა. აშშ-ში ბევრი მემარცხენე და კომუნისტი მხარს უჭერდა რუზველტის ახალ კურსს. კაპიტალისტებს ეშინოდათ, აშშ-ის მთავრობა II მსოფლიო ომის შემდეგ კიდევ უფრო მარცხნივ არ წასულიყო და ამას ზოგიერთი ფაქტიც მოწმობდა: ომის დროს შეერთებული შტატების მთავრობამ ფაქტიურად ეროვნული მასშტაბით ეკონომიკის დაგეგმარების სისტემა შეიმუშავა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გეგმიური სისტემა, რომელსაც ოდესმე მსოფლიოში უარსებია.
ეს იყო ძალიან სერიოზული პრეცენდენტი, რომელმაც აშშ-ის კაპიტალისტურ ელიტაში ნამდვილი პანიკა წარმოშვა. 1942 წლიდან ისინი აწყობენ „ჯვაროსნულ ლაშქრობას“, რომელიც 1945 წლისთვის დამთავრდა აშშ-ის საგარეო კურსის ცვლილებით, საბჭოთა კავშირთან ურთიერთობების გაწყვეტითა და „ცივი ომით“. ამან აშშ-ში მიგვიყვანა მაკარტიზმთან, რომელიც ფაქტიურად გულისხმობდა სახელმწიფო აპარატის გაწმენდას ადამიანებისგან, რომლებიც შემჩნეულები იყვნენ მემარცხენეობისადმი სიმპათიებში, ისნი კი, რა თქმა უნდა, ბევრნი იყვნენ და იკავებდნენ ყველაზე მაღალ თანამდებობებს. მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პრობლემა კაპიტალისტებისთვის გადაიჭრა, დღის წესრიგში დადგა ეკონომიკის ამუშავების პრობლემა. მოსაფიქრებელი იყო, როგორ გაკეთებულიყო ეს გეგმიურობის გარეშე, ომის გარეშე, რომლმაც ამოქაჩა წარმოება. რა უნდა ექნათ უმუშევრობისთვის, რომელიც, ომის დასრულებასთან ერთად დაუბრუნდებოდა დიდი დეპრესიის დროინდელ ნიშნულს.
1942 წელს ჟურნალში „არქიტექტურული ფორუმი“ ძალიან სახალისო სტატია გამოქვეყნდა. იცით, რაზე იყო ეს სტატია? – იმაზე, თუ როგორ გადააკეთა ბარონმა ოსმანმა პარიზი. ეს იყო ძალიან დეტალური თხრობა იმისა, რასაც ოსმანი აკეთებდა და იმისა, თუ რა სარგებელი მოიტანა პარიზის გადასხვაფერებამ. არა უბრალოდ დეტალური, არამედ ჭკვიანური და ძალიან კარგი ანალიზი, თუ სინამდვილეში რას მიაღწია ბარონმა ამით. სტატია ეკუთვნოდა ადამიანს, სახელად, რობერტ მოზესს. ის დიდი ნიუ-იორკის რეგიონის რაიონული დაგეგმარების ხელმძღვანელად იყო დანიშნული. მისი მთავარი მიზანი ბარონ ოსმანის პირდაპირი გადმოღება იყო: აუცილებელი იყო ქალაქის გარემოს შესახებ უწინ არსებული აზროვნების მიღმა გასვლა, თავად ქალაქის საზღვრებს გარეთ გასვლა, ქალაქის გაფართოება, აგლომერაციების შექმნა, საგზაო მაგისტრალების მშენებლობა მთელი ქალაქის მასშტაბით. უკვე არა ქვეითად სავალი ბულვარების, არამედ გზატკეცილების, საგზაო კვანძების მშენებლობა, რომელიც ქალაქის შემოგარენს და შორეულ გარეუბნებს ცენტრთან დააკავშირებდა და ქალაქის ცენტრიდან გაიყვანდა მოსახლეობას და წარმოებას.

როგორ ხორციელდებოდა ეს გეგმა? ომის შემდეგ ფედერალური მთავრობა ქმნის ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ძალიან ჰგავდა ბარონი ოსმანის შექმნილ ინსტიტუტებს. ეს ფინანსური ინსტიტუტები სხვადასხვა მანიპულაციების საშუალებით ფულს აძლევდნენ კერძო დეველოპერებს და ქალაქების მთავრობებს იმისთვის, რომ შექმნილიყო ქალაქის ახალი სივრცეები. ომის შემდეგ რობერტ მოზესმა დიდი გავლენა მოიპოვა საკმაოდ სერიოზულ დაწესებულებაზე. მას და მხოლოდ მას შეეძლო წყალმომარაგების ახალი სისტემების შექმნა, ახალი პარკების გაშენება, ახალი საგზაო მაგისტრალების გაჭრა. მას იმხელა ძალაუფლება ჰქონდა, რომ თუკი ახალი გზატკეცილებისთვის საჭირო იქნებოდა ნიუ-იორკში მთელი კვარტლების დემონტაჟი, ის ამას უპრობლემოდ აკეთებდა. ნიუ-იორკის შემდეგ მოზესი შეუდგა სხვა ამერიკული ქალაქების სწრაფ რეკონსტრუქციას და მოსახლეობისა და მოხმარების გარეუბნებში სწრაფ გადატანას.
სუბურბანიზაცია და ახალი გარეუბნების გაჩენა წარმოქმნის უზარმაზარ ბაზარს. არა მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრისის, არა მხოლოდ ბინათმშენებლობის ბაზარს, არამედ ჩნდება ავტომობილების ახალი ბაზარი, რომელიც ასტიმულირებს რეზინის, სხვადასხვა საღებავებისა და ლაქების წარმოებას, ნავთობის წარმოებას, გარეუბნებში სავაჭრო ცენტრების, მოლების, ახალი კინოთეატრების გაჩენას. და ამან ყველაფერმა კვლავ იმუშავა და კვლავ მხოლოდ გარკვეული პერიოდით. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ მოზესის რეფორმების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალები არ გაძლიერდნენ. მან ქალაქის ძველ ისტორიულ ცენტრებში ბევრი რამ დაანგრია და მას აღიქვამდნენ, როგორც ზედმეტად ავტორიტარულ დამგეგმარებლად. 1968 წელს, ზუსტად 100 წლის შემდეგ, რაც ბარონმა ოსმანმა დაკარგა ძალაუფლება, მოზესიც გამოეთხოვა ძალაუფლებას.
მაგრამ პროცესი გრძელდებოდა 1970 იან წლების შუამდე – ფინანსურ კრიზისამდე, რომელმაც ძალიან მტკივნეულად დაარტყა უძრავი ქონების ბაზარს, გააჩერა რა ის ურბანიზაცია, რომელსაც ომის შემდეგ მოზესი ახორციელებდა. ძალიან სახალისოა, რომ ხალხი, ჩვეულებრივ, კრიზისის დასაწყისად 1973 წლის ოქტომბერს მიიჩნევს, როცა ნავთობზე ფასებმა მკვეთრად აიწია მას შემდეგ, რაც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია ოპეკმა შექმნა კარტელი და დაიწყო ნავთობზე ფასების რეგულირება. სინამდვილეში, ეკონომიკა უკვე კრახს განიცდიდა ოქტომბრამდე 6 თვით ადრე, რაც გამოიწვია იმან, რომ უძრავ ქონებაზე ფასები მკვეთრად დაეცა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 1945 წლიდან დაწყებული ბუმი, რომელიც ზურგს უმაგრებდა მთელ სისტემას, მივიდა გამანადგურებელ დასასრულამდე 1973 წლის დასაწყისში და ახალ კრიზისად იქცა. ეს იყო კრიზისი, სადაც კაპიტალიზმი არა მხოლოდ ეკონომიკურ პრობლემას წააწყდა, არამედ პოლიტიკურ საფრთხესაც, ეს იმიტომ, რომ 1970-იან წლებში არა მხოლოდ კრედიტებს შეექმნა პრობლემა, არამედ სამუშაო ძალის ორგანიზებასაც.
70-იანი წლებისთვის პროფკავშირული ორგანიზაციები საკმაოდ მოძლიერდნენ, სოციალისტები ხელისუფლებაში იყვნენ, ხოლო კომუნისტები დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში ახლოს იყვნენ ძალაუფლების აღებასთან. ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა, პორტუგალია, უკვე აღარ ვამბობთ აფრიკის ან ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაზე, მოხდა თავისი არსით სოციალისტური რევოლუციები. ასე რომ კაპიტალისტური ელიტა კვლავ პანიკამ მოიცვა.
რისი გაკეთება შეიძლებოდა ამ ტალღის პირისპირ? გარდაუვალი იყო ჭარბი კაპიტალისთვის დანიშნულების ნებისმიერი გზით მოძებნა. ამასთან ერთად საჭირო იყო საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გამყარება, ვინაიდან ამ პოზიციებზე მოდიოდა ძირითადი დარტყმები. ამაზე პასუხის ერთ-ერთი ვარიანტი წარადგინა პინოჩეტმა ჩილეში: სამხედრო გადატრიალების მოწყობა და იმის გაკეთება, რაც, საერთო ჯამში, ნაპოლეონ III-მ გააკეთა: ახალი ეკონომიკური წესრიგის დამყარება, სადაც სიმდიდრე დაცულია, ხოლო სიღარიბეს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. გარდა ამისა, აუცილებელი იყო ეკონომიკის დინამიკის ცვლილება.
რა მოხდა ჩილეში? ჩილე გადაიქცა ექსპორტზე ორიენტირებულ ეკონომიკად, დაიწყო საგარეო ინვესტიციების მოზიდვა, კარები გაიხსნა ორივე მიმართულებით და შესაბამისად, კარი გაიღო ფინანსური ნაკადებისთვისაც. ამით მოხდა ჩილეს ეკონომიკის აღდგენა. ჩილეს ეკონომიკამ ჯერ კიდევ 70-იანი წლებისთვის დაიწყო ზრდა. მაგრამ აშშ-ში ბევრად რთული იყო გადატრიალების მოწყობა, ასე რომ გაჩნდა კითხვა: როგორ გავაკეთოთ ეს ჩვენსავე საკუთარ ქვეყანაში?
რა ემართება ნიუ-იორკს 70-იანი წლებიდან? ამან კიდევ ერთხელ ითამაშა გადამწყვეტი როლი: ნიუ-იორკი გადავარდა უზარმაზარ ვალებში, მუნიციპალიტეტს დიდი ოდენობით ფული ესაჭიროებოდა იმისთვის, რომ დაფინანსება გაეგრძელებინა ჯერ კიდევ წინა ათწლეულში დაწყებული პროექტებისთვის. იმ დროისთვის ნიუ-იორკს მსოფლიოში უმსხვილესი მუნიციპალური ბიუჯეტი გააჩნდა და, ამავდროულად, ძალიან მძლავრი, ორგანიზებული მშრომელთა კლასი. ნიუ-იორკი კაპიტალისტური ელიტისთვის იქცა პოლიტიკურ გამოწვევად, თუმცა ამავდროულად ქალაქი უზარმაზარ ვალებში იყო ჩაფლული. შედეგი სავსებით მოსალოდნელი იყო: კაპიტალისტურმა ელიტამ თქვა: მორჩა, ჩვენ ვწყვეტთ თქვენს მომარაგებას კრედიტებით, რითიც აიძულეს ნიუ-იორკი, გამოეცხადებინა გაკოტრება.
ეს იყო სრულიად ფანტასტიური მომენტი. ნიუ-იორკის ადგილობრივმა მთავრობამ მიმართა ფედერალურ მთავრობას, მაგრამ მაშინ ამ უკანასკნელს აკონტროლებდნენ ძალიან კონსერვატიული რესპუბლიკელები, პრეზიდენტად კი – ჯერალდ ფორდი იყო, რომელსაც დაუფარავად სძულდა ნიუ-იორკი. მისმა ორივე მრჩეველმა ერთხმად ურჩიეს, რომ ყველა შემთხვევაში საჭირო იყო ნიუ-იორკისთვის უარის თქმა. იმდროინდელ გაზეთებში სტატიის სათაურები დაახლოებით შემდეგნაირად ჟღერდა: “ფორდი ეუბნება ქალაქს – “მოკვდი!””.
ვინ იყვნენ ეს მრჩეველები? პირველს ერქვა რონალდ რამსფელდი, მეორეს კი – დიკ ჩეინი. რამსფელდს და ჩეინს ქალაქების განადგურების ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ ნიუ-იორკიდან – ბაღდათის ჩათვლით. რისი გაკეთება უნდოდათ? მათ სურდათ ნიუ-იორკის დაჩოქება, მათ უნდოდათ ქალაქის დისციპლინაში მოყვანა გაბანკროტების გზით, უნდოდათ ქალაქის ყველა აქტივის გარე დაქვემდებარებაში მოყვანა, მათი განმკარგველად კი გარე ხელმძღვანელობა დაესვათ ეროვნული ბანკების კომიტეტიდან. ეს ახალი სააგენტო აიღებდა ქალაქის ყველა საგადასახადო შემოსავალს და, პირველ რიგში, ყველა თანხა მიემართებოდა ვალების დასაფარად. მხოლოდ ამის შემდეგ რაც დარჩებოდა, გამოყენებული იქნებოდა ქალაქის ბიუჯეტში.
ამან კოშმარული სიტუაცია მოიტანა. ჩამოიშალა სამედიცინო მომსახურება, ნაგვის გატანის სისტემა, ფაქტიურად რღვევა განიცადა ქალაქის მთელმა ეკონომიკამ. ტრანსპორტმა შეწყვიტა მიმოსვლა და მუნიციპალური სამსახურებიდან ხალხის მასობრივი დათხოვნებით გამოწვეულმა უმუშევრობამ კოლოსალურ დონეს მიაღწია. ნიუ-იორკის მოსახლეობამ, რომელმაც ქალაქის ეკონომიკაში დაკარგა ადგილი, მასობრივი ლუმპენიზაცია განიცადა. თუმცა საინვესტიციო ბანკებისთვის აქ ძალიან საინტერესო მაგალითი იყო. დამკვიდრებულ იქნა ახალი პრინციპი: თუკი ფინანსისტების კეთილდღეობა და მოსახლეობის კეთილდღეობა ერთმანეთს ეჯახება არჩეულ უნდა იქნეს ფინანსისტების კეთილდღეობა, პირველ რიგში, მათ უნდა იხადონ და მოსახლეობას დაუტოვონ ის, რაც დარჩება.
ეს პრინციპი პირველად 1975 წელს ნიუ-იორკში დაინერგა. 1982 წლისთვის ეს ხდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ძირითადი პრინციპი, რომელსაც ფონდი მთელ მსოფლიოში მიმართავს. 1982 წელს მექსიკის მთავრობა დეფოლტს აცხადებს. ფონდი ამბობს: კარგით, ჩვენ დაგეხმარებით, მაგრამ, თქვენი ფინანსური ვალები უნდა გაუსტუმროთ, პირველ რიგში, ფინანსისტებს. ხოლო მოსახლეობა? მოსახლეობას მოუწევს დაზარალება. ასევე შეგიძლიათ დააკვირდეთ, რა ხდება მექსიკაში 80-იან წლებში. ყველა სახის მუნიციპალურ სამსახურში მკვეთრი ვარდნაა. წარმოიდგინეთ ქალაქ მეხიკოს მასშტაბი და რა ემართება ამ ქალაქს? ქალაქის ქუჩებში არნახულად იფეთქებს დანაშაულის დონე. ნიუ-იორკიც ოდესღაც საკმაოდ უსაფრთხო ქალაქი იყო, ყოველ შემთხვევაში, 80-იან წლებამდე. ადრე მეხიკოში შეიძლება ჯიბიდან საფულე ამოეცალათ, მაგრამ ტყვიას არავინ გესროდათ. 80-იან წლებში მეხიკო იქცევა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქალაქად, იქ უბრალოდ ქუჩაში სიარულიც კი სახიფათო ხდება.

და ყველაფერი ეს ნეოლიბერალიზაციის მოსვლას ახლავს თან. რა პასუხი არსებობდა ამ მოვლენებზე? ესაა – რეპრესიების ახალი სახე. ნეოლიბერალიზაციის ერთ-ერთი შედეგია – ციხის სისტემის სწრაფი და მასშტაბური განვითარება შეერთებულ შტატებში. 80-იანი წლებიდან დაწყებული მსოფლიოში პატიმართა ყველაზე მაღალი რიცხვი შეერთებულ შტატებში ფიქსირდება, ერთ სულ მოსახლეზე დათვლითაც კი. ნიუ-იორკის უმუშევარი მოსახლეობის დიდი ნაწილი ხვდება ციხეში და თუ იქ ერთხელ მოხვდი, ისევ და ისევ გიწევს დაბრუნება.
საინვესტიციო ბანკებს დიდი რაოდენობით ჰქონდა სახლები ნიუ-იორკში და აუცილებელი იყო რამენაირად ფასების აღდგენა უძრავ ქონებაზე. ამიტომ, გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქის ბიუჯეტი იხარჯებოდა ვალების გასტუმრებაში, საჭირო იყო მოეფიქრებინათ, თუ როგორ აემაღლებინათ ფასები საცხოვრისზე. შეგახსენებთ, ეს იყო ნავთობის კრიზისის პერიოდი, რომელიც ოპეკმა მოაწყო, ფასები იზრდებოდა ნავთობზე, რაც ნიშნავდა იმას, რომ საუდის არაბეთისა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების ჯიბეში დიდი ოდენობით ნაღდი ფული შეედინებოდა. რა უნდა ექნათ ამ ნაღდი ფულისთვის? ალბათ, გახსოვთ 1973 წელი, როცა შეერთებული შტატები მთელი სერიოზულობით იმუქრებოდა, რომ საუდის არაბეთში გადმოსხამდა დესანტს და მოახდენდა იქაური ნავთობის საბადოების ოკუპირებას? რამდენად შორს წავიდა ეს მზადებები – ჩვენთვის უცნობია, – ეს საიდუმლო გეგმებია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ იმ დროს საუდის არაბეთის მთავრობა სასწრაფო წესით მოლაპარაკებებს აწარმოებდა ამერიკის ელჩთან, რითიც მიღწეულ იქნა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება იმაზე, რომ თითოეული დოლარი, რომელიც საუდის არაბეთში მოხვდა, ჩაეშვება მსოფლიო ფულად მიმოქცევაში, მაგრამ მხლოდ და მხოლოდ ნიუ-იორკში მდებარე ფინანსური დაწესებულებების გავლით.
არაბული ქვეყნებიდან ნავთობდოლარების კოლოსალურმა გადინებამ გამოაცოცხლა უოლ-სტრიტი, გამოაცოცხლა ნიუ-იორკი. ევროპულ ქალაქებთან შედარებით, ნიუ-იორკს უდიდესი უპირატესობა მიეცა. და, როგორც თქვენ დაინახეთ, ეს მიღწეულ იქნა წმინდად იმპერიალისტური და სამხედრო წნეხით. მას შემდეგ რაც უოლ სტრიტი და ნიუ-იორკის ფინანსური კვარტალი გამოცოცხლდა, ნიუ-იორკის ქალაქის მთავრობასა და ბიზნესს შორის შეიქმნა კერძო-საზოგადოებრივი პარტნიორობა. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ შექმნილიყო ელიტური საცხოვრებელი, ელიტური გარემო, აღდგენილიყო პარკები, გახსნილიყო ბუტიკები და რესტორნები, იმისთვის, რომ ნიუ-იორკი გამხდარიყო მიმზიდველი ახალი ელიტისთვის. ამ მომენტში ჩვენ ვხედავთ ნიუ-იორკის კიდევ ერთ ხელახალ დაბადებას. ნიუ-იორკი, რომელიც პროლეტარული ქალაქი იყო, გარდაიქმნება ძალიან მდიდართა სათამაშო მოედნად. ეს ძალიან კარგად გათამაშებული რეფორმაა.
რა დაემართა ქალაქს ასეთი პოლიტიკის ფუნქციონირების 20 წლის მანძილზე? ქალაქიდან გატანილია წარმოება, განდევნილია პროლეტარული რაიონები, ამიერიდან მათ ადგილასაა ელიტური მოხმარების ელიტური საცხოვრებლები. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ნეოლიბერალიზმს სრულებითაც არ გაუუქმებია სახელმწიფო ჩარევა. ის უბრალოდ გადამისამართდა ფინანსური დაწესებულებების ინტერესების სასარგებლოდ. მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ შექმნილიყო ის, რასაც ბიზნეს-კლიმატს უწოდებენ, რითაც იზიდავენ ინვესტორებს, დახარჯონ თავიანთი ფული ნიუ-იორკში. შეხედეთ, ვინ არის ახლა ნიუ-იორკის მერი – მილიარდერი, რომელმაც, საერთო ჯამში, იყიდა ეს თანამდებობა. მან უზარმაზარი ფული დახარჯა, რათა აერჩიათ ამ თანამდებობაზე.
ნუ უარვყოფთ, რომ ესაა ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და ლამაზი ადგილი. ნიუ-იორკი მშვენიერი ქალაქია, მაგრამ ის ძალიან მდიდარი ადამიანების ქალაქია. მერი ბლუმბერგი ღიად ამბობს, რომ არ აპირებს ღარიბი კორპორაციების სუბსიდირებას. თუკი ვინმეს არ აქვს ფული ნიუ-იორკში ინვესტირებისთვის და აქ საკუთარი შტაბ-ბინის განთავსებისთვის, ჩვენ არ ვართ დაინტერესებულნი ასეთი ინვესტორებით, ჩვენ მხოლოდ ისინი გვაინტერესებს, ვინც მზადაა, გადაიხადოს უკიდურესად მაღალი ფასი საოფისე შენობების დაქირავებისთვის. ნიუ-იორკში საშუალო კლასისთვის პრაქტიკულად ცხოვრება შეუძლებელი გახდა. მე პროფესორი ვარ და ჩემნაირ ადამიანებს არ შეუძლიათ, იცხოვრონ საკუთარ ქალაქში იმიტომ, რომ ამისთვის უბრალოდ მილიონერი კი არა, მულტიმილიონერი უნდა იყო, რომ ნიუ-იორკში ბინის შეძენა შეძლო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოხდა ქალაქის მმართველობის მიტაცება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ კარგი ბიზნეს-კლიმატის შესაქმნელად. სახელმწიფო ძალაუფლება გამოიყენება იმისთვის, რომ შეიქმნას კეთილდღეობის სახელმწიფო არა უბრალოდ კაპიტალისთვის, არამედ ძალიან მსხვილი კაპიტალისთვის და ესაა ის, რასაც ეწოდება ნეოლიბერალიზმი უხეშ და უბრალო ყოველდღიურ რეალობაში.
ეს 1973 წელს დაიწყო და დღესდღეისობით ციკლი უკვე დასრულებულია. ნიუ-იორკში არიან ადამიანები, რომლებიც გამოიმუშავებენ და საკუთარ თავს წლიურად 1 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ოდენობის ხელფასს უხდიან. საიდან მოდის ასეთი ასტრონომიული შემოსავლები? – მსოფლიო ფინანსური ბაზრების მანიპულაციების მეშვეობით და ეს ის ხალხია, ვინც განსაზღვრავს მოხმარების დონეს ქალაქში. რატომ უნდათ მათ მსოფლიო ფინანსური ბაზრების მეტი დერეგულაცია, რატომ იმეორებენ ამას გამუდმებით? – იმიტომ, რომ ნეოლიბერლური ქალაქი – ეს ძალიან დიდი სიმდიდრის ქალაქია, მაგრამ მისთვის გარდაუვალობაა არსებობა ლუმპენების ქალაქების გვერდით.
მაიკ დევისმა ახლახან გამოაქვეყნა წიგნი, რომელიც ბესტსელერად იქცა. წიგნის სათაური ერთობ თვალშისაცემია – „ჯურღმულების პლანეტა“. მსოფლიო გარდაიქმნება არა მსოფლი-სოფლად, არა მსოფლიო-ქალაქად, არამედ მსოფლიო ქალაქის სამყაროდ, გარშემორტყმული ჯურღმულებით და არა სოფლებით. წადით სანტიაგოში და დაინახავთ ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, რომელიც უკიდურესად წააგავს ევროპულს, მაგრამ ის გარშემორტყმულია ჯურღმულებითა, რომლებიც ლათინური ამერიკის ყველაზე უარესი მაგალითების დონეზეა. სანტიაგოს ერთ მხარეს თქვენ ხედავთ ელიტური ბინების უზარმაზარ ციხე-კოშკებს, ძალიან ელეგანტურ ბარებს და ა.შ. – ეს კეთილდღეობის პლანეტაა. იქ ახალი ბურჟუაზია ცხოვრობს. ნებისმიერი ნეოლიბერალური ქალაქი მკვეთრად გაყოფილი ქალაქია. ესაა ქალაქი, რომელსაც აქვს კეთილდღეობის პოლუსი და პოლუსი უკიდურესი სიღარიბისა და, სხვათა შორის, ეს პოლუსები ფორმალურადაც გაყოფილია. ლათინური ამერიკის ძალიან ბევრ ქალაქში მიგდებულ რაიონებს საერთოდ არ აკონტროლებს სახელმწიფო. სახელმწიფოს ნაცვლად იქ ბანდებია. ნარკომოვაჭრეების ბანდები, ადგილობრივი მაფია, ადგილობრივი „მაგარი ბიჭების“ რაღაც გაერთიანებები, რომლებიც საკუთარ კანონებს ამკვიდრებენ. ვფიქრობ, ეს ძალიან სავალალო შედეგია მაშინ, როცა შესაძლებელი იყო ეს ქალაქი ბევრად უკეთესი გამხდარიყო.
ჩემი აზრით, დღესდღეობით, რადიკალური ალტერნატივა მდგომარეობს დასახლებული ქალაქების შენებაში, ქალაქებისა, რომლებშიც შეეძლებათ ცხოვრება სხვადასხვა კლასის წარმომადგენლებს, რომლებშიც იარსებებს ადგილი საშუალო კლასისთვისაც, რომლებიც არ წარმოადგენენ უბრალო მოედნებს განსაკუთრებულად მსხვილი კაპიტალისთვის, ქალაქები, რომლებიც ქმნიან თავისუფალ გარემოს ყველასთვის და არა მარტო ამ ქვეყნის ძლიერთათვის. ვფიქრობ, ნეოლიბერალიზმი მიუახლოვდა თავის საზღვრებს. ახლა კი მგონი დადგა დრო კითხვებისთვის.